ფსალმუნნი მეფისა დავითისა. კანონი 14
წმინდა მეფე დავით წინასწარმეტყველიფსალმუნნი
 

კანონი 14

ლოცვა გლახაკისაი, ოდეს მოეწყინოს და განჰფინოს წინაშე უფლისა თხოვაი თვისი, 101

1. უფალო, ისმინე ლოცვისა ჩემისაი, და ღაღადებაი ჩემი შენდა შევედინ.
2. ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან; რომელსა დღესა მჭირდეს მე, მოყავ ჩემდა ყური შენი; და რომელსა დღესა გხადოდი შენ, მსწრაფლ შეგესემინ ჩემი.
3. რამეთუ მოაკლდა ვითარცა კუამლსა დღეთა ჩემთა, და ძუალნი ჩემნი ვითარცა ქარქუეტი განხმეს.
4. იწყლა ვითარცა თივაი და განხმა გული ჩემი, რამეთუ დავივიწყე მე ჭამად პური ჩემი.
5. ხმითა სულ-თქუმისა ჩემისაითა შეჰხმეს ხორცნი ჩემნი ძუალთა ჩემთა.
6. ვემსგავსე მე ვარხუსა მას უდაბნოისასა და ვიქმენ მე, ვითარცა ბუი ნატამალსა.
7. უძილ ვიქმენ და ვიყავ, ვითარცა სირი მხოლოი სართულსა ზედა.
8. მარადღე მყუედრიდეს მე მტერნი ჩემნი და მაქებელნი ჩემნი ჩემდამო ფუცვიდეს.
9. რამეთუ ნაცარი ვითარცა პური ვჰსჭამე და სასუმელი ჩემი ტირილითა ჩემითა განვზავი.
10. პირისაგან რისხვისა და გულის წყრომისა შენისა, რამეთუ აღმიღე და დამაკუეთე მე.
11. და დღენი ჩემნი ვითარცა აჩრდილი წარხდეს, და მე ვითარცა თივაი განვხემ.
12. ხოლო შენ, უფალო, უკუნისამდე ჰგიე, და სახსენებელი შენი თესლითი თესლადმდე.
13. შენ აღსდგე და შეიწყალო სიონი, რამეთუ ჟამი წყალობისა მისისაი, რამეთუ მოწევნულ არს ჟამი.
14. რამეთუ სთნდეს მონათა შენთა ქვანი მისნი, და მიწასა მისსა სწყალობდენ.
15. და ეშინოდის წარმართთა სახელისაგან უფლისა და ყოველთა მეფეთა ქუეყანისათა - დიდებისაგან მისისა.
16. რამეთუ აღაშენოს უფალმან სიონი და გამოუჩნდეს მას დიდებითა მისითა.
17. მოჰხედნა ლოცვასა ზედა მდაბალთასა და არა შეურაცხ-ჰყო ვედრებაი მათი.
18. დაიწერენ ესე ნათესავად სხუად, და ერი დაბადებადი აქებდეს უფალსა;
19. რამეთუ მოიხილა მაღლით წმიდით მისით, უფალმან ზეცით ქუეყანად გარდამოიხილა,
20. რაითა შეისმინოს სულ-თქუმაი შებორკილებულთაი და განჰხსნეს ნაშობნი მოკლულთანი,
21. თხრობად სიონს სახელი უფლისაი და ქებულებაი მისი - იერუსალემს,
22. შეკრებად ერისა ერთად და მეფენი მონებად უფლისა.
23. მიუგო მას გზასა შინა ძლიერებისა მისისასა: სიმცირე დღეთა ჩემთაი მითხარ მე.
24. და ნუ განმიყვანებ მე კერძოთაგან დღეთა ჩემთაისა; თესლითი თესლადმდე არიან წელიწადნი შენნი.
25. დასაბამსა შენ, უფალო, ქუეყანაი დააფუძნე, და ქმნულნი ხელთა შენთანი ცანი არიან.
26. იგინი წარხდებიან, ხოლო შენ ჰგიე. და ყოველნი ვითარცა სამოსელნი დაძუელდენ, და ვითარცა შესამოსელნი სცვალნე იგინი, და იცვალნენ.
27. ხოლო შენ თავადი იგივე ხარ, და წელიწადნი შენნი არა მოაკლდენ,
28. ძენი მონათა შენთანი დაემკვიდრნენ, და ნათესავი მათი უკუნისამდე წარემართოს.

ფსალმუნი დავითისი, 102

1. აკურთხევს სული ჩემი უფალსა და ყოველი გონებაი ჩემი - სახელსა წმიდასა მისსა.
2. აკურთხევს სული ჩემი უფალსა, და ნუ დაივიწყებ ყოველსა მოცემულსა მისსა,
3. რომელმან გილხინა შენ ყოველთა უშჯულოებათა შენთაგან, რომელმან განკურნა ყოველნი სნეულებანი შენნი;
4. რომელმან იხსნა განხრწნისაგან ცხოურებაი შენი და გვირგვინოსან-გყო შენ წყალობითა და შეწყნარებითა;
5. რომელმან აღავსო კეთილთა მიერ გულის-თქუმაი შენი; განახლდეს, ვითარცა ორბისა, სიჭაბუკე შენი.
6. ჰყვნის წყალობანი უფალმან და სამართალი ყოველთათვის დაწუნებულთა.
7. აუწყნა გზანი მისნი მოსეს და ძეთა ისრაელისათა - ნებანი მისნი.
8. შემწყნარებელ და მოწყალე არს უფალი, სულგრძელ და დიდად მოწყალე.
9. არა სრულიად განრისხნეს, არცა უკუნისამდე ძვირი იხსენოს;
10. არა ცოდვათა ჩუენთაებრ მიყო ჩუენ, არცა უშჯულოებათა ჩუენთაებრ მომაგო ჩუენ.
11. რამეთუ რავდენ მაღალ არიან ცანი ქუეყანისაგან, განაძლიერა უფალმან წყალობაი მისი მოშიშთა მისთა ზედა;
12. რაოდენ განშორებულ არიან აღმოსავალნი დასავალსა, განმაშორნა ჩუენგან უჰსჯულოებანი ჩუენნი.
13. ვითარცა სწყალობს მამაი შვილთა, შეიწყალნა უფალმან მოშიშნი მისნი.
14. რამეთუ მან უწყის დაბადებაი ჩუენი; მოიხსენა, რამეთუ მიწანი ვართ.
15. კაცი ვითარცა თივა არიან დღენი მისნი, ვითარცა ყუავილი ველისაი ეგრე აღყუავდეს;
16. რამეთუ განვლო სულმან მის შორის, და არღარა იყოს, და არცა იცნას ადგილი მისი.
17. ხოლო წყალობაი უფლისაი საუკუნითგან და ვიდრე უკუნისამდე მოშიშთა მისთა ზედა,
18. და სიმართლე მისი - შვილითი შვილადმდე, რომელთა დაიმარხნიან აღთქუმაი მისი და მოიხსენნიან მცნებანი მისნი და ყვნიან იგინი.
19. უფალმან ზეცას განჰმზადა საყდარი მისი, და სუფევაი მისი ყოველთა ზედა ეუფლების.
20. აკურთხევდით უფალსა ყოველნი ანგელოზნი მისნი, ძლიერნი ძალითა, რომელნი ჰყოფენ სიტყუასა მისსა, სმენად ხმაი სიტყუათა მისთაი.
21. აკურთხევდით უფალსა ყოველნი ძალნი მისნი, მსახურნი მისნი, რომელნი ჰყოფენ ნებასა მისსა.
22. აკურთხევდით უფალსა ყოველნი ქმნულნი მისნი ყოველსა ადგილსა უფლებისა მისისასა; აკურთხევს სული ჩემი უფალსა.
დიდებაი.

ფსალმუნი დავითისი, სოფლის შესაქმისათჳს, 103

1. აკურთხევს სული ჩემი უფალსა; უფალო ღმერთო ჩემო, განსდიდენ ფრიად, აღსაარებაი და დიდად შუენიერებაი შთაიცუ,
2. შეიმოსე ნათელი ვითარცა სამოსელი, გარდაართხენ ცანი ვითარცა კარავნი.
3. რომელმან დაჰრთნა წყლითა ზესკნელნი მისნი, რომელმან დასხნა ღრუბელნი აღსავალად თვისა, რომელი იქცევის ფრთეთა ზედა ქართასა;
4. რომელმან შექმნა ანგელოზნი მისნი სულად და მსახურნი მისნი - ალად ცეცხლისა;
5. რომელმან დააფუძნა ქუეყანაი სიმტკიცესა ზედა თვისსა, არა შეიძრას იგი უკუნითი უკუნისამდე.
6. უფსკრული ვითარცა სამოსელი გარე-მოდებულ არს მისა, მთათა ზედა დადგენ წყალნი.
7. შერისხვითა შენითა ივლტოდიან და ხმითა ქუხილისა შენისაითა შეძრწუნდიან.
8. აღვლენან მთანი და შთავლენან ველნი ადგილსა მას, რომელსაცა დააფუძნენ იგინი.
9. საზღვარი დასდევ, რომელსა არა გარდაჰხდენ, არცაღა მიაქციონ დაფარვად ქუეყანისა.
10. რომელმან გამოადინნა წყარონი ხევნებსა შინა, შორის მთათა დიოდიან წყალნი;
11. ჰსუან იგი ყოველთა მხეცთა ველისათა, განძღნენ კანჯარნი წყურილსა მათსა.
12. მათ ზედა მფრინველთა ცისათა დაიმკვიდრონ, შორის კლდეთა მოსცენ ხმაი მათი.
13. დაათრობს მთათა ზესკნელთა მისთაგან; ნაყოფითა საქმეთა შენთაითა განძღეს ქუეყანაი.
14. რომელმან აღმოუცენა თივაი პირუტყუთა, და მწუანე სამსახურებელად კაცთა, გამოღებად პური ქუეყანით.
15. და ღვინოი ახარებს გულსა კაცისასა, საცხებელითა მხიარულყოფად პირი, და პური გულსა კაცისასა განამტკიცებს.
16. განძღენ ხენი ველისანი და ნაძუნი ლიბანისანი, რომელ დაჰნერგენ.
17. მუნ ფრინველთა მართუე-ისხან, და ბუდე ყარყატთაი შერაცხილ მათდა.
18. მთანი მაღალნი ირემთა, კლდენი შესავედრებელად ყურდგელთა.
19. შექმნა მთოვარე ჟამთათვის, მზემან ჰსცნა ჟამი დასლვისა თვისისაი.
20. დასდევ ბნელი და იქმნა ღამე, მას შინა ვიდოდიან ყოველნი მხეცნი მაღნარისანი,
21. ლეკუნი ლომთანი მყვირალნი ტაცებად და თხოვად ღმრთისაგან საზრდელსა მათსა.
22. აღმობრწყინდა მზე, და შეკრბეს და სადგურთავე თვისთა დაადგრიან.
23. გამოვიდეს კაცი საქმესა თვისსა და შრომასა თვისს მიმწუხრადმდე.
24. ვითარ განდიდნეს საქმენი შენნი, უფალო, და ყოველივე სიბრძნით ჰქმენ; აღივსო ქუეყანაი დაბადებულითა შენითა.
25. ესე ზღუაი დიდი და ვრცელი, მას შინა არიან ქუეწარმავალნი რომელთაი არა არს რიცხვი, მხეცნი წურილნი დიდთა თანა;
26. მას ზედა ნავნი ვლენან. ვეშაპი ესე, რომელ დაჰბადე სამღერელად მისა.
27. ყოველნივე შენგან ელიან მოცემად საზრდელი თვისი ჟამსა;
28. მოსცი მათ, და აღიზარდნიან იგინი, ხოლო აღაღი რაი ხელი შენი, ყოველნივე განაძღნი სიტკბოებითა.
29. ხოლო გარე-თუ-მიიქცი პირი შენი, შეძრწუნდიან, მოუღი სული მათი, და მოაკლდიან და მიწადვე თვისად მიიქციან.
30. გამოავლინო სული შენი და დაჰბადნე იგინი და განაახლო პირი ქუეყანისაი.
31. იყავნ დიდებაი უფლისაი უკუნისამდე, იხარებდეს უფალი ქმნულთა ზედა თვისთა. 32. რომელი მოხედავს ქუეყანასა ზედა და ჰყოფს მას შეძრწუნებულ, რომელი შეახებს მთათა და კუმოდიან.
33. ვაქებდე უფალსა ცხოურებასა ჩემსა უგალობდე ღმერთსა ჩემსა, ვიდრემდის ვიყო მე.
34. ტკბილ ეყავნ მას გალობაი ჩემი, ხოლო მე ვიხარებდე უფლისა მიმართ.
35. მოაკლდენ ცოდვილნი ქუეყანით, და უშჯულონი ნუღარა იპოებიედ მას ზედა; აკურთხევს სული ჩემი უფალსა.
დიდებაი.

ალილუიაი, 104

1. აუარებდით უფალსა და ხადოდეთ სახელსა მისსა, მიუთხრენით წარმართთა შორის საქმენი მისნი.
2. აქებდით მას და უგალობდით მას, მიუთხრობდით ყოველთა საკვირველებათა მისთა.
3. იქებოდეთ სახელითა მისითა წმიდითა; იხარებდინ გული მეძიებელთა უფლისათაი.
4. მოიძიეთ უფალი და განძლიერდით და ეძიებდით პირსა მისსა მარადის.
5. მოიხსენეთ საკვირველებათა მისთაი, რომელ ქმნა, სასწაულნი, და სამართალნი პირისა მისისანი.
6. ნათესავნი აბრაჰამისნი მონანი მისნი, შვილი იაკობისნი რჩეულნი მისნი.
7. თავადი არს უფალი ღმერთი ჩუენი, და ყოველსა ქუეყანასა ზედა არიან სამართალნი მისნი.
8. მოიხსენა უკუნისამდე აღთქუმისა თვისისაი და სიტყუაი, რომელ ამცნო ათასამდე ნათესავად,
9. რომელ-იგი დასდვა აბრაჰამის თანა და ფიცი მისი ისააკის თანა.
10. და დაამტკიცა იგი იაკობის თანა ბრძანებად და ისრაელისა აღთქუმად საუკუნოდ.
11. ჰრქუა მას: შენ მიგცე ქუეყანაი იგი ქანანისაი ნაწილად მკვიდრობისა თქუენისა;
12. რამეთუ იყვნეს იგინი რიცხვით მცირე-მცირე და მსხემ მას შინა.
13. და ვიდოდეს იგინი თესლითი თესლად და მეფეთაგან ერად სხუად.
14. არა აუფლა კაცსა ვნებად მათდა და ამხილა მათთვის მეფეთა;
15. ნუ შეეხებით ცხებულსა ჩემსა და წინასწარმეტყუელთა ჩემთა შორის ნუ უკეთურობთ.
16. და მოუწოდა სიყმილსა ქუეყანად და ყოველი ძალი პურისაი შემუსრა.
17. წარავლინა წინაისწარ მათსა კაცი, და მონად განისყიდა იოსები.
18. დაამდაბლნეს ბორკილითა ფერხნი მისნი, რკინასა განვლო სულმან მისმან.
19. ვიდრე მოწევნადმდე სიტყვისა მისისა, სიტყუამან უფლისამან გამოახურვა იგი.
20. მიავლინა მეფემან და განჰხსნა იგი მთავრად ერისა და განუტევა იგი.
21. და დაადგინა იგი უფლად სახლისა თვისისა და მთავრად ყოვლისა მონაგებისა მისისა;
22. სწავლად მთავართა მისთა ვითარცა თავი თვისი, და მოხუცებულთა მისთა განბრძნობად.
23. და შევიდა ისრაელი ეგვიპტედ, და იაკობ დაემკვიდრა ქუეყანასა მას ქამისსა.
24. და აღაორძინა ერი მისი ფრიად და განაძლიერა იგი უფროის მტერთა მისთა.
25. გარდააქცია გული მისი მოძულებად ერისა მისისა და ზაკუვად მონათა შორის მისთა.
26. წარავლინა მოსე მონაი მისი, და აჰრონ, რომელი გამოირჩია თავისა თვისისა;
27. დასხნა მათ შორის სიტყუანი სასწაულთა მისთანი, და ნიშთა მისთანი ქუეყანასა მას ქამისსა.
28. მიავლინა მათდა ბნელი და დააბნელნა, რამეთუ განამწარნეს სიტყუანი მისნი.
29. გარდააქცინა სისხლად მდინარენი მათნი და მოსწყვიდნა თევზნი მათნი;
30. განამრავლა ქუეყანამან მათმან მყუარი საუნჯეთა შორის მეფეთა მათთაისა.
31. თქუა, და მოხდა ძაღლის მწერი და მუმლი ყოველთა საზღვართა მათთა.
32. დასხნა წვიმანი მათნი სეტყუად, და ცეცხლი აღატყდებოდა ქუეყანასა მათსა.
33. და დასცა ვენახები მათი და ლეღუოვანი მათი და შემუსრა ყოველი ხე საზღვარისა მათისაი.
34. თქუა, და მოხდა მკალი და ბუზი, რომლისა არა იყო რიცხვი;
35. შეჭამა ყოველი თივაი ქუეყანასა შინა მათსა და მოჭამა ყოველი ნაყოფი ქუეყანისა მათისაი.
36. და დასცა ყოველი პირმშო ქუეყანასა შინა მათსა, დასაბამად ყოვლისა ტკივილისა მათისაი.
37. და გამოიყვანნა იგინი ოქროითა და ვეცხლითა, და არა იყო ნათესავსა მათსა სნეულ.
38. იხარა ეგვიპტემან გამოსლვასა მათსა, რამეთუ დაეცა შიში მათი მათ ზედა.
39. განჰმარტა ღრუბელი საგრილად მათდა და ცეცხლი მნათობად მათდა ღამე.
40. ითხოვეს, და მოხდა მწყერ-მარხილი, და პურითა ზეცისაითა განაძღნა იგინი;
41. სცა კლდესა, და გამოეცნეს წყალნი, და ვიდოდეს ურწყულსა მდინარენი.
42. რამეთუ მოიხსენა სიტყვისა წმიდისა თვისისა, რომელ ჰყო აბრაამის მიმართ მონისა თვისისა.
43. და გამოიყვანა ერი თვისი სიხარულით და რჩეულნი მისნი შუებით.
44. და მისცა მათ სოფლები წარმართთაი, და ნაშრომი ერთაი დაიმკვიდრეს,
45. რაითა დაიცვნენ სამართალნი მისნი და ჰსჯული მისი მოიძიონ.
დიდებაი.

კატეგორია: ლოცვანი | დაამატა: vasoelis (09.05.2019)
ნანახია: 449 | ტეგები: ფსალმუნნი მეფისა დავითისა, კანონი 14 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]