დეკანოზი მარკოზ ტყემალაძემოძღვრება ყოველთა წმიდათა კვირიაკესმოიხსენენით წინამძღვარნი იგი თქვენნი, რომელნი გეტყოდეს თქვენ
წელიწადში დღე არ არის ისეთი, რომ რომელიმე წმიდანისა, მოწამისა, აღმსარებლის სადიდებლად და მოსაგონებლად არ იყოს დანიშნული წმ. ეკლესიისაგან. ყოველ ქრისტიან ხალხს და პირს ამ წმიდათაგან ამორჩეული ჰყავს რამოდენიმე, რომელთაც მათთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვთ. მათ სცემენ თაყვანს, აქებენ და ადიდებენ, მათვე სთხოვენ მოიღონ შუა-მდგომლობა ღვთისა წინაშე და აღმოუჩინონ შემწეობა ამა თუ იმ საქმეში და მისწრაფებაში. მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ: როდის, რა შემთხვევაში იქნება შეწყნარებული და მიღებული ჩვენგან მათი ქება-დიდება და თხოვნა. რას ვამჩნევთ ჩვენ ცხოვრებაში? უზნეო კაცი რომ მოვიდეს, წარდგეს ზნე დაცულ პირთან და მას ქება-დიდება შეასხას, ამ ნაირ ქებას დიდ მნიშვნელობას არ მისცემს, არაფრად არ მიიჩნევს, შეიძლება საძრახისათაც და საწყენათაც მიიღოს; ესეც მოხდება, რომ ჩვენ რომ ვადიდოთ ღმერთი, ანუ რომელიმე წმიდანი და ცხოვრება ჩვენი კი არ შეესაბამებოდეს, არ ეთანხმებოდეს იმ მცნებათა, მოძღვრებათა, სწავლა-დარიგებათა, რომელთა აღსრულება სავალდებულოდ დაგვიდგინეს, დაგვიწესეს მათ, წმიდანებმა. არა ვფიქრობ, მიღებულ იქმნეს ჩვენი ქება-დიდება, მათდამი მიმართული. ძველ აღთქმაშივე გამოსთქვა ეს აზრი ისაია წინასწარმეტყველმა: „მახლობელ არს ჩემდა ერი ესე, პირითა მათითა პატივს მცემს მე, ხოლო გულნი მათნი შორს განშორებულ არიან ჩემგან, ამაოდ მსახურებენ მე, რამეთუ ასწავებენ მოძღვრებასა და მცნებასა კაცთასა" (ის. 29,13), ე.ი. ტყუილ-უბრალოდ იწუხებენ თავს ისინი, ვინც ფიქრობენ, რომ სიტყვით ვადიდოთ ჩვენ ღმერთი, ანუ რომელიმე წმიდანი და საქმით საჭირო არ არისო. მაშასადამე ჩვენგან თავდაპირველად ითხოვება, ჩვენი ცხოვრება იმნაირად მოვაწყოთ, იმნაირი მიმართულება მივსცეთ, რომ სასიამოვნო იყვეს, როგორც ღვთისათვის, ისე იმ პირთათვის, რომელთაც თავისი წმიდა ცხოვრებით მოიპოვეს უკვდავება. ესევე ითქმის ჩვენ ცხოვრებაზე. როგორი მიმართულებისაც არის კაცი, რა აზრისაც არის ცხოვრებაზე, რა მიზანიც აქვს მას ამორჩეული, მის მისაღწევად შესაფერ შემწეობა-დახმარებას თხოულობს ღვთისაგან. მაგრამ როცა ჩვენი თხოვნა ეწინააღმდეგება საღმრთო წერილს და წმ. მამების სწავლა-დარიგებას, არაოდეს შეწყნარებული არ იქნება. „ითხოვთ და ვერ მიიღებთ, რამეთუ ბოროტად ითხოვთ", ამბობს იაკობ მოციქული (4,3). ამისთვის საჭიროა ყოველმა ჩვენგანმა შეიგნოს მიზანი ცხოვრებისა. გაითვალისწინოს, თუ რა დანიშნულება აქვს კაცს, რისთვის ვართ გაჩენილნი, რას უნდა ვევლტოდეთ, როგორ უნდა ვიცხოვროთ, რომ ჩვენ დანიშნულებას არ ავშორდეთ. რა არის ცხოვრების მიზანი? ეს კითხვა როგორც ძველს, ისე ახალ აღთქმაში, ცდილობდნენ და ცდილობენ დღესაც აღსნან, მაგრამ ერთ რომელიემ გადაწყვეტილ დასკვნაზე ვერ მისულან, ვერ გამოურკვევიათ, რადგან არ ხელმძღვანელობენ, არ იღებენ მხედველობაში არც საღმრთო წერილს, არც წმ. მამების სწავლა-დარიგებას. ვინც შეძლებულნი არიან, ვისაც დიდი ქონება აქვთ, ქადაგობენ: კაცმა თავისი დღენი და წუთისოფელი სულ ლხინში უნდა გაატაროსო, და რაც შეიძლება მეტი სიამოვნება ნახოს, სანამ ცოცხალიაო. „სულო, გაქვს მრავალი კეთილი, დაუნჯებული მრავალთა წელთა, განისვენე, ჰსჭამე და ჰსუ, და იხარებთ" (ლუკ. 12,19) - ამ სიტყვებით სავსებით გამოიხატება აღნიშნულ პირთა მოძღვრება. მაგრამ დანამდვილებით შეუძლიათ თუ არა იმათ დაამტკიცონ, რომ მოიპოვებოდეს ისეთი პირი, რაც უნდა მდიდარი იყოს, მწუხარება არ გამოევლოს? მგონი ვერ ნახავთ ისეთ ადამიანს, რომელსაც, გარდა სიხარულისა, ლხინისა, სიტკბოებისა, არა ენახოს რა ამ ჩვენ წუთისოფელში. ყოველ ჩვენგანს ბევრად თუ ცოტად ხვდება წილად წვალება-მწუხარების განვლა. ან როგორ მოხერხდება სხვანაირად! ყველამ რომ ილხინოს, ამისათვის ყველას საშუალება უნდა, ყველა ეცდება ბევრი შეიძინოს, კანონიერად იქნება თუ უკანონოდ. კანონიერად, ე.ი. თავისი შრომით, რომელიც უწვალებლად არასოდეს არ იქნება, უკანონოდ ე.ი. წართმევით, წაგლეჯით, რაც გამოიწვევს ურთიერთშორის გამწვავებულ, გაცხადებულ ბრძოლას, სისხლის-ღვრას. ერთმა რომ სიტკბოება ჰპოვოს, განცხრომაში იცხოვროს, ამისათვის ასმა წვა და დაგვა უნდა გამოიაროს. მაშინ ხომ ლხინის მაგიერ მწუხარება, ტირილი და დაუცხრომელი ბრძოლა იქნება. ზოგნი, ვისაც ბევრი წვალება, მწუხარება გამოუვლიათ, არაფერ მიზანს არ პოულობენ ცხოვრებაში და ამბობენ: ტყუილა-უბრალოდ გაჩენილა კაცი ქვეყნიერებაზეო, უმჯობესი იყო, სულ არ გაჩენილიყო, ვინემ თავისი დღენი წვალებაში გაატაროსო. ამნაირ პირთათვის, როგორც სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილთათვის, ცოტა რამ მიზეზია საკმარისი, რომ თავის თავი ამ ქვეყნიერებას უდროვოდ გამოასალმონ. ზოგიერთნი, მართლაც, ამნაირად ათავებენ თავის ცხოვრებას. მაგრამ უმეტესი ნაწილი ამ ვაჟბატონთაგანნი კი არღვევენ ამ მოძღვრებას. ხშირად ვამჩნევთ, რომ ისინი ქეიფობენ, ლხინში დროებას ატარებენ და არაოდეს უარს არ ამბობენ, თუ შემთხვევა მისცემთ მათ ნებას, ისარგებლონ ქვეყნიური სიკეთით. ათასში ერთს თუ იპოვნით, რომ სიკვდილის დროს მას არ დანანდეს მოშორება ამ ქვეყნიური ცხოვრებისა, რაც უნდა ცუდ, გაჭირვებულ მდგომარეობაში იყოს იგი ჩავარდნილი. მაშასადამე, ცხოვრებაში წვალებასთან ერთად განუშორებლივ სიხარულიც ყოფილა. სიმწუხარესთან სიტკბოებსაც განუშორებელია. ჩემის ფიქრით, კაცი კარგად ყოფნას ვერ დააფასებს, ვერ გაიხარებს რაიმე სიკეთით, თუ მას არ უგრძვნია სიმწუხარე. „ჯერ მწარე სჭამე, კვლავ ტკბილი, თუ ეძებ გემოვნებასა", - უთქვამს დ. გურამიშვილსა; „მაშა ლხინსა ვინ მოიმკის, პირველ ჭირთა უმუშაკო", - არის ნათქვამი. ვამბობ, ვერ იპოვით ვერა კაცს, ვერა ოჯახს, რომ თავის დღეში სიხარული არ ეგრძნოს, ხანგრძლივ თუ მოკლე დროით ეცხოვროს. ზოგნი კიდევ იმას ამბობენ: ჩვენი ცხოვრება ბრძოლააო; უბრძოლველი ცხოვრება ცხოვრებად არ ჩაითვლებაო. მაგრამ როდემდისინ უნდა იქნეს ეს ბრძოლა? თუ დაუბოლოვებელია, მაშინ ცხოვრებას რა მნიშვნელობა ჰქონია კაცისათვის, გარდა წვალების, მოუსვენრობისა? ძალმომრეობაზე როცა მიდგება საქმე, თითქმის ყველას, შეძლებულს თუ შეუძლებელს, გაშხამებული ექნება სიცოცხლე. თუ აქვს ბოლო და დასასრული, ეს მხოლოდ კაცობრიობის გადაგვარება და მისი მოსპობა უნდა იქნეს. მაგრამ ყველა ამნაირი შეხედულება კაცის ცხოვრების მიზანზედ არ აკმაყოფილებს ჩვენს გონებას. დაბეჯითებით ვერ არწმუნებს, ვერ უხსნის, თუ რაში მდგომარეობას ჩვენი დანიშნულება, რა მიზნის მისაღწევად უნდა ვშრომობდეთ. რასაკვირველია, კარგია, როდესაც კაცის გონებას არა სძინავს, მოძრაობა ეტყობა, მაგრამ რამდენად მართალია ამ შემთხვევაში მის სჯა, ეს საკითხია. არა მგონია, ვინმე უკეთესად განგვიმარტოს, აგვიხსნას, ჩვენ რას უნდა ვეტრფოდეთ, რა არის მიზანი ჩვენი ცხოვრების, როგორც საღმრთო წერილმა - სიტყვამ ღვთისამა და წმ. მამათა ცხოვრებამ. თვალწინ განუშორებლად უნდა გვქონდეს ჩვენ მათი სწავლა-მოძღვრება, ყოველთვის უნდა ვცდილობდეთ, მივბაძოთ მათ ცხოვრებას და მაშინ მოიპოვებს სული ჩვენი შვებას, მაშჲნ იქნება მიღებული ჩვენი ქება-დიდება, მიმართული ღვთისა და წმიდანებისადმი, მაშინ მოგვაქცევენ ჩვენ ყურადღებას და შეისმენენ ჩვენს ვედრება თხოვნასა. ორში ერთი უნდა იყოს: უსათუოდ თუ გრწამს და მიგაჩნია ვინმე წმიდანად, სჩანს მოგწონს მისი ცხოვრება და დარიგება; თუ მოგწონს, კიდევაც უნდა წაბაძო, თუ არ წაბაძავ, ეს იმის ნიშანია, არ მოგწონს, და თუ არ მოგწონს, არ მიგაჩნია წმიდანად; თუ არ რაცხ წმიდანად, იცოდე, დაჯერებული იყავი, შენი თხოვნაც შეწყნარებული არ იქნება მისგან, როგორც ზემოდაც ვსთქვით. ამინ. ქადაგებანი, 1913 წ. №6, ივნისი | |
| |
ნანახია: 973 | |
სულ კომენტარები: 0 | |