2012 წლის 7(20) დეკემბრის წმინდა სინოდის განჩინება
2012 წ. 20 დეკემბერს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდის განჩინებით არქიმანდრიტი გაბრიელი (ურგებაძე) წმიდანად შეირაცხა წმ. ღირსი მამა გაბრიელი აღმსარებელი-სალოსის სახელით. მისი ხსენების დღედ დაწესდა 2 ნოემბერი.
არქიმანდრიტი გაბრიელი, ერისკაცობაში გოდერძი ვასილის ძე ურგებაძე, დაიბადა 1929 წლის 26 აგვისტოს, თბილისში. გოდერძი ჩვილობაშივე მოუნათლავთ წმ. დიდმოწამე ბარბარეს ტაძარში, ნავთლუღის უბანში. გოდერძის ნათლია გახლდათ ყოფილი “მოწყალების და” თამარ ბეგიაშვილი. იმ პერიოდში საქართველოში მძვინვარებდა კომუნისტური რეჟიმი; იდევნებიდა სარწმუნოება; ინგრეოდა თუ იხურებოდა ეკლესიები; უდანაშაულოდ კლავდნენ და ასახლებდნენ მოსახლეობას. დაახლოებით ორი წლის იყო გოდერძი, როდესაც გაურკვეველ ვითარებაში მოუკლეს მამა, ვასილ ურგებაძე. შემდგომში, ოჯახის წევრები მამის საპატივცემოდ ბავშვს ვასიკოს ეძახდნენ. პატარა ვასიკო ბავშვობიდანვე ღვთიური მადლით გამოირჩეოდა. კენჭებისგან პატარა ეკლესიებს აშენებდა და შიგ ასანთის ღერებს ანთებდა. დედას (შემდგომში მონოზონი ანა. დაკრძალულია სამთავროს დედათა მონასტრის ეზოში, შვილის გვერდით) ეშინოდა, რომ არავის შეენიშნა ვასიკოს ამგვარი გატაცება, რადგან არ იყო გამორიცხული ოჯახის დასმენა ბავშვის კომუნისტური იდეოლოგიის საწინააღმდეგოდ აღზრდისთვის. ვასიკო ყრმობიდანვე უცნაურად იქცეოდა - თანატოლებთან თამაშს განერიდებოდა ხოლმე და ამჯობინებდა მარტოობას და მდუმარებას. ბავშვს ერთი საკვირველი გართობა მაინც ჰქონდა: ხელში მოგრძო ჯოხს დაიჭერდა და გაიქცეოდა. ირგვლივ მყოფი ჩიტები ამ ჯოხს მოეხვეოდნენ და ჟღურტულით დაჰყვებოდნენ. ეს მოვლენა ყველას აკვირვებდა. ვასიკო საოცრად ლმობიერი იყო. სახლში თაგვის ხაფანგი არაფრით დაადგმევინა; თაგვს ცოცხლად იჭერდა გალიაში და შემდეგ ეზოს გარეთ უშვებდა. სკოლაში 6 წლის ასაკში შეიყვანეს. წერა-კითხვა და არითმეტიკა ადვილად შეისწავლა, ხოლო კეთილი ზნეობით საყოველთაო სიყვარული დაიმსახურა. ქრისტეს სახელი პირველად 7 წლის ასაკში გაიგო, რამაც ვასიკოს ჩვეული ცხოვრება სრულიად შეცვალა. მალევე შეაგროვა ფული და შეიძინა სახარება, რაც ახალი ცხოვრების საწყისად იქცა. იმ დღიდან აღსასრულამდე გაბრიელ ბერი ერთი აზრით და სურვილით განიმსჭვალა – ეცხოვრა მხოლოდ ქრისტესთვის. დღემუდამ თავის სახარებას კითხულობდა და სხვა არაფერი აინტერესებდა; გაკვეთილებს კი მცირე ხნით თუ გადაავლებდა თვალს, ბევრი დრო რომ არ წართმეოდა. დაძინებისას, თავის ოთახში შევიდოდა და ხატების კუთხეში ხანგრძლივად ლოცულობდა. სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე გაბრიელ ბერს მოუგონებია თავისი ბავშვობის ის პერიოდი: - მეორე სართულზე, აივანზე ვიჯექი ჩემთვის ჩაფიქრებული, როდესაც შინაგანი კარნახივით მომეცა – ცას ახედეო. ავდექი, აივნის ნაპირთან მივედი, ავიხედე და ვხედავ, ცაზე დიდი ჯვარი იყო აღმართული. მაშინ ვერა, მაგრამ ახლა კი ვიცი, რომ ეს იყო ჩემი ჯვარი, რომელიც ღმრთისა და მოყვასის სიყვარულით უნდა მეტვირთა და მეტარებინა.
ამავე პერიოდს ეხება გაბრიელ ბერის კიდევ ერთი მოგონება: - ღამე, როცა მეძინა, უეცრად გამეღვიძა და დავინახე, ჩემს წინ საზარელი სახის დემონი აღმართულიყო. რისხვით მიყურებდა. ღმრთის მადლით არ შემშინებია, დავიძაბე, მაგრამ არც არაფერი ვიღონე მის განსადევნად, უბრალოდ, გაკვირვებით შევყურებდი. მან დამიღრიალა – შენ მებრძვი მეო?! და მუშტი თავში ჩამარტყა. პატარა ვასიკომ ამ განსაცდელით სარგებელი ჰპოვა, რაშიც თვით გაბრიელ ბერის მოგონებაც გვარწმუნებს: - როდესაც დემონი ვიხილე, მაშინ სრულიად განმტკიცდა ჩემი რწმენა ქრისტეში, რადგან ვთქვი, თუკი ეშმაკი არსებობს, ღმერთი ხომ უფრო მეტად-თქო. და თან ამით კიდევ, მოყვასო, ადამიანის სილამაზე დავინახე და დავაფასე.
12 წლის ვასიკოს წრფელი სიყვარულისა და მოღვაწეობრივი ცხოვრებისათვის უფლისგან ძალმოსილებისა და საღმრთო გამოცხადებათა მადლი მიენიჭა.
მონოზონი პელაგია (გურჯაანის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მონასტრის ყოფილი წინამძღვარი), გაბრიელ ბერის თანატოლი და მეზობელი, იგონებს: - ზაფხულის ერთ დღეს ბიძაჩემი სახლში მოვიდა და ყველას გასაგონად, ხმამაღლა სთქვა – “დიდება ქრისტე ღმერთს, ჯერ კიდევ ჰყოლია თავისი გამორჩეული ხალხი დედამიწაზე”. კითხვაზე – “რა მოხდა, რამ გაგაოცაო” - მოგვიყვა: “სახლში ძველი ბარბარეს გზით მოვდიოდი და წმ. გიორგის დანგრეულ ტაძარს რომ მივუახლოვდი, რას ვხედავ, გოდერძი, ვასიკოს ბიჭი, ამ პაპანაქება სიცხეში ტაძარს დიდი ლოდებისაგან ასუფთავებდა. მუშაობაში გართულმა ერთი ხანობა ვერ შამამჩნია, მეც ამ სანახაობის შემხედვარემ, ხმა არ ამოვიღე, ხოლო როცა დამინახა, გაუხარდა და მითხრა – “მოდი მუხა ძია, და თუ შეძლებ - ერთი დიდ ლოდზე მიჩვენა, - ასწიეო”. “მუხას” ბიძაჩემს დიდი ძალისა და ფალავნობისთვის ეძახდნენ, ისე კი გიორგი ერქვა. მუხამ განაგრძო – “ძალიან ვეცადე, მაგრამ ადგილიდან ძვრა ვერ ვუყავი. ის კი მივიდა, “ქრისტეს სახელითო” თქვა, ასწია და ტაძრის გარეთ მოგროვილ ლოდებთან დასდო”. ჩვენი ოჯახი მორწმუნე იყო, მაგრამ იმ ავბედითი რეჟიმის გამო ეკლესიაში სიარულსა და მარხვას შეეშვნენ. მუხა ძიამ კი იმ დღიდან კვლავ დაიწყო ქრისტიანული ცხოვრება.
მეორე მსოფლიო ომის დროს გაუბედურებული ხალხი, ვისაც ფრონტიდან ცნობა არ ჰქონდათ ახლობლებზე, ვასიკოსთან მიდიოდა ამბის გასაგებად. მამა გაბრიელი, რომელიც მაშინ 12 წლის იყო, ყველას პასუხს აძლევდა და თან უქადაგებდა: - “ეკლესიაში იარეთ, ქრისტეს არ მოსწყდეთ და სულის ცხონება არ დაკარგოთ”.
პატარა ვასიკოს სიტყვა არასდროს ცუდდებოდა; მადლიერი ხალხიც თანდათან სარწმუნოებას უბრუნდებოდა და ეკლესიაში იწყებდა სიარულს. ხალხისგან პატივისცემას ვასიკო ყოველთვის გაურბოდა და თავის დასამბდაბლებლად ხანდახან ძალიან უცნაურად იქცეოდა: უბანში, ყველაზე გამოსაჩენ ადგილას ნაგავში ჩაჯდებოდა და ხმამაღლა ამბობდა: - “არ დაგავიწყდეს, ვასიკო, რომ ნაგავი ხარ და თავი დიდი ვინმე არ გეგონოს”.
ოჯახის წევრები ვასიკოს ამისთვის ურისხდებოდნენ და სჯიდნენ კიდეც, მაგრამ ხალხი მის დაცინვას და შეურაცხყოფას ერიდებოდა.
გაბრიელ ბერის ცხოვრების ამავე პერიოდს ეხება კიდევ ერთი განსაცვიფრებელი ამბავი: კომუნისტური რეჟიმის დევნისას ხალხი წმინდა ხატებს სხვენსა თუ სხვადასხვა საცავში მალავდა. მრავალ ადამიანს გაუნელდა რწმენა და სიწმინდეებს საჭირო პატივს ვეღარ მიაგებდა. აი, ამნაირთ მიადგებოდა პატარა ვასიკო და ეუბნებოდა: “თქვენთან, სახლში (ადგილს ზუსტად მიუთითებდა) ხატი გისვენიათ. ან ჯეროვანი პატივი მიაგეთ, ანდა მე მომეცით და ჩემთან მექნება; შემდგომ, თუ კვლავ მოინდომებთ მათ პატივისცემას, მოდით და სიხარულით დაგიბრუნებთ”. ზოგიერთი შეინანებდა და ხატს იტოვებდა, ზოგიც კი, ვისაც ამის სურვილი არ ჰქონდა, ხატს ატანდა. ამ მოქმედებით ყველა გაკვირვებული რჩებოდა. პატარა ვასიკო ხატებს განსაკუთრებული სიყვარულით ეპყრობოდა. მის მიერ აშენებულ ეკლესიაში და სამთავროს დედათა მონასტერში არსებულ კელიაში დღესაც ყველას აოცებს ლამაზად და დიდი რუდუნებით გამშვენებული ხატები, რომლებიც თითქმის სრულად ფარავენ კედლებსა თუ ჭერს, რაც დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ახდენს მომლოცველებსა თუ დამთვალიერებლებზე. პატარა ვასიკოს თითქოსდა უშფოთველი ცხოვრება დიდხანს არ გაგრძელებულა. დედა – ბარბარე, კეთილსინდისიერი და შრომისმოყვარე ქალი გახლდათ. ახალგაზრდობაში ლამაზი შეხედულების ყოფილა და ადრიანად გათხოვდა, 14 წლის ასაკში. პირველი ქორწინებიდან მას სამი შვილი – ემა, მიქაელი და გოდერძი-ვასიკო შეეძინა. შემდეგ ოჯახში მოხდა ტრაგედია; მეუღლე ვასილი გაურკვეველ ვითარებაში დაეღუპა. 22 წლის ქალი უმწეო მდგომარეობაში აღმოჩნდა. შემწე არავინ ჰყავდა და იძულებული იყო მძიმე შრომის ფასად ერჩინა ოჯახი. მეორე ქორწინებიდან ქალიშვილი - ჯულიეტა შეეძინა. პირველი სერიოზული გამოცდა გაბრიელ ბერს 12 წლის ასაკში მოუხდა. დედა, მიუხედავად იმისა, რომ არ იყო ურწმუნო ადამიანი, თითქმის სრულიად უკრძალავდა პატარა ვასიკოს სარწმუნოებრივ ცხოვრებას. თავდაპირველად, როდესაც შვილმა სარწმუნოებისადმი საოცარი ლტოლვა გამოამჟღავნა, დედის გაკვირვება გამოიწვია. მაგრამ, როდესაც ვასიკოს პიროვნებაში ქრისტეს რწმენამ ღრმა და ჩამოყალიბებული სახე მიიღო, დედამ კატეგორიულად მოსთხოვა შვილს ხელი აეღო მის არჩევანზე. – “ადამიანი არა ხარ, რა თავს იტანჯავ, ჩვეულებრივ, როგორც ყველა, ისე იცხოვრე. თუ გინდა მორწმუნე იყავი, მაგრამ ისე არა, მხოლოდ სახარება და სარწმუნოება გინდოდეს”.
მრავალი წლის შემდეგ, როედესაც მძიმედ დასნეულებულ გაბრიელ ბერს გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე სამთავროს მონასტრის სენაკში ესტუმრნენ მოხუცებული დედა და დები, ცრემლმორეულმა ბარბარემ ტირილით მიმართა: - განა რა იყო შენი ცხოვრება, გაბრიელ, ტანჯვა-წამების გარდა? ბავშვობა შენ არა გქონია და არაფერი, რა იქნებოდა ცოტა მაინც დაგეჯერებინა და თავს მოფრთხილებოდი, შენც ხომ ადამიანი იყავი.
გაბრიელ ბერმა თვალებაცრემლებული დედა რომ იხილა, შეწუხდა; შეწუხდა, ერთი მხრივ, იმით, რომ მშობელ დედას კვლავ არ ესმოდა მისი. და მეორე: ის იყო დედა, რომელიც მონაწილე იყო შვილის მძიმე ცხოვრებისა და მისი ეს ცრემლები ღრმა ცხოვრებისეული ტკივილისგან მოდიოდა. ხანმოკლე სიჩუმის შემდეგ მამა გაბრიელმა ლმობიერი ხმით უპასუხა: - მე სხვანაირი ცხოვრება არ შემეძლო.
არც 12 წლის ასაკში არ შეეძლო ვასიკოს სხვაგვარი ცხოვრება. შვილისგან მორიგი უარის გაგონებაზე განრისხებულმა ბარბარემ სახარება საპირფარეშოში გადაუგდო. ვასიკოს იმწამსვე ამოუღია სახარება, გულში ჩაუკრავს და გულსაკლავად ატირებულა. ეს შემთხვევა იყო ზღვარი, როდესაც ვასიკოს უნდა გაეკეთებინა თავისი არჩევანი. ნაშუაღამევს ვასიკომ თავისი განუყრელი სახარება აიღო და სახლიდან წავიდა. გვიანი შემოდგომა იყო. მთელი ღამისა და დღის ნამგზავრი ბავშვი საღამოხანს ჩასულა მცხეთაში. პირველად სამთავროს დედათა მონასტერში მისულა. იღუმენია ანუსიამ (კოჭლამაზაშვილი) ვასიკო სიყვარულით მიიღო, გაათბო და გამოკვება, მაგრამ ვერ დაიტოვა, რადგან დედათა მონასტერში მამაკაცის მიღება არ შეიძლებოდა და უთხოვია სვეტიცხოველში ჩასულიყო. ვასიკოს გულმხურვალედ ულოცია სამთავროს ივერიის ღმრთისმშობლის ხატთან და უთხოვია, მონასტერში სენაკი და ცხოვრების უფლება მიეცა. სვეტიცხოველში 3 დღე გაუჩერებიათ, რადგან მთავრობის დადგენილებით არასრულწლოვანთა ხანგრძლივად შეფარება იკრძალებოდა. შემდეგ შიო-მღვიმეს მონასტერში ასულა, სადაც ასევე მხოლოდ 3 დღით შეიფარეს და მცირე საგზლით ზედაზნის მონასტერში გააცილეს. იმჟამად ზედაზენზე რამოდენიმე მხცოვანი ბერი მოღვაწეობდა. მათ იმდენად შეიყვარეს ნორჩი მორწმუნე, რომ მონასტრის ახლოს ფარული სამყოფი მოუწყვეს და რამდენიმე კვირა დაიტოვეს. ჩეკისტების გამკაცრებული კონტროლის გამო ბერები იძულებული გახდნენ ღვთისმსახურებით გულანთებული ბავშვი ბეთანიის მონასტერში გაეგზავნათ. ვასიკოს დაწვრილებით აუხსნეს გზა და საგზალიც გაატანეს. ბეთანიაში მას დახვდა ორი ბერი - ღირსი მამა გიორგი (მხეიძე) და ღირსი მამა იოანე (მაისურაძე). ბეთანიელი ბერები გაბრიელ ბერის უსაყვარლეს მოძღვრებად იქცნენ. ბეთანიიდან წამოსული ვასიკოს ზუსტი ადგილსამყოფელი და ცხოვრება უცნობია. გარკვეული პერიოდი იგი ერთმა კეთილმა ქალმა, მარგომ შეიფარა, რომელიც თბილისში ცნობილი მკითხავი იყო. პატარა ვასიკო წუხდა, რომ ასეთი კეთილი ადამიანი შემცდარიყო და დიდ ცოდვაში იმყოფებოდა. ერთხელ მარგო ავად გამხდარა, ვასიკოს კი იგი დაუწყნარებია და უთქვამს: “შენს მაგივრად მე მივიღებ ხალხსო”. მართლაც, სამკითხაოდ მოსულ ხალხს ღვთივსულიერი ბავშვი ქრისტეზე უქადაგებდა და ეკლესიური ცხოვრების აუცილებლობაში არწმუნებდა. ღვთისგან ვასიკოს წინასწარმეტყველების ნიჭი მიეცა და სამკითხაოდ მოსულ ხალხს ესაუბრებოდა მათ განსაცდელზე და იმ ცოდვებზე, რომლებიც არც კი ახსოვდათ. მოუწოდებდა, მღვდელთან აღსარებაზე მისულიყვნენ და მიეღოთ წმინდა ზიარება. მიმსვლელები გაოგნებულნი და გაკვირვებულნი იყვნენ ბავშვის ქცევით. ვასიკოს შეწევნით მარგომ მიატოვა მკითხაობა და ეკლესიური ცხოვრება დაიწყო, რამაც იმ დროინდელ თბილისში დიდი მითქმა-მოთქმაც გამოიწვია. ვასიკოს კი დედა მთელი ამ დროის განმავლობაში დაუღალავად ეძებდა და ბოლოს მიაგნო კიდეც მის ადგილსამყოფელს. - ოღონდ შენ სახლში დაბრუნდი, და როგორც შენ გინდა, ისე იყოს. მე შენს არჩევანს აღარ დაგიშლი – უთქვამს შვილის ნახვით გახარებულ დედას.
ვასიკო სახლში დაბრუნდა. ამის შემდგომ ბარბარეს მკაცრი მიდგომა აღარასოდეს გამოუჩენია შვილისადმი, თუმც, დროდადრო მოუწოდებდა ეცხოვრა ჩვეულებრივად და არა მხოლოდ სარწმუნოებით. ვასიკო სახლში დაბრუნების შემდეგ თვეში ერთთელ მაინც ადიოდა ბეთანიაში და იქ მოღვაწე მხცოვან ბერებს სხვადასხვა საქმეში ეხმარებოდა.
16 წლის ჭაბუკი მარტყოფის მონასტრის მოსალოცად ფეხით გაემგზავრა. აქ ვასიკოს ღვაწლმოსილი ბერი მამა აითალა დახვდა, რომელსაც დიდად აფასებდა მამა გაბრიელი და პატივისცემით მოიგონებდა ხოლმე შემდგომ წლებში – “დიდი ბერი, დაფარულთა მცნობელი ბერი იყოო”. მამა გაბრიელის ცხოვრების ამ პერიოდში საგულისხმოა კიდევ ერთი ამბავი: ძველი ვერის სასაფლაოზე, სადაც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპული იუნკერები იყვნენ დაკრძალული, კომუნისტურმა მთავრობამ ბაღის მოწყობა გადაწყვიდა და ტერიტორია ბულდოზერებით მოასწორეს. ამ ბარბაროსული ქმედების შედეგად მიცვალებულთა ძვლები მიწის ზედაპირზეც აღმოჩნდა. ახალგაზრდა ვასიკომ ეს ძალზედ განიცადა და ღამ-ღამობით, ფარულად, ძვლებს ტომრით აგროვებდა და უსაფრთხო ადგილას კვლავ მიწას აბარებდა.
1949 წ.-ს ვასიკო საბჭოთა ჯარში გაიწვიეს. სამხედრო სამსახური მან ბათუმში, სასაზღვრო ნაწილში გაიარა. მიუხედავად მკაცრი რეჟიმისა, ვასიკო ახერხებდა მარხვის შენახვას. იგი ფარულად წმ. ნიკოლოზის მოქმედ ეკლესიაშიც კი დადიოდა და წმიდა საიდუმლოებებს ეზიარებოდა. სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის შემდეგ ვასიკო სახლში დაბრუნდა. სულ მალე იგი გამოიძახეს სამედიცინო დისპანსერში და დაკითხვა მოუწყვეს; გაახსენეს ბავშვობისდროინდელი ხილვის შესახებ, როდესაც მას 12 წლის ასაკში გამოეცხადა ბოროტი სული. რამდენიმე დღეში ვასიკომ მიიღო საბუთი, რითაც მას აცნობეს, რომ იგი მიჩნეული იყო ფსიქიურად ავადმყოფად და ეკრძალებოდა თანამდებობრივი საქმიანობა. მას დაენიშნა მეორე კატეგორიის ინვალიდის პენსია, რაც, თავისთავად, უხეში სამართლებრივი დარღვევა იყო, რადგან საბჭოთა კანონმდებლობით, ამგვარი პიროვნების ჯარში გაწვევა არ შეიძლებოდა. ყოველივე ეს საბჭოთა უშიშროების და პარტიული იდეოლოგიის მესვეურთა მხრიდან გაკეთდა, რათა მსგავსი ცნობიერების ადამიანს ცხოვრებისეული წინსვლის შემთხვევაში არ შეექმნა საფრთხე კომუნისტური სისტემისათვის.
ამ დროიდან ვასიკო კიდევ უფრო სერიოზულად მიუდგა სულიერ ცხოვრებას. სახლის საკარმიდამო ეზოში მცირე ზომის საცხოვრებელი აიშენა, სადაც განმარტოებით, სიმშვიდეში იწყო მოღვაწეობა. წირვა-ლოცვებზე სიონის საკათედრო ტაძარში დადიოდა. ახალგაზრდა ვასიკომ მალევე მიიქცია უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის მელქისედეკ III-ის ყურადღება. პატრიარქის კურთხევით ვასიკომ დარაჯად დაიწყო მუშაობა, შემდგომ კი მედავითნედ მსახურობდა სიონის ტაძარში. 1955 წ.-ის იანვარში ვასიკო დიაკვნად აკურთხეს, ხოლო 23 თებერვალს ქუთაისის მოწამეთას მონასტერში ვასიკო ბერად აღიკვეცა და მისი სურვილისამებრ ეწოდა გაბრიელი. 3 დღის შემდეგ წმ. პეტრე-პავლეს საკათედრო ტაძარში ქუთათელ-გაენათელმა ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ჩაჩანიძე) მღვდელ-მონოზვნად დაასხა ხელი.
დღიდან აღკვეცისა, გაბრიელ ბერი საოცარი სიყვარულით და მოშურნეობით იღწვოდა ღვთისა და მოყვასისთვის. მელქისედეკ III-ის კურთხევით ჯერ სიონში მსახურებდა, 1960 წლიდან კი ბეთანიის მონასტერში, თავის საყვარელ მოძღვართან მამა გიორგისთან (მხეიძე) და მღვდელ-მონოზონ ვასილთან (ფირცხალავა) ერთად მოღვაწეობდა. 1962 წლის მიწურულს, მამა იოანეს (მაისურაძე), მღვდელ-მონოზონ ვასილის (ფირცხალავა) და მამა გიორგის (მხეიძე) გარდაცვალების შემდეგ მთავრობამ ბეთანიის მონასტერი დახურა. გაბრიელ ბერი თბილისში დაბრუნდა, სადაც თავის საკარმიდამო ეზოში სრულიად მარტომ დაასრულა 7 გუმბათიანი მცირე ზომის ეკლესიის მშენებლობა.
1962-1965 წწ.-ში გაბრიელ ბერი ყოვლადწმიდა სამების ტაძარში მსახურობდა, სადაც მცირე მრევლი ჰყავდა შემოკრებილი.
თანამედროვე თაობისთვის ძნელია წარმოდგენა იმისა, თუ რა საოცარი სულის მხნეობა ჰქონდა ახალგაზრდა გაბრიელ ბერს, რომელმაც უსაშინლესი კომუნისტური სისტემის წინააღმდეგ გამაოგნებელი და უპრეცედენტო ნაბიჯი გადადგა: 1965 წლის 1 მაისს მინისტრთა საბჭოს წინ გამართულ დემონსტრაციაზე დაწვა ლენინის უზარმაზარი პორტრეტი. თავზარდაცემულ ხალხს ბერი გაბედულად უქადაგებდა: - დიდება ამ მკვდარს კი არ უნდა, არამედ ქრისტე ღმერთს შვენის, რომელმაც სიკვდილი დასთრგუნა და საუკუნო ცხოვრება მოგვანიჭა.
გაავებულმა ბრბომ გაბრიელ ბერი უმოწყალოდ ჩაქოლა. ქალაქში გამოცხადდა პირველი კატეგორიის განგაში და ბერი სიკვდილს მხოლოდ ცნობილი მე-8 პოლკის ჩარევამ გადაარჩინა. ცოცხალ-მკვდარი გაბრიელ ბერი ყბა-სახის და სხეულის 17 მოტეხილობით უშიშროების იზოლატორში გადაიყვანეს. მას უპირობო დახვრეტის მუხლი მიუყენეს, გამოძიება კი მხოლოდ ფორმალურ მხარეს ატარებდა. მაგრამ კომუნისტური რეჟიმის მესვეურთ ჰქონდათ ერთი განსაკუთრებული ინტერესი - ისინი მოითხოვდნენ ეღიარებინა ბერს, რომ ეს ეკლესიის დავალებით ჩაიდინა, სანაცვლოდ კი სიცოცხლის შენარჩუნებას სთავაზობდნენ. ხანგრძლივი ტანჯვა-წამების მიუხედავად, გაბრიელ ბერი ურყევად იდგა. პირიქით, მორიგ დაკითხვაზე ლენინი კვლავ მხეცად მოიხსენია, რაზედაც კვლავ ცემა და წამება მიიღო. ეს ფაქტი უცხოეთის პრესისთვის არ დარჩენილა უცნობი. ევროპისა და ამერიკის ჟურნალ-გაზეთებით ფართოდ გავრცელდა ეს დაუჯერებელი და სენსაციური ამბავი. სიტუაციის ამგვარი განვითარება კრემლის პოლიტიკაზეც აისახა და დახვრეტის მაგივრად გაბრიელ ბერი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს, როგორც სულიერად დაავადებული ადამიანი. საბჭოთა მთავრობა მამა გაბრიელს სამუდამოდ უპირებდა ფსიქო-ნევროლოგიურ საავადმყოფოში იზოლირებას, მაგრამ უფალმა თავის ერთგულ მსახურს არა ამისათვის შეუნარჩუნა სიცოცხლე. საინტერესოა სამედიცინო დასკვნის ამონაწერი:
საქართველოს სსრ.
ქ. თბილისის ჯანმრთელობის დაცვის ქალაქის ფსიქო-ნევროლოგიური საავადმყოფო
19/ 1 – 1966 წ.ქ. თბილისი, ელექტრონის შეს., 1
№ 666
ავადმყოფი ურგებაძე გოდერძი ვასილის ძე, დაბ. 1929 წ., 6 კლასის განათლებით, მცხ. თეთრიწყაროს ქ. 11. ქალაქის ფსიქო-ნევროლოგიურ საავადმყოფოში სტაციონირებულია 18. VIII.1965 წ., მოყვანილია საპატიმროდან იძულებით მკურნალობაზე.
დიაგნოზი: ფსიქოპატიური პიროვნება, მიდრეკილი შიზოფრენიის მაგვარი ფსიქოზური ჩავარდნებით. გაეწერა: 19 / XI _ 65წ. ანემნეზის თანახმად, თორმეტი წლის ასაკში მოლანდებია ბოროტი სული, თავზე რქებით... ავადმყოფი ამტკიცებს, რომ რაც ქვეყნად და მსოფლიოში ცუდი ხდება, ბოროტის ბრალია. 12 წლიდან დაუწყია სიარული ეკლესიებში, ლოცულობდა, შეუძენია ხატები, შეუსწავლია საეკლესიო დამწერლობა... 1949 წელს იყო გაწვეული სამხედრო სამსახურში. იქ მყოფიც კი თავისუფალ დროს ეკლესიაში ატარებდა. ოთხშაბათს და პარასკევს არაფერს ჭამდა. უფროსები და ჯარისკაცები სიცილით უსმენდნენ მის ბოდვას: „ოთხშაბათს იუდამ ქრისტე ოცდაათ ვერცხლად გაყიდა, პარასკევს კი _ ებრაელმა მღვდელმთავრებმა ჯვარზე გააკრესო~. ერთთავად სულ ჰალუცინაციებში იყო.… როგორც საქმიდან ირკვევა, 1965 წ. 1 მაისს, დემონსტრაციის დღეს დაუწვავს დიდი პორტრეტი ლენინისა, რომელიც იყო ჩამოკიდებული მინისტრთა საბჭოს შენობაზე. დაკითხვის შემდეგ განუცხადებია, მან ეს ჩაიდინა იმისათვის, რომ იქ უნდა ეკიდოს ქრისტეს ჯვარცმის სურათი, რომ მიწიერი ადამიანის გაღმერთება არ შეიძლებაო - ეჭვი დაებადათ მისი ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ, რის გამოც იქნა გამოგზავნილი სასამართლო-ფსიქოპატიულ ექსპერტიზაზე. გამოკვლევით დადგინდა: ავადმყოფს ორიენტაცია აქვს არეული ადგილში, გარემოში, დროში. თავისთვის ბუტბუტებს დაბალი ხმით: სწამს არსებობა ზეციური არსისა, ღმერთისა და ანგელოზებისა და ა. შ. საუბრისას ფსიქოპატის ძირითადი ღერძი ყოველთვის იქეთკენაა წარმართული, რომ ღმერთის ნებაყოფლობითაა ყველაფერი და ა. შ. განყოფილებაში სხვა გიჟებისაგან განმარტოებულია. თუკი ვინმე გამოელაპარაკა, უთუოდ უხსენებს ღმერთს, ანგელოზებს, ხატებს და ა. შ. არის სრულიად უკრიტიკო თავის მდგომარეობის მიმართ. ჩაუტარდა ამინაზინოფრაზია და სიპტომიციური ხასიათის თერაპია, რის შემდეგაც გატარებულია კომისიაზე.
სტაციონარის აქტი 1965 წ. №42
/კომისიის თავმჯდომარე: მედ. მეცნიერებათა კანდიდატი/ მთავარი ექიმი თ. აბრამიშვილი, წევრები: ჯ. შალამბერიძე და ექიმი კროპოვი.
გაწერილ იქნა საავადმყოფოდან 19/XI-65 წ. წაიყვანა დედამ სახლში.
ექ. ლეჟავა 19/I-1966 წ.
ფსიქიატრთა მხრიდან ამგვარი, ვითომ უარყოფითი დასკვნა, მტკიცებაა მამა გაბრიელის ღმრთისმოყვარეობისა და რჩეულობისა. საკვირველია, რომ საბჭოთა ხელისუფლებას სამედიცინო დასკვნად მამა გაბრიელის ღმრთისსათნო ცხოვრების აღწერას უწერენ, რომელსაც პარტიული მოღვაწენი სიამოვნებით სჯერდებიან. როდესაც ღვთის ნება ადამიანთა ცხოვრებაში შემოდის, მაშინ ჩვენი გონებისთვის მრავალი საკვირველი რამ ხდება.
მამა გაბრიელი დაპატიმრებიდან 7 თვეში გაანთავისუფლეს, რაშიც გარკვეული წვლილი მიუძღოდა ღვაწლმოსილ აკადემიკოსს ავლიპ ზურაბაშვილს. სამი ათეული წლის შემდეგ, როდესაც გაბრიელ ბერი უკვე სამთავროს მონასტერში მოღვაწეობდა, მას სტუმრად ეწვია ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მართლმადიდებლური მონასტრის წმ. გერმანე ალიასკელის ძმობის წევრი მღვდელ-მონოზონი გერასიმე, რომელმაც შემდგომში გამოსცა წიგნი ინგლისურ ენაზე - “ქრისტეს აღმსარებელი თანამედროვე მსოფლიოში”. წიგნი მთავრდება შემდეგი სიტყვებით: “მამა გაბრიელმა დაგვლოცა. ჩვენ დავემშვიდობეთ ერთმანეთს. ვბრუნდებოდით უკან და არ გვტოვებდა განცდა იმისა, რომ მოწმე შევიქმენით ახალი აღთქმის ეკლესიის ტრიუმფისა ჩვენს დროში”.
მიუხედავად იმისა, რომ გაბრიელ ბერს მღვდლობა ხელშეუხებლად დაუტოვეს, ეკლესიაში მსახურება აუკრძალეს. ამ იძულების გამო წირვა-ლოცვას ის მრევლთან ერთად ესწრებოდა და როგორც ერისკაცი, ისე ეზიარებოდა. მას ხშირად იბარებდნენ უშიშროებაში, საიდანაც საშინლად ნაცემი ბრუნდებოდა. ყოფილა ისეთი შემთხვევაც, როცა სასტიკად ნაცემს სიარული აღარ შეეძლო. მაშინ ოჯახის წევრებს აცნობეს მისამართი და მოსთხოვეს სახლში წაეყვანათ. ამ დროიდან მამა გაბრიელი იწყებს ისეთი წესით ცხოვრებას, რომელიც ძალზედ მტკივნეული იყო მისთვის. ის სულიერად ავადმყოფად უნდა მოსჩვენებოდა ხალხს; გარეგნულად უარი უნდა ეთქვა ცხოვრების ჩვეულ წესზე. მდუმარების მაგივრად – ხმამაღლა ქადაგებდა ქუჩებში. აქამდე თუ მკაცრად იკრძალავდა ღვინოს, ახლა უკვე ხალხში ყველას დასანახად დალევდა და ლოთად მოაჩვენებდა თავს. სალოსობა დიდი ღვაწლია. ადამიანთა წინაშე სულელად მყოფობა მოითხოვდა საკვირველ გმირობას, სულიერ ძალასა და საღმრთო გონებას. “სულელი იგი ღმრთისა უბრძნეს კაცთა არს და უძლური იგი ღვთისა უძლიერეს კაცთა არს (1 კორ. 1: 25). განსაცვიფრებელია გაბრიელ ბერის უდიდესი თავმდაბლობა. მისი უფროსი და ქ-ნი ემმა იგონებს:
- არა, ჩვენ მას ვერ ვუგებდით. ის ბავშვობიდან სხვანაირად ფაქიზი სულის კაცი იყო. როდესაც მღვდლად აკურთხეს, ხალხი თავისებურ პატივს სცემდა. გაბრიელი სახლში რომ მოვიდოდა, თავის ეკლესიაში შესული ხშირად გულსაკლავად ტიროდა. ერთხელ ეკლესიის კარი ღიად ჰქონდა და ტირილის ხმა რომ გავიგე, შევედი და შეწუხებულმა ვკითხე – ვასიკო, ძმაო, რად სტირი ასე, რამე ცუდი ხომ არ არის შენს თავს?
- დაო, ქრისტე ბაგაში იშვა, მე კი ხალხი პატივს მომაგებს და ხელებზედ მკოცნის.
მიუხედავად მამა გაბრიელის საოცარი სიმდაბლისა, მისი საკვირველი მადლმოსილების – სიყვარულის, სიკეთის, სიბრძნის, წინასწარმეტყველების, ადამიანთა დაფარულთა ცნობის და ძალმოსილების – დროის, სივრცის და მატერიის ძალუმად ფლობის გამო მრავალი სასულიერო თუ საერო პირი მას პატივითა და კრძალულებით ეპყრობოდა.
გავიდა 4 წელი გაბრიელ ბერის ციხიდან და საგიჟეთიდან გათავისუფლების შემდეგ. კომუნისტური ხელისუფლება ვერ ეგუებოდა ბერის გაბედულ მოღვაწეობას და აღმსარებლობას. გადაწყდა მისი ეკლესიის დანგრევა, რაც გამოხატულება იყო პირსისხლიანი წითელი რეჟიმის შინაგანი ბრძოლისა გაბრიელ ბერის წინააღმდეგ. საოცარია, მაგრამ დანგრეული ეკლესია გაბრიელ ბერმა კვლავ აღადგინა. მასთან ბოდიშის მოსახდელად ჯერ მილიციის უფროსი მისულა ფარულად, ხოლო შემდეგ კი რაიკომის მდივანი.
მამა გაბრიელმა ეკლესია-სამლოცველო მალევე აღადგინა, მაგრამ არა პირვანდელი სახით. 7 გუმბათის მაგივრად მხოლოდ ერთი და მაღალი გუმბათი დაადგა თავს. დღეს გაბრიელ ბერის მიერ აშენებული ეს საოცარი ეკლესია სწორედ ამგვარი სახით არის მოღწეული. 1971 წ.-ს კათალიკოს-პატრიარქის ეფრემ II-ის და მიტროპოლიტ ილიას (დღეს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი; მისი უწმინდესობა იმჟამად სემინარიას განაგებდა) კურთხევით გაბრიელ ბერი დადგინდა სამთავროს დედათა მონასტრის და სემინარიის მოძღვრად. საცხოვრებლად, მუდმივ მფლობელობაში, გადაეცა სამთავროს მონასტერში მდებარე კოშკი. მამა გაბრიელი ხანდახან წრფელი სიხარულით იტყოდა: - “მაცხოვრისა და ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მოწყალებით და ორი პატრიარქის კურთხევით მაქვს ეს სენაკი მოცემული”.
1972 წლიდან 1990 წლამდე, სამთავროში საბოლოოდ დამკვიდრებამდე, მამა გაბრიელმა განსაკუთრებულ ღვაწლად იტვირთა დანგრეული თუ კომუნისტური რეჟიმის გამო დახურული და მიტოვებული ეკლესია-მონასტრების მოლოცვა. ასეთი მოლოცვები თუ განპირობებული იყო შორი მანძილით, რთული გეოგრაფიული მდებარეობით ან რაიმე საფრთხით, მამა გაბრიელი ყოველთვის მარტო მიდიოდა. ჩვეულ პირობებში კი მუდამ თან ახლდა რამდენიმე მორწმუნე, რომლებიც ღვთისმსახურებაში, მედავითნეობით თუ სხვა რამ სახით შეეწეოდნენ ხოლმე მას. მამა გაბრიელი ამბობდა: - გწამდეთ, რომ აქ ჩვენ ჰაერს ფუჭად არ ვარხევთ. მართალია, დღეს ბევრი ეკლესია-მონასტერი დანგრეული და დახურულია, მაგრამ წმინდა ანგელოზი, რომელიც დადგენილია აქ ღმერთის განჩინებით, ხედავს და ისმენს რა ჩვენს გულმოდგინებას და სავედრებელს, სიხარულით ააქვს ჩვენი ლოცვა ღმერთთან და შესმენილს ჰყოფს. ხედავ, რა დღეში ვართ ჩვენ ახლა, ხანდახან თოვლსა და ჭყაპში, ცელოფანგადაფარებულთ, გვიწევს წირვის დაყენება, მაგრამ მოვესწრებით იმას, რომ ეს ეკლესია-მონასტრები აღდგება და ღმრთისმსახურება განახლდება (ეს იმ დროს წარმოუდგენელი იყო).
1987 წლიდან მამა გაბრიელმა სამთავროში, ე.წ. კაკლოვანში, ძალზე მცირე ზომის ფიცრულში დაიწყო ცხოვრება. ამ ფიცრულს ადრე მონასტერი საქათმედ იყენებდა, შემდგომ კი უფუნქციოდ იყო დარჩენილი. ამ პერიოდში მამა გაბრიელი იშვიათად, სამი დღით, ან ერთი კვირით თუ დატოვებდა მონასტერს და შემდეგ ისევ თავის ფიცრულ საცხოვრისს უბრუნდებოდა. ცხოვრების ეს ნირი ერთდროულად გამომხატველი იყო მისი სიმდაბლისა და ასკეტიზმისა: სიმდაბლისა, რადგან ძნელია ადამიანმა ამ სახით, ამ ზომამდე დაიმდაბლო თავი; ასკეტიზმისა, რადგან იცხოვრო ისეთ მცირე სივრცეში, სადაც ფეხზე გამართვა შეუძლებელია და იტანდე ზამთარში მცხეთის ნესტიან ყინვებს ყოველგვარი გათბობის გარეშე, როდესაც საცხოვრისს 2-3 სანტიმეტრიანი ღრიჭოები აქვს - ეს ჭეშმარიტად მაღალი მონოზვნური ასკეტიზმია.
ამ პერიოდში გაბრიელ ბერი ძირითადად ფიცრულში ცხოვრობდა და იშვიათად, ერთი ან ორი ღამით თუ დარჩებოდა კოშკში, თავის კელიაში. ერთხელ მას გამოეცხადა უფლის ანგელოზი, აუწყა სვეტიცხოვლის ძელის ნაწილის შესახებ და ის ადგილიც ზუსტად მიანიშნა, სადაც ეს სიწმინდე ინახებოდა. გაბრიელ ბერმა მონასტრის დედებთან ერთად ეს წმინდა ნაწილი საიდუმლო ადგილიდან კრძალულებით გამოასვენა. ეს სიწმიდე დღეს სამთავროს მონასტერშია დაცული. 1990 წელს გაბრიელ ბერი შიომღვიმის მონასტერში გადავიდა, რადგან სურდა განმარტოებით, დაყუდებულად ეცხოვრა. აქ მას გამოცხადებით, უფლისგან ეუწყა წასულიყო სამთავროში და ხალხისთვის ემსახურა. ამ დროიდან, ვიდრე გარდაცვალებამდე, გაბრიელ ბერი სამთავროს მონასტერში, თავის კელიაში – ძველ კოშკში დამკვიდრდა და უფლის მცნებისამებრ, ხალხის – მოყვასის მიმართ თავდაუზოგავი ღვაწლით აღასრულა ცხოვრება. 1991 წლის ოქტომბერ-ნოემბერში საქართველოში პოლიტიკური სიტუაცია დაიძაბა, მაგრამ მხოლოდ გაბრიელ ბერი განიცდიდა წინდაწინ მოსალოდნელ უბედურებას. ამბობდა: “სისხლი რუსთაველზე! სისხლი! ქართველების სისხლი!.” როდესაც რუსთაველზე ქართველმა ქართველს ესროლა, გაბრიელ ბერი სამთავროში ზარებს რეკდა და მოთქვამდა თურმე. ამ პერიოდში გაბრიელ ბერმა გაამკაცრა მარხვა და თითქმის სრულებით დაანება თავი საზრდელის მიღებას. ძნელია იმის მოთხრობა და აღწერა, თუ როგორი ცრემლით და გოდებით ავედრებდა იგი უფალსა და დედა ღმრთისმშობელს საქართველოს. გაბრიელ ბერი არავის განარჩევდა. იგი ყველა მასთან მიმსვლელის მწუხარებით და სიხარულით ცხოვრობდა. მრავალი ადამიანი გადაარჩინა მან სულიერ წყვდიადში დანთქმას და თავისი წინასწარმცნობელობის მადლით ჭეშმარიტ გზაზე დააყენა.
გაბრიელ ბერი თითქმის სრულიად ფარავდა თავის სასწაულთმოქმედების ძალას, მაგრამ, უკიდურეს შემთხვევაში, როდესაც საქმე სარწმუნოების და ქრისტიანული საფუძვლის – ერთარსი სამების დოგმატს - შეეხო, მან ღმრთისაგან მოცემული ნიჭი ცხადად გამოავლინა საღმრთო ჭეშმარიტების დასამტკიცებლად. ერთხელ მას ესტუმრა ინდუიზმის მიმდევარი ქართველი, რომელიც წლების განმავლობაში მისდევდა ამ რელიგიას და ინდოეთშიც ხშირად ჩადიოდა დიდი ხნით, სადაც თავისი მასწავლებელი ჰყავდა. მამა გაბრიელმა აიღო პური; ყოვლადწმინდა სამების სახელით ჯვარი გადასწერა და პურის მაგიერ – წყალი, ხორბალი და ცეცხლი გამოჩნდა. – კარგად შეხედეთ მოყვასო და ნახეთ:… ასევე არის წმინდა სამება, პირებით სამად განიყოფა: მამად, ძედ და სული წმიდად. შემდეგ, მამა გაბირელმა ყოვლადწმინდა სამების სახელით კვლავ პირჯვარი გადასახა და წყალი, ხორბალი და ცეცხლი კვლავ პურად იქმნა. - როგორც ეს პურია განუყოფელი, ასევე არის წმიდა სამება, ღვთაებით ერთარსი და განუყოფელი.
ერთხელ საქართველოში ათონის მთიდან ქსეროპოტამის მონასტრის წინამძღვარი იოსები და ბერები ჩამობრძანდნენ. მათ სამთავროც მოინახულეს და მამა გაბრიელისგან კურთხევა აიღეს. გაბრიელ ბერი მამა იოსებს გაუწყრა: - ეს როგორ გაბედე და დედა ღმრთისმშობელს აკადრე, მიგიტოვებია საქართველოო. მისი ლოცვითა და მადლით ვართ, შენ ამას ვერ ხედავ და ღვაწლს უწუნებ! ამის გაგონებაზე მამა იოსებს თავზარი დაეცა, მუხლი მოიყარა და შენდობა ითხოვა. მამა გაბრიელს გულში ჩაუკრია ბერძენი სტუმარი და ტაბლასთან მიუპატიჟია. შემდგომ ცნობილი გახდა, რომ სამთავრომდე, ბერძენ მამებს ჯერ სვეტიცხოველი მოულოციათ. საქართველოში იმჟამად არსებული მძიმე პოლიტიკური და ეკონომიკური სიტუაცია, რასაც თან ერთვოდა ათეისტური რეჟიმისგან ახლადთავდახსნილი ერის სულიერი მდგომარეობა, მიზეზი გახდა იმისა, რომ პატივცემულ არქიმანდრიტს სვეტიცხოველის მოლოცვისას გულში სინანულით გაევლო – “ღმრთისმშობელო, დაგიტოვებია საქართველო”. დამშვიდობებისას აღფრთოვანებულმა მამებმა შესთავაზეს გაბრიელ ბერს ათონზე წასვლა, რაზეც მას უპასუხია: - მე ჩემს ათონზე ვარ. მე ჩემს საქართველოს ათონზე არ გავცვლი.
ამავე პერიოდში გაბრიელ ბერის მოსანახულებლად საქართველოში ამერიკიდან საგანგებოდ ჩამობრძანდა მღვდელ-მონოზონი გერასიმე, რომელიც ცნობილი ამერიკელი მოღვაწის სერაფიმე როუზის მიერ დაარსებულ მონასტერში პლატინა-კალიფორნიაში მოღვაწეობდა. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მამა გერასიმემ და პლატინა-კალიფორნიის საძმომ მართლმადიდებლურ ჟურნალში სტატია მიუძღვნეს მამა გაბრიელს, სადაც ეწერა: “საქართველოში არც კი იციან, თუ რა დიდი ბერი ჰყავთ მათ მონასტერში”. გაბრიელ ბერი სიცოცხლის ბოლო წლებში წყალმანკით ძლიერ დაავადდა. ამას დაემატა ფეხის მოტეხილობა. ამ დროიდან მოყოლებული, ვიდრე გარდაცვალებამდე, წელიწადნახევარი, გაბრიელ ბერი სარეცელზე იწვა და ვეღარ დადიოდა. მხოლოდ ძალზე იშვიათად, დიდი ტკივილების დათმენით წამოაყენებინებდა ხოლმე თავს და კელიის წინ დაჯდებოდა. - თქვენი სიცოცხლე - ჩემი სიცოცხლეა. თუ მოყვასისთვის თავი არ გაწირე, ისე არაფერი გამოვა – ამბობდა იგი. დაუვიწყარი იყო მამა გაბრიელის სტუმართმოყვარეობის მადლი. სანამ ფეხს მოიტეხდა, ყველას თავისი ხელით მომზადებული საჭმლით უმასპინძლდებოდა, ხოლო როდესაც თავად აღარ შეეძლო, კერძს დედა პარასკევას ან სხვას გაამზადებინებდა და ყველა მოსულს სიყვარულით დააპურებდა. იგი მუდმივად იმის ცდაში იყო, რომ ადამიანი რაც შეიძლება ახლოს მიეყვანა უფალთან. ყველას გულს მსჭვალავდა მისი სიტყვა, რომელსაც განსაკუთრებული მადლი და ძლიერება ჰქონდა. მისი ქადაგება, რომელსაც თითქმის მუდმივად ახლდა ცრემლთა სიმრავლე, შეუძლებელი იყო უნაყოფოდ დარჩენილიყო.
წლების განმავლობაში მამა გაბრიელი უპირატესად ღვთისა და მოყვასის სიყვარულზე, სინანულზე, სიმდაბლესა და სიკეთეზე უქადაგებდა მასთან მიმსვლელთ. ხოლო მისი სიცოცხლის ბოლო წელს, მკვეთრად, ბოლო ჟამზე დაიწყო ქადაგება. ყველა მომსვლელს ეუბნებოდა, რომ ბოლო ჟამისეულ ეპოქაში ცხოვრობდნენ.
- თქვენ მოესწრებით ანტიქრისტეს,… როცა დევნა დაიწყება და მთებში მოგიწევთ წასვლა. ნუ შეშინდებით! როგორც ისრაელიანებს არაფერი აკლდათ უდაბნოში, როდესაც ფარაონის და ეგვიპტის მონობიდან გამოვიდნენ, ისევე მოგხედავთ ღმერთი თქვენც, რომლებიც ქრისტეში თავისუფლებისათვის გახვალთ მთებში, რათა გაექცეთ ეგვიპტის – ამ სოფლის, და ფარაოს – ანტიქრისტეს მონებას. იცოდეთ, ეს ღვაწლი აღთქმულ ქვეყანაში – სასუფეველში - შეგიყვანთ და მზესავით გაგაბრწყინებთ.
უკანასკნელ დღეებში გაბრიელ ბერი მხოლოდ სიყვარულზე ქადაგებდა და ყველა მომსვლელს ცრემლიანი თვალებით ეუბნებოდა: - გახსოვდეთ, ღმერთი არის სიყვარული. რაც შეიძლება მეტი სიკეთე აკეთეთ, რომ თქვენმა სიკეთემ გადაგარჩინოთ. იყავით მდაბალნი, რამეთუ ღმერთმა მდაბალთა მოსცის მადლი. შეინანეთ ცოდვები და დაუტევეთ იგი, რადგან “ხვალე” - ეს მხოლოდ ბოროტის მახეა. გიყვარდეთ ერთმანეთი, რამეთუ უსიყვარულო ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს.
გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე გაბრიელ ბერს უთქვამს: - მოიწია ჟამი ჩემი ამ სოფლიდან წასვლისა. შემდეგ მარჯვენა ხელით მოეფერა მაცხოვრის ხატს, რომელიც თავთან ეკიდა, ერთხანს ჩუმად იყო და თქვა:
- 12 წლიდან შენ მოგდევ უფალო. მზადა ვარ, წამიყვანე.
მთელი ღამე, მეორე დღის 4 საათამდე, უმძიმეს ტკივილებში გაატარა. შემდეგ კი ხმამაღლა და ხანგრძლივად დაიწყო სუნთქვა და დაიძახა:
- დედა… დედა! დაო…დაო!
მთელი მონასტერი მოვიდა, ოჯახის წევრები, ახლობლები, ერისკაცნი, ექიმი, მღვდლები. მამა გაბრიელი კი სიყვარულით უმზერდა წმინდა ნიკოლოზის ხატს და თვალს არ აშორებდა. მეუფე დანიელმა სულის გასვლის ლოცვები წაუკითხა. ლოცვის დამთავრებისას მამა გაბრიელმა გაიღიმა და სული განუტევა. იდგა 1995 წლის 2 ნოემბერი…
გაბრიელ ბერი, მისი ანდერძისამებრ, ჭილოფში შეხვეული დაიკრძალა სამთავროს მონასტრის ეზოში. მის ცხედარს დასაფლავებისას მისი მოსიყვარულე ადამიანები ეხვივნენ გარშემო. ვერავინ გაიმეტა მიწის მისაყრელად და ამიტომ მიწას საფლავის ნაპირას ჰყრიდნენ. შემდეგ მიწა თავად წაამოიშალა, თითქოს კალთა გადააფარაო, გულში ჩაიხუტა და სულ ერთიანად დაჰფარა.
საფლავზე წარწერილია სიტყვები, რომლითაც სრულდება მისი ანდერძი:
“ჭეშმარიტება სულის უკვდავებაშია”
მამა გაბრიელის საფლავზე დღემდე უამრავი სასწაულებრივი კურნება აღესრულება. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში რამდენიმე ენაზეა გამოცემული წიგნები გაბრიელ ბერის სწავლების, ცხოვრება-მოღვაწეობისა და სასწაულებრივ კურნებათა შესახებ.
ჩამოტვირთეთ Offline ვერსია:
ამოაარქივეთ და გაუშვით index.html
|