წმიდა ბასილი დიდისაუბარი 44-ე ფსალმუნზე
1. როგორც ჩანს, ამ ფსალმუნსაც ადამიანური ბუნების სრულყოფისაკენ მივყავართ და მათ, რომელთაც მაღალზნეობრივი ცხოვრება განიზრახეს დასახული მიზნის განხორციელებაში სარგებლობას ანიჭებს. მათ ხომ, რომელთაც წარმატებას მიაღწიეს, სრულყოფისათვის სწავლება სჭირდებათ, რასაც სწორედ ეს ფსალმუნი იძლევა, რომელსაც ეპიგრაფად აქვს: დასასრულსა, ცვალებადთათვის, ანუ, დაფარულად თქვა, კაცთათვის, რადგანაც გონიერთაგან ყველაზე მეტად სწორედ ჩვენ ვემორჩილებით ყოველდღიურად და თვით ყოველ წუთშიც კი, ცვალებადობასა და გარდაქმნას; არც სხეულითა და არც სულიერი განწყობილებით არ ვრჩებით იგივე, რაც ვიყავით, არამედ სხეული ჩვენი განუწყვეტლივ მდინარებს და იფანტება, მოძრაობს და იცვლება. ხან მცირედან დიდდება გაზრდის შედეგად, ხან კიდევ სისრულე აკლდება და არასრულყოფილი ხდება; რადგანაც ერთი და იგივე როდია ახალშობილი ჩვილი და ყრმა, რომელიც სასწავლებელში დადის და რომელსაც უკვე ხელოვნებისა და მეცნიერების გაგება შეუძლია. და კიდევ, უეჭველია, ისიც, რომ ყრმისაგან განსხვავდება ჭაბუკი, რომელსაც უკვე სამამაცო საქმეებს შეუძლია მოჰკიდოს ხელი, ხოლო ჭაბუკისაგან განსხვავდება მამაკაცი, როგორც სხეულის სიმტკიცითა და სიდიდით, ასევე გონების სრულყოფითაც. რაჟამს კაცი სიმწიფის ასაკში შევა და მყარ ასაკს მიაღწევს, ნელ-ნელა მოკლების შეგრძნება უჩნდება. ჯანმრთელი აღნაგობა შეუმჩნევლად ერღვევა და სხეულებრივი ძალები აკლდება ვიდრე სიბერისაგან მოდრეკილს უკანასკნელი ძალაც არ წაერთმევა. ამგვარად ვიცვლებით ჩვენ. ფსალმუნი ბრძნულად მიგვანიშნებს ჩვენზე, ადამიანებზე, რადგანაც ანგელოზები ცვალებადობას არ ემორჩილებიან. ანგელოზთა შორის არაა არც ყრმა, არც ჭაბუკი და არც მოხუცი, არამედ ისინი იმადვე რჩებიან, რადაც თავიდანვე შეიქმნენ და აღნაგობაც წმინდად და უცვლელად აქვთ შენარჩუნებული. ჩვენ კი გვეცვლება არა მხოლოდ სხეული, როგორც ეს უკვე ვაჩვენეთ, არამედ სულიცა და შინაგანი კაციც, ვიცვლით რა აზრებს იმ მოვლენებთან ერთად, რომელნიც განუწყვეტლივ გვხვდებიან ცხოვრებაში. ჩვენ სხვაგვარნი ვართ მაშინ, რაჟამს გვიხარია და რაჟამს ჩვენს ცხოვრებაში ყველაფერი წარმატებით მიდის და სხვაგვარნი ვართ ძნელბედობის ჟამს, როცა ჩვენს სურვილებს წინ რაღაც ეღობება. ვიცვლებით რისხვის გამო, ვიღებთ რა ცხოველის სახეს და ვიცვლებით გულისთქმის ჟამსაც, ვემსგავსებით რა პირუტყვს ავხორცული ცხოვრების წყალობით. ცხენებ დედალთმბორგელ იქმნენ ხომ ისინი, რომელნიც მახლობელთა ცოლების მიმართ ვნებით აღეგზნენ (ესაია). ცბიერი კი, ვითარცა ჰეროდე, მელიას ემსგავსება (ლკ. 13,32), ხოლო ურცხვი ძაღლად იწოდება, როგორც ნაბალ კარმილელი. ხედავ როგორი მრავალფეროვანი და მრავალსახოვანია ჩვენი ცვალებადობა? გვიკვირდეს მისი, ვინც ჩვენს მიმართ ეს სახელწოდება ასე შესაფერისად გამოიყენა. 2. ამიტომ, როგორც მეჩვენება, ერთმა კომენტატორმა მშვენივრად და მარჯვედ გამოხატა ეს აზრი, როცა სხვა სახელწოდება გამოიყენა, - ნაცვლად ცვალებადთათვის, - შროშანებისათვისო, - თქვა და ადამიანური ბუნების წარმავლობისათვის შესადარებლად ყველაზე შესაფერისად ჭკნობადი ყვავილები ჩათვალა. მაგრამ რამდენადაც სიტყვა მომავალი დროის ფორმითაა მოცემული (რომელნიც შეიცვლებიანი, - ამბობს და ამდენად ეს ცვლილება ჩვენ თითქოს შემდეგში უნდა განვიცადოთ), ვნახოთ, ხომ არ მიგვანიშნებს იგი აღდგომაზე, რომლის წყალობითაც შეცვლის ძალა მოგვენიჭება და უკეთესისა და სულიერსაკენ შევიცვლებით? ნათქვამია: დაეთესვის ხრწნილებით და აღდგების უხრწნელებით (I კორ. 15,42). ხედავ, რომელ ცვლილებას გულისხმობს? დაეთესვის უძლურებით და აღდგების ძლიერებით; დაეთესვის ჴორცი მშჳნვიერი და აღდგების ჴორცი სულიერი (I კორ. 15,43-44), და მაშინ ჩვენთან ერთად მთელი ხორციელი ქმნილებაც იცვლება. რადგანაც ცანი ვითარცა სამოსელნი დაძუელდნენ და ღმერთი მათ თითქოს ვითარცა სამოსელს, ისე ცვლის, და იცვლებიან (ფს. 101,27). მაშინ, როგორც ესაია ამბობს, მზე შვიდგზის გაიზრდება. ხოლო მთვარე იმ სიდიდეს შეიძენს, რომელიც ახლა მზეს აქვს (ეს. 30,26). რადგანაც ღმრთის სიტყვები ყველასათვის როდია დაწერილი, არამედ მხოლოდ მათთვის, რომელთაც შინაგანი კაცის სასმენელნი აქვთ, ამიტომაც წარწერა ცვალებადთათვისო, და ვფიქრობ, ისინი იგულისხმა, რომელნიც თავიანთ თავზე თვითონვე ზრუნავენ და განუწყვეტელი ვარჯიშით ღმრთისმოსაობაში სულ უფრო და უფრო დიდ წარმატებას აღწევენ. ეს უმშვენიერესი ცვალებადობაა, რომელიც ჩვენ უზენაესის მარჯვენამ მოგვანიჭა და რომელიც ნეტარმა დავითმაც შეიგრძნო, რაჟამს სათნოების სიკეთე იგემა და კიდევ უფრო წინ წაიწია. და რას ამბობს? და ვთქუ: აწღა მიწყიეს, ესე არს განახლებაჲ მარჯუენისა მაღლისაჲ (ფს. 76,10). ამიტომ მისთვის, ვინც სათნოებაში სრულყოფისკენ იწრაფვის, არ არსებობს წამი, ცვლილებას რომ არ განიცდიდეს, რადგანაც ნათქვამია: ოდეს იგი ვიყავ ყრმა, ვიტყოდე ვითარცა ყრმაჲ, შერაცხილ ვიყავ ვითარცა ყრმაჲ; ხოლო ოდეს ვიქმენ მამაკაც, დაუტევე სიყრმისაჲ იგი (I კორ. 13,11). ხოლო, როცა უკვე მამაკაცი გახდა, მოღვაწეობა კი არ შეწყვიტა, არამედ თქვა: უკუანასა მას დავივიწყებ და წინასა მას მივსწუდები და კრძალულებით სვდევ გვირგვინსა მას ზეცისა ჩინებისა (ფილიპ. 3,13-14). ცვლილება კი შინაგანი კაცის ყოველდღიური განახლებაა. რადგანაც წინასწარმეტყველს სურს გვაუწყოს საყვარელზე, რომელმაც განგებულება ხორცის შესხმაზე ჩვენს გამო მიიღო და ამგვარი წყალობის ღირსი გაგვხადა, ამბობს, რომ ეს გალობა მოცემულია ძეთა კორესთა. რადგანაც იგი სწორედ გალობაა და არა ფსალმუნი, ამიტომაც ხმით იყო გადმოცემული, მწყობრი ამოძახილით მუსიკალური საკრავის გარეშე. გალობაჲ საყუარელისაჲ. განგიმარტო შენ რომელ საყვარელს გულისხმობს სიტყვა? ან იქნებ ჩემს განმარტებამდეც იცი, გაიხსენებ რა სახარებაში ნათქვამს: ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ, მაგისი ისმინეთ (მთ. 17,5). ის უყვარს მამას, ვითარცა ძე მხოლოდშობილი, ხოლო ყველა ქმნილებას - ვითარცა მამა კაცთმოყვარე და წინამძღვარი სახიერი. ხოლო საყვარელი და სახიერი თავისი არსით ერთია. ამიტომაც მშვენივრად განსაზღვრეს ზოგიერთებმა, როცა სახიერი (კეთილი) უწოდეს მას, რაც ყველას სურს. მაგრამ ყველას როდი შეუძლია სიყვარულში სრულყოფილებას მიაღწიოს და შეიცნოს იგი, ვინც ჭეშმარიტად საყვარელია, არამედ მხოლოდ მას, ვინც განიძარცვა ძველი იგი კაცი გულის თქუმისა მისებრ საცთურისა და შეიმოსა ახალი იგი განახლებული მეცნიერებად მსგავსად ხატისა მის დამბადებელისა მისისა (კოლას. 3,10). ვისაც ფული უყვარს, ხრწნადი სხეულების სილამაზე აღაგზნებს და აქაურ დიდებას ამჯობინებს, დახარჯავს რა სიყვარულის ძალას მათზე, რომელნიც ამისათვის არც ღირდნენ, ხოლო ჭეშმარიტად საყვარელის ჭვრეტისათვის დაბრმავდება. ამიტომაცაა ნათქვამი: შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა (მარკ. 12,30). სიტყვა ყოვლითა გამორიცხავს სიყვარულის გაყოფას სხვებისთვისაც, რადგან რამდენ სიყვარულსაც დახარჯავ მიწიერ საგნებზე, მთელსაც უცილობლად იმდენი მოაკლდება. ამიტომაც კაცთაგან მხოლოდ ცოტას თუ ეწოდა მეგობრები ღმრთისა, როგორც მაგალითად, მოსეს, რომლის შესახებაც სწერია, რომ იგი იყო მეგობარი ღმრთისა, და იოვანეს, რადგანაც ნათქვამია: ხოლო მეგობარი სიძისაჲ რომელ დგას, სიხარულით უხარის (ინ. 3,29), ანუ ის არის ღირსი ქრისტეს მეგობრობისა, ვისაც მისი მტკიცე და ურყევი სიყვარული აქვს. ამიტომაც მოწაფეებს, რომელნიც უკვე სრულყოფილებას იყვნენ მიღწეულნი, უფალი ეუბნება: არღარა გეტყჳ თქუენ მონად, რამეთუ მონამან არა იცინ, რასა იქმნ უფალი მისი, არამედ მეგობრად (ინ. 15,15). ამრიგად, ჭეშმარიტად საყვარელის შეცნობა სრულყოფილს შეუძლია. მართლაც, მეგობრები ღმრთისა და ერთმანეთისა მხოლოდ წმინდანები არიან. უკეთურთაგან და ბიწიერთაგან არცერთი არაა მეგობარი, რადგანაც მშვენიერება მეგობრობისა შეუთავსებელია მდაბალ განწყობილებასთან გულისა. უსახურსა და მოუწესრიგებელს იმიტომაც არ შეუძლია მეგობრულ თანხმობაში ყოფნა, რომ ბოროტება არა მხოლოდ სიკეთის, არამედ საკუთარი თავის მტერიცაა. მაგრამ უკვე გადავიღეთ წინასწარმეტყველის სიტყვების განმარტებაზე: 3. აღმოთქუა გულმან ჩემმან სიტყუაჲ კეთილი (1). ზოგი ფიქრობდა, რომ ეს მამის პირითაა ნათქვამი სიტყვაზე, რომელიც დასაბამითგან მამასთან იყო და რომელიც, მათი თქმით, მამამ თითქოსდა გულიდან და წიაღიდან აღმოთქვა; და კეთილი გულიდან სიტყვაც კეთილი გამოვიდა. მე კი მეჩვენება, რომ აქ წინასწარმეტყველის პირი იგულისხმება, რადგანაც ფსალმუნის მომდევნო სიტყვები არ ამართლებენ ვარაუდს მამაზე. მამას არ შეეძლო ეთქვა თავისი ენის შესახებ: ენაჲ ჩემი საწერელ მწიგნობრისა ჴელოვნისა (1) შუენიერ სიკეთითა უფროჲას ძეთა კაცთასა (2), რადგანაც მას უპირატესობა სილამაზისა ადამიანებთან შედარებით როდი აქვს და შემდეგაც ამბობს: ამისთჳს გცხო შენ ღმერთმან, ღმერთმან შენმან საცხებელი სიხარულისაჲ (7). ის კი არა თქვა: გცხე შენ, მე, ღმერთმაო, არამედ გცხო შენო, საიდანაც ცხადია, რომ პირი, რომელიც ლაპარაკობს, სხვაა. და ვინ არის იგი თუ არა წინასწარმეტყველი, რომელშიც სულიწმიდა მოქმედებს; იგი ამბობს: აღმოსთქუა გულმან ჩემმან სიტყუაჲ კეთილი. აღმოთქმა არის შინაგანი ჰაერი, რომელიც საზრდელის გაცხელებისას დახეთქილი ბუშტუკებიდან ზევითკენ ადის, ის, ვინც ნასაზრდოებია ცხოველი პურით, რომელიც ზეციდან გარდამოვიდა და სოფელს სიცოცხლე მიანიჭა და მაძღარია ღმრთის პირიდან გამომავალი ყოველი სიტყვით, ანუ ბიბლიისათვის ჩვეული მეტაფორული ენით რომ ვთქვათ, სული, ნასაზრდოები წმინდა მოძღვრებებით, საზრდელის შესაფერისს გარდამოადინებს; ხოლო რადგანაც საზრდელი სიტყვიერი და კეთილი იყო, ამიტომ წინასწარმეტყველმაც სიტყუაჲ კეთილი აღმოთქვა. კეთილმან კაცმან კეთილისაგან საუნჯისა გამოიღის კეთილი (მთ. 12,35) და ჩვენც საკუთარ სულთა აღსავსებად სიტყვიერი საზრდო ვეძებოთ, (რადგანაც ნათქვამია: ჭამს რა მართალი, სულს თვისას აღავსებს, იგავ. 12,23), რათა შესაბამისად საზრდელისა არა საერთოდ სიტყვა, არამედ სიტყუაჲ კეთილი აღმოვთქვათ. ბოროტი კაცის უკეთური მოძღვრებებით ნასაზრდოები გულიდან უკეთური სიტყვა წარმოდინდება. ვერ ხედავ, რა ინთხევა ერეტიკოსთა ბაგეებიდან? რაღაც საძაგელი და მყრალი, რომელიც ამხელს თუ რა ძლიერი და ფესვგადგმულია ამ უბედურთა სენი. რადგანაც ბოროტმან კაცმან ბოროტისაგან საუნჯისა გამოიღის ბოროტი (მთ. 12,35), ამიტომაც ქავილითა ყურთაჲთა (2 ტიმ. 4,3) შენთვის იმგვარ მასწავლებლებს ნუ ამოირჩევ, რომელთაც შეუძლიათ შენს შიგნეულში სენი წარმოშვან და უკეთური სიტყვები წარმოგათქმევინონ, რომელთა გამოც სამსჯავროზე დაისჯები, რამეთუ სიტყუათა შენთაგან განჰმართლდე და სიტყუათა შენთაგან დაისაჯო (მთ. 12,37). უთხრნე მე საქმენი ჩემნი მეუფესა (1). რაღა თქმა უნდა, ეს სიტყვებიც იმას გვაფიქრებინებს, რომ აქ წინასწარმეტყველის პირი უნდა ვიგულისხმოთ. უთხრნე მე საქმენი ჩემნი მეუფესა - ეს ნიშნავს: აღვიარებ წინაშე მსაჯულისა და საკუთარ საქმეთა გამჟღავნებით ბრალმდებელს დავასწრებ, რადგანაც ჩვენ ასეთი მცნება მივიღეთ: იტყოდე შენ უსჯულოებათა შენთა პირველად, რაჲთა განმართლდე (ეს. 43,26). ენაჲ ჩემი საწერელ მწიგნობრისა ჴელოვნისა (1). როგორც ლერწამია იარაღი, როცა მას გამოცდილი ხელი დასაწერის მოსახაზად ამოძრავებს, ასევე ენა მართლისა, ამოწებული არა მელანში, არამედ სულში ცხოველი ღმრთისა, რაჟამს მას სულიწმიდა ამოძრავებს, მორწმუნეთა გულებზე საუკუნო სიცოცხლის სიტყვებს გამოსახავს. ამრიგად, მწიგნობარია სულიწმიდა, რადგანაც ბრძენია და ყველას განმსწავლელი და სწრაფი მწიგნობარიცაა, რამდენადაც აზრიც სწრაფად მოძრაობს. სული აზრებს ხომ ჩვენში არა ფიცართა შინა ქვისათა, არამედ ფიცართა შინა გულისა ხორციელისასა წერს (2 კორ. 3,3); სული გულებში ხან ბევრსა წერს და ხან კიდევ ცოტას, შესაბამისად გულის სივრცელისა და ხან მკაფიოდ და ხანაც გაურკვევლად, იმისდა მიხედვით, როგორ გავწმინდეთ იგი წინასწარ. წერის სისწრაფის წყალობით უკვე მთელი სამყარო სახარებითაა ავსებული. მომდევნო სიტყვები, როგორც მე მეჩვენება, რაღაც განსაკუთრებული სათქმელის დასაწყისად უნდა მივიღოთ და არ დავუკავშიროთ იმას, რაც წინ უსწრებდა, არამედ მომდევნოს მივაკუთვნოთ, რადგანაც სიტყვები შუენიერ სიკეთითა, როგორც ამას პირის შეცვლა მაფიქრებინებს, ღმერთზეა ნათქვამი. 4. შუენიერ სიკეთითა უფროჲს ძეთა კაცთასა; განეფინა მადლი ბაგეთა შენთა (2). ამ აზრამდე ჩვენ აკვილასსა და სიმმახოსს მივყავართ. ერთი ამბობს: შენ კაცთა შორის ყველაზე მეტად ხარ შემკობილი სილამაზით, ხოლო სიმმახოსი: შენ მშვენიერი ხარ უფროის ადამის ძეთა. ამიტომაც შუენიერს სიკეთითა წინასწარმეტყველი უფალს უწოდებს. დაჟინებით უჭვრეტს რა მის ღმრთეებრიობას, მის ხორციელ სილამაზეს როდი უმღერის, რადგანაც ვიხილეთ იგი და არა აქუნდა სახე მისი, არცა სიკეთე არამედ სახე მისი უპატივო და მოკლებული უფროს ყოველთა ძეთა კაცთასა (ეს. 53,2-3). აქედან ცხადია, რომ წინასწარმეტყველი უჭვრეტს რა უფლის სხივმოსილებას, მისი ბრწყინვალებით მოცული, ამ სიკეთით სულშეძრული ღმრთეებრივი სიყვარულით წარემართება გონებით მოაზრებული სილამაზისაკენ. ხოლო როცა იგი ადამიანის სულში გაცხადდება, რაც კი მანამდე უყვარდა, საძაგლად და არად ჩასაგდებად წარმოუდგება. ამიტომ პავლემაც, რაჟამს მან სათნოების წყალობით ეს სილამაზე იხილა, ყოველივე ნაგევად შერაცხა, რათა ქრისტე შეეძინა (ფილიპ. 3,8). თუმცა ჭეშმარიტების სიტყვის გარეშე მდგომნი, ამცირებენ რა წმიდა წერილს სადა მეტყველებისა გამო, სახარების მოძღვრებას სისულელეს უწოდებენ, მაგრამ ჩვენ, რომელნიც ქრისტეს ჯვრით ვამაყობთ და რომელთაც სულმა განგვიცხადა, რომ ღმრთისაგან გვეხარა არა სწავლულებითა კაცობრივისა სიბრძნისა სიტყუათაჲთა (1 კორ. 2,13), ვიცით, რომ მოძღვრებაში ქრისტეზე ღმრთისაგან მადლი გულუხვად გადმოგვეღვარა. ამ მოძღვრებამ მცირე დროში თითქმის მთელი ქვეყანა იმიტომაც მოიარა, რომ მოციქულებზე, რომელთაც წმიდა წერილი ქრისტეს ბაგეებს უწოდებს, მადლი უხვად და უშურველადაა გადმოსული. ამიტომაც სახარების მოძღვრებაში, ზოგიერთთა მიერ აბუჩად აგდებული მრავალი ისეთი გამონათქვამია, რომელსაც ხსნისაკენ მივყავართ. ყოველი სული ჯერ გარდაუვალი დოგმებით დაიძლევა, ხოლო შემდეგ ქრისტეს ურყევი რწმენის მადლით განმტკიცდება. ამიტომაც ამბობს მოციქული: რომლისაგან მოვიღეთ მადლი და მოციქულებაჲ დასამორჩილებელად სარწმუნოებისა (რომ. 1,5) და კიდევ: უმეტეს მათ ყოველთასა დავშუერ; არა მე, არამედ მადლი იგი ღმრთისაჲ, რომელ იყო ჩემ თანა (1 კორ. 15,10). 5. განეფინა მადლი ბაგეთა შენთა. ამისთჳს გაკურთხა შენ ღმერთმან უკუნისამდე (2). სახარებაში წერია: უკვირდა სიტყუა ამათ ზედა მისთა მადლისათა, რომელნი გამოვიდოდეს პირისაგან მისისა (ლკ. 4,22). ამიტომ ფსალმუნი, რათა უფრო ნათლად წარმოადგინოს ჩვენი უფლის სიტყვებში სიმრავლე მადლისა, გამომსახველად ამბობს: განეფინა მადლი ბაგეთა შენთა, რადგანაც მადლი სიტყვისა დაულევნელია. როცა ამბობს: გაკურთხა შენ ღმერთმან უკუნისამდე, ცხადია, რომ ეს სიტყვები უფლის კაცობრივ ბუნებას ეკუთვნის, რადგან სწორედ იგი წარემატებოდა სიბრძნითა და ჰასაკითა და მადლითა (ლკ. 2,52). აქედან ცხადია, მხოლოდ როგორც კაცთან მიმართებაში უნდა ვიგულისხმოთ ისიც, რომ მას მადლი ქველი საქმეებისათვის ჯილდოდ მიეცა. მსგავსად ამისა უნდა გავიგოთ სიტყვები: შეიყუარე სიმართლე და მოიძულე უსჯულოებაჲ; ამისთვის გცხო შენ ღმერთმან შენმან საცხებელი სიხარულისა უმეტეს მოყუასთა შენთა (7). ამ გამონათქვამებთან ახლოს დგას ის სიტყვებიც, რომელიც პავლე მოციქულმა მისწერა ფილიპელებს: დაიმდაბლა თავი თჳსი და იქმნა იგი მორჩილ ვიდრე სიკუდილამდე და სიკუდილითა მით ჯუარისათა, ამისთჳსცა იგი ღმერთმან უმეტესად აღამაღლა (ფილიპ. 1,8-9). ასე რომ, ცხადია, ეს სიტყვები მაცხოვარზე, ვითარცა კაცზეა, ნათქვამი, ან რამდენადაც ეკლესია სხეულია უფლისა, ხოლო იგი თავია ეკლესიისა, და რამდენადაც, როგორც ვთქვით, მსახურები ზეციური სიტყვისა ბაგეებია ქრისტესი (როგორც მაგალითად, პავლეში ქრისტე მეტყველებდა (2 კორ.13,3) და ასეა ყველაში, ვინც კი სათნოებით პავლეს ემსგავსება) და ამდენად ჩვენც, მორწმუნენიც, თითოეული ცალ-ცალკე, ქრისტეს სხეულის დანარჩენ ნაწილებს წარმოვადგენთ. არ შესცოდავს ის, ვინც ეკლესიისათვის მიცემულ კურთხევას თავად უფალზე გადაიტანს. ამიტომ სიტყვები გაკურთხა შენ ღმერთმან ნიშნავს: ნაწილები შენი და სხეული შენი ღმერთმა უკუნისამდე, ანუ დაუსრულებლად სიკეთით აღავსო. შეიბ მახჳლი შენი წელთა შენთა, ძლიერო, შუენიერებითა შენითა და სიკეთითა შენითა (3). ვფიქრობ, ეს სიტყვები გადატანითი მნიშვნელობით ღმრთის ცხოველ სიტყვაზეა ნათქვამი, რათა იგი ხორცს შეუერთდეს, სიტყვაზე, რომელიც არს ძლიერ და უმკუეთელეს უფროჲს ყოვლისა მახჳლისა ორპირისა და მისწუდების იგი ვიდრე განსაყოფელადმდე სამშჳნველისა და სულისა, ნაწევართა და ტჳნთა და განმკითხველ გონებათა და ზრახვათა გულისათა (ებრ. 4,12). რადგანაც ბარძაყი სიმბოლოა შობის ძალისა, ნათქვამია: ეს სულები იაკობის ბარძაყისაგან გამოსულნი... (დაბ. 46,26), ამიტომაც უფალი ჩვენი იესო ქრისტე, რომელიც არის სიცოცხლე, გზა, პური, ვენახი, ნათელი ჭეშმარიტი და კიდევ სხვა მრავალი სახელით იწოდება, მახვილიცაა, რომელიც სულს ვნებებს ჩამოჰკვეთს და ავხორცული ჟინის მოძრაობას ასამარებს. შემდეგ: რამდენადაც სიტყვა-ღმერთი უძლურ ხორცს შეუერთდა, ამდენად ფრიად დროულადაა ჩართული სიტყვა ძლიერო; უდიდესი დამამტკიცებელი საბუთი ძლიერებისა სწორედ ისაა, რომ ღმერთს კაცობრივ ბუნებაში ყოფნა შეუძლია. სიტყვა-ღმერთის ძლიერებას იმდენად ზეცისა და დედამიწის შექმნა, ზღვის, ჰაერის, უდიდესი სტიქიებისა და ყოველივესი, რასაც კი მიწისზედა და მიწისქვეშა სამყაროში მოვიაზრებთ, წარმოქმნა არ ამტკიცებს, რამდენადაც განკაცების განგებულება და გარდამოსვლა დამდაბლებულსა და უძლურ კაცობრიობამდე. შუნიერებითა და სიკეთითა შენითა, მშვენიერება განსხვავდება სიკეთისაგან, მშვენიერი ეწოდება მას, რაც თავის დროზე სრულ აყვავებას მიაღწევს, როგორც მაგალითად მშვენიერია ხორბალი, როცა იგი მკისთვის დამწიფდება. მშვენიერია ნაყოფიც ვაზისა, რომელიც წელიწადის დროების დინებასთან ერთად სიმწიფით გასრულდება და გამზადდება, რათა ვიგემოთ. სიკეთე კი არის სიმწყობრე ნაწილთა აგებულებისა, რაც მას მიმზიდველობას ანიჭებს. შეიბ მახვილი შენი წელთა შენთა, ძლიერო, შუენიერებითა შენითა, ანუ მაშინ, როცა ჟამი გასრულდება და შუენიერებითა ანუ დასანახი და გონებით განსაჭვრეტი ღმრთეებრიობით, რადგანაც იგი მართლაც არის სიკეთე, აღმატებული ყველა კაცობრივ უნარსა და ყველა კაცობრივ ძალაზე და მხოლოდ გონებით განიჭვრიტება. სიკეთე მისი მოწაფეებმა შეიცნეს, რომელთაც იგი განმარტოებისას იგავებს უმარტავდა. მთაზე პეტრემ და ძეთა ქუხილისათა იხილეს მისი სიკეთე, რომელიც მზის ნათელზე უფრო ბრწყინავდა და ღირსნი შეიქმნენ თვალით ეხილათ მისი დიდებით მოსვლის დასაწყისი. და გარდააცუ და წარემართე და სუფევდი (4), რაც ნიშნავს: შეუდექი რა განკაცებით ზრუნვას ადამიანებზე, ეს ზრუნვა გააძლიერე, მარადიულად აქციე და არასოდეს შეასუსტო, რადგანაც ეს გზას გაუკაფავს და წარმატებას მიანიჭებს ქადაგებას და შენს მეუფებას, ყველას დაუმორჩილებს. დაე, ნუ გაგვაოცებს, რომ ბრძანებლურადაა ნათქვამი წარემართე, ჩვეულებისამებრ წმიდა წერილისა, რომელიც სასურველს ყოველთვის ამ ფორმით გამოხატავს: იყავნ ნება შენი ნაცვლად ნეტავ იყოს ნება შენი, მოვედინ სუფევაჲ შენი ნაცვლად ნეტავ მოვიდეს სუფევა შენი. 6. ჭეშმარიტებისათჳს და სიმშჳდისა და სიმართლისა; და გიძღოდის შენ საკჳრველად მარჯუენაჲ შენი (4). ფსალმუნი ისევ წინას მსგავს ხერხს იყენებს მეტყველებისა. თითქოსდა ამას, ანუ წარმართვასა და სუფევას უფალი საზღაურად მიიღებს ჭეშმარიტებისა, სიმშვიდისა და სამართლიანობისათვის, რაც ამგვარად უნდა გავიაზროთ: რადგანაც კაცთა შორის ყოველივე სიცრუედ გარდაიქცა, სიმართლის დასათესად იმეუფე ადამიანებზე, რომლებზეც ცოდვა მეუფებს, რამეთუ შენ ხარ ჭეშმარიტება. სიმშჳდისათვის - რათა შენი მაგალითით ყველა სიმართლესა და სიმშვიდესთან მივიდეს: ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა (მთ. 11,29). სიმშვიდის მაგალითი კი მან თავისი საქმეებით გვაჩვენა: კიცხავდნენ და დუმდა, სცემდნენ და ითმენდა. და გიძღოდის შენ საკჳრველად მარჯუენაჲ შენი. არცა სვეტი ღრუბლისა და არცა ბრწყინვალება ცეცხლისა, არამედ საკუთარი მარჯვენა იქნება შენი წინამძღოლი. ისარნი შენნი ლესულ არიან, ძლიერო (5), წამახული ისრები ძლიერისა, - ეს სხარტი სიტყვებია, რომელნიც შეაღწევენ რა მსმნელთა გულებში, მგრძნობიარე სულებს განგმირავენ და ჭრიან, რადგანაც ნათქვამია: ბრძენთა სიტყვები წვერწამახული სოლებია (ეკლეს. 12,11). ამიტომაც ფსალმუნების მგალობელიც ივედრებოდა რა ადრე დახსნას მისი თანამედროვე ცბიერი ადამიანებისაგან, ახლა განსაკურნებლად ცბიერი ენისა, წამახულ ისრებს ითხოვს. მაგრამ ამასთან ითხოვს აგრეთვე ნაკვერჩხლებსაც ოხრებისათა (ფს. 119,4), რადგანაც მათთვის, რომელთაც გაქვავებული გულები აქვთ და სიტყვის ისრები ვერ ხვდებიან, გამზადებულ იყოს სასჯელი, რომელსაც მან ნაკვერჩხალნი ოხრებასათა უწოდა. მათთვის, რომელთაც თავიანთი თავი თვითონ განაშორეს ღმერთს, მართლაც რომ აუცილებელია მომზადება ოხრების ნაკვერჩხლებისა. ახლა კი, ისარნი შენნი ლესულ არიან. ამ ისრებით იჭრებიან სულები, რომელთაც რწმენა მიიღეს და ღმრთის ძლიერი სიყვარულით იწვიან. ისინი საპატარძლოს მსგავსად ამბობენ: დაწყლულ ვარ მე სიყუარულითა (ქებ. 2,4). მიუთხრობელი და გამოუთქმელია სიკეთე სიტყვისა, მშვენიერება სიბრძნისა და გამოხატულება ღმრთისა მის სახეში, ამიტომაც ნეტარნი არიან მოყვარულნი მშვენიერების ჭვრეტისა. მასთან თითქოსდა სიყვარულით მიბმულებს უყვართ რა ზეციური და ნეტარი სიყვარულით, ივიწყებენ შინაურებსა და მეგობრებს, ივიწყებენ სახლსა და მამულს და არ ახსენდებათ თვით ისეთი აუცილებელი მოთხოვნილებანიც კი სხეულისა, როგორიცაა ჭამა და სმა და ერთ ღმრთეებრივსა და წმიდა სიყვარულს ერთგულობენ. მაგრამ მე მეჩვენება, რომ სიტყვების გადასმის შედეგად სათქმელი უფრო თანმიმდევრული გახდება და ამგვარი აზრი ექნება: გარდააცუ და წარემართე და სუფევდი და გიძღოდის შენ საკვირველად მარჯვენაჲ შენი და ისინი შენ ქუეშე დაეცნენ, რადგანაც ისარნი შენნი ლესულ არიან გულთა შინა მტერთა მეუფისა. არც ერთი იმათგანი, რომელიც ღმერთს ებრძვის, ამპარტავანი და ქედმაღალი, არ დაემხობა წინაშე ღმრთისა, არამედ დაემხობიან მხოლოდ ისინი, რომელთაც რწმენისაგან მორჩილება ისწავლეს. ოდესღაც მეუფის მტერთა გულებში მოხვედრილი ისრები კი, მათ ჭეშმარიტების წყურვილს უღვიძებენ და უფლისაკენ ეზიდებიან, რათა ყოფილი მტრები ღმრთისა სწავლების შედეგად მას შეურიგდნენ. 7. საყდარი შენი, ღმერთო, უკუნითი უკუნისამდე, კუერთხი განგებისაჲ და კუერთხი სუფევისა შენისაჲ. შეიყუარე სიმართლე და მოიძულე უშჯულოებაჲ; ამასთჳს გცხო შენ ღმერთმან, ღმერთმან შენმან საცხებელი სიხარულისაჲ უმეტეს მოყუასთა შენთა (6-7). რამდენადაც წინასწარმეტყველმა ღმერთზე, ვითარცა კაცზე, უკვე ბევრი ილაპარაკა, ახლა სიტყვა მხოლოდშობილის დიდების სიმაღლეზე აჰყავს. საყდარი შენი ღმერთო, ამბობს იგი, უკუნითი უკუნისამდე, ანუ მეფობა შენი საუკუნეებით არ შემოისაზღვრება და ყველა აზრზე უწინარესია. წინასწარმეტყველი სწორედ დროზე, ხალხების დამორჩილების შემდეგ, უმღერის დიდებულებას ღმრთის მეუფებისა. კუერთხი განგებისა და კუერთხი სუფევისა შენისა. ამიტომაც მისცა მას საკუთარი სახელი, გარკვევით უწოდა რა ღმერთი: საყდარი შენი, ღმერთო; კვერთხს ღმრთისას ჭკუაზე მოვყავართ, მაგრამ შეგონებას მართალი და არა მრუდე სამსჯავროც მოჰყვება. ამიტომაც ეწოდება მას კუერთხი განგებულებისა და კუერთხი სუფევისა მისისა. და-თუ-უტეონ შვილთა მათთა შჯული ჩემი და სამართალთა ჩემთა არა ვიდოდიან, განვიხილნე კუერთხითა უშჯულოებანი მათნი და გურმითა უსამართლობანი მათნი (ფს. 88,30-32). ხედავ სამართლიან სამსჯავროს ღმრთისას? მაგრამ ყველასათვის როდი იმართება იგი, არამედ მხოლოდ ცოდვილებისათვის. მაგრამ ეს კვერთხი ნუგეშინისმცემლადაც იწოდება, რადგანაც ნათქვამია: კუერთხმან შენმან და არგანმან შენმან ამათ ნუგეშინის მცეს მე (ფს. 22,4). ამასთან იგი შემუსვრის კვერთხიცაა. ჰმწყსნე იგინი კუერთხითა რკინსაჲთა და ვითარცა ჭურნი მეკეცეთანი შეჰმუსრნე იგინი (ფს. 2,9), რაც თიხისაგანია და ხრწნადი, დასამწყემსთა სიკეთისათვის შეიმუსრება, რადგანაც მიეცემა სატანჯველად ჴორცითა, რაჲთა სული ცხონდეს (კორ. 5,5). 8. ამისთჳს გცხო შენ ღმერთმან, ღმერთმან შენმან საცხებელი სიხარულისაჲ უმეტეს მოყუასთა შენთა (7). რადგანაც წინასწარ გამოსახვით საცხებელს იმაზე უნდა მიეთითებინა, რომ თვით მღვდელმთავრებიცა და მეფენიც წინასწარ გამოსახვას წარმოადგენდნენ, სხეულს უფლისას მასზე სულიწმიდის გარდამოსვლით ჭეშმარიტი საცხებელი ეცხო, რომელსაც საცხებელი სიხარულისაჲ ეწოდება. მას უმეტეს მოყუასთა, ანუ ყველა იმ ადამიანზე მეტად ეცხო, რომელნიც ქრისტეს იყვნენ ნაზიარებნი, რადგანაც ჩვენ მხოლოდ რაღაც ზომით ვეზიარებით სულიწმიდას, ხოლო ღმრთის ძეზე გადმოსული სულიწმიდა, როგორც იოანე ამბობს: დაადგრა მას ზედა (ინ. 1,32). მშვენივრად უწოდა სულიწმიდის საცხებელი სიხარულისაჲ, რადგან სულიწმიდის მოწეულ ნაყოფთაგან ერთერთი სწორედ სიხარულია. რადგანაც წინასწარმეტყველის სიტყვა მაცხოვარზე ამავე დროს ღმრთეებრივ ბუნებასა და განკაცების განგებულებასაც ეხება, ამიტომაც მიაპყრობს რა კვლავ მზერას ღმრთის კაცობრივ ბუნებას, ამბობს: შეიყუარე სიმართლე და მოიძულე უშჯულოებაჲ, ნაცვლად ამისა თუ დანარჩენი ადამიანები ხშირად შრომით, ჯაფით, ზრუნვით აღწევენ სიკეთის განწყობასა და ბოროტისაგან მოქცევას, შენ სიკეთესთან ბუნებრივი ნათესაობა გაქვს და უშჯულოება უცხოა შენთვის. თუკი მოვისურვებთ, ჩვენთვისაც როდია ძნელი შევიძინოთ სიყვარული სიმართლისა და სიძულვილი უშჯულოებისა, რადგანაც ღმერთმა გონიერ სულს მისდა სასარგებლოდ ყოველგვარი ძალა, - როგორც სიყვარულისა, ასევე სიძულვილისა მიანიჭა, რათა გონებით წარმართულებმა შევიყვაროთ სათნოება და ბოროტება მოვიძულოთ, არის ხომ შემთხვევა, როცა სიძულვილის გამოჩენა საქებიცაა: ანუ არა მოძულენი შენნი, უფალო, მოვიძულენ და მტერთა შენთა ზედა განვკფდი? სიძულვილითა სრულითა მოვიძულენ (ფს. 138,21-22). 9. მური და შტახსი და კასიაჲ სამოსელთაგან შენთა, ტაძართაგან პილოჲს ძუალისათა, რომელთა გახარეს შენ. ასულნი მეუფისანი პატივითა შენითა (8-9). წინასწარმეტყველის სიტყვა, წინასწარ და თანმიმდევრულად აღწერს რა განგებულების საქმეებს სულიწმიდის ნათლით, რომელმაც მას დაფარული გაუმჟღავნა, ბოლოს ვნებამდეც მიდის, რადგანაც ნათქვამია: მური და შტახსი და კასიაჲ სამოსელთაგან შენთა, მური რომ საფლავის სიმბოლოა, ამას ჩვენ იოანე მახარებელი გვასწავლის, როცა ამბობს, რომ იოსებ არიმათიელმა დასაფლავებისას მური და ალოე გამოიყენა (ინ. 19,39). შტახსი კი მურის სახეა; სურნელოვანი ნივთიერების გამოწურვისას გამოყოფილი სითხე შტახსია, ხოლო დარჩენილ სქელ მასას მური ეწოდება. ამიტომაც კეთილსურნელება ქრისტესი მისი ტანჯვის მიზეზით იფრქვევა ვითარცა მური და ვითარცა შტახსი, რადგანაც იგი სამი დღისა და ღამის განმავლობაში უძრავად და უმოქმედოდ კი არ დარჩენილა, არამედ ჯოჯოხეთში შთახდა აღდგომის განგებულებისათვის, რათა ყოველივე რაც საჭირო იყო, აღესრულებინა. სურნელებას აფრქვევს კასიაც, რადგანაც კასია ფრიად თხელი და სურნელოვანი ქერქია, რომლითაც ხის ტანია დაფარული. შეიძლება ვიფიქროთ, რომ კასიას მოხსენიებით ფსალმუნმა ღრმააზროვნად და ბრძნულად მიგვითითა ჯვარზე ტანჯვაზე, რომელიც მან თავს იდო ყოველი ქმნილების სასიკეთოდ. ამიტომაც ხედავ მურს, რადგანაც იგი დაასაფლავეს, შტახსს, რადგანაც იგი ჯოჯოხეთში შთახდა (რამდენადაც ყველა წვეთი ქვემოთ მიექანება) და კასიას, იმ განგებულებისა გამო, რომელიც მან ჯვარზე ხორცით აღასრულა. ამისათვის, ამბობს წინასწარმეტყველი, გახარეს შენ ასულთა მეუფსათა პატივითა შენითა, მაგრამ ვინ უნდა იყვნენ ეს ასულნი თუ არა კეთილშობილი, დიადი და მეფური სულები? რაჟამს მათ ადამიანურობამდე დამდაბლებული ქრისტე შეიცნეს, ახარეს მას პატივითა მისითა, ადიდეს რა მისი ღმრთეებრიობა ჭეშმარიტი სარწმუნოებითა და სრულყოფილი სიყვარულით. ამ კეთილსურნელებაზე (ანუ იგავურ სიტყვასა და მოძღვრების გამართულობაზე) წინასწარმეტყველი ამბობს, რომ ისინი ძუნწად როდი იყვნენ წარმოდგენილნი ქრისტეს სამოსელში, არამედ განფენილნი მთელ შენობაში, რადგანაც ტაძრებში დიდ ნაგებობებს გულისხმობს, ხოლო იმით, რომ ისინი სპილოს ძვლისაგან იყვნენ ნაგებნი, როგორც ვფიქრობ, წინასწარმეტყველი სამყაროსადმი ქრისტეს სიყვარულის სიმდიდრეს გვაჩვენებს. დადგა დედოფალი მარჯუენით შენსა, სამოსლითა ოქროქსოვილითა შემკულ და შემოსილ პირად-პირადად (9). ამჯერად წინასწარმეტყველი უკვე ეკლესიაზე საუბრობს, რომლის შესახებაც ქება ქებათა გვატყობინებს, რომ ერთ არს ტრედი სრული (ქებ. 6,8) ქრისტესი, რომელიც კეთილი საქმეებით განთქმულებს ქრისტეს მარჯვნივ მიიღებს და მათ ვითარცა მწყემსი ცხოვარს თხისაგან, უკეთურთაგან გამოარჩევს. ამგვარად წარდგება დედოფალი, ე.ი. უცოდველი სული, სიძე-სიტყვასთან შეუღლებული და ნაზიარები ქრისტეს სამეფოსთან, წარდგება მარჯვენით მაცხოვრისა სამოსლითა ოქროქსოვილითა ანუ სულიერი მოძღვრებების მრავალფეროვანი ქსოვილით დიდებულად და წმინდად მოკაზმული. რამდენადაც დოგმატები ერთგვარნი როდია, არამედ ნაირ-ნაირი და მრავალსახოვანი, თავის თავში მოიცავენ რა ზნეობრივ, ბუნებისმეტყველურსა და დაფარულ სწავლებებს, ამიტომაც როგორც ფსალმუნი ამბობს ფერად-ფერადია სამოსელი პატარძალისა. 10. ისმინე, ასულო, და იხილე, და მოყავ ყური შენი, და დაივიწყე ერი შენი და სახლი მამისა შენისაჲ; და გულმან უთქუას მეუფესა სიკეთისა შენისაჲ, რამეთუ თჳთ თავადი არს უფალი ღმერთი შენი და თაყუანის-სცე მას (10-11). ეკლესიას მოსმენისა და მცნებათა აღსრულებისაკენ მოუწოდებს და მოიხსენიებს რა მას ასულად, ამ სახელწოდებით იახლოვებს და სიყვარულით თითქოსდა ასულის უფლებას ანიჭებს. ისმინე ასულო და იხილე. სიტყვით იხილე ასწავლის მას, ჰქონდეს, ჭვრეტისათვის გაწვრთნილი გონება მიმართავს: შეიცანი ქმნილება და მასში დასანახი წესრიგის დახმარებით შემოქმედის ჭვრეტამდე ამგვარად ამაღლდი. შემდეგ: იმორჩილებს რა მისი სიამაყის მაღალ ქედს, ეუბნება: მოყავ ყური შენი. გარეშე თქმულებებს ნუკი მივარდები, არამედ თავმდაბლური სიტყვა სახარების მოძღვრებისა შეიწყნარე. მოყავ ყური შენი მისით ნაქადაგები მოძღვრებისადმი, რათა უკეთური ადათები და მამების სწავლანი დაივიწყო. იმიტომაც დაივიწყე ერი შენი და სახლი მამისა შენისაჲ, რომ ყველა, რომელმან ქმნის ცოდვაჲ, იგი ეშმაკისაგან არს (1 ინ. 3,8). განაგდე, ეუბნება, დემონური სწავლებანი, დაივიწყე მსხვერპლნი, ღამეული ფერხულები, არაკები, რომელნიც მრუშობისა და ყოველგვარი უწმინდურობისათვის აღაგზნებენ. ჩემი ასული იმიტომაც გიწოდე, რომ მოიძულო პირველი მამა, რომელმაც შენ დასაღუპად გშვა. დავიწყებით ხომ უკეთურ სწავლებათა ლაქებს წარიხოც და დაიბრუნებ რა შენს საკუთარ სილამაზეს, სიძისა და მეუფისათვის სასურველი აღმოჩნდები. იგი თავადი არს უფალი ღმერთი შენი და თაყუანის სცე მას. სიტყვებით იგი არს უფალი შენი წინასწარმეტყველი გვიჩვენებს, რომ მორჩილება აუცილებელია. მას ხომ ყველა ქმნილება ემორჩილება, რაჲთა სახელისა მიმართ იესო ქრისტესისა ყოველი მუჴლი მოდრკეს ზეცისათანი და ქუეყანისათანი და ქუესკნელთანი (ფილიპ. 2,10). და ასულმანცა ტჳროსისმან ძღუნითა; პირსა შენსა ლიტანიობდენ მდიდარნი ერისანი (12). როგორც ჩანს, ქანაანელთა ქვეყანაში კერპებს განსაკუთრებული ერთგულებით ემსახურებოდნენ, ხოლო ტვიროსი მთავარი ქალაქია ქანაანისა. ამიტომაც ფსალმუნი, როცა ეკლესიას მორჩილებისაკენ მოუწოდებს, ამბობს, რომ ოდესმე მასთან ტვიროსის ასულიც მივა ძღვენით და პირსა მისსა მდიდარნი ერისანი სცემენ თაყვანს ძღვენით. ის კი არ უთხრა: შენ გცემენო თაყვანს ძღვენით, არამედ პირსა შენსაო, რადგანაც ეკლესია კი არ იქნება თაყვანცემული, არამედ თავი ეკლესიისა ქრისტე, რომელსაც წმიდა წერილი პირს უწოდებს. 11. ყოველი დიდებაჲ ასულისა მეუფისა შინაგან, ფესუედითა ოქროვანითა შემკულ არს და შემოსილ პირად-პირადად. მიერთუნენ მეუფესა ქალწულნი (13-14). რამდენადაც იგი ძველ სწავლებათა ბიწიერებისაგან განიწმინდა, შეგონებას დაემორჩილა და დაივიწყა ერი თვისი და სახლი მამისა თვისისა, სულიწმიდა მის შესახებ მოგვითხრობს და ხედავს რა მის დაფარულ სიწმინდეს, ამბობს, რომ ყოველი დიდებაჲ ასულისა მეუფისა ანუ ქრისტეს სასძლოსი, რომელიც შვილის მდგომარეობის გამო მეუფის ასულად იქცა, შიგნითაა. ფსალმუნი გვარწმუნებს, შევაბიჯოთ ეკლესიის დიდების შინაგან საიდუმლოში, რადგანაც პატარძლის სილამაზე შინაგანია. იგი კეთილად ირთვება მამისათვის, რომელიც დაფარულსაც ხედავს (მათე 6,4), ლოცულობს და ყველაფერს აკეთებს არა იმისათვის, რომ ადამიანებს აჩვენოს, არამედ იმისათვის, რომ მხოლოდ ღმერთმა იხილოს; მას ყოველი დიდება შიგნით აქვს, ისევე როგორც ასულს მეუფისა. ამიტომაც ოქროვანნი ფოჩებიც, რომლითაც იგი პირად-პირადადაა შემოსილი, შიგნითაა. ნურაფერს მოძებნი გარეგნულ ოქროსა და სხეულებრივ მრავალფეროვნებაში, არამედ წარმოიდგინე შესამოსელი, რომელიც ღირსეულად ამკობს შემოქმედის ხატის მიხედვით შექმნილ ქმნილებას. როგორც მოციქული ამბობს: განიძარცუეთ ძუელი იგი კაცი და შეიმოსეთ ახალი იგი განახლებული მეცნიერებად მსგაგსად ხატისა მის დამბადებელისა მისისა (კოლას. 3,9-10). ვინც მოწყალებაჲ, შეწყნარებაჲ, სიტკბოებაჲ, სიმდაბლე, სიმშვიდე, სულგრძელებაჲ (იქვე, 12) შეიმოსა, იგი შინაგანადაა შემოსილი და მორთული სწორედ მისი შინაგანი კაცია. მოციქული პავლე გვირჩევს, რომ ქრისტე შევიმოსოთ არა გარეგნულად, არამედ ისე, რომ ჩვენი გონება ღმრთის ხსოვნამ დაფაროს. ვფიქრობ სულიერი სამოსელი მაშინ მოოქროვდება, როცა სამოძღვრებო სიტყვას მისი შესაფერისი საქმეც შეუერთდება. ისევე როგორც ქსელის დაწვნით სხეულის სამოსელი იქსოვება, ასევე როცა ნათქვამს მისი შესაფერისი საქმენი მოსდევს, მზადდება მშვენიერი სამოსელი სულისათვის, რომელიც სიტყვითაც და საქმითაც სრული სათნოებით ცხოვრობს. სამოსელზე შემოვლებული ფოჩებიც სულიერი აზრით უნდა გავიგოთ. ამიტომაც ეწოდებათ ოქროვანნი. რადგანაც სიტყვა საქმეზე ვრცელია, იგი თითქოს რაღაც ფოჩებს შეადგენს, რომელნიც მოქმედების ქსოვილიდან დაბლა ეშვებიან. უფლის სასძლოს ზოგიერთი სულიც მოსდევს, რომელთაც უცხო სწავლების თესლი არ მიიღეს. აცილებენ რა პატარძალს, ისინი მეუფეს წარუდგებიან. დაე, ისმინონ მათ, რომელთაც უფალს ქალწულების აღთქმა მისცეს, რომ მეუფესთან ქალწულები მივლენ, მაგრამ მხოლოდ ის ქალწულები, რომელნიც ეკლესიასთან არიან ახლო და მას მისდევენ და არა ისინი, რომელნიც ეკლესიური კეთილმოწესეობისაგან მიიქცნენ. მიგერთუნენ შენ (ქალწულნი) გალობითა და სიხარულითა და შეიყვანნენ იგინი ტაძარსა მეუფისასა (15) არა ისინი, რომელთაც ქალწულება იძულებით დაიცვეს და არცა ისინი, რომელთაც მწუხარებისა ან გარდუვალობის გამო შეიწყნარეს წმინდა ცხოვრება, არამედ ისინი მიერთმევიან მეუფესა და შევლენ არა რომელსამე ჩვეულებრივ სამყოფელში, არამედ ტაძარსა მეუფისასა, რომელნიც ამ წარმატების გალობითა და სიხარულით ტკბებიან. ამ წმინდა ჭურჭელთ, რომელნიც ადამიანურ მოთხოვნილებებს არ წაუბილწავს, წმიდათაწმიდაში შეიტანენ და მიეცემათ უფლება იმ ტაძარში შეღწევისა, სადაც უწმინდურთა ფერხნი ვერ შეაბიჯებენ. ხოლო თუ რამდენად მნიშვნელოვანია იქნე შეყვანილი ტაძარში მეუფისა, ამას წინასწარმეტყველი მაშინ გვაჩვენებს, როცა საკუთარი თავისთვის ევედრება და ამბობს: ერთი ვითხოვე უფლისაგან, ესევე ვითხოვო დამკჳდრებად ჩემდა სახლსა უფლისასა ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩემისათა, ხილვად ჩემდა შუენიერებაჲ უფლისაჲ და მოხილვად ტაძარი მისი (ფს. 26,4). 12. მამათა შენთა წილ იქმნეს შვილნი შენნი და დაადგინნე იგინი მთავრად ყოველსა ქუეყანასა ზედა (16). რამდენადაც ზემოთ ხალხისა და მამის სახლის დავიწყება ბრძანა, ახლა ჯილდოდ მორჩილებისა მამათა ნაცვლად იწყნარებს შვილებს, ოღონდ იმგვარი ღირსებებით შემკულთ, რომ ისინი მთავრებად დადგინდებიან ყოველსა ქვეყანასა ზედა. ვინ არიან ეს შვილები ეკლესიისა? ესენი არიან ძენი სახარებისა, რომელთაც მთელი დედამიწა დააპურეს, რადგანაც ნათქვამია: მთელ სამყაროში გაისმება ქადაგება მათი და: დასხდებიან ათორმეტთა სადართა განსჯად ათორმეტთა ტომთა ისრაელისათა (მთ. 19,28); ხოლო უკეთუ საპატარძლოს მამებს მამათმთავართა შორის ვიგულისხმებთ, ვერც მაშინ აუვლის გვერდს სიტყვა მოციქულებს, რადგანაც ეკლესიას მამათმთავართა ნაცვლად ქრისტესმიერი შვილები შეეძინა, რომელთაც აბრაამის საქმენი აღასრულეს და რომელნიც პატრიარქების თანაბარი პატივით სარგებლობენ იმგვარ საქმეთა ჩადენისათვის, რომელთა გამოც მამები დიდი პატივის ღირსნი შეიქმნენ. მართლაც რომ მთელი ქვეყნის მთავარნი არიან წმინდანები, რადგანაც სათნოება ახასიათებთ, ხოლო სათნოება თავისი ბუნების წყალობით ისევე ანიჭებს პირველობას მათ, როგორც იაკობს მისცა ძალაუფლება ესავზე, რადგანაც ნათქვამია: იყავ შენ უფალი ძმისა შენისა (დაბ. 27,29). ამიტომაც ისინი, რომელნიც პატივით მამებს გაუსწორდნენ და სათნოებაში ღვაწლით ყველას აღემატნენ, მართლაც შვილებია ქრისტეს საპატარძღაოსი და საკუთარი დედის მიერ ყოველსა ქვეყანასა ზედა მთავრებად არიან დადგენილნი, შეხედე, რა დიდია ძალაუფლება დედოფლისა, - ხელი დაასხას მთავრებს ყოველსა ქვეყანასა ზედა. მოვიჴსენო სახელი შენი ყოველსა შორის თესლსა და თესლსა; ამისთჳს ერთა აღგიარონ შენ უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე (17). ყოველივესათვის დასკვნის გასაკეთებლად ეს სიტყვები: მოვიჴსენო სახელი შენი ყოველსა შორის თესლსა და თესლსა თითქოს ეკლესიის პირითაა თქმული. რას ნიშნავს ეს ეკლესიის მიერ მოხსენიება? ეს არის აღმსარებლობა ხალხებისა. | ||
| ||
ნანახია: 1084 | | |
სულ კომენტარები: 0 | |