თუ შეიძლება ტრანსპორტში ლოცვა და პირჯვრის გამოსახვა? - ეს კითხვა მრავალს ებადება. ლოცვა, არათუ შეიძლება, საჭიროცაა ყველგან. ამას თვით წმიდა მოციქული პავლე გვასწავლის: მოუკლებელად ილოცევდით (1თეს. 5,17). შეიძლება ვილოცოთ სკვნილით, ან ვიმეოროთ ფსალმუნები და სხვა ლოცვები. ტრანსპორტში ლოცვის გარდა პირჯვრის გადასახვაც შეიძლება. (დეკანოზი ანდრია კემულარია)
შეიძლება თუ არა მეორედ ნათლობა? - მეორედ ნათლობა ძალიან დიდი ცოდვაა. წმიდა მოციქული პავლე ბრძანებს: "ანუ არა უწყითა, რამეთუ რომელთა-ესე ნათელ-ვიღეთ ქრისტე იესუჲს მიერ, სიკუდილისა მისისა მიმართ ნათელ-ვიღეთ? და თანა-დავეფლენით მას ნათლის-ღებითა მით სიკუდილსა მისსა, რაჲთა ვითარცა-იგი აღდგა ქრისტე მკუდრეთით დიდებითა მამისაჲთა, ეგრეცა ჩუენ განახლებითა ცხორებისაჲთა ვიდოდით" (რომ. 6, 2-3). რაკი ერთხელ მოკვდა ქრისტე იესუ ჩვენი ცოდვებისათვის, ერთხელ არის შესაძლებელი მისი სახელით ნათლიღება. მეორედ ნათლობის მცდელობა შეიძლება მის მეორედ მოკვდინებას შეედაროს. (დეკანოზი ანდრია კემულარია)
თუ ადამიანი რეალურ შოუებს უყურებს მართლა ისჯება უზიარებლობით? - ეს საკითხი მოძღვართან უნდა შეათანხმოთ. პირდაპირ რომ ვთქვათ, ყურებისათვის ვერავინ იქნება დასჯილი. მაგრამ სხვა მხრივ რომ მივუდგეთ, რატომ ვუყურებთ? თუ არ გვაინტერესებს და გვძაგს რასაც ვხედავთ, ვერ ვუყურებთ. თუ ვუყურებთ, ე.ი. ჩვენს გულში არის თანხმობა და თანაგრძნობა იმისა, რასაც ვხედავთ. მოძღვარი გადაწყვეტს, რამდენად მძლავრობს ადამიანში ცოდვა და რამდენად ებრძვის ის ამ ცოდვას. აქედან გამომდინარე, შესაძლოა უზიარებლობის ეპიტემიაც დაადოს. ეპიტემია კი გამოსწორების, მონანიების, ბრძოლის პერიოდია და შესაბამისადაც უნდა გამოვიყენოთ. უზიარებლობა - საშინელია სასჯელია. (დეკანოზი ანდრია კემულარია)
ცნობილია ეკლესიის დამოკიდებულება აზარტული თამაშებისადმი. შეიძლება გადაჭარბებულიც იყოს ასეთი შედარება, მაგრამ ჩემი შეკითხვა ეხება ჯეოსელის გათამაშებას. მე ამასაც მივიჩნევ ერთგვარ აზარტად, რასაც ადამიანის გონება უნებლიედ მიეჯაჭვება ხოლმე. ყოველკვირეულად ვღებულობ შეტყობინებას ჯეოსელისგან, რომ დავრეკო ამ ნომერზე და მოვიგო ესა და ეს პრიზები. ასევე ახლობლებიც ხშირად მეკითხებიან, რატომ არ ვრეკავ, ერთხელ მაინც როგორ არ დავრეკე და ა.შ. - სამოთხიდან განდევნილ ადამს ღმერთმა ოფლით მოპოვებული ჭამა დაუდო მცნებად. ადამიანს ყოველთვის ჰქონდა სურვილი იოლად მოეპოვებინა საზრდელი (და ზოგადად ყოველი მიწიერი სიკეთე). ეს გასაგებიცაა - იგი ხომ მსგავსი შრომისთვის არ შექმნილა. მაგრამ ეს სურვილი ძალიან ხშირად უპირისპირდება უფლის მცნებას. და არა მხოლოდ აშკარა ქურდობით. თამაშებში მონაწილეობა და მოგებაც ამ მცნების დარღვევაა. როცა ვთამაშობთ, არ აქვს მნიშვნელობა ვაგეთ თუ ვიგებთ. მასში მონაწილეობა უკვე არის სურვილი უშრომელად სიკეთის მოპოვებისა. თუ ვიგებთ, გავიხსენოთ, რომ ძალიან ბევრმა წააგო, ვერ სძლია რა ცდუნებას, და მათ მიერ წაგებულს გვაძლევენ ჩვენ, რათა ჩვენით მერე სხვა აცდუნონ. თან თამაშების მოწყობა ხომ ჩვენს მოსაგებად არ ხდება. თანხის მხოლოდ ნაწილი მიდის მოგებებზე. დიდი ნაწილი კი მომწყობებს რჩებათ, რომ შემდგომში კიდევ უფრო მეტი მოიზიდონ. თუ ვაგებთ, გავიხედ-გამოვიხედოთ, რამდენი გაჭირვებული ადამიანია ჩვენს ირგვლივ. მათ ვაკლებთ, ანუ ჩვენს თავს ვაკლებთ, როცა მოწყალებას არ გავცემთ, და ვაძლევთ მათ, ვისაც ისედაც არ აკლია. თან ცოდვის საზღაურად ვაძლევთ. არის კიდევ მეორე მხარე თამაშებისა - აზარტი. ჭეშმარიტებასთან დასაახლოებლად ადამიანს უდიდესი ნებისყოფა და სულიერი ძალა სჭირდება. აზარტი - გრძნობების მონობაა და ასუსტებს ადამიანის უნარს გონივრული ქმედებისა. შეიძლება ითქვას, რომ აზრტულობა, როგორც ვნებულობა ეშმაკეულობის მდგომარეობაა. მამათა თქმით, ყოველი ვნებას დამონებული - ეშმაკეულია. ამიტომაც არის ძნელი თამაშისათვის თავის დანებება. მარხვის ერთ-ერთი დანიშნულება კი პირიქით - სწორედ გრძნობების ალაგმვით სულიერი ძალების ზრდა და ნებისყოფის გამოწრთობაა. იმისთვის, ვისაც სურს ჩაწვდეს სულიერი ცხოვრების არსს და იცხოვროს ასეთი ცხოვრებით ნებისმიერი აზარტული თამაში, რაც არ უნდა ერქვას სახელად, - დამანგრეველია. (დეკანოზი ანდრია კემულარია)
რა დაშავდება, თუ უბრალოდ გართობისათვის, ერისკაცი ჭადრაკს ითამაშებს, ვგონებ, უნდა განსხვავდეს პიროვნებები და თამაშობები, უნდა ნახოს მოძღვარმა ესათუის თამაში ვის ანგრევს და ვის ასვენებს, ჩვენც ხომ ადამიანები ვართ... როგორც ვიცით, ძალიან ბევრ ქართველ მეფეს თუ სასულიერო პირს უყვარდა ნარდი, ბანქო, ჭადრაკი და სხვა... სპორტიც ასევე აზარტთან არის დაკავშირებული, მაგრამ მგონი ეს აზარტი გაცილებით ჯანმრთელი აზარტია, ვიდრე სხვა. - ლექსიკონების თანახმად, აზარტში იგულისხმება გაცეცხლება, აღგზნება. არ შეიძლება ყველა თამაშს დავასვათ დაღი: „აზარტული". ჭადრაკი და ბანქო არ შეიძლება ერთ კატეგორიაში მოვათავსოთ. არც ფეხბურთის გულშემატკივართა გადაღებილ-გაშმაგებული სახეების გაიგივება შეიძლება ჭადრაკის ეფექტთან. სულიერი ცხოვრების წარმატებულობის აუცილებელ შემადგენელად მამები სულიერ ძალთა სიმშვიდეს მიიჩნევდნენ. მაცხოვარიც ბრძანებს: „აღიღეთ უღელი ჩემი თქუენ ზედა და ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშჳდ ვარ და მდაბალ გულითა, და ჰპოოთ განსუენებაჲ სულთა თქუენთაჲ" (მთ. 12.29). დამეთანხმებით, აღგზნება სულაც არ არის სიმშვიდის გამოხატულება. სპორტული ვარჯიში კარგია ჯანმრთელობისთვის. ოღონდ იგივეს ვერ ვიტყვით, როცა სპორტი მასების გაცოფების იარაღად გამოიყენება. დიახ, ჩვენ ადამიანები ვართ, მხოლოდ - დაცემული ადამიანები. ისინი, ვინც განიდევნა სამოთხიდან, რათა წუთისოფლის ხანმოკლე ჭირით სასუფეველი დაიმკვიდროს; ისინი, ვისშიც არ დარჩა სიწმიდე, რადგან ყოველივეს ცოდვის ბიწი შეერია და ამდენად ადამიანური სიკეთე გახადა უვარგისი ღმრთის შესაწირავად; ისინი, ვის გამოხსნას ქრისტეს ჯვარცმა დასჭირდა; აპელირება კაცობრივი ბუნებისადმი უკვე არის შეჩერების წერტილი. იცვლება საზოგადოების იდეალები, შესაბამისად იცვლება ადამიანი, იცვლება ცხოვრება და ჩვენც მივყვებით მას. მართლაც, რამდენად ადვილია თქვა „მეც ხომ კაცი ვარ" და ეცადო მოირგო ეკლესიურობა, ვიდრე აღიარო „დაცემული ვარ" და ძალისაებრ შენისა ეცადო მოერგო მამათა სულს. ნუთუ შეიძლება იყოს ისეთი თამაშობა, რომელიც ანგრევს ერთს და ასვენებს მეორეს? ჩვენი საზომი და იდეალი არის არა მეფეთა და სასულიერო პირთა ცხოვრება, არამედ სახარების სიტყვა და წმიდა მამათა შეხედულებანი. დიახ, ზოგიერთი სასულიერო პირი შეიძლება ერთობოდეს მსგავსად, მაგრამ რატომ მოგვწონს იგინი, ვინც ამართლებს ჩვენს სურვილებს და არ მოგვწონს იგინი, ვისი ცხოვრება გვამხელს? წარმოგიდგენიათ, ვთქვათ, წმიდა მოციქულები ბანქოს სათამაშოდ შეკრებილნი? ან წმიდა ნიკოლოზი ფეხბურთის მოთამაშედ? (ღმერთმა შემინდოს მათი მსგავსად მოხსენიება). ლაპარაკია იდეალზე, და არა ჩვენს შესაძლებლობებზე. როცა იდეალი იგივდება ადამიანის სურვილთან და შესაძლებლობასთან, ის უკვე არ არის იდეალი. არადა „სასუფეველს მოწყურებულნი" გვქვია. წმიდა წერილში ვკითხულობთ: „ხოლო რომელი-იგი იშუებდეს, ცოცხლივვე მკუდარ არს" (1ტიმ. 5,6) და კიდევ: „ეკრძალენით თავთა თქუენთა, ნუუკუე დამძიმდენ გულნი თქუენნი შუებითა და მთვრალობითა და ზრუნვითა ამის სოფლისაჲთა, და მეყსეულად მოიწიოს თქუენ ზედა დღე იგი" (ლკ. 21,34). „მეძავნო და მემრუშენო, არა უწყითა, რამეთუ სიყუარული სოფლისაჲ ამის მტერობაჲ არს ღმრთისაჲ? აწ უკუე რომელსა უნდეს მეგობარ ყოფად ამის სოფლისა, მტერად ღმერთსა აღუდგების" (იაკობ. 4.4). „სოფელში" იგულისხმება არა დედამიწა, არამედ ადამიანთა ურთიერთობის წესები, მათი იდეალები, ზნეობრივი შეხედულებები. გასაგებია, რომ ძნელია მოარგო თანამედროვე ცხოვრების საშვებელი და მამათა სწავლება ერთმანეთს, მაგრამ ვინ გვაძალებს? „რომელსა ჰნებავს შემოდგომად ჩემდა, უვარ-ყავნ თავი თჳსი და აღიღენ ჯუარი თჳსი და შემომიდეგინ მე" (მთ. 16.24) - ბრძანებს მაცხოვარი. უნდა გვახსოვდეს, რისთვის მოვედით ამქვეყნად და არ დავიბადეთ პირდაპირ სასუფეველში: რომ განვიძარცვოთ ძველი კაცი და ახალი შევიმოსოთ. მამა პაისის თქმისაებრ, იმისათვის არ მოვსულვართ, რომ როგორმე კომფორტულად მოვეწყოთ აქ, არამედ რათა განვიწმიდოთ და ქრისტესთან მივიდეთ. ბოლო ჟამის ქრისტეანების უბედურება წუთისოფელთან შემრიგებლობაშია. დაიკარგა სიმხურვალე; მშვინვიერმა ემოციებმა შეცვალეს სულიერი განცდები; უფროდაუფრო ცოტა რჩება ამქვეყნად ცოცხალი მისაბაძი მაგალითი ქრისტეს ერთგულებისა; ვერ იტევს წუთისოფელი ქრისტეს. ვისთან ვართ ჩვენ? შევძლებთ ვიცნოთ და შეუდგეთ ქრისტეს? თუ აღმოვჩნდებით იმ უმრავლესობასთან, რომელმაც დაამსხვრია ქრისტეს სწავლება და მისი აგურებით თავის ტაძარს აგებს? (დეკანოზი ანდრია კემულარია)
როგორ დავარწმუნო იეღოველი მეგობარი მართლმადიდებლური სარწმუნოების ჭეშმარიტებაში? - უპირველესად უნდა აღინიშნოს, რომ ყოველგვარი რაციონალური არგუმენტი მართლმადიდებლობის ჭეშმარიტებისა არის უსუსური ერეტიკოსის თვალში. შეიძლება ადამიანს აჩვენო მისი სწავლების სიცრუე, მაგრამ მარტოოდენ ამით მას ვერ გახდი მართლმადიდებელს. ჭეშმარიტება სულ სხვა განზომილებას ეკუთვნის, რომელსაც გონება კაცისა ვერ წვდება. მართალი სარწმუნოების აღმსარებლობა ღმრთის მადლისა და კაცობრივი ნების თანამოქმედებაა ადამიანის სულში. უმთავრესი და უმძლავრესი იარაღი ქადაგებისა არის ლოცვა. უნდა ვილოცოთ მათთვის, ვინც ცდუნდა უცხო სწავლებით. შეგვიძლია ჩვენი სიტყვებით შევთხოვოთ უფალს, - მოყვარულ გულს ეს არ უნდა ეძნელოს. თუ გვიჭირს, შეგვიძლია დილის ლოცვებში სათქმელი ლოცვა ვთქვათ კონკრეტული ადამიანისათვის. გავითვალისწინოთ, რომ ყოველი ცრუსწავლების მიღმა დგანან კონკრეტული ბოროტი სულები და მათი მოძღვარი - მამა სიცრუისა. ბოროტის მიერ ცდუნებული ადამიანი კი ზომბირებულს ჰგავს. ვისაც უცდია რასელისტებთან საუბარი სარწმუნოებრივ თემებზე, იცის ეს. ჭეშმარიტება სარწმუნოების ნაყოფებით იქადაგება (გალ. 5,22-23). როცა ჩვენ არ გვაქვს ისინი, ვერც სხვას შევძენთ და ვერც მართალი რწმენის უპირატესობას დავუმტკიცებთ. სამწუხაროდ, მართლმადიდებლთა შორის ხშირად ვხვდებით აგრესიულ დამოკიდებულებას სექტანტთა მიმართ. აუცილებლობის გარეშე უნდა მოვერიდოთ მათთან კამათს სარწმუნოებრივ თემებზე. აუცილებლობაში იგულისხმება ისეთ შემთხვევები, როცა ვხვდებით მოწმენი სექტანტთა მიერ სხვათა, განსაკუთრებით ბავშვების ცდუნებისა. მეგობართან მისი სარწმუნოების სიცრუეზე საუბარი ღირს მხოლოდ მაშინ, როცა იგი განწყობილია გვისმინოს. ჩვენი სარწმუნოებრივი შეხედულებები მიუწვდომელი და ურყევი ციხესიმაგრე უნდა იყოს. ამასთან ერთად ყოფით ცხოვრებაში გვმართემს განსაკუთრებული სითბოსა და მზრუნველობის გამოჩენა მათ მიმართ, რათა ნაყოფი ჭეშმარიტებისა წარმოჩნდეს. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ სარწმუნოებრივი შეხედულებები წარმოადგენენ მსოფლმხედველობის საფუძველს. მყარი ფსიქიკის ადამიანი ადვილად ვერ იცვლის სარწმუნოებას. ამიტომ სულგრძელება გვმართემს შეცდომილებთან ურთიერთობაში. მაგრამ პრობლემა არ ამოიწურება მხოლოდ მოქცევით ადამიანისა. შემდგომშიც არანაკლები შრომაა საჭირო. ყოველი ცრუსწავლება ამახინჯებს ადამიანის სულს, მის აზროვნებას, აამპარტავნებს მას. მართლმადიდებლობის ჭეშმარიტებად აღიარება ჯერ კიდევ არ ნიშნავს სულიერ ფერისცვალებას. ახლადმოქცეული, როგორც წესი მიდრეკილია ხიბლისაკენ. მას იზიდავს ემოციური მხარე ეკლესიურობისა. ამასთან ერთად ახასიათებს ამბიციურობა, უჩნდება პრეტენზია მრავლისმცოდნეობისა და მასწავლებლობისა. მის დადუღებას ჭირდება უმძიმესი სულიერი შრომის წლები და გულმოდგინე მოძღვრის ხელმძღვანელობა. ხშირად მომხდარა, რომ ახლადმოქცეულის ემოციური აღფრთოვანება ჩაითვალა სარწმუნოებრივ სიმხურვალედ, ზოგიერთმა სასულიერო ხარისხსაც კი მიაღწია, შემდეგ კი განდგა ეკლესიისაგან, რადგან არ შეცვლილა მისი აზროვნების კრიტერიუმები. სამწუხაროდ ასეთი მაგალითები ძალიან ხშირია. არ შეიძლება ყოველ წვრილმანში ამხილო ახლადმოქცეული, - მისი ამპარტავანი გონება ამას ვერ დაიტევს. მაგრამ ამასთან ერთად აუცილებელი მის სულთან მისასვლელი გზების ძიება, და ისევ და ისევ სიყვარული და მოთმინება. (დეკანოზი ანდრია კემულარია)
გთხოვთ, მოკლედ ამიხსნათ, რას ნიშნავს ინდიქტიონი? - ინდიქტიონი ლათინურიდან სიტყვა-სიტყვით ნიშნავს მაჩვენებელს (ლათ. - ინდეხ). რომაელები ამ სიტყვით 15 წლიან პერიოდს აღნიშნავდნენ, რომლის გასვლის შემდგომაც იმპერატორები გადასახადების შესახებ ახალ განკარგულებებს გამოსცემდნენ. ქრისტიანულ ეპოქაში წმ. მოციქულთასწორ კონსტანტინეს დროს 15 წლიანი პერიოდის აღნუსხვა 312 წლიდან დაიწყო. ინდიქტიონის წელიწადი რომში 1 სექტემბერს იწყებოდა. ის შემოღებულ იქნა წარმართული კალენდარული აღნუსხვის სანაცვლოდ, რომელიც 4 წლიანი ოლიმპიური წელიწადებით ითვლებოდა. თვითონ სიტყვა ინდიქტიონი შეიძლებოდა გამოყენებულიყო როგორც მთლიანი 15 წლიანი პერიოდის აღსანიშნავად, ასევე ამ პერიოდის მიმდინარე წლის მისათითებლადაც. ამ შემთხვევაში კი ციკლის წლის ნომრის მითითებაც ხდებოდა.
ძალიან გთხოვთ გამარკვიოთ, სერიოზული ცოდვაა, როდესაც ლოცვებს ვერ კითხულობ სრულად და მხოლოდ დილა-საღამოს მოკლე ლოცვას კითხულობ? - ლოცვა - ადამიანის სულიერი ცხოვრების საზომიცაა და საწინდარიც. ლოცვის ძალას და კადნიერებას უფალი გვაძლევს. ჩვენი ცხოვრების წესი უნდა გამოხატავდეს იმისაკენ სწრაფვას, რასაც ვითხოვთ ლოცვაში. როცა ირღვევა ერთობა ლოცვისა და ცხოვრებისა, ლოცვა გვენგრევა. ასეთ შემთხვევაში პირველ ყოვლისა უნდა დავფიქრდეთ, ვცხოვრობთ ისე, რომ ლოცვის კადნიერება გვქონდეს? იქნებ ისეთ რამეს ვიწყნარებთ, რაც ანგრევს ლოცვას? არის თუ არა ლოცვის შემოკლება ცოდვა? ასე ვიტყოდი: არა იმდენად ცოდვა, რამდენადაც ცოდვის შედეგი და შემდგომი დაცემის წინაპირობა. შეიძლება სულაც არ უძღოდეს ლოცვის მოშლას რაიმე სასიკვდინე ცოდვა. ხშირად მცირეოდენი დაუდევრობაც კი საკმარისი ხდება ამისთვის. განსაკუთრებით შესამჩნევი ხდება ლოცვის მოკლება, როცა ადამიანი ნებსით თანხმდება თუნდაც მცირეოდენ ცოდვას, მიდის კომპრომისზე. მსგავს შემთხვევაში უნდა ვეცადოთ დავფიქრდეთ მიზეზებზე. მეტისმეტად ხომ არ ჩავეფალით გრძნობადში, ხომ არ მივუშვით თავი ისეთი რამეს საყურებლად, მოსასმენად, სალაპარაკოდ, რაც შეიცავდა ცოდვას. განსაკუთრებით ანგრევს ლოცვას განკითხვა, უჯერო სიცილი, ოცნებობა. არაფერს ვამბობ სასიკვდინე ცოდვებზე. ერთი სიტყვით გვჭირდება სერიოზული გადახედვა ცხოვრებისა და უსწრაფესად მომზადება დაწვრილებითი აღსარებისათვის. ამასთან ერთად უნდა გვახსოვდეს, რომ ლოცვის აღდგენისათვის საჭიროა გულმოდგინება. გამოვნახოთ დრო ლოცვისათვის, დილით ცოტათი უფრო ადრე ავდგეთ; ლოცვის დაწყებამდე დავმშვიდდეთ, მივატოვოთ ფიქრი მიწიერ საზრუნავებზე; თუ მოხერხდა, ცოტა წავიკითხოთ წმიდა წერილიდან ან მამათა სიტყვებიდან; ლოცვის პირველი სიტყვებისთანავე ვეცადოთ მთელი ყურადღება ჩაიკეტოს ლოცვის სიტყვებში, არაფერზე ვიფიქროთ, რაოდენ წმიდა აზრებიც არ უნდა მოგვდიოდეს; ლოცვა ვიკითხოთ აუჩქარებლად, დაბალ ხმაზე, რომ ჩვენ თვითონვე გვესმოდეს; აჩქარებით, მოსწრებაზე ლოცვის კითხვას აჯობებს შევამოკლოთ, მაგრამ მშვიდად წავიკითხოთ. არ შეგვაშინოს გამფანტველი აზრების შემოტევამ, - ეს ბოროტი ცდილობს მოგვწყვიტოს ლოცვას. მას კი სწორედ ლოცვით გავექცევით. ცალკეულ ლოცვებს შორის შეიძლება რამოდენიმე იესუს ლოცვის თქმაც, - დაგვეხმარება ყურადღების მოკრეფაში. ლოცვის შემდეგ კი უმალ არ ჩავეფლოთ წუთისოფლის საქმეებში, თუ ამის დრო გვაქვს. ძალიან საჭიროა წმიდა წერილის და მამათა სწავლების ყოველდღიური კითხვა. ერთი სიტყვით, ზოგადი სულიერი დისციპლინირება - ლოცვის მძლავრი საყრდენია. (დეკანოზი ანდრია კემულარია)
|