„ახარე, დედა, ჩემს სამშობლოს...“

    ბერი ერმოლაოსი (პაატა ბოჩოს ძე ჭეჟია) 1966 წელს დაიბადა ზუგდიდში. საშუალო სკოლის დამთავრებისთანავე ჩაირიცხა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ისტორიის ფაკულტეტზე. პარალელურად სამედიცინო ინსტიტუტში სწავლობდა. იცის რამდენიმე უცხო ენა.

    90-იანი წლების მიწურულს მივლინებით გერმანიაში მოუხდა გამგზავრება. იქ სამი წელიწადი დაჰყო. სწორედ ამ პერიოდში გაიტაცა გერმანულმა ფილოსოფიამ, შემდეგ კი ბიბლიით დაინტერესდა...

    2002 წლის თებერვალში ფეხით მივიდა ათონის წმინდა მთაზე, ივერონის მონასტერში, მაგრამ იქ არ მიიღეს და პანტელეიმონის მონასტერში გადავიდა. ეს მოხდა 2002 წლის 15 თებერვალს, მირქმის ბრწყინვალე დღესასწაულზე. უფლის ნებითა და ღვთისმშობლის მეოხებით მორჩილად მიიღეს და უწოდეს პეტრე, ხოლო სამი წლის მორჩილების შემდეგ, 2005 წლის 24 აპრილს, ბზობის ბრწყინვალე დღესასწაულზე, აღკვეცეს ბერად და უწოდეს ერმოლაოსი.

    ცოლი ჯერ კიდევ სტუდენტობისას, 22 წლისამ შეირთო. ჰყავთ ორი ვაჟი, ბექა და დაჩი, 16 და 13 წლისანი.

ახარე, დედა, ჩემს სამშობლოს...

გამარჯობა, ჩემო საყვარელო, ჩემო კეთილო დედა!

გიხაროდეს, დედა, გაუწყებ ჩემს ენით აუწერელ სიხარულს, გიზიარებ ჩემს ბედნიერებას: შენი შვილი, შენი ერთადერთი ვაჟი, შენი პაატა, ათონის წმინდა მთაზე ბერად აღიკვეცა.

გიხაროდეს, დედა! შენი რუდუნებით გაზრდილი, მრავალი იწროებითა და ტანჯვა-წამებით აღზრდილი ვაჟკაცი, ბზობის წმიდა დღესასწაულზე, ყოვლადმოწყალე უფალმა თავის ჯარისკაცად აკურთხა. დიდება შენდა, უფალო ჩვენო იესო ქრისტე!

გიხაროდეს, დედა, გიხაროდეს! შენს შვილს ღმერთმა მეოხად აურჩია წმიდა დიდმოწამე პანტელეიმონის სულიერი მოძღვარი წმიდა ერმოლაოსი. შენი შვილი ღირსი გახდა, ამიერიდან ატაროს მისი წმიდა სახელი (ერმოლაოსი ბერძნული სახელია და ნიშნავს „ხალხის მასწავლებელს").

გიხაროდეს, დედა, რომ ამიერიდან უნდა მომმართო არა „შვილო პაატა" და არც „მორჩილო პეტრე", არამედ „მამაო ერმოლაოს".

გიხაროდეს, დედა, რომ კაცთმოყვარე ღმერთმა მომიტევა ჩემი აურაცხელი ცოდვები, რომლებიც დღემდე ჩემი უგუნურებით ჩავიდინე და ამიერიდან მისი წმიდა სახელით და მის სადიდებლად მოწოდებული ვარ, ჩავება ბნელეთის ძალების წინააღმდეგ სამკვდრო-სასიცოცხლო უხილავ ომში.

გიხაროდეს, დედა, რომ შენი შვილის, შენი სისხლისა და ხორცის სიცოცხლე, მისი სული, მისი გონება, მისი გრძნობა განუყოფლად და ერთიანად ღმერთს ეკუთვნის, მისდამი განუზომელი სიყვარულითა და უსაზღვრო მადლიერებით სულდგმულობს.

გიხაროდეს, დედა! შენი ოცნებები, შენი კეთილი სურვილები ერთიანად ასრულდა: შენი პაატა ანგელოზებრივი ცხოვრების ღირსი გახადა კაცთმოყვარე ღმერთმა. დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

გიხაროდეს, დედა, გიხაროდეს და ამიერიდან თავაწეულმა იარე, ნუ შეგეშინდება ნურც ავადმყოფობის, ნურც ტკივილის, ნურც სიღარიბის, ნურც დაცინვის და ნურც ნურაფრის - შენი შვილი თვით ღვთისა ჩვენისა იესო ქრისტეს დედამ, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა, მიიღო თავის სავანეში და ამიერიდან მისი უშუალო მფარველობის ქვეშაა. დიდება შენდა, დედაო ღვთისმშობელო!

ახარე, დედა, მამას, ახარე, თუ რაოდენი მადლია გადმოსული ჩვენს ოჯახში, ახარე, რომ ჩვენთან არს უფალი! რომ მისი შვილი უფლის წვეულთა შორისაა და მის პეტრეს დიდი შესაძლებლობა აქვს, იყოს უფლის რჩეულთა შორის.

ახარე, დედა, ინგას, გაუზიარე ჩემი სიხარული, უთხარი, რომ დღეს უფლის მიერ ჩემთვის, უღირსისთვის, ბოძებული მაცოცხლებელი მადლის თანაბარი წილი მას ეკუთვნის, როგორც ჩემს უახლოეს ადამიანსა და მეგობარს, რადგან ჩვენ უფალმა შეგვყარა და გაგვაერთიანა და ორნი გავხდით ერთი, ხოლო ის, რაც ღმერთმა გააერთიანა, არასოდეს დაიშლება. დიდება ღვთის განგებას!

ახარე, დედა, ჩემს შვილებს - ბექას და დაჩის, ახარე, რომ მე, მათმა მშობელმა მამამ, მათთვის მლოცველმა, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს კურთხევით და მის მსგავსად ავიღე ჯვარი ჩემი და შევუდექი გოლგოთას, რათა ზვარაკად შევეწირო ჩემი აურაცხელი ცოდვებისათვის, რათა ჩემს შვილებს არც ამქვეყნად და არც იმქვეყნად ღვთის მადლი და სიყვარული არ მოაკლდეთ.

ახარე, დედა, ყველა ჩვენს კეთილ ნათესავს, რომ მათი წმიდა სახელები უსათუთეს ლოცვად აღევლინებიან ჩემს გულში, რომ მე განუწყვეტლივ ვილოცებ მათი და მათი შვილების კეთილდღეობისათვის.

ახარე, დედა, ჩემს სამშობლოს - საქართველოს, ახარე, რომ ამიერიდან ათონის წმიდა მთაზე ღვთის განგებითა და კურთხევით კიდევ ერთი, მართალია, ჯერ-ჯერობით სუსტი, მაგრამ სამშობლოს სიყვარულით გულგამაგრებული სანთელი აინთო, მისი პატარა საქართველოს აღორძინებისა და გაბრწყინვებისათვის. გილოცავ, დედა!

მარად შენთვის მლოცველი შენი უღირსი შვილი
ბერი ერმოლაოსი

 

კატეგორია: სხვადასხვა | დაამატა: vasoelis (11.02.2012)
ნანახია: 920 | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]