უცხოელი მართლმადიდებლების თვალით დანახული საქართველო
(შემოკლებით)2005 წლის 12 სექტემბერს შავნაბადას წმიდა გიორგის სახელობის მონასტრის მოწვევით საქართველოში ჩამოვიდა მომლოცველთა 20 კაციანი ჯგუფი მოსკოვიდან და მოლდავეთიდან. მომლოცველთა ჯგუფმა პირველივე დღეს ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარი მოილოცა. მათზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა ტაძარმა; სტუმრებმა აღნიშნეს, რომ ასეთი ძნელბედობის ჟამს საქართველოს დედაქალაქში ესოდენ მშვენიერი და დიდებული ტაძრის აშენება ამ უძველესი ერის დიდი კულტურისა და ქრისტიანობის კიდევ ერთი დადასტურებაა. მეორე დღეს სტუმრებმა ღირსი მამა დავით გარეჯელის მიერ დაარსებული ლავრა, დავით გარეჯის მონასტერი და უდაბნოს ლავრა მოილოცეს. ისინი ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. მესამე დღეს მომლოცველები მიიღო უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II. სტუმრებთან საუბრისას უწმიდესმა ბრძანა: „გულითადად მოგესალმებით, ძალზე მოხარული ვარ, რომ საქართველოში ჩამობრძანდით; საქართველო ხომ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვედრია და მისი მფარველობის ქვეშაა. ის, ვინც აქ ილოცებს მის წინაშე, აუცილებლად იღებს მის შეწევნას; ის ძმური ურთიერთობები, რომელიც იყო ჩვენს ხალხებს შორის - ქართველებს, რუსებსა და მოლდაველებს შორის, კვლავაც ასეთად რჩება, იმიტომ, რომ ჩვენ მართლმადიდებლები ვართ, მართლმადიდებლური რწმენა გვაერთიანებს. გისურვებთ ღვთის შეწევნას და იმას, რომ დიდი მადლი მიიღოთ საქართველოს ეკლესიაში. თქვენს შორის სომხეთის წარმომადგენელიცაა, ძალიან მოხარული ვარ მასთან შეხვედრით; ვხედავ, რომ უკვე ძალზე კმაყოფილები და მოხიბლულები ხართ ნანახით; ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარიც გინახავთ; ამ ტერიტორიაზე დიდი მშენებლობაა - აშენდება სასულიერო სემინარია და აკადემია, მოქმედი მონასტერი იქ უკვე არის. თქვენ ღირსი მამა დავით გარეჯელის ლავრა მოგილოცავთ; ხვალ დარიალის ხეობაში მიდიხართ; მოგეხსენებათ, საზღვარი საქართველოსა და რუსეთს შორის დარიალის ხეობაა. ამიტომ გადავწყვიტეთ, აგვეშენებინა აქ მონასტერი, როგორც სიმბოლო მტკიცე სულიერი მეგობრობისა საქართველოსა და რუსეთს შორის, რათა იგი იყოს ხიდი ამ ორ ქვეყანას შორის. მე ვისურვებდი, რომ ასეთი მომლოცველობითი ჯგუფები უფრო ხშირად იყოს არა მარტო ჩვენთან, არამედ საქართველოდანაც რუსეთში, მოლდავეთში. სულ მალე ჩვენ ველოდებით სომხეთის კათოლიკოსს; ასე რომ, ჩვენ ყველანაირად ხელს შევუწყობთ ასეთი ურთიერთობების გაღრმავებას. ჩვენთან, საპატრიარქო რეზიდენციაში, მოლდაველი დედები ცხოვრობენ, რომლებთან შეხვედრაც, ალბათ, ძალზე სასიხარულო იყო თქვენთვის. ღვთის შეწევნასა და კურთხევას გისურვებთ და ხშირად ჩამოდით ხოლმე". უწმიდესთან შეხვედრის შემდეგ მომლოცველთა ჯგუფი კახეთს ეწვია, სადაც მოილოცა მოციქულთა სწორის, საქართველოს განმანათლებლის, წმიდა ნინოს საფლავი. მათ ბევრი სმენოდათ წმიდა ნინოს შესახებ და მრავალი მათგანისთვის ამ სიწმიდესთან მიახლება დიდი ხნის ოცნების აღსრულება იყო. ამის შემდეგ სტუმრები ეწვივნენ ალავერდის ტაძარს და ღირსი მამა იოსებ ალავერდელის საფლავს მიემთხვივნენ. სტუმრებმა მოინახულეს დარიალის ხეობაში მშენებარე სამონასტრო კომპლექსი და აღნიშნეს, რომ საქართველოსა და რუსეთის საზღვარზე მისი აშენება ძალზე მნიშვნელოვანია; გარდა ამისა, საზღვარზე შემომსვლელი მეყსეულად აღიქვამს, რომ ერთი ქრისტიანული ქვეყნიდან მეორეში გადავიდა. დღის ბოლოს სტუმრები მიიღოს სტეფანწმინდისა და ხევის ეპისკოპოსმა პეტრემ (ცაავა). გზად სტუმრებმა ანანურის უძველესი ტაძარიც მოილოცეს. შემდეგ დღეს სტუმრებმა მოინახულეს უძველესი კლდეში გამოკვეთილი ქალაქი - უფლისციხე, მოილოცეს ატენის სიონი. განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა მცხეთის სიწმიდეების მოლოცვამ. ოთხ საათზე მეტხანს ლოცულობდნენ სტუმრები მაცხოვრის კვართთან სვეტიცხოველში, შემდეგ კი საუბარში გვითხრეს, რომ ასეთი მადლი მხოლოდ იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე უგრძვნიათ... საღამოს ლოცვას სტუმრები ჯვრის მამათა მონასტერში დაესწრნენ, სადაც ქართული საგალობლები შეასრულეს და ქართველი მრევლის დიდი სიყვარული და სიმპათიები დაიმსახურეს. საკვირაო წირვას სტუმრები სიონის საპატრიარქო ტაძარში დაესწრნენ, მოილოცეს მისი სიწმინდეები, მიემთხვივნენ პატრიარქთა საფლავებს. სტუმრები გაოცებულნი ისმენდნენ თხრობას 100 ათასი ქართველი მოწამის შესახებ, რომლებმაც წმიდა ხატების შეურაცხყოფა არ ისურვეს და მოწამეობრივად აღესრულნენ ქრისტეს რწმენისათვის. იმავე დღეს მათ მოინახულეს დიდი რუსი ბერის, სქემარქიმანდრიტ ვიტალის (სიდორენკო) საფლავი, რომელიც 30 წლის განმავლობაში მოსაგრეობდა საქართველოში. მონაზვნებმა მათ მოსკოვში გაატანეს მამა ვიტალის საფლავის მიწა და კანდელის ზეთი, დეკანოზმა დიმიტრი კუვერტალოვმა საფლავზე პანაშვიდი აღავლინა, შემდეგ კი ესაუბრა მამა ვიტალის მესენაკეს, სქემიღუმენია სერაფიმას. ბოლოს კი, წასვლის წინ, სტუმრებმა დაათვალიერეს თბილისი, მოილოცეს მეტეხის ტაძარი, სადაც წმიდა შუშანიკის წმიდა ნაწილებია დაბრძანებული. ამ ტაძარმა ერთ-ერთი სტუმრის, ბატონ რომან ქოჩარიანის განსაკუთრებული ყურადღება და ინტერესი დაიმსახურა, რადგან იგი მართლმადიდებელი სომეხია; როგორც საუბარში აღნიშნა, ბატონ რომანს არ სცოდნია, რომ ქართველებს სომეხი წმიდანი ჰყავთ და ასეთი პატივს მიაგებენ მას; მან დიდი სიყვარულით შეიძინა წმიდა შუშანიკის ხატები და თითქმის ცრემლიანი თვალებით გვითხრა, ჩემს თანამოძმეებს გავახარებო... სტუმრებთან გამოსათხოვარ ტრაპეზზე ბერდიაკონმა გიორგიმ (გურჩიანმა) მამა დიმიტრისა და მამა ანდრიას საჩუქრად გადასცა წმიდა გიორგის სვანური ხატის ასლები და ცვილი და სთხოვა, მისგან დამზადებული სანთლით ამ ხატის წინაშე საქართველოს ერთიანობა და მშვიდობა შეევედრებინათ უფლისათვის. რამდენიმე დღის შემდეგ კი მამა დიმიტრიმ მოსკოვიდან მოგვიკითხა და გვითხრა, რომ მოსკოვში ამ ხატის წინაშე უკვე ლოცულობენ საქართველოს მთლიანობისათვის, გიორგობის დღესასწაულზე კი ამ ცვილისაგან დამზადებული სანთლით განსაკუთრებულ ლოცვას აღავლენენ სრულიად საქართველოსათვის. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ უფალი არს „ნათელი ჭეშმარიტი, რომელი განანათლებს ყოველსა კაცსა, მომავალსა სოფლად" (იოანე 1,9). გთავაზობთ მოსკოველი და მოლდაველი სტუმრების შთაბეჭდილებებს საქართველოს შესახებ: მოსკოვის ჯგუფის ხელმძღვანელი, სოფელ ლეტოვოს მთავარანგელოზ მიქაელის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი დიმიტრი კუვერტალოვი: „საქართველოს კულტურის შესახებ ჩვენთან გამართულ საღამოზე შევიტყვე; ახლა კი ისეთი შთაბეჭდილებები მაქვს, რომლის გადმოცემაც სიტყვით, უბრალოდ, შეუძლებელია... ეს მხოლოდ უნდა განიცადო... ასეთი გრძნობა მხოლოდ იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავთან მქონდა. საქართველო ჩემთვის იყო მთები, სიმღერა, პირველ რიგში კი, ძველი ქრისტიანული ქვეყანა... როდესაც დიდი სამამულო ომის მონაწილეები მაშინდელ ამბებს იხსენებდნენ, არაერთხელ უთქვამთ, რომ დაზვერვაზე მხოლოდ ქართველთან ერთად შეიძლება წასვლა უშიშრადო; ეს რასაკვირველია, იუმორია, მაგრამ გასაგებია, რაც იგულისხმება. საქართველოს შესახებ ძალზე ზოგადი წარმოდგენა მქონდა, მაგრამ როდესაც ვნახე, ყოველგვარ მოლოდინსა და მონათხრობს გადააჭარბა. იცით, რუსი ადამიანი თითქოს ცოტა გაყინულია, იქ ჩრდილოეთია, სხვა ტემპერამენტია, აქ კი ისეთი ცოცხალი და ნათელია ყველაფერი, გაახლოებს ადამიანს შენს ფესვებთან, წინაპრებთან. შეიძლება ვინმემ თქვას, რომ რუსეთში მეტი ცივილიზაციაა, მაგრამ ვფიქრობ, რაც უფრო სამხრეთით მოდიხარ, მით ახლოსაა კაცობრიობის აკვანი; ვფიქრობ ხოლმე, საინტერესოა, როგორები იყვნენ პირველი ადამიანები, ახლა შევიცნობ - ქართველი ხალხი მასწავლის ამას. თუ საჭირო იყო, ტიროდნენ, ჩხუბის დროს ჩხუბობდნენ, სადაც მეგობრობა და შერიგება იყო საჭირო - მეგობრობდნენ... იმის თქმა მინდა, რომ ეს უბრალოება მიზიდავს, რაც უკვე აღარ არის რუსეთში..." „არასოდეს დამავიწყდება ის გულწრფელი სიყვარული, რომლითაც ჩვენ აქ მიგვიღეს და გვხვდებიან, მინდება, რომ შევეჯიბრო ამაში, რომ ვალში არ დავრჩე... იშვიათად ხდება ასეთ ურთიერთობებში, რომ პირდაპირ ხელისგულზე გვატარებენ, მობრძანიდით აქ, იქ... რასაკვირველია, ყველაფერი გათვლილია, ჩამოყალიბებული პროგრამაა, მაგრამ ისეთი უშუალობითა და უბრალოებით, და ამავდროულად, თავშეკავებულად მიღება განმაცვიფრებელია... ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ტემპერამენტი დუღს, ეს კი ყველგან იგრძნობა, განსაკუთრებით მონაზვნობაში, და, ამასთან ერთად, გასაოცარი თავშეკავებულობა, მართლაც რომ მონაზვნური... ეს რასაკვირველია, ძალზე მახარებს, რადგან ხშირად ერის ადამიანები მართლმადიდებლობას აერთიანებენ რაღაც პირქუშობასთან. სინამდვილეში კი ეს არის გამუდმებული სიხარული, სასოება, თავშეკავებულობა; უნდა გესმოდეს, რომ ეს ღვთის მადლია და მისი დაკარგვა ძალზე ადვილია. აქ, საქართველოში კი ისე ბევრია ეს ღვთიური სიხარული, რომ ძნელია მისი დაკარგვა, მაგრამ მაინც სულ ვშიშობ, რომ არ დავკარგო, შევინარჩუნო და სახლამდე მივიტანო, რათა ოჯახის წევრებს გავუნაწილო ეს სიხარული. ასე რომ, რა სიძნელეებიც არ უნდა იყოს ქვეყანაში, პოლიტიკაში, ხალხებს შორის, ელექტრობაში, მატერიალურ გასაჭირში, ხალხი გულის სიღრმეში მაინც ცხოვრობს და შეძლებისდაგვარად, სულიერად აღორძინდება. შენც გინდება, რომ არათუ არ იწუწუნო, არამედ ყველაფერი გადალახო და ეს ასეც იქნება. ამ მოგზაურობის წყალობით, ვფიქრობ, რომ მოგვარდება ურთიერთობა თავდაპირველად არა მაღალ სფეროებში, არამედ ხალხში და ყველამ რომ თავისი საქმე აკეთოს, ამ ურთიერთობით მთელი სამყარო შეიცვლება. ჩემი მოგზაურობა საქართველოში იქნება ის პატარა წყარო, რომელიც დიდი მდინარეების შესართავია. ღმერთმა ქნას, რომ ასეთი წყაროების გაერთიანება და დიდ მდინარესთან შეერთება გამოიწვევდეს სიყვარულსა და ერთობას ადამიანთა შორის." „ცოტა ხნის წინ მოვიარე და მოვილოცე სამხრეთ რუსეთი, სადაც უძველესი ტაძარი XV საუკუნისაა, უძველესი ფრესკები - XVI საუკუნის; აქ კი თქვენ ისე ადვილად მეუბნებოდით - ეს გამოქვაბული ტაძარი IX საუკუნისაა, ეს ტაძარი VI საუკუნის... და ამას ისე ადვილად ამბობთ... ასე რომ, აქ ისეთი სიძველეებია, გონებისათვის მიუწვდომელია ამის შეცნობა. რუსული მართლმადიდებლობა საკმაოდ ახალგაზრდაა ქართულთან შედარებით, და ესეც არის სულიერი კვებით დამატებითი წყარო; თქვენ ხართ ერი, რომელმაც 15 საუკუნის განმავლობაში არათუ შეინახა მართლმადიდებლობა წმინდა და ღირს მამათა ლოცვით, არამედ ღირს მამათა და მოწამეთა ღვაწლით შეინარჩუნა მართლმადიდებლობის მთელი სისავსე და სისრულე. ვფიქრობ, ახლაც რომ იყოს რაიმე განსაცდელი, ისეთივე მოწამენი გაჩნდებიან თქვენთან, როგორებსაც ჩვენ პატივს მივაგებთ და მათ შესახებ ცხოვრებებში ვკითხულობთ. ადამიანები მოსაგრეობენ გამოქვებულებში, ისინი ღვთისგან გამორჩეულნი არიან, ასეთ განმარტოებულ მონასტრებში მორჩილისათვის ყოფნა იმას ნიშნავს, რომ იგი თანასწორია ღირს მამათა ღვაწლისა. ის, რასაც ჩვენ ლეგენდასავით ვკითხულობთ და წარმოუდგენლად გვეჩვენება, ეს ყველაფერი ახლაც არსებობს საქართველოში, არ არის საჭირო ამისთვის ძალზე შორს წასვლა; ეგვიპტეში, სირიაში მონაზვნობა დასუსტდა და შემცირდა, ამ ადგილებში ხალხიც უკვე სხვაგვარია, აქ, საქართველოში კი - არა. ეს ერთადერთი უნიკალური ერია (სერბეთიც ძალიან სულიერი ერია, მაგრამ ის ახალგაზრდაა), სადაც შენარჩუნებულია ის ძველი მართლმადიდებლობა, რომელსაც პატერიკებში ვკითხულობთ. მაქსიმალურად არის მიახლოებული ქრისტესთან, ქრისტეს დროის ქადაგებებთან. თავისი სიწმიდითა და სისრულით დედამიწაზე ასეთი ადგილი არ არსებობს და ასეთი სიმაღლით შენარჩუნებულია ეს სიწმიდე. ხალხიც ამას თავის თავს კი არ მიაწერს, ის მხოლოდ ინახავს და უფრთხილდება, მადლობას უხდის ღმერთს, რომ ის მართლმადიდებელი ერია. რაც შეეხება დავით გარეჯელს, იგი დიდი წმიდა მამაა. ჩვენ ასეთი გვყავს ღირსი მამა სერგი რადონეჟელი... ღირსი სერგის 72 მოწაფე წამოვიდა მთელ რუსეთში, დააარსეს რამდენიმე ათეული მონასტერი, მონღოლთა უღლის შემდეგ რუსეთი გაძლიერდა... ეს ჭურჭელი სულიწმიდის მადლისა რუსეთისათვის არის ღირსი სერგი, საქართველოში კი მივხვდი, რომ ასეთი „ღირსი სერგი" ძალზე ბევრი გყავთ... დავით გარეჯელი ერთ-ერთი ჭურჭელია მადლისა, რომელმაც თავისი უბრალოებით მისცა ძალა და იმპულსი ხალხს მოსაგრეობისა და თავისი უდიდესი კულტურის შესანარჩუნებლად. შევთხოვ უფალს, რომ თავისი მფარველი კალთა არ მოაკლოს ამ ქრისტესმოყვარე ერს; მე მუდამ მეხსომება ეს მოგზაურობა საქართველოში, ვიმედოვნებ, რომ იგი უკანასკნელი არ არის და ჩვენ კიდევ არაერთგზის შევხვდებით, რადგან „სიყვარული არასადა დავარდების".
მენელსაცხებლე დედათა - მარიამისა და მართას სახელობის მონასტრის (მოლდავეთი) წინამძღვარი დეკანოზი ანდრია კოტრუცა. „...როდესაც საქართველოს მიწაზე ვიმყოფებოდი, თითქოს ჩემს სახლში ვიყავი; ისეთი სითბო ვიგრძენი, როგორსაც მშობლების ოჯახში ჩასული ვგრძნობდი ხოლმე ყოველთვის. ახლა უკვე თვითონ დავრწმუნდი, რომ მიწას შეიძლება უწოდო სამოთხის ნაწილი ანდა მიწიერი სამოთხე. ტაძრებისა და რწმენის აღორძინების ეს გასაოცარი შერწყმა იმ მთების სილამაზესთან, რომლის მსგავსსაც ვერასოდეს ვერსად ვიხილავთ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ხალხი სულ მალე გადაწყვეტს ყველა პრობლემას; რადგან ეს არის ქვეყანა, სადაც ჯერ კიდევ მოციქულებმა იქადაგეს ქრისტიანობა; მე მომიწია ყოფნა ტაძრებში, რომელიც ჯერ კიდევ IV საუკუნეშია აშენებული! ეს განსაცვიფრებელია! ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ აქ უძველესი, მოციქულთა ნაქადაგები რწმენაა; უფალმა დალოცოს ეს ხალხი". „ადრე მხოლოდ გაგონილი მქონდა, რომ საქართველოს ჰყავს პატრიარქი. ახლა წილად მერგო ბედნიერება, შევხვედროდი უნეტარეს პატრიარქ ილიას. მისგან ისეთი გასაოცარი სითბო ვიგრძენი, რაც აქამდე არასოდეს მინახავს. ამ შეხვედრის შემდეგ უკვე აღარ მიკვირს, რომ ქართველები ასეთი განსაკუთრებული ხალხი ხართ; უწმიდესი ილია თავისი სიყვარულით, რწმენით, ლოცვით ამას აფრქვევს თავის ხალხზე. მიუხედავად იმისა, რომ ის ჩქარობდა, შორ გზაზე მიდიოდა, არ გვაგრძნობინა დროის სიმცირე, შეყოვნდა ჩვენს გამო, ყველას მოგვეფერა, განსაკუთრებული სითბო და სიყვარული გვიწილადა; ეს განსაკუთრებული ადამიანია, არავის არ ჰგავს; ვისურვებდი, რომ მისი ხალხი ღრმადმორწმუნე იყოს, რომ ისინი შეგროვდნენ პატრიარქის გარშემო. ქართველ ხალხს დღეს აფხაზეთის პრობლემა აქვს, მაგრამ უფალი არ გასწირავს ამ ერს და კვლავ, როგორც საუკუნეების მანძილზე, გამოიმეტებს მასზე თავის წყალობას". „საქართველოში ჩამოვედით და აღმოჩნდა, რომ აქ მეტი რწმენაა, ადამიანები უფრო მორწმუნენი არიან, ვიდრე ჩვენთან, მეტი სიყვარული შეუძლიათ... ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ასეთი სიწმინდეები შეიძლება ჰქონდეს ერთ ერს... ვიცოდი, რომ საქართველო მართლმადიდებელი ქვეყანაა, მაგრამ ასეთ სიწმიდეს არ ველოდი... და თუ მე კიდევ ძალიან ცოტა ვნახე, მაშინ ვერ წარმომიდგენია... მაშინ არ შევცდებით, თუ თქვენს მიწას წმიდა საქართველოს ვუწოდებთ... აქ იმდენი სიწმიდეა... რასაც თქვენ მიყვებოდით, ეს წარმოუდგენელია, 100 ათასმა მოწამემ მარტო ერთ დღეს გასწირა მოწამეობრივად თავი თბილისში... გარეჯში ერთ ღამეს მოწყვიტეს 6 ათასი ბერი... და სხვა ადგილებში კიდევ რა იქნება... მართლაც რომ ამ მიწის თითოეულ ნაწილს უნდა ემთხვიო... მას გაფრთხილება უნდა, ისეთი მოკრძალებით და მოწიწებით უნდა იარო ამ მიწაზე..."
დეკანოზი დიმიტრი: „უწმიდესი ილია საოცრებაა... მის მხრებზე დგას მთელი საქართველოს ეკლესია... მარტო ის რად ღირს, რომ მან ეს თუნდაც მცირე - 15-20 წუთი ჩვენთვის გამოძებნა, თანაც მაშინ, როდესაც შორ გზაზე მიდიოდა და ძალიან ეჩქარებოდა... ეს ჩვენთვის ღვთის წყალობა იყო, ოღონდ რით დავიმსახურეთ, არ ვიცი... მასში იგრძნობა უნიკალური გონიერება, ისიც, თუ როგორ იცავს და ცვლის ადამიანს მადლი ღვთისა, მასში საერთოდ არ არსებობს ადამიანური სისუსტეები, იმდენად ნათელი და მოქნილი გონება აქვს, ყურადღებიანი მზერა, თითოეულისთვის მოახერხა ყურადღების დათმობა, მოსიყვარულე სიტყვის თქმა... ჯგუფის თითოეულ წევრს მოეფერა უწმიდესი, ეს წარმოუდგენელია... შთაბეჭდილება ენით აუწერელია... ეს განსაკუთრებული უნარი და ნიჭია, რომ ყველასთვის შეძლო ყურადღების მიქცევა... ეს არის ბრძენი და კეთილი მწყემსი... სხვა სიტყვები არა მაქვს, სახარებისეულად კეთილი და ბრძენია... ძალიან სულიერი ადამიანია, წარმოუდგენლად!"
ნიკოლოზ კასიანოვი: „ეს მოგზაურობა ჩემთვის დაუვიწყარი იქნება მთელი ცხოვრების მანძილზე და მხოლოდ ერთი ნატვრაღა დამრჩა - იქნებ უფალმა კიდევ ერთხელ გამხადოს აქ ჩამოსვლის ღირსი... ქართველები გასაოცარი ხალხი ხართ, ვერაფრით ვერ ვიფიქრებდი, რომ ამ ერს ამხელა სიყვარული შეეძლო... ასეთმა კეთილმა დამოკიდებულებამ შოკშიც კი ჩამაგდო; ასეთი გულღიაობა გასაოცარია, იმიტომ, რომ (ვერ ვიტყვი, რომ ჩვენთან, რუსეთში, კეთილი დამოკიდებულება არ არის), მაგრამ ის, რაც თქვენთან ვნახე, რომ ადამიანები ასე პირდაპირ ქუჩაში გიღიმოდნენ... ეს ჩვენთან არ არსებობს... ყველაზე მეტად გამაოცა იმ სულიერმა ატმოსფერომ, რომელიც თქვენთან არსებობს. რაც შეეხება თქვენს ქართულ საეკლესიო თუ ხალხურ სიმღერას, ამის სიტყვით გადმოცემა შეუძლებელია, ეს უნდა მოისმინო და იგრძნო... მოგეხსენებათ, მე ჩვენი ტაძრის მგალობელთა გუნდის რეგენტი ვარ; ქართული საღამოც ჩემი უშუალო ორგანიზებით მოეწყო, მე ვმღერი ქართულ საგალობლებს და სიმღერებს... მოხარული ვარ, რომ შევძელი, ამით ქართველები გამეხარებინა; როდესაც ჩვენ ქართულად ვმღეროდით, ქართველების თვალებში ისეთი დიდი სიხარული ისადგურებდა, რომ მეგონა, სიხარულისაგან გული გამისკდებოდა... თქვენს სიმღერას მე გაცილებით ადრე გავეცანი და ძალიან შემიყვარდა; ვოცნებობდი, რომ საქართველოში ჩამოვსულიყავი. იცით, მე თქვენს უწმიდესს ადრეც შევხვედრივარ ზაგორსკში, როდესაც იგი ჯერ კიდევ აფხაზეთის მიტროპოლიტი იყო; ჩვენ ვგალობდით, როდესაც იგი შემოვიდა, ჩუმად, უხმაუროდ მოვიდა გუნდთან, სწორედ ჩემს გვერდით დადგა და რიგითი მგალობელივით იგალობა... თავზარდაცემული ვიყავი... საოცარი მუსიკალურობის გარდა მისგან მაშინვე ისეთი საოცარი სულიერი სითბო მოდიოდა, რომ ტირილი მომინდა... გალობის დასრულების შემდეგ მე მისგან კურთხევა ვითხოვე და მთელი ამ წლების მანძილზე ისეთი შეგძნება მქონდა, რომ მან ჩემი შინაგანი განწყობა იგრძნო... სულ მალე იგი პატრიარქი გახდა..."
დეკანოზი ანდრია კოტრუცა: „თქვენ ყველა ჩვენთვის ახლობელნი და მშობლიურნი გახდით. მამა შიო მეუბნება - „ძვირფასო მამა ანდრია!" მადლობა მას ამისთვის, რომ ჩვენ თქვენთვის მართლაც ძვირფასნი გავხდით. ჩვენ მოვინახულეთ საქართველო და თავად ვიხილეთ ის სიყვარული, რომელიც გვსმენოდა ამ ხალხის შესახებ. არ შემიძლია ყველაფრის გადმოცემა, იმდენად ავსებულია ჩემი გული ღვთისადმი მადლიერების გრძნობით. მე ვხედავ, რომ ჩვენს მოგზაურობაში მონაწილეობდა მთელი საქართველო, თითქოს საგანგებო მდგომარეობა იყო გამოცხადებული მთელს საქართველოში. ეს სიყვარულის მდგომარეობაა, რომელიც მთლიანად საქართველოშია. სახლში დაბრუნებულმა უნდა გამოვხატო ღვთის ეს მადლი და ის სიყვარული, რომელიც აქ, ამ მშვენიერ და საყვარელ, მადლიან და წმიდა მიწაზე ვიგრძენი. არც კი ვიცი, როგორ უნდა მოვუყვე ეს ყველაფერი სიტყვით დებს (რომლებიც მონასტერში მელოდებიან) და ჩემს ახლობლებს...მე აქ თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში; გიყურებთ ისე, როგორც ჩემს ხალხს ვუყურებ, რომელიც მიყვარს. თქვენც ისეთივე საყვარელნი გახდით ჩემთვის, როგორც ჩემი ხალხი. ძალზე მადლობელი ვარ, რომ ვიპოვე არა ასი მეგობარი, არამედ ათასი, ძალზე ბევრი. ყოველადწმიდა ღვთისმშობელმა აირჩია ეს ქვეყანა თავისი მფარველობის ქვეშ, ეს მართლაც უმშვენიერესი და მადლიანი მიწაა, წმიდა მიწაა, უამრავი სისხლი დაღვრილა და დედა ღვთისმშობლის საფარველის ქვეშაა. ღმერთმა სიკეთე და სიხარული ნუ მოგიშალოთ, ძალიან მიყვარხართ..."
„მადლობა ქართველ ხალხს და მადლობა უფალს, რომ ეს ერი არსებობს... აქ პატარა სამოთხე ვნახეთ და ვიგრძენით; ეს ღვთის მადლი და წყალობაა... მე არ ვიცი რა იქნება ზეცაში, მოციქული პავლე ბრძანებს, რომ ადამიანის ბაგეებს ძალუძს მხოლოდ იმის აღმოთქმა, რაც მას უნახავს; არ ვიცი, გამხდის თუ არა უფალი ღირსს იქ მოხვედრისა (ეს ღვთის წყალობაა, რომლის იმედიც მაქვს, რომ ჩვენ მას ყველა ერთად მივიღებთ), მაგრამ ის, რაც მე აქ ვიგრძენი, ეს იყო გრძნობა, თითქოს სასუფეველში ვარ. რატომ სასუფეველში? იმიტომ, რომ იქ, სასუფეველში სიყვარულია, ჩვენთან ერთად იმ სამყაროში გადავა მხოლოდ სიყვარული, მხოლოდ ამას შევხვდებით იქ; მე ამ სიყვარულს აქ შევხვდი, აქ ვიგრძენი თავი სასუფეველში; და იმდენი მადლი მივიღე და მოვაგროვე, რომ მეშინია მისი დაკარგვისა; ჩემს დებთან ერთად ამ მადლს ჩავიტან ჩვენს მოლდავეთში. მე ახლა დავინახე, რამდენად პატარა და უპოვარი ვარ ამ ხალხის წინაშე, თქვენს წინაშე; დიდება ამ ხალხს, დიდება უფალს პირველ რიგში, რომ ბევრი რამ გავიგე, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ასეთ ადგილებს ვნახავდი, ამდენ რამეს გავიგებდი... ვეხვევი ყველას, მთელ ამ ხალხს, რომლის გამოსათქმელად სიტყვებიც კი არ მყოფნის; უფალმა დალოცოს ეს ხალხი, ეს თქვენი წმიდა მიწა, რომ არცერთმა მტრულმა ფეხმა არ წაბილწოს იგი. უფალმა დაგიფაროთ, ღმერთმა სიკეთე ნუ მოგიშალოთ; მე ვილოცებ, რომ მალე დადგეს დრო, როცა ჩვენ ერთად მოვილოცებთ აფხაზეთის მიწას..."
მანამდე კი, სანამ აფხაზეთის მიწას ერთად მოვილოცავდეთ, მამა ანდრია ბერდიაკვან გიორგის (გურჩიანი) ნაჩუქარ წმიდა გიორგის ხატის წინაშე ყოველდღიურად ლოცულობს საქართველოს გამთლიანებისა და აყვავებისათვის. ხათუნა რაქვიაშვილი ჟურნალი „დედა-ეკლესია", № 19-20, 2005 წ. საიტის ავტორის შენიშვნა: ყოველივე ზემოთქმული, ცხადია, არ უნდა გახდეს ამპარტავნების საფუძველი, პირიქით, ეს დიდი პასუხისმგებლობაა. ჩვენ, ქართველები, უნდა ვეცადოთ, რომ შევინარჩუნოთ და მომავალ თაობას გადავცეთ ის წინაპრებისაგან გადმოცემული ქრისტიანული თვისებები, რაც ესოდენ ხიბლავთ და აოცებთ უცხოელ სტუმრებს, და რაც, მრავალი წინააღმდეგობის მიუხედავად, ჯერ კიდევ არის მეტ-ნაკლებად შემორჩენილი ჩვენში.
|