ყოველდღიური 7-გზის ლოცვები ჩვენი ბედნიერებისათვის + PDF ხუცურად

ყოველდღიური 7-გზის ლოცვები

 

„ჩემი პატრიარქობის პერიოდში ყველაზე დიდ საქმედ შვიდგზის ლოცვის აღდგენა მიმაჩნია: მთელმა ერმა ყოველდღიურად უნდა წაიკითხოს ეს ლოცვები და, ამასთან, ლოცვის შემდეგ დღეში 7-ჯერ თქვას: უფალო, დიდება შენდა, გადაარჩინე და გაამთლიანე საქართველო“

ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

 

ყველას გვესმის, თუ როგორ სჭირდება დღეს საქართველოს ღვთის დახმარება, მფარველობა და ლოცვა-კურთხევა; საჭიროა ყოველი ქართველის ერთობლივი ლოცვა-ვედრება, რომ ღმერთმა შეისმინოს და მოგვმადლოს ჩვენ და ჩვენს ერს თავისი წყალობა და კურთხევა, რადგანაც განსაკუთრებული ძალა აქვს ერთიან ლოცვას.

უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: „ითხოვდით და მოგეცეს თქუენ; ეძიებდით და ჰპოვოთ; ირეკდით, და განგეღოს თქუენ; რამეთუ ყოველი რომელი ითხოვდეს, მოიღოს და რომელი ეძიებდეს, პოვოს, და რომელი ირეკდეს, განეღოს“ (მათე 7, 7-8).

მაგრამ, დგას კითხვა: როგორ ვილოცოთ და როდის ვილოცოთ?

უპირველეს ყოვლისა ადამიანმა უნდა ილოცოს მთელი გულით და თუ შეუძლია ცრემლებითაც კი; მხოლოდ მაშინ ისმენს უფალი ჩვენს თხოვნას.

ფსალმუნში ვკითხულობთ: „შვიდ გზის დღესა შინა გაქებდე შენ“ (ფსალ. 118, 164), ე.ი. დღეში 7-ჯერ ლოცულობდა ყოველი ადამიანი.

ბიბლიიდან ვიცით, რომ 7 რიცხვს აქვს დიდი სულიერი და ღვთიური ძალა. ამიტომაც ჩვენი წინაპრები დღე-ღამის განმავლობაში 7-ჯერ ლოცულობდნენ ღვთის წინაშე და უფალიც უსმენდა და ეწეოდა მათ.

ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ მამა-პაპათა ამ წესს და დღე-ღამის განმავლობაში ქვემოთ მითითებულ საათებში დღეში 7-ჯერ უნდა აღვავლინოთ ვედრება უფლისადმი, რომ ღმერთმა მოგვანიჭოს ჩვენ და ჩვენს ერს წყალობა, მშვიდობა, ბარაქა, სიყვარული, სიხარული, სიბრძნე, ჯანმრთელობა, ოჯახის სიმტკიცე, მრავალშვილიანობა, ჭეშმარიტი მართლმადიდებელი სარწმუნოების მადლი; მოგვცეს გრძნობა სინანულისა, თავმდაბლობისა, ცოდვათა მიტევებისა, და მოწყალებისა, რაც ყოვლად აუცილებელია მორწმუნე ქრისტიანისათვის.

ლოცვა ყოველთვის შეიძლება, მაგრამ განსაკუთრებული ძალა აქვს ლოცვებს დილის 6 საათზე, დილის 9 საათზე, შუადღის 12 საათზე, დღის 3 საათზე, საღამოს 6 საათზე, საღამოს 9 საათზე, შუაღამის 12 საათზე. ეს ლოცვები გადაარჩენს სრულიად საქართველოს, გადაგვარჩენს ჩვენ.

ეს მადლიანი ლოცვა-სავედრებელი აუცილებლად უნდა წაიკითხოს ყოველმა ჭეშმარიტმა მართლმადიდებელმა ქრისტიანმა, იმ ლოცვების გარდა, რომელსაც ის ყოველდღიურად ასრულებს, რათა არ დარჩეს ერთობლივი ლოცვის და ღვთის წყალობის გარეშე.

როცა მოაწევს საათი ლოცვისა, სახლში ხარ თუ გზაში, შეჩერდი, და დაიწყე ლოცვა ქვემოთ აღნიშნული წესის მიხედვით და ღმერთი მარად იქნება შენი მფარველი.

ამინ.

ილია II
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

 

ლოცვა 06:00

სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, ამინ.

დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან, მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.

ფსალმუნი 22

1. უფალმან მმწყსოს მე და მე არაი მაკლდეს. 2. ადგილსა მწვანვილსა მუნ დამამკვიდრა მე; წყალთა ზედა განსასუენებელთასა გამომზარდა მე. 3. მოაქცია სული ჩემი და მიძღოდე მე გზათა სიმართლისათა სახელისა მისისათვის. 4. ვიდოდიღათუ შორის აჩრდილთა სიკუდილისათა, არა შემეშინოს მე ბოროტისაგან, რამეთუ შენ ჩემ თანა ხარ; კუერთხმან შენმან და არგანმან შენმან, ამათ ნუგეშინისმცეს მე. 5. განმზადე წინაშე ჩემსა ტაბლაი წინაშე მაჭირვებელთა ჩემთა; განაპოხე ზეთითა თავი ჩემი და სასუმელმან შენმან დამათრო მე ვითარცა ურწყულმან. 6. წყალობაი შენი, უფალო, თანამავალ მეყავნ მე ყოველთა დღეთა ცხოურებისა ჩემისათა, დამკვიდრებად ჩემდა სახლსა უფლისასა, განგრძობასა დღეთასა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ალილუია, ალილუია, ალილუია დიდება შენდა ღმერთო;
ალილუია, ალილუია, ალილუია დიდება შენდა ღმერთო;
ალილუია, ალილუია, ალილუია დიდება შენდა ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.

აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე და ერი შენი საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ, უფალო, დიდება შენდა.
ამინ!

 

ლოცვა 09:00

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.

ფსალმუნი 50

1. მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აჰხოცე უჰსჯულოებაი ჩემი. 2. უფროის განმბანე მე უჰსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე. 3. რამეთუ უჰსჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. 4. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვჰყავ; რაითა განჰმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა. 5. რამეთუ ესერა უჰსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. 6. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. 7. მასხურო მე უსუპითა და განვსწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. 8. მასმინო მე გალობაი და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. 9. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უჰსჯულოებანი ჩემნი აჰხოცენ. 10. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. 11. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. 12. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე. 13. ვასწავლნე უჰსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. 14. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხოურებისა ჩემისაო, იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. 15. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. 16. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. 17. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს. 18. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. 19. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი; მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ალილუია, ალილუია, ალილუია დიდება შენდა ღმერთო;
ალილუია, ალილუია, ალილუია დიდება შენდა ღმერთო;
ალილუია, ალილუია, ალილუია დიდება შენდა ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.

ღვთისმშობელი ქალწულო, გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ, უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა, რამეთუ მაცხოვარი გვიშევ სულთა ჩვენთა.
ამინ!

 

ლოცვა 12:00

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.

ფსალმუნი 90

1. რომელი დამკვიდრებულ არს შეწევნითა მაღლისაითა, საფარველსა ღმრთისა ზეცათაისა განისუენოს. 2. ჰრქუას უფალსა: ხელის აღმპყრობელი ჩემი ხარი შენ და შესავედრებელი ჩემი, ღმერთი ჩემი, და მე ვესავ მას. 3. რამეთუ მან გიხსნეს შენ საფრხისა მისგან მონადირეთაისა და სიტყვისა მისგან განსაკრთომელისა. 4. ბეჭთ-საშუალითა მისითა გფარვიდეს შენ, და საგრილსა ფრთეთა მისთასა ესვიდე საჭურველად გარე-მოგადგეს შენ ჭეშმარიტებაი მისი. 5. არა გეშინოდის შიშისაგან ღამისა და ისრისაგან, რომელი ფრინავნ დღისი; 6. ღუაწლისაგან, რომელი ვალნ ბნელსა შინა, შემთხუევისაგან და ეშმაკისა შუა დღისა. 7. დაეცნენ მარცხენით შენსა ათასეულნი და ბევრეულნი – მარჯუენით შენსა, ხოლო შენ არა მიგეახლნენ. 8. ხოლო შენ თუალითა შენითა ჰხედვიდე და მისაგებელი ცოდვილთაი იხილო. 9. რამეთუ შენ, უფალი, ხარ სასო ჩემდა და მაღალი გიყოფიეს შესავედრებელად შენდა. 10. არა შევიდეს შენდა ძვირი, და გუემაი არა მიეახლოს საყოფელთა შენთა. 11. რამეთუ ანგელოზთა მისთადა უბრძანებიეს შენთვის დაცუად შენდა ყოველთა შინა გზათა შენთა; 12. ხელთა მათთა ზედა აღგიპყრან შენ, ნუსადა წარსცე ქვასა ფერხი შენი; 13. ასპიტსა და ვასილისკოსა ზედა ხვიდოდი და დასთრგუნო შენ ლომი და ვეშაპი. 14. რამეთუ მე მესვიდა, და ვიხსნა იგი და დავიფარო იგი, რამეთუ იცნა სახელი ჩემი. 15. ხმა-ჰყოს ჩემდამო, და მე ვისმინო მისი და მის თანა ვიყო ჭირსა შინა; ვიხსნა იგი და ვადიდო იგი. 16. დღეგრძელობითა განვაძღო იგი და უჩუენო მას მაცხოვარებაი ჩემი.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ალილუია, ალილუია, ალილუია დიდება შენდა ღმერთო;
ალილუია, ალილუია, ალილუია დიდება შენდა ღმერთო;
ალილუია, ალილუია, ალილუია დიდება შენდა ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.

მოწყალების კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რათა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა.
ამინ!

 

ლოცვა 15:00

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.

ფსალმუნი 142

1. უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; 2. და ნუ შეხუალ სასჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი. 3. რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხოურებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი. 4. და მოეწყინა ჩემ თანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. 5. მოვიხსენე დღეთა პირველთაი და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ. 6. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი. 7. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა, ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა. 8. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. 9. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. 10. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი, სული შენი სახიერი მიძღოდენ მე ქუეყანასა წრფელსა. 11. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. 12. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ალილუია, ალილუია, ალილუია დიდება შენდა ღმერთო;
ალილუია, ალილუია, ალილუია დიდება შენდა ღმერთო;
ალილუია, ალილუია, ალილუია დიდება შენდა ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.

წმიდა ნინოს ტროპარი

სიტყვისა ღვთისა მსახურთა თანამოსაგრეო და ანდრიას ქადაგებისა წარმართებაო, ქართველთა განმანათლებელო და სულისა წმიდისა ქნარო ნინო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.
ამინ!

 

ლოცვა 18:00

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.

ფსალმუნი 69

1. ღმერთო, შეწევნასა ჩემსა მოხედენ; უფალო, შეწევნად ჩემდა ისწრაფე. 2. ჰრცხუენოდენ და კდემებოდენ, რომელნი ეძიებენ სულსა ჩემსა მართლ-უკუნ იქცენ და სირცხვილეულ იქმნენ, რომელნი ზრახვიდეს ჩემთვის ძვირსა. 3. მიიქცენ მუნთქუესვე სირცხვილეულნი, რომელნი მეტყოდეს მე: ვაშა, ვაშა! 4. გალობდენ და იხარებდენ შენდამი ყოველნი, რომელნი გეძიებენ შენ, უფალო; და თქუედ მარადის: დიდ არს ღმერთი! რომელთა უყუარს მაცხოვარებაი შენი. 5. ხოლო მე გლახაკ და დავრდომილ ვარი მე; ღმერთო, შემეწიე მე; შემწე და მხსნელი ჩემი ხარი შენ; უფალო, ნუ ჰყოვნი.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ალილუია, ალილუია, ალილუია დიდება შენდა ღმერთო;
ალილუია, ალილუია, ალილუია დიდება შენდა ღმერთო;
ალილუია, ალილუია, ალილუია დიდება შენდა ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.

წმიდა გიორგის ტროპარი

ტყვეთა განმათავისუფლებელო და გლახაკთა ხელის აღმპყრობელო, სნეულთა მკურნალო და მეფეთა უძლეველო წინამბრძოლო, ღვაწლით შემოსილო, დიდო მოწამეო გიორგი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.
ამინ!

 

ლოცვა 21:00

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.

ფსალმუნი 127

1. ნეტარ არიან ყოველნი, რომელთა ეშინის უფლისა, და რომელნი ვლენან გზათა მისთა. 2. ნაშრომი ნაყოფთა შენთაი შჭამო შენ, ნეტარ იყო და კეთილი გეყოს შენ. 3. ცოლი შენი ვითარცა ვენახი მსხმოი კიდეთა სახლისა შენისათა. 4. შვილნი შენნი ვითარცა ახალნერგნი ზეთის-ხილისანი გარემოის ტაბლისა შენისა. 5. აჰა ესერა ესრეთ იკურთხოს კაცი, რომელსა ეშინოდის უფლისა. 6. გაკურთხოს შენ უფალმან სიონით, და იხილო შენ კეთილი იერუსალემისაი ყოველთა დღეთა ცხოურებისა შენისათა. 7. და იხილნე შენ შვილნი შვილთა შენთანი, მშვიდობაი ისრაელსა ზედა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ალილუია, ალილუია, ალილუია დიდება შენდა ღმერთო;
ალილუია, ალილუია, ალილუია დიდება შენდა ღმერთო;
ალილუია, ალილუია, ალილუია დიდება შენდა ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.

ტროპარი წმიდა ნიკოლოზისა

კანონად სარწმუნოებისა და ხატად სიმშვიდისა და მოძღვრად მარხვისა გყო შენ ქრისტემან სამწყსოსა შენისათვის ჭეშმარიტებით, ამისთვისცა მოიგე სიმდაბლითა სიმაღლე და სიგლახაკითა სიმდიდრე, წმიდაო დიდო მღვდელმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის. ამინ!

 

ლოცვა24:00

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.

ფსალმუნი 133

1. აქა აკურთხევდით უფალსა ყოველნი მონანი უფლისანი, რომელნი სდგათ სახლსა უფლისასა, ეზოთა სახლისა ღმრთისა ჩუენისათა. 2. ღამესა აღიპყრენით ხელნი თქუენნი წმიდად მიმართ და აკურთხევდით უფალსა. 3. გაკურთხოს შენ უფალმან სიონით, რომელმან ჰქმნა ცანი და ქუეყანაი.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ალილუია, ალილუია, ალილუია დიდება შენდა ღმერთო;
ალილუია, ალილუია, ალილუია დიდება შენდა ღმერთო;
ალილუია, ალილუია, ალილუია დიდება შენდა ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.

წმიდათა თანა განუსვენე, ქრისტე ღმერთო, საუკუნითგან გარდაცვალებულთა მონათა და მხევალთა შენთა, სადა იგი არა არს ჭირი, მწუხარება, არა ურვა, არცა სულთქმა. არამედ სიხარული და ცხოვრება იგი დაუსრულებელი.

აჰა ესერა სიძე მოვალს შუაღამესა, და ნეტარ არს მონაჲ იგი, რომელი იპოვოს მღვიძარედ, ხოლო ვაი არს მონისა მის, რომელი იპოვოს უდებებით. იხილე სულო ჩემო, და ნუ გრულის ძილისათვის, რათა არა გამოვარდე სასუფეველისაგან, არამედ აღიმსთვე შუაღამესა, და ხმობდე: წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ შენ ღმერთო ჩუენო, ღვთისმშობელისა მიერ შეგვიწყალენ ჩუენ.
ამინ!



წყარო: https://yadi.sk/i/mZSRObpw2m29Lw
კატეგორია: ლოცვანი | დაამატა: vasoelis (06.05.2008)
ნანახია: 475 | ტეგები: 7-გზის ლოცვები, ხუცურად, pdf, ყოველდღიური | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]