† წმიდა კირილე ალექსანდრიელი – პროკატექიზისი ანუ წინაგანსწავლა
წინა <----- დასაწყისში ----->შემდეგი
1. უკვე თქვენთანაა უსანატრელესი სურნელი, ჰოი ნათელღებადნო! უკვე აგროვებთ სულიერ ყვავილებს ზეციურ გვირგვინთა დასაწნავად; უკვე დაქროლა სულიწმინდის კეთილსურნელებამ; უკვე სამეუფო სასახლის წინკარს გარსშემოჯარულხართ; ჰოი, ნეტავ თვით მეუფე შემოგიძღვეთ. ეს-ესაა გამოჩნდა ყვავილი ხეთა, ჰოი, ნეტავ სრულიქმნას ნაყოფიც. უკვე იყო თქვენი სახელთა აღწერა,1 ლაშქრად მოწოდება, ლამპრები საქორწილო პროცესიისათვის, ზეციური მოქალაქობის გულისთქმა, კეთილი განზრახვა (πρόθεσις ἀγαθή) და სასოება თანამდევი, რადგან არ ცრუობს, ვინც ამბობს: "ღვთის მოყვარეებს ყოველივე შეეწევათ სიკეთეში" (რომ. 8.28). ღმერთი ხელგაშლილია ქველისსაქმეში, მაგრამ ელოდება თითოეულის გულწრფელ არჩევანს (τὴν γνησίαν προαίρεσιν), ამის გამო დაურთო მოციქულმა და თქვა: "რომელნიც განზრახვისამებრ (κατὰ πρόθεσιν) არიან ხმობილნი" (რომ. 8.28). წრფელმა განზრახვამ განაპირობა შენი მოხმობა, რადგან თუ სხეული აქ არის, სული კი - არა, ვერაფერს იხეირებ.
2. მიეახლა ოდესღაც საბანელს სიმონ მოგვიც, განიბანა (საქ. 8.13), მაგრამ არ განათლდა.2 სხეული დაიფარა წყლით, მაგრამ გული არ განათლდა სულიწმინდით.3 სხეული ჩავიდა და ამოვიდა (ინ. 5.4), მაგრამ სული არ თანადაეფლა, არც თანააღდგა ქრისტესთან (რომ. 6.4; კოლ. 2.12). მე ვასახელებ დაცემათა ნიმუშებს, რათა შენც არ დაეცე. ეს ყოველივე სახეობრივად შეემთხვათ მათ, ხოლო დაიწერა დღევანდლამდე მოღწეულთა დასამოძღვრად (I კორ. 10.11). ნურავინ თქვენგანი აღმოჩნდება გამომცდელი მადლისა, ნურავის შეაურვებს აღმოცენებული სიმწარის ფესვი (ებრ. 12.15), ნურავინ თქვენგანი შემოვა და იტყვის: "მოდი, ვიხილოთ რას აკეთებენ მორწმუნენი. შევალ და ვნახავ, რათა შევიმეცნო მომხდარნი". ნახვას იმედოვნებ, ხოლო რომ დაგინახავენ არ ფიქრობ? მიგაჩნია, რომ შენ გამოიძიებ მომხდარს, ხოლო ღმერთი არ გამოიძიებს შენს გულს?
3. იძიებდა ერთხელ ქორწილს, სახარების თანახმად, ერთი ვინმე (მთ. 22.12) და უღირსი სამოსით შემოსილი შევიდა, დაჯდა და ჭამა, რადგან მიუშვა სიძემ.4 მაგრამ როცა იხილა, რომ ყველა სპეტაკით იყო შემოსილი, მართებდა მასაც შეემოსა მსგავსივე სამოსი. თუმცა იხმევდა რა იმავე საზრდელს, განსხვავებული ჰქონდა სამოსიც და გულისზრახვაც. სიძე კი, მართალია მოწყალეა, მაგრამ, ამასთანავე, მართლმსაჯულიც. შემოიარა და მოიხილა მეინახეთაგან თითოეული (ხოლო ეძიებდა არა იმას, თუ რას ჭამენ, არამედ იმას, თუ რა მოსავთ) და იხილა ვიღაც უცხო, რომელსაც არ ჰქონდა საქორწილო სამოსი და უთხრა მას: "მოყვასო, როგორ შემოხვედი აქ"? (მთ. 22.12) რა იერსახით? რა სინდისით? ვთქვათ, მეკარემ არ დაგაბრკოლა მასპინძლის გულმოწყალების გამო, ვთქვათ, არ იცოდი, როგორი სამოსით არის საჭირო ნადიმზე შემოსვლა, როცა შემოხვედი და იხილე მეინახეთა ბრწყინვალე სამოსი, ნანახით მაინც არ უნდა გესწავლა? არ გმართებდა ჟამიერად შემოსვლა, რათა ჟამიერადვე გასულიყავი? ახლა კი უჟამოდ შემოხვედი, რომ უჟამოდ განვარდე". და უბრძანა მსახურებს: "შეუკარით მას ფეხები", რომელთაც კადნიერად შემოაბიჯეს, "შეუკარით მას ხელები", რომელთაც არ იციან ბრწყინვალე სამოსის შემოსვა, "და გააგდეთ იგი გარესკნელის ბნელში" (მთ. 22.12), რადგან არ არის ღირსი საქორწილო ლამპრებისა. ხედავ რა შეემთხვა მას? ეკრძალე საკუთარ თავს.
4. ხოლო ჩვენ, ქრისტეს მსახურნი, ვღებულობთ ყოველს და, ვართ რა მეკარენი, როგორც წესი, ღიას ვტოვებთ კარს. შეგიძლია შემოხვიდე შენც, ცოდვათაგან დაჭაობებული სული და შერყვნილი გულისზრახვა რომ გაქვს. ღირსი გახდი და შემოხვედი. შენი სახელი ჩაიწერა. ხედავ ეკლესიის ამ დიდებულ მოწყალებას? უმზერ წესრიგს და ცოდნას? წერილთა აღმოკითხვას, განწესებულთა ყოფნას,5 სწავლების თანმიმდევრულობას? ადგილისა გეშინოდეს და ჩენილთაგან განისწავლე. ჟამიერად გადი დღეს და ჟამიერადვე შემოდი ხვალ. თუკი სულის სამოსად ვერცხლისმოყვარეობა გაქვს, სხვაგვარად შემოსილი შემოდი. განიძარცვე სამოსი, რომელიც გაქვს, ნუ დაჰფარავ. განიძარცვე სიძვა და უწმინდურება და შეიმოსე სიწმინდის უბრწყინვალესი სამოსი. მე გაფრთხილებ მანამ, სანამ იესო, - სულთა სასიძო, შემოვა და სამოსს მოიხილავს. დრო დიდი განგესაზღვრა შენ, - ორმოცი დღე გაქვს სინანულისთვის.6 ხელსაყრელი ჟამი მრავლად გაქვს განმოსვის, განბანის, შემოსვისა და შემოსვლისათვის. თუ შეინარჩუნებ უკეთურ გულისზრახვას, მქადაგებელი უბრალოა, შენ კი ნუ ელოდები, რომ მადლს მოიხელთებ. წყალს მიიღებ, მაგრამ სულს ვერ მიიღებ. თუკი ვინმემ საკუთარ თავს იარა შენიშნა, სალბუნი დაიდოს. თუკი ვინმე დაეცა, წამოდგეს. ნუ იქნება თქვენ შორის "სიმონი", ნურც თვალთმაქცობა, ნურც ამაო ცნობისმოყვარეობა საქმისადმი.
5. შესაძლოა სხვა მიზეზითაც შემოხვიდე, შესაძლოა კაცმა ქალთან გაარშიყება განიზრახოს და ამიტომ მოვიდეს. ქალზეც შეიძლება იგივე ითქვას. ხშირად მონას ბატონის, ხოლო მეგობარს მეგობრის სათნოყოფა სურს. სამჭედურს ვიღებ და შეგიპყრობ შენ, მართალია უკეთური გულისზრახვით შემოსულს, მაგრამ კეთილი სასოებით გამოხსნილს. შეიძლება არ იცოდი სად მოდიოდი, ანაც რაგვარ მახეში გაებმეოდი. საეკლესიო ბადეში აღმოჩნდი, დანებდი, ნუ გაიქცევი, რადგან ქრისტემ მოგისათხევლა (შდრ. მათ. 13.47). არა იმისთვის, რომ მოგაკვდინოს, არამედ რათა მომკვდარი გაცხოვნოს. შენ უნდა მოკვდე და აღდგე. ხომ მოისმინე მოციქულის სიტყვები: "მკვდარნი ცოდვისთვის და ცოცხალნი სიმართლისათვის" (რომ. 6.11; I პეტ. 2.24). მოკვდი ცოდვისთვის და იცოცხლე სიმართლისთვის, იცოცხლე უკვე დღევანდელი დღიდან.
6. ხედავ, რაოდენი ღირსებანი მოგმადლა ქრისტემ? კათაკმეველი გეწოდა: გარეგნულად დაიმოძღვრე,7 სასოება გესმა და ვერ იხილე, საიდუმლონი გესმა და ვერ გულისხმაყავ, წერილი გესმა და ვერ ჩაწვდი სიღრმეს. აწ უკვე განისწავლები არა გარეგნულად, არამედ შინაგანად,8 რადგან შენში დამკვიდრებული სულიწმინდა (შდრ. რომ. 8.9; 8.11) ამიერიდან შენს გონებას საღვთო სახლად გარდაქმნის. როცა მოისმენ საიდუმლოთა შესახებ დაწერილს, მაშინ გულისხმაყოფ იმას, რაც არ იცოდი. ნუ გეგონება, რომ უმნიშვნელო რამეს ღებულობ, საწყალობელი კაცი ხარ და იღებ სახელს "ღმერთი". ისმინე, პავლე რას ამბობს: "სარწმუნოა ღმერთი" (I კორ. 1.9). ისმინე სხვა წერილის ნათქვამი: "ღმერთი სარწმუნოა და მართალი" (I ინ. 1.9). წინასწარ ჭვრეტდა ამას ფსალმუნთმგალობელიც (რომ ადამიანებს ღმერთები ეწოდებოდათ) და ღვთის პირისაგან ამბობდა: "მე ვთქვი: ყველანი ღმერთები ხართ და მაღლის ძეები" (ფს. 81.6). მაგრამ იხილე: ნუ [გექნება] წოდება მორწმუნისა, ხოლო გულისზრახვა ურწმუნოსი. შეხვედი რა ბრძოლაში, დაშვერი სარბიელზე, ასეთი დრო მეტი აღარ გექნება. შენი ქორწილის დღეები რომ ახლოვდებოდეს, არ მოიძაგებ ყოველივეს და ნადიმის მომზადებისთვის არ იზრუნებ? ხოლო მოგელის რა სულის შეწირვა ზეციური სასიძოსთვის, არ მიატოვებ ხორციელთ, რომ მოიხვეჭო (ἄρῃς) სულიერნი?
7. ორჯერ და სამჯერ არ არის ნებადართული ნათლისღება. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა თქმა: ერთგზის ვერ ვისარგებლე, მაგრამ მეორეჯერ წარვემართები. თუ ერთგზის ვერ წარემართე, მდგომარეობა აღარ გამოსწორდება. რადგან "ერთია უფალი, ერთი სარწმუნოება, ერთი ნათლისღება" (ეფეს. 4.5), მხოლოდ ერეტიკოსები ინათლებიან მეორეგზის, რადგან პირველი არ იყო ნათლობა.
8. სხვას არაფერს ეძიებს თქვენგან ღმერთი, თუ არა კეთილ არჩევანს. ნუ იტყვი: როგორ აღიხოცებიან ცოდვანი ჩემნი? მე გეუბნები შენ: სურვილით და სარწმუნოებით. რა უნდა იყოს ამაზე მარტივი?9 მაგრამ თუკი ბაგეებით ამბობ, რომ გსურს, ხოლო გულით - არა, გულთმეცნიერია მსაჯული. დღეიდან განეშორე ყოველგვარ ბოროტ საქმეს. შენი ენა ნუ იტყვის უგვან სიტყვებს, შენი მზერა ნუ შესცოდავს, ნურც შენი გონება მოცდება უსარგებლოთათვის.
9. შენმა ფეხებმა დამოძღვრისკენ ისწრაფონ. შეფუცებანი მიიღე გულმოდგინებით, რადგან შებერვა იქნება თუ შეფუცება, შენი ცხონების საქმეებია. ცნობილია, რომ დაუმუშავებელი და ნაყალბევი ოქროსგან, რომელსაც მრავალგვარი ნივთიერება აქვს შერეული: სპილენძი, კალა, რკინა და ტყვია (შდრ. ეზეკ. 22.18), თუ ვეძიებთ მხოლოდ ოქრო გამოვაცალკევოთ, ოქროს ცეცხლის გარეშე არ ძალუძს გასუფთავება მინარევებისგან. სწორედ ასევე, სული ვერ გასუფთავდება შეფუცებათა გარეშე, რომელნიც საღვთონი არიან და საღვთო წერილთაგან გამოკრებულნი. შენი სახე დაიფარა, რომ გონება გათავისუფლდეს, რათა მზერის მიმოხეტებით გულიც მოხეტიალე არ გახდეს. თვალების დაფარვით ყურები არ დაბრკოლდებიან მიიღონ ის, რაც მაცხოვნებელია. როგორც ოქროს გამოდნობის საქმეში გამოცდილნი მცირე რამ ორღანოთა მეშვეობით ჰაერის ნაკადს ცეცხლს მიუპყრობენ, ქურაში დამალულ ოქროს ზოდს უბერავენ და იქ არსებული ალის აღგზნებით პოულობენ საძიებელს, ასევე შემფუცებელნი საღმრთო სულის მეშვეობით შთანერგავენ შიშს და, როგორც ქურაში, სხეულში აღაგზნებენ სულს. ილტვის მტერი დემონი, ხოლო რჩება მაცხოვარება, რჩება სასოება საუკუნო ცხოვრებისა და შედეგად ცოდვათაგან განწმენდილი სული ღებულობს გამოხსნას. მაშ, დავადგრეთ სასოებით, ძმანო, მივანდოთ საკუთარი თავი (καὶ δῶμεν ἑαυτους) და ვიმედოვნებდეთ, რომ ყოველთა ღმერთი ხედავს ჩვენს გულისზრახვას, განგვწმენდს ცოდვათაგან, კეთილ სასოებას მოგვმადლებს საქმეთადმი და მოგვცემს მაცხოვნებელ სინანულს. ღმერთმა მოგიხმო, შენ კი ხმობილი ხარ.
10. დაელოდე ქადაგებებს, თუნდაც დიდად განვავრცოთ მქადაგებლებმა. ნუ მოუძლურდება მაშინ შენი სული, რადგან საჭურველს ღებულობ მტრის მოქმედებათა წინააღმდეგ. საჭურველს ღებულობ ერესების, იუდეველთა, სამარიტელთა და წარმართთა წინააღმდეგ. მტერი მრავლად გყავს, ისრებიც ბლომად მოიმარაგე, რადგან მრავალს სტყორცნი. ამიტომ უნდა ისწავლო თუ როგორც მოწყლა ელინი, როგორ ეპაექრო ერეტიკოსს, იუდეველს თუ სამარიტელს. საჭურველი გამზადებულია, სულიწმინდის მახვილიც მზადაა (ეფეს. 6.17), ოდენ მარჯვენის გაწვდენაა საჭირო კეთილი არჩევანის მიერ, რომ უფლის ბრძოლაში ჩაება, რომ სძლიო წინააღმდგომთა ძალებს, რომ დაუმარცხებელი იყო ყოველგვარი ერეტიკული სწავლებისგან.
11. ამასაც გამცნებ შენ: ნათქვამნი დაისწავლე და საუკუნოდ დაიმარხე. ნუ გეგონება, რომ ჩვეულებითია ეს საუბრები. მართალია ისინიც კარგია და ღირსი რწმუნებისა, მაგრამ თუკი დღეს გამოვტოვებთ, ხვალ განვისწავლებით, ხოლო კვლავშობის საბანელის შესახებ თანმიმდევრულად გადმოცემული სწავლებები თუ უგულებელიყოფა დღეს, როდისღა ანაზღაურდება? წარმოიდგინე, რომ ჟამია ხეების დარგვისა, თუ არ ამოვთხრით და ამოვაღრმავებთ, სხვა დროს როდისღა შევძლებთ კარგად დარგვას იმისა, რაც ერთხელ ცუდად დაირგო? წარმოიდგინე, რომ ქადაგება არის ნაგებობა. თუ არ ამოვთხრით და საძირკველს არ ჩავყრით, თუ ხუროთმოძღვრების საკვრელებით თანმიმდევრობით არ შევაკავშირებთ სახლს, რომ ხვრელი რამ არ აღმოჩნდეს მასში, მაშინ ნაგებობაც ფუჭი იქნება და არც გაწეული შრომა იქნება სარგებლის მომტანი. არამედ საჭიროა ქვას ქვა მწყობრად მოსდევდეს და კუთხეს მიესადაგოს. მოვიკვეთოთ ჩვენგან რაც ზედმეტია და ასე აღვმართოთ სრულყოფილი ნაგებობა. ასე ვეზიდებით შენთვის ერთგვარ ცოდნის ქვებს. უნდა მოისმინო ცხოველი ღმერთის შესახებ, უნდა მოისმინო სამსჯავროს შესახებ, უნდა მოისმინო ქრისტეს შესახებ, უნდა მოისმინო აღდგომის შესახებ. თანმიმდევრულად სათქმელი მრავალია, აწ ფრაგმენტულად ნახსენები, საბოლოოდ კი ურთიერთკავშირში წარმოდგენილი. მაგრამ თუკი მათ ერთმანეთთან არ შეაერთებ და არ დაიხსომებ პირველთ და მეორეთ, მშენებელი ააშენებს, მაგრამ შენ უვარგისი შენობა შეგრჩება.
12. როცა ქადაგება წარმოითქმის, თუ კათაკმეველი შეგეკითხება, რა თქვესო მოძღვრებმა, ნურაფერს ეტყვი გარეშეს, რადგან საიდუმლოს და მომავალი საუკუნის სასოებას განდობთ. დაიმარხე საიდუმლო მისთვის, ვინც სასყიდელს მოგაგებს. არავინ გითხრას მაშინ: რა დაშავდება, მეც რომ ვისწავლო? სნეულებიც ითხოვენ ღვინოს, მაგრამ თუკი უჟამოდ მიეცემათ, გიჟდებიან და ორი ბოროტება ხდება: სნეულიც იღუპება და ექიმსაც სახელი უტყდება. ასევეა კათაკმეველიც. თუკი მორწმუნისგან რამეს მოისმენს, კათაკმეველიც გიჟდება, რადგან ვერ ხვდება, რა მოისმინა, აუშარდება საგანს და დასცინის იმას, რაც ითქვა, მორწმუნე კი განისჯება, როგორც მოღალატე. შენ უკვე ზღურბლთან დგახარ, ფრთხილად იყავი, ნუ ისაუბრებ. არა იმიტომ, რომ ნათქვამი ღირსი არ არის გამომჟღავნებისა, არამედ იმიტომ, რომ სასმენელი არ არის ღირსი მისი მოსმენისა. შენც კათაკმეველი იყავი უწინ, [ამიტომაც] არ გაუწყე წინამდებარენი. როცა გამოცდილებით სწავლებათა სიმაღლეს მისწვდები, მაშინ მიხვდები, რომ კათაკმეველები არ არიან ღირსნი მოსმენისა.
13. ერთი დედის ძენი დ ასულნი გახდით თქვენ, რომელნიც აღინუსხეთ. შეფუცებათა ჟამის უწინარეს, როდესაც შეხვალთ, თითოეულმა თქვენგანმა ის ილაპარაკოს, რაც ღვთისმოსაობის შესაბამისია. თუკი ვინმე თქვენგანი არ იმყოფება, მოიძიეთ. სუფრაზე თუ მოგიწევენ, თანაწვეულს არ დაელოდები? ძმა თუ გყავს, ძმისთვის კარგს არ მოიძიებ? ნუღარ გამოიკვლევ უსარგებლო საქმეებს. მაგალითად იმას, თუ რა მოხდა ქალაქად ან სოფლად, რას აკეთებს მეფე, ეპისკოპოსი, ან მღვდელი. ზეცას იმზირე, დროის ამ მომენტს ეს სჭირდება. "მოიცალეთ და გულისხმაყავთ, რამეთუ მე ვარ ღმერთი" (ფს. 45.11). თუ ნახავ მორწმუნეებს, რომლებიც უშფოთველად მსახურობენ, მათ აქვთ კრძალულება, იციან რაც მიიღეს და ფლობენ მადლს, შენ კი ჯერაც სასწორის პინაზე დგახარ, ან მიიღებ, ან ვერ მიიღებ. ნუ მიემსგავსები მათ, რომელნიც უზრუნველად არიან, არამედ შიშით აღივსე.
14. როცა შეფუცება აღესრულება, სანამ სხვა შეფუცებადნი მოვლენ, მამაკაცები მამაკაცებთან, ხოლო დედაკაცები დედაკაცებთან [დადგნენ]. ნოეს კიდობანს გავიხსენებ, რომელშიც იყვნენ ნოე და მისი ძეები, მისი ცოლი და მის ძეთა ცოლები (შესაქ. 7.7). თუმცა ერთი იყო კიდობანი და კარიც დახშული იყო, მაგრამ მოწესრიგებული იყო საქმენი. თუმცა დახშულია ეკლესია და თქვენ ყოველნი ხართ შიგნით, მაგრამ უნდა გაემიჯნოთ ერთურთს, მამაკაცები მამაკაცებთან [იყვნენ], დედაკაცები კი დედაკაცებთან, რომ გამოხსნის საფუძველი დაღუპვის მიზეზად არ იქცეს. თუნდაც საფუძველი კეთილი იყოს ერთმანეთთან ახლოს ჯდომისა, განშორებული უნდა იყოს ვნება. შემდეგ მამკაცებს, რომელნიც სხედან, უნდა ჰქონდეთ საჭირო წიგნი, ერთმა იკითხოს, მეორემ კი მოუსმინოს. თუკი არ არის წიგნი, ერთმა ილოცოს, მეორემ კი რამ სასარგებლო იუბნოს. ქალწულთა შეკრება, თავის მხრივ, ასე განეგოს: უხმოდ (ἡσυχῆ) იგალობონ ან იკითხონ, ისე რომ ბაგენი მეტყველებდნენ, მაგრამ არ ისმენდნენ სხვისი ყურები. "დედაკაცს ეკლესიაში საუბრის ნებას არ ვაძლევ" (I ტიმ. 2.12; I კორ. 14.34). ქორწინებულიც მსგავსადვე მოიქცეს: ილოცოს და ბაგეები ამოძრაოს, ხმას კი ნუ გამოსცემს (I მეფ. 1.13), რომ შემოვიდეს სამუელი, რომ შენმა უნაყოფო სულმა, რომლისაც შეისმინა ღმერთმა (რადგან სამუელი ასე განიმარტება10), დაბადოს ხსნა.
15. თითოეული მამკაცის მოშურნეობას შევამჩნევ და თითოეული დედაკაცის კეთილმსახურებას შევნიშნავ. აღენთოს გონება კეთილმსახურებით, გამოიწრთოს სული, განიდევნოს ურწმუნოების სისასტიკე, გაიფანტოს რკინის ჭარბი ქერცლი11 და დარჩეს რაც წმინდაა, განიბნიოს რკინის ჟანგი და დარჩეს რაც ნამდვილია. როცა გაჩვენებთ ღმერთი იმ ღამეს, რომლის ბნელიც დღესავით ნათელია12 და რომლის შესახებაც თქმულია: "ბნელი არ დაბნელდება შენ მიერ და დღესავით განათდება ღამე" (ფს. 138.12),მაშინ თითოეულ თქვენგანს, მამაკაცს თუ დედაკაცს, გაეღება სამოთხის კარი, მაშინ გაიხარებთ ქრისტეშემოსილი, კეთილსურნელოვანი წყლებით, მაშინ მიიღებთ ქრისტეს სახელს და საღმრთო საქმეთა აღსრულების ძალას. აწ გონების თვალნი ზეაღაპყრეთ და წარმოიდგინეთ ანგელოზთა გუნდი, ყოველთა მეუფე ღმერთი მჯდომარე, მხოლოდშობილი ძე მარჯვენით თანამჯდომი და სული თანამყოფი, საყდარნი და უფლებანი მომსახურენი და თითოეული თქვენგანი, მამაკაცი თუ დედაკაცი, გამოხსნილი. ახლა თქვენი ყურები თითქოს ქადაგებას ისმენენ, გწყუროდეს ის მშვენიერი ხმა, როცა თქვენთვის, გამოხსნილთათვის, იტყვიან ანგელოზნი: "ნეტარნი არიან, რომელთაც მიეტევათ ურჯულოებანი და რომელთაც დაეფარათ ცოდვანი" (ფს. 32.1). როცა, როგორც ვარსკვლავნი ეკლესიისა, შემოხვალთ ხორცით გაბრწყინებულნი და სულით განათლებულნი.
16. დიდია წინამდებარე ნათლისღება: გამოხსნა დატყვევებულთა, მოტევება ცოდვათა, სიკვდილი ცოდვისა, კვლავშობა სულისა, სამოსელი ნათლისა, ბეჭედი წმინდა და აღუტეხელი, ეტლი ზეცისა, განცხრომა სამოთხისა, შუამავალი სასუფევლისა, ნიჭი ძეობილობისა. მაგრამ ვეშაპი13 გზის სიახლოვეს უდარაჯებს მოსიარულეთ. გაფრთხილდი, არ დაიგესლო ურწმუნოებით. ხედავს ამდენ გამოხსნილს "და ეძებს თუ ვინ შთანთქას" (I პეტ. 5.8). სულთა მამისკენ (ებრ. 12.9) მიეშურები, მაგრამ იმ ვეშაპს უნდა ჩაუარო გვერდით. როგორ აუქცევ მას? "ფეხზე შეისხი მზადყოფნა სახარების მშვიდობისა" (ეფეს. 6.15), რომ არ დაზიანდე, თუ დაიგესლები; გქონდეს შთამკვიდრებული რწმენა, მტკიცე იმედი, გამძლე ფეხსამოსი, რომ მტერს აუქციო და მეუფესთან მიხვიდე. გული მოამზადე სწავლების მისაღებად, წმინდა საიდუმლოებებთან საზიარებლად. ილოცე ხშირად, რომ ღმერთმა ღირსი გაგხადოს ზეციურ და უკვდავ საიდუმლოთა. ნურც დღისით იუქმებ და ნურც ღამით, არამედ როცა შენს თვალებს ძილი დაეცემა, მაშინ გონებამ ლოცვისთვის მოიცალოს. ხოლო თუ იხილავ სამარცხვინო გულისთქმას, გონებაში შემოსულს, გაიხსენე სამსჯავრო - მიმანიშნებელი გამოხსნისა. გონება სწავლისთვის გაათავისუფლე, რომ ფუჭი საქმეები დაივიწყოს. ვინმემ შესაძლოა გითხრას: წყალში ჩასასვლელად მოხვედი? განა ქალაქში არ იყო აბანო? იცოდე, რომ ზღვის ვეშაპი (ეს. 28.1) გიწყობს ამას. უცქირე არა მოსაუბრის ბაგეებს, არამედ მოქმედ ღმერთს. დაიცავი საკუთარი სული, რათა იყოს მოუხელთებელი, დაადგრეს სასოებით და გახდეს მკვიდრი საუკუნო გამოხსნისა.
17. ჩვენ ამას გახარებთ და გასწავლით, როგორც ადამიანები. ნუ აღმართავთ თქვენს ნაგებობას თივით, ლერწმითა და ნამჯით, რათა არ დავზარალდეთ, საქმე რომ აღეგზნება. არამედ ვიქმოდეთ საქმეს - ოქროს, ვერცხლს და პატიოსან თვლებს (I კორ. 3.12,15). ჩემი თქმა, შენი - შემატება, ხოლო ღვთისა - გასრულება. გონება მოვიკრიბოთ, სული გავიმხნევოთ, გული გავამზადოთ, სულისთვის ვრბით, წარუვალ საქმეებს ვსასოებთ. ძალუძს ღმერთს, რომელიც ხედავს თქვენს გულებს და იცის, თუ ვინაა ერთგული და ვინ - ორგული, ერთგულის დაცვა და ორგულის მორწმუნედ გარდაქმნა. ხელეწიფება ღმერთს ურწმუნოს მორწმუნედ ქცევაც, თუ ოდენ გულს გაუხსნის ეს უკანასკნელი, თქვენი ცოდვათა ხელითწერილის აღხოცვაც (კოლ 2.14) და უწინდელ შეცოდებათა მოტევების მომადლებაც. დაგნერგოთ ნეტავ თქვენ ეკლესიაში, აღგრაცხოთ თავის მოლაშქრეთა შორის, შეგმოსოთ სიმართლის საჭურველი, აგავსოთ ახალი აღთქმის ზეციური საქმეებით და მოგცეთ საუკუნოდ წარუხოცელი ბეჭედი სულისა წმინდისა ჩვენს უფალ იესო ქრისტეში, რომლისაც არის დიდება უკუნითი-უკუნისამდე, ამინ.
შენიშვნები
1 - კათაკმეველთა სახელების აღწერას იერუსალიმური საღვთისმსახურო პრაქტიკის ამსახველი X საუკუნის ქართული ხელნაწერი კურთხევანი Sin.12-ც მიუთითებს. შდრ. "შემდდგომად ლოცვისა აღადგინოს იგი მღდელმან და მიიყვანოს სადა იგი აღწერნინ სახელნი კათაკუმეველთანი და დაწეროს სახელი მისი" (105r).
2 - შდრ. Gr: ἐβαπτίσθη, ἀλλ' οὐκ ἐφωτίσθη. ორივე ბერძნული ტერმინი (τὸ βάπτισμα და ὁ φώτισμος) ნათლისღების საიდუმლოს აღსანიშნავად გამოიყენება. პირველი ხსენებული საიდუმლოს გარეგნულ მხარეზე მიუთითებს, რადგან ნათლისღება მოსანათლის წყალში სამგზის შთაფვლით აღესრულება, βάπτισμα-ს ამოსავალი მნიშვნელობა კი სწორედ ესაა: წყალში ჩაფვლა, ჩაყურყუმალავება. ხოლო მეორე საიდუმლოს უხილავ მხარეზე ამახვილებს ყურადღებას, რაც მონათლულის სულში საღვთო ნათლის შემოსვლას გულისხმობს (ὁ φώτισμος - ნათება, ელვარება). სიმონ მოგვმა, როგორც აღნიშნულია, მხოლოდ გარეგნულად ნათელიღო, მისი შინაგანი კაცი კი არ განათლდა სულიწმინდის მადლით.
3 - შდრ. Gr: τὴν δὲ καρδίαν οὐκ ἐφώτισε Πνεύματι..
4 - შდრ. Gr: συνεχώρησε γὰρ ὁ νυμφίος. ზოგიერთ ბერძნულ ნუსხაში იკითხება არა νυμφίος (სიძე), არამედ θυρωρός (მეკარე). იხ. პგ. 33, სვ. 335. შენ. 6. ქადაგების ამ მონაკვეთის (იხ. აბზ. 4) კონტექსტიდან გამომდინარე შესაძლოა ეს წაკითხვა იყოს მართებული.
5 - შდრ. Gr: κανονικῶν παρουσίαν. აქ იგულისხმება ეკლესიის სმახურთა მთელი კრებული, რომელსაც, ფართო გაგებით, შეადგენენ არა მხოლოდ სამღვდელო იერარქიის წარმომადგენელნი, ეპისკოპოსი, მღვდლები და დიაკვნები, არამედ, აგრეთვე, წიგნის მკითხველნი, მგალობელნი, მნათენი, დედათდიაკონნი, ანუ ყველა ისინი, რომელნიც საეკლესიო განწესების, საეკლესიო კანონის ქვეშ არიან.
6 - იგულისხმება წმინდა დიდი მარხვა, რომელიც ორმოცი დღის განმავლობაში გრძელდებოდა და რომლის განმავლობაშიც ნათელღებადნი ნათლობისათვის ემზადებოდნენ. ნათლისღების საიდუმლო, როგორც ცნობილია, ქრისტიანული ღვთისმსახურების ადრეულ ეტაპზე დიდმარხვის დასასრულს, დიდი შაბათის დღეს აღესრულებოდა.
7 - შდრ. Gr: θπἔξωθεν περιηχούμενος. Ru: быв оглашаем отвне.
8 - შდრ. Gr: οὐκ ἔτι περιηχῇ, ἀλλ' ἐνηχῇ. აქ საუბარია იმაზე, რომ ნათელღებადნი ამიერიდან არა უბრალოდ მოისმენენ სწავლებებს საიდუმლოთა შესახებ, არამედ ეს საიდუმლონი თვით მათში ამოქმედდება და სულიწმინდის მადლით იქნებიან განსწავლულნი.
9 - შდრ. Gr: συντομώτερον, "უფრო მოკლე".
10 - სახელი სამუელი ებრაულად "ღვთისაგან გამოთხოვილს" ნიშნავს. შდრ. I მფ. 1.20.
11 - შდრ. Gr: αἱ περισσαὶ τοῦ σιδήρου λεπίδες. ბერძნული λεπίδες (nom. λεπίς) ნიშნავს "ქერცლს", "ქერეჭს", "ნაქურცენს", "ნაჭუჭს", "ჩენჩოს". შდრ. საქ. 9.18: καὶ εὐθέως ἀπέπεσαν αὐτοῦ ἀπὸ τῶν ὀφθαλμῶν ὡς λεπίδες, ἀνέβλεψέν τε καὶ ἀναστὰς ἐβαπτίσθη, "და მყის გარდამოვარდეს თუალთაგან მისთა ვითარცა ნაქურცენნი და მეყსეულად აღიხილა და აღდგა და ნათელ-იღო".
12 - იგულისხმება აღდგომის ღამისთევის მსახურება, როცა ანთებულ სანთელთა და ლამპართა ელვარება დღესავით ანათებდა ტაძარს. შდრ. წმ. გრიგოლ ნოსელი: "ნათელია ეს ღამე. ლამპართა ელვარებას განთიადის მზის სხივები თანაშეერთვის და ამ ერთობის მიერ ერთ დღედ ქცეული არ დაკნინდება სიბნელის მატებით" (იხ. PG. ტ. 33. col. 358, შენ. 7). ნათლისღების საიდუმლო, როგორც ცნობილია, დიდი შაბათის მწუხრზე აღესრულებოდა, მწუხრის შემდგომი კი, ვნების შვიდეულის ღვთისმსახურებათა სადღეღამისო ციკლში, აღდგომის ღამისთევის მსახურებაა. შესაბამისად, ახალნათელღებულნი სწორედ სააღდგომო მსახურებაში იღებდნენ მონაწილეობას, რაც მათთვის სასუფევლის ბჭეთა განღების სიმბოლურ წინამოსწავებას წარმოადგენდა.
13 - შდრ. Gr: δράκων, რომლის ერთ-ერთი ძველქართულ შესატყვისად სწორედ "ვეშაპი" გვხვდება. შდრ. ფს. 90.13: "დასთრგუნო შენ ლომი და ვეშაპი", "καταπατήσεις λέοντα καὶ δράκοντα". იხ. ძველი ქართული საეკლესიო ლიტერატურა, ძეგლები თარგმნა, გამოსაცემად მოამზადა და სქოლიოები დაურთო ედიშერ ჭელიძემ, I, თბ. 2005, გვ. 67-69.
ძველი ბერძნულიდან თარგმნა გიორგი ჯულაყიძემ
ჟურნალი "გული გონიერი", №3, 2011 წ.
|