ადამიანის ჯანმრთელობაზე მარხვის გავლენის შესახებ

ეკლესია ჯანმრთელობისთვის საზიანოს არაფერს ითხოვს
(ადამიანის ჯანმრთელობაზე მარხვის გავლენის შესახებ გვესაუბრება
საქართველოს საპატრიარქოს სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსი, ექიმი ზურაბ ვარაზაშვილი)

 

- ბატონო ზურაბ, მარხვა რომ აუცილებელია სულიერი განწმენდისათვის, ყველასთვის ნათელია, მაგრამ ჯანმრთელობაზე მისი გავლენის შესახებ ხალხს სხვადასხვა აზრი აქვს. თქვენ, როგორც ექიმი, რას ფიქრობთ ამის თაობაზე?

- ადამიანს, ცხოველისაგან განსხვავებით, ებოძა უკვდავი სული, რომელსაც, ისევე როგორც სხეულს, სჭირდება წვრთნა, კვება, განვითარება. სწორედ ამისთვისაა მოწოდებული მარხვა. კაცმა ნებისყოფა ბავშვობიდანვე უნდა განივითაროს. სხვაგვარად მას ადამიანური თვისებები არ ჩამოუყალიბდება. ცხოველი დამოკიდებულია მხოლოდ რეფლექსებზე, ინსტიქტებზე, ამიტომაც მისი ყოველი მოქმედება იმპულსურია, ადამიანი კი უნდა ცხოვრობდეს გააზრებულად, მიზანმიმართულად და, ცხოველისაგან განსხვავებით, პასუხისმგებლობას გრძნობდეს თავისი ყოველი ნაბიჯის გამო.

მარხვის საშუალებით ვნებებისაგან თავის შეკავებას ვსწავლობთ. ამ დროს ჩვენივე ნებით ვითრგუნავთ იმ სასიამოვნო ემოციებს, რომელთაც ვიტალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება იწვევს. ამ სასიცოცხლო მოთხოვნილებებში შედის კვება და გამრავლება. სწორედ მათი მართვა უნდა შეეძლოს ადამიანს. თუ კაცი გამუდმებით მიეცა კვებით ტკბობას, ნაყროვანების, ღორმუცელობის მონად იქცევა, რასაც უამრავი სერიოზული პათოლოგია მოჰყვება - ირღვევა ნივთიერებათა ცვლა, ვითარდება ჭარბი წონა (სიმსუქნე), შაქრიანი დიაბეტი, ჰიპერტონიული დაავადება, ათეროსკლეროზი, ინსულტი, ინფარქტი, ეს ყოველივე კი ძლიერ ასუსტებს, ნაადრევად აბერებს ადამიანს და სიცოცხლეს უმოკლებს.

რაც შეეხება სქესობრივ თავშეუკავებლობას, ის, გარდა იმისა, რომ ფიტავს და აუძლურებს ორგანიზმს, იწვევს შვილოსნობის უნარის დაქვეითებას და სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების გავრცელებას, რომლებიც საგრძნობლად არყევს ჯანმრთელობას და საფრთხესაც კი უქმნის სიცოცხლეს.

ასე რომ, მარხვის გზით ადამიანი მართავს და არეგულირებს თავის სასიცოცხლო მოთხოვნილებებს და ამასთან ერთად სიცოცხლეს იხანგრძლივებს.

- რა ასაკიდან შეიძლება ვიმარხულოთ?

- ამ საკითხს წმინდა ეკლესია ინდივიდუალურად უდგება. მოძღვარი აფასებს ბავშვის ასაკს, ჯანმრთელობას, ხასიათს და ამის კვალობაზე აძლევს ლოცვა-კურთხევას, იმარუხოლოს ჯერ ოთხშაბათ-პარასკევობით, შემდეგ კი ყველა მარხვა შეინახოს. მეტწილად ეს რვა წლის ასაკიდან ხდება.

- როგორ შეიძლება, მარხვა და ავადმყოფობა ერთმანეთს შევუთავსოთ?

- მოძღვარი უთუოდ უნდა ერკვეოდეს ასეთ საკითხებში და კარგად უნდა იცნობდეს მრევლის თითოეულ წევრს. ორსულობისა თუ ძუძუთი კვების პერიოდში, ასევე ანემიისა და ზოგიერთი ქრონიკული დაავადების დროს, როდესაც აუცილებელია განსაკუთრებული კვების რეჟიმზე ყოფნა, ადამიანს ეძლევა ლოცვა-კურთხევა, მიიღოს ის საკვები, რომელიც მისი ჯანმრთელობისთვისაა უმჯობესი. მარხვა უპირველეს ყოვლისა სულიერი მდგომარეობაა და არა დიეტა. ადამიანიც, თუმცაღა იხმევს იმ სახსნილო საკვებს, რომლის მიღების ნებართვაც მოძღვარმა მისცა (მაგალითად, ხორცეულს ან თევზეულს), სულიერად მაინც მარხულობს და ასრულებს იმ ლოცვებსა და კანონებს, რომლებიც მარხვის დროს ეძლევა.

- ხშირად გაიგონებთ, რომ მარხვა ორგანიზმს ფიტავს და აუცილებელი ნივთიერებებისგან აღარიბებს, რაც დაავადების საშიშროებას ქმნის...

- როცა ქვეყანაში ათეისტური რეჟიმი ბატონობდა, ვინმეს ეკლესიური ცხოვრება და მარხვის შენახვა რომ არ მოენდომებინა, გვიმტკიცებდნენ, თითქოს ეს ჯანმრთელობისთვის მავნებელი იყო. ეს მცდარი შეხედულებაა. ასე ამბობს მხოლოდ ის, ვისაც მარხვის არსი არ ესმის. მარხვა განსაკუთრებული სულიერი მდგომარეობაა, რომელსაც ადამიანი მუდმივი თავშეკავებით, ლოცვითა და სულიერი მღვიძარებით აღწევს. ცხოველური საკვებისგან თავის შეკავებაც უწინარეს ყოვლისა სწორედ ამ მიზნით არის დაწესებული.

იმას, თუ რისი მიღება შეიძლება მარხვის დროს და რისი - არა, ეკლესია, საზოგადოდ, ინდივიდუალურად წყვეტს. საქართველოში ხილი და ბოსტნეული წელიწადის ნებისმიერ დროს მოიპოვება, მაგრამ არის ადგილები, სადაც მცენარეული პროდუქტი ძალიან ცოტაა, ამიტომ მრევლის რაციონის სრულფასოვნებისთვის ეკლესია იძლევა ლოცვა-კურთხევას, მარხვა განსხვავებულად წარიმართოს. ჩვენში კი, ტრადიციულად, წესისამებრ მარხულობდნენ. ამას ქართული გენი შეჩვეულია. ქრისტიანობის ორიათასწლოვანმა ტრადიციამ დაგვანახა, რომ მარხვა არა თუ არ ვნებს ჯანმრთელობას, პირიქითაც კია. მართალია, ხორციელ საკვებს არ ვღებულობთ და ამ თვალსაზრისით პროტეინები და ამინომჟავები გვაკლდება, მაგრამ ეს დეფიციტი იოლად შეგვიძლია შევავსოთ მცენარეული ცილებით. მაგალითად, პარკოსნები (სოია, ლობიო, მუხუდო), არაქისი, ნიგოზი, თხილი უხვად შეიცავს ამინომჟავებს, მიკროელემენტებს, ვიტამინებს, რომლებიც სრულიად აკმაყოფილებს ადამიანის მოთხოვნილებას ცილოვან პროდუქტებზე.

რაც შეეხება პურს, ის ადამიანისთვის ღვთისგან კურთხეული უნიკალური საკვებია, რომელშიც შედის ჩვენი ორგანიზმისთვის საჭირო ფაქტობრივად ყველა ცილოვანი ნივთიერება. პური ერთადერთი საკვებია, რომელსაც მთელი სიცოცხლის მანძილზე, დღეში რამდენჯერმე ვიღებთ და არასდროს გვბეზრდება. შემთხვევითი როდია, რომ უფალმა სწორედ პურს უწოდა თავისი სხეული. ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს პურის ხარისხს. დღეს პურს იმაზე მეტს ვიღებთ, ვიდრე ადრე გვჭირდებოდა, რადგან ის დამზადებულია უხარისხო ხორბლისგან, არ არის სრულფასოვანი ცილოვანი შემადგენლობის თვალსაზრისით, გამოფიტულია და ათასნაირი დანამატით გახლავთ გაჟღენთილი. ხორბლის ქართული, ტრადიციული ჯიშები მდიდარი ცილოვანი შემადგენლობით გამოირჩეოდა. სწორედ ამის გამო იყო ადრე პური ყუათიანი.

უთუოდ უნდა შევეხოთ ცხოველურ ცხიმებსაც. ისინი დიდი რაოდენობით ქოლესტერინს შეიცავს, რომელიც ახშობს სისხლძარღვების განვლადობას და მათ ელასტიკურობას ამცირებს, ქმნის ათეროსკლეროზის საფრთხეს და სისხლძარღვოვანი პათოლოგიების ჩამოყალიბებისკენ მიდრეკილებას. მაგრამ ქოლესტერინი აუცილებელია ორგანიზმისთვის. მისგან სინთეზირდება ბევრი საჭირო ნივთიერება. მაგალითად, ჰორმონები, ნაღვლის მჟავები, ზოგიერთი ვიტამინი. აქედან გამომდინარე, ჩვენ კვირაში ხუთი დღე ვღებულობთ ხორციელ პროდუქტებს და, მაშასადამე, ქოლესტერინს, ხოლო ორი დღე - ოთხშაბათსა და პარასკევს - ამ ნივთიერებისგან განვიტვირთებით. ამას გარდა, წელიწადის ოთხივე დროს ვიცავთ დიდ მარხვებს, რომელთა წყალობით ორგანიზმი ქოლესტერინისგან ისვენებს, ეს კი ჯანმრთელობაზე სასიკეთოდ მოქმედებს. რამდენის მთქმელია თუნდაც ის ფაქტი, რომ გამაძღარი, ნაყროვანი ადამიანის სისხლის პლაზმა მღვრიეა, რადგან მასში დიდი რაოდენობითაა ცხიმები, ხოლო მარხულისა - გამჭვირვალე.

მარხვა ისეთივე ჩვეულებრივი რამაა ქრისტიანისათვის, როგორიც დაძინება და გაღვიძება. ამაში განსაკუთრებული და ხაზგასასმელი არაფერია. ჩვენი ეკლესია შეუძლებელს და, მით უმეტეს, ჯანმრთელობისთვის საზიანოს არაფერს ითხოვს. ოცსაუკუნოვანმა გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ მარხვა აუცილებელია დღეგრძელი სიცოცხლისათვის. აღარაფერს ვიტყვი იმაზე, რომ ის სულის ცხონებისათვის არის საჭირო.

ესაუბრა ნინო ჩარგეიშვილი
ჟურნალი „კარიბჭე“, № 3 (14), 2005 წ.

კატეგორია: მარხვები | დაამატა: vasoelis (30.10.2019)
ნანახია: 371 | ტეგები: ადამიანის ჯანმრთელობაზე მარხვის გავ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]