† წმ. ირინეოსის შრომებიწინა <----- დასაწყისში ----->შემდეგი ირინეოსის სამოღვაწეო დრომ და ადგილმა განაპირობა მისი დაუცხრომელი შერკინება მწვალებლობებთან. სწორედ ირინეოსმა მოგვცა გნოსტიკურ წვალებათა დაწვრილებითი ანალიზი და უარყოფა. სამწუხაროდ მისი მრავალრიცხოვანი შრომებიდან მხოლოდ ორი შემორჩა ჩვენამდე, თანაც ეს ორი შრომა სრული სახით მოღწეულია არა ორიგინალის ენაზე, ბერძნულზე, არამედ ლათინურად. I. უმთავრესი შრომა ირინეოსისა წოდებულია ასე: ”მხილება და დამხობა ცრუ ცოდნისა”. შემოკლებით ეს შრომა ცნობილია, როგორც ”წვალებათა წინააღმდეგ”. თავად სათაური ცხადყოფს, რომ ხსენებული შრომა ორ მიზანს ისახავს: (I) მწვალებლურ მოძღვრებათა არსის გამოაშკარავება, მათი შინაარსის წარმოჩენა და (II) მათი უარყოფა, მათი დამხობა. ირინეოსი განიხლვას იწყებს ვალენტინელთა მოძღვრების დეტალური გადმოცემით და მხოლოდ შემდეგ ეხება გნოსტიციზმის სათავეებს. იგი გვაუწყებს სიმონ მოგვისა და მენანდრეს შესახებ. შემდეგ მას მოაქვს ციტატები სხვადასხვა გნოსტიკური სკოლების წიინამძღვართა შრომებიდან ასეთი თანამიმდევრობით: სატორნილი, ბასილიდე, კარპოკრატე, კერინთუსი, ებიონიტები, ნიკოლაიტები, კედრონი, მარკიონი, ტატიანე და ენკრატიტები. ირინეოსი აღნიშნავს იმასაც, რომ მხოლოდ ეს სახელები არ ამოწურავს ჭეშმარიტების მოწინააღმდეგეთა სიას. ყოველივე ზემოთქმული შეადგენს ხსენებული შრომის პირველ წიგნს. დანარჩენი ოთხი წიგნი ეხება შემდეგ საკითხებს: II წიგნი არის უარყოფა ვალენტინელთა და მარკიონიტთა წვალებისა, არგუმენტირების გზით. III წიგნი უარყოფს იმავე მწვალებლობებს საეკლესიო ღვთისმეტყველებისა და საკუთრივ ქრისტოლოგიის გზით. IV წიგნიც მათვე უარყოფს მაცხოვრის სიტყვათა გზით. V წიგნი ეხება კონკრეტულად ხორციელ აღდგომას, რასაც უარყოფდა ყველა გნოსტიკოსი. დასასრულს, ირინეოსი საუბრობს მილენარიზმის შესახებ. ირინეოსის შრომის უმთავრესი წყაროები, ცხადია, არის თავად გნოსტიკოსთა შრომები, რომლებსაც დაწვრილებით აანალიზებს და ამხილებს იგი. მხილების ჟამს ირინეოსი ეყრდნობა წინარე საეკლესიო ანტიერეტიკულ ტრადიციას. ამ ტრადიციის უდიდესი ნაწილი დაკარგულია. ასეთებია, მაგალითად, ირინეოსის მიერ მითითებული ”პაპიას ჰიერაპოლელის სიტყვები”, ”მცირე აზიის მოხუცებულთა სიტყვები”. წმ. იუსტინეს შრომა ”მარკიონის წინააღმდეგ” და სხვა. მკვლევარი ფ. ლუფი ირინეოსის ერთ-ერთ უმთავრეს წყაროდ მიიჩნევს თეოფილე ანტიოქიელს, რომლის ანტიერეტიკული შრომები (”ჰერმოგენეს წინააღმდეგ” და ”მარკიონის წინააღმდეგ”) დაკარგულია. (ამ შრომათა სახელწოდებანი ჩვენთვის ცნობილია ევსები კესარიელისგან). რაც შეეხება თეოფილეს ჩვენამდე მოღწეული შრომის (”ავტოლიკესადმი”) მიმართებას წმ. ირინეოსის შრომასთან, თვით ფ. ლუფის აღიარებით მათ შორის არავითარი პარალელი არ მოიპოვება. წმ. ირინეოსის ხსენებული შრომა შემორჩენილია სრული ლათინური თარგმანით რამდენიმე ხელნაწერში. ცალკეულ მკვლევართა აზრით ეს თარგმანი შესრულებულია ჩრდილო აფრიკაში 370-420 წწ. ცნობილი მკვლევრის ჰუგო კოხის მტკიცებით ლათინური თარგმანი შესრულებულია 250 წ-მდე, რადგანაც მას იყენებს წმ. კვიპრიანე კართაგენელი. ზოგი მკვლევარი ხსენებულ თარგმანს დაახლ. 200 წლით ათარიღებს. ბერძნული ორიგინალის მრავალრიცხოვანი ფრაგმენტები გვხვდება წმ. იპოლიტე რომაელის (III ს.), ევსები კესარიელის (IV ს.) და, განსაკუთრებით, წმ. ეპიფანე კვიპრელის (IV ს.) შრომებში. ზოგი ფრაგმენტი შემონახულია პაპირუსის გრაგნილებში. ცნობილია ირინეოსის შრომის მეოთხე და მეხუთე წიგნების ზედმიწევნითი სომხური თარგმანი. სირიულად ცნობილია ხსენებული შრომის ოცდაცამეტი ფრაგმენტი. II. მეორე შრომა ირინეოსისა ასეთ სათაურს ატარებს: ”გაცხადება სამოციქულო სწავლებისა”. დიდი ხნის მანძილზე ცნობილი იყო ამ შრომის მხოლოდ სათაური (იხ. ევსები, საეკლ. ისტ. 5.26). 1904 წ. აღმოჩნდა ამ თხზულების სრული სომხური თარგმანი, რომელიც ტერმკრტიჩიანმა გამოაქვეყნა 1907 წ-ს. ეს შრომა აპოლოგეტური ხასიათისაა და შედგება ორი ნაწილისაგან. პირველი ნაწილი გადმოგვცემს ქრისტიანული სარწმუნოების არსს (თავები 4-42), ღვთისმეტყველებას ღვთის სამპიროვნების შესახებ, შესაქმის, ცოდვით დაცემის, მაცხოვრის განკაცებისა და გამოსყიდვის შესახებ. ამავე ნაწილში წარმოჩენილია ღვთის ზედამხედველობა კაცობრიობის ისტორიაზე ადამიდან იესუ ქრისტემდე. მეორე ნაწილი (42-97) მკითხველის წინაშე წარმოადგენს ძველი აღთქმის საწინასწარმეტყველო სიტყვებს, რომლებიც სწამებენ ქრისტესმიერ ჭეშმარიტებას. აი წმ. ირინეოსის შემაჯამებელი სიტყვები: ”თუკი წინასწარმეტყველებმა იწინაწარმეტყველეს, რომ ქვეყნად მოივლინებოდა ძე ღვთისა, თუკი მათ გვაუწყეს ისიც, ქვეყნის რომელ ადგილას, როგორ და რა სახით მოივლინებოდა იგი, თუკი მაცხოვარმა თვითვე აღასრულა ყველა ეს წინამოსწავება, მისდამი ჩვენი რწმენა ურყევ საფუძველზე დაეშენება და ჩვენეული სწავლების გადმოცემა მართებული უნდა იყოს, რაც ნიშნავს: მართებული უნდა იყოს ის, რაც სწამეს მოციქულებმა, რომლებიც უფლის მიერ მიმოიგზავნენ მთელ ქვეყანაზე, და რომლებმაც იქადაგეს, რომ მოვიდა ძე ღვთისა, რათა დაეთმინა მას ვნება, ხოლო ვნების დათმენით გაეუქმებინა სიკვდილი და გამოვესყიდეთ ჩვენ” (თავი 86). შრომის დასასრულს ირინეოსი მკითხველებს აწვევს რწმენასთან შეთანხმებული ცხოვრებისაკენ, თანაც განაკრძალებს მათ მწვალებლური უღვთოებისაგან. III. ირინეოსის სხვა შრომებიდან მოღწეულია მხოლოდ უმნიშვნელო ფრაგმენტები. ესენია: ა) ირინეოსის ეპისტოლე ფლორინუსისადმი ”ერთმთავრობის შესახებ ანუ იმის შესახებ, რომ ღმერთი არ არის მიზეზი ბოროტებისა”. ამ ეპისტოლის მოზრდილი ფრაგმენტი, როგორც აღვნიშნეთ, შემონახულია ევსები კესარიელთან (საეკლ. ისტ. 5.20,4-8). ბ) კვლავ ფლორინუსისადმი გაზავნილი შრომა ”ოგდოადის შესახებ”, რომლის ბოლო სიტყვები ციტირებულია იმავე ევსების მიერ (საეკლ. ისტ. 5.20,2). გ) ეპისტოლე, გაგზავნილი რომის მკვიდრი ბლასტუსისადმი, რომელიც ფლორინუსის მსგავსად მომხრე იყო ინოვაციებისა. ეს ეპისტოლე წოდებულია როგორც ”განხეთქილების შესახებ” (სათაური დამოწმებულია ევსების მიერ, საეკლ. ისტ. 5,20,1). დ) სირიულად შემორჩენილია ფრაგმენტი ირინეოსის ეპისტოლისა პაპი ვიქტორისადმი. ამ წერილში ირინეოსი ურჩევს პაპს, რომ წინ აღუდგეს ფლორინუსს და ხელი შეუშალოს მისი ნაწერების გავრცელებას. ე) ევსები გვაწვდის ფრაგმენტებს ირინეოსის წერილიდან პაპი ვიქტორისადმი აღდგომის დღის საკითხზე (საეკლ. ისტ. 5,23,3; 24. 11-17). ვ) ევსებისათვის ცნობილია, აგრეთვე, ირინეოსის შრომა ”შემეცნების შესახებ” და სხვადასხვა მსჯელობათა მოკლე წიგნი, სადაც დამოწმებულია ”ეპისტოლე ებრაელთა მიმართ" პავლე მოციქულისა და ”სიბრძნე სოლომონისა” (საეკლ. ისტ. 5.26). შესაძლოა ეს ”მოკლე წიგნი” გულისხმობდეს ქადაგებათა კრებულს.
| |
| |
ნანახია: 953 | | |
სულ კომენტარები: 0 | |