წმინდა ბასილი დიდი - მომთვრალეთათჳსთავი Iწინა <----- დასაწყისში ----->შემდეგი
1.აღმძრვენ მე სიტყუად საქმენი იგი მწუხრისა ამის გარდასრულისანი. ხოლო
კუალად დააყენებს აღძრვასა ჩემსა პირველთა მათ შრომათა უნაყოფოებაჲ, რამეთუ
მუშაკიცა, რაჟამს ერთგზის თესულმან მისმან ნაყოფი არა გამოიღის, უდებ არნ
მასვე ქუეყანასა ზედა მეორედ დათესვად, რამეთუ უკუეთუ ესეზომთა სწავლათა
ზედა, რომელ ვქმნენით გარდასრულსა ჟამსა წელიწდისასა და არა დავსცხერით
ვედრებად თქუენდა და კუალად შჳდთა ამათ შჳდეულთა მარხვისათა, ღამე და დღე,
არა დავსცხერ წამებად თქუენდა სახარებასა მას მადლისა ღმრთისასა და მის
ყოვლისაგან სარგებელი არარაჲ იქმნა, რომლითაღა სასოებითა გასწაო დღეს? ჰოი,
რავდენთა ღამეთა ამაოდ იღჳძეთ, რავდენთა დღეთა ამაოდ შემოჰკერბით, უკუეთუ
ოდენ ამაოდ, რამეთუ რომელი მოსრულ იყოს წარმართებასა კეთილთა საქმეთასა და
მერმე კუალად-მიიქცეს პირველთავე ჩუეულებათა მიმართ, არა ოდენ შრომილისაჲ
მის სასყიდელი დაშჭირდეს, არამედ უმეტესსაცა საშჯელსა ღირს იქმნას, რამეთუ
იხილა გემოჲ კეთილთა მათ სიტყუათა ღმრთისათაჲ და ღირს იქმნა საიდუმლოთა
სულიერთა და მერმე ყოველივე იგი უგულებელს-ყო მცირედისა გულისთქუმისათჳს.
"რამეთუ უმეცარი იგი ღირს არს შენდობისა, ხოლო ძლიერნი ძლიერადცა იტანჯნენ”
(სიბრძნ. 6,7), ერთმან ღამემან და ერთმან ეშმაკისა ბრძოლამან შრომაჲ იგი
ყოველი დაარღჳა და უჩინო ყო. ვითარ უკუე გულსმოდგინე ვიყო აწ სიტყუად? და
უწყითმცა, ვითარმედ დავიდუმემცა, უკუეთუმცა არა მეშინოდა საქმისა მისგან
იერემია წინაჲსწარმეტყუელისა, რომელსა ურჩისა მის ერისა მიმართ სიტყუად არა
ენება და ამისთჳს მოიწია მის ზედა, ვითარცა იგი იტყჳს თჳთ, ვითარმედ:
იქმნა ცეცხლი წელთა შინა მისთა და შეიწუებოდა ყოვლით კერძო და ვერ ძალ-ედვა
თავს-დებად.
ხოლო აწ დედათა ბოროტთა დაივიწყეს შიში ღმრთისაჲ, შეურაცხ-ყვეს საუკუნოჲ იგი ცეცხლი ესევითარსა მას დღესა შინა, რაჟამს თანა-ედვა ჴსენებისათჳს აღდგომისა დაჯდომაჲ სახლთა შინა თჳსთა და მოჴსენებაჲ დღისა მის, რაჟამს-იგი განეხუნენ ცანი და გამოჩნდეს მსაჯული იგი ზეცით: და საყჳრნი ღმრთისანი და აღდგომაჲ მკუდართაჲ და საშჯელი სიმართლისაჲ და მიგებაჲ თითოეულისაჲ საქმეთა მისთაებრ. ამათ ესევითართა საქმეთა წურთისა წილ და განწმედისა წილ გულთა მათთაჲსა ბოროტთა გულისსიტყუათაგან და აჴოცისა ცრემლითა ცოდვათა მათთა და განმზადებისა წილ მიგებებად ქრისტესა დიდსა მას დღესა გამოჩინებისა მისისასა, განაგდეს უღელი იგი ქრისტეს მონებისაჲ და მოიჴადნეს თავთაგან პატიოსნებისა იგი საბურველნი, უგულებელს-ყვეს ღმერთი და უგულებელს-ყვნეს ანგელოზნი მისნი და ურცხჳნო იქმნეს წინაშე პირსა მამათასა: და გარდაიტევეს თმები, მიითრევდეს სამოსელთა და იმღერდეს ფერჴითა, თუალითა ბილწითა, სიცილითა ურცხჳნოჲთა მღერად და ბორგად აღიძრნეს და შეაგინებდეს გულსა ჭაბუკთასა და ეკლესიათა მათ წინაშე, რომელნი არიან გარეგან ქალაქისა, მემღერნი განაწყვნეს მათ და ადგილად თჳსისა საძაგელებლობისა ყვნეს წმიდანი იგი ადგილნი. შეაგინეს ჰაერი ჴმათა მათგან სამეძვოთა და შეაგინეს ქუეყანაჲ ფერჴთა მათ მიერ არაწმიდათა, რომლითა იქმოდეს მღერასა მას. და უგუნურთა ჭაბუკთა სიმრავლე გარე-მოაწყვნეს სახილველად მათდა, მეძავ განცოფებულ იქმნეს და ბორგილებისა არცა ერთი საზღვარი დაუტევეს. ესე ყოველივე ვითარ დავიდუმო? ანუ ვითარ ღირსად ვგოდებდე ამას? ღჳნომან მოგუატყუა ესევითარი ესე სულთა ზღვევაჲ, ღჳნომან, რომელი მოუცემიეს ღმერთსა ნუგეშინისსაცემელად უძლურებისა ბრძენთადა, ხოლო აწ საჭურველ ცოდვისა ექმნა უგუნურთა მათ. თავი 2წინა <----- დასაწყისში ----->შემდეგი
2. მთრვალობაჲ - ნეფსითი იგი ეშმაკეულობაჲ, კაცთა მიერ მოპოვნებული
ეშმაკი, რომელი გულისთქუმათა მიერ შევალს სულსა შინა; მთრვალობაჲ -
უკეთურებისა დედაჲ, სათნოებისა წინააღმდგომი, ახოვანსა მოშიშ ჰყოფს,
პატიოსანსა ურცხჳნო ჰყოფს, წმიდასა ბილწ ჰყოფს, სიმართლე არ იცის,
სიბრძნესა განაქარვებს. რამეთუ ვითარცა წყალი მბრძოლ არს ცეცხლისა, აგრეთვე
მთრვალობაჲ სიბრძნესა დაშრეტს. ამისთჳსცა ზარ-მაც სიტყუად მთრვალობისათჳს,
არა თუ ვითარცა მცირისა რაჲსმე ბოროტისათჳს და შეურაცხსაყოფელისა, არამედ
ამისთჳს, ვითარმედ არარას სარგებელსა ვხედავ სიტყჳსაგან. რამეთუ უკუეთუ
მთრვალი იგი უცნობელ არს და დაბნელებულ, ამაოდ ჰზრახავს მასწავლელი იგი
უსმსა მას. ვისდა მიმართ იყოს უკუე სიტყუაჲ ჩვენი, ვინაჲთგან რომელსა-იგი
უჴმს სწავლაჲ, იგი არა ისმენს სიტყუათა ამათ? ხოლო რომელი ფრთხილი არს
გონებითა, მას არა უჴმს სწავლაჲ, რამეთუ წმიდა არს ვნებისა მისგან. რაჲ ვყო
უკუე, დაღაცათუ სიტყუაჲ უჴმარ არს? არამედ დუმილი შეუძლებელ არს, რაჲ ვყო
უკუე? უდებ ვყო-ა სიტყუაჲ ესე? არამედ საშიშ არს უდებებაჲ. ანუ ვთქუა-ა
მომთრვალეთათჳს რაჲმე? მკუდართა სასმენელთა შინა ოხრით. გარნა ვითარცა-იგი რაჟამს შემოჴდის პირუტყუთა ზედა სენი იგი უკურნებელი, სასიკუდინე, მკურნალნი იგი მათნი მრთელთა მათ პირველვე წამლებითა შეზღუდვენ და აკრძალებენ, ხოლო შეპყრობილთა მათ სენისა მისგან არა მიეახლებიან, ეგრეთვე ჩუენდაცა ნახევარსა ზედა აქუს სარგებელი სიტყუასა ამას, რამეთუ დაღაცათუ შეპყრობილთა მათ ვნებისა მის მიერ არა რაჲ ერგოს, არამედ რომელნი ჯერეთ არა შთავრდომილ არიან მას შინა, ნუუკუე განეკრძალნენ. თავი 3წინა <----- დასაწყისში ----->შემდეგი
3. რაჲთა განყოფილ ხარ პირუტყუთაგან, ჰოი კაცო? არა ნიჭითა მით
სიტყჳერობისაჲთა, რომელი მოგიღებიეს დამბადებელისაგან? მთავრად და უფლად
ქმნულ ხარ-ა ყოვლისა სოფლისა? აწ უკუე რომელმანცა ესრეთ განაცოფოს სიბრძნე
თჳსი მთრვალობითა, "იგი ჰბაძვიდა პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ”.
ხოლო მე უფროჲსად პირუტყუთა უუგუნურესად და უპირუტყუესად უწოდ მთრვალთა,
რამეთუ ოთხფერჴთა ყოველთავე და მჴეცთა განჩინებული ჟამი აქუს შეერთებისაჲ
და შვილებისაჲ, ხოლო მთრვალობისა მიერ შეპყრობილნი ჴორცთა ბუნებისა
გარეგნითა სიმჴურვალითა აღავსებენ და ყოველსავე ჟამსა შეგინებულთა მათ
საქმეთა მიმართ მივლენ. და არა ესე ოდენ არს სასწაული მათისა პირუტყობისაჲ,
არამედ შეცვალებაჲცა საცნობელთა მათთა ცნობისაჲ უარეს ყოვლისა პირუტყჳსა
ჰყოფს მათ, რამეთუ რომელი არს საცხოვარი და ზროხაჲ ესრეთ უსმ და ბოროტად
მხედველ და უცნობო, ვითარ მთრვალი? ანუ არა უმეცარ იყვნიან-ა თჳსთა
მათთაგან მრავალგზის და უცხონი თჳსად შეერაცხნიან? არა აჩრდილთა ზედა
გარდაახლდებოდიან-ა მრავალგზის, ვითარცა მთხრებლთა და ვითარცა წყალთა ზედა?
და ოხრითა და წივილითა, ვითარცა ზღჳსაგან მღელვარისა სავსე არიედ ყურნი
მათნი და ჰგონებდიედ, თუ ქუეყანაჲ აღმართებულად დადგრომილ არს და მთანი
გარემო რბიან. ესენი ოდესმე იცინიედ დაუცადებელად და ოდესმე ტიროდიედ
მოუწყუედელად და ოდესმე ამპარტავან იყვნიან და ზუავ და უშიშ და მერმე -
მოშიშ და შეძრწუნებულ, ძილი არნ მათ ზედა მძიმე და მოშთობის სახე და
ჭეშმარიტად სიკუდილისა მახლობელ და კუალად მღჳძარებაჲ მათი უუგუნურეს არნ
ძილისა, რამეთუ ყოველი ცხორებაჲ მათი სიზმარ არნ, რომელთა-იგი არა აქუნ
მრავალგზის სამოსელი, არცა თუმცა რაჲ ჭამეს ხვალისა დღე, და იგინი მეფედ
დასხდიან და ერისთავთა წინამძღუარ იყვნიან მთრვალობასა შინა მათსა და
ქალაქთა აღაშენებდიან და საფასეთა განუყოფდიან, ეგევითარითა უცნებითა და
საცთურითა აღავსნის გულნი მათნი ღჳნომან. ხოლო სხუანი კუალად მეორისა
კერძისა ვნებითა დაინთქნიან: და სასოწარკუეთილ იქმნიან და მჭმუნვარე და
მტირალ და მოშიშ. ერთი იგი ღჳნოჲ თითოეულთა მათ გუამთა შევიდის და
თითოსახენი ვნებანი შვნის: რამეთუ რომელთამე აღადუღებს სისხლსა და
განამრავლებს და ესრეთ მოხარულ ჰყოფს და ბრწყინვალე და კუალად სხუათა
ფრიადისა მის სიმძიმისა მისისაგან დაამძიმებს და დაჰქენჯნის და დაამდაბლებს
სისხლსა და მწუხარე ჰყოფს მათ ამით სახითა. და რად საჴმარ არს სხუათა მათ
ვნებათა მათთა აღრიცხუვაჲ? - მძჳნვარებასა მას გონებისა მათისასა, მსწრაფლ
განრისხებასა, მაბრალობლობასა მათსა, სიმწარესა მას სულისა მათისასა,
ვითარ არარასა ზედა მტკიცე არიან, ღაღადებასა მას მათსა და ჴმისა
უწესოებასა, ამბოხებასა მას გარდარეულსა, ყოვლისა საცთურისა მიმართ ადვილად
მიდრეკასა?
თავი 4წინა <----- დასაწყისში ----->შემდეგი
4. ხოლო გულისთქუმათა შეგინებისათა, ვითარცა წყაროჲ, აღმომაცენებელ
იქმნების მთრვალობაჲ და სიძვისა იგი სენი შევალს სიმრავლესა მას თანა
ღჳნისასა და ყოველსავე პირუტყუთა დედალთა მიმართ სიბორგილესა დაჰფარავს
გინებაჲ იგი მომთრვალეთაჲ. რამეთუ პირუტყუთა იცნიან საზღვარნი იგი
ბუნებისანი, ხოლო მომთრვალენი მამათა შორის დედაკაცებასა და დედათა შორის
მამაკაცებასა ეძიებენ. არცა კეთილ არს, არცა შესაძლებელ ყოველთა მათ
ბოროტთა მთრვალობისათა სიტყჳთ თქუმაჲ. ხორშაკისა იგი სენნი ჟამთა სიგრძესა
შევლენ კაცთა შორის, რაჟამს-იგი მცირე-მცირედ ჰაერისა მის სენი შევალნ
გუამთა შინა, ხოლო ღჳნისამიერნი სენნი მეყსა შინა მოიწევიან, რამეთუ ესრეთ
წარწყმედასა თანა და შეგინებულობასა სულისასა ჴორცთაცა სიმრთელე მიეღების
და სახე მათი შეიცვალების, არა ოდენ, რამეთუ ბილწებათა მიმართ ესრეთ
მოსწრაფე არიან, არამედ თჳთ გუამიცა მათი სნეულ არნ და ძალი იგი ბუნებითი
არა აქუნ: თუალნი მათნი იყვნიან მჴიე და პირი შორს ბუნებითისა მის
ფერისაგან, სული მათი შეიწრებულ და ენაჲ წარევნულ და ხმაჲ უწესო და ფერხნი
მალე შემცთომელ, ვითარცა მცირეთა ყრმათაჲ, განსლვანი ნამეტნავთანი თავით
თჳსით, ვითარცა უსულოთაგან მავალნი. საწყალობელ იყვნიან შუებასა მას შინა
მათსა, უსაწყალობელეს ზღუასა შინა მღელვარეთა, რომელთა ზედა სხუანი და
სხუანი ერთიერთსა ზედა ღელვანი მოიწევიან და თავსა ზე აღებად არა უტევებენ,
ეგრეთვე ამათნი სულნი დანთქმულ არიან ღელვათა მათ შინა ღჳნისათა. და
მერმე, ვითარცა-იგი ნავნი დანთქმასა რაჲ მიეახლნიან, გარდაყარიან ტჳრთი
მათი, აგრეთვე ამათ, რაჟამს ვერღარა თავს-იდვიან ბოროტი იგი სიმძიმე,
იწყიან აღმოგდებად და საძაგელებად და ესრეთ ძნიად გენერნიან სიმძიმისა
მისგან. ესეზომ უსაწყალობელეს არიან ზღუასა შინა მღელვარეთა, რამეთუ მათისა
ჭირისა მიზეზ იქმნა სასტიკებაჲ ქართაჲ და ღელვანი ზღჳსანი, ხოლო ესენი
ნეფსით თჳსით მოაწევენ თავთა ზედა თჳსთა ზამთარსა მას მთრვალობისასა.
საწყალობელ არს ეშმაკეული, ხოლო მთრვალი საქმეთავე შინა ეშმაკეულისათა არს
და წყალობასა არა ღირს არს, რამეთუ ნეფსით ყო თავი თჳსი ეშმაკეულ,
რომელნი-იგი წამალთა ეძიებენ მთრვალობისათჳს, არა თუ რაჲთამცა არაჲ ევნო
ღჳნისაგან, არამედ რაჲთამცა არა დასცხრეს სუმისაგან. რამეთუ მცირედ
შეურაცხილ არნ წინაშე მათსა დღე და მცირედ ღამე იგი ღამეთაგან ზამთრისათა
სუმისა მიმართ. და დასასრული არა არნ ბოროტისაჲ მის, რამეთუ თჳთ ღჳნოჲ
უმეტესსა ადგილსა უყოფს თავსა თჳსსა. რამეთუ არა ნუგეშინისცემა უძლურებისა
არნ იგი, არამედ სხჳსა სუმისა მომატყუებელ, რაჟამს-იგი შესწუავნ მთრვალთა
მათ და უმეტესისა სურვილსა მოატყუებნ და დაუსრულებელად აქუს წადილი იგი
სუმისაჲ და ჰნებავს, რაჲთამცა უმეტესიცა წადილი აქუნდა. და წინააღმდგომი
ნებისა მათისაჲ იქმნების მათ ზედა, რამეთუ უზომოებითა მით სუმისაჲთა
საცნობელთა თჳსთა განჰხრწნიან. რამეთუ ვითარცა უზომოჲ ბრწყინვალებაჲ
დააბნელებს თუალთა და ვითარცა დიდითა ჴმითა და სასტიკითა განკრთომილნი
სმენადღა ვერ შემძლებელ არიან სასტიკებისაგან ჴმისა მის, ეგრეთვე ესენი
უგულისჴმო არიან, ვითარ-იგი უზომოჲსა მის გემოჲსმოყუარებისაგან გემოსა მას
სასუმლისასა განრყუნილ იქმან. რამეთუ უგემურ არნ პირსა შინა მათსა და
წყლიან ღჳნოჲ იგი, დაღაცათუ ურწყულ იყვის და ნელტფილ არნ პირსა შინა მათსა,
დაღაცათუ მყინვრისა მსგავს არნ, ანუ თოვლითა განგრილებულ, რამეთუ ვერ
შემძლებელ არნ დაშრეტად ალსა მას, რომელი შინაგან მათსა ეგზებინ ღჳნისა
მიერ. იხილე, თუ: "ვისი არს ვაებაჲ? ვისი არს ამბოხებაჲ? ვისნი არიან
წარევნანი? ვისნი არიან შემუსრვილებანი იგი ამაონი და შალვანი გულისანი?
ვისნი თუალნი არიან მჴიე? არა ღჳნისა სუმასა შექცეულთანი-ა და რომელნი
უმზირიან, თუ სადა იქმნების სუმაჲ? (იგავ. 23,29) ვაებაჲ სიტყუაჲ არს საგლოელი, ხოლო მომთრვალენი არიან ღირს გლოისა, რამეთუ სასუფეველსა ცათასა ვერ დაიმკჳდრებენ. და ამბოხებაჲ არს შფოთი იგი, რომელი ღჳნისა მიერ იქმნების გონებასა შინა; ხოლო შალვაჲ გულისაჲ - მწარეთა მათ გემოთათჳს, რომელნი იყვნიან გულსა შინა, მოდნებინ რაჲ ღჳნოჲ იგი უზომოჲ. რამეთუ მათნი შეიკრვიან ჴელნი და შეიკრვიან ფერჴნი ბოროტთა მათგან მთრვალობისათა და, უწინარეს ამისა, მასვე ჟამსა სუმისასა განცოფებულთა საქმენი მოიწინიან მათ ზედა. რამეთუ რაჟამს აღივსნენ ნესტუნი საფეთქელთანი კუამლისა მისგან, რომელსა ღჳნოჲ ორთქლითა თჳსითა მისდა აღიყვანებს, მაშინ შეპყრობილ არნ სალმობათა მათ მიერ უზომოთა თავი და დადგომად მართლიად მჴართა ზედა ვერ შემძლებელ არნ, არამედ მიმოვარდებინ ქედისაგან. და კუალად წარევნანი იგი მრავალნი, რომელ არიან უსარგებლონი და მაცილობელნი ზრახვანი მათნი და შემუსრვანი იგი ამაონი, რომელნი იყვნიან მათ ზედა, რომელნი ვერ შემძლებელ იყვნიან მართლიად დგომად მთრვალობისა მისგან, არამედ ყოვლით კერძო დაცემითა შეიმუსრვოდიან ამაოდ. თავი 5წინა <----- დასაწყისში ----->შემდეგი
5. არამედ ვინ-მე მიუთხრას ესე ყოველი ღჳნისა მიერ მოწყლულთა მათ? რამეთუ
ყრუ არიან იგინი და ეძინების, მთქნარებენ, ნისლი მოფენილ არს მათ ზედა,
იღელვებიან. ამისთჳს არა ესმის მათ სწავლაჲ მოძღუართაჲ, რომელნი ყოვლით
კერძო უღაღადებენ, ვითარმედ: "ნუ დაითრვებით ღჳნითა, რომლისა მიერ არს
ბილწებაჲ” და კუალად, ვითარმედ: "ბოროტ არს მეღჳნეობაჲ და მაგინებელ არს
სიმთრვალე” (იგავ. 20,1). და იგინი ურჩ არიან ამათ სიტყუათა, არამედ იგინი
თჳთ მოიმკიან ნაყოფსა მას მთრვალობისასა, რამეთუ განსივებულ არნ გუამი,
თუალნი ნოტია, პირი ჴმელ და შემწუარ. რამეთუ ვითარცა ნაღუარევნი, ვიდრემდის
დიოდიან მათ შინა ღუარნი, სავსედ შერაცხილ იყვნიან, და წარ-რაჲ-ჴდის წყალი
იგი, ჴმელად დაშთომილ იქმნიან, ეგრეთვე არს პირი იგი მომთრვალეთაჲ:
ვიდრემდის დგეს მას შინა ღჳნოჲ, სავსე არს და ნოტია, ხოლო მცირედი რაჲ ჟამი
წარჴდის, იქმნის ჴმელ და შეიწუებინ და რაჟამს ესრეთ განგრძელდის საქმე
მთრვალობისაჲ, ყოვლითურთ ნოტიობაჲ მისგან განჴმის. რამეთუ რომელმანმცა
გუამმან კაცისამან ესრეთ ძლიერებაჲ მოიგო, რაჲთამცა იტჳრთნა ბოროტნი იგი
მთრვალობისანი? რამეთუ რომელი-იგი მარადის ჴურავნ და მარადის სოლდებიან
ღჳნითა, რომელმანმცა ღონემან ყო, რაჲთამცა არა უძლურ და განხრწნილ იყო?
ესრეთ იქმნებიან თრთოლანი და სენნი, რამეთუ სამშჳნველისა მათისა ნესტოჲ
შეიწრდის ღჳნისა მის სიმჴურვალითა და ძარღუნი გართხმულობისა მათისაგან
დაფოლხუდიან და ესრეთ მოიწიის თრთოლაჲ გუამსა ზედა. აწ უკუე რაჲსათჳს, ჰოი, კაცო, მოაწევ თავსა ზედა შენსა წყევასა, რომელი მიეცა კაენს ძრწოლით სლვისა და ყოფისაჲ რაჲთა ესრეთვე სძრწოდი შენ ღჳნისა ბოროტთა მიერ ყოველთა დღეთა შენთა? რამეთუ რაჟამს არა აქუნ გუამსა სიმტკიცე იგი ბუნებითი, ამისთჳს მიმოირყევინ და ძრწინ. თავი 6წინა <----- დასაწყისში ----->შემდეგი
6. ვიდრემდის იყოს ღჳნოჲ, ვიდრემდის იყოს ეგე მთრვალობაჲ, ჰოი უბადრუკო?
რამეთუ არა ხედავ-ა, რაჲ-ეგე მოიწევის შენ ზედა? რამეთუ მწჳრე იქმნები
კაცისა წილ, რომელი-ეგე ესრეთ ყოვლითურთ აღერიე ღჳნოსა და დაჰლპი მის თანა
მარადღე მთრვალობითა მაგით და ჰყარ ღჳნისაგან დამპლისა და არასურნელისა,
ვითარცა ჭურჭელი ხენეში. ამისთჳს გოდებს ესაია ესევითართა მათთჳს,
ვითარმედ: "ვაჲ არს მათდა, რომელნი აღდგებიან განთიად და თაფლუჭსა სდევენ,
რომელნი დაჰყოფენ მწუხრამდე, რამეთუ ღჳნომან მან შეწუნეს იგინი, რამეთუ
ორძლითა და სტჳრებითა სუმენ ღვინოსა მას და საქმეთა უფლისათა არა მიხედვენ
და ქმნულსა ჴელთა მისთასა არა განიცდიან” (ეს. 5,11-12), ხოლო თაფლუჭად
ყოველსავე დათრობად შემძლებელსა ეწოდების ჰურიათა მიერ. აწ უკუე რომელნი
განთიად ხოლო სუმასა ეძიებენ და მთრვალობასა და თუ სადა იქმნებიან სუმანი
და ღჳნის მსყიდლობანი და ურთიერთას მიიყვანებენ ზოგებით სუმად და ყოველსავე
ზრუნვასა სულისასა ესევითართა საქმეთა ზედა წარაგებენ, ესევითართა მათთჳს
იგლოვს წინაჲსწარმეტყუელი. რამეთუ არა დაუტეობიეს მათ ერთიცა ჟამი თავისა
თჳსისადა ხილვად საკჳრველებათა ღმრთისათა და არა აქუს მოცალებაჲ თუალთა
მათთა ზეცად ახილვად და განცდად შუენიერებათა მათ მისთა და გულისხმისყოფად
ყოველთა მათ სიკეთეთა, რომელნი არიან დაბადებულთა შორის, რაჲთამცა ამათ
ყოველთა წესიერებისაგან გულისხმა-ყვეს შემოქმედი. არამედ მეყსეულად შემოსლვასა დღისასა, ვითარცა განთენეს, შეამკობენ ადგილთა მათ სუმისა მათისათა ძოლოებითა და თჳთოსახეობითა და მრავალფერითა ეზოებითა. და ყოველი ღონისძიებაჲ მათი სასუმელთა მათ განმზადებასა ზედა არს: და განჰმზადებენ საგრილობელთა და კათხებსა და ბარძიმებსა, ვითარცა სავაჭროსა ზედა, ესრეთ განაწყობენ მათ, რაჲთა თითოსახეობაჲ იგი და განყოფილებაჲ ჭურჭელთაჲ სიმაძღრესა მათგან წარიპარვიდეს და უმეტესსა შემძლებელ იყვნეს სუმად. და კუალად სასუმელთა მათ სხუად და სხუად შეცვალებაჲ ფრიადსა ჟამსა გარდაჰჴდიდეს სუმასა მას შინა. და ამას ყოველსა ზედა იყვნიან ტრაპეზთმოძღუარნი და მწდეთუხუცესნი და მემარნეთმთავარნი, და ესრეთ წესი უწესობასა მას შინა და განგებულებაჲ განუგებელსა მას საქმესა შინა მოპოვებულ არს. რამეთუ ვითარცა მთავრობათა მათ სოფლისათა მსახურთა მიერ მათთა აღორძნდების დიდებაჲ და პატივი, ეგრეთვე მთრვალობასა, ვითარცა დედოფალსა ვისმე, მსახურებაჲ იგი გარე-მოადგინიან და საძაგელებლობასა მისსა გარდამატებულად პატივისცემითა ჰფარვენ. და დაარქჳან თავსა მისსა გჳრგჳნი და ყუავილნი და სულნელებათა და საკუმეველთა აკუმევდიან. და ესრეთ მრავალნი იგი სახიობანი უმეტესსა დაყოვნებასა მისცემენ წარწყმედილთა მათ ბოროტსა მას შინა. მერმე, ვითარცა განგრძელდის სუმაჲ იგი, იწყიან ჴდომად, უმეტესობისათჳს ცილობად და მოსწრაფებად, რომელთა უყუარნ ურთიერთას წარჴდომაჲ მთრვალობითა. და სასყიდლის მიმცემელი მათისა მის მოსწრაფებისაჲ არნ ეშმაკი და სასყიდელი ძლევისა მის - ცოდვაჲ. რამეთუ რომელმან უმეტესად მიიღის და შთაისხის მუცლად ურწყული იგი ღჳნოჲ, მან მიიღის ძლევაჲ სხუათა ზედა. ჭეშმარიტად, "დიდებაჲ მათი არს სირცხჳლსა შინა მათსა” (ფილიპ. 3,19), რამეთუ აცილობენ ურთიერთას, ხოლო ავნებენ თავთა თჳსთა. რომელმან-მე სიტყუამან შეუძლოს მიწთომად ბილწებასა მას საქმეთა მათთასა? ყოველივე პირუტყუებითა სავსე არს, ყოველივე ბოროტებითა; ძლეულთა მათ სთრავნ, მძლენი იგი მთრვალვე იყვნიან, მსახურნი ეცინოდიან. ჴელი დამჭირვად კათხებსა მოუძლურებულ არნ, პირი არა მიიღებნ, მუცელი განსთქდებინ და ბოროტი იგი არა დასცხრებინ. უბადრუკი იგი გუამი ბუნებითისა ძალისაგან დაჴსნილ არნ და ყოვლით კერძო მიმოვარდებინ და უზომოსა მას ბოროტსა ვერ იტჳრთავნ. თავი 7წინა <----- დასაწყისში ----->შემდეგი
7. ჰოი საქმე საწყალობელი წინაშე თუალსა ქრისტიანეთასა! რაჟამს-იგი კაცი
ჭაბუკი ჰასაკითა, ძლიერი გუამითა, მჴედრობისა წესთა შინა განშუენებული,
მითრევით მიიყვანებინ სახედ თჳსად, რამეთუ ვერ შემძლებელ არნ ზე დადგომად
და თჳსითა ფერჴთა სლვად. კაცი, რომელსა თანა-აცნ, რაჲთამცა საშინელ იყო
სახილველად მბრძოლთა, იქმნის მიზეზ სიცილისა ყრმათა, უბანთა შინა მავალთა,
თჳნიერ მახჳლისა მოწყლულ არნ, თჳნიერ მბრძოლისა მოკლულ არნ, თჳნიერ რკინისა
შებორკილებულ არნ. კაცი ჭურვილი, ყუავილსა მას შინა სიჭაბუკისასა მყოფი,
ღჳნისა მიერ ტყუე იქმნის და მზა არნ წინაშე მტერთა მოწევნად მის ზედა,
რაჲცა მათ ენების. მთრვალობაჲ გონებისა დამაქცეველი არს, სულისა განმხრწნელი, სიბერე უჟამოჲ, მიმსგავსებული მკუდართაჲ, მსგავსი კერპისაჲ. რამეთუ სხუაჲ რაჲ არიან მთრვალნი, გარნა კერპ წარმართთა? პირ ათქს და ვერ იტყჳან, თუალ ასხენ და არა ხედვენ, ყურ ასხენ და არა ესმის” (ფს. 113,13-14); ჴელნი დაჴსნილ იყვნიან, ფერჴნი მომკუდარ იყვნიან. ეჰა, ვინ-მე არს, რომელმან ესე ყოველი ბოროტი გჳყო ჩუენ? ვინ-მე არს ამათი მიზეზი? ვინ-მე არს, რომელმან სიცოფისა ამის წამალი გჳწდია ჩუენ? ჰოი კაცო, ბრძოლად შესცვალე-ა ხადილი იგი და სასუმური შენი? რამეთუ განიყვანებენ მანდაჲთ ჭაბუკთა მათ ახოანთა ჴელპყრობით, ვითარცა წყლულთა ბრძოლისაგან. მოაკუდინე სიმჴნე იგი სიჭაბუკისაჲ ღჳნისა მიერ: და მოუწოდ მას, ვითარცა მოყუარესა, სერობად, ხოლო წარავლენ, ვითარცა მკუდარსა, რამეთუ ღჳნისა მიერ ცხორებაჲ მისი დააქციი. რაჲ-მე ვთქუა ესევითართა მათთჳს? რამეთუ რაჟამს საგონებელ არნ, ვითარმედ განძღეს ღჳნითა, მაშინღა იწყიან მათ სუმად და სუმენ, ვითარცა პირუტყუნი, ვითარცა წყაროჲსაგან აღმომდინარისა, რომელი შესწორებულად მსუმელთა მათ აღმოაცენებნ თუალთა. რამეთუ რაჟამს-იგი განგრძელდის სუმაჲ მათი, შემოვიდის მათ შორის ჭაბუკი ვინმე ახოვანი, მჴნე, რომელი ბეჭთა მიმოიცვალებნ და ჯერეთ არღადამთრვალ არნ და მიეცის მას კათხაჲ დიდი, აღვსებული ღჳნითა განგრილებულითა და იწყის მან სუმად და გულარძნილთა მათ შთასავალთა მიერ აღავსის მუცელი თჳსი მთრვალობითა შესწორებულად სხუათა მათ, რაჲთა ესრეთ ზოგად იყოს საზომი იგი უზომოებისაჲ მის, რაჲთა ესრეთ შემსგავსებულად ყოველთა ქმნან ბილწებაჲ იგი და არა იყოს ერთიცა უმეტეს, გინა უდარეს სხუათასა მთრვალობითა. რამეთუ განიყვნიან მახრუტები იგი დიდები და თითოეული სუამნ ვითარცა ტბისაგან განუძღომელად, ვითარცა ზროხანი. ესეზომ ენების სუმაჲ, რაჲზომცა ეპოებინ. უბადრუკო, შთაიხედენ-ღა საწყალობელსა მაგას მუცელსა შენსა, განიცადე სივრცე ჭურჭლისაჲ მის, რომელსა შინა ეგეზომი იგი ღჳნოჲ შთავალს, ვითარმედ მტკავლეული სივრცე არა აქუს. ნუ საღჳნეთა მათ ჭურჭელთა ხედავ, თუ ოდეს დაილინენ, არამედ მუცელი შენი განიხილე, ვითარ-იგი ადრე აღვსებულ არს. ამისთჳსცა "ვაჲ არს მათდა, რომელნი აღდგებიან განთიად და თაფლუჭსა სდევენ და არიან ვიდრე მწუხრადმდე”, რამეთუ არცა ერთი ჟამი აქუს მათ ხილვად საქმეთა უფლისათა, ანუ განცდად ქმნულსა ჴელთა მისთასა. და ამისთჳს "ღჳნომან მან შეწუნეს იგინი” (ეს. 5,11), რამეთუ მჴურვალებაჲ იგი, რომელი ღჳნისა მიერ დაემკჳდროს ჴორცთა შინა, ნივთ ექმნების განჴურვებულთა მათ ისართა მტერისათა. და გონებასა დაამდაბლებს და დააბნელებს ღჳნოჲ, ხოლო ვნებათა და გულისთქუმათა აღაზრზენს და განამრავლებს. რამეთუ რომელი კიცჳ უმწყი რბის ესრეთ უწესოდ და დასცემს ზედა მჯდომელსა მას, ანუ რომელი ნავი ღელვაგუემული, რომელსა არა აქუნ მენავეთმოძღუარი, არცა მენავენი, არს ესრეთ შეცთომილ, ვითარცა მთრვალი? თავი 8წინა <----- დასაწყისში ----->შემდეგი
8. ესევითართა ამათ ბოროტთა მიერ მამათა და დედათა ზოგად განაწყვნეს
მემღერნი და ეშმაკსა მას მთრვალობისასა მისცნეს სულნი მათნი და ესრეთ
ისრითა მით ვნებათაჲთა ურთიერთას ესროდეს. ორკერძოვე იყვნიან სიცილნი
უწესონი, სიმღერანი ბილწნი, სახენი მეძვობისანი, რომელნი მიუწოდდიან
შეგინებულობასა. იცინი-ა შენ და იხარებ სიხარულითა მით ბოროტითა, რომელსა-ეგე თანაგედვა ტირილი და სულთქუმაჲ ცოდვათა შენთათჳს? სიმღერათა იტყჳ-ა, სიძვისა წინამძღუართა, ფსალმუნთა მათ წილ და გალობათა, რომელნი გისწავიან? ფერჴთა იმღერებ-ა ხლდები და ჰბორგ და ჰროკავ უწესოდ, რომელსა-ეგე თანა-გედვა მუჴლთმოდრეკით ვედრებაჲ უფლისაჲ? ვიეთთჳს-მე ვიგლოვდე პირველად? ქალწულთა მათთჳს უქორწინებელთა, ანუ უღელსა მას ქუეშე ქორწინებისასა მყოფთათჳს? რამეთუ იგინი მოიქცეს და არა აქუნდა ქალწულებაჲ თჳსი, ხოლო ამათ - სიწმიდე იგი პირველი, დაღაცათუ ჴორცითა დაცემასა რომელნიმე განერნეს, არამედ გონებით უეჭუელად შეიგინნეს. ეგრეთვე მამათათჳს ვიტყჳ, ვითარმედ: უკუეთუ "რომელმან მიხედნეს დედაკაცსა გულისთქუმით, მან იმრუშა” და ესრეთ დახუდომით უბნობაჲ ოდენ და მოგონებით გულისთქუმაჲ ესრეთ მავნებელ არიან და ესევითარი საშჯელი აქუს, რაჲ-მე ყოფად არს მათთჳს, რომელნი განზრახვით წარვიდოდინ ხილვად და განცდად ესევითართა საქმეთა და მიხედვად დედათა, უშუერებისა მოქმედთა და მთრვალთა და მსახიობელთა სახიობითა მით ბოროტითა და მეტყუელთა ავაჯთა მათ და კილოთა სიძვისათა, რომელთა არა ხილვაჲ არამედ სმენაჲ ოდენ ჴმისაჲ კმა არს გულსა მას ვნებულთასა შეგინებად? რაჲ სთქუათ თქუენ ამის ყოვლისათჳს, რომელნი მიხუალთ ხილვად მათდა, ანუ ამღერებთ მათ წინაშე თქუენსა და ესევითართა მათ ხილვათა მიერ ბევრეულსა სიმრავლესა ვნებათასა შეიკრებთ? ანუ არა საცნაურ არსა, ვითარმედ განზრახვით მაგის საქმისათჳს მოსწრაფე ხართ და ესრეთ თანამდებ იქმნეთ საშჯელსა მას მემრუშეთასა განჩინებისაებრ უფლისა? ანუ ვითარ შეგიწყნარნეს თქუენ მარტჳლიამან, რომელთა-ეგე აღვსებაჲ ესრეთ უჴმარ ჰყავთ? რამეთუ მარტჳლიასა საქმედ აქუს სულისა წმიდისა მოსლვაჲ განცხადებული, ხოლო შენ წინაჲთვე უსწრობ და დაამკჳდრებ შენ შორის სულსა მას არაწმიდასა და იქმნები ტაძარ კერპთა ტაძრად ყოფისა წილ ღმრთისა შენ თანა დამკჳდრებითა სულისა წმიდისაჲთა. და მიიღებ წყევლასა მას წინაჲსწარმეტყუელისასა, რომელი იტყჳს, ვითარმედ: "გარდავაქცინე დღესასწაულნი მათნი გლოად” (ამოს. 8,10). ანუ ვითარ ხართ თქუენ უფალ მონათა თქუენთა, რომელნი-ეგე ესრეთ მონაქმნულ ხართ გულისთქუმათადა? ანუ შვილთა ვითარ ასწაოთ თქუენ, რომელთა ცხორებაჲ უსწავლელ არს და უწესო? რაჲ-მე ვყო უკუე? ამათ სიტყუათა შინა დაგიტეო-ა? არამედ მეშინის, ნუუკუე ურჩი იგი უძჳრეს იქმნას და ლმობიერი - სასოწარკუეთილ. არამედ გიჩუენო თქუენ "წამალი, რომელსა ძალ-უც ცოდვათა დიდთა კურნებად” (ეკლეს. 10,4), ესე იგი არს, მარხვამან განკურნენ მთრვალობაჲ თქუენი და ფსალმუნებამან - შეგინებულნი იგი ჴმანი; ცრემლი იყავნ სიცილისა წამალ; როკვისა წილ მუჴლნი მოიდრიკენით ღმრთისა მიმართ. ტყუელვისა წილ ჴელთაჲსა მკერდსა იცემდით; სამკაულისა მის წილ სამოსელთაჲსა სიმდაბლე შეიმოსეთ. ამას ყოველსა ზედა მოწყალებამან მოგიყიდენ თქუენ ცოდვისაგან, რამეთუ "საჴსარ კაცისა არს სიმდიდრე თჳსი” (იგავ. 13,8), მოიმიზიდენ მრავალნი ჭირვეულნი ზიარებად ლოცვისა, ნუუკუე და მოგეტეოს საქმე იგი ბოროტი. რამეთუ რაჟამს "დაჯდა ერი იგი ჭამად და სუმად და აღდგეს მღერად” (ხოლო მღერაჲ მათი იყო კერპთმსახურებაჲ), მაშინ ლევიტელთა შეჭურნეს ხელნი მათნი ძმათა ზედა მათთა და ესრეთ სრულ იქმნეს მღდელობასა შინა. ეგრეთვე უკუე თქუენცა, რომელნი-ეგე მოშიშნი ხართ ღმრთისანი, რომელნიცა აწ მწუხარე იქმნებით უშუერებასა მას ზედა ბოროტთა მათ საქმეთასა, ამას გეტყჳ თქუენ, რაჲთა, უკუეთუ იხილნეთ იგინი შენანებულ უკეთურებასა მას ზედა საქმეთა მათთასა, ლმობიერ ექმნნეთ მათ, ვითარცა თჳსთა ასოთა მოუძლურებულთა. უკუეთუ კულა იხილნეთ შეურაცხმყოფელად ჩუენისა ამის მათ და მიმართ შეწუხებისა, "განვედით შორის მათსა და განეშორენით მათ და არაწმიდასა ნუ შეეხებით” (ეს. 52,11), რაჲთა ესრეთ მათცა ჰრცხუენეს და მოვიდენ ცნობად თჳსისა ბოროტისა. ხოლო თქუენ შურისა მის ფინეზის სასყიდელი მიიღოთ მართლმსაჯულობითა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისაჲ არს დიდებაჲ და სიმტკიცე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ. "სიტყვა მართლისა სარწმუნოებისა" ტ. VI, თბილისი, 2009 წ.
გამომცემლობა "ორთოდოქსი" | |
| |
ნანახია: 944 | | |
სულ კომენტარები: 0 | |