ჩემი ჯვარი
(ჩანახატი)მაშინ, როცა გაუსაძლისად მძიმე ხდება ჩემი ჯვარი, გონების თვალს ფართოდ ვახელ და დაკვირვებით ვათვალიერებ საკუთარ ცხოვრებას. მერე კი ძალ-ღონეს ვიკრებ და მივუყვები გზას ბოლნისის მონასტრისაკენ. აქ მამა სერაპიონი მეგულება. სწორედაც რომ მეგულება - ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ისე ვჩქარობ მასთან შეხვედრას, რომ ჩემს ფეხებს გული დაასწრებს ხოლმე და მისულს უკვე იქ დამიხვდება (ამიტომ ვამბობ მეგულება-თქო). საოცარია ჩვენი შეხვედრა. ის მონასტრის ეზოში წყაროსთან დგას და გზას გამოჰყურებს, თითქოს ყოველთვის იცის, როდის მივალ და მელის, ქანდაკებასავით ურყევია. მის დანახვაზე ჩემი სული გალიაში გამომწყვდეული ჩიტივით აწყდება სხეულის კედლებს და იქიდან გადმოვარდნას ლამობს, მაგრამ ხმას ვერ ვიღებ, ისე ვუახლოვდები... ის გამიღიმებს, მე თავს დაბლა ვხრი, ის კი ჩემს თავს თითებში მოიქცევს და გულში მაგრად ჩამიკრავს. მე მესმის მისი გულის ფეთქვა და თითქოს ყოველი ბიძგი მისი გულიდან ამოხეთქილი ცეცხლის ლავაა ჩემში ძალუმად რომ მოედინება. მითბება შუბლი, თვალები, გული, ცრემლები ნაკადად მოედინება, ჩამქრალი სანთელივით ერთიანად ავინთები და ავბრიალდები!.. მერე თავს ამაწევინებს, თვალებში ჩამხედავს და მკითხავს: ახლა როგორ ხარო? ... და რა ძნელია ამ დროს, თქვა რამე, კარგად ყოფნისგან დამუნჯებას ჰგავს ეს! მერე დავსხდებით იქვე, სადმე ხის მორზე და მე ვხედავ, როგორი უბრალო და გაცრეცილია მისი თალხი სამოსი, როგორი ნაშრომია მისი მუხლებზე დალაგებული თეთრი, თხელი ხელები. ის დუმს, მეც ვდუმვარ, ველოდები, როდის მეტყვის რამეს. სიტყვებს ისეთი მახვილით გამოთქვამს ხოლმე, გეგონება გულს თან ამოაყოლებსო. სადღაც სივრცეში იყურება და ამბობს: - ქრისტე მოგეფეროს შენ, უსაყვარლესო! - ღვთისმშობელმა ჩაგიკრას გულში! ჰო, იშრომე! შენ გენაცვალე, ომია ეს და შენ მეომარი ხარ! ყველას გვიჭირს, მაგრამ „სასუფეველი ცათა ძლევით აიღების", უნდა ვიომოთ, შენ გენაცვალე, აბა, ისე როგორ იქნება! ო, იესო ქრისტე, ქრისტე, რა ტკბილი ხარ, რა ტკბილი! მერე უცებ მომიბრუნდება, ამ დროს მისი მზერა მზეზე ამოგებული ხმალივით ელვარეა. მისი თვალებიდან წარმოსული დიდი შუქი სვეტებად ეშვება ჩემში და ვგრძნობ, როგორ მიმყარდება მორყეული ღერძი, როგორ ვმაგრდები და ვძლიერდები ერთბაშად! ის კი მტკიცედ ამბობს: გიჭირს, ვიცი, ბრძოლაა ეს და ძნელია, მაგრამ დამიჯერე, ღირს ჩიტი ბრდღვნად, ღირს! ერთხანს ასე ანთებულია მისი თვალები, მერე ეს სიმტკიცე ნელ-ნელა თბილ, ნათელ ღიმილად გადაიქცევა და უპეებში ასევე ნელ-ნელა იძირება. ასეთი თვალები მარტო ბავშვსა აქვს ხოლმე, ისიც ჩვილს! - შენ შემოგევლე! - ამბობს ისევ და ჩემს თავს კვლავ გულში იკრავს და გვრძნობ იმდენი სიყვარული მოედინება მისგან, არ შეიძლება კაცს ცეცხლი არ წაგეკიდოს და უცებ მთელი დედამიწა თავისი ავ-კარგით გაუსაძლისად არ შეგიყვარდეს. ხანდახან მეშინია კიდეც, გული მწიფე ბროწეულივით არ გადამისკდეს და ამდენი სიყვარულის ძვირფასი მარცვალი ძირს არ დავაპნიო. მისგან წამოსული ისე სავსე ვარ, ვწუხვარ, რატომ გზად არავინ მხვდება, რომ მოვეფერო, ვანუგეშო. ხეებს, ბალახს, ჰაერსაც კი ვეფერები და ყელში ნაკვერჩხალივით მიღვივის ტკბილი სიტყვები: „ქრისტე მოგეფეროს შენ, უსაყვარლესო!" მახსოვს, ერთხელ მამა სერაპიონი სადღაც მიემგზავრებოდა, უეცრად მომიბრუნდა და მთხოვა: გზა დამილოცეო! - ადგილზე გავქვავდი. მან კი ისევ გამიმეორა, მე კურთხევის გატეხვა ვეღარ გავბედე და ძლივს წამოვთქვი: ღმერთმა დაგლოცოთ, მამაო! ... და მას შემდეგ ყოველთვის გაკვეთილების დასასრულს ჩემს პატარა მეხუთეკლასელ მოსწავლეებს თავად გამოვთხოვ ხოლმე დალოცვას. თავს დაბლა ვხრი, ისინი კი პაწაწა ხელებით ჯვარს გადამსახავენ ხოლმე და მეტყვიან: „ღმერთმა დაგლოცოთ, მასწავლებელო!" - და ვიცი, ღმერთი მლოცავს მათი პატარა ხელებით. ასეთ დროს, ვგრძნობ, რომ მე კი აღარ მივეზიდები ჯვარს, არამედ თვითონ ვეებერთელა, ცეცხლოვანი ჯვარი მიმეზიდება მე! ნინო ლარცულიანი თ.ს.უ. ლიტერატურულ ურთიერთობათა და თარგმნის კათედრის ასპირანტი გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი", № 14 (321), 2005 წ.
|