მართლმადიდებლური სწავლება ანტიქრისტეს შესახებ
„ქრისტეს მეორედ მოსვლა ამ ქვეყნად... ამქვეყნიური ცხოვრების დასასრული... საყოველთაო აღდგომა მკვდრეთით და ყოველი ადამიანის წარდგომა ღვთის სამსჯავროზე... ყოველივე ამას, აი, უკვე ორი ათასი წელია მოელის ქრისტიანული კაცობრიობა, რადგან ღმერთის გარდა არავინ იცის, როდის მოხდება ეს. ზუსტი დრო არავინ უწყის, მაგრამ ნიშნები მეორედ მოსვლისა წმიდა სახარებაში მკაფიოდაა ჩამოთვლილი. ეს ნიშნებია: მიწისძვრები, სხვა ბუნებრივი კატაკლიზმები, ადამიანთა მასიური დაღუპვანი, შიმშილობანი, ომები და „ამბავნი ბრძოლათანი", სისხლიანი ეთნოკონფლიქტები („და აღსდგეს ნათესავი ნათესავსა ზედა") და სხვა. მაგრამ უმთავრესი ნიშანი მოახლოებული მეორედ მოსვლისა არის საყოველთაო ურწმუნოების გავრცელება და ამქვეყნად დიდი ქრისტემტყუარის - ანტიქრისტეს გამოჩენა, რომელიც თავს ჭეშმარიტ მესიად, ამსოფლად მოვლენილ ღმერთად გამოაცხადებს, თითქმის მთელს დედამიწაზე გაბატონდება, მრავალ ურწმუნო თუ მცირედ მორწმუნე ადამიანს შეაცდენს და კაცობრიობის დიდ ნაწილს დაღუპავს. მისი გამოჩენა მოხდება შვიდი წლით ადრე ქვეყნის დასასრულამდე და ქრისტეს მეორედ მოსვლამდე..."
„თუ იცი რაიმე ანტიქრისტეს შესახებ, მოყვასსაც აუწყე!" (წმ. კირილე იერუსალიმელი) უფალი იესო ქრისტე ბრძანებს: „...ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას" (მათე 16,18). რას ნიშნავს ეს გამოთქმა - „ბჭენი ჯოჯოხეთისანი?" წინათ იუდეველებს ჩვეულებად ჰქონდათ უხუცესთა წინამძღოლობით ქალაქის კარიბჭესთან შეკრებილიყვნენ და თავიანთი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი საკითხები იქ განეხილათ. აქ მსჯელობდნენ სარწმუნოებრივ, პოლიტიკურ, სამართლებრივ და სხვა საზოგადო საქმეებზე. ასეთი თავყრილობა იყო ერთგვარი უზენაესი სამსჯავრო თუ საბჭო ნებისმიერი მნიშვნელოვანი საქმის გადაწყვეტისას: ერის რჩეულთა პირით აქვე ეუწყებოდა ხოლმე ხალხს ღვთის ნებაც, უწყებული მათდა საღვთო გამოცხადებისა და ნათელხილვის გზით. ყოველივე ამის გამო კარიბჭესთან გამართულ თავყრილობას ხალხში უდიდესი ავტორიტეტი გააჩნდა. იუდეველთა ამ ჩვეულებაზე ცნობები საღვთო წერილშიც მოიპოვება: იგი რუთის წიგნშია ნახსენები (თავი 4. 1 და 11 მუხლები). ხოლო სოლომონის იგავნი, როცა ღირსეულ ცოლს - „მხნე დედაკაცს" გვიხასიათებს, შემდეგს გვაუწყებს: „სახედაც არნ ბჭეთა ქმარი მისი, რაჟამს დაშჯდის კრებულთა შორის მოხუცებულთა და მკვიდრთა ქვეყანისათა" (იგ. 31,23), ანუ საზოგადოების ნდობით სარგებლობს და მნიშვნელოვან თავყრილობებში ქმედით მონაწილეობას იღებსო. ზემოთქმულის გათვალისწინებით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ უფლის ეს სიტყვები - „ბჭენი ჯოჯოხეთისანი" უბრალოდ ჯოჯოხეთის ძალებს კი არ აღნიშნავენ მხოლოდ, არამედ ჯოჯოხეთის თვით უმთავრეს ძალთა, წყვდიადის უბოროტეს შესაკრებელს, მის ყველაზე მნიშვნელოვან და ქმედით ნაწილს, რომლის მიზანიც ქრისტეს წმიდა ეკლესიასთან ბრძოლაა. ასე რომ, ეკლესია და ჯოჯოხეთი ერთმანეთთან მებრძოლ ორ საპირისპირო ძალად წარმოსდგებიან და, როგორც ვიცით, ამ ბრძოლაში ეკლესია უძლეველია, რადგან „ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას". ქრისტეს ეკლესიასთან ბრძოლის ეს გეგმა, ანუ ჯოჯოხეთის ძალთა უმთავრესი მიზანი - მზადება მომავალი გადამწყვეტი ბრძოლისათვის - საღმრთო წერილშია მოცემული გამოთქმით - „საიდუმლო უსჯულოებისა" (II თესალონიკ. 2,7). უსჯულოების ეს საიდუმლო საუკუნეთა მანძილზე მოქმედებდა ეკლესიისა და ჭეშმარიტი სარწმუნოების წინააღმდეგ და ამქვეყნად კაცობრიობის უბოროტესი მტრის - ანტიქრისტეს გამოჩენით უნდა დასრულდეს (II თესალონიკ. 2,8). ანტიქრისტეს ამქვეყნად მოსვლა და გამეფება შესაძლებელი გახდება საყოველთაო აპოსტასიის, ანუ ჭეშმარიტი რწმენისაგან ადამიანთა დიდი განდგომილების ჟამს, როცა ღვთაებრივი ძალა მოაკლდება და აღარ შეეწევა კაცობრიობის უდიდეს ნაწილს. ამასთან დაკავშირებით წმიდა დანიელ წინასწარმეტყელი შემდეგს გვიწინასწარმეტყველებს: „და უკანასკნელთა ზე მეფობისა მათისათა განსრულებასა ცოდვათა მათთასა აღდგეს მეფე ურცხვინოი პირითა და გულისხმის-მყოფელი წინადადებათაი (ანუ მზაკვარებისა), და მტკიცე იყოს ძალი მისი და არა ძალითა მისითა, და საკვირველნი განხრწნეს, და წარემართოს, და ყოს, და განხრწნეს ძლიერნი და ერი წმიდაი" (დან. 8,23-24). პავლე მოციქულიც გვასწავლის ანტიქრისტესათვის, „რომლისა-იგი მოსვლაი არს შეწევნითა ეშმაკისაითა ყოვლისავე ძალითა და ნიშნებითა ტყუილისათა" (II თესალონიკ. 2,9). ანტიქრისტეს პიროვნებაში თავს მოიყრის ბოროტება მთელი თავისი სისრულით და ძალით, რაც კი შეიძლება ზიდოს ადამიანთა ბუნებამ. როგორც კაცობრივ ხეზე ყველაზე წმიდა და სრულყოფილი ნაყოფის - ღვთისმშობლის გამოსაღებად აუცილებელი იყო ათასწლოვანი სრულყოფა-განვითარება კეთილი ადამიანური თესლისა, ასევე ყველაზე ბილწი ნაყოფის გასაღებადაც, მთელს სატანურ ბოროტებას რომ დაიტევს თავში, აუცილებელი გახდება მრავალი თაობის ბოროტი ძალისხმევა კაცობრივი ბუნების უკიდურეს გახრწნილებასა და წაბილწვაში, რასაც თან ახალვს ქრისტესადმი უგონო სიძულვილი და მისი წმიდა ეკლესიის წინააღმდეგ უგვანო ბრძოლა. მაშასადამე, შეიძლება ითქვას, რომ ბოროტება, ანტიქრისტეს უწმიდურ წინაპართა გრძელ რიგში დაგროვილი და ყოველი ახალი თაობის მიერ მზარდი ძალით გადაცემული, თვით ანტიქრისტეს პიროვნებაში არნახულ ძალას მიაღწევს, ისეთს, როგორიც კი შეუძლია ბუნებას ადამიანისა ზიდოს და გამოავლინოს. საერთოდაც, მთელ კაცთა მოდგმაში ოდით არსებული ბოროტება მასში განვითარების ზღვარს მიაღწევს. ამასთანავე, ცხადია, რომ საზოგადოდ, ადამიანის ბოროტი ნების გაძლიერების კვლავ ეშმაკის თანადგომაც იზრდება მისადმი და მზაკვრისათვის ამ უკანასკნელის სული სულ უფრო მისაწვდომი ხდება. ამიტომაც, რადგან ანტიქრისტეში საკუთარი ბოროტი ნება და უმსგავსოება განვითარების ზღვარს მიაღწევს, ამის კვალად ეშმაკის დამოკიდებულებაც მისდამი უაღრესად პირდაპირი, უშუალო გახდება. ეს კი იმაში გამოიხატება, რომ ანტიქრისტეს პიროვნებაში ანუ მისი სახით განუწყვეტლივ იმოქმედებს თვით ეშმაკი. ეკლესიის დიდი მამა იოანე დამასკელი ამასთან დაკავშირებით შემდეგს ამბობს: „წინდაწინვე უწყის რა მომავალი გარდაქცეულება - დამახინჯება ანტიქრისტეს ნებისა, ღმერთი დაუშვებს იმას, რომ ამ ადამიანში ეშმაკი შესახლდეს" („ზუსტი გადმოცემა მართლმადიდებელი სარწმუნოებისა". წგ.IV, თ.26 - ანტიქრისტესათვის). იგივეს გვასწავლის წმიდა კირილე იერუსალიმელიც („კათაკმეველთა დასამოძღვრავად" V,14). წმიდა ანდრია კესარიელი კი თავის „თარგმანებაში გამოცხადებისა" ამბობს, რომ ანტიქრისტე, იგივე ანტეი, როგორც იგი უწოდებს „...აღმოვიდეს ბნელთა მათგან ადგილთა, სადა-იგი ეშმაკი დაშჯილ არს" (11,7-8). ნეტარი თეოდორიტეც ამბობს, რომ „ქრისტეს მეორედ მოსვლამდე ქვეყანაზე გამოჩნდება ადამიანური ბუნებით შემოსილი მტერი კაცთა მოდგმისა და მოწინააღმდეგე ღმერთისა, დემონი, რომელიც მიიტაცებს და მიითვისებს ღვთის სახელს" („საღმრთო დოგმატთა მოკლე გადმოცემა"). ლაქცანტიუსი, გეზიქე და ნეტარი იერონიმე ანტიქრისტეს სატანის ძეს უწოდებენ. თანახმად ეკლესიის წმიდა მამათა ასეთი სწავლებისა, ანტიქრისტეს ცხოვრებაში შეუძლებელია ვივარაუდოთ თუნდაც ერთი ისეთი ჟამი, როცა იგი თავისუფალი იქნებოდა ეშმაკის ზემოქმედებისაგან. ეშმაკის ეს ზემოქმედება, პირველ ყოვლისა, უნდა გამომჟღავნდეს თვით ანტიქრისტეს დაბადებაში, ანუ იმაშიც, რომ მისი ჩასახვაც კი თავისი სიბილწით (საიდუმლო მრუშობით) განსაკუთრებული და არგაგონილი იქნება. „შებილწული ქალწულისაგან ნამდვილად იშვება მისი (ანუ ეშმაკის) იარაღი"-ო, ამბობს წმიდა ეფრემ ასური. იგივეს გვიდასტურებს იოანე დამასკელიც... „თვით ეშმაკი კი არ შეიქნება ადამიანად, არამედ იშვება კაცი სიძვისაგან და აღივსება სრული მოქმედებით სატანისა" („ზუსტი გადმოცემა მართლმადიდებელი სარწმუნოებისა". წგ.IV, თ.26). წმიდა მამები: ირინეოსი („მწვალებლობათა წინააღმდეგ", წგ.V, თ.39), იპოლიტე („სიტყვა ქრისტესა და ანტიქრისტეზე"). აგრეთვე ილარიონი, ამბროსი მედიოლანელი, იერონიმე და ნეტარი ავგუსტინე აღნიშნავდნენ, რომ ანტიქრისტე წარმოიშვება დანის, იაკობის ერთ-ერთი ძის ტომისაგანო. ხორციელის კვირის სვინაქსარში ვკითხულობთ, რომ მოვა ანტიქრისტე და იშვება, სიტყვისაებრ წმიდა იპოლიტე რომაელისა, ბილწი დედაკაცისაგან, ცრუ-ქალწულისაგან, ნათესავისაგან დანისაო. მსგავსი მტკიცებისათვის საფუძველი თვით საღმრთო წერილშიც მოგვეპოვება; ვნახოთ რას გვასწავლის იგი. ა) მამამთავარ იაკობის წინასწარმეტყველებაში თავისი თორმეტი ძის გამო, რომელთაც ისრაელის ტომებს დაუდვეს სათავე, დანის შთამომავლობის მომავალი ბედი ისეთი სიტყვებითა მინიშნებული, რაც მხოლოდ ანტიქრისტეს შეიძლება განეკუთვნებოდეს. წმიდა იაკობი ასე ამბობს: „და იყოს დან გველ გზასა ზედა, მზირად მჯდომარე ალავსა, და უკბენდეს ტერფსა ცხენთასა და დაეცეს მხედარი მართლუკუნ" (დაბადება 49,17). ბ) წმიდა იერემიას წინასწარმეტყველების წიგნში ნათქვამია: „დანით გვესმა ხმაი სიმახვილისა ცხენთა მისთასა, ხმისაგან ხვივილისა ცხენოსნობისა ცხენთა მისათასა შეიძრა ყოველი ქვეყანა, და მოვიდეს და შეჭამოს ქვეყანა და სავსებაი მისი, ქალაქი და შინა დამკვიდრებულნი მის შორით მით, რამეთუ, აჰა, გამოვავლენ თქვენდამი გველთა მაკვდინებელთა, რომელთა არა არს სახვრაი, და გკბენდნენ თქვენ, - იტყვის უფალი, - უკურნებელად სალმობიერებისა გულისა თქვენისა უღონოქმნულისათა (იერემ. 8,16-18). გ) იოანეს გამოცხადების (აპოკალიფსის) წინასწარმეტყველებაში, როცა საუბარია ებრაელთა ტომების შესახებ (ღმერთის მონათა და ანგელოზის მიერ „შუბლთა ზედა მათთა დაბეჭდილთა"), ჩამოთვლილია თორმეტი ტომი ისრაელისა იაკობის ძეთა მიხედვით, და მათ შორის არ არის დასახელებული დანი, რომლის ნაცვლად მოხსენიებულია „თესლი ლევისა, ვითარცა სამღველოი" (ანდრია კესარიელი „თარგმანებაი გამოცხადებისაი", 7, 4-8). წმიდა მამათა სწავლებით, ანტიქრისტეს დამკვიდრებისას, ეშმაკი შეეცდება მისი ამქვეყნად გამოჩენა ყველა იმ ნიშან-თვისებით შემოსოს, რაც საღვთო წერილიდან ღმერთის ჭეშმარიტი ძის, უფალ იესო ქრისტეს ამქვეყნად მოვლინების შესახებ ვიცით. ამაზე მიუთითებენ წმიდა კირილე იერუსალიმელი (იხ. მისი სიტყვა „კათაკმეველთა დასამოძღვრად"), წმიდა ეფრემ ასური (39-ე სიტყვა), ნეტარი თეოდორიტე („საღმრთო დოგმატთა მოკლე გადმოცემა", 23), წმიდა იპოლიტე („სიტყვა ქრისტესა და ანტიქრისტეზე") და სხვა მოძღვარნი ეკლესიისა. ეჭვი არ არის, რომ თუკი იქნება რაიმე მსგავსება ანტიქრისტესი ჭეშმარიტ ღმერთის ძესთან, ეს მსგავსება მხოლოდ გარეგნული, და თავისი არსით, ცრუ უნდა იყოს, რადგან, როგორც ეს საღმრთო წერილიდან ვიცით, მთელი მისი ცხოვრება, ყოველი მისი საქმე მძვინვარე და მკრეხელური აღდგომა იქნება ქრისტესა და მისი ეკლესიის მიმართ. ანტიქრისტეს ეს გარეგნული, ცრუ მსგავსება უფალთან, პირველყოვლისა, ალბათ, თვით მის დაბადებაში უნდა გამომჟღავნდეს: რადგან უფალი ჩვენი იესო ქრისტე ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამისაგან იშვა ხორციელად, ამიტომ, ეშმაკი თავის იარაღს ქალწულისაგან დაბადებს, ოღონდ არა წმიდა ქალწულისაგან, არამედ აღსავსეს ყოველგვარი მანკიერებითა და სატანური სიბილწით. ასევე, როგორც ჩვენი უფალი ოცდაათ წლამდე უცნობი იყო, ალბათ, ანტიქრისტეც ასეთივე ასაკის შესრულებამდე, საიდუმლოებით მოცული ცხოვრებით იცხოვრებს და მხოლოდ ამის შემდეგ გამოჩნდება სამოქმედო ასპარეზზე. კვალად, როგორც მაცხოვარმა დაიწყო თავისი მხსნელი მსახურება ღვთაებრივი ქადაგებებითა და სასწაულმოქმედებით, ასევე ანტიქრისტეც, თავის ბოროტ და დამღუპველ მსახურებას ცრუ-მოძღვრების ქადაგებით და ცრუსასწაულებით დაწყებს; ამ გზით იგი ადამიანთა ცდუნებას შეეცდება და სამწუხაროდ, მართლაც აცდუნებს. და კიდევ: როგორც უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ ინება საყოველთაოდ, სახალხოდ გამოეცხადებინა თავი, როცა იერუსალიმსა და მის წმიდა ტაძარში საზეიმოდ შევიდა ხალხისაგან განდიდებული ძედ ღმრთისად და მესიად, ასევე ანტიქრისტეც თავს იუდეველთა მესიად გამოაცხადებს და მსოფლიოს თვითმპყრობელ მონარქად გამოცხადდება, ამასთან, ყოველივე ეს აღსრულდება მისი საზეიმო შესვლით იერუსალიმში და ზე-დაჯდომით იერუსალიმის ტაძრის საყდარზე, იმ ტაძრისა, რომელიც თითქმის ორი ათასი წელია დანგრეულია და რომელიც იმ დროისათვის აღდგენილი იქნება (ან თვით ანტიქრისტეს, ანდა მისი მომლოდინე იუდეველების ძალისხმევით). უფლის საზეიმო შესვლა იერუსალიმში ყველა იმ იუდეველისათვის, ვინც მორწმუნე იყო ამისა, საჯაროდ განაცხადებდა იმას, რომ იესო ქრისტე არის ჭეშმარიტი მესია, რომლის მოსვლაც ამქვეყნად წინასწარ ამცნეს თავის ხალხს ძველი აღთქმის წმიდა წინასწარმეტყველებმა. ამის უეჭველი დადასტურებაა თვით მაცხოვრის სიტყვები, წარმოთქმული მის მიერ იერუსალიმის კარიბჭესთან, როცა იგი „ტიროდა მას ზედა" ურწმუნოებისათვის: „უკუეთუმცა გეცნა შენ დღესა ამას მშვიდობად შენდა! ხოლო აწ დაეფარა თუალთაგან შენთა"-ო (ლუკა 19,42), ანუ: ნეტავ, დღეს მაინც მიმხვდარიყავი, თუ რა ემსახურება შენს მშვიდობასო და იმ ღირსსახსოვარ დღეს, როცა იუდეველბმა უარყვეს ჭეშმარიტი მესია, საუკუნოდ გადაწყდა ისრაელი ერის ბედი. ასევე იქნება მომავალ დღესაც, ანტიქრისტეს, ანუ ცრუ-მესიის საზეიმო შესვლისას იერუსალიმში: საუკუნოდ და შეუქცევად გადაწყდება მისი თანადროული კაცობრიობის ბედი, უფრო სწორად კი კაცობრიობის დიდი ნაწილისა, რომელიც ხორციელი ცხოვრების გამო სულიერი გულისხმისყოფის უნარს მოკლებული იქნება და ამის გამო ანტიქრისტეს ჭეშმარიტ მესიად და მხსნელად მიიღებს. ნეტარ არს იგი, ვინც ამ უკანასკნელ დღეს, რომელსაც ღმერთი საბოლოო თვითგამორკვევისთვის ადამიანებს მიმადლებს, შესძლებს ანტიქრისტეში დაინახოს სატანის მსახური და არა ღმრთისა და ამის ძალით იხსნას თავი დაღუპვისაგან, რაც კაცობრიობის უდიდეს ნაწილს, ანტიქრისტეს მიმღებსა და ჭეშმარიტ ღმერთად მაღიარებელს, უცილობლად მოელის. დაბოლოს, როგორც უფალმა გამოუცხადა თავი ამ ქვეყანას, როცა თავისი მსახურება საკვირველად აღასრულა, იყო რა ჭეშმარიტი წინასწარმეტყველი, ჭეშმარიტი მეუფე და ჭეშმარიტი პირველმღვდელმთავარი, ასევე ანტიქრისტეც შეეცდება თავის პიროვნებაში სრულიად გააერთიანოს ეს სამმაგი ძალაუფლება და ასე აღასრულოს დამღუპველი მსახურება; ანუ იგი კაცობრიობის დიდი ნაწილისთვის გახდება ყველაზე დიდი, ავტორიტეტული მოძღვარი და მასწავლებელი, თავს გამოაცხადებს მთელი მსოფლიოს მეუფე-მონარქად და მსოფლიოში არსებული ყველა სარწმუნოებისა და აღმსარებლობის პირველ მღვდელმთავრად; ამასთანავე, შემაძრწუნებელი ზემოქმედებით, ანტიქრისტე ყველა ადამიანისაგან ღვთის საფერ პატივსა და თაყვანისცემას მოითხოვს და ნეტარ იყვნენ ის მცირედნი, რომელნიც სიკვდილის შიშის წინაშეც არ სცემენ მას თაყვანს! საღმრთო წერილის, საეკლესიო გადმოცემისა და წმიდა მამათა გამონათქვამების გათვალისწინებით, ანტიქრისტეს მთელი მომავალი ცხოვრება და მოქმედება შეიძლება სამი უმთავრესი პერიოდის სახით განვიხილოთ. პირველი პერიოდი. ეს პერიოდი ანტიქრისტეს ცხოვრებისა და მისი ბილწი დაბადებიდან სამოქმედო ასპარეზზე გამოჩენის მომენტამდე, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საიდუმლოდ გაივლის ფარულ უცნობელობაში. როგორც იოანე დამასკელი ამბობს: „იგი (ანუ ანტიქრისტე) სიძვისაგან იშვება, ფარულად აღიზრდება, უეცრად აღდგება, ყოველივეს აღაშფოთებს და მეფე გახდება" („ზუსტი გადმოცემა მართლმადიდებელი სარწმუნოებისა". წგ.IV, თ.26). მეორე პერიოდი. ეს პერიოდი ანტიქრისტეს სამოქმედო ასპარეზზე მსოფლიო მოძღვრისა თუ წინასწარმეტყველის ხმაურიანი გამოსვლით დაიწყება. სავსებით შესაძლებელია, რომ მან თავისი მოქმედება ახალი მსოფლიო ომის დროს დაიწყოს, როცა ადამიანები საყოველთაო უბედურებითა და არნახული არეულობებით დიდად ევნებიან და უკვე აღარავითარი იმედი აღარ ექნებათ უბედურებათა ჩიხიდან თავის დაღწევისა, რადგან მსოფლიო ომის დასრულების ფარული ბერკეტი იმ საიდუმლო ორგანიზაციების ხელში იქნება, რომლებიც თავიანთი მეუფის, ანტიქრისტეს გამოჩენას, გაძლიერებასა და მთელს მსოფლიოზე გაბატონებას ყოველმხრივ ხელს შეუწყობენ. თუკი ამას დავუშვებთ, მაშინ სავარაუდოა, რომ ამ მძიმე ვითარებაში, ალბათ, სწორედ ანტიქრისტე წამოაყენებს პოლიტიკური და სოციალური თვალსაზრისით მსოფლიო კრიზისიდან გამოსვლის ყველაზე მისაღებ პროექტს, და ამ გეგმის ძალით შეეცდება მსოფლიოში ერთიანი პოლიტიკური და სოციალური წესწყობილება დაამყაროს. ამ მსოფლიო ომითა, თუ სხვა საშინელი არეულობებით და უბედურებით დაღლილ-დაქანცული, სულიერად დაბრმავებული კაცობრიობა, უფრო სწორად კი - მისი უდიდესი ნაწილი, ანტიქრისტეს ამ წინადადებას სიბრძნის, განსწავლულობისა და გენიალურობის გამოვლინებად მიიღებს. მსოფლიო სახელი ანტიქრისტესი, როგორც გენიალური მოაზროვნისა, ახალი დიდი ბელადისა და ხალხთა მხსნელისა, მთელს ქვეყნიერებას უმოკლეს დროში მოედება. ამასთან დაკავშირებით წმიდა ეფრემ ასური ამბობს, რომ „მზაკვარი სულები, ყოველგნით წარგზავნილნი, მთელს ქვეყანაზე ადამიანთა შორის ანტიქრისტეზე ამაღლებულ შეხედულებებს დანერგავენ, მისი პიროვნებით საყოველთაო აღტაცებას დაჰბადებენ და ამით ყველაში ანტიქრისტესადმი დიდ მისწრაფებას აღანთებენ" (იხ. მისი XVI სიტყვა). თავისი მოქმედების ამ პერიოდში ანტიქრისტე არავითარ ძალადობას არ მიმართავს და ეცდება თავისი პირფერული, მოჩვენებით სათნოების გამოვლინებით ადამიანთა ნდობა და კეთილგანწყობა მოტყუებით მოიპოვოს. როგორც იოანე დამასკელი ამბობს, თავისი მეფობის, ანდა უფრო სწორედ, ტირანიის დასაწყისში იგი (ანტიქრისტე) წმიდანობის ნიღბით შეიმოსება, ხოლო, როცა მომძლავრდება და გაიმარჯვებს, დაიწყებს ღვთის ეკლესიის დევნას და მთელს თავის ბოროტებას გამოამჟღავნებს („ზუსტი გადმოცემა მართლმადიდებელი სარწმუნოებისა". წგ.IV, თ.26). წმიდა ეფრემ ასური გვასწავლის: ანტიქრისტე „მოვა იმგვარი სახით, რომ ამქვეყნად ყველა აცდუნოს - მოვა მდაბალი, მშვიდი, მოძულე - როგორც ამას თვით იტყვის - სიცრუისა, უარმყოფელი კერპებისა და ვითომცდა კეთილმსახურებას შედგომილი, გარეგნულად კეთილი, გლახაკთმოყვარე, უაღრესად კეთილსახიერი, ყოველ საქმეში მტკიცე და თანმიმდევრული, ყველასადმი მოწყალე, ალერსიანი, ხოლო განსაკუთრებით მოყვარე და პატივისმცემელი იუდეველებისა, რადგან მის ამქვეყნად გამოჩენას ყველაზე მეტად ისინი მოელიან... ასე აღასრულებს იგი თავის მზაკვრულ საქმეს იმ მიზნით, რომ ყველას სათნო ეყოს და თავი შეაყვაროს. იგი არავისგან არ მიიღებს ხოლმე ძღვენს, ილაპარაკებს მშვიდად, რისხვის გარეშე, არავის აჩვენებს პირქუშ სახეს, და გარეგნულად კეთილმსახური შეუდგება მთელი ქვეყნის ცდუნებას მანამდე, სანამ მასზე სრულიად არ გაბატონდება" (XVI სიტყვა). ქრისტეს ეკლესიის დიდი სულიერი მოღვაწეების, წმიდა მოსაგრე მამების უმდიდრესი ასკეტური გამოცდილებით ცნობილია, რომ, როცა ეშმაკს ძალა არ შესწევს თავისი ბოროტი მანქანებით მოსაგრეს პირდაპირ სძლიოს, რადგან მის მედგარ წინააღმდეგობას აწყდება, მაშინ იგი სახეს იცვლის და უწინდელი ბოროტი სულის სანაცვლოდ მოდის სხვა, უძლიერესი მანქანებით, ანუ მოდის ისეთი ეშმაკი, რომელიც პავლე მოციქულის სიტყვით „იცვალვისვე ანგელოზად ნათლისა; (II კორ. 11,14) და ამ სახით ცდილობს წმიდა მოსაგრის ნდობა და კეთილგანწყობა მოიპოვოს, ხოლო, თუ ამას მოახერხებს, მაშინ თავის მსხვერპლს საბოლოო დაღუპვისკენ იოლად გაიტაცებს. ამიტომაც შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, ბოლშევიზმის სახით მოვლენილი ყოვლადსაძაგელი შავბნელი ეშმაკის შემდგომ რა იოლად და რა სწრაფად მოიპოვებს ანტიქრისტეს „ნათლის ანგელოზად" შეცვლილი სახე სულიერად დაბრმავებული კაცობრიობის საყოველთაო კეთილგანწყობასა და ნდობას! ასეთი მუხანათური მოტყუების შედეგად თვით კაცობრიობის სულიერი განწყობილებაში „აღმოცენდება მოთხოვნილება ანტიქრისტეს მოწვევისა; საზოგადოებაში გაისმება მოწოდების ხმა, მიმართული გენიოსთა შორის გენიოსის აღსაზევებლად, რომელიც შეძლებდა მატერიალური განვითარება და ამქვეყნიური კეთილდღეობა უმაღლეს საფეხურზე აეყვანა და მთელს ქვეყნიერებაზე ბედნიერი ცხოვრება დაემკვიდრებინა" (ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი, ტ.IV, გვ. 313). ამ პერიოდში ანტიქრისტეს პირმოთნეობას საზღვარი არ ექნება. იგი თავისი ბოროტი მიზნების განხორციელების გზაზე იმასაც კი იზამს, რომ ქრისტეს ჭეშმარიტ მორწმუნეებს - მართლმადიდებლებს დაუტკბება და არათუ მათ მოწინააღმდეგედ და ბოროტისმყოფელად გამოავლენს თავს, არამედ პირიქითაც - გამოთქვამს მზადყოფნას იყოს მათი მფარველი! თავისი გარეგანი, ყველასათვის საჩინო ცხოვრებით, იგი შეეცდება ყოველივეში თვით უფალ იესო ქრისტეს მიბაძოს. უმრავლოსობა ქრისტიანული აღმსარებლობის მიმდევრებისა (ძირითადად არამართლმადიდებლები), რომელნიც ამ უდიდესი განსაცდელებით აღსავსე ჟამს ეკლესიის წმიდა სულიერი გონიერებით კი არ იხელმძღვანელებენ, არამედ ამქვეყნიური, ხორციელი სიბრძნით, ვერ დაინახავენ ყოველივე ამაში საცდურს, უმზაკვრეს ტყუილს და თავისდა საუბედუროდ, ანტიქრისტეს ამქვეყნად მეორედ მოსულ ქრისტედ აღიარებენ. სოლოვკების მონასტრის მონაზვნები ღირსი მამა ზოსიმეს მოწაფეებისადმი პასუხს გადმოგვცემენ. მოწაფეებმა ჰკითხეს მოძღვარს - როგორ უნდა შევიცნოთ ანტიქრისტე, როცა ის ამ ქვეყნად გამოჩნდება? ზოსიმეს მათთვის ასეთი პასუხი გაუცია: „როგორც კი გაიგონებთ ამბავს, რომ ამა ქვეყანას ქრისტე მეორედ მოევლინა, უწყოდეთ, რომ ეს - ანტიქრისტე იქნება!" მართლაც, ამაზე ზუსტად და კარგად შეუძლებელია ითქვას. „მსოფლიო, ანუ კაცობრიობა ვერ იცნობს ანტიქრისტეს და მას ჭეშმარიტ მესიად - ქრისტედ აღიარებს...და ეს მაშინ, როცა ჭეშმარიტი მეორედ მოსვლის ჟამს ამქვეყნად არ იქნება საჭირო, ადამიანებმა ერთმანეთს გადასცენ ამბავი ღმერთის ძის ძლევამოსილად შემოსვლისა, უფრო მეტიც - ასეთი რამ მაშინ შეუძლებელი იქნება, რადგან მაცხოვარი მოვა ანაზდეულად, უეცრად, ჭეშმარიტი ძე ღვთისა მთელი თავისი ყოვლადძლიერებით და დიდებით მოევლინება ყოველ ადამიანს (ცოცხალსაც და შესვენებულსაც) და მთელს ქვეყნიერებას ერთდროულად, ერთ ჟამს (ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი, ტ.IV, გვ. 275). და აკი უფალი იესო ქრისტე გვაფრთხილებს სახარებაში: „მაშინ უკეთუ ვინმე გრქუას თქუენ: აჰა, აქა არს ქრისტე, გინა იქი, ნუ გრწამნ. რამეთუ აღდგენ ქრისტე-მტყუვარნი და ცრუ-წინასწარმეტყველნი და ჰყოფდნენ სასწაულებსა დიდ-დიდსა და ნიშებსა, ვიდრე ცდუნებადმდე, უკუეთუმცა შეუძლეს, რჩეულთა მათცა. აჰა, ესერა წინაისწარ გარქუ თქუენ. უკუეთუ გრქუან თქუენ: აჰა, უდაბნოსა არს, ნუ განხუალთ; აჰა, ესერა საუნჯეთა შინა არს ნუ გრწამნ. რამეთუ ვითარცა ელვაი რაი გამობრწყინდის მზისა - აღმოსავალით და ჩანან ვიდრე დასავალადმდე, ეგრეთ იყოს მოსლვაი ძისა კაცისაი" (მათე 24, 23-27, ლუკა 17,23-24). ადამიანთა საცდუნებლად ანტიქრისტე მრავალ სასწაულსაც მოახდენს, რომელნიც თავისი არსით, ცრუ იქნება. როგორც პავლე მოციქული გვასწავლის, მაშინ (ანუ ქრისტეს ამქვეყნად მეორედ მოსვლის ჟამს) გამოჩნდეს უსჯულოი იგი, რომელი იგი უფალმა აღხოცოს სულითა პირისა მისისაითა, რომლისა - იგი მოსლვაი არს შეწევნითა ეშმაკისაითა, ყოველსავე ძალითა და ნიშებითა სასწაულებითა ტყუილისათა (II თესალონიკ. 2,8-9). ამასთან დაკავშირებით, წმიდა კირილე იერუსალიმელი წერს: „რაკიღა მამაა სიცრუისა, იგი (ანტიქრისტე) ცრუ ქმედებათა გზით აცდუნებს ადამიანთა წარმოსახვას ისე, რომ ისინი იფიქრებენ - ნამდვილად კაცის მკვდრეთით აღდგინების მომსწრენი ვართო. იმ დროს, როცა იგი სულაც არ იქნება მკვდრეთით აღმდგარი. მოეჩვენებათ, რომ ნამდვილად ვხედავთ: „მკელობელთ - გამართულად მავალთ. ბრმებს - თვალახელილთ. მაშინ, როცა არავითარი სასწაულებრივი კურნება იქ მის მიერ აღსრულებული არ იქნება" („კათაკმეველთა დასამოძღვრად" XV, 14. გვ.321). ანტიქრისტეს ყველა ამ ქმედებას - მის ქადაგება-მოძღვრებას, მის ცრუსასწაულებს და, საერთოდაც, მთელს მის პირმოთნე, მოჩვენებით - სათნო ცხოვრებას, ერთი მიზანი ექნება - მსოფლიო ძალაუფლების მიტაცება და ყველა ხალხსა და ქვეყანაზე გაბატონება. პირველ ეტაპს ამ ბოროტ გზაზე იუდეველთაგან აღიარების მიღწევა და მათი მხარდაჭერის მოპოვება შეადგენს. ანტიქრისტე ყველა ღონეს იხმარს იმისათვის, რომ იუდეველებმა იგი თავიანთ აღთქმულ მესიად აღიარონ, პირველ ყოვლისა, ანტიქრისტე შესძლებს დაასრულოს იუდეველური სახელმწიფოს მიერ აგებული წმიდა ტაძრის ხელახლად აღმართვა. ხორციელის კვირის სვინაქსარში ამასთან დაკავშირებით ნათქვამია, რომ მაშინ (ანუ ამა ქვეყნის უკანასკნელ დღეებში) იიძულება იგი (ანუ ანტიქრისტე) კაცთაგან, და ყოველგნით მეფედ გამოცხადდება და დიდად შეიყვარებს მას ებრაელთა ტომი და მიაღწევს იგი იერუსალიმს და აღმართავს მათს ტაძარს. მაგრამ აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ანტიქრისტეს ყველა ეს მცდელობა - ჭეშმარიტ მესიად წარმოადგინოს თავი, მოულოდნელ და სასწაულებრივ წინააღმდეგობას წააწყდება ძველი აღთქმის ორი წინასწარმეტყველის - მისი მამხილებლების მხრიდან, რომელთაც, ღვთის საკვირველი განგებულებით, ამქვეყნიური ცხოვრების ჟამს სიკვდილი არ უგემნიათ, არამედ ცოცხლად და სხეულებრივად იყვნენ ატაცებულნი ზეცად და ქვეყნის დასასრულის წინ კვლავ უნდა მოევლინონ დედამიწას თავისი უმთავრესი მისიის აღსასრულებლად და ხორციელი სიკვდილის მისაღებად. ამ წმიდა წინასწარმეტყველთა სახელებია ილია და ენუქი. ამა სოფლის უკანასკნელ დღეებში უფალი მათ იერუსალიმში მიავლენს, რათა თავიანთი საკვირველი ქადაგებითა და სასწაულთმოქმედებით ადამიანებს განუცხადონ ის არნახული სიცრუე, რომელიც სულ უფრო და უფრო ემუქრება კაცობრიობას. ელია და ენუქ წინასწარმეტყველნი სამნახევარი წლის განმავლობაში თავისუფლად, დაუბრკოლებლად ამხელენ ანტიქრისტეს, გააფრთხილებენ ადამიანებს, არ მიიღონ მისი სიცრუე. ასეთი წინააღმდეგობა ამ უკანასკნელს (ანტიქრისტეს) მისი მოქმედების მეორე პერიოდში შეხვდება, როცა ის და მისი ხელისშემწყობნი მსოფლიო ძალაუფლების მისატაცებლად ყოველმხრივ შეემზადებიან, მაგრამ მიუხედავად მთელი თავისი სიძლიერისა, ანტიქრისტე ვერ შეძლებს ხელი შეუშალოს ელიასა და ენუქს მათ მამხილებელ ქადაგებაში. ამიტომ ამ პერიოდში იგი კვლავაც გარეგნულად მდაბალი და მოწინააღმდეგეთა მიმართაც კი, ვითომდა კეთილგანწყობილი და კარგის მოსურნე იქნება. ბოლოს კი, ამ სამწელნახევრის გასვლის შემდეგ, ანტიქრისტე წმიდა წინასწარმეტყველთა მიმართ აშკარა ძალადობას მიმართავს და ამის გამო, იძულებული გახდება უწინდელი მშვიდობისმყოფელის ნიღაბი ჩამოიცილოს. ჩვენი აზრით, ამაოდ ცდილობენ ზოგიერთნი წმიდა წინასწარმეტყველების - ელიასა და ენუქის ამქვეყნად სასწაულებრივი მოვლინება ქვეყნის დასასრულის სიმბოლური, არაპირდაპირი მნიშვნელობით გაიგონ და იგავურად განმარტონ. საღმრთო წერილი, ეკლესიის წმიდა მამები და საეკლესიო გარდამოცემა სრული გარკვეულობით აცხადებს მათ ნამდვილ, პირდაპირი გაგებით აღსაქმელ მოსვლაზე ამ ქვეყნად შვიდი წლით ადრე ქვეყნის დასასრულამდე და უფალ იესო ქრისტეს მეორედ მოსვლამდე; ამ ავტორიტეტულ, უტყუარ ცნობებში ნათქვამია ელიასა და ენუქის მამხილებელ ქადაგებაზე, რაც ანტიქრისტეს წინააღმდეგ იქნება მიმართული, მათს სასწაულთმოქმედებაზე, მოწამეობრივ სიკვდილზე, მკვდრეთით აღდგომაზე და ცად ამაღლებაზე. იოანეს გამოცხადებაში ყოველივე ამის გამო ვკითხულობთ: „და მივსცე ორთა მათ მოწამეთა ჩემთა და წინასწარმეტყველებდნენ ათას ორას და სამეოც დღეს, (ანუ სამნახევარ წელიწადს), შემოსილნი ძაძითა, ესენი არიან ორნი იგი ზეთისხილნი და ორნი სასანთლენი, მდგომარენი წინაშე უფლისა ყოვლისა ქუეყანისა და რომელსა უნდეს ვნებად მათდა, ცეცხლი გამოვალს პირისაგან მათისა და შეშჭამს მტერთა მათთა; და რომელსაცა ენებოს ვნებაი მათი, ესრეთ ჯერ-არს მოკუდომაი მისი, ამათ აქუს ხელმწიფებაი დახშვად ცათა, რაითა არა წვიმდეს დღეთა მათ წინაწარმეტყველებისა მათისათა; და ხელმწიფებაი აქუს წყალთა ზედა, რაითა გარდააქციონ სისხლად, და რაითა შემუსრონ ქუეყანაი, რაოდენ-გზისცა ენებოს, ყოველითავე წყლულებითა და რაჟამს აღასრულონ წამებაი მათი, მხეცმან მან, რომელი აღმოვალს უფსკრულით, ბრძოლა-ყოს მათ თანა, და სძლოს და მოკლნეს იგინი... და შემდგომად სამისა მის და ნახევრისა დღისა სული ღმრთისაი ცხოველი შევიდა მათ თანა და აღდგეს ფერხთა ზედა მათთა და ხმაი დიდი ზეცით... ეტყოდა მათ: აღმოვედით აქა! და აღვიდეს ზეცად ღრუბლითა და იხილნეს იგინი მტერთა მათთა" (გამოცხ. 11,3-7,11-12). წმიდა წინასწარმეტყველ ზაქარიას წიგნში კი ამასთან დაკავშირებით შემდეგი სწერია: „და ორნი ზეთისხენი ზედაით მისსა, ერთი მარჯუენით ლამპრისა მისისა და ერთი მარცხენით და ვიკითხე... რა არიან ესენი, უფალო? და მითხრა მე: ესე ორნი ძენი პოხიერებისანი, წარდგომილ არიან უფლისა ყოველისა ქუეყანისასა" (ზაქარია 4,3-4,14). წინასწარმეტყველი ზაქარია ამ ორ ზეთისხილის ხეში ორ წინასწარმეტყველს - ელიას და ენუქს გულისხმობს, ამას თავის „თარგმანება იოანეს გამოცხადებისაში" (11,24) წმიდა ანდრია კრიტელიც ამტკიცებს. წმიდა წინასწარმეტყველ მალაქიას წიგნში ერთი ამ ორ მოწამეთაგან პირდაპირაა დასახელებული: „და აჰა, მე მოგივლენ თქვენ ელია თეზბიტელსა პირველ მოსვლისა დღისა უფლისაისა დიდსა და განჩინებულსა, რომელმან კუალად მოაგოს სული მამისა ძისა მიმართ და გული კაცისა მოყუსისა მიმართ. ნუ მოსრულმან, მოვსპო ქვეყანაი მყის" (მალაქია 4,5-6). ეკლესიის დიდი მოძღვარნი, წმიდა მამები - ეფრემ ასური (იხ. მისი „სიტყვა უფლის მეორედ მოსვლისათვის") და იოანე დამასკელი („ზუსტი გარადმოცემა მართლმადიდებელი სარწმუნოებისა", წგ.IV, თ.26) გვასწავლიან, რომ ორი მოწამის სახით, რომელთა ამქვეყნად მოვლინება ჯერ-არს ქვეყნის დასასრულის წინ, ძველი აღთქმის წინასწარმეტყველნი ელია და ენუქ უნდა შევიცნოთ. საეკლესიო გადმოცემაც, შემონახული ჩვენს საღვთისმსახურო წიგნებში, ასევე ლაპარაკობს ამ ამბის პირდაპირ, სიტყვა-სიტყვით გაგებაზე და არავითარ საფუძველს არ გვაძლევს ელიასა და ენუქის მოვლინების სხვაგვარი, იგავური განმარტებისათვის. მაგალითად, ხორციელის კვირაში საკითხავ სვინაქსარში ნათქვამია, რომ ქვეყნის დასასრულამდე შვიდი წლით ადრე სიტყვისაებრ დანიელ წინასწარმეტყველისა, მოვლენ ენუქ და ელია, რომელნიც ადამიანებს უქადაგებენ არ მიიღონ და არ აღიარონ იგი (ანტიქრისტე) ღვთის მსახურად. ის კი დასტანჯავს მათ და თავებსაც წარჰკვეთს. კვალად, ელია წინასწარმეტყველის მსახურებაში წერია: „ელია თეზბიტელო, უხრწნელად დაგბადა ღმერთმა, რათა სიკვდილი არ იგემო, ვიდრე ყოველგნით არ იქდაგებ ქვეყნის დასასრულისთვის!" ტროპარში ელია წინასწარმეტყველი განიდიდება როგორც „მეორე წინამორბედი ქრისტეს ამქვეყნად მეორედ მოსვლისა". სვინაქსარში (20 ივლისი) ვკითხულობთ: წინასწარმეტყველი ღმერთისა წმიდა ელია, ცეცხლოვანი ეტლით ზეცად აღტაცებული, დღესამომდე ცოცხალია და იგი ხორციელად იყო ხილული თაბორის მთაზე სამი წმიდა მოციქულის მიერ უფლის ფერისცალების ჟამს, და ამგვარადვე ხორციელად ხილული იქნება მოკვდავ ადამიანთაგან ამქვეყნად უფლის მეორედ მოსვლის წინ. თავიდან აიცილა რა ხორციელი სიკვდილი იეზაბელის მახვილისაგან, იგი ევნება ანტიქრისტეს მახვილით და უზენაესი დიდების ღირსი გახდება სამართლიანი სასყიდლის მიმგები ღმერთისაგან არა მხოლოდ როგორც წინასწარმეტყველი, არმაედ როგორც წმიდა მოწამეც". იმავე დღის „მეტაფრასში" ნათქვამია: „ესე ელია, ენუქთან ერთად უნდა მოვიდეს ამ ქვეყნად ქრისტეს მეორედ მოსვლის წინ, ანტიქრისტეს სამხილებლად და მორწმუნეთა სანუგეშებლად", მაგრამ მიუხედავად ყველა ამ გაფრთხილებისა, ადამიანთა უმრავლესობა, თავისი ხორციელი გონების მიზეზით, არა თუ ვერ დაინახავს ანტიქრისტეს გარეგნული სათნოების მთელ სიყალბეს, არამედ მეტიც - აღტაცებით შეხვდება მას და განადიდებს კიდეც. ეფრემ ასური წერს, რომ როცა ხალხი ესოდენ „სათნოებათ" და „ძალთ" იხილავს, ყველას ერთი აზრი გაუჩნდება - მეფედ აღიაროს და გამოაცხადოს იგი, და ერთურთს ასე ეტყვიან: მოიძებნება კი კაცი, ეგზომ კეთილი და მართალიო! გაგრძელება...
|