ახსნა-განმარტება ანტონი დიდის ზოგიერთი გამონათქვამისა,
რომელიც მისი აღსრულების შემდეგ მოგვცა ვინმე მოძღვარმა

1. შეკითხვა მონაზონთა. როგორ უნდა გავიგოთ ის სიტყვა მამა ანტონისა, რომელიც მან თავის მოწაფეს პავლეს უთხრა, როცა ამ უკანასკნელმა დასტოვა ესე ქვეყანა, მონაზონი შეიქნა და ანტონის სთხოვა, შენს გვერდით ცხოვრების ნება მომეციო; მაშინ მოძღვარს უთქვამს: თუკი მონაზონად ყოფნა გსურს, მონასტერში წადი, სადაც მრავალნი ძმანი არიან, რომელნიც შეგეწევიან შენს უძლურებაშიო.

პასუხი მოძღვრისა: ეს სიტყვები შეგვაგონებს ჩვენ, რომ მონასტერში უნდა მივიღოთ ხოლმე უძლური მოხუცნიც, სნეულნი და ბრმანიც, სულიერად სუსტი ადამიანებიც, და უნდა გვიყვარდეს ისინი, რადგან სურვილი გასჩენით სათნოებათა მოპოვებას მიუძღვნან თავი, თუმცა კი თავიანთი უძლურებისა გამო არ შეუძლიათ ყველა ღვაწლი იტვირთონ. ამის გამო საყვედურის ღირსნი არიან ის წინამძღვრები მონასტრებისა, რომელნიც არ შეიწყნარებენ ხოლმე მათთან მოსულ მოხუც უძლურთ, თუნდაც დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ისინი კეთილი ზნისა არიან და მონასტერშიც კეთილ ზრახვებს მოუყვანია. ასეთი წინამძღვრები უფრო ხალისით იღებენ მონასტერში ჯანმაგარ ჭაბუკებს, რათა მონასტრისათვის აუცილებელი სხვადასხვა საქმენი დაავალონ და საჭიროებისამებრ გააგზავნ-გამოაგზავნონ ხოლმე მის გარეთაც, და ამას ისინი მაშინაც აკეთებენ, როცა დარწმუნებულნი არიან, რომ ზოგიერთი ამ ჭაბუკთაგან კადნიერი და ურცხვია. ამგვარ წინამძღვართ მამა ანტონი ვერ მოიწონებდა და მათს საქციელსაც დაგმობდაო, - ამბობდა ზემოხსენებული მოძღვარი, რომელიც წმიდა ანტონის სიტყვებს განმარტავდა. ამ მოძღვარს ეკუთვნის წიგნი „სავანეთა მართვა-განმგებლობის სრულყოფისათვის" (მას ჩვენამდე არ მოუღწევია), რომელშიც იგი ამხელს ასეთ წინამძღვართ. შემორჩენილია ნაწყვეტი, სადაც ის შემდეგს ამბობს: ასეთი წინამძღვარნი ნებას აძლევენ თავიანთ მოწაფეებს შეანელონ გულმოდგინება, ანდა სულაც მცონარებას დაემონონ სათნოებათა მოპოვებაში, რითაც დიდად უწყობენ ხელს ხორციელ და საერო საქმეთა მომძლავრებას მათს ცხოვრებაში. ამავე დროს ისინი მოსვენებას არ აძლვენ იმ მონაზონებს, რომელთაც მონაზონება მხოლოდ სათნოებათა მოსაპოვებლად მიუღიათ, და განუწყვეტლივ აღავსებენ მათს ცხოვრებას საერო საქმეებით, ამაო საზრუნავითა და სიმძიმილით, თანაც საყვედურობენ, ჰკიცხავენ, დასცინიან კიდეც, თუკი ისინი ხორციელი უძლურებისა გამო ჩქარა ვერ ასრულებენ დაკისრებულ საქმეს. და ამას იქმან იმისდა მიუხედავად, რომ ხსენებული მონაზონები, ხორციელად უძლურნი, მეტად მზრუნველნი და გულმოდგინები არიან სულიერ საქმეთა აღსრულებაში. ამის საპირისპიროდ, ეს წინამძღვრნი, ქება-დიდებას ასხამენ იმ მონაზონებს, რომელნიც მთელ თავიანთ ძალისხმევას საერო საქმეთა აღსრულებას მოახმარენ, დაე, თუნდ მცონარნი და არაგულმოდგინენი იყვნენ სათნოებათა მოპოვებაში და სულიერ საქმეთა აღსრულებაში. ამავე დროს ისიც უნდა ითქვას, რომ ასეთ მონაზვნებს მორჩილებითა და სიმდაბლის ღვაწლისთვის კი არ აქვთ შეძენილი ამგვარი შრომისმოყვარება საერო საქმეთა აღსრულებაში, არამედ იმ უბრალო მიზეზის გამო არიან ასე მოქმედნი, რომ ეს ქვეყანა და ყოველივე წარმავალი შეჰყვარებიათ. მაგრამ, რაც ყველაზე უარესია, ეს მონაზვნები, სულ ერთია ისინი მცონარნი არიან თუ გულმოდგინენი, ყოველთვის მონებსავით ჰყავთ წინამძღვრებს, და რაც მოესურვებათ, იმას აკეთებინებენ, ისე, რომ სულ არ უწევენ ანგარიშს მათს სულიერ თუ ხორციელ შესაძლებლობებს.

აბბა პიმენს კი ასე უთქვამს: თუკი მონასტრის სამი გადამწერიდან ერთი მშვენივრად შესდგომია მდუმარების ღვაწლს, მეორე სნეულია, მაგრამ განუწყვეტლივ განადიდებს ღმერთს, მესამე კი თავის მორჩილებას აღასრულებს, იმას, რაც მოვალეობით აქვს დაკისრებული, მაინც შეგვიძლია ვთქვათ, რომ სამივე ერთ ღვაწლშია. ამ სიტყვებით ამ წმიდანმა გვიჩვენა, რომ მონასტერში, სადაც მრავალი მონაზონია შეკრებილი, უნდა იყვნენ არამხოლოდ სხეულით მრთელი მონაზვნები, რომლებიც შემძლებელნი არიან მრავალი საქმე აღასრულონ, არამედ უძლურნიცა და სნეულნიც, რომელთაც ის მაინც შეუძლიათ, რომ კეთილმსახურ მდუმარებას მისცენ თავი და მარად ქება-დიდება აღუვლინონ ღმერთს. სხვაგვარად ამაო იქნება მთელი მონასტრის შრომაო.

2. შეკითხვა. რა მიზნით უთხრა მამა ანტონიმ თავის მოწაფეს პავლეს - წადი, განმარტოვდი და შეიმეცნე ის ლალვანი და წინააღდგომანი, რომელნიც დემონთაგან მომდინარეობენო?

პასუხი: იმ მიზნით, რომ სურდა მისი მოწაფეც სრულყოფილებას მიმთხვეოდა სულიერ ღვაწლში. მონაზონის სრულყოფილება კი იმაში მდგომარეობს, რომ მან უნარი უნდა შეიძინოს ყოველივე თავის ცხოვრებაში სულის მიერ წარმართოს და ყველაფრეიც თავის არსებაში თავის კეთილგონიერ სულს დაუქვემდებაროს. მაგრამ ამგვარი სულიერი წარმართვა საკუთარი თავისა შეუძლებელია გულის სიწმიდის გარეშე, გულის სიწმიდეს კი მხოლოდ მაშინ შეიძენს მონაზონი, როცა მას კეთილგონიერი სული უხელმძღვანელებს და მისი გონებაც მარად წრფელი ლოცვა-ვედრებით იქნება მიქცეული ღმერთისადმი. ყოველივე ამას წინ აღუდგება კაცთა მოდგმის მტერი და დემონებიც სასტიკად ებრძვიან მონაზონს იმით, რომ ბოროტ ზრახვებსა და მოჩვენებებს მოუვლენენ, ეს კი უფრო ძალუმად მონაზონის განმარტოებისა და მდუმარების ჟამს ხდება.

ამ პასუხიდან ჩანს, რომ განმარტოება განუწყვეტლივ ჰბადებს შემთხვევებს დემონებთან ბრძოლისა, რომელნიც ცდილობენ მონაზონში ათასგვარი ზრახვები აღძრან. ეს ბრძოლა გონებით იწარმოება და ლოცვის მეშვეობით, და თუ გონება მონაზონისა ღმერთისაკენაა მიქცეული, იგი იქვემდებარებს გულს და წარმართავს მის მოძრაობას. ამგვარი ღვაწლი, რომელიც გამოსცდის მონაზონის სულს და მრავალფეროვან ბრძოლებში გამოსწვრთნის მას, საბოლოოდ საკუთარი თავის ხელმძღვანელობასაც ასწავლის, რაშიც მდგომარეობს კიდეც სულიერი სრულყოფილება როგორც ყველა მონაზონისა, ასევე ყოველი ქრისტეანისაც.

3. შეკითხვა. რას ნიშნავს შემდეგი გამონათქვამი მამა ანტონისა: როგორადაც წყალთაგან ნაპირზე ამოგდებული თევზნი მოკვდებიან, ასევე ემართება იმ მონაზონსაც, რომელიც დიდხანს დაყოვნდება თავისი სენაკის გარეთო? რატომ კვდება მონაზონი თავისი სენაკის გარეთ მსგავსად ხმელზე შერჩენილი თევზისა? პასუხი. სულიერი ცხოვრება არის განუწყვეტელი, სიყვარულით განმსჭვალული ფიქრი შემოქმედ ღმერთზე, ანუ ღმრთის მოაზრება თუ ზრახვა ღმრთისათვის, და ეს ღმრთის მოაზრება, რომელიც ღირსია სულის ცხოვნებად წოდებისა, თავის თავში აერთიანებს გონაბასაც და გულსაც ადამიანისა. ამრიგად, თუკი მონაზონი ქალაქში იცხოვრებს მრავალ ადამიანთა შორის, იგი გატაცებული იქნება ათასგვარი სახილველითა და საზრუნავით, რის გამოც მოაკლდება სულიერ ცხოვრებას, ანუ ღმერთის მოაზრებას, ეს კი განდევნის მისი გულისაგან სიყვარულს შემოქმედი ღმერთისა, რაც მას მრავალი წლის შრომითა და ღვაწლით მოუპოვებია, განმარტოებული და მდუმარე ცხოვრებით მყოფს თავის სენაკში. გარდა ამგვარი საფრთხისა, ქალაქში მცხოვრებ მონაზონს თავშეკავებაც უძნელდება და სიყვარულიც სიძნელეთა თუ სიღატაკისადმი, ანუ ზომიერებისადმი ყოველივეში, და იგი თავისდა შეუმჩნევლად ხორციელ შვებათ და სიამეთ დაემონება; და მაშინ კი აღიმღვრევა სიწმიდე მისი გულისა სხვადასხვა ზრახვებით, ვნებებითა და სურვილებით მოწყლული, რომლებიც გრძნობათა მეშვეობით შეაღწევენ მის სულში, და აგრეთვე სიტყვების მეშვეობით; ყოველივე ეს კი სიძვისა და სხვა ბოროტი ვნებებისათვის აღძრავს მას, რაც მოასწავებს კიდეც მონაზონის სიკვდილსა და დაღუპვას. ასე რომ, ძალზე კარგად უთქვამს ნეტარ ანტონს - როგორადაც წყალთაგან ნაპირზე ამოგდებული თევზები ჰკვდებიან, ასევ მონაზონიც მოჰკვდება, თუკი თავისი განმარტოების სენაკს მიატოვებს და ქალაქსა თუ სოფელში დაიწყებს ცხოვრებასო.

4. შეკითხვა. მამა ანტონი ამბობს: ვინც განმარტოებით ცხოვრობს, იგი თავისუფალია სამი სახის საცთურისაგან; ენისმიერისა, მხედეველობისმიერისა და სმენისმიერისაგანო. მაშ, გამოდის, რომ ასეთ მონაზონში მხოლოდ გულისმიერი საცთური რჩება? განგვიმარტე, მოძღვარო, ეს სიტყვები ნეტარი მამისა! პასუხი. წმიდა ანტონიმ იმიტომ კი არა თქვა ეს, თითქოსდა მდუმარებასა და განმარტოებაში მოსული საცთური უფრო ნაკლებია იმაზე, რომელიც მრავალ ძმათა შორის მყოფს ეწევა ხოლმე, იმ ძმებისა, რომელთა გონება გატაცებულია მხედველობით, სმენითა და ენით აღმოცენებული საცთურით. არა. წმიდა მამა ამ სიტყვებით გვიჩვენებს, რომ განმარტოებით მყოფისათვის უცხოა გრძნობათა გზით მოსული საცთურნი, რომლებითაც ერთად მცხოვრები მონაზონები უფრო მოიწყვლიან. განმარტოებით მცხოვრები მონაზვნები, როგორც უკვე ვთქვით, გულისმიერი საცთურით იტანჯებიან, რომელსაც მას დემონები მოუვლენენ. ჩვენი მამები იმისათვის იტვირთავდნენ ხოლმე განმარტოებული ცხოვრების ღვაწლს, რომ ეს გულისმიერი საცთურნი კიდევ უფრო არ განძლიერებულიყვნენ მათში მხედველობისმიერი, სმენისმიერი და ენისმიერის საცთურებით. მაგრამ ამასთანავე უნდა ითქვას, რომ ორივე შემთხვევაში დაცემა ერთნაირად ემუქრება მონაზონს; როგორც ძმებთან ერთად ცხოვრებისას, რომლებიც ხშირად გამოდიან მონასტრიდან და გულისმიერ საცთურს გრძნობისმიერი საცთურნიც ემატებიან, ასევე განმარტოებით ცხოვრბისას, როცა მის წინააღმდეგ მხოლოდ გულისმიერი საცთურით იბრძვის დემონი. ეს საკმაოდ სრულად არის დადასტურებული იმ განმარტოებულ ძმათა გამოცდილებით, რომლებთანაც მათი განმხოლოებული ცხოვრების ჟამს, რაიმე შემთხვევის გამო, ქალები მოსულან და ამ მიზეზის გამო მათს გულისმიერ საცთურს გარეგანი საცთურიც დამატებია ქალის სხეულისა და პირისახის ხილვისაგან; ეს ძმები ძლეულ იქმნენ ამგვარად გაძლიერებული საცთურისაგან და დაეცნენ. ის, რომ განმარტოებით მცხოვრბ მონაზონთა სულში გრძნობათა მხრიდან შემოსული საცთური უფრო ძლიერია და სასტიკი, ვიდრე ხორციელი საცთურნი, ამის დანახვა შეიძლება ნეტარი ევაგრეს სიტყვებიდანაც, რომელიც ამბობს: განმარტოებულ მონაზონთან დემონები თვით იბრძვიან, სხვათა მეშვეობის გარეშე, ხოლო ერთად მცხოვრები მონაზონების წინააღმდეგ ისინი უღირს მონაზვნებს აღძრავენ, რომლებზე უფრო სასტიკი, მზაკვარი და საშინელი ამქვეყნად არავინააო.

5. შეკითხვა. რას ნიშნავს შემდეგი გამონათქვამი მამა ანტონისა: მონაზონის სენაკი არის ღუმელი ბაბილოვნისა, რომელის ცეცხლში სამი წმიდა ყრმა გამოიცადაო, და მათ შორის იყო მაშინ ძე ღმრთისაო; აგრეთვე სენაკი მონაზონისა არის სვეტი ცეცხლოვანი, რომლიდანაც თვით ღმერთი ესიტყვებოდაო წმიდა მოსეს? პასუხი. როგორადაც ცეცხლსა აქვს ორი ბუნებრივი თვისება - ერთი სიმხურვალე, ყოვლის დამწველი და მტკივნეული ყოველი ცოცხალი არსებისათვის, მეორე კი - განმანათლებელი, სიხარულის მომნიჭებელი, ასევე სენაკში მოთმინებით ყოფნასაც ორი ქმედება აქვს, ორი ძალი, რომელთაგანაც ერთი ამძიმებს, შეაჭირვებს და მოსვენებას უკარგავს მდუმარების ღვაწლში შემდგარ ახალბედა მონაზონთ - ხან უკიდურესი გათანგვით, ხანაც ლალვითა და სულიერი შფოთით, მეორე კი სიხარულით აღავსებს წარმატებული მოსაგრეობის გამო და ჭეშმარიტ სიმშვიდეს ანიჭებს იმ მონაზონებს, რომელთაც უძლევით ბოროტი ვნებებისათვის, სულიერი სრულყოფილებისათვის მიუღწევიათ და ნათელ ჩვენებათა ხილვის ღირსნიც შექნილან. ხოლო აზრი მის მიერ წმიდა ყრმათა მოხსენიებისა, რომელნიც ცეცხლში გამიოცადნენ და რომელთაც ძე ღმრთისა იხილეს, შემდეგში მდგომარეობს: როგორადაც ბაბილონის ცეცხლოვან ღუმელში შეგდებული ანანია, აზარია და მისაელი არ დაიწვნენ და არც ცეცხლის სიმხურვალისაგან ტკივილით ვნებულან, რადგანაც მათ ღმერთის ანგელოზი მოევლინათ შემწედ, რომელმაც გახსნა და გაანთავისუფლა ისინი ბორკილებისაგან და ცეცხლის ყოვლისმომსრველი მოქმედებისაგანაც დაიცვა, აი, ამგვარადვე განმარტოებით მცხოვრები მონაზონისათვის თავდაპირველად ძალზე მძიმე და გაუსაძლისია ბრძოლა ვნებებთან, გულისთქმებთან, რომელნიც ბოროტი სულების მცდელობით აღიძვრიან მათში; მაგრამ სულიერ ღვაწლში შემდგარ მონაზონს არასოდეს არ მიატოვებს მადლიანი შეწევნა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, ღმერთის ძისა, რომელიც განცხადებულად ევლინება მას და მასთან ჰგიებს, რათა მას შემდეგ, რაც მონაზონი მისი შეწევნით სძლევს ბოროტ ვნებებსა და მტრებს, ღირსჰყოს იგი სრულყოფილი სიყვარულის შეძენისა და ჭეშმარიტი ნათელის ხილვისა.

6. შეკითხვა. რას ნიშნავს შემდეგი გამონათქვამი მამა ანტონისა: არ უნდა მივაგოთ ხოლმე ბოროტს ბოროტით; და თუ მონაზონს ჯერ არ მიუღწევია ამ სიმაღლისათვის სათნოებისა, დაე, დუმილი და უსიტყველობა დაიმარხოსო? როგორ უნდა მივაღწიოთ ამგვარ ურისხველობას სულისას მდუმარების ღვაწლის გზით? პასუხი. თუკი რომელიმე მონაზონი, თავისი უძლურების გამო, შეურაცხჰყოფს თავის ძმას და გულშიც სიძულვილით იქნება განმსჭვალული მის მიმართ, ჯერ-არს მისთვის, რათა თავის სენაკში ჩაიკეტოს და მდუმარებას მიეცეს, ანუ თავი შეიკავოს ადამიანებთან საუბრისაგან; ამასთან მან უნდა დასთრგუნოს თავისი ბოროტი ზრახვები და განუწყვეტელი ლოცვა-ვედრებითა და საღმრთო წერილის კითხვით უნდა ჰგიებდეს. თუკი ამას შეიძლებს ის შეურაცხმყოფელი მონაზონი, მაშინ მის გულს მადლი ჭეშმარიტი მშვიდობისა მოენიჭება უფლის მიერ: გული მისი განათლდება და სული მისი განიხარებს უფლის მიერ, რადგან განთავისუფლდება უწინდელი ბოროტი ვნებებისაგან. ამგვარი მონაზონი, შეხედავს რა უფლის ჯვარს, სიყვარულით აღენთება მის მიმართ, ვინც ევნო მასზე კაცთა ხსნისათვის, და ეამბორება რა ჯვარს, იმის განსჯას შეუდგება, თუ რა უზომო უნდა ყოფილიყო ღმერთის სიყვარული ამა ქვეყნისა და ადამიანთა მიმართ, რომ თავისი მხოლოდშობილი ძეც კი მოუვლინა მხსნელად და მის სიკვდილსაც კი არა ჰრიდა (იოანე 3, 16). და „გამოაცხადა თვისი იგი სიყვარული ჩვენდა მომართ ღმერთმან, რამეთუ ვიდრე-იგი ცოდვილღა ვიყვენით, ქრისტე ჩენთვის მოკვდა" (რომ.5,8). და თუკი თავისი საყვარელი ძეც კი ღმერთმა ჩვენი ხსნისათვის სიკვდილს არა ჰრიდა, ამასთან ესოდენ შეურაცხ სიკვდილს ჯვარზე, განა მასთანვე ერთად არ მოგვანიჭებს ჩვენ ყოველივე კეთილსაც (რომ.8,32)?! განა ის რაიმეში უარს გვეტყვის ჩვენ?! ხოლო ეს უდიდესი წყალობა ღმერთისა ჩვენდამი და მისი უზომო სიყვარული თავისი ქმნილებისადმი მხოლოდ იმას გვაფიქრებინებს, რომ ჩვენთვის არა ჯერ-არს ცხოვრება საკუთარ სურვილთა დასაკმაყოფილებლად, არამედ ჩვენც იმისათვის უნდა ვიცხოვროთ, ვინც ჩვენთვის მოკვდა, როგორც ამას პავლე მოციქული გვასწავლის (მეორე კორ.5,14,15). ისე უნდა ვიცხოვროთ ამქვეყნად, რომ ჩვენს უფალს იესო ქრისტეს ვხედავდეთ როგორც სახეს და დასაბამს მოთმინებისა, რომელიც მან ჯვარზე სიკვდილით გვიჩვენა, მას შემდეგ რაც ესოდენი გინება-კიცხევა და შეურაცხყოფა დაითმინა და კვლავაც ამაღლდა ზეცად და დაჯდა მარჯვენით ღმრთისა მაღალთა შინა. ამრიგად, თუკი უფლის მსგავსად მივიღებთ ტანჯვას, მასთან ერთად განვიდიდებით (რომ. 8,17) და თუ მის მსგავსად დავითმენთ მრავალს, მასთანვე ერთად ვსუფევდეთ (მეორე ტიმოთე 2, 12). ამიტომაც არის, რომ პავლე მოციქული შეგვაგონებს: „და ვხედვიდეთ სარწმუნოებისა ჩვენისა წინამძღვარსა და სრულებისა მოქმედსა იესოს, რომელმან-იგი წინა-განმზადებულისა მის წილ სიხარულისა დაითმინა ჯვარი და სირცხვილი შეურაცხ-ჰყო და მარჯვენით საყდართა ღმრთისათა დაჯდა" (ებრ.12, 2). მაშ, იხილე, თუ რაოდენი დაითმინა მან ცოდვილთათვის, რომელნიც თვით იყვნენ მტრები საკუთარი სულებისა! ჰოდა, ნუ დაჰღონდებით და ნუ დაუძლურდებით სულით, თუკი გაჭირვების, დევნის, კიცხევა-გმობის თუ თვით სიკვდილის დათმენა მოგიხდბათ, რადგანაც ყოველივე ეს ჯერ-არს თქვენთვის უფლის სიყვარულისათვის. თქვენს განუწყვეტელ ლოცვებში იმათი შენდობა შეპვედრეთ უფალს, რომელნიც უსიამოვნებებს გაყენებენ თუ შეურაცხგყოფენ, და ეს ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მსგავსად მოიმოქმედეთ ხოლმე, რომელიც თავისი მტანჯველებისათვის ევედრებოდა მამა ღმერთს - „მამაო, მიუტევე ამათ, რამეთუ არა იციან, რასა იქმან"-ო (საქმე მოციქულთა, 7, 60).

თუკი ის მონაზონიც, თავისი ძმა რომ შეურაცხ-ჰყო, სენაკში განმარტოვდება და ამგვარად იფიქრებს, მაშინ იგი განმტკიცდება სულით, გაბატონდება თავის ვნებებზე, უფლის შეწევნით სძლევს მათ და არათუ სხვათა შეურაცხყოფას მოერიდება, ანუ აწყენინებს ვინმეს, ან ცუდად განურისხდება და ბოროტის წილ ბოროტს მიუზღავს ადამიანებს, არამედ იმდენად სრულყოფილი შეიქნება,რომ უდიდესი სიხარულით განიხარებს და თავისთვის წყალობად მიიჩნევს, თუკი შემთხვევა მიეცემა ვინმესაგან კიცხევა-გმობისა თუ შეურაცხყოფის დათმენისა. აი, ასეთ ზნეობრივ სიმტკიცეს მიაღწევს მონაზონი თავის სენაკში განმარტოებითა და მდუმარების ღვაწლის ტვირთვით, ყურადღების გაღრმავებით საკუთარი თავის მიმართ და მოთმინედ აღსრულებით უფლის მცნებებისა - მარხვისა, ლოცვისა, გონებით ზრახვისა დიდებულებისათვის ღმერთისა, და სხვა სათნოებებისა, რომელთაც მონაზონი მდუმარების ჟამს შეუდგება. ასე რომ, ძალზე კარგად უთქვამს მამა ანტონის - თუკი მონაზონს არ ძალუძს განიკრძალოს თავისი ენა იმისაგან, რომ სხვას შეურაცხყოფა არ მიაყენოს, არ ებრძოლოს და არ იმრავალსიტყვაოს, და არც იმის ძალი შესწევს, რომ თავისი გულიც დაიცვას ამგვარ ზრახვათაგან და დაცემათაგან, მაშინ, დაე, განმარტოვდეს თავის სენაკში და შეძლებისდაგვარად მიეცეს მდუმარებისა და უსიტყველობის ღვაწლს, და უფალი შეეწევა ამის მომქმედს.

7. შეკითხვა. ოდესღაც მოსულან მამა ანტონისთან ძმები და უთქვამთ მისთვის: მოგვეცი ჩვენ, მამაო, ისეთი მცნება, რომლის აღსრულების ძალიც გვექნებაო. წმიდა ანტონის კი ასე შეუგონებია ისინი: წერილ არს სახარებაში: „... რომელმან გცეს შენ ყურიმალსა შენსა მარჯვენესა, მიუპყარ მას ერთკერძოიცა"-ო (მათე 5,39); აი, უფლის ეს ბრძანება აღასრულეთო. ძმებმა კი მიუგეს - ამის აღსრულება არაფრით არ შეგვიძლიაო. მოძღვარმა უთხრა: თუკი თქვენ არ შეგიძლით მეორე ყვრიმალი მიუშვიროთ თქვენს შეურაცხმყოფელს, მაშინ ის მაინც ჰქენით, რომ მოთმინედ აიტანოთ პირველი შეურაცხყოფაო. ძმებს ესეც არ ძალუძდათ. მაშინ, უკიდურეს შემთხვევაშიო, უთქვამს მამა ანტონს, დარტყმაზე დარტყმით მაინც ნუ უპასუხებთო. და როცა პასუხად კვლავ მოესმა - ესეც არ ძალგვიძსო, მოძღვარი თავის მოწაფეს მიბრუნებია და ასე უთქვამს: მოუმზადე ამ ძმებს ცოტაოდენი საზრდო და საკურნებელი, იმიტომ, რომ მეტად სნეულნი არიანო. რას ნიშნავს ეს სიტყვები წმიდანისა?

პასუხი. ამ სიტყვებით მამა ანტონის იმის თქმა სურდა, რომ ამგვარ უძლურ ძმებს სხვა ვერაფრით დავეხმარებით, თუ არ იმით, რომ დავანაყრებთ მათ და მშვიდობით გავისტუმრებთო. მაგრამ რადგანაც ბოლოს მოძღვარმა მაინც უთხრა მათ, ლოცვა-ვედრება ყველაზე მეტად გესაჭიროებათო, ამიტომაც უნდა ვიფიქროთ, რომ საზრდოსა და საკურნებელში იგი მოძღვართA ლოცვა-ვედრებებს გულისხმობდა, თითქოს ამას ეუბნებაო: თუკი არც ერთი ძალგიძთ და არც მეორე, მაშინ თქვენთვის აუცილებელია ვინმე ლოცულობდეს თქვენი განკურნებისა და გაძლიერებისათვისო. რადგანაც როგორც სხეულით სნეულებს ესაჭიროებათ განსაკუთრებული საკურნებელი საზრდო მათი კუჭის სისუსტის გამო, რომელსაც არ შეუძლია ნებისმიერი საზრდოს მიღება-გადამუშავება, ასევე თქვენთვისაც, სულით და გონებით იმდენად უღონოქმნილთათვისაც, რომ უფლის უკნინესი მცნებების აღსრულებაც კი არ ძალგიძთ, ასევე საჭიროა სულიერი მკურნალობა და გაძლიერება; ხოლო ასეთ საკურნებელს სულით უძლურთათვის წარმოადგენს სულიერ მამათა და მოძღვართა ლოცვა-ვედრება, რომელთაც ძალი შესწევთ კურნება გამოითხოვონ ღმერთისაგან თქვენი სნეული სულებისათვისო. აი, ამას ნიშნავს მამა ანტონის სიტყვები, ლოცვა-ვედრება ყველაზე მეტად გესაჭიროებათო, როცა ის უძლურ ძმებს შეაგონებდა.

8. შეკითხვა. მამა ანტონის ერთხელ უთქვამს თავისი მოწაფეებისათვის: ვიხილე მე საფრხენი ეშმაკისა, დაგებული მთელს ქვეყნიერებაზე. ამოვიოხრე და ვთქვი მწარედ: ვაი, კაცთა მოდგამს! ვინ განერიდოს ესოდენ მახეთ?! და მომიგეს მე: სიმდაბლე გიხსნის ყველა განსაცდელისაგან, რადგანაც საფრხე ეშმაკისა უძლურია მდაბლის წინაშეო. ჰოდა, განგვიმარტე, როგორ იხილა წმიდანმა ეს საფრხენი - გრძნობისმიერად თუ გონების ხილვით? ანდა ვინ არიან ისინი, ვინც უთხრრა ანტონს - სიმდაბლე იხსნის ადამიანს ამ საფრხეთაგან, რადგან ეშმაკი ვერ გააბამს მათში მდაბალს?

პასუხი.მამა მაკარი დიდმა (ეგვიპტელმა), წმიდა ანტონის მოწაფემ, ყველაზე შორეულ უდაბნოში განმარტოებისას სწორედ იმ დროს იხილა ეშმაკის ყველა მანქანება, რა დროსაც მისმა მოძღვარმა ნახა ისინი, ოღონდ სულ სხვა სახით. წმიდა მაკარიმ ეშმაკნი ორი ადამიანის სახით იხილა, რომელთაგანაც ერთი დაძონძილ სამოსში იყო გამოწყობილი და ეს სამოსი სხვადასხვა ფერის მრავალი ნაკერით იყო მოფენილი, მეორის სხეული კი გაცვეთილი სამოსით იყო დაფარული, რომლის ზედა მხარეს რაღაც ბადისმაგვარი იყო, ბურთულებით ასხმული. ამ ორს მესამეც მიუახლოვდა შემდეგ, რომელსაც საფარველად ფრთები ჰქონდა. აი, ესენი ხორციელად ხორციელივე თვალებით იხილა მაკარი დიდმა. მამა ანტონიმ კი გონების თვალით, როგორადაც ღვთაებრივი ჩვენების ღირსნი შეიქნებიან ხოლმე წმიდანნი, იხილა ყველა ის საფრხე ეშმაკისა, რომელთაც იგი ყოველგნით დაუგებს მონაზვნებს, რათა დაატყვევოს და ხელი შეუშალოს სულიერი ღვაწლის კეთილად გასრულებაში, მსგავსად დავით წინასწარმეტყველის სიტყვებისა, რომელიც გვეუბნება: „დამირწყეს მე ამპარტავანთა მახე და საბლითა განართხეს მახე ფერხთა ჩემთათვის და გარემოის ალაგთა საცთური დამიდგეს მე"-ო (ფს. 139,6).

ამრიგად, მამა ანტონიმ იხილა, რომ ეშმაკის საფრხენი ამქვეყნად იმგვარადვეა დაგებული, როგორადაც გარეულ მხეცებზე მონადირენი დააგებენ ხოლმე მახეებს. ამ სახილველმა შეაძრწუნა მამა ანტონი, რადგან მათი რიცხვი მეტისმეტად დიდი იყო, ამასთან თითოეული მახე ისე ვერაგულად იყო დაგებული, რომ მასში მოხვედრილი ვერაფრით ვეღარ დაიხსნიდა თავს. აი, ამგვარი სახით იხილა მან ყველა ის ხორციელი და სულიერი ვნება, რომელთა საშუალებითაც ეშმაკნი მონაზონებს ებრძვიან, მაგრამ ამასთანავე წმიდა მამამ ანგელოზნიც იხილა ღმრთისა, რომელნიც სათითაოდ უსახელებდნენ ამ საფრხეებს და უხსნიდნენ მათს მნიშვნელობას - თუ რომელი რა საცთურს წარმოადგენდა და რომელ ვნებას გამოიყენებდა სატყუვრად ადამიანთა მონადირებისათვის. ამ საფრხეთაგან, კერძოდ, მამა ანტონიმ ნახა საფრხე გემოთმოყვარებისა, ანუ მუცელღმერთობისა, საფრხე ვერცხლისმოყვარებისა, საფრხე სიძვისა, დიდებისმოყვარებისა, ამპარტავნებისა და მრავალი სხვა ბოროტი ვნებისა. გარდა ამისა, წმიდა ანგელოზებმა მამა ანტონის უჩვენეს მთელი მზაკვარება და ხელოვნება მტერისა, თუ როგორ მოაწყობს იგი საფრხებს, როგორ უსაფრდება საკბილოს, რათა ყველანაირად ხელი შეუშალოს მონაზონებს სათნოების გზაზე, თავის ბადეში გაიხვიოს ისინი და დაღუპოს. აი, სწორედ მაშინ, შეძრწუნებულმა ყველა ამ სახილველით, მამა ანტონიმ მწარედ წამოიძახა: ვაი, ჩვენ მონაზვნებს! ვით ავიცილოთ თავიდან ეს საშინელი საფრხენი და როგორ დავიფაროთ თავი, რომ არ შთავვარდეთ მათში?! და ანგელოზებმა მიუგეს მას: სიმდაბლე გიხსნით ყველა ამ საფრხისაგან! ვისაც ჭეშმარიტი სიმდაბლე შეუძენია, იგი არასდროს არ გაებმება ეშმაკის მიერ დაგებულ მახეში და არ დაეცემაო.

აი, ასე მიუგეს მამა ანტონის უფლის ანგელოზებმა, მაგრამ მათ არ უთქვამთ, მხოლოდ სიმდაბლით იძლევიან ხოლმე მოსაგრის სულში ბოროტი ვნებები და ბილწი გულისთქმანი, რომლებითაც ეშმაკი ებრძვისო მათ. მაშასადამე, აუცილებელია კიდევ სხვა სათნოებანიც სიმდაბლის სათნოებასთან ერთად. მხოლოდ ეს ერთი, სიმდაბლე, თავისთავად ვერავითარ სარგებლობას ვერ მოუტანს მონაზონს, ისევე როგორც სხვა სათნოებანიც სიმდაბლის გარეშე ძალას მოკლებულნი არიან, რადგანაც უმისოდ ყოველი ქველის საქმე იგივეა, რაც ხორცი უმარილოდ, ადვილად რომ წახდება და გადასაგდები შეიქნება. ამგვარად, სხეულებრივი შრომა, გონებრივი ღვაწლი, მდუმარება და სრულყოფილი ლოცვა-ვედრება, შეერთებული სრულყოფილ სიმდაბლესთან ერთიანი ძალით სძლევენ ყველა ბოროტ ვნებას, უკუაგდებენ დემონებს ისე, რომ ამ უკანასკნელთ აღარ ძალუძთ რაიმე ავნონ მონაზონს, ყველა ამ სათნოებით შემკულს. აი, ეს უთხრეს მამა ანტონის უფლის ანგელოზებმა, ანუ სწორედ ისინი იყვნენ, ვინც მიუგებდა ეშმაკის საფრხეთა ხილვით შეძრწუნებულ მამა ანტონს.

9. შეკითხვა. მამა ანტონის ერთხელ ასე უთქვამს: თუკი კეთილი ღვაწლით ვმოსაგრეობთ, ჯერ-არს ჩვენდა ძალზე გვეშინოდეს ღმრთისა და უკიდურესად დავიმდაბლოთ ხოლმე თავი მის წინაშე, რათა შემოქმედმა ჩვნმა, ვინც კარგად უწყის ჩვენი უძლურებანი, თავისი მარჯვენით დაგვიფაროს ჩვენ ყოველი განსაცდელის ჟამს, რადგანაც თუკი ამგვარად არ მოვიქცევით და ამპარტავნებით აღვიმაღლებთ თავს, იგი მოგვაკლებს თავის შეწევნას, აღარ დაგვიცავს თავისი საფარველით და ჩვენც უსათუოდ დავიღუპებითო. გვარქვი, მოძღვარო, რა არის აზრი და მნიშვნელობა ნეტარი მამის ამ გამონათქვამისა?

პასუხი. ჩვენ, მონაზვნებმა, ყოველთვის უკიდურესად უნდა დავიმდაბლოთ თავი, - როგორც ჭირთა, იწროებათა, მწუხარებათა და ლალვათა ჟამს, ასევე სიმშვიდისა და მოსვენების ჟამსაც. როცა სასტიკად არ მოვიწყლვით ეშმაკისაგან. ასე რომ, ნებისმიერ ჟამს ჩვენთვის მეტად საჭიროა მდაბლანი და მორჩილნი ვიყოთ, და ამით ყოველთვის გაძლიერებულნი ვიქნებით; ლალვისა და ეშმაკისაგან თავდასხმის ჟამს სიმდაბლე შეწევნას აღმოგვიჩენს მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში და ძალას მოგვანიჭებს იმისთვის, რომ მოთმინების მძიმე ტვირთს გავუძლოთ, ხოლო სიმშვიდისა და ლალვათაგან მოსვენების ჟამს - ამპარტვნებისაგან დაგვიცავს და ნებას არ მოგვცემს დავეცეთ. ასევე ჩვენი გამცონარებისა და ჩვენს მიერ ღმერთის დავიწყების მიზეზით ვვარდებით ხოლმე ცოდვაში, და ამიტომაც მით უფრო გვმართებს დამდაბლება თავისა - ჩვენ ხომ სინამდვილეშიც უღონონი ვართ, და ამათი შეგრძნება თავისთავად მიგვიყვანს სიმდაბლესთან და გვაიძულებს განვდევნოთ ჩვენგან ყოველგვარი ცუდმედიდობა და ამპარტავნების სული.

ღმერთს არა სურს, რომ ჩვენ, სულიერ ღვაწლს შედგომილი მონაზვნები მარად ხიფათსა და განსაცდელში ვიყოთ, რის გამოც სულიცა ჩვენი განუწყვეტლივ მშფოთვარე იქნება; არა, ღმერთს, თავისი სახიერებისა და კაცთმოყვარების გამო სურს დაგვიფაროს ჩვენ ბოროტისაგან და ბოლო დაუდოს ლალვას და სისასტიკეს დემონებისა, ჩვენს წინააღმდეგ მომართულს. ამრიგად, თუკი ჩვენ ლალვათა და სულიერ ღვაწლთა დროს ჭეშმარიტი სიმდაბლით შევიმოსებით, თავიდან ავიცილებთ ხიფათსა და ყოველგვარ შეჭირვებას სულისას, ხოლო თუკი სიმშვიდისა და ლალვათაგან მოსვენების ჟამს დავივიწყებთ შემოქმედ ღმერთს და ამპარტავნებით აღვიმაღლებთ თავს, მაშინ იგი უეჭველად მოგვაკლებს თავის საფარველს, და ჩვენ, სასოწარკვეთილნი და ეშმაკისაგან წარტყვევნილნი დავიღუპებით. ამიტომც ჩვენს ამქვეყნიურ ცხოვრებაში არ შეიძლება იყოს ისეთი დრო, როცა ჩვენთვის აუცილებელი არ იქნებოდა ჭეშმარიტი დამდაბლება თავისა; ასე რომ, ყოველ ჟამს და ყოველ ადგილას ყოველი მონაზონისა და ყოველი ადამიანისათვის ამქვეყნად ყოვლად აუცილებელია ეს უდიდესი სათნოება სულისა - სიმდაბლე.

გაგრძელება...