დიონისე არეოპაგელი















წმიდა დიონისე არეოპაგელი ათენში ცხოვრობდა, აქვე მიიღო კლასიკური ელინური განათლება, შემდეგ კი ეგვიპტეში, ქალაქ ილიოპოლში სწავლობდა ასტრონომიას. წმიდანი თავის მეგობარ აპოლოფონთან ერთად შეესწრო მზის დაბნელებას იესო ქრისტეს ჯვარცმის დროს. „ახლა ან უფალი, მთელი სამყაროს შემოქმედი იტანჯება, ან ხილული სამყარო ასრულებს არსებობას”, - უთქვამს მას მაშინ. ათენში დაბრუნებული დიონისე, არეოპაგის – ათენის უზენაესი სამსჯავროს წევრად აირჩიეს. როცა არეოპაგის წინაშე წარმდგარმა პავლე მოციქულმა წარმართებს „უცნაური ღმერთის” განკაცება ახარა და მართლმადიდებლური სწავლება უქადაგა, წმიდანმა ირწმუნა ჭეშმარიტი ღმერთი და მოციქულთა თავის ერთგული მოწაფე გახდა. სამი წლის განმავლობაში იგი მოძღვართან ერთად ქადაგებდა ღვთის სიტყვას, შემდეგ კი პავლემ ათენის ეპისკოპოსად დაასხა ხელი. 57 წელს დიონისე ღვთისმშობლის დაკრძალვას ესწრებოდა.

ჯერ კიდევ ყოვლადწმიდა ქალწულის სიცოცხლეში, ათენიდან იერუსალიმში საგანგებოდ მის სანახავად ჩასული დიონისე პავლე მოციქულს წერდა: „ღმერთია მოწამე, მთელს სამყაროში სხვა არაფერია ღვთაებრივი ძალითა და მადლით ამდენად აღვსილი. ადამიანური გონება ვერ გაიაზრებს იმას, რაც ვნახე. უფლის წინაშე ვაღიარებ: როცა მე იოანესთან ერთად, რომელიც ისე ბრწყინავს მოციქულებში, როგორც მზე ცის კაბადონზე, ყოვლადწმიდა ქალწულთან წარმადგინეს, ენით აღუწერელი რამ განვიცადე. ჩემს წინ რაღაც ღვთაებრივი ნათელი გაბრწყინდა. მან გააცისკროვნა ჩემი სული. ვგრძნობდი საოცარ კეთილსურნელებას და იმდენად ვიყავი აღფრთოვანებული, რომ არც ჩემს უძლურ სხეულს და არც სულს არ შეეძლო დაეტია მარადიული ნეტარებისა და ზეციური დიდების ეს ნიშნები და საწყისები. კარგად რომ არ მხსომებოდა შენი დარიგებები, მე მას თავად ჭეშმარიტ ღმერთად ჩავთვლიდი. შეუძლებელია წარმოიდგინო იმაზე დიდი ნეტარება, რომელიც მე მაშინ განვიცადე.”

პავლე მოციქულის აღსრულების შემდეგ დიონისე, რომელსაც სურდა გაეგრძელებინა მისი საქმე, დასავლეთის ქვეყნებში გაემგზავრა საქადაგებლად. მას თან ახლდნენ მოძღვარი რუსტიკი და დიაკონი ელეფთერი. წმიდანმა მრავალი ადამიანი მოაქცია ქრისტეს სჯულზე ჯერ რომში, შემდეგ – გერმანიასა და ესპანეთში. გალიაში წარმართი ხელისუფლების მიერ ქრისტიანთა დევნის დროს, სამივე აღმსარებელი შეიპყრეს და საპყრობილეში ჩაყარეს. ღამით წმიდა დიონისემ საღვთო ლიტურღია აღასრულა უფლის ანგელოზებთან ერთად, დილით კი მოწამეებს თავები მოჰკვეთეს. დიონისემ თავისი მოკვეთილი თავი აიღო, ტაძრამდე მივიდა და მხოლოდ იქ დაეცა. მისი ცხედარი კეთილმსახურმა ქალმა კატულამ დაკრძალა.

დიონისე არეოპაგელის სწავლებამ ჩვენამდე მოაღწია ოთხი წიგნით: „საღმრთოთა სახელთათჳს” „ზეცათა მღვდელთმთავრობისათჳს”, „საეკლესიოჲსა მღვდელთმთავრობისათვის”, "საიდუმლო ღმრთისმეტყველებისათჳს” და 10 ეპისტოლით. წმიდა დიონისე არეოპაგელის თხზულებებს (ე.წ. არეოპაგელის წიგნებს) განუზომელი მნიშვნელობა აქვთ მართლმადიდებლური ეკლესიის ღვთისმეტყველებისათვის. თითქმის ოთხი საუკუნის მანძილზე, VI ს-ის I ნახევრამდე, წმიდა მამის სწავლება მხოლოდ საიდუმლო გადმოცემებით იქნა შემონახული, უმეტესად, ალექსანდრიის ეკლესიის ღვთისმეტყველთა მიერ. მას იცნობდნენ კლიმენტი ალექსანდრიელი, ორიგენე, დიონისე დიდი, რომლებიც მემკვიდრეობით განაგებდნენ ალექსანდრიის სასწავლებელს, და გრიგოლ ღვთისმეტყველი. დიონისე არეოპაგელის თხზულებები XI ს. მეორე ნახევარში ქართულ ენაზე მთლიანად თარგმნა ეფრემ მცირემ.

„წმიდანთა ცხოვრება", ტომი I, თბილისი, 2001 წ.

კატეგორია: † არეოპაგიტული თხზულებები | დაამატა: vasoelis (08.11.2013)
ნანახია: 910 | ტეგები: დიონისე არეოპაგელი | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]