გზა სოხუმისკენ


გზა სოხუმისკენ

საოცარი ფეიერვერკით შეხვდა თბილისი 1994 წელს... ასეთი რამ არც მანამდე და არც მას შემდეგ აღარსად მინახავს. ყველანაირი იარაღიდან ისროდნენ. სულმთლად დახვრიტეს ღრუბლის ქულები. იტყოდით, შინაური თუ გარეული მტრის ჯავრს ზეცაზე იყრიანო ქართველები... მაგრამ ეს არ იყო ზეცის გამოწვევა; ეს ნაომარი, დამარცხებული ბიჭების სულიდან ამონახეთქი ტკივილის გახლდათ.

ზეცა იმან გამოიწვია, ვინც ეს უაზრო ომი წამოიწყო 1992 წლის 14 აგვისტოს. ამ დღეს ღვთისმშობლის წილხვედრ ივერიაში მარიამობის მარხვა დაიწყო. ტაძრებში იდღესასწაულეს შემოყვანება პატიოსნისა ძელისა ცხოველსმყოფელის ჯვრისა, მცირე აიაზმა აკურთხეს, წირვის შემდეგ ტაძრის შუაში პატიოსანი ჯვარი დააბრძანეს, მორწმუნენი ეამბორენ მას და შეწევნა შესთხოვეს უფალს, რათა ღირსეულად გაევლოთ მიძინების მარხვა... მავანმა კი ომი წამოიწყო, ომი, რომელმაც ათასობით ქართველი ვაჟკაცი ჩააწვინა მიწაში და ვინ იცის, რამდენი აფხაზი წაართვა ისედაც მცირერიცხოვან ერს; ომი, რომელმაც ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული ფურცელი ჩაწერა ჩვენი ერის ისტორიაში და 300000 ადამიანი საკუთარ ქვეყანაში ლტოლვილად აქცია.

ძელიცხოვლის ჯვრის შემოყვანების დღესასწაულზე დაიწყო ომი და ძელიცხოვლის ჯვრის ამაღლების დღესასწაულზე დამთავრდა. მოყვასის სისხლის დაღვრით შეურაცხვყავით ჯვარი ცხოველსმყოფელი და ჯვრის ძალითვე ვიძლიენით, დავმარცხდით. დავმარცხდით ქართველებიც და აფხაზებიც. ქართველები ჩვენმავე ცოდვებმა დაგვამარცხა, შინაომებმა, გაუტანლობამ, ღალატმა, აფხაზები კი - ჩრდილოელმა „მოყვასმა" და უმეცრებამ, უგუნურებამ. ან კი სხვა რა შეიძლება უწოდო სურვილს, ჩამოაშორო ღვთისმშობლის წილხვედრ საქართველოს ძირძველი კუთხე, ჩამოაშორო ილორი, ბედია, ბიჭვინთა... სხვა რა შეიძლება დაერქვას ამას, თუ არა უგუნურება და მტრობა საკუთარი თავისა, დედისა ღვთისას, ივერთა პატრონის, მტრობა. აღარაფერს ვიტყვით რუსებზე - იმათ თავიანთიც ეყოფათ, რამეთუ ნათქვამია: რომელი საწყაულითაც მიუწყავთ, იმავე საწყაულით მოგეზღვებათ. ჩვენ ჩვენი ვიკითხოთ, ის ვიკითხოთ, თუ როგორ ვიპოვოთ ქართველებმა და აფხაზებმა ერთმანეთის გულებთან მისასვლელი გზები. რაც მთავარია, მარტონი არა ვართ - ჩვენს გვერდით არიან ამ ომში მოწამეობრივად აღსრულებული მღვდელმონაზონი ანდრია ყურაშვილი, აფხაზი იპოდიაკვანი გიორგი ანუა, ქართველების სიყვარულისთვის მოკლული მღვდელი ლავრენტი კრავცოვი და ომის ურიცხვი უბრალო მსხვერპლი. ალბათ, დადგება დრო და ასრულდება პატრიარქის სურვილი - აღიმართება აფხაზეთში ერთი დიდი ჯვარი ომში მოწყვეტილ ქართველთა და აფხაზთა მოსახსენებლად.

† † †

მას შემდეგ თორმეტი წელი გავიდა. თორმეტი წელია, რაც აფხაზეთიდან დევნილნი იტანჯებიან „თითო სახეთა ჭირთა განგრძობითა", შიმშილით, წყურვილით, უსახლკარობით. მაგრამ მათი ყველაზე დიდი ტკივილი მაინც აფხაზეთში დარჩენილი ახლობელთა საფლავებია, მათი გაციებული ცხედრები, რომელთა არათუ დაკრძალვა, დატირებაც ვერ მოასწრო ბევრმა.

ჯვართამაღლების დღესასწაულის მოახლეობა თითქოს აკრთობთ, აშინებთ... მაგრამ არა მორწმუნეთ. მათ იციან, რომ ამაღლება ჯვრისა ჯვარცმის გზით აღდგომისა და ამაღლებისკენ სვლაა. მეუფე დანიელის პარალელისთვის დავით აღმაშენებლის ზეობის წინა წლებს იხსენებს. მაშინ დიდი თურქობით გატანჯულ ერს აღდგომა დღეს ღვთის კიდევ ერთ რისხვად მოევლინა მიწისძვრა. სტიქია თითქმის მთელი წელი გაგრძელდა და მიწასთან გაასწორა საქართველო. მაგრამ შეგვიწყნარა უფალმა და „ბნელსა უკუნსა შინა იწყო აღმოცისკრებად  მზემან ყოველთა მეფობათამან" დავით აღაშენებლმა. იქნებ ახლაც შეგვიწყალოს ღმერთმა და მოგვივლინოს ახალი დავით აღმაშენებელი... ისიც გავიხსენოთ, რომ მეფე დავითმა მხოლოდ გარდაცვალებამდე სამი წლით ადრე დაუბრუნა საქართველოს 400 წელს არაბთა ხელში ნამყოფი თბილისი...

ძელიცხოვლად წოდებული ჯვარი პირველად მაცხოვრის მოსაკლავად აღიმართა. იგივე ჯვარი სამი საუკუნის შემდეგ კონსტანტინე დიდმა მოიძია იერუსალიმში და აღამაღლა, ახლა უკვე ღვთის სადიდებლად და მორწმუნეთათვის ძალის მისაცემად. ხის უბრალო ჯვარმა, რომელზეც მაცხოვრის სისხლი დაინთხა, ცხოველმყოფელი ძალა შეიძინა - სნეულთ კურნავდა და მკვდარს აღადგენდა.

† † †

27 სექტემბერს ეკლესია კიდევ ერთ მოვლენას იხსენებს: უფლის ჯვრის თოთხმეტწლიანი ტყვეობიდან დაბრუნებას სპარსეთიდან იერუსალიმს. სპარსეთის მეფე ხოსრო II-მ მეშვიდე საუკუნეში დაარბია იერუსალიმი, გაიტაცა პატიოსანი ჯვარი და წმინდა პატრიარქი ზაქარიაც ტყვედ წაიყვანა. 14 წლის შემდეგ ჰერაკლე კეისარმა ბრძოლით გამოიხსნა წმინდა ჯვარიცა და პატრიარქიც. იერუსლიმს რომ მიუახლოვდნენ იმპერატორმა ჯვარი იტვირთა და გოლგოთისაკენ წააბრძანა, მაგრამ იმ ბჭესთან, რომელსაც გადის გოლგოთისკენ მიმავალი მლოცველი, პორფირითა და სამეფო გვირგვინით შემკობილი ტახტისმპყრობელი შედგა და გზის გაგრძელება ვეღარ მოახერხა. წმინდა ზაქარიამ აუხსნა: „უფლის ანგელოზი გეღობება წინ, რადგან მან, ვინც კაცობრიობის გამოსასყიდად იტვირთა ჯვარი და გოლგოთაზე აიტანა, სიმდაბლით გაიარაო ეს გზა". მაშინ ჰერაკლემ მოიხსნა გვირგვინი, სამეფო მანტიაც განიმოსა და უბრალო სამოსით ააბრძანა ჯვარი მაცხოვრის სისხლით გაპატიოსნებულ მთაზე.

ღვთის ეს სასწაული იმის ნიშანი გახლდათ, რომ უფლის მიერ ბოძებული ჯვრის ტვირთვა მხოლოდ სიმდაბლით შეიძლება. სიმდაბლისა და სინანულისკენ მოგვიწოდებს ჯვართამაღლების დღესასწაული და მძიმე მარხვა, ამ დღეს ეკლესიის მიერ დაწესებული. მაშ, განვიმოსოთ ქართველებმაც და აფხაზებმაც კაცობრივი სიმართლის მანტია, მოვიხსნათ იმავე სიმართლის გვირგვინი და ისე გავუყვეთ გზას, აფხაზეთისკენ, სოხუმისკენ და ერთმანეთის გულებისკენ რომ მივყავართ. ესაა დიდი რწმენის, დიდი სიყვარულის, დიდი მიტევების გზა. ეს უფლის შვილების გზაა.

მოამზადა კახაბერ კენკიშვილმა
ჟურნალი „კარიბჭე", № 8, სექტემბერი, 2004 წ.


კატეგორია: სხვადასხვა | დაამატა: vasoelis (09.02.2012)
ნანახია: 967 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]