ტელესერიალები და ბავშვები


ტელესერიალები და ბავშვები

ტელესერიალებმა ზედიზედ დაიპყრო ყველა ტელეარხი და... ადამიანთა გონება. ამ მარტივმა, მეტწილად ულოგიკო სიუჟეტებმა, ყალბმა ვნებებმა, ნაძალადევმა ტრაგიზმმა ხალხი ისე გაიტაცა, ტელეგმირების ცხოვრებას საკუთარზე მეტად განიცდიან. ბევრი მნიშნველოვან საქმესაც გადადებს, ოღონდ რომელიმე სერია არ გამორჩეს. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ ბავშვები, რომელთაც ფსიქიკა ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი აქვთ, ამ უგემოვნო ფილმებზე იზრდებიან, ამან კი, საეჭვოა, გავლენა არ მოახდინოს მათი პოროვნების ფორმირებაზე.

სწორედ ამის შესახებ გვესაუბრება თბილისის თაბორის მთის ფერისცვალების მამათა მონასტრის იღუმენი ბართლომე.

- მეფსალმუნე ამბობს: „კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ჰყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყვთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ". ეს უგემოვნო ტელესერიალები ჩვენს სულიერ სამყაროს აღარიბებს. ერთი შეხედვით, მათი სიუჟეტის მთავარი ხაზი სიყვარულია. ჩვენი რელიგია გვასწავლის, რომ სიყვარული ის ერთადერთი ძალაა, რომელიც ადამიანს აცოცხლებს; ბიბლიაში პირდაპირ წერია, რომ ღმერთმა ადამიანი გარდარეული სიყვარულის გამო შექმნა; მაგრამ აქ ღვთაებრივ სიყვარულზეა ლაპარაკი, სერიალებში კი ყველაფერი გაუბრალოებულია, თითქმის ცხოველურ ინსტიქტებამდეა დაყვანილი. ამ ფილმების გმირებს დღეს ერთი უყვართ, ხვალ - მეორე და ამას სიყვარულს უწოდებენ. სიყვარული ხომ სულ სხვა გრძნობაა. იგი ერთ დღეში არ განქარდება. თუ ადამიანმა რამე გაწყენინა და ამის გამო აღარ გიყვარს, ესე იგი, არც არასდროს გყვარებია, მხოლოდ ხორციელ გრძნობას ყოფილხარ აყოლილი. ეს ხომ ცხოველსაც შეუძლია?! ადამიანს ღმერთმა იმისთვის მისცა გონება, რომ ვნება სიყვარულისგან გაარჩიოს.

სერიალებში ხაზს უსვამენ პიროვნების თავისუფლებას. რა თქმა უნდა, ადამიანის უდიდესი ნიჭი სწორედ თავისუფალი ნებაა, მაგრამ ეს აღვირახსნილ ცხოვრებას როდი ნიშნავს; შენი თავის უფალი თუ ხარ, თავის ხელში აყვანა უნდა შეგეძლოს. თუ ადამიანი ვერცხლისმოყვარეობას, შურსა და სხვა ვნებებს აჰყვება, ვერასოდეს იქნება თავისუფალი; იგი მონა გახდება იმ ცოდვისა, რომელსაც სჩადის. ნურც ერთი ჩვენგანი თავს ნუ მოიტყუებს და ნუ იტყვის, რომ თავისუფალია, როცა მასზე ვნება ან რომელიმე სისუსტე ბატონობს.

- ბევრს ტელესერიალებმა საკუთარი თავიც დაავიწყა...

- ბევრგან, განსაკუთრებით სოფლებში, სადაც გაზეთი არ ჩადის, ბიბლიოთეკები აღარ არსებობს, ხალხს გართობის ერთადერთ საშუალებად ტელევიზორი რჩება. ზოგი საგანგებოდ ყიდულობს გენერატორს, რათა უშუქობის დროს სერიალის ნახვა მოახერხოს. განა გასაკვირი არ არის, რომ ზოგ დედას შეუძლია, მშიერ ბავშვს, რომელიც საჭმელს სთხოვს, გაუბრაზდეს კიდევ, მაცალე ფილმის ყურება, დამთავრდება და გაჭმევო. არადა, ქალი ხომ დედობისთვისაა შექმნილი. ტელესერიალების გამო კი ის თავის უპირველეს მოვალეობას ივიწყებს. ბავშვი კი, როცა ხედავს, რომ დედას რაღაც მის თავს ურჩევნია, რომ იმ წუთას სერიალის გმირი უფრო მეტს ნიშნავს მისთვის, უხეშდება და აგრესიულად განეწყობა მშობლის მიმართ.

- როგორ ფიქრობთ, მოსალოდნელი ხომ არ არის, სერიალებში ასახული ცხოვრების წესი ჩვენს სინამდვილეშიც დამკვიდრდეს?

- ამის საშიშროება მართლაც არსებობს. ხალხი ცდილობს, მიბაძოს სერიალების გმირებს. თანდათან ბუნებრივად მიაჩნიათ, რომ რძალს უფლება აქვს, უყვარდეს მაზლი, დედას უფლება აქვს, შვილებს საკუთარი მამა შეაძულოს და მოსთხოვოს, ბიძა უფრო მეტად შეიყვარეთ, რადგან ის უკეთესად გექცევათო. რაღა შორს წავიდე - ამას წინათ ერთმა ქალმა შემომჩივლა, რომ მისი შვილი ყოველ დილას ალაჰის დიდებით იწყებს. თურმე რომელიღაც სერიალიდან გადმოიღო! ტელესერიალების მეშვეობით ჩვენს ცხოვრებაში შემოდის რაღაც უცხო ძალა, უცხო სული. ჩემი აზრით, ეს არის მცდელობა იმისა, რომ უბრძოლველად დაიპყრონ ადამიანის ფსიქიკა და ბოლომდე დაუმორჩილონ ეგრეთ წოდებულ კოსმოპოლიტურ აზროვნებას, რომელსაც კაცობრიობა გადაგვარებისა და გადაშენებისკენ მიჰყავს.

აი, კიდევ ერთი დიდი უბედურება: ქართულ ფილმებს საერთოდ აღარ აჩვენებენ. არ აჩვენებენ არც ერთ სურათს, რომელიც ქართველის სულში მამულის სიყვარულს, ეროვნულ სიამაყეს გააღვიძებდა. ეროვნული ძირებიდან მოწყვეტა იგივეა, რომ ფოთოლმა უარი განაცხადოს საკუთარ ფესვზე და ხიდან მოწყვეტა განიზრახოს. მაშინ ის დაღუპვისთვის იქნება განწირული. ქართველიც, თუ მოსწყდა ქართულ სულს, ქართულ ფილმს, ქართულ წიგნს, განწირულია.

- ყველაზე მეტად კი ეს საფრთხე, ალბათ, მოზარდ თაობას ემუქრება...

- პატარა, რომელიც სერიალს უცქერის, თავისდაუნებურად მისი გავლენის ქვეშ ექცევა. მშობლებმა უნდა იცოდნენ, რაგვარ ფილტრში გაატარონ ის ინფორმაცია, რომელსაც შვილს აწვდიან. არც ერთი დედა ჩვილს მწვადს ან საცივს არ აჭმევს - ეცდება, ადვილად მოსანელებელი საკვები მისცეს. სწორედ ასეთი უხეში საკვებია ბავშვის სათუთი გონებისათვის სერიალი, რომელიც ანგრევს და ამახინჯებს მოზარდის სულს. ამიტომ მშობლების მხრივ უგუნური საქციელია, ბავშვებს სერიალების ყურების ნებას რომ აძლევენ.

- აკრძალვას ეგებ ის სჯობდეს, შვილებს განვუმარტოთ რა არის მისაღები და რა - არა...

- ჩვენი უბედურება ის არის, რომ საზოგადოება ვერ ხვდება, რა არის სერიალში კარგი და რა - ცუდი. რაკი სერიალებმა ასე მოიკიდა ფეხი საქართველოში, საგანგებოდ ვნახე რამდენიმე ნაწყვეტი, რათა გამეგო, თუ რა იდეურ დატვირთვას ატარებს ისინი. ჩვენს ხალხს საკუთარ ძეთა მკვლელობის ცოდვა აწევს; ისინი თავიანთ შვილებს დედის მუცელშივე უსწრაფავენ სიცოცხლეს. ტელესერიალების ღირსებები რა სათქმელია, მაგრამ არ მინახავს სერიალის არც ერთი გმირი, ჩასახულ ბავშვზე უარი რომ ეთქვას. არც ერთი შვილს სასიკვდილოდ არ იმეტებს, მისი ამქვეყნად მოვლინებისათვის იბრძვის. ამას კი ჩვენი ხალხი რატომღაც ვერ ამჩნევს. სიბინძურეშიც შეიძლება იპოვნო მარგალიტი სათნოებისა, მაგრამ... სწორედ ამაზეა ნათქვამი, „თვალნი ასხენ და ვერ ხედავენ, ყურნი ასხენ და არ ესმითო". ამიტომ სერიალები ადამიანებს, ფაქტობრივად, სულიერი დეგრადაციისკენ განაწყობს, სულს უმახინჯებს და ღმერთს აშორებს.

ყველას ვურჩევდი, არც თვითონ უყურონ და, მით უმეტეს, არც პატარებს მისცენ სერიალების ყურების ნება. აჩვენეთ შვილებს ქართული ფილმები, რომლებიც შეზავებულია „მარილითა მადლისაითა"; აჩვენეთ „გლახის ნაამბობი", სადაც სათნოებას, სიყვარულს, სინანულს დაინახავენ, აჩვენეთ „ოთარაანთ ქვრივი" და დაანახეთ დედობრივი სიყვარულის არსი; აჩვენეთ „ნატვრის ხე", რომელსაც არც ფილოსოფია აკლია, არც ფსიქოლოგია, არც სიღრმე, არც ტრაგიზმი და არც იუმორი, შეაყვარეთ წიგნი, უკითხეთ ზღაპრები, განუმარტეთ, რა არის სიკეთე და რა - ბოროტება.

სერიალი შხამია, რომელიც წვეთ-წვეთად ჩაედინება კაცის გონებაში და მთლიანად იპყრობს მას. ადამიანის თვალში ჭეშმარიტი ღირებულებები უფასურდება და მათ ადგილს ხორციელი სიკეთე იკავებს, არადა, კაცი უმთავრესად სულზე უნდა ზრუნავდეს, მას კი დიდი ინტელექტუალური საზრდო სჭირდება.

მოამზადა ნინო ჩარგეიშვილმა
ჟურნალი „კარიბჭე", № 3, 2004 წ.


კატეგორია: სხვადასხვა | დაამატა: vasoelis (10.02.2012)
ნანახია: 895 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]