მღვდელი როდიონი
ექსტრასენსი. მისი წარმოშობა და არსი, მართლმადიდებლური კონცეფცია
ეკლესიის დამოკიდებულება ცრუ-მკურნალებისადმი
ბოლო დროს მრავალ ადამიანში წარმოჩინდა უჩვეულო მონაცემები: ბიოველით მკურნალობა, ტელეპატია, ტელეკანები, ნათელმხილველობა თუ წინასწარჭვრეტა და სხვანი. ეს ყოველივე თანამედროვე ცხოვრების მოვლენებია და ამიტომაც ითხოვენ რელიგიურ გააზრებას, ნათელ და მკაფიო განმარტებას.
როგორ უნდა შევაფასოთ ამ უჩვეულო მოვლენათა გაჩენა - დადებითად თუ უარყოფითად? მართლმადიდებელმა ქრისტიანმა ასეთი უნარის მქონე ადამიანს შეიძლება თუ არა მიმართოს დახმარებისათვის? შევეცადოთ ვუპასუხოთ ამ კითხვებს. ჯერ მივმართოთ წარსულს - წმინდა ღვთივსულიერი მამათა გამოცდილებას. „საქმე წმიდათა მოციქულთა", რომელიც ეძღვნება წმ. მოციქულთა მოღვაწეობას იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომისა და ცად ამაღლების შემდეგ, გვიამბობს ვინმე სიმონ მოგვზე, რომელიც „ჰგრძნებდა და განაკვირვებდა ნათესავსა მას სამარიტელთასა, რომელსა ხედვიდეს ყოველნი, მცირეთაგან ვიდრე დიდადმდე და იტყოდეს, ვითარმედ: ესე არს ძალი ღმრთისაჲ დიდი. ხოლო ერჩდეს მას, რამეთუ მრავლით ჟამითგან გრძნებითა განეკჳრვნეს იგინი" (საქმე 8,9-11).
წმ. მოწამე იუსტინე ამ ადგილს ასეთ კომენტარს უკეთებს: „სიმონი იყო მოგვი და გრძნებით თავისკენ იზიდავდა უმეცარ ხალხს, რომელიც მასში დიდ ღვთიურ ძალას ხედავდა". რა სასწაულებით აცდუნებდა სიმონ მოგვი ხალხს? იმით, რითაც თანამედროვე ექსტრასენსები - კურნებით, ტელეპატიით, ტელეკინებით, ნათელმხილველობით, ლევიტაციით, ჰაერში ამაღლებით, გარდა ამისა, წმ. თეოფილაქტე ბულგარელის მიხედვით, სიმონი „ათვინიერებდა ეშმაკეულთ", ანუ მაგიური საშუალებებით „დაიყოლიებდა" ეშმაკს, რომ გარკვეული დროით მიეცა მოსვნება შეპყრობილისათვის, რაც განკურნების ილუზიას ქმნიდა. შემდგომში შეპყრობილობა კვლავ იჩენდა თავს (მსგავსი „სასწაულის" მოწმენი გახდნენ ტელემაყურებლები, რომლებმაც „მეხუთე ბორბლის" 1990 წლის ერთ-ერთ გადაცემაში ნახეს, თუ როგორ განდევნა ჯადოქარმა ეშმაკი ერთ-ერთი შეპყრობილი დედაკაცისაგან).
სიმონ მოგვს გულწრფელად სწამდა, რომ მოციქულებიც, ისევე როგორც ის, რაღაც მაგიური ხელოვნებით სარგებლობდნენ. მაგრამ აი, ის შეხვდა მოციქულ ფილიპეს, რომელმაც თავისი განსაცვიფრებელი ქადაგებისა და სასწაულების ძალით მოაქცია არამარტო ხალხი, არამედ სიმონ მოგვიც. სიმონის ბრმა რწმენა უძლური აღმოჩნდა ქრისტეს ჭეშმარიტი რწმენის წინაშე. მოინათლა ხალხი და სიმონიც მოინათლა. მოგვი უძლური აღმოჩნდა სულიწმინდის მადლით მოქმედი მოციქულის წინაშე (მსგავსად ეგვიპტელი მოგვებისა, რომლებიც ჯადოქრული საშუალებებით წინ აღუდგნენ მოსეს, მაგრამ ღვთის ძალით დამარცხებულ იქმნენ (გამოს. 7-8).
იგივე „საქმე წმიდათა მოციქულთა" მოგვითხრობს: „მჴევალი ვინმე წინა შემემთხჳა ჩუენ, რომლისა თანა იყო სული პითონი, რომელ არს მისნობისაჲ, რომლისაგან სარეწავი დიდძალი შეუვიდოდა უფალთა მისთა მისნობითა მისითა. ესე მისდევდა პავლეს და ჩუენ, ჴმობდა და იტყოდა: ესე კაცნო მონანი არიან ღმრთისა მაღლისანი, რომელნი გახარებენ თქუენ გზათა ცხორებისათა. და ამას ჰყოფდა დღეთა მრავალთა. განრისხნა პავლე და მიექცა სულსა მას უკეთურსა და ჰრქუა: გამცნებ შენ სახელითა იესუ ქრისტესითა განსლვად მაგისგან. და განვიდა მასვე ჟამსა (საქმე 16,16-18).
ნახეთ, როგორია პავლე მოციქულის დამოკიდებულება ბოროტი სულის მიმართ: მიუხედავად იმისა, რომ ქალის პირით იგი ჭეშმარიტებას ღაღადებდა, მოციქულმა ეშმაკის არაწმინდა ბაგეთაგან ჭეშმარიტების მოსმენაც კი არ ისურვა და ამით მოგვცა ნათელი მაგალითი არაწმინდა სულებთან დამოკიდებულებისა მაშინაც კი, როცა ისინი სიმართლეს გვაუწყებენ, რამეთუ ამ ჭეშმარიტების მიღმა იმალება მხოლოდ ერთი სურვილი - შეგიტყუონ მათთან ერთიერთობაში ნდობის მოპოვების მიზნით, რათა შემდეგ წარგვწყმიდონ.
კიევ-პეჩორის პატერიკში ვკითხულობთ მონაზონ ნიკიტას, მომავალი ეპისკოპოსისა და საკვირველმოქმედის შესახებ. ამპარტავნებისა და მედიდურობის გამო ვადაზე ადრე დაყუდებული, იგი ცდუნებულ იქნა დემონისაგან, რომლისგანაც მიეცა წინასწარმეტყველების უნარი და მთელი ძველი აღთქმის ზეპირი ცოდნა. ასე რომ „...მასთან მისულს დიდხანს ესაუბრებოდა სულის გადარჩენის შესახებ წმ. წერილის მიხედვით. მან დაიწყო წინასწარმეტყველება, მისი დიდების შესახებ ყველამ გაიგო, ყველა განცვიფრებული იყო მისი წინასწარმეტყველური უნარით. როდესაც კიევ-პეჩორის ლავრის წმ. მამათა ლოცვით მისგან ეშმაკი განდევნილ იქნა, აღმოჩნდა, რომ მას არაფერი ახსოვდა, კითხვაც კი დავიწყებოდა...
კიევ-პეჩორის იმავე პატერიკში, ღირსი ლავრენტი დაყუდებულის ცხოვრებიდან ვგებულობთ ვინმე ეშმაკეულის შესახებ, რომელიც ბოროტი სულის ზეგავლენით ლაპარაკობდა ებრაულად, ლათინურად, ბერძნულად და მსოფლიოს ყველა ენაზე, რომლებზეც ადრე არაფერი ესმოდა. იგი წინასწარმეტყველებდა მისთვის მანამდე უცნობ ადამიანებსა და მოვლენებზე.
წმ. მღვდელმოწამე კვიპრიანეს ცხოვრებაში ვკითხულობთ, რომ მოგვად მყოფობისას მან „...შეისწავლა ეშმაკის ყველა მანქანება, დაეუფლა დემონურ ქცევებს (ჰაერში ფრენა, წყალზე სიარული და სხვ.), ისწავლა ჰაერის შემადგენლობის შეცვლა, გრიგალის წარმოშობა, ჭექა-ქუხილის გაჩენა, ზღვის აღელვება, ბაღ-ვენახებისა და მინდვრების დაზიანება, ადამიანთა დაწყლულება და დასნეულება, ერთი სიტყვით, ემშაკის შემწეობით შეიძინა განადგურებისა და ბოროტმოქმედების უჩვეულო უნარი. უამრავი მსგავსი მაგალითის მოყვანა მრავლად შეიძლება, მაგრამ, ვფიქრობთ, რომ დასკვნა ნათელია: დემონურ ძალებს შეუძლიათ მიანიჭონ და ანიჭებენ კიდეც ზოგიერთ ადამიანს უჩვეულო ექსტრასენსულ მონაცემებს.
წმ. მამები ექსტრასენსების შესახებ. წინასწარჭვრეტის სამი სახე
ახლა ვნახოთ, რას მოგვითხრობენ ეკლესიის წმინდა მამების ექსტრასენსულ თვისებებზე. მივმართოთ ღირს მამა სილუანს. მისი აზრით, არსებობს წინასწარჭვრეტის სამი სახე: „...პირველი თავს იჩენს ზოგიერთი ადამიანისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი ინტუიციის ძალით, რომელიც მარხვით მოიპოვება, მეორე - დემონური ზემოქმედებით და მესამე სულიწმიდის მადლით". წინასწარჭვრეტის რომელ სახეს განეკუთვნება ექსტრასენსთა ნათელხილვა? მხოლოდ პირველ ორს, ვინაიდან მესამე - მხოლოდ რჩეულთ ენიჭებათ ღვთისგან წმინდა ცხოვრებით, მრავალი ათეული წლის განმავლობაში მოპოვებული სულიწმინდის მადლის წყალობით. ამპარტავანთ ეს მადლი არასოდეს ეძლევათ.
უფრო ყურადღებით განვიხილოთ პირველი ორი სახეობა.
წინასწარმეტყველების პირველი სახე, ბერი სილუანის აზრით, „პატიოსანმა და თავმდაბალმა ადამიანმა შეიძლება კეთილად და სასარგებლოდ გამოიყენოს, რამეთუ ხელს შეუწყობს მოყვასს ახლობლებთან ურთიერთობაში უფრო ფაქიზად აღასრულოს ქრისტეს მცნებები. ამპარტავანსა და ვნებებით დატვირთულ ადამიანს იგი ზიანს მიაყენებს, რადგან ვნებებს განუმრავლებს და წარმოუჩენს დიდ შესაძლებლობებს მათს დასაკმაყოფილებლად.
მეორე სახე მეტისმეტად საშიშია მათთვის, ვინც მას ღებულობს, რადგან ადრე თუ გვიან ამას ადამიანის სულისა და სამშინველის მტკივნეული რღვევა, მისი გარეგნული დამახინჯებაც კი მოჰყვება. ამ სახის წინასწარმეტყელების დროს, თუნდაც სხვათა აზრების წაკითხვის უნარი აღმოაჩნდეს, შინაგანად ძლიერი პიროვნების აზრებს მაინც ვერ ჩაწვდება...
რამდენადმე მეტი უტყუარობის წყალობით იგი ზოგჯერ თავს იჩენს იმ მოვლენებთან მიმართებაში, რომელთაც გარეგნული ხასიათი აქვთ. მათ, ვისაც ეს უნარი ენიჭება, იგი აძლევს შესაძლებლობებს ამპარტავნებით დატკბეს. ... და საერთოდ, დემონურ ქმედებათა დამანგრეველი, გამხრწნელი თვისებების გამო მას მხოლოდ ზიანი მოაქვს თავის მფლობელისათვის. ეს მხოლოდ დიდი ხნის გავლის შემდეგ ხდება ნათელი".
მრავალ ადამიანს ექსტრასენსული თვისებები იოგასა და სხვა აღმოსავლურ რელიგიებში გაცნობიერების შედეგად აღმოაჩნდებათ. ამის თვალსაჩინო მაგალითია სნობი ჩეხი ექსტრასენსის ფრანტიშეკ ფიერდის მოღვაწეობა. მოსკოვში, პოპოვის სახელობის საზოგადოების ერთ-ერთ სხდომაზე, სადაც ფრანტიშეკი სწორ დიაგნოზს უსვამდა დიდ მანძილზე მყოფ ავადმყოფებს და მათი დაავადებისა თუ ცხოვრების ისტორიასაც ჰყვებოდა, აკადემიკოს გ. სპირკინის შეკითხვაზე, თუ როგორ მიაღწია მან ამას, ფიერდმა უპასუხა: „ამის შესაძლებლობას იძლევა ხანგრძლივი იოგური ვარჯიში, რის შედეგადაც ადამიანს შეუძლია გამოთიშოს გონება და ინტელექტი, ინფორმაციის ნაკადი კი მიიღოს ქვეცნობიერის დონეზე".
აქ ექსტრასენსული მონაცემის წყარო სავსებით ნათელია, სპეციალური დიეტით, ჰათჰა-იოგას გარკვეული ვარჯიშების შესრულებით, იოგას ფილოსოფიურ სწავლებაში ჩაღრმავებითა და ხშირი მედიტაციით ადამიანი იხსნება გარკვეული კოსმოსური ძალების მხრიდან პირდაპირი ზემოქმედებისათვის, ჩაერთვის მათს „იერარქიაში", ღებულობს ქაჯურ ცოდნას და „ნიჭებს". იოგაში გამომუშავებულია მკვეთრი მეთოდიკა: გააკეთე ესა და ეს და შეიძენ ზებუნებრივ ძალას, და, მართლაც, შეიძენ. მაგრამ საიდან და რის ხარჯზე? ამაზე აღმოსავლელ მასწავლებლებს არ უყვართ საუბარი და, როგორც წესი, მიუთითებენ უსახურ კოსმოსურ ენერგიასა და ადამიანის შინაგან პოტენციალზე. (მე თავად საკუთარი ძალებით შემიძლია ყველაფერი, ან, უფრო მარტივად - მე ვარ ღმერთი). სწორედ ასეთი აზრის გამო დაეცა ნათლის ანგელოზი ზეციდან და გახდა სატანა (ისაია 14,14). ზებუნებრივ ძალთა შეძენის სხვა საშუალება არის ცოდნის შეძენა უშუალო დემონურ იერარქიაში ჩართული მასწავლებლისაგან. თუკი ადამიანმა ირწმუნა და მიენდო იოგას, ჯადოქარსა თუ ექსტრასენსს, იგი თავადაც სატანით შეპყრობილი ხდება ისევე, როგორც ავადმყოფთან ხშირ კონტაქტში მყოფ ჯანმრთელ ადამიანს მძიმე სენი გადაედება. ზებუნებრივ „ნიჭთა" ზრდა-განვითარება მასწავლებლის ცდასა და მოსწავლის გულმოდგინებაზეა დამოკიდებული.
ამასთანავე, განდობა შეიძლება მოხდეს მოსწავლის ნების გარეშეც. ამისათვის ზოგჯერ მხოლოდ დაჟინებული ინტერესი და ნდობა კმარა.
მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ ტრანსცენდენტალური მედიტაცია (ტმ), რომელმაც განვითარება ჰპოვა აშშ-ში, ჩვენი საუკნის 70-იან წლებში. ტმ-ში ვარჯიშის შედეგად, მათი დამაარსებლების რეკლამის თანახმად, ადამიანი აღიჭურვება მძლავრი სასიცოცხლო ძალებით, მუდმივი სიხარულით, სიმშვიდითა და ჯანმრთელობით. ამ კურის გავლის მსურველებმა გურუს (მასწავლებლის) განდობის სპეციალურ ოთახში უნდა მიართვან კალათით ყვავილები და ხილი. ეს ძღვენი იდგმება უკვე მეორე გურუს პორტრეტთან, რომელიც აღარ არის ცოცხალი და რომლისგანაც პირველმა გურუმ ეს ცოდნა მიიღო. აქვე აინთება სანთელი, აბოლებენ, პორტერტის წინ რიტუალი გრძელდება ნახევარ საათს. ცერემონიალში შედის წყნარი სიმღერა სანსკრიტზე (რომლის აზრი მოსწავლეთათვის არ არის ცნობილი) და სიმღერა იოგას ადრინდელ მასწავლებელთა სახელების მოხსენიებით.
ცერემონიის დასასრულს განდობილს მიეცემა მანტრა (საიდუმლო საკნსკრიტული სიტყვა), რომელიც მან მედიტაციის დროს განუწყვეტლივ უნდა იმეოროს. განდობილს არასოდეს არ გააცნობენ ამ ცერემონიალის შინაარსს, ის მხოლოდ მასწავლებლისთვისაა ცნობილი.
სხვათა შორის, ეს რიტუალი სხვა არაფერია, თუ არა თაყვანისცემა ინდური ღმერთის „ფუჯასი" და გაღმერთებული გურუ მახარიშისა. ასე რომ თანამედროვე ურელიგიო ადამიანი ჩათრეული აღმოჩნდება პრაქტიკულ ცრუ-რელიგიურ რიტუალებში ისე, რომ ეჭვადაც არა აქვს, თუ რასა იქმს. მას სრულიად გაუაზრებლად აკეთებინებენ იმას, რისგან გადასარჩენადაც მისი ქრისტიანი წინაპრები ტანჯვითა და წამებით სიკვდილს არჩევდნენ. იგი მსხვერპლს სწირავს წარმართულ კერპებს. სულიერ სფეროში შესაძლოა ეს ცოდვა მეტად განაპირობებდეს ტმ-ის არნახულ წარმატებას, ვიდრე მისი დაუფლების ფსიქიკურ მეთოდიკას. მოცემული მანტრის მუდმივი გამეორება ადამიანს სავსებით გადართავს გარკვეულ ტალღაზე (ვიბრაციაზე) და აკავშირებს მას, ასე ვთქვათ, ვიბრაციის გენერატორთან. და, თუ უმთავრესი ინდუისტური მანტრა („უმ"), როგორც ამას ზოგიერთი მონაცემები გვაუწყებენ, თვით სატანის ვიბრაციას წარმოადგენს, ხოლო „ბჰაგავატ-გოტას" მანტრა „ჰარი-კრიშნა" თარგმანში ნიშნავს „შავ მადლს", სავსებით გასაგებია, საით მივყვართ ამ გზას. თუმცა დემონურ ძალებთან კავშირი უკვალოდ არ ქრება. მისი შედეგი მსწრაფლ იჩენს თავს.
დღიდან დაცემისა დემონები მოკლებულნი არიან აღმშენებლობით უნარს. ისინი დამანგრეველად მოქმედებენ ყველაზე, ვინც კი მათ მიენდობა. ამერიკელი მღვდელ-მონაზვნის სერაფიმ როუზის წიგნში მოცემულია ცნობები იმის შესახებ, თუ როგორ დაეწყოთ ოკულტიზმით გატაცებულ მასწავლებლებსა და მოსწავლეებს გონებრივი და ემოციური დარღვევები, როგორ იმატა მათ შორის თვითმკვლელობამ, მკვლელობამ, ეშმაკით შეპყრობილობამ და სხვ.