|
ჰელოუინის კოსტიუმი |
XIX ს-ში ირლანდიელმა იმიგრანტებმა ჰელოუინი ამერიკაში გაავრცელეს. ბოლო ხანს მისი აღნიშვნა ევროპის მრავალ ქვეყანაშიც დაიწყეს. გერმანიაში „სულ უფრო მეტი მოქალაქ ცდილობს, ამ შემაძრწუნებელ გართობებში მონაწილეობის მიღებას", - წერს გაზეთი „ნორდკურიერი" ჰელოუინის შესახებ.
ჰელოუინის ნეოწარმართული დღესასწაული შეუთავსებელია ქრისტიანულ მსოფლმხედველობასთან, - მიაჩნიათ სხვადასხვა ქვეყნის ქრისტიანულ კონფესიებს. ნიცის ეპისკოპოსი ჟან ბონფისი თავის წერილში აღნიშნავს, რომ სიტყვა „ჰელოუინის" ძირი კელტურია, მასში ბოროტი სულების შელოცვისა და მათი განდევნის შინაარსია ჩადებული. სულები მიცვალებულთა სახეებს იღებენ, მოჩვენებებად გვევლინებიან, რათა ჩაასახლონ ჩვენში სიკვდილის შიში, რაც ეშმაკისგან მოდის. „დაე, ყველამ იცოდეს, რომ ჰელოუინი არის მთელი მსოფლიოს სატანისტთა უმთავრესი დღესასწაული და საერთო არაფერი აქვს ქრისტიანულ კულტურასთან", - გვაფრთხილებს ეპისკოპოსი.
საჰელოუინოდ ტრადიციულ სამასკარადო ტანსაცმლით შემოსილი ბავშვები თავისდაუნებურად ბოროტ ძალას ემსახურებიან. როდესაც არ გვესმის იმ „დღესასწაულის" არსი, რომელშიც ვმონაწილეობთ, ამან შეიძლება მეტად მავნე და საშიშ შედეგებამდე მიგვიყვანოს. ჰელოუინის ოკულტური დღესასწაულის შესახებ თავიანთი უარყოფითი პოზიცია გამოხატეს კათოლიკური და მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენლობა.
უკანასკნელ წლებში საქართველოში, როგორც ყველა „უცხო ხილს", კომერციული მიზნით ჰელოუინის აღნიშვნასაც გამოუჩნდნენ ინიციატორები. შარშან, 31 ოქტომბერს, ჰელოუინის თბილისის ერთ-ერთ ღამის კლუბში აღინიშნა. ჩაბნელებულ დარბაზში მაგიდებს გოგრისგან დამზადებული ჩირაღდნები ანათებდა. სტუმართა უმრავლესობა სამასკარადო კოსტიუმებში იყო გამოწყობილი, რასაც თან ერთვოდა ელექტრონული მუსიკაც. იმ მართლმადიდებელ ქართველებს, რომლებიც ღამის კლუბში შავი სამასკარადო შესამოსლით როკავდნენ და „სულების განდევნის რიტუალში" მონაწილეობდნენ, როგორც ჩანს, წარმოდგენა არ ჰქონდათ ამ დღესასწაულის ოკულტურ ფესვებზე და უწყინარი, მხიარული გართობა ეგონათ.
საერთოდ, ბოლო ხანს საქართველოში ერთგვარ მოდად იქცა უცხოური დღესასწაულებისა თუ ტრადიციების მექანიკური გადმოტანა და საყოველთაო ზეიმებად გადაქცევა. სჯობს, სანამ ამგვარი საქმის თაოსანნი რაიმეს გადაწყვეტდნენ, კარგად გაერკვნენ „დღესასწაულების" არსში.
მოამზადა სერგო კერესელიძემ
ჟურნალი „კარიბჭე", №19, 2005 წ.
ნუ ვიქნებით უცხოური მოდის ბრმა თაყვანისმცემლები
სამწუხაროდ, ბოლო წლებში საქართველოში მოდური გახდა ჰელოუინის დღესასწაულის აღნიშვნა. უნდა ითქვას, რომ ამ ზეიმში მონაწილე ქართველი ახალგაზრდების უმრავლესობას წარმოდგენაც კი არ აქვს რისი თანაზიარი ხდება.
ჰელოუინი (ინგლ. Halloween) - ძველი კელტების წარმართული ზეიმია. იგი 31 ოქტომბრის ღამეს იწყება და 1 ნოემბერსაც გრძელდება. მისი წარმომავლობა ინგლისში, ირლანდიასა და ჩრდილოეთ საფრანგეთში (გალიაში) მცხოვრებ ხალხთა წარმართულ წარმოდგენებს უკავშირდება.
მიუხედავად ევროპული წარმოშობისა, ეს დღე ფართოდ აღინიშნება აშშ-ში და მხოლოდ უკანასკნელ პერიოდში გავრცელდა ევროპაში.
ძველ კელტებს სწამდათ სიცოცხლის სიკვდილისაგან წარმოშობისა. 31 ოქტომბერს ისინი ახალ წელს აღნიშნავდნენ და მიაჩნდათ, რომ 1 ნოემბერს იწყებოდა ჟამი სიცივისა, წყვდიადისა და სიკვდილისა.
ამ ღამეს ისინი განადიდებდნენ და თაყვანს სცემდნენ სიკვდილისა და ბნელეთის წარმართ ღვთაებას - სამჰეინს (Samhain). კელტური ახალი წლის დამდეგს დრიუდები (კელტი ქურუმები) აქრობდნენ ყოველგვარ ცეცხლს და ასე წყვდიადში ეგებებოდნენ „დღესასწაულს". მომდევნო დღის საღამოს დიდ კოცონს აჩაღებდნენ და სიკვდილისა და წყვდიადის მბრძანებელს, ბნელეთის ბოროტ სულს (იგივე სატანას) მსხვერპლს სწირავდნენ. დრუიდებს სწამდათ, რომ თუკი სამჰეინი მათი მსხვერპლშეწირვით კმაყოფილი დარჩებოდა, გარდაცვლილთა სულებს „ნებას დართავდა" ამ დღეს თავიანთ სახლებში „ესტუმრათ". ჰელოუინის წარმართულ დღესასწაულზე ჯადოქრებისა და ბოროტი სულების კოსტუმებში გამოწყობილი ადამიანების ქუჩებში ხეტიალი - მიღმიურ სამყაროსთან და ბილწ სულებთან ურთიერთობას განასახიერებს.
დღესასწაულის ძირითადი ატრიბუტია „ჯეკის ფარანი" (ინგლ. jack-o'-lantern), იგი გოგრისგანაა დამზადებული; აქვს ადამიანის თავის ფორმა, მასში ამოჭრილი თვალებითა და პირით, შიგნიდან განათებულია სანთლით. ეს სიმბოლო უკავშირდება უძველეს ირლანდიურ ლეგენდას ერთ მოხუც ფერმერ ჯეკზე, რომელიც აზარტული თამაშების მოყვარული და ალკოჰოლიკი იყო. ლეგენდის თანახმად მან ორჯერ გააბრიყვა ეშმაკი, სიკვდილის შემდეგ კი ვერ მოხვდა ვერც სამოთხეში (თავისი მანკიერი ცხოვრების წესის გამო) და ვეღარც ჯოჯოხეთში, რადგან ბოროტმა სულმა შეჰფიცა, რომ არ წაიყვანდა ჯოჯოხეთში. ამიტომ მისი სული სამყაროში დახეტიალობს გოგრის თავითა და მასში ბჟუტავი ნახშირით, რომელიც ჯეკმა გზის გასანათებლად ჯოჯოხეთიდან მოიპარა. სწორედ ამ ლეგენდის გამოა ჰელოუინის ძირითადი ატრიბუტიკის შეფერილობა ნარინჯისფერი და შავი.
„ჯეკის ფარანი" (Jack O'Lantern) |
ჰელოუინის წარმართული კულტის მნიშვნელოვანი ნაწილი არის ასევე „გართობა" - Trick-on-Treat, რომელიც წარმოადგენს სამჰეინის დემონებისადმი ძღვნის მირთმევის რიტუალიზირებულ აქტს. კელტებს მიაჩნდათ, რომ ამ დღეს გარდაცვლილთა სულები წყვდიადის სამყაროდან ცოცხალთა სამყაროს ეწვევიან და ამიტომ ისინი დაუცხრომელ შიმშილს განიცდიან და კელტები დემონებისათვის დიდ სუფრას აწყობდნენ; მათი რწმენის თანახმად, თუკი სულებს არ „დააპურებდნენ" სამჰეინის რისხვა და წყევლა-კრულვა დაატყდებოდათ თავს.
ამ დღეს ბოროტი სულის კოსტუმებში გამოწყობილი ბავშვები კარდაკარ დადიან და მოსახლეობისგან ტკბილეულს აგროვებენ (რითაც ეს რიტუალი „ალილოს" უპირისპირდება); ვისაც შეხვდებიან, შესძახებენ: (ინგლ. „trick-or-treating" - ოინი ან გამასპინძლება!) ვინც უარს ამბობს ნუგბარის გაცემაზე, მას რამე უსიამოვნო ოინს უწყობენ. ტკბილეულითა და ნუგბარით ამ რიტუალში მონაწილეთა გამასპინძლება ნიშნავს სამჰეინისთვის, ანუ თავად სატანისათვის ძღვნის მიტანას, ე.წ. ჯეკის ფარანის „Jack O'Lantern") ანთება კი ბოროტ სულთა სახელზე დანთებული გაუკუღმართებული „კანდელია".
ამგვარად, ჰელუინში მონაწილეობა სხვა არაფერია, თუ არა წარმართობაში დაბრუნება და კერპთაყვანისმცემლობის აღიარება.
ადრექრისტიანული ეკლესიის მამებმა კელტების ამ წარმართული ტრადიციის საპირისპიროდ, ამ დღეს ყოველთა წმინდანთა ხსენების დღესასწაულის აღნიშვნა დააწესეს. სიტყვა სიტყვით Halloween - All Hallows' Even (შემოკლებით „Hallow E'En" ითარგმნება როგორც ყოველთა წმინდანთა საღამო. სამწუხაროდ, უწიგნური ადამიანების მიერ წარმართული ზეიმი გაიგივდა ყოველთა წმინდანთა დღესასწაულთან, რომელიც ერთსა და იმავე დღეს აღინიშნებოდა და ამიტომ წარმართულ ზეიმს შეცდომით Halloween ეწოდა.
ეკლესია ცდილობდა წარმართული ტრადიციების აღმოფხვრას, რასაც მტრულად შეხვდნენ ანტიქრისტიანულად განწყობილი წარმართები. ამ დღეს ისინი განზრახ შეურაცხყოფდნენ ქრისტიანულ სიწმინდეებს; ქრისტიანული ეკლესიის მიერ წმინდანთა თაყვანისცემის წესის შეურაცხყოფისთვის ისინი ჩონჩხის კოსტუმებში გამოწყობილნი დახტოდნენ, იპარავდნენ ჯვრებს და სიწმინდეებს ეკლესიიდან, რათა ამ „დღესასწაულზე" ისინიც დაცინვის და შეურაცხყოფის საგნად ექციათ.
ადრექრისტიანულ ეკლესიას იმედი ჰქონდა, რომ ყოველთა წმინდანთა ხსენების დღე - All Hallows' Even - თანდათანობით განდევნიდა წარმართულ დღესასწაულს, მაგრამ მოხდა პირიქით, წარმართული დღესასნაული შეერწყა ამ დღეს, მოგვიანებით კი მის შინაარსს სრულიად განეშორა წმინდანთა ხსენება და იგი ჯადოქრების, მაგებისა და ჭინკების ზეიმად იქცა.
XIX საუკუნეში ეს ზეიმი ამერიკაში ევროპიდან ჩასულმა ირლანდიელმა და შოტლანდიელმა ემიგრანტებმა ჩაიტანეს. XX საუკუნის 20-იან წლებში ეს დღესასწაული უკვე ფართოდ აღინიშნებოდა ნიუ-იორკსა და ლოს-ანჟელესში. ზეიმში მონაწილეები ამსხვრევდნენ მინებს, სკამებს, ცეცხლს უკიდებდნენ ხეებს და ა.შ. ბიზნესმენებმა ჰელოუინში შემოსავლის წყარო დაინახეს, შეიქმნა მთელი ინდუსტრია, რომელიც ამ დღისთვის ჰელოუინის ატრიბუტიკას აწარმოებს. აშშ-ში ამ მიზნით ყოველწლიურად 2,5 მილიარდი დოლარის პროდუქცია იწარმოება.
ყოველთა წმიდათა ხატი |
თუმცა, უნდა ითქვას, მიუხედავად იმისა, რომ ეს ზეიმი აშშ-ში უკვე თითქმის საუკუნეა აღინიშნება და ძალიან პოპულარულია, იგი არ არის ოფიციალური დღესასწაული, უფრო მეტიც, უკანასკნელ პერიოდში აშშ-ს სახელმწიფო მოხელეებმა აკრძალეს მისი აღნიშვნა სკოლებში.
XX საუკუნის მიწურულს აშშ-დან ჰელოუინი კვლავ შეიჭრა ევროპაში და ახლა უკვე აღმოსავლეთ ევროპასაც მოედო.
ამერიკაში ჰელოუინის აღნიშვნას ერთი ზოგადი სცენარი აქვს. მასკარადი იწყება ე.წ. „ვამპირთა ქორწინებით", რაც იმას გულისხმობს, რომ ნეფე-დედოფალს „ჯვარს წერს" საფლავიდან წამომდგარი დრაკულა, რაც სატანის მშობლების ქორწინებას და დედამიწაზე მის განხორციელებას გამოხატავს (მაცხოვრის მეორედ მოსვლის წინ რომ უნდა აღსრულდეს) . ზეიმის მონაწილენი ვამპირების, ჯადოქრებისა და ბოროტ სულთა კოსტუმებში ეწყობიან. ამ დღისთვის საგანგებოდ მზადდება ჩონჩხის ფორმის კარამელი, მიცვალებულთა გამომსახველი მარმელადი, ექსკრემენტის ფორმისა და შესახედაობის ტკბილეული. ზეიმის მონაწილენი ერთმანეთს კვერცხებს უშენენ.
ცნობილი კულტუროლოგის ჯ. ფრეზერის აზრით, „ეს ზეიმი განსაკუთრებით საშიშ სახეს იღებს მოზარდებისთვის; იგი არის ერთგვარი ფსიქოლოგიური წნეხი მოზარდთა სუსტ ფსიქიკაზე, - ბავშვებში ირღვევა წარმოდგენა კეთილსა და ბოროტზე. ამ ზეიმზე ტრადიციად იქცა ბავშვებისა და უფროსებისთვის მანიაკების, მკვლელების, ვამპირების, ჯადოქრების, დემონების, მონსტრების და სხვა ბილწი სულების განსახიერება. ბავშვები ქუჩა-ქუჩა დადიან და მათხოვრობენ. უფროსები მოზარდებთან ერთად აწყობენ სასტიკ და ამორალურ ოინებს, ვანდალურ და აღვირახსნილ ორგიებს. ამ დღეს ბავშვებისთვის ნორმად იქცევა ადამიანების მსხვერპლშეწირვის განსახიერება, ადამიანის ტანჯვისა და სიკვდილის დაცინვა, რამაც შეუძლებელია უკვალოდ ჩაიაროს და ნეგატიურად არ აისახოს არა მარტო მოზარდის ფსიქიურ მდგომარეობაზე, არამედ მის შემდგომ პიროვნულ განვითარებაზეც. ცნობილია მრავალი ფაქტი, როდესაც ჰელოუინის ზეიმის დღეს იპოვეს რიტუალურად მოწამლული, მოკლული, ჩამოხრჩობილი, დამწვარი ადამიანები. თუნდაც, გავიხსენოთ შარშან, შვეციაში დისკოთეკაზე მოწყობილ ხანძარში დაზარალებული 200 მოზარდი!.."
ჰელოუინის აღნიშვნაში სოციოლოგები მეტად საშიშ მოვლენას ხედავენ. მათი აზრით, მსგავსი დღესასწაულები მოწმობს კულტურის კრიზისზე. ეს უკიდურესი სულიერი გამოფიტვაა, ის მდგომარეობაა, როდესაც ადამიანები ერთმანეთისგან ვეღარ არჩევენ კეთილსა და ბოროტს. ამის მტკიცებულებაა ოკულტიზმისა და მაგიისადმი გაცხოველებული ინტერესი და ამგვარი ლიტერატურის დიდი ტირაჟებით გამოცემა.
ფსიქოლოგების აზრით, ჰელოუინის გამოკვეთილი სიმბოლიკა, კონკრეტული უზნეო სახეები, არქეტიპული ხასიათის მატარებელი დღესასწაულის უაზრო არსი, ერთობლივი მოქმედების ეფექტი, ნეგატიური აღგზნება - ბავშვებში ძლიერი ფსიქოფიზიკურ, ემოციურ, სუგესტიურ ზემოქმედებას ახდენს, რასაც შედეგად მოსდევს ცნობიერების ზოგადი დემორალიზაცია. აქ ხდება კეთილისა და ბოროტის შესახებ ზოგადსაკაცობრიო წარმოდგენის ჩანაცვლება და მისი თავდაყირა დაყენება - აღრეულია ცნებები - მშვენიერება და სიმახინჯე, სიმართლე და ტყუილი, რაც უკვე თვით ამ დღესასწაულის სახელწოდებაში „ჰელუინი" - „ყოველთა წმინდანთა ხსენება" - არის გამოხატული. ამ დღისთვის წმინდანთა ხსენების დარქმევა არის ურცხვი განცხადება ვამპირებისა და მონსტრების კოსტუმებში გამოწყობილი ვანდალებისათვის. პელოუინზე ახსნილია ადამიანის ფსიქიკამი არსებული ბუნებრივი ტაბუ ყველაფერზე, დახშულია სინდისის ხმა, შინაგანი ცენზურა. ადამიანები, თამაშის ფორმით, მონაწილეობენ დიდ სიბილწეში. ისინი მიირთმევენ მსხვერპლის სისხლის კონსისტენციისა და შესახედაობის ნუგბარს, ადამიანის ექსკრემენტების ფორმისა და სხვაგვარ სიბილწის მაგვარ ტკბილეულს.
ეპისკოპოსი ალექსანდრე (მილეანტ) წერს: „ზეიმი Halloween ძირს უთხრის წმინდა ეკლესიას... ეკლესიამ მკაცრი პოზიცია უნდა დაიკავოს ამგვარი მოვლენების მიმართ. ქრისტე მაცხოვარმა განგვიცხადა, რომ უფალი ღმერთია ყოველი ჩვენი საქციელისა და მრწამსის მსაჯული და ყოველი ჩვენი საქმე მიმართულია ან უფლისკენ, ან მის წინააღმდეგ! არ არსებობს რამე საშუალო და ნეიტრალური გზა!..."
ჰელოუინის წარმართულ დღესასწაულთან დაკავშირებით ნეგატიურ დამოკიდებულებას ამჟღავნებს და ამას საქვეყნოდ აცხადებს ყველა ქრისტიანული დენომინაცია. რამდენიმე წლის წინ მსგავსი განცხადება საქართველოს საპატრიარქომაც გააკეთა.
ნუ ვიქნებით უცხოური მოდის ბრმა თაყვანისმცემლები!
მარიამ გაგუა
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი", №32, 2009 წ.
სულ კომენტარები: 0 | |