ათას ხუთასი მეტანიით მოპოვებული მადლი...წმიდა მეფე დემეტრე თავდადებულზე ჟამთააღმწერელი გვამცნობს: ახალგაზრდა მეფეს „ამას თანა მოეგო მარხულობა, ღამით ლოცვა და მუხლთყრა ფრიადი, რამეთუ ათას ხუთასი მუხლი მოადგის მდაბლად მიწასა ზედა, ესრეთ ყოვლითურთ განშვენებული და განათლებული იყო“. სამწუხაროდ შემდგომ მეფე „სისრულისაგან მცირედ მიდრკა და აღერია წარმართთა და ისწავლა საქმენი მათი უძღებებისა და სიძვისა“. და მოუყვანა სამი ცოლი. ნიკოლოზ კათოლიკოსი დღენიადაგ „ამხილებდა მრავლად და ვერ არწმუნა“ და „ამისათვის დაუტევა კათოლიკოსობა“. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის გამოცხადებით „მოიწია წინაშე დიმიტრი მეფისა“ წინასწარცნობის მადლით გაბრწყინებული მონაზონი ბასილი, რომელმაც ჰკადრა მეფეს: „უკეთუ დაუტევნე უწესონი ქორწინებანი, მე თავმსდებ გექმნე, რათა კეთილად წარგემართოს მეფობანი შენი“. ხოლო როცა ვერაფრით შეასმინა მეფეს, საბოლოოდ უთხრა მას: „უკეთუ არ განეყენო უწესოთა ქორწილშეყოფათა და შეურაცხყვენ სიტყვანი ჩემნი, ბოროტად და უპატიოდ მოიკლა მძლავრთა მიერ“. მხოლოდ მოწამეობრივი აღსასრულით შეძლო მეფემ თავისი შეცდომების გამოსყიდვა და დაიმკვიდრა ცათა სასუფეველი. ხოლო ამ თავგანწირული ნაბიჯის გადადგმაში, მას დაეხმარებოდა მარხვისას ათას ხუთასი მეტანიით მოპოვებული მადლი.
მეფის პასუხი ექიმთა რჩევაზემარხვის ჟამს შეუძლოდ შექმნილია მოხუცებული გმირი მეფე ერეკლე II. ექიმს მისთვის ძალის მოსაკრებლად ქათმის ხორცის ნახარში - ბულიონი შეუთავაზებია. ჯიუტად შეუკრავს შუბლი ერეკლეს, მეფემ რომ მარხვაში ხორცის ნახარში შესვას, რა პასუხი გასცეს მან ერსაო - მიუგია მკურნალისათვის.
როგორ იცავდა წმიდა მეფე ლუარსაბი დიდმარხვას...დიდმარხვის დროს შაჰის ნადიმზე ლუარსაბმა შემოთავაზებული თევზი არ ჭამა. მან პირდაპირ უთხრა შაჰს: დღეს თევზით გინდა გავტეხო მარხვა, ხვალ - ხორცს შემომთავაზებ, შემდეგ ქრისტეს უარყოფასაც მომთხოვო. სიბრაზისაგან გახელებულმა შაჰმა პირდაპირ სჯულის უარყოფა მოსთხოვა მეფეს. - მთელი ქვეყანა რომ მიბოძო, მაინც ვერ აღვასრულებ შენს ბრძანებას, რადგან ქრისტეს სახელით ნათელი მიმიღია და მხოლოდ ის მწამსო! - მხნედ უპასუხა ლუარსაბმა. დატყვევებული გვირგვინოსანი შირაზს წაიყვანეს და დილეგში ჩააგდეს. შვიდი წლის განმავლობაში ყოველდღე შედიოდნენ მასთან ციხეში მოლები, რათა ეცდუნებინათ მეფე - „შეიბრალე შენი სიჭაბუკე, თუ არა, მწარე ტანჯვა და სიკვდილი მოგელისო. „რაცა გნებავთ ყოფად ჩემდა, ჰყავით და აღასრულეთ ბრძანებ ყაენისაო“ - პასუხობდა წმიდა ლუარსაბი.
მეფე გიორგის უკანასკნელი სათხოვარი...საქართველოს უკანასკნელი მეფე გიორგი XII დიდი მმარხველი და მლოცველი იყო. ის განსაკუთრებით განიცდიდა იმ ამბავს, რომ „განმანათლებლური“ იდეების ზეგავლენის ქვეშ მყოფი მისი ძე, ტახტის მემკვიდრე დავითი, საჭიროდ სულაც არ მიიჩნევდა მარხვის დაცვას. შეშფოთებულმა და შეწუხებულმა მეფემ შეუთვალა რუსეთში მყოფ ვაჟიშვილს: „თუ ჩემი სიამოვნება გინდა, მარხვის ჭამაზედ ხელი აიღე და ეკლესიაში ხშირად იარეო“. დავითმა კი დაუბარა: „რაც მე მწამს, ის შენ გაგიწყრესო და შენ რაცა გწამს, მე გამიწყრესო“. მაშინ ბრძანა მეფე გიორგიმ ფსალმუნი ესე: „დადგა იგი ყოველსა გზასა არა კეთილსა და ბოროტი მას არა მოეწყინაო“. კიდევ არა ერთხელ შეახსენა მეფემ ვაჟიშვილს თავისი ქრისტიანული ვალი: შვილო დავით, თურმე თეატრს წარმოდგენას ეძახი და წირვას სათამაშოს. ნუ იქცევი ეგრე. მოიქეც და იწამე, თორემ ღმერთი ღვთისმგმობლეს ტახტს არ აღირსებსო. მაგრამ ამაო გამოდგა მამის შეგონება. სამწუხაროდ, გამართლდა მისი წინასწარმეტყველება - დავითმა სამეფო ტახტი დაკარგა. მოამზადა ნინო ტარყაშვილმა | |
| |
ნანახია: 405 | | |
სულ კომენტარები: 0 | |