ჯუზეპე პაზოტო: პატრიარქის ეპისტოლეზე ზოგადად პოზიტიური შთაბეჭდილება დამრჩა
ჯუზეპე პაზოტო

ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორი, ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის ილია მეორის საშობაო ეპისტოლეს ფეისბუქის საშუალებით ეხმაურება. ეპისკოპოსის განცხადებით, ის გაოცებული დარჩა იმ რეაქციებით, რომელიც ეპისტოლეს მოჰყვა.

"უნდა ვაღიარო, რომ გაოცებული დავრჩი იმ რეაქციების გამო, რომლებიც მოჰყვა პატრიარქის წლევანდელ საშობაო ეპისტოლეს. კერძოდ კი ამ წერილის იმ ნაწილს, რომელიც შეეხებოდა სუროგატულ დედობას, "ინ ვიტრო" განაყოფიერებასა და აბორტს. ამის შესახებ, ზოგადად და მოკლედ მსურს ვთქვა შემდეგი:

1. ეპისტოლე მოვისმინე პირდაპირი ეთერით და დამრჩა ზოგადად პოზიტიური შთაბეჭდილება. ამ ეპისტოლეს ჩანაფიქრში მსჯავრზე მეტად ამოვიკითხე მწყემსის ზრუნვა, რომელიც სვამს კითხვას, თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს იმ არჩევანს, რასაც აკეთებს დღევანდელი საზოგადოება. ყურადღებით გადავიკითხე ეპისტოლე დღესაც და ჩემი აზრით, ზოგიერთი გამონათქვამი არ არის კარგად ჩამოყალიბებული და ცუდი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას იძლევა (მაგ.: „შეიძლება ოჯახი იყოს ბედნიერი, სადაც სუროგატი დედის მიერ დაბადებული ბავშვი იზრდება?", „პრობლემატურნი იქნებიან ის ბავშვებიც, რომლებიც ხელოვნური განაყოფიერებით დაიბადნენ..." და სხვ.), მაგრამ, პირველი შთაბეჭდილება მაინც უცვლელი დამრჩა.

2. ბიოეთიკური პრობლემები ის დიდი არეალია, რომელზედაც ეკლესიებს მართებთ თავიანთი სიტყვის თქმა და ყოველგვარი წინასწარშექმნილი მსჯავრისაგან თავისუფალნი უნდა სვამდნენ კითხვებს იმაზე, თუ რამდენად ერთგულნი არიან იმ ხედვისა, რომელიც ღმერთს აქვს ადამიანზე. ის, რასაც საზოგადოება ფიქრობს, მაშინაც კი, როცა უმრავლესობაზეა ლაპარაკი, ყოველთვის როდი შეიძლება იყოს მისაღები, მაშინაც კი, თუ ეს გახდება არაპოპულარობის მიზეზი. ეკლესიას აქვს უფლება და მოვალეობა ილაპარაკოს ეთიკაზე, როგორც საკუთარ მორწმუნეებთან, ასევე, ნებისმიერ ადამიანთან, და დარწმუნებული უნდა იყოს იმაში, რომ ამგვარად შეაქვს თავისი წვლილი საზოგადოების ზრდასა და აღზრდაში.

3. ამ ბოლო წლებში კათოლიკე ეკლესიამ მართლმადიდებელ ეკლესიასთან თანამშრომლობით საქართველოში, შეძლეს ერთობლივად ემსჯელათ ზოგიერთ ბიოეთიკურ საკითხზე და მრავალი საერთო ხედვა აღმოაჩინეს; ამისათვის მოწყობილ იქნა საერთაშორისო სიმპოზიუმები (ბოლო მათგანს ადგილი ჰქონდა 2013 წლის ოქტომბერში, სუროგატულ დედობაზე). ერთი შეხედვით, მონაწილეთა დაბალი რიცხვის გამო, ზედმეტად მაღალ და არააქტუალურ თემებთან გვქონდა საქმე; არადა, როგორც აღმოჩნდა ძალზე საჭირბოროტო ყოფილა. მიმაჩნია, რომ ეკლესიამ ყოველთვის სიფაქიზით და პატივისცემით უნდა შეხედოს დედობის წყურვილს (არა „უფლებას"), რაც ყოველ ქალშია, და შთამომავლობის წყურვილს (არა „უფლებას"), რაც ყოველ ოჯახშია.

4. ვფიქრობ, რომ ყველასათვის ნათელი უნდა იყოს ის, რომ შვილები ღმერთის საჩუქარია ყოველთვის, რაგვარადაც არ უნდა ხდებოდეს მათი გაჩენა. საჭიროა მათი, როგორც ღვთის შვილთა ღირსების მატარებელთა მიღება (ამაში მდგომარეობს აბორტის დაუშვებლობა), რამენაირი დისკრიმინაციის გარეშე (იქნება ეს რელიგური, რასობრივი, სოციალური კუთვნილების, ჯანმრთელობის თუ განაყოფიერების ხერხის ნიშნით). დაუშვებელია დათანხმება იმ მოსაზრებასთან, თითქოს წინაპრების რაიმე ცოდვა გადადიოდეს შთამომავლობაზე. საკუთარ ცოდვებზე თითეული თავად აგებს პასუხს ღმერთის წინაშე.

5. მიჩნდება კითხვა, ხომ არ შეიძლება იქცეს ეს ეპისტოლე ბიოეთიკური საკითხების კვლევისა და ჩაღრმავების შესაძლებლობად არა ემოციებით, არამედ იმ ცივი გონებით, რომელიც გვეხმარება საკუთარ გადაწყვეტილებებს პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ. როგორც კათოლიკე ეკლესიის მწყემსი საქართველოში, ვაცხადებ ჩემი ეკლესიის მზაობას, რათა სხვა კონფესიებთან და საზოგადოების ჯგუფებთან ერთად ხელი შევუწყოთ და ვითანამშრომლოთ ამ პრობლემების უკეთ გასაცნობად.

6. იმისათვის, რომ წარმოვაჩინო, თუ რაოდენ რთულია და ვრცელი სუროგატული დედობის საკითხი, აქვე მომყავს, როგორც მაგალითი, იმ მოხსენების ტექსტი („დედა მხოლოდ ერთია"), რომელიც ბოლო სიმპოზიუმზე წაიკითხა მოწვეულმა პროფესორმა ასუნტა მორესმა. ამ ქალბატონს ავალია წარმოადგინოს იტალიელი ეპისკოპოსები სახელმწიფო კომისიებში ბიოეთიკურ საკითხებხებთან დაკავშირებით", - წერს ეპისკოპოსი.

მეუფე ჯუზეპე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ასევე აქვეყნებს მეცნიერ ასუნტა მორესის სტატიას ხელოვნურ განაყოფირებაზე, რომელსაც ჰქვია დედა მხოლოდ ერთია.

"1978 წლის ივლისი შეგვიძლია ჩავთვალოთ ე.წ. "ანთროპოლოგიური საკითხის" დაწყების თარიღად, ანუ იმ რევოლუციისა, რომელიც კაცობრიობას იმ ფუნდამენტს უცვლის, რომელსაც აქამდე ყველანი ვიცნობდით.

1978 წლის ივლისში დაიბადა ლუიზა ბრაუნი, პირველი ბავშვი, რომელიც ჩაისახა სინჯარაში. პირველად კაცობრიობის ისტორიაში ჩასახვა მოხდა დედის მუცლის გარეთ.

ამგვარად დაიწყო IN VITRO განაყოფიერების ტექნოლოგიები, რომლებიც საშუალებას იძლევიან ემბრიონი ჩამოყალიბდეს ქალის სხეულის გარეთ, ლაბორატორიაში, ორი გამეტის, სპერმატოზოიდისა (მამრობითი) და კვერცხუჯრედის (მდედრობითი) შეერთებით: ჩასახვა, რომელიც ადამიანის ხელით ხორციელდება.

IN VITRO განაყოფიერებით დასრულდა კონტრაცეპციით დაწყებული გზა: ამ უკანასკნელის შემთხვევაში იყო ხორციელი ურთიერთობა შვილების გარეშე, ახლა კი, ხელოვნური განაყოფიერებით, არიან შვილები ხორციელი ურთიერთობის გარეშე. აქ ქრისტიანებმა პირველებმა ამოიღეს ხმა: კონტრაცეპციის შემთხვევაში ითქვა, რომ არ შეიძლებოდა პროკრეაციის გამოყოფა სექსუალურობისაგან. ხოლო სინჯარაში ჩასახვა ცვლიდა კაცობრიობის ფუნდამენტურ აქტს, რომელიც აერთიანებს ყოველ ადამიანურ არსებას (ყველანი ჩასახულები არიან კაცისგან და ქალისგან დედის მუცელში), სახიფათოდ ეცვლება რაღაცა ჩვენს ადამინურ ბუნებას.

ტექნიკურად ხელოვნური განაყოფიერება არ არის უბრალო გასეირნება, არამედ ექსკლუზიურად ქალისათვის მძიმე ტვირთია.

მამაკაცებმა მხოლოდ სპერმა უნდა გაიღონ მასტურბაციის საშუალებით. ქალები კი ჯერ ექვემდებარებიან მძიმე ჰორმონალურ ზემოქმედდებას, რომელიც მათ საშუალებას აძლევს გამოიმუშაონ კვერცხუჯრედები. ბუნებრივად ქალი ერთ კვერცხუჯრედს გამოყოფს ერთ თვეში, ჰორმონალური ზემოქმედებით კი მამოიყოფა უფრო მეტი.
ჰორმონალური ზემოქმედებით მწიფდებიან ფოლიკულები, რომლებიც შეიცავენ კვერცხუჯრედებს. ფოლიკულების ასპირაციისათვის ქალმა ოპერაცია უნდა გაიკეთოს ზოგადი ანესთეზიითა და ღრმა სედაციით, ქირურგი აკეთებს ფოლიკულების ასპირაციას და მათთგან მიიღება კვერცხუჯრედები, რამოდენიმე ერთეულიდან რამოდენიმე ათეულამდე.
ამ ეტაპზე ბიოლოგები ლაბორატორიაში ახორციელებენ განაყოფიერებას, სპერმატოზოიდებისა და კვერცხუჯრედის ერთად მოთავსებით ან სპეციალური ხელსაცყოთი შეყავს სპერმატოზოიდი კვერცხუჯრედში. განაყოფიერებული კვერცხუჯრედი იდება ინკუბატორში და ელოდებიან რათა გამოჩნდეს იზრდება თუ არა, იწყებს გაყოფას თუ არა: თუ კი, მაშინ ემბრიონი შეიძლება გადატანილ იქნეს ქალის საშვილოსნოში.

IN VITRO განაყოფიერება არ კურნავს სტერილურობას (ამ ინტერვენციების შემდეგ მამაკაცი და დედაკაცი სტერილურები რჩებიან როგორც მანამდე), არამედ გადააქვს ჩასახვა ქალის სხეულიდნ მის გარეთ.

მაშასადამე, სად არის პრობლემა?

ფაქტია, რომ ამ ტექნოლოგიებით დედობა იყოფა უფრო მეტ თანამონაწილეებად, როდესაც მანამდე ერთი იყო დედა, ახლა შეიძლება იყვნენ სამი ან ოთხი:

  • შესაძლებელია გენეტიკური დედის ყოფნა, ანუ ის ვინც საკუთარ კვერცხუჯრედს იღებს.
  • ორსული დედა (ან სუროგატული) ანუ ის, რომელიც საკუთარ საშვილოსნოს სთავაზობს.
  • შემდეგ კანონიერი დედა, ანუ ის ვინც უკვეთავს ბავშვს, და რომელიც აღზრდის მას.
  • შესაძლებელია ასევე მეოთხე დედა, რომელიც კვერცხუჯრედების ნაწილს სთავაზობს, აქედან გამომდინარე გასანაყოფიერებელ კვერცხუჯრედს შეიძლება გააჩნდეს ორი ქალის მოდიფიცირებული დნმ. ეს ძალიან იშვიათი ტექნოლოგიაა, რომლის განვითარებასაც ფიქრობენ და უკვე დაიბადნენ ბევრი ბავშვები სამი ადამიანის დნმ.-ით. ამ ტიპის ექსპერიმენტები შეწყვიტეს რადგანაც ანომალიების შემთხვევები მრავალია.

დავუბრუნდეთ დედებს: არანკლებ სამი. შემდეგ არიან მამები: ერთი ბიოლოგიური, რომელიც იღებს საკუთარ სპერმას, მეორე სუროგატული, რომელიც სუროგატული დედის მეუღლეა, და შემდეგ კანონიერი, რომელმაც შეუკვეთა ბავშვი და რომელთანაც გაიზრდება პატარა.

მაშასადამე საქმე გვაქვს ექვს მშობელთან (შვიდი თუკი ემატება კვერცხუჯრედზე იშვითი მანიპულაციების ტექნოლოგიები). მაგრამ თუ ადამიანს ბევრი მშობელი ყავს, ეს ნიშნავს რომ ობოლია.
კვერცხუჯრედები და სპერმა არასოდეს არის უფასო და უანგაროდ გაღებული, ნაყიდია და გაყიდული. საკუთარი კვერცხუჯრედების გასაყიდად ქალები ექვემდებარებიან ხანგრძლივ და სახიფათო ზემოქმედებას, რომელზეც მხოლოდ ფულის გამო თაAნხმდებიან, ისევე როგორც მხოლოდ ფულის გამო ხდება საკუთარი საშვილოსნოს გაქირავება სუროგატული დედობრიობის დროს.
როდესაც არიან ყველა ეს მშობლები, ლაპარაკობენ "კოლაბორაციულ რეპროდუქციაზე": ზოგჯერ კვერცუჯრედები და სპერმა გაიცემა დების, ბიძაშვილების, ძმების მიერ და ასე იქმნება ისეთი ნათესაური კავშირები, რომლებიც მანამდე არ არსებობდა და ამიტომაც არ არსებობს სიტყვები მათ განსამარტავად. თუ ბავშვი იბადება იქ ქალის კვერცხუჯრედიდან, რომლის დაც საშვილოსნოს გაიღებს ორსულობისათვის, რომლის იქნება შვილი?

რახან ჩასახვა ლაბორატორიაში ხდება, მისი შეკვეთა შეუძლიათ ჰომოსექსუალ წყვილებს, მამრობითსა თუ მდედრობითს, ან კიდევ დაუქორწინებელ ადამიანებსაც: ამგვარად დედობრიობა იქცევა Gender Neutral.

ჩვენ ვართ მამრობითი ან მდედრობითი სქესის ინდივიდები უკვე ზიგოტად ყოფნის პერიოდიდად. არ არსებობენ საშუალო სქესის ემბრიონები. სქესობრივი განსხვავება გამოიხატება პროკრეაციაში: მხოლოდ მამრსა და მდედრს, მხოლოდ კაცსა და ქალს შეუძლიათ შთამომავლობის მოცემა.

შთამომავლობის მოცემის გადატანამ სხეულიდან ლაბორატორიაში შეიძლება გვაფიქრებინოს, რომ მშობლები არიან ისინი ვინც შეუკვეთეს შვილი. ახლა კი მსოფლიოში (კალიფორნიაში და ევროპაში) მოსამართლეები უშვებენ, რომ განსაკუთრებით მაშინ როცა საქმე ეხება სუროგატულ დედას, კანონიერი მშობლები შეიძლება იყვნენ ორზე მეტი.

ყოველივე აქედან გამომდინარე IN VITRO განაყოფიერება კაცობრიობის იმ დამახასიათებელ ნიშნებს ცვლის, რომლებსაც აქამდე ვიცნობით. ეს არის ანთროპოლოგიური საკითხი, რწმენისა კი არა, მიუხედავად იმისა რომ აქამდე მხოლოდ ქრისტიანები იცავენ ადამიანურ ბუნებას.

მომავლის კაცობრიობა ობოლი ინდივიდებით წარმოდგენილი, ძალიან მსუბუქი ოჯახური კავშირებით. აქამდე ნაცნობი კაცობრიობისაგან ძალიან განსხვავებული მაგრამ არა უკეთესი. ყველაფერი ეს ყველანაირ ფასად შვილის ყოლის სურვილის სახელით. მაგრამ შესაძლებელია რომ ყველა სურვილი გადაიქცეს უფლებად? შესაძლებელია რომ შვილს მოეპყრო როგორც უფლებას? შეიძლება უთხრა შვილს ჩემი უფლება ხარ?

გაქირავებული საშვილოსნო, შეკვეთილი ორსულობა, სუროგატული დედობა:

მრავალი და განსხვავებული ექსპრესიები არსებობს რომლებიც გვიყვებიან მსოფლიოში ამ მუდამ უფრო მზარდ ფენომენზე.

ქალი რომელიც ორსულდება ხდება კონტეინერი იმ ბავშვისთვის რომელიც დაიბადება. მისი ფეხმძიმობა არის სამსახური იმისათვის ვინც გადაუხადა. ცხრა თვის განმავლობაში მას უხსნიან, რომ მუცელში რომელიც ეზრდება მისი შვილი არ არის, არამედ უცხოა, უკვე სხვას ეკუთვნის, იმას ვინც შეუკვეთა და რომელსაც მშობიარობის შემდეგვე დაუთმობს ბავშვს. ჩატარებული გამოკითხვებით ყველაზე მტკივნეული და მძიმე ამ ქალებისათვის ბავშვთან განშორებაა. ეს ქალები ყოველთვის ღარიბები არიან, განათლების გარეშე, წერა-კითხვის უცოდინარნი. ძალიან ძნელია წარმოიდგინო შეძლებული, საქმიანი და კარიერაში წარმატებული ქალი , რომელიც დათანხმებოდა ასეთი სახის ზემოქმედებას.

ზოგიერთი კვლევები ლაპარაკობენ წელიწადში 2 მილიარდ დოლარის ბრუნვაზე ამ საქმეში. გაქირავებული დედობა 10 000 დოლარიდან 35 000 დოლარამდე ჯდება. ამერიკის შეერთებულ შტატებში 80 000-100 000 $. აქედან ქალებს ხვდება 1 ან 2 % გამომდინარე კლინიკიდან სადაც მზადდება, ხორციელდება და მთავრდება ორსულობა. სუროგატი დედების გადაბირება ყველაზე ხშირად ინდოეთსა და უკრაინაში ხდება.

სხვადასხვა ქვეყნებში კანონმდებლობა სხვადასხვანაირად ეპყრობა ამ ფენომენს. იტალიაში დაიბადა კომიტეტი "დედა მხოლოდ ერთია" გაქირავებული საშვილოსნოს წინააღმდეგ. ვაწარმოებთ საერთაშორისო კავშირების ორგანიზირებას, კარგი იქნებოდა რომ ამ სიმპოზიუმიდან შექმნილიყო კავშირი ჩვენს კომიტეტთან. აქ პოლიტიკას არ ეხება საქმე, იგი აერთიანებს ყველას ვინც ეწინააღმდეგება ამ საქმიანობას.

ასუნტა მორესი. პერუჯა".

კატეგორია: ინტერვიუ | დაამატა: vasoelis (09.01.2014)
ნანახია: 958 | ტეგები: ჯუზეპე პაზოტო: პატრიარქის ეპისტოლეზ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]