ღირსი ნილოს სორელი - ლოცვანი ღმრთისა დედისადმი შვიდეულისა დღეთანი

ღირსი ნილოს სორელი
ლოცვანი ღმრთისა დედისადმი შვიდეულისა დღეთანი

 

ორშაბათსა


შეგინებულთაგან ბაგეთა მიითვალე ვედრებაჲ, ჰოჲ შეუგინებელო, წმიდაო და ყოვლადწმიდაო ქალწულო ღმრთისა დედაო, და ნუ მოიძაგებ სიტყუათა ჩემთა, ჰოჲ სიხარულო ჩემო, არამედ მოიხილე ჩემზედა და შემიწყალე მე, დედაო შემოქმედისა ჩემისაო. დღეთა ცხორებისა ჩემისათა ნუ დამაგდებ მე, რამეთუ უწყი, დედუფალო, ვითარმედ შენზედა დამიძს ყოველი სასოებაჲ ჩემი. მითვე ჟამსა სულისა ჩემისა განსლვისასა წარმომიდეგ მე, შემწეო ჩემო, სიხარულო და სიტკბოებაო ჩემო: ნუ დამიტევებ მე მას ჟამსა შინა, სასოებაო ჩემო, და ნუ მარცხუენ მე. ვუწყი, ქალწულო, ვითარმედ მრავლისა ცოდვისა თანამდებ ვარ მე, საბრალობელი, და ვთრთი, მზრახველი ჟამისა მისთვის; მაშინ წარმომიდეგ, სიხარულო ჩემო, და ღირს-მყავ წყალობისა შენისა, შუამდგომელო ცხორებისა ჩემისაო; მიხსენ მე, დედუფალო, სასტიკთაგან ეშმაკთა და საშინელისა და მრისხანისა გამოცდისაგან ჰაერისმცუელთასა, და გაბოროტებისაგან მათისა განმარინე. და ყოველი მწუხარება და ურვაჲ სიხარულად გარდასცუალე მოხედვითა შენითა და ღირს-მყავ უვნებელად განვლად შორის მთავრობათა და ხელმწიფებათა წყუდიადისათა, და მიწევნად თაყუანისსაცემად საყდარსა დიდებისათა მჯდომარისა ქრისტესა და ღმრთისა ჩუენისასა, თანადაუსაბამოჲთ მამით მისით და ყოვლადწმიდით სულითურთ უკუნისამდე. ამინ.

 

სამშაბათსა


ჰოჲ ყოვლადწმიდაო დედუფალო ჩემო ღმრთისმშობელო, ანგელოსთა და მთავარანგელოსთა, ქერაბინთა და სერაბინთა უპატიოსნესო და ყოველთა წმიდათა ყოვლადუწმიდესო, ქალწულო ღმრთისა დედაო! მიხსენ მე მდაბალი და ცოდვილი მონაჲ შენი: შენ უწყი, ყოვლადმოწყალეო დედუფალო, რამეთუ ყოველი სასოებაჲ ჩემი შემდგომად ღმრთისა შენზედა დამიძს, და არა მაქუს სადა თავი მივიდრიკო, გარნა შენდამი, სახიერო. შენ ხარ სიმტკიცე ჩემი, დედუფალო, შენვე ხარ ძალი ჩემი, შენ სიხარული ჩემი მწუხარებათა შინა, შენ ნავთსაყუდელი ჩემი შორის განსაცდელთა, შენ აღდგომაჲ ჩემი შემდგომად დაცემისა, შენვე ხსნაჲ ჩემი ყოვლადსასოებაო, ჰოჲ დედაო დამბადებელისა და უფლისა ჩემისაო! შემწე მეყავ ცხოვრებისა ზღვასა ზედა მავალსა, ღელვაგუემულსა და ძვირხილულსა დანთქმისაგან ცოდვათასა. მეც მე ხელი შეწევნისა, შემწეო ჩემო, და მიხსენ მე უყეთაგან სიღრმეთასა, რაჲთა არა დანთქმულ ვიქმნე უფსკრულსა სასოწარკვეთილებისასა: ალმური ცოდვათა და ვნებათა აღდგომილ-არს ჩემზედა, და ტალღები უსჯულოებათა დამნთქავს მე. გარნა შენ, მოწყალეო დედაო, უვნებელობისა ლიმენასა წარმიძეღუ და მიხსენ მე, უსასოთა სასოო და შუამდგომელო ცხორებისა ჩემისაო. ამინ.

 

ოთხშაბათსა


ღმრთისმშობელო, შენ ხარ სასოებაჲ ჩემი, შენ ხარ ზღუდეჲ ჩემი და კეთილიმედოვანი ნავთსაყუდელი და მისალტოლველი მაცხოვარებითი, ვნებათა მოხელებისაგან დამაშურალისათვის. მიხსენ მე ყოველთა მტერთა ჩემთაგან, რომელნი ეძიებენ სულსა ჩემსა და შეიპყრობენ მრავალთა საცთურთაგან: გზასა მას, რომელსაცა ვალ, მრავალნი მანქანებანი დაფარულ არიან; მრავალფერნი საცთურნი, ფრიად საძნელონი, მრავალჯერ-მრავალნი ხიბლნი. ფრიადნი უძლურებანი, სულიერნი და ხორციელნი, შემიპყრობენ მე დაცემად ცოდვათა შინა. აწ უკუე, საბრალობელი, შეპყრობილ-ვარ მახეთაგან მტერისათა, შეკრულ-ვარ და ვუპყრიე მით: და რაჲ ვქნა, უსასომან, არა უწყი. უკუეთუ განვიზრახო სინანული, უგრძნობელობასა და განძჳნებასა მოუცავ მე; ხოლო ოდეს ტირილად აღვიძვრი, შემუსვრილებაჲ გულისა არა მაქუს და არცა ცრემლი. ვაჲ, საწყალობელობასა ჩემსა! ვაჲ სიგლახაკესა ჩემსა! ვაჲ მოკლებულობასა ჩემსა! ვისდამი მივივლტოდე, ბრალეული ესე? შენდამი მხოლო, კეთილმოწლეო დედაო უფლისა და მაცხოვრისა ჩუენისაო, უსასოთა სასოო, ზღუდეო და საფარველო შენდამი მოლტოლვილთაო! ნუ განმაგდებ უკუე შეგინებულსა ამას: შენ მხოლოჲ მომიგიე ცხორებასა ჩემსა ნუგეშინის-ცემად, ღმრთისმშობელო მარიამ ქალწულო, და შენდამი მხოლოჲსა მოვივლტი კადნიერებით ყოველსა საჭიროებასა შინა: ნუ დამაგდებ მე ცხორებასა ამას და ჟამსა სიკუდილისა ჩემისასა, თანაზიარ-მექმენ შემწედ, ხელისაღმპყრობელო ჩემო, რათა გიხილონ შენ ყოველთა მტერთა ჩემთა და ჰრცხუენოდენ, შენგნით ძლეულთა, დედუფალო, შუამდგომელო ცხორებისა ჩემისაო. ამინ.

 

ხუთშაბათსა


ვინ შეუძლოს ღირსად ვედრებად შენდამი, ყოვლადწმიდაო ქალწულო, ვისთა ბაგეთა ძალუძთ ქებად დიდებულებისა შენისა, ზეაღმატებულისა ყოვლისა აზრისა? შენზედა აღსრულებული ყოვლადდიდებული საიდუმლოება ყოველი, ღმრთისმშობელო, ჰმატს აზრსა და სიტყუასა; ქალწულებისა შენისა შუენიერებასა და ყოვლადნათელსა სიწმიდესა შენსა ზედა განცჳფრდებიან ქერაბინნი და შეძრწუნდებიან სერაბინნი; უხრწნელისა შობისა შენისა საკჳრველებისა გამოთქუმად ვერ ძალუძს ვერცა კაცობრივსა, ვერცაღა ანგელოსურსა ენასა. შენგან სამე უჟამო და მხოლოდშობილი ძე ღმრთისა, ღმერთი სიტყუა, გამოუთქმელად განკაცნა, იშუა და კაცთა შორის იქცეოდა და შენ, ვითარცა დედაჲ თჳსი, ფრიად დიდებულ-გყო, შენ დედუფალი ყოვლისა ქმნილებისა წინაშე წარგადგინა, ხოლო ჩუენ ნამდჳლ-უეჭველად ცხორებისა ნავთსაყუდელად გუექმენ. მით ყოველნი ქუეშე საგრილსა ფრთეთა შენთასა მოლტოლვილნი, მრავალფერითა მწუხარებითა და სნეულებითა შეპყრობილნი, შენ მიერ მდიდრად მიიღებენ ნუგეშინის-ცემასა და კურნებასა და შენ მიერ უბედურებათაგან დახსნილ-იქმნებიან: რამეთუ შენ ხარ ჭეშმარიტად დედა ყოველთა მწუხარეთა და ტჳრთმძიმეთა, სიხარული ურვეულთა, მკურნალი სნეულთა, მფარველი ჭაბუკთა, კუერთხი სიბერისა, შესხმაჲ მართალთა, სასოება ცოდვილთა ცხორებისა და სინანულად მომყვანებელი: რამეთუ ყოველთა შეეწევი შუამდგომელობითა შენითა და მეოხ ხარ ყოველთათჳს, სახიერო, შენდამი სარწმუნოებითა და სიყვარულით მოლტოლვილთა. შენ მეცა შეწევნისა ხელი აღმიპყარ, უსასო-ქმნილსა, საქმეთა ჩემთა გამო, მხურვალეო მეოხო ნათესავისა ქრისტეანეთასა; შუამდგომელ-მექმენ, რაჲთა არა სრულიად წარვსწყმდე ცოდუათა შინა ჩემთა, რამეთუ სხუაჲ არავინ მივის მისალტოლველად და საფარველად, გარეშე შენსა, დედუფალო დედაო ცხორებისაო; ნუ დამიტევებ უკუე და ნუ დამაგდებ მე, არამედ ვითარცა უწყი მითვე მაცხოვნე მე, ვინაჲდგან კურთხეულ ხარ შენ უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

 

პარასკევსა


შენდა შემოვედრებულ-ვჰყოფ ცხორებასა ჩემსა და ღმრთისა მიერ ყოველი სასოებაჲ ჩემი შენზედა დამიძს, დედუფალო ქალწულო ღმრთისა დედაო. გევედრები შენ, მონაჲ შენი, ნუ უგულვებელს-მყოფ მე მრავალთა შეცოდებათა ჩემთა გამო, არამედ იხილე მწუხარებაჲ ჩემი ამას ზედა და უღონოებაჲ, და მეც მე ლხინება და ნუგეშინის-ცემაჲ, რაჲთა არა სრულიად წარვსწყმდე, განართხ მარჯუენე შენი, წმიდაო, აღმომიყვანე მე უყეთაგან საქმეთა ჩემთასა და დამადგინე მე ადგილსა წმინდასა მწვანვილოვანსა მცნებათა ქრისტესთა, მეუფისა და ღმრთისა ჩემისა, რაჲთა ვჰყოფდე მარადის, განძლიერებული შენ მიერ. ცოდვათაგან ჩემთა სასტიკთა მიხსენ მე, დედუფალო, და სინანული საცხორებელად გარდამომივლინე მე, ძისა და ღმრთისა შენისაგან დედობრივითა შუამდგომელობითა შენითა. გამოუთქმელისა სინათლისა აღმომაბრწყინვებელო, განანათლე წყუდიადი სულისა ჩემისა, ცოდვათა ჩემთა მიერ შემატებული. სიხარულო ჩემო, განმარინე მე უხილავთა მტერთაგან, რომელთა გარემოუცავ მე: ცოდვანი ჩემნი მრავალ და მძიმე არიან, მტერნი ჩემნი სასტიკ ფრიად, სიკუდილი ახლოს არს, სჳნიდისი მამხილებს მე, ცეცხლი გეჰენიისა მაკრთობს მე, მატლი დაუძინებელი, ღრჭენაჲ კბილთა, წყუდიადი ტარტაროზისა მაძრწოლებს მე, რამეთუ მოელიან მუნ მისვლასა ჩემსა, ჩემთა ბოროტთა საქმეთათჳს. ვაჲ მე! რაჲ ვჰქმნა მას ჟამსა და ვისა მივივლტოდე, რაჲთა დახსნილ-იქმნას სული ჩემი! შენ მხოლოჲსა, უტკბილესო მარიამ ღმრთისმშობელო, დამატკბობელო შენზედა მსასოებელთა ვაებასა სიკუდილისასა და გამომხსნელო შენთა მეძიებელთა მძჳნვარისაგან გეჰენიისა. შენ მეცა შემეწიე, სახიერო, რამეთუ არავინ მივის შემწე შენსა გარეშე, ყოვლადსაგალობელო. მიხსენ მე საშინელებათაგან სიკუდილისათა და სისასტიკეთაგან ეშმაკთასა, გამომიხსენ მე შემდგომად სიკუდილისა ხელმწიფებისაგან სულთა ბოროტთასა საზვერეთა შინა ჰაერისათა; გამომიცხადე მე, მას ჟამსა შინა, გამომიცხადე მე ყოვლადწმიდა სახე შენი, დედუფალო, და ნუ დამიტევებ მე შეუწევნელსა. ჰოჲ, გულმტკივნეულო დედაო! მოსდრკი მოწყალებად ჩემდა, განშიშულებულისა წყალობისაგან საქმეთა ჩემთა გამო, და ლმობიერ-ჰყავ ვედრებითა, ვინაცა ჰშევ ხორცითა, ქრისტე, მაცხოვარი და ღმერთი ჩუენი, ჩუენთვის ჯუარსა ზედა ყოვლადწმიდისა სისხლისა დამთხეველი, რაჲთა მეცა თანაზიარ-ვიქმნე მისთა ჯვრიანთა ნამსახურობათა წინაშე ღმრთისა მამისა მისისა, და მათთჳს მივიღო შენდობაჲ შეცოდებათა და ცხორება საუკუნო, და ვადიდო გამოუთქმელი მოწყალებაჲ შენი, ღმრთისმშობელო, და მოწყალებიანი შუამდგომელობა შენი საუკუნეთა უკუნისამდე. ამინ.

 

შაბათსა


გიხაროდენ, ღმრთისმშობელო ქალწულო, ლიმენაო და წინამძღუარო უბადრუკისა სულისა ჩემისაო, სასოებაო ტკბილო ცხორებისა ჩემისაო! გიხაროდენ ჟამსა ხარებისასა ანგელოსისაგან სიხარულისა მიმღებელო, შენგან ღმრთისა სიტყუისა განხორციელებისა გამო. გიხაროდენ, ყოველთა დამბადებელისა საშოსა შინა შენსა მტჳრთველო! გიხაროდენ, ღმრთისა ხორცითა მშობელო, მაცხოვრისა სოფლისადა! გიხაროდენ, შობასა შინა ქალწულებისა უხრწნელად დამმარხველო! გიხაროდენ, მოგუთაგან ძღუენთა მიმღებელო და თაყუანის-ცემისა მათისა შენგან ხორცშესხმულისა მიმართ მხილველო და მწყემსთაგან დიდებულთა მას ზედა თქმულთა მსმენელო და გულსა შინა შენსა დამმარხუელო! გიხაროდენ, ყრმისა იესუჲსა, ძისა შენისა და ღმრთისა, ტაძარსა შინა შორის სჯულის-მოძღუართა სიხარულითა მპოვნელო! გიხაროდენ ძისა შენისა, ყოვლადტკბილისა იესუჲსა, ჯუარსა ზედა ვნებითა სალმობათა სასტიკთა განმცდელო, ხოლო მესამესა დღესა აღდგომითა მისითა დიდად სახარულევანო! გიხაროდენ, ამაღლებასა ძისა და ღმრთისა შენისასა მოწაფეთა თანა მისა დიდებისა ზეცისასა თუალითა მხილველო! გიხაროდენ, მისა მიერ წარმოგზავნილისა სულისა წმიდისა ქორედსა ზედა სიონისასა სახედ ცეცხლისა ენათაჲთა გარდამოსრულისა, უფლისა მოწაფეთა თანა მიმღებელო! გიხაროდენ, ქუეყანასა ამას ზედა ანგელოსებრივად ცხორებულო! გიხაროდენ, სიწმიდითა შენითა ყოველთა ანგელოსთა წესთა და ყოველთა წმიდათა დასთა აღმატებულო! გიხაროდენ, ამაღლებულო დიდებითა, მოსვლითა შენდა ძისა შენისა და ღმრთისაო! გიხაროდენ, წმიდათა ხელთა მისთა სულისა შენისა სიხარულითა მიმანებებელო! გიხაროდენ, სხეულსა შინა შენსა დიდებულად ცად ამაღლებულო! გიხაროდენ, მესამესა დღესა შემდგომად მიძინებისა წინაშე ღმრთისმხილველთა მოციქულთათა წარმომდგარო! გიხაროდენ, მამისა და ძისა და სულისა წმიდისა მიერ ცათა შინა დიადემითა საუკუნოჲსა სასუფეველისათა გვირგვინოსან-ქმნილო! გიხაროდენ, ყოველთა ზეციურთა ძალთა მიერ მიწყივსაგალობელო! გიხაროდენ, სიახლოვესა ყოვლადწმიდისა სამებისა საყდრისასა, საყდარსა ზედა დიდებისასა მჯდომარეო! გიხაროდენ, ღმრთისა კაცისა თანა შერიგებისა მიზეზო! გიხაროდენ, ზეციურთა და მიწიერთა ზედა მსუფეველო დედუფალო! გიხაროდენ, ვინაჲთგან არარაჲ შეუძლებელ-არს მეოხებისა შენისათჳს! გიხაროდენ, ვინაჲთგან ყოველნი შენდამი სარწმუნოდ მოლტოლჳლნი სცხონდებიან! გიხაროდენ, რამეთუ შენ მიერ მწუხარენი ნუგეშინისცემულ-იქმნებიან, სნეულნი კურნებასა მიიღებენ, უბედურებათა შინა შთაცვევნილნი კეთილდროულსა შეწევნასა მიემთხვევიან! გევედრები უკუე, სახარულევანო დედუფალო, შორის ჩემსაცა აღხოცე ჭმუნვა ცოდვიანი და მეც მე სიხარული გამოხსნისა, მეც მე ცრემლი ნუგეშინისმცემელი, ლმობიერება სამარადღეო, სინანული ჭეშმარიტი და შეუცთომლობა სრული. ნუ მომიძაგებ მე, დედუფალო, არამედ მიითუალე მოწლედ სიტყუანი ესე სიხარულისანი, ჩემ მიერ უკეთურისა შენდა ძღუანებული, და წარმომიდეგ მე შემწედ ჟამსა უმწეობისა ჩემისასა, საშინელსა მას ჟამსა, ოდეს განვიდოდეს სული ჩემი საწყალობელთა ხორცთა ჩემთაგან; მაშინ წარმომიდეგ მე შემწედ, გევედრები შენ, და მიხსენ მე, ბრალეული ცოდვათაგან, დასჯისა მისგან საუკუნოჲსა, რაჲთა არა ვიქმნე სიხარულ ეშმაკთა და საზრდოდ გეჰენიისა ცეცხლოვანისა! ჰეჲ, დედუფალო ჩემო, ნუ მიმიშუებ ხილვად სულისა ჩემისა მომართ საშინელსა და საზარელსა მკსინვარებასა და განკითხვასა დემონთა მიერ, რაჲცა განმზადებულ-არს ცოდვილთათჳს, არამედ წინაუსწრვე და მიხსენ მე, მონაჲ შენი, ჟამსა მას საშინელსა, რაჲთა გადიდებდე შენ საუკუნოდ, მხოლოსა სასოებასა ჩემსა და მეოხსა ცხორებისა ჩემისასა. ამინ.

 

კჳრიაკესა


ჰოჲ, ყოვლადმოწყალეო ქალწულო ღმრთისმშობელო, დედაო მოწყალებისა და კაცთმოყვარებისაო, ფრიად სასურველო სასოებაო და იმედო ჩემო! ჰოჲ, დედაო უტკბესისა, უგულისსათქმელესისა და ყოველგვარსა სიყვარულსა ზედა ზეაღმატებულისა მაცხოვრისა იესუ ქრისტესისა, კაცთმოყვარისა და ღმრთისა ჩემისაო. ნათელო დაბნელებულისა სულისა ჩემისაო! წინაშე შენსა შევრდომილ ვარ მე, ფრიად ცოდვილი და უსასოქმნილი, შენ გევედრები, წყაროსა მოწყალებისასა, ქალწულსა მარიამსა, ვითარცა მოწყალებისა უფსკრულისა და კაცთმოყვარებისა მშობელსა; შემიწყალე მე, შემიწყალე მე, ვხმობ შენდამო სალმობიერი, შემიწყალე მე ყოვლითურთ დაწყლულებული, შორის ბოროტთა ავაზაკთა შთავრდომილი და, ვაჲ მე, სამოსელთაგან, რომლითა მამამან შემმოსა, განძარცული. მით მწოლარე ვარ შიშუელი ყოველთაგან სიკეთეთა, სუნმყრალითა და ლპობაშეყრილითა ჭრილობებითა უგუნურებისაგან პირისა ჩემისასა. დედუფალო ჩემო ღმრთისმშობელო, გევედრები შენ სიმდაბლითა, მოიხილე ჩემზედა მოწყალითა თუალითა შენითა და ნუ მომიძაგებ მე ყოვლითურთ დაბნელებულსა, ყოვლითურთ შეგინებულსა, ყოვლითურთ უყესა შინა გულისთქმათა და ვნებათათა შთაფლულსა, სასტიკად დაცემულსა და ვერშემძლებელსა წამოდგომად. მოწყალე-იქმენ უკუე ჩემზედა და მომეც მე ხელი შეწევნისა, აღმადგინე მე სიღრმეთაგან ცოდვათასა, ჰოჲ სიხარულო ჩემო! განმათავისუფლე მე ავზნიანობისაგან ჩემისა; გამოაბრწყინვე სახე შენი მონისა შენისა ზედა, მიხსენ წარწყმედული, განმწმინდე შებილწული, აღმადგინე სასტიკად დაცემული, რამეთუ ყოველივე ძალგიძს, ვითარცა ხარ დედაჲ ღმრთისა ყოვლისა შემძლებელისა. დამასხ ზეთი წყალობისა შენისა, მეც მე ტევანი ლმობიერებისა დაწურვად, რამეთუ შენ მხოლოჲ მომიგიე ჭეშმარიტად სასოებად ცხორებისა ჩემისა; ნუ უარმყოფ უკუე შენდამი მოლტოლვილსა, არამედ იხილე მჭმუნვარებაჲ ჩემი და ზრახვაჲ სულისა, ქალწულო, და მიითუალე ესე და მიხსენ მე, მეოხო ცხორებისა ჩემისაო. ამინ.

კატეგორია: ლოცვანი | დაამატა: vasoelis (27.05.2008)
ნანახია: 414 | ტეგები: ლოცვანი ღმრთისა დედისადმი შვიდეულის, ღირსი ნილოს სორელი | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]