დიდი მარხვის სამზადისი - პროტოპრესვიტერი ალექსანდრე შმემანი

დიდი მარხვის სამზადისი

1. სურვილი (ზაქეს კვირიაკე)

დიდი მარხვის დაწყებამდე კარგა ხნით ადრე გვაუწყებს ეკლესია მის მოახლოებას და მოგვიწოდებს, რათა შევაბიჯოთ მოსამზადებელ პერიოდში. საეკლესიო საწელიწადო ციკლის ყველა მნიშვნელოვანი მოვლენისათვის (უმთავრესი დღესასწაულების, აგრეთვე დიდი მარხვისთვის) ეკლესია გვამზადებს წინასადღესასწაულო დღეებით ან მარხვის წინა მოსამზადებელი კვირების მეშვეობით. ეს მართლმადიდებლური სალიტურგიო ტრადიციის დამახასიათებელი ნიშანია. რატომ? იმიტომ, რომ ეკლესია ღრმად შეიგრძნობს ადამიანის ფსიქოლოგიურ ბუნებას. ის იცნობს ჩვენი ცხოვრების საშინელ „გაამქვეყნიურებასა" და თვითჩაღრმავების ნაკლებობას, ეკლესიამ იცის, რომ ჩვენ სწრაფი ცვლილების, ერთი სულიერი განცდიდან მეორეზე ადვილი გადასვლის უნარი არ შეგვწევს. ამიტომაც ჭეშმარიტი მარხვითი მოსაგრეობის დაწყებამდე დიდი ხნით ადრე ეკლესია ჩვენს ყურადღებას მიმართავს, რათა მისი მნიშვნელობა გავიაზროთ. დიდი მარხვის ჭეშმარიტი მოსაგრეობის დაწყებამდე ჩვენ მისი მნიშვნელობის განმარტება გვეძლევა. ეს მომზადება დიდი მარხვის წინამავალი ხუთი კვირის განმავლობაში გრძელდება და თითოეული საკვირაო საკითხავი სახარებისა სინანულის რომელიმე ძირითად მხარეს ეძღვნება.

დიდი მარხვის მომასწავებელი პირველი უწყება გვესმის მარხვამდე ოთხი კვირით ადრე, საკვირაო სახარებაში, რომელიც ზაქეს შეეხება (ლკ. 19,1-10). ეს იმ ადამიანის ისტორიაა, რომელიც მეტისმეტად ტანდაბალი იყო და ეშინოდა, ქრისტეს ვერ დავინახავო. მაგრამ იმდენად ძლიერი იყო მისი სურვილი, რომ მის შესასრულებლად ხეზე აძვრა. იესომ უპასუხა მის სურვილს და შინ ესტუმრა. ამგვარია პირველი თემა, რომელიც სურვილზე მოგვითხრობს. ადამიანი თავის სურვილს მისდევს. ისიც კი შეგვიძლია ვთქვათ, რომ თვით ადამიანი - ესაა სურვილი, და ადამიანური ბუნების შესახებ ეს ძირეული სიმართლე აღიარებულია სახარებაში: „სადაცაა საუნჯე თქუენი, - გვეუბნება უფალი, - მუნცა იყოს გული თქუენი" (ლკ. 12,34). ძლიერი სურვილი ამარცხებს ადამიანის ბუნებრივ შეზღუდულობას. როცა მას მთელი გულით სურს რაღაც, იგი ისეთ რამეს სჩადის, რაც „ნორმალურ მდგომარეობაში" არ შეუძლია. ტანდაბალი ზაქე საკუთარ თავზე მაღლდება. ამიტომაც საკითხი იმით ამოიწურება, მართებულია თუ არა ადამიანის სურვილი, მიმართულია ის კეთილი მიზნისკენ თუ, ჟან პოლ სარტრის, ცნობილი ეგზისტენციალისტისა და ათეისტის, სიტყვისამებრ, ადამიანი არის „ვნება უსარგებლო".

ზაქეს სურვილი მართებული და კეთილია. მას ქრისტეს ხილვა, მასთან მიახლება სურს. ზაქეს სახით ჩვენ მონანიების პირველ სიმბოლოს ვხედავთ, ესე იგი, სინანული იქიდან იწყება, რომ ადამიანი ყოველი სურვილის სიღრმეს შეიგნებს: წყურვილი, სურვილი ღვთისა, სწრაფვა მისი სამართლისაკენ, ნდომა ნამდვილი ცხოვრებისა. ზაქე „პატარაა", წვრილმანია, ცოდვილი და შეზღუდული. და აჰა, მისი სურვილი ამარცხებს და სძლევს ყოველივე ამას. იგი თავისი ძალისხმევით იქცევს ქრისტეს ყურადღებას, სტუმრად მოჰყავს იგი თავის სახლში.

აი, ასეთია ეკლესიის პირველი მოწოდება: ჩვენ უნდა გვსურდეს ის ნამდვილი, რაც ჩვენი სულის სიღრმეშია ჩადებული, უნდა ვაღიაროთ აბსოლუტურისკენ სწრაფვა, რომელიც ჩვენში არსებობს დამოუკიდებლად იმისგან, შეგნებული გვაქვს თუ არა. მხოლოდ მაშინ, როდესაც ზურგს ვაქცევთ მას და ვშორდებით, გადავიქცევით ნამდვილ „უსარგებლო ვნებად". ხოლო თუ საკმაოდ ღრმად, საკმაოდ ძლიერად გვსურს, ქრისტე გვიპასუხებს.

 

2. სიმდაბლე (მეზვერისა და ფარისევლის კვირიაკე)

შემდეგ კვირას „მეზვერისა და ფარისევლის" კვირიაკე ეწოდება. წინა საღამოს, შაბათს მწუხრის ლოცვაზე პირველად გადაიშლება დიდი მარხვის საღვთისმსახურო წიგნი - მარხვანი, და ჩვეულებრივ საკვირაო სტიქარონებსა და კანონებს მეზვერისა და ფარისევლის კვირის სტიქარონები და კანონები ემატება. ისინი, უმთავრესად, ეძღვნება სიმდაბლეს (ე.ი. თავმდაბლობას), რომელიც აუცილებელია ჭეშმარიტი სინანულისთვის.

სახარების იგავში (ლკ. 18,10-14) ნაჩვენებია საკუთარი თავით მუდამ კმაყოფილი ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ მთელს „საღმრთო სჯულს", რელიგიის ყველა მოთხოვნას ასრულებს. იგი საკუთარ თავში სავსებით დარწმუნებულია და ამაყობს კიდევ. მაგრამ სინამდვილეში მას არ ესმის რელიგიის მოთხოვნათა აზრი და ამახინჯებს მას. იგი მასში მხოლოდ გარეგან წეს-ჩვეულებათა აღსრულებას ხედავს და თავის ღვთისმოსაობას იმ ფულით ზომავს, რომელსაც ტაძარს სწირავს. მეზვერე კი, პირიქით, საკუთარ თავს იმდაბლებს და ეს სიმდაბლე ამართლებს კიდეც მას ღვთის წინაშე. თუკი არსებობს რომელიმე ზნეობრივი თვისება, რომელსაც დღეს ყურადღებას აღარ აქცევენ და უარყოფენ კიდეც, ასეთი თვისება სწორედ სიმდაბლეა. ჩვენს გარშემო არსებული კულტურა და ცივილიზაცია ჩვენში განუწყვეტლივ აღძრავს სიამაყეს, თვითგანდიდებისა და თვითგამართლების გრძნობას. ეს კულტურა იმ შეგნებაზეა აგებული, რომ ადამიანს ყველაფრის მიღწევა მხოლოდ საკუთარი ძალებით შეუძლია. თვით ღმერთს იგი ისე წარმოაჩენს, თითქოს ღმერთი მხოლოდ აჯილდოებდეს, უნაზღაურებდეს ადამიანს ამ უკანასკნელის მიერ ჩადენილ კეთილ საქმეებსა და მიღწევებს. სიმდაბლე, როგორც პირადი ან საზოგადო, ეთნიკური ან ეროვნული თვისება მიჩნეულია სისუსტის ნიშნად, ჭეშმარიტი ადამიანისთვის შეუფერებლად. მაგრამ განა ჩვენთანაც იგივე ფარისევლური სულისკვეთება არაა გაბატონებული? განა ჩვენ არ გვსურს, რომ ყოველი შესაწირავი, ყოველი „კეთილი საქმე", ყველაფერი, რასაც ჩვენ „ეკლესიისთვის" ვაკეთებთ, მიღებულ და შეფასებულ იქნეს, საყოველთაოდ ცნობილი გახდეს?

მაგრამ რა არის სიმდაბლე? ამ შეკითხვაზე პასუხი შეიძლება პარადოქსად მოგვეჩვენოს, რადგანაც იგი უცნაურ მტკიცებაზეა დამყარებული: უფალი თვითონაც მდაბალია! ყველასთვის, ვინც იცნობს ღმერთს, ვინც უჭვრეტს მას მისი ქმენილებისა და მაცხოვნებელი მოქმედების მეშვეობით, ცხადია, რომ სიმდაბლე მართლაც საღმრთო თვისებაა, ის თვით არსი და ბრწყინვალებაა იმ დიდებისა, რომლითაც, როგორც ჩვენ საღმრთო ლიტურგიისას გვალობთ, „სავსე არიან ხანი და ქუეყანა". ჩვენს ადამიანურ გაგებაში ჩვენ მიდრეკლნი ვართ, ერთმანეთს დავუპირისპიროთ „დიდება" და „სიმდაბლე", ამ უკანასკნელში რაღაც ნაკლი ან სისუსტე დავინახოთ. ადამიანური გაგების თანახმად, სიმდაბლის გრძნობა მხოლოდ ჩვენმა უმეცრებამ, ცოდნის ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს. საზოგადოებრივ საჯაროობაზე, თვითდარწმუნებულობაზე, უსასრულო ამპარტავნებაზე აღზრდილ თანამედროვე ადამიანს თითქმის ვერც განუმარტავ და გააგებინებ, რომ ყოველივე, რაც კი ნამდვილად სრულყოფილია, ნაღდია, კეთილი და მშვენიერია, ამავე დროს ბუნებრივად მდაბალიცაა, რადგან სწორედ თავისი სრულყოფილების წყალობით იგი არ საჭიროებს საჯაროობას, გარეგნულ დიდებას, რამენაირ პროპაგანდას. ღმერთი მდაბალია, რადგან იგი სრულყოფილია. სწორედ მისი სიმდაბლეა მისი დიდება და ყოველივე ჭეშმარიტად მშვენიერისა და სრულყოფილის წყარო, წყარო სიკეთისა და სრულყოფილებისა. და ყველა, ვინც კი მიუახლოვდება ღმერთს და შეიცნობს მას, აუცილებლად ეზიარება საღმრთო სიმდაბლესა და მის მშვენიერებას. სწორედ თავისი სიმდაბლის წყალობით გახდა ქალწული მარიამი, დედა ღმრთისა, მთელი ქვეყნიერების სიხარული, მშვენიერების უდიდესი გამოცხადება დედამიწაზე. იგივე შეიძლება ითქვას ყველა წმინდანსა და ყველა ადამიანზე იმ იშვიათ წუთებში, როცა იგი ეხება ღმერთს.

როგორ უნდა გავხდეთ მდაბალნი? ქრისტიანისათვის პასუხი მარტივია: ჭვრეტა ქრისტესი, განხორციელებული საღმრთო სიმდაბლისა, რომლის მიერ ღმერთმა ერთხელ და სამუდამოდ გვიჩვენა თავისი დიდება სიმდაბლეში და თავისი სიმდაბლე - დიდებაში. ქრისტემ თქვა თავისი უდიდესი სიმდაბლის ღამეს: „აწ იდიდა ძე კაცისაჲ, და ღმერთიცა იდიდა მის თანა" (ინ. 13,31). სიმდაბლეს ქრისტეს ჭვრეტით სწავლობ, რომელმაც თქვა: „აღიღეთ უღელი ჩემი თქუენ ზედა და ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა" (მთ. 11,29). საბოლოოდ, სიმდაბლეს მაშინაც სწავლობ, როცა ყოველ შენს სიტყვასა და საქციელს, მთელს შენს ცხოვრებას ქრისტეს საზომით ზომავ; რადგანაც ქრისტეს გარეშე შეუძლებელია ჭეშმარიტი სიმბდალე; რადგანაც ფარისევლებთან თვით სარწმუნოებაც ამპარტავნებად ქცეულა. თავის ფარისევლურ პატივმოყვარეობაში ისინი თავიანთი ადამიანური, გარეგნული მიღწევებით ამაყობენ.

მარხვისათვის მომზადება იწყება ვედრებით, ლოცვით, რომელშიც სიმბდალის მონიჭებას ვითხოვთ, რადგანაც სიმდაბლე დასაბამია ნამდვილი სინანულისა. სიმდაბლე უპირველესად და უმეტესად ყოვლისა არის საგანთა ნამდვილი წესრიგის, მართებული ცნებების აღდგენა, მასთან დაბრუნება. ამ წესრიგისა და მართებულობის ფესვები სიმდაბლით საზრდოობს და სიმდაბლე, მშვენიერი საღმრთო სიმდაბლე - მისი ნაყოფი და შესრულებაა. „ვევლტოდეთ ფარისეველისა სიმაღლესა და ვისწაოთ მეზუერისა იგი სიმდაბლე" („გავექცეთ ფარისეველის მრავალსიტყვაობას") - ნათქვამია ამ დღის კონდაკში. ჩვენ სინანულის კარს ვადგებით და საკვირაო ღამისთევის ყველაზე საზეიმო წუთს, მას შემდეგ, რაც გვაუწყებენ ქრისტეს აღდგომასა და გამოცხადებას („აღდგომაჲ ქრისტესი ვიხილეთ..."), პირველად იგალობება ტროპარები, რომლებიც დიდი მარხვის მთელს მანძილზე გაგვყვებიან:

მსწრაფლ განუხვენ სინანულისა ბჭენი სულსა ჩემსა, ცხოვრების მომცემელო, ცისკარსა ამას მდგომარესა ტაძარსა შინა, რამეთუ ტაძარი ხორცთა ჩემთა ყოვლისა ცოდვისა ქვაბ ქმნილ არს, არამედ, ვითარცა მოწყალემან, განმწმიდე მრავლითა წყალობითა შენითა და შემიწყალე მე.

ცხოვრებისა გზასა შეცთომილმან, ღმრთის-მშობელო, ცოდვითა, და უსჯულოებითა, და გულის წყრომითა დავაბნელე ყოველივე სულისა ჩემისა სიკეთეჲ, და აწ გევედრები: შემწე მეყავ და მიხსენ ყოველთა სიბოროტეთაგან.

მრავალთა ცოდვათა ჩემ მიერ ქმნილთა, გულის-ხმა-ვჰყოფ საწყალობელი, და შევსძრწუნდები საშინელისა მის დღისა სამსჯავროსაგან, არამედ სასოებით მინდობილი წყალობისა შენისა, ვითარცა დავით გიღაღადებ: შემიწყალე მე, ღმერთო ჩემო, დიდითა წყალობითა შენითა.

სინანულის კარი გაუღე ჩემს სულს, სიცოცხლის მომცემელო (ღმერთო), რომელიც ცისკრიდანვე მოისწრაფის შენს ტაძარში, რადგანაც ჩემი სხეულის ტაძარი ყოველგვარი ცოდვის გამოქვაბულად ქცეულა, შენ კი, მწყალობელმა, განმწმიდე მათგან, შენი დიდი წყალობით, და შემიწყალე მე.

ცხოვნების გზას ავცდი, ღმრთისმშობელო, რადგან ცოდვითა და ურჯულოებით შევბღალე სულის მშვენიერება, ახლა კი გევედრები, შემეწიე და დამიცავი ყოველგვარი ბოროტებისაგან.

ჩემს მიერ ქმნილ მრავალ ცოდვას ვგრძნობ და განვიცდი მე, საბრალო, და ვძრწი საშინელი სამსჯავროს შიშით, მაგრამ შენი წყალობის მოიმედე, დავით წინასწარმეტყველის მსგავსად გიღაღადებ: „შემიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა" (ფს. 50).

 

3. მამისეულ სახლში დაბრუნება (უძღები შვილის კვირიაკე)

მესამე კვირას, რომელიც დიდი მარხვისათვის გვამზადებს, ჩვენ ვისმენთ უძღები შვილის იგავის საკითხავს (ლკ. 15,11-32). იგავში და ამ დღის სტიქარონებში საუბარია იმ ადამიანის სინანულზე, რომელიც ნებაყოფლობითი განდევნიდან ბრუნდება. ჩვენ მოგვითხრობენ მორალურად გზააბნეული უძღები შვილის შესახებ, რომელიც „შორეულ ქვეყანაში" წავიდა და იქ მთელი თავისი ქონება გაფლანგა. შორეული ქვეყანა! ეს ერთადერთი განსაზღვრებაა ადამიანის მდგომარეობისა, რომელიც ჩვენ უნდა შევიგნოთ და დავიმახსოვროთ, როცა ღმერთს ვუახლოვდებით. ადამიანი, რომელსაც არასოდეს, მცირედაც კი არ განუცდია, რომელსაც არასოდეს უგრძვნია, რომ იგი ღმრთისგან და ჭეშმარიტი ცხოვრებისგან განდევნილია, ვერასოდეს მიხვდება, რას ასწავლის ქრისტიანული სარწმუნოება. და ის, ვინც ამა სოფლად თავს ისე გრძნობს, როგორც საკუთარ სახლში, ვისაც არასოდეს უგრძვნია სხვა სიმართლის მტანჯველი წყურვილი, ვერასოდეს მიხვდება, რას ნიშნავს სინანული.

სინანული ხშირად ცოდვათა და ცდომილებათა გულგრილ და ობიექტურ ჩამოთვლად იქცევა, მსგავსად კანონიერი საბრალმდებლო დასკვნის წინაშე თავის დამნაშავედ ცნობისა. აღსარებასა და ცოდვათა მიტევებას ისე უყურებენ, როგორც იურიდიულად კანონიერ აქტს. მაგრამ ამ დროს რაღაც ძალზე არსებითი ავიწყდებათ, რის გარეშეც არც აღსარებას, არც ცოდვატა მონანიებას არა აქვს არც ნამდვილი მნიშვნელობა, არც ძალა. ეს „რაღაც" სწორედ ღვთისგან, მასთან ურთიერთობის სიხარულისგან, მის მიერ შექმნილი და ჩვენთვის ბოძებული ჭეშმარიტი ცხოვრებისაგან შორს ყოფნის შეგრძნებაა. მართლაც, ადვილია აღიარო აღსარებისას, რომ არ დაგიცავს მარხვა, არ გილოცია დილას ან საღამოს, განრისხებულხარ. მაგრამ სრულიად სხვაა, - ერთბაშად მიხვდე, რომ შენი სულიერი მშვენიერება შეგიბღალავს და დაგიკარგავს, რომ ჭეშმარიტ „სამშობლოს", ნამდვის ცხოვრებას დაცილებულხარ, რომ საბოლოოდ დაგიმსხვრევია შენივე ცხოვრებისეული არსების რაღაც ძვირფასი და წმიდა ნაწილი. ეს და მხოლოდ ეს შეგნებაა ნამდვილი სინანული და უკან დაბრუნების, საკუთარი დაკარგული სახლის პოვნის მხურვალე სურვილიც. მე ღვთისგან მდიდარი ძღვენი მივიღე: უპირველეს ყოვლისა, სიცოცხლე და მისით ტკბობის, მისი მნიშვნელობით, სიყვარულით, ცოდნით აღვსების შესაძლებლობა; ამის შემდეგ კი, ნათლისღებისას, - თვით ქრისტეს ახალი ცხოვრება, ნიჭი სულისა წმიდისა და სიხარული ცათა სასუფევლისა. მე მივიღე ღმრთის ცოდნა და მის მიერ კი - ცოდნა ყოველივე დანარჩენისა. მივიღე საშუალება, რათა გავხდეწ ღვთის შვილთაგანი. და ყოველივე ეს მე დავკარგე და განვაგრძობ კარგვას არა მარტო განსაკუთრებული „ცოდვებისა" და „შეცოდებებისას", არამედ ჩემს უდიდეს ცოდვაში ღმრთისადმი სიყვარული დამიკარგავს და მშვენიერ მამისეულ სახლს „შორეული ქვეყანა" ვამჯობინე.

მაგრამ ეკლესია მახსენებს ყოველივეს, რაც დამიკარგავს. ვისმენ მის ხმას და მახსენდება: „მამულსა დიდებასა შენსა განუდეგ უგუნურებით, - გალობს ამ დღის კონდაკი, - და, რომელი-იგი მომეც სიმდიდრე, ბოროტთა შინა განვაბნიე, ვინაჲცა ჴმასა მას უძღებისასა შევწირავ შენდა; ვითარცა იგი, მეცა შემიწყალე, მამაო მოწყალეო, რომელი-ესე სინანულით გიღაღადებ, და მყავ მე ვითარცა ერთი მუშაკთა შენთაგანი".

და როცა ამგვარად ვიხსენებ ყოველივეს, დაბრუნების სურვილსა და ძალას ვგრძნობ საკუთარ თავში: „მე დავუბრუნდები ჩემს გულუხვ მამას და ცრემლით შევღაღადებ: მიმიღე, როგორც შენი ერთ-ერთი მოჯამაგირე"...

აქ ყურადღება უნდა მივაქციოთ და მოვიხსენიოთ „უძღები შვილის კვირის" ერთი განსაკუთრებული ლიტურგიკული თავისებურება. ცისკარზე, „აუარებდითის" მხიარული და საზეიმო ფსალმუნების შემდეგ ჩვენ სევდით აღსავსე 136-ე ფსალმუნს ვგალობთ:

მდინარეთა ზედა ბაბილოვნისათა მუნ დავსხედით და ვტიროდეთ, რაჟამს მოვიხსენეთ ჩუენ სიონი...

ვითარ-მე ვგალობდეთ გალობასა უფლისასა ქუეყანასა უცხოსა?

უკეთუ დაგივიწყო შენ, იერუსალემ, დაივიწყენ მარჯუენეცა ჩემი.

აექუნ ენაი ჩემი სასასა ჩემსა, არა თუ მოგიხსენო შენ და არა თუ პირველ განგებულ ვჰყო იერუსალემი, ვითარცა იგი დასაბამსა მას სიხარულისა ჩემისასა.

ბაბილონის მდინარეებთან დავსხედით და ვტიროდით, როდესაც გავიხსენეთ სიონი...

როგორ ვიგალობოთ უფლის გალობა უცხო ქვეყანაში?

თუ დაგივიწყებ შენ, იერუსალიმო, დაე, ჩემი მარჯვენაც დავიწყებულ იქნას.

ენა სასაზე ამეკრას, თუ არ გაგიხსენო შენ; თუ არ დავაყენო იერულისამი ჩემი სიხარულის სათავეში.

ეს განდევნის ფსალმუნია. მას ბაბილონის ტყვეობაში ჩავარდნილი ებრაელები გალობდნენ, როცა თავიანთ წმინდა ქალაქს, იერუსალიმს იხსენებდნენ. იგი სამუდამოდ იქცა იმ ადამიანის გალობად, რომელიც ღმრთისგან თავის განშორებას გრძნობს და ამ შეგნებით კვლავ ადამიანად იქცევა, იმ ადამიანად, ვინც ვერასოდეს იპოვის სრულ კმაყოფილებას ამ დაცემულ წუთისოფელში, რადგანაც თავისი ბუნებითა და მოწოდებით იგი განუწყვეტლივ ეძიებს, ვითარცა მოგზაურ-მლოცველი.

ეს ფსალმუნი კიდევ ორგზის იგალობება კვირა დღეებში დიდი მარხვის წინ. იგი მარხვას გვიხსნის როგორც ლოცვით მოგზაურობას, სინანულს კი - როგორც დაბრუნებას მამისეულ სახლში.

 

4. საშინელი სამსჯავრო (ხორციელის კვირიაკე)

მომდევნო კვირადღის ხორციელის (ხორცის აღებისა) ეწოდება, რადგანაც მის შემდგომ შვიდეულში ეკლესია მოითხოვს ნაწილობრივ მარხვას, ანუ ხორცის ჭამისაგან თავის შეკავებას. ეს მოთხოვნა უნდა განვიხილოთ იმის გათვალისწინებით, რაც უკვე ითქვა მარხვისათვის მომზადების შესახებ. ეკლესია უკვე ამთავრებს მორწმუნეთა მომზადებას იმ მოსაგრეობისათვის, რომელიც გველის შვიდი დღის შემდეგ. ეკლესიას თანდათანობით შევყავართ ამ მოსაგრეობის დასაწყისში, რადგანაც იცის ჩვენი არამდგრადობის შესახებ და წინასწარ ჭვრეტს ჩვენს სულიერ უძლურებას.

წინა დღეს, ხორციელის შაბათს, ეკლესია აღასრულებს „სასოებითა მკუდრეთით აღდგომისა და საუკუნოჲსა ცხორებისაჲთა გარდაცვალებულთა" („მკვდრეთით აღდგომისა და მარადიული ცხოვრების იმედით გარდაცვლილთა") საყოველთაო მოხსენიებას. ეს ეკლესიის გარდაცვლილ წევრთათვის საყოველთაო ლოცვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღეა. იმისათვის, რომ ჩავწვდეთ გარდაცვლილთა მოსახსენებელი ლოცვისა და დიდი მარხვის ურთიერთკავშირს, უპირველეს ყოვლისა, უნდა გავიხსენოთ, რომ ქრისტიანობა სიყვარულის რელიგიაა. ქრისტემ მოციქულებს უქადაგა მოძღვრება არა პირად, ცალკეულ ცხონებაზე, არამედ მისცა მათ ახალი მცნება: „იყუარებოდით ურთიერთას". და დასძინა, რომ სწორედ ამ ურთიერთსიყვარულით სცნობენ ადამიანები მათში ქრისტეს მიმდევრებს. ამგვარად, სიყვარული საფუძველია და თვით საეკლესიო ცხოვრებაა, რომელიც წმინდა ეგნატე ანტიოქიელის სიტყვისაებრ არის „სარწმუნოებისა და სიყვარულის კავშირი". ცოდვა კი, ამის საპირისპიროდ, ყოველთვის სიყვარულის ნაკლებობაა, ყველასგან განყოფა, გამოცალკევება, ყველას ომია ყველას წინააღმდეგ. ქრისტეს მიერ ბოძებული და ეკლესიის მიერ გადმოცემული ახალი ცხოვრება, უპირველეს ყოვლისა, არის შერიგების ცხოვრება, „ქვეყნად განბნეულთა ერთად შემოკრებაა", ცოდვით დანგრეული სიყვარულის აღდგინებაა. მაგრამ განა შეგვიძლია ჩვენ, საფუძველი დავუდოთ ღმერთთან დაბრუნებას, მასთან შერიგებას, თუ თვითონ არ დავუბრუნდებით სიყვარულის ამ ერთადერთ ახალ მცნებას? გარდაცვლილთათვის ლოცვაში ეკლესია, უპირველეს ყოვლისა, თავის სიყვარულს გამოთქვამს. ჩვენ ვთხოვთ ღმერთს, ახსოვდეს ისინი, ვისაც ჩვენ მოვიხსენიებთ, ხოლო მათ იმიტომ მოვიხსენიებთ, რომ გვიყვარს. როცა მათთვის ვლოცულობთ, ჩვენ ქრისტეს მიერ ვხვდებით მათ, ხოლო ქრისტე თვით სიყვარულია, რომელმაც დათრგუნა სიკვდილი, განყოფისა და განშორების ეს უმაღლესი საფეხური. ქრისტესთვის არ არსებობს განსხვავება ცოცხალთა და მკვდართა შორის, რადგანაც მისთვის ყველა ცოცხალია. იგი თვითაა ცხოვრება და ეს ცხოვრება არის „ნათელ კაცთა" (ინ. 1,4). ქრისტეს სიყვარულით ჩვენ გვიყვარს ყველა, ვინც კი მის მიერ განისვენებს, ხოლო მასში განსვენებულთა სიყვარულით ჩვენ თვით ქრისტე გვიყვარს. ეს საეკლესიო კანონია და გარდაცვლილთათვის ლოცვის აშკარა განმარტება. ქრისტეს მიმართ ჩვენი სიყვარულის წყალობით ისინიც ქრისტეს მიერ ცხოველნი (ცოცხალნი) არიან და როგორ ცდებიან, როგორ უიმედოდ ცდებიან ის დასავლელი ქრისტიანები, რომლებსაც გარდაცვლილთათვის ლოცვა ან კანონიერი „ღვაწლისა" და „ანაზღაურების" შესახებ დაჰყავთ, ან უბრალოდ უარყოფენ მას უსარგებლობის საბაბით. ხორციელის შაბათს გარდაცვლილთა სულების მოსახსენებელი ღვთისმსახურება (პარასტასი) ნიმუშია ყველა სხვა მსგავსი ხასიათის ლოცვისათვის და აღესრულება დიდი მარხვის მეორე, მესამე და მეოთხე შაბათსაც.

ხორციელის კვირიაკის თემა, როგორც ვთქვით, სიყვარულია. ამ დღის სახარების საკითხავად დადებულია მაცხოვრის იგავი საშინელი სამსჯავროს შესახებ (მთ. 23,31-46). რა კანონის მიხედვით განგვსჯის ქრისტე, როცა ეს დღე მოვა? იგავი გვპასუხობს: სიყვარულის კანონით; არა ანონიმური ღარიბების მიმართ განყენებული სამართლიანობისათვის, ჰუმანიტარული ზრუნვის, არამედ ადამიანის, ღვთის ნებით ჩვენი ცხოვრებისეული გზის განმავლობაში შემხვედრი ყოველი ადამიანის მიმართ პირადი კონკრეტული სიყვარულის კანონით. ეს განსხვავება მეტად მნიშვნელოვანია, რადგანაც დღეს ქრისტიანები სულ უფრო და უფრო მიდრეკილნი არიან იმისკენ, რომ გააიგივონ ქრისტიანული სიყვარული ადამიანებზე პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ ზრუნვასთან. სხვა სიტყვებით, ისინი ერთ ადამიანზე, მის პირად ბედზე ზრუნვას ცვლიან ზრუნვით ანონიმურ არსებებზე, რომლებიც რომელიმე „კლასს", „ეროვნებას" ან სხვა რამ ჯგუფს მიეკუთვნებიან. ჩვენ არ ვამტკიცებთ, რომ ამგვარი ზრუნვა საჭირო არ არაა. ცხადია, რომ სამოქალაქო ან პროფესიული პასუხისმგებლობით აღჭურვილი ქრისტიანები თავიანთი შესაძლებლობებისა და გაგების ფარგლებში უნდა ზრუნავდნენ, რომ საზოგადოებრივი ცხოვრება უფრო სამართლიანი, თანასწორი და, საერთოდ, უფრო ჰუმანური გახდეს. უეჭველია, ყველა ეს ცნება ქრისტიანული ფესვებიდან მომდინარეობს და, როგორც ეტყობა, ქრისტიანობითაა შთაგონებული. მაგრამ ქრისტიანული სიყვარული, როგორც ასეთი, სულ სხვა რამაა და ეს განსხვავება უნდა შევიგნოთ და შევინარჩუნოთ, თუკი ეკლესიას სურს თავისი ერთადერთი განსაკუთრებული მისიის განგრძობა და არ სურს, დაემსგავსოს უბრალო „სოციალურ სააგენტოს", როგორადაც იგი არასოდეს გადაიქცევა.

ქრისტიანული სიყვარული სხვა ნებისმიერ ადამიანში ქრისტეს ხილვის „შეუძლებელი შესაძლებლობაა". თუნდაც ამ ადამიანის შემოყვანა ჩემს ცხოვრებაში ღმერთმა თავისი იდუმალი განგების თანახმად სულ რამდენიმე წამით ინება არა მარტო როგორც „კეთილი საქმის" ან ფილანტროპიაში ვარჯიშის საბაბი, არამედ როგორც თვით ღმერთთან სამარადისო ურთიერთობის დასაწყისი. სინამდვილეში, სწორედ სიყვარულია ის იდუმალი ძალა, რომელიც სხვა ადამიანში ყოველივე გარეგნულისა და შემთხვევითის - მისი გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის, ეთნიკური წარმოშობის, ინტელექტური უნარის - გავლით აღწევს სულს, ადამიანური არსების ერთადერთ პირად „ფესვს", მასში ღვთის ნაწილაკს. ღმერთს ყოველი ადამიანი უყვარს, რადგანაც მხოლოდ იგი იცნობს სულს - ფასდაუდებელ და აბსოლუტურ საუნჯეს, ადამიანის „პიროვნებას", რომელიც მან ყველა ადამიანს მოჰმადლა. ამგვარად, ქრისტიანული სიყვარული იქცევა ამ საღვთო ცოდნაში მონაწილეობად და საღვთო სიყვარულის ნიჭად. სიყვარულს არ შეუძლია იყოს „უპიროვნო", რადგანაც სიყვარული სწორედ პიროვნების სასწაულებრივი გამოცხადებაა ერთ ადამიანში, პირადისა და ერთადერთისა, ყოველივე საზოგადოსა და ჩვეულებრივს შორის. ეს გამოცხადებაა იმისა, რაც კი ადამიანში სიყვარულის ღირსია, რაც ღვთის მიერაა მონიჭებული.

ამ თვალსაზრისით, ქრისტიანული სიყვარული ზოგჯერ დაპირისპირებულია „სოციალურ მოღვაწეობასთან", რომელთანაც მას დღეს ხშირად აიგივებენ თვით ქრისტიანები. „სოციალური მოღვაწეობისათვის" სიყვარულის საგანი „პირონება" კი არაა, არამედ ადამიანი, განყენებული ერთეული, რომელიც არანაკლებ განყენებული კაცობრიობიდანაა აღებული. ამის საწინააღმდეგოდ, ქრისტიანს უყვარს ადამიანი, რადგან იგი პიროვნებაა. ერთგან პიროვნება ადამიანადაა მიღებული, მეორეგან ადამიანია განიხილება პიროვნებად. სოციალურ მოღვაწეს პიროვნება სრულიად არ აინტერესებს, იგი პიროვნებას ხშირად „საზოგადო ინტერესებს" სწირავს. არცთუ უსაფუძვლოდ შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ ქრისტიანი საკმაოდ სკეპტიკურადაა განწყობილი განყენებული „კაცობრიობის" მიმართ, მაგრამ იგი საკუთარ თავს ღალატობს და მომაკვდინებელ ცოდვას სჩადის ყოველთვის, როცა ცალკეული პიროვნებისათვის ზრუნვასა და მისდამი სიყვარულს უგულებელყოფს. სოციალური აქტივისტის მიდგომა ყოველთვის „ფუტურისტულია", იგი ყოველთვის სამართლიანობის, წესრიგის, მომავალში მისაღწევი საყოველთაო ბედნიერების სახელით მოქმედებს. ქრისტიანობა ნაკლებად ზრუნავს გამოუცნობი მომავლისათვის, არამედ მთელს თავის ძალას აწმყოში გადამწყვეტ მომენტზე მიმართავს, როცა საჭიროა სიყვარულის გამოვლინება. ეს ორი მიდგომა ერთმანეთს არ გამორიცხავს, მაგრამ მათი ერთმანეთში არევა მართებული არაა. უეჭველია, რომ ქრისტიანები პასუხს აგებენ „მიწიერი ცხოვრებისათვის" და ეს პასუხისმგებლობა უნდა აღარსულონ. მაგრამ სოციალური აქტივისტის მოღვაწეობა მთლიანად „მიწიერ ცხოვრებაში" მოთავსებული, ქრისტიანული სიყვარულის მიზანი კი „მიწიერი ცხოვრების" მიღმაა. ქრისტიანული სიყვარული თვითონაა ღვთის სასუფევლიდან მომავალი სხივი. ის მიწიერი სამყაროს ყველა შეზღუდვასა და პირობითობას სძლევს, რადგანაც ღმერთშია მისი მამოძრავებელი ძალა. მიზანი და აღსრულება. ჩვენ ვიცით, რომ ერთადერთი მუდმივი და განმაახლებელი გამარჯვება ამ ქვეყანაში, რომელიც „ბოროტსა ზედა დგას", ეს სიყვარულის გამარჯვებაა. ეკლესიის ნამდვილი და ჭეშმარიტი მისიაა - გაახსენოს ადამიანს ეს პირადი სიყვარული და მისი მოწოდება, რათა სიყვარულით აღავსოს ცოდვილი ქვეყანა.

საშინელი სამსჯავროს იგავი ქრისტიანულ სიყვარულზე მოგვითხრობს. ყოველი ჩვენგანი არაა მოწოდებული იმისათვის, რომ „კაცობრიობისათვის" იღვაწოს, მაგრამ ყოველ ჩვენგანს აქვს მიღებული ქრისტესმიერი სიყვარულის ნიჭი. ჩვენ ვიცით, რომ ყველა ადამიანს სჭირდება ეს პირადი სიყვარული, აღიარება მისი პირადი განსაკუთრებული სულისა, რომელშიც განსაკუთრებულად აირეკლება ღვთის მთელი ქმნილება. ჩვენ ისიც ვიცით, რომ ქვეყნად არსებობენ სნეულნი და მშიერნი, რომელთაც სწორედ ეს პირადი სიყვარული დააკლდათ. და, საბოლოოდ, ისიც ვიცით, რომ, რაც უნდა ვიწრო და შეზღუდული იყოს ჩვენი საკუთარი არსებობა და მისი შესაძლებლობები, ყოველ ჩვენგანს აკისრია პასუხისმგებლობა ღვთის სასუფევლის უმცირეს ნაწილაკზე სწორედ იმის წყალობით, რომ ჩვენ ქრისტესმიერი სიყვარული გვაქვს მონიჭებული. ამგვარად, ჩვენ განგვსჯიან იმის მიხედვით, მივიღეთ ჩვენს თავზე ეს სიყვარული, თუ უარვყავით იგი. რადგანაც „რავდენი უყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი მე მიყავთ" (მთ. 25,40).

 

5. მიტევება (ყველიერის კვირიაკე)

ახლა უკვე რამდენიმე დღეღა დარჩა დიდი მარხვის დასაწყისამდე. უკვე ხორციელის შვიდეულის განმავლობაში, რომელიც მიტევების კვირიაკით მთავრდება, ორი დღე - ოთხშაბათი და პარასკევი - უკვე თითქოსდა ცალკე დგას, ეს უკვე სრულიად „სამარხვო" დღეებია: ამ დღეებში, ღვთისმსახურების ტიპიკონის მიხრდვით, აკრძალულია საღვთო ლიტურგიის აღსრულება და მთელ ღვთისმსახურებას უკვე დიდი მარხვის ნიშანი ატყვია. ოთხშაბათს მწუხრის ლოცვაზე იგალობება მშვენიერი სტიქარონი, მარხვის შესაგებებლად:

აღმობრწყინდა სუნნელი არე მარხვის წმიდისა, და ყუავილი სინანულისაჲ, ძმანო, აწ უკუე განვიწმიდნეთ თავნი თჳსნი ყოველთა ბიწთა და შეგინებათაგან, და ნათლის მომცემელს უგალობდეთ და ვთქუათ: დიდებაჲ შენდა, მხოლოო სახიერ და კაცთმოყვარე.
დადგა სურნელოვანი გაზაფხული  წმიდა მარხვისა; აღმოცენდა ყვავილი  სინანულისა; ძმანო, ყოველგვარი  სიბილწისაგან განვიწმიდოთ თავი;  ნათლის მომცემელს (ღმერთს) უგალობოთ და ვთქვათ: დიდება შენდა,  კაცთმოყუარეო!

ყველიერის შვიდეულის შაბათი ეძღვნება ხსენებას „მამათა და დედათა, მარხვითი მოსაგრეობით ცხოვნებულთა": წმინდანები, რომელთა მაგალითს ჩვენც უნდა მივსდიოთ, გვასწავლიან ძნელ გზას, მარხვისა და სინანულის ძნელ ხელოვნებას. ჩვენ მარტონი არა ვართ მარხვის დასაწყისში: „განვადიდებთ წმინდა მამათა კრებულს! ანტონი დიდს, ექვთიმე დიდსა და ძმათა მათთა, რომელთაც თავიანთი ცხოვრების გზა განვლეს სამოთხის სიტკბოების მსგავსად..."

ჩვენ გვყავს შემწენი და სანიმუშო ადამიანები:

„ჩვენ მოწიწებით ვეპყრობით თქვენს მაგალითს, წმინდა მამებო! თქვენ გვასწავლეთ ჭეშმარიტი გზა, კურთხეულ ხართ თქვენ, რადგან იღვაწეთ ქრისტესთვის..."

და ბოლოს დგება უკანასკნელი დღე, რომელსაც მიტევების კვირიაკეს უწოდებენ. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს მისი სხვა, ლიტურგიკული სახელწოდებაც: „ადამის ექსორობაჲ" (სამოთხიდან განდევნა ადამისა). ეს სახელწოდება მართლაც რომ მარხვისათვის მზადების შეჯამებაა. ახლა ვიცით, რომ ადამიანი სამოთხეში საცხოვრებლად იყო შექმნილი, რათა ეცნო ღმერთი და მასთან ჰქონოდა ურთიერთობა. ცოდვამ მოსწყვიტა იგი ამ ნეტარ ცხოვრებას და მისი დედამიწაზე არსებობა დევნილებად იქცა. ქრისტე, ქვეყნიერების მაცხოვარი, უხსნის სამოთხის კარს ყველას, ვინც მას მისდევს, ეკლესია კი ღვთის სასუფევლის მშვენიერებას გვიჩვენებს და ჩვენს ცხოვრებას ზეციურ სამშობლოში მოგზაურობად აქცევს. ამგვარად, დიდი მარხვის დასაწყისში ჩვენ ვემსგავსებით ადამს:

განიდევნა ადამ სამოთხისაგან გემოჲსხილვითა მით ხისაჲთა, და მჯდომარე წინაშე ედემისა, ჰგოდებდა ჴმითა საწყალობელითა და იტყოდა: ჵ რაჲღა შემემთხუა უბადრუკსა; ერთი მცნებაჲ შეურაცხ-ვყავ მეუფისაჲ, და ბევრეულთა კეთილთაგან გამოვიჴუ. სამოთხეო უწმიდესო, ჩემთჳს დასხმულო, და ევაჲს მიერ დაჴშულო, ვითარ-მე გტიროდე შენ, ანუ ვინღა მომცეს მე ყუავილთაგან შენთა განძღომა! ამისთჳსცა მაცხოვარმან ჰრქუა მას: ქმნილისა მის ჴელთა ჩემთაჲსა არა მნებავს წარწყმედაჲ, არამედ ცხორებაჲ და მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა მოსლვაჲ, რამეთუ, რომელი მოვიდეს ჩემდა, არა განვაძო გარე.
ცნობადის ხის ნაყოფის გემოს გასინჯვით ადამი განიდევნა სამოთხიდან. ედემის წინაშე მდგომარე საცოდავი ხმით ქვითინებდა და ამბობდა: „ოჰ, ეს რა შემემთხვა მე უბედურს! მეუფის (ღმერთის) ერთი მცნება დავარღვიე, და ამით მრავალ სიკეთეს მოვაკლდი. წმინდა სამოთხევ, ჩემთვის გაგაშენა ღმერთმა, და ევას გამო ჩემეკეტა კარი; ვინღა მომცემს ნებას, კვლავაც დავტკბე შენი ყვავილებით!" მაცხოვარმა კი ანუგეშა ადამი: „არ მსურს ჩემი ქმნილების დაღუპვა, არამედ ცხოვრება და ჭეშმარიტების შემეცნება; ვინც ჩემთან მოვა, არ გავაძევებ გარეთ".

მარხვა გვათავისუფლებს ცოდვის მონობისგან, „სოფლისა ამის" ტყვეობისაგან. მაგრამ უკანასკნელი კვირის სახარების საკითხავი ამ განთავისუფლების პირობებზე მოგვითხრობს (მ. 6,14-21). პირველი პირობა მარხვაა: უარი უნდა ვთქვათ იმაზე, რომ ჩვენი დაცემული ბუნების სურვილები და მოთხოვნები ნორმალურად მივიჩნიოთ. უნდა ვეცადოთ, გავათავისუფლოთ ჩვენი სული ხორცისა და მატერიის დიქტატისაგან. მაგრამ იმისათვის, რომ ჩვენი მარხვა ნაღდი, ნამდვილი იყოს, იგი არ უნდა იყოს გარეგნული, „საჩვენებელი". ჩვენ მარხულნი უნდა გამოვჩნდეთ არა კაცთა წინაშე, არამედ ჩვენი მამის წინაშე, რომელიც თვითონაა დაფარული. მარხვის მეორე პირობა მიტევებაა. „უკუეთუ არა მიუტევნეთ კაცთა შეცოდებანი მათნი, არცა მამამან თქუენმან მოგიტევნეს თქუენ შეცოდებანი თქუენნი" (მ. 6,15). ცოდვის ზეიმი, მისი ამა სოფლად ბატონობის მთავარი ნიშანი არის მტრობა. უთანხმოება, ცილობა და სიძულვილი. ამიტომ ცოდვის სიმტკიცის პირველი შერყევაა მიტევება: უნდა დავუბრუნდეთ ერთობას, თანხმობასა და სიყვარულს. ღვთის გასხივოსნებული მიმტევებლობა ინათებს ჩემსა და ჩემს „მტერს" შორის, თუ ვაპატიებ. მიტევება ადამიანური ურთიერთობის ყველა ანგარიშგების უარყოფასა და მისი ქრისტესადმი გადაბარებას ნიშნავს. მიტევება ღმრთის სასუფევლის ნამდვილი ძლევამოსილი შეღწევაა ჩვენს დაცემულსა და ცოდვილ ქვეყნიერებაში.

დიდიმარხვა რეალურად ამ კვირადღის მწუხრის ლოცვიდან იწყება. და სწორედ ამ თავისი ღრმა მნიშვნელობით ერთადერთსა და მშვენიერ მწუხრს ჩვენს მრავალ ეკლესიაში არ იხდიან! მაგრამ ამ მწუხრზე უკეთესად არაფერი გვიჩვენებს დიდი მარხვის „განწყობას" მართლმადიდებელ ეკლესიაში, მასზე უკეთესად არაფერს შევყავართ მარხვის მოსაგრეობაში. არსად ასე არ იგრძნობა მარხვის ღრმა მოწოდება ადამიანის მიმართ.

ღვთისმსახურება იწყება როგორც სადღესასწაულო მწუხრი. ღვთისმსახურებს ნათელი შესამოსელი მოსავთ. დასდებელი „უფალო ღაღადვყავსა ზედა" მომავალ მარხვას გვაუწყებს, მის შემდეგ კი - აღდგომის დღესასწაულის მოახლოებას:

ბრწყინვალედ შევიტკბოთ მარხვა, ჰოჲ ძმანო, და ღუაწლთა ძლიერთა ვიწყოთ მოსწრაფედ, და წმიდა-ვყოთ სული ჴორცთა თანა, და ვიმარხოთ ჩუენ ყოველთავე ვნებათაგან, ვითარცა-იგი ჭამადთაგან ვიმარხავთ, და ვიშუებდეთ სათნოებათა შინა ღმრთივსულიერთა, რომელთა მიერ ღირს-ვიქმნეთ ხილვად ყოვლადწმიდათა ვნებათა ქრისტეს მჴსნელისათა, და ცხოველსმყოფელსა და დიდებულსა აღდგომასა მისსა, და სულიერად ვიხარებდეთ, და ვდღესასწაულობდეთ ზეცისა ძალთა თანა, განშუენებულნი სინანულითა.
ბრწყინვალედ დავიწყოთ მარხვის ჟამი, ძმებო; ვესწრაფოთ სულიერ ღვაწლს; განვიწმიდოთ სული და ხორცი; თავი შევიკავოთ არა მართო საჭმელთაგან, არამედ ყოველგვარი ვნებისაგანაც; დავტკბეთ სულიერი სათნოებით, და, მათ მიერ სრულქმნილნი, ღირსი გავხდეთ ქრისტე მაცხოვრის ვნებისა და მისი დიდებული და ცხოველმყოფელი აღდგომის ხილვისა; მოვიპოვოთ სულიერი სიხარული და, სინანულის საკმაულით გამშვენებულთ, ვიდღესასწაულოთ ზეცის ძალებთან ერთად.

ამას, ჩვეულებრივ, მოსდევს შესვლა და „ნათელო მხიარულოს" გალობა. ამის შემდეგ მღვდელი ადის მაღალ დასაჯდომელზე ტრაპეზის მახლობლად და აცხადებს მწუხრის წარდგომას, რომელიც ყოველთვის თან ახლავს ერთი დღის დასასრულსა და მეორის დასაწყისს. ამ მწუხრის ჟამს მარხვის დასაწყისს გვაუწყებს დიდი წარდგომა:

ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა მონისა შენისაგან, რამეთუ მჭირს მე, მსთუად შეგესემინ ჩემი, მოხედენ სულსა ჩემსა, და განარინე იგი.
ნუ შეიბრუნებ პირს შენი მონისაგან, უფალო, რადგან შეჭირვებული და მწუხარე ვარ; მსწრაფლ შეისმინე ჩემი, მოხედე ჩემს სულს და გადაარჩინე იგი.

დაუკვირდით ამ გალობის განსაკუთრებულ ჰანგს, სულის ამ ძახილს, რომელიც უეცრად ავსებს ეკლესიას - „შეჭირვებული და მწუხარე ვარ", - და მიხვდებით დიდი მარხვის საწყის წერტილს, სასოწარკვეთილებისა და იმედის, სიბნელისა და ნათლის იდუმალ ნარევს. სამზადისი დასრულებულია. მე ვდგავარ ღვთის, მისი სასუფევლის დიდებისა და მშვენიერების წინაშე. მე შეგნებული მაქვს ჩემი სიახლოვე ამ სასუფეველთან, მეგნებული მაქვს, რომ სხვა სახლი, სხვა სიხარული და სხვა მიზანი არ გამაჩნია. მაგრამ მე ისიც მაქვს მეგნებული, რომ განდევნილი ვარ ამ სასუფევლიდან ცოდვის სიბნელესა და სევდაში. ამიტომაც ვგლოვობ! და საბოლოოდ, მე შეგნებული მაქვს, რომ მხოლოდ ღმერთს ძალუძს ამ გლოვაში ჩემი შეწევნა, მხოლოდ მას შეუძლია ჩემი სულის ხსნა და ცხოვნება. სინანული კი უპირველეს და უმეტეს ყოვლისა არის ამ საღვთო შეწევნის თავგანწირული ვედრება.

წარდგომა ხუთგზის მეორდება. და აჰა, დიდი მარხვაც დადგა! ნათელი სამოსი შავი სამარხვო სამოსით იცვლება, ქრება ტაძრის კაშკაშა განათება. როცა მღვდელი ან დიაკონი მწუხრის კვერექსს იწყებენ, მგალობელნი უკვე სამარხვო ხმაზე პასუხობენ. პირველად იკითხება ეფრემ ასურის სამარხვო ლოცვა დიდი მეტანიებით. ღვთისმსახურების ბოლოს მლოცველები მიტევების თხოვნით ჯერ მღვდელთან მიდიან, შემდეგ კი ერთმანეთს სთხოვენ მიტევებას. ამ დროს, როცა ეს „მიტევების" წესი სრულდება, რადგანაც სწორედ ამ სიყვარულის, ერთიანობისა და ძმობის აქტით იწყება დიდი მარხვა, გუნდი სააღდგომო საგალობლებს გალობს. წინ გვიდევს ორმოცდღიანი გზა მარხვის უდაბნოში, მაგრამ ამ უდაბნოს ბოლოს უკვე ბრწყინავს სააღდგომო ნათელი, ქრისტეს სასუფევლის ელვარება.

კატეგორია: მარხვები | დაამატა: vasoelis (01.03.2011)
ნანახია: 1089 | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]