ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტ იობის ქადაგებები
ჩვენ, სასულიერო პირები უნდა ვიყოთ მაგალითის მიმცემნი
ერისთვის, თუნდაც თავგანწირვის ფასად! დიახ, ჩვენ უნდა დავდოთ თავი
ერისთვის მისთვის მნიშვნელოვან ჟამს და სწორედ ამის შემდეგ გამოფხიზლდება
და გაერთიანდება ერი ...თვალს თუ გადავავლებთ საქართველოს ისტორიას, კიდევ
ერთხელ დავრწმუნდებით, რომ საქართველო მართლაც ჯვარცმულია ქრისტესთვის.
ძალიან ბევრი შემთხვევა ყოფილა, როცა თვით მეფე-დედოფალთაც საკუთარი
სისხლით დაუმტკიცებიათ ჭეშმარიტი სარწმუნოება და ასე განუდიდებიათ უფალი!
ისეც მომხდარა, მეფეები ბერებად შემდგარან, ხოლო დედოფლები - მონაზვნებად.
ეს იშვიათი შემთხვევა იყო სხვა მართლმადიდებელი ქვეყნის ისტორიაში,
მაგრამ ჩვენთან ხშირად ხდებოდა, რაც მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენი
მეფე-დედოფალნი სულიერებას ძალიან დიდ ყურადღებას აქცევდნენ... და, როცა
ქვეყნის პირველი ხელისუფალი ასე მოიქცეოდა, ეს იყო მაგალითი მთელი
ქვეყნისთვის. ასე მოიქცა წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის შვილი - დემეტრე,
რომელიც დავით აღმაშენებელმა სიცოცხლეშივე გაამეფა და სწორედ მას უანდერძა
ჯვრის ძალისა და მადლის შეწევნა და შეახსენა, რომ ეს არის სწორედ ის
ღვთაებრივი ძალა, რომლითაც ყოველთვის გაიმარჯვებდა ხილულსა თუ უხილავ
მტერზე. დემეტრე მეფე ის მეფეა, რომელზედაც მემატიანე წერს, რომ იგი
"აღემატებოდა სიბრძნით, სიმხნევით, ახოვნებით თვით დავით აღმაშენებელსაც
კი.” მეფე დემეტრე დიდი პიროვნება ბრძანდებოდა, მაგრამ თქვენ კარგად უწყით,
საქართველოში გამცემობა, ღალატი, უმსგავსო ქმედებები არც თუ იშვიათი
მოვლენა იყო. დემეტრეს თავადები შეებრძოლნენ, შემდეგ მას თავისი შვილი -
დავითიც კი აუჯანყდა. დაინახა დემეტრემ ამ ქვეყნის ამაოება, გადაწყვიტა,
გარეჯში წასულიყო და იქ აღკვეცილიყო ბერად - მას ბერობაში დამიანე ეწოდა.
სწორედ ბერობაში დაწერა მან ერთ-ერთი იამბიკო - ღმრთისმშობლის საგალობელი -
"შენ ხარ ვენახი”. ვენახსაა შედარებული ყოვლადწმინდა ღმრთისმშობელი დედა.
ბერად აღკვეციდან ექვსი თვის შემდეგ ღვთის განგებულებით მისი შვილი -
დავითი გარდაიცვალა, სახელმწიფოს ისევ დასჭირდა მისი ერში - მეფედ
დაბრუნება, მან გააგრძელა თავისი საერო მოღვაწეობა, (თანამმართველად კი
თავისი შვილი - გიორგი ყავდა.) უდიდესი განსაცდელების გადალახვა მოუხდა
დამიანეს - მეფე დემეტრეს; თქვენ კარგად უწყით, რომ დიდი ღვაწლის,
თავგანწირვის ფასად დაიცვა მან სრულიად საქართველო. ...დღევანდელი
გადასახედიდან ალბათ ბევრისთვის წარმოუდგენელია, რომ მეფემ მეფობა დათმოს
და უბრალო ბერად შედგეს, მაგრამ ეს ხდებოდა საქართველოში, რაც მეტყველებს
იმაზე, რომ ჩვენი მეფენი კი მეფობდნენ, მართავდნენ ქვეყანას, მაგრამ მთელი
ყურადღება მაინც სულიერებაზე ქონდათ გადატანილი. ეს არის უდიდესი მაგალითი
ქრისტიანობისა - მიატოვო ამ ქვეყნიური დიდება, პატივი და გახდე რიგითი
ბერი. სწორედ ამაშია გამჟღავნებული სურვილი მეფე დემეტრესი, რომ მას სულის
ცხონება, სულის გადარჩენა სურდა... (…...და თუკი მეფენი ასეთ
გადაწყვეტილებას ღებულობდნენ, დღეს საოცრად მტკივნეულია ზოგიერთის
დამოკიდებულება ამ საკითხისადმი - როდესაც შვილი მიდის მონასტერში, მას ან
დედა, ან მამა უკრძალავს და საზოგადოების ნაწილისგან დაცინვისა და
დამცირების ობიექტიც კი ხდება - უკვირთ, განა შეიძლება ადამიანი მონასტერში
წავიდესო. პირიქით, თუკი ადამიანი ღვთისაგან გამორჩეულია, ვინც უნდა იყოს
იგი - მამაკაცი თუ ქალი, ჩვენ მას ყველანაირად ხელი უნდა შევუწყოთ, მაგრამ
მისი მონასტერში წასვლის სურვილი არ უნდა იყოს გატაცება, ეს არ უნდა იყოს
ხიბლით გამოწვეული, ეს უნდა იყოს გამიზნული, სწორი გადაწყვეტილება, რომელიც
მოძღვრის ლოცვა-კურთხევით უნდა განხორციელდეს. დღეს არც შვილი უსურვებს
მშობელს მონასტერში წასვლას და არც მშობელი შვილს, ეს გამონაკლის
შემთხვევაში ხდება, როცა მშობელიც და შვილიც ღრმად მორწმუნეა... და როცა
ჩვენ ვწუხვართ და არ ვუშვებთ ჩვენს ახლობელს მონასტერში, ეს ნიშნავს, რომ
ჩვენ მცირედ მორწმუნენი ვართ...)...რა არის ჩვენი ყოფა ამქვეყნიური? როგორც
ქართველებმა უწოდეს, ჩვენი ყოფა წუთიერია, წუთისოფელში ვცხოვრობთ, მაშინ
რაღა დაგვრჩენია, თუ არა ის, რომ ყოველდღიურად ვიზრუნოთ სულის გადარჩენაზე,
სულის ცხონებაზე. მაგრამ სამწუხაროდ, ქრისტიანობა ზოგიერთს უნდა მხოლოდ
კეთილდღეობისთვის, კარგი პირობებისთვის, კარგი თანამდებობისთვის,
სიმდიდრისთვის! არადა, გვავიწყდება, რომ ღმერთი ჩვენზე ჩვენს საკუთარ
დედაზე მეტად ზრუნავს. მოსიყვარულე დედა რომ შვილებისთვის იზრუნებს, იმაზე
ათჯერ და ასჯერ უფრო მეტად ზრუნავს უფალი ჩვენზე და თუ ამას
გავაცნობიერებთ, მაშინ მივენდობით უფალს, მაშინ ყველაფრისთვის -
გაჭირვებისთვის თუ დალხინებისთვის, ავადმყოფობისთვის თუ ჯანმრთელობისთვის
მადლობას შევწირავთ უფალს და ჩვენც ვიტყვით, როგორც იოანე ოქროპირმა ბრძანა
- მადლობა უფალს ყველაფრისთვისო!...სამწუხაროდ, ერის დღევანდელი
მდგომარეობით განისაზღვრება ქართული ეკლესიის სულიერება - დღეს რა
მდგომარეობაცაა საქართველოში, ის სულიერებაა ეკლესიაში, თუ ჩვენ
გვაკმაყოფილებს ერის ასეთი მდგომარეობა, ეს იმას ნიშნავს, რომ
გვაკმაყოფილებს სულიერების დონეც ეკლესიაში, ხოლო თუ ჩვენი დღევანდელი
მდგომარეობა არ მოგვწონს, არ გვაკმაყოფილებს, მაშინ უნდა დავიწყოთ სულიერი
გამოცოცხლება, სულიერი გაზრდა. ეს ჩვენ - სასულიერო პირებმა, ეკლესიამ უნდა
გავაკეთოთ!.. სამწუხაროდ საქართველოში მომხდარი ბოლოდროინდელი მოვლენები,
კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ ჩვენი ერი სულიერად აღზრდილი არაა, ეს კი
სწორედ ჩვენი - სამღვდელოების "დამსახურებაა” - ჩვენ არასწორად ვზრდით
მრევლს, არ ვაძლევთ მათ მაგალითს სულიერი ძალისას, რწმენისას, რაც საჭიროა
თითოეული თქვენთაგანისათვის. ერი რომ სულიერად სწორად აღზრდილი იყოს,
დემეტრე თავდადებულისნაირი მაგალითის მიმცემი რომ ყავდეს, ჩვენ ერთიანი
ვიქნებოდით, მაშინ საქართველო ერთიანი იქნებოდა - არ გვექნებოდა წართმეული
არც აფხაზეთი, არც სამაჩაბლო. სწორედ ამ ტერიტორიების წართმევა, სულიერი თუ
მატერიალური დანაწევრება ერისა, მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენში ძალიან
დაბალი სულიერებაა. ერში მაღალი სულიერება მაშინ იქნებოდა, როდესაც
ნებისმიერი რიგითი მღვდელი ლოცვა-კურთხევას მოგცემდათ ნებისმიერ საქმეზე და
თქვენ ამ კურთხევას მორჩილებით აღასრულებდით. სამწუხაროდ, ეს ასე არ არის.
ჩვენ ეკლესია და მოძღვართან ურთიერთობა მხოლოდ კეთილდღეობისათვის, მხოლოდ
კარგი პირობებისათვის გვჭირდება, მხოლოდ იმისთვის, რომ ვთქვათ - "აი, ეს
ჩემი მოძღვარიაო”, და ამითაც კი ვიტრაბახოთ, ამითაც თავი მოვიწონოთ, ეს
ყველაფერი პირად განდიდებას ემსახურება. აბა გვყავდეს მკაცრი მოღძვარი? აბა
მიგვითითოს ნაკლოვანებებზე? ჩვენ მაშინვე დავტოვებთ მას!…ასეთი
მდგომარეობაა სამწუხაროდ ერში და ჩვენ - ეკლესიამ და ღვთის მსახურებმა
ყველანაირად უნდა ვიზრუნოთ, რომ საქმით, სიტყვით, სულიერებით მაგალითის
მიმცემნი ვიყოთ ჩვენი მრევლისათვის. აქ მრევლი არაა დამნაშავე, აქ
დამნაშავენი ვართ ჩვენ - მოძღვრები! "მწყემსნი” არიან პასუხისმგებელნი
მრევლის ასეთ სულიერ მდგომარეობაზე. როცა ჩვენი ერის, ეკლესიის ისტორიას
ვეცნობით, ვგრძნობთ, ჩვენი წინაპრები ყოველთვის შეგვახსენებენ, რომ ჩვენ
სასულიერო პირები უნდა ვიყოთ მაგალითის მიმცემნი ერისთვის, თუნდაც
თავგანწირვის ფასად! დიახ, ჩვენ უნდა დავდოთ თავი ერისთვის მისთვის
მნიშვნელოვან ჟამს და სწორედ ამის შემდეგ გამოფხიზლდება და გაერთიანდება
ერი, ამის შემდეგ თითოეული ჩვენთაგანი დავფიქრდებით - თუ რისთვის ვართ ამ
ქვეყნად!..... ძალიან რთული დრო დაგვიდგა. ეს არის დრო, როდესაც "რჩეულნიც
კი შეცდებიან”. იმდენად საშიში მდგომარეობაა, ადამიანების დასაღუპად,
წარსაწყმედად ისე ბრდღვინავს ეშმაკი, "ვითარცა ლომი”, ამიტომაც მეტი
სულიერება გვმართებს, მეტად უნდა ვიაროთ ეკლესიაში, რადგან უმთავრესი
ღირებულება, ფასეულობა - სული გადავირჩინოთ, ეს კი ეკლესიური ცხოვრებით
მიიღწევა! სულიერი სიმტკიცით, ეკლესიური, სწორი ცხოვრებით მოვიპოვებთ ღვთის
წინაშე სულიწმინდის მადლს, რომელიც დაგვიცავს ხილული და უხილავი
მტრებისგან......როგორც წმინდა მამები გვასწავლიან, ეს ცხოვრება გამოცდაა
თითოეული ჩვენთაგანისთვის, თითოეულ ჩვენთაგანს ათი, ასი, ორასი ეშმაკი
დაყვება დასაღუპად, ეს უნდა გვახსოვდეს და ამიტომ ერთმანეთს გვერდში უნდა
დავუდგეთ, როგორც სახარება გვმოძღვრავს - "ურთიერთას სიმძიმე იტვირთეთ და
ესრეთ აღასრულეთ სჯული იგი ქრისტესიო”, ერთმანეთის თანადგომით, ერთმანეთის
გვერდით ყოფნით ჭირსა თუ ლხინში უნდა გავაძლიეროთ ერთმანეთი, სწორედ ესაა
ქრისტიანობა!.. ხოლო თუ გული გაგვიცივდა, თუ ერთმანეთს გვერდში არ
დავუდექით, თუ სხვისი ჭირი ჩვენთვის ლხენაა, მაშინ ჩვენი საქმე ცუდად
ყოფილა. ერთმანეთის სიყვარულში უნდა განვმტკიცდეთ.ქრისტიანობა მხოლოდ
პირჯვრის გადაწერა და ტაძარში სიარული არ არის, ქრისტიანობა მოყვასის
თანადგომაა, მიტევებაა, ქრისტიანობა თავდადებაა მოყვასისათვის,
ერისათვის…და სწორედ ამ სულისკვეთებით უნდა აღვზარდოთ ჩვენ - მოძღვრებმა
ჩვენი სულიერი შვილები, ჩვენი მრევლი. სწორედ ამის მაგალითს გვაძლევენ
ჩვენი ღირსეული წინაპრები!..... დღეს, როგორც ვხედავთ, პირადი კეთილდღეობა
აღემატება ქვეყნის ინტერესებს.ძალიან ბევრი, დიდი პიროვნებისგან
მომისმენია, რომ თუ ჩემი ოჯხი კარგად იქნება, ჩემი შვილები კარგად
იქნებიან, მე ეს "მაწყობსო”, მთლიანად საქართველო, მთელი ერი კი არა,
საკუთარი ოჯახის კეთილდღეობაზე ზრუნავენ მხოლოდ! ეს კი იმას ნიშნავს, რომ
მათ უკვე არჩევანი გააკეთეს. არჩევანი გააკეთეს წარმავალზე, ხრწნადზე,
დროებითზე... ჩვენ მარადიული ღირებულებები უნდა ავიყვანოთ თავის სიმაღლეზე -
ეს არის სამშობლოს, დედა ეკლესიის, მოყვასის სიყვარული. ჩვენი ცხოვრება
სწორედ ამ ღირებულებებზე უნდა დავაფუძნოთ, ეს უნდა იყოს მთავარი და არა
ფიქრი და ზრუნვა მხოლოდ პირად კეთილდღეობაზე, კარგად ცხოვრებაზე, კარგ
თანამდებობაზე. დღეს ვინც თანამდებობისთვის იბრძვის, ვინც თავის პირადულს
სამშობლოზე წინ დააყენებს, მას ხელი მოეცარება. ასეთი ადამიანები
წარმატებას ვერ მიაღწევენ, ვერ გაიმარჯვებენ... და თუ საქართველოსთვის,
საქართველოს გაერთიანებისთვის, ეკლესიის ერთიანობისთვის იბრძვიან, მათზე
ღვთის მფარველობა და ღვთის კურთხევა იქნება. ეს ყოველთვის უნდა
გვახსოვდეს!...ძალიან რთულია, ადამიანმა აიტანო ამდენი განსაცდელი, ამდენი
შეურაცხყოფა, ამდენი დამცირება, ქართველი ერის ღირსებების ფეხქვეშ ასე
გათელვა. ამის ატანა მართლაც ძალიან ძნელია. ჩვენ უპირველესად, რა თქმა
უნდა, ღმერთის იმედი გვაქვს, რომ უფალი მოგვხედავს, მოგვხედავს
ყოვლადწმინდა ღმრთისმშობელი დედა, ვისი წილხვედრიცაა საქართველო. მათი
იმედი გვაქვს, რომ ასე აღარ გაგრძელდება.. ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ
ერთსულოვანნი ვიყოთ, გვიყვარდეს ჩევნი დედა ეკლესია და ჩვენი
სამშობლო..თორემ, თუ ჩვენ სასულიერო პირნი ვიტყვით, რა თქმა უნდა ამას ძალა
მიეცემა - ყველა იუდა, გამყიდველი, მოღალატე იუდასავით დაასრულებს თავის
ცხოვრებას, ხოლო სამშობლოს, დედა ეკლესიის ერთგული ყველა ადამიანი დაცული
იქნება ღმრთისაგან! უფალს შევთხოვ, მისი მფარველობის ქვეშ ამყოფოს ერთგული,
თავდადებული ადამიანები..ჩვენ დღეს ისე, როგორც არასდროს გვჭირდება
ერთსულოვნება, ერთგულება სამშობლოს და დედა ეკლესიის მიმართ......რა თქმა
უნდა, მოთმინებით ძალიან ბევრი რამ უნდა მოვითმინოთ, მოთმინება ღვთიური
ნიჭია, მაგრამ მოთმინებასაც საზღვარი აქვს!.. წეტრილი უნდა დაესვას იმას,
რაც დღეს საქართველოში ხდება, ხდება მასმედიის საშუალებებით, ტელევიზიით,
ინტერნეტით, ეს ერთგვარი გამოცდაა ქართველი ერისთვის და ეს გამოცდა ჩვენ
სულიერებით უნდა ჩავაბაროთ! უნდა გვქონდეს ღმერთის დიდი იმედი, ღმერთს
მინდობილნი უნდა ვიყოთ... დედა ღმრთისმშობელს შევავედროთ ჩვენი ქვეყანა,
რადგან სწორედ იგია ჩვენი ერთად-ერთი პატრონი!..ეს არასოდეს
დაგვავიწყდეს!...შევთხოვ უფალს, დედა ღმრთისმშობელს, რომ ინებოს ქართველი
ერის ერთობა, ღმერთმა ინებოს, გვყავდეს ეკლესიური ხელისუფალი, ერისათვის
თავდადებული და ეკლესიის პატრონი - აი, სწორედ ეს სჭირდება ჩვენს ერს და
ამისათვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, მხოლოდ ლოცვით რა თქმა უნდა!
შევთხოვოთ უფალს, რომ მოგვივლინოს ისეთი ხელისუფალი, რომელიც მშვიდობას
დაამყარებს, ჩვენს ტერიტორიებს გააერთიანებს და ეკლესიას დაეპატრონება არა
როგორც მომხმარებელი, არა როგორც მტარვალი, არამედ როგორც პატრონი, როგორიც
იყო დავით აღმაშენებელი, თამარ მეფე, რომელნიც ეკლესიებს მფარველობდნენ,
ეკლესიებს აძლიერებდნენ, ეკლესია-მონასტრებს აშენებდნენ! ყველანაირად უნდა
შევეცადოთ, რომ ლოცვები გავაძლიეროთ, რადგან დღეს ძალიან დიდი
განსაცდელებია საქართველოში, დღეს ერს ძალიან უჭირს.ამიტომაც, ჩვენ,
სამღვდელოება უნდა დავდგეთ ხალხთან, მთლიანად, მთელი ერის ნების
გამომხატველი უნდა ვიყოთ.მე მჯერა, რომ ღვთის მადლით, ღვთის კურთხევით,
საქართველოში დამყარდება მშვიდობა, საქართველო
გაერთიანდება......ქართველებმა ფერეიდანში უძველესი დალოცვა შემოინახეს:
"ღმერთს ებარებოდეო!”ეს საოცრად დიდი და ღრმა სიტყვებია, რადგან ღმერთს
მიბარებული ადამიანი ყოველთვის მშვიდია, გაწონასწორებულია, ძლიერია!
ამიტომ, ერთმანეთს ვუსურვოთ - "ღმერთს ებარებოდე!” ღმერთს ებარებოდეს
სრულიად საქართველო, ყველა ჭეშმარიტი მამულიშვილი, ყველა ჭეშმარიტი
მართლმადიდებელი, ხოლო ის, ვინც არ არის ჭეშმარიტი მართლმადიდებელი,
ღმერთმა გამოასწოროს, ღმერთმა გაუხსნას გონება, რომ დაინახოს, სად არის
სიკეთე და სად ბოროტება, ამის გარჩევა მხოლოდ სულიწმინდის მადლით
შეიძლება.სულიწმინდის მადლი კი თავმდაბლობით, დედა ეკლესიისადმი მორჩილებით
და იმ სწავლებებით უნდა მოვიპოვოთ, რასაც წმინდა მამები, ჩვენი დიდი
წინაპრები გვასწავლიან. მოძღვრებმა სწორედ ეს უნდა გავითავისოთ, ჩვენც ასე
უნდა ვიცხოვროთ და ამ წესით ცხოვრებისაკენ მოვუწოდოთ ქართველ
ერს......მინდა, განსაკუთრებით დავლოცო ჩვენი ბავშვები - ვინც წელს
ამთავრებს სკოლას.ისინი თავიანთი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპზე
იმყოფებიან, რადგან სწორედ ახლა უნდა გააკეთონ არჩევანი და მინდა, მათ
მოვუწოდო, რომ მათთვის ამოსავალი წერტილი იყოს უფალი და სამშობლო! მინდა,
მათი სულიერი კლდე ისეთი მყარი იყოს, რომ ვერანაირმა ცხოვრებისეულმა ტალღამ
ვერ შეარყიოს! უფალი და სამშობლო - ამ ორ უმთავრეს საწყისზე დააფუძნონ
თავიანთი ცხოვრება, და თუ ეს ასე იქნება, მათზე გადმოვა მადლი და წყალობა
ღმრთისა, მათი ცხოვრება სათნო იქნება უფლისთვის!ღმერთს ებარებოდეთ! ღმერთს
ებარებოდეს სრულიად საქართველო! ღმერთმა დაგლოცოთ! ღმერთმა დალოცოს სრულიად
საქართველო და ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანი.უფლის, ყოვლადწმინდა
ღმრთისმშობელი დედის და დღევანდელ წმინდანთა ლოცვა-კურთხევა ეწეოდეს
სრულიად საქართველოს და ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს! ჩვენთან არს ღმერთი!
(ამონარიდები ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტ იობის ქადაგებებიდან,
რომლითაც მან მრევლს მიმართა 2011 წლის 22 მაისს ყინწვისის წმინდა
ნიკოლოზის სახელობის და 5 ივნისს ქარელის წმინდა ნიკოლოზის ტაძარში.
მოამზადა შორენა სიხარულიძემ)წყარო: http://geworld.ge/View.php?ArtId=1903&lang=ge&Title=ra+Tqma+unda,+moTminebiT+Zalian+bevri+ram+unda+moviTminoT,+moTmineba | |
| |
ნანახია: 1057 | |
სულ კომენტარები: 0 | |