წესდება განდეგილი ცხოვრებისა

შედგენილი ანტონი დიდის მიერ

  1. თუკი რაიმე საქმე გელოდება, მაგრამ ვერ ხედავ მის ქმნაში ღმერთის ნებას, მაშინ არაფრის გულისთვის არ შეუდგე ამ საქმეს, რადგან მხოლოდ ის უნდა აკეთო, რაც ღმერთს სათნოეყოფა.

  2. ყოველ საქმეში, ყოველთვის და ყოველმხრივ ეცადე იმას, რომ შენით და შენს მიერ განიდიდოს მამა შენი, რომელი არს ცათა შინა, როგორც ეს წმიდა სახარებაშია ნათქვამი: "ეგრეთ ბრწყინევდინ ნათელი თქვენი წინაშე კაცთა, რაითა იხილნენ საქენი თქვენნი კეთილნი და ადიდებდენ მამასა თქვენსა ზეცათასა" (მთ. 5,16).

  3. ნუ განეშორები ღმერთს ამაოებისა და ხრწნადი საგნების სიყვარულით, არამედ ყოველთვის გახსოვდეს შენი აღთქმა, მიცემული უფლისადმი მაშინ, როცა შენს სულში ცეცხლი ენთო მისწრაფებისა ღვთის სათნოყოფისაკენ.

  4. ეცადე, არ დაივიწყო მნიშვნელობა შენი სამონაზვნო შესამოსელისა, რომლითაც ღვაწლის დასაწყისში შეიმოსსე. გახსოვდეს შენი სინანულის ცრემლებიც, რომელნიც მაშინ დაგიღვრია, და იჩქარე განაგდო შენგან ფარულად შემოსული ბოროტი ზრახვები და ფიქრები, რათა მათ განცხადებული ბოროტი საქმეებისაკენ არ გაგიტაცონ.

  5. განუწყვეტლივ მიუძღვენი ხოლმე ღმერთს მსხვერპლად გულწრფელი სინანული - შესაწირავი, რომელიც ყველაზე მეტად სთნავს უზენაესს, - და მაშინ შენ ერთი წუთითაც არ მიეცემი მცონარებას და გულმოდგინებაც არ განგიგრილდება.

  6. ნუ აიღებ მაგალითს იმ მოსაგრისაგან, ვინც შენზე უღონოა, არამედ იმას მიბაძე, ვინც შენზე უფრო სრულყოფილია.

  7. სახედ და მისაბაძ მაგალითად, დაე, ის მოსაგრენი იყვნენ შენთვის, რომელთაც მთელის არსებით შეჰყვარებიათ ღმერთი და განუწყვეტლივ გულმოდგინებენ ქველის საქმეში, რათა სათნოეყონ ღმერთს. ნუ შეგრცხვება მათთან მისვლა იმის სათხოვად, რომ დაგმოძღვრონ სათნო ცხოვრებისათვის - ისინი ხომ სრულყოფილნი არიან სათნოებაში.

  8. ნუ მიბაძავ იმ მოსაგრეებს, რომელთა კვეთება განგრილებულა და მხოლოდ ამქვეყნიურ საქმეთათვის ზრუნავენ. ნუ მიბაძავ მათ, არამედ იმ მოსაგრეთათვის იყავი მოშურნე, რომელნიც უფლისათვის მსხმობენ მთასა თუ უდაბნოში, ანუ იმ წმიდა მამებს, „რომელთა ღირსვე არ იყო სოფელი ესე".

  9. თუკი ყველაფერს აღასრულებ შენს მიერ აღთქმულისაგან, მაშინ ისეთ რამეს დაიმკვიდრებ, რომელიც ადამიანის თვალს არ უხილავს, ყურს არ სმენია და არც გულს განუზრახავს ან უფიქრია; როგორც პავლე მოციქული ამბობს: „რომელი თვალმან არა იხილა, და ყურსა არა ესმა, და გულსა კაცისასა არა მოუხდა, რომელი განუმზადა ღმერთმან მოყვარეთა მისთა" (კორინთ. 2, 9).

  10. მაშ, სანამ დრო ჯერ კიდევ გაქვს, მთელი შენი ძალისხმევა იმას მოახმარე, რომ ღირს იქმნა მართალთა შორის შერაცხვისა.

  11. მარად გახსოვდეს, რომ შენი სიჭაბუკე უკვე გარდასულა და შენი ძალებიც დაშრეტილან, ხოლო უძლურებანი განმრავლებულან; უწყოდე, რომ უკვე ახლოა ჟამი შენი აღსრულებისა, ანუ ის დღე, როცა შენ პასუხი უნდა აგო უკლებლივ ყველა იმ საქმისათვის, რომელნიც კი ამქვეყნიური ცხოვრების მანძილზე მოგიმოქმედია; იცოდე, რომ ამ დღეს ვერავინ ვერ შეგეწევა - ვერც ძმა გამოგისყიდის სასჯელისაგან, და მამაც ვერ გიხსნის, შენ, თავის ძეს.

  12. ყოველთვის გახსოვდეს ჟამი სხეულისაგან შენი სულის განსვლისა, და გონებიდან არ ამოიგდო საუკუნო სატანჯველის ხსოვნა, და თუ ასე მოიქცევი, არც არასოდეს არ შესცოდავ.

  13. ყოველდღე სიკვდილზე იფიქრე და ასე უთხარი ხოლმე საკუთარ თავს: ამქვეყნად დღევანდელი დღე უკანასკნელია ჩემთვის, მეტად ვეღარ დავყოფ აქ! - და თუ ამას იქმ, არც არასოდეს შესცოდავ ხოლმე ღმერთის წინაშე.

  14. ყოველდღე იმას ჰგონებდე, რომ ეს ერთი დღე დაგრჩენია ამ წუთისოფელში, და ამით თავს დაიცავ ცოდვათაგან.

  15. შენი სენაკი საპყრობილედ აქციე საკუთარი თავისთვის, და სულ ის იფიქრე, რომ ამქვეყნად ყოველივე დამთავრებულია შენთვის, და, აი, საცაა დაჰკრავს ჟამი სულის განტევებისა.

  16. შეიკრძალე თავი ცოდვისაგან, რათა განკვეთილი არ აღმოჩნდე მომავალი საუკუნო ნეტარი ცხოვრებისაგან. ვაი, მცონართა და გულმოდგინებას მოკლებულთ სათნოებაში, რადგან მოახლოებულა აღსასრული, და მათ არა ჰყავთ შემწე, და სასოებაც დაუკარგავთ ხსნისა.

  17. ნეტამც შეგვეწიოს უფალი ჩვენი ისსო ქრისტე იმაში, რომ ამქვეყნად ყოველივეს მის სათნო-საყოფად ვიქმოდეთ!

  18. უპირველესად ყოვლისა გაუნწყვეტლივ ილოცე ღმერთის წინაშე და მარად მადლი აღუვლინე მას ყოველისათვის, რაც არ უნდა შეგემთხვეს.

  19. შენი ძალისხმევა იმას მოახმარე, რომ განუწყვეტელი ლოცვა-ვედრება აღუვლინო ღმერთს და სინანულილს ცრემლები შესწირო მსხვერპლად, რათა უფალმა შეგიწყალოს და განძარცვოს შენგან „ძველი იგი კაცი".

  20. ნუ შეწყვეტ ლოცვა-ვედრებას და სინანულის ცრემლთა ღვრას, და ღმერთი უსათუოდ შეგიწყალებს და ყველა შენს უძლურებასა თუ სნეულებას შეგიმსუბუქებს (ანუ განგკურნავს ყოველივე იმისაგან, რის გამოც სული შენი დაწყლულებულა).

  21. თუკი ნამდვილად გსურს სათნო-ეყო ღმერთს, მთელის არსებით შეუდექი ჩვენს უფალს იესო ქრისტეს, და იგი გიხსნის შენ განსაცდელისაგან და ყოველთვის დაგიცავს.

  22. 162. ეცადე მარად ეს აკეთო და ამა შემოთავაზებულ ღვაწლთ აღასრულბდე: ხელსაქმეს და ფიზიკურ შრომას შეუდექი, სიგლახაკე, მსხემობა, უქონლობა (მოკლება ყოველივე ნივთიერისაგან), მღვიძარება და მდუმარება იტვირთე. ესენი მორჩილებას შეგძენენ და სიმდაბლეს მოგაპოვებინებენ. ხოლო ჭეშმარიტი სიმდაბლე ცოდვათა მოტევების საწინდარია. ჭეშმარიტი სიმდაბლე და მორჩილება კი იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანი თავის თავს მარად ცოდვილად მიიჩნევდეს და მხოლოდ იმას ჰგონებდეს - არაფერს კეთილს და სათნოს არ მოვიმოქმედებო ღმერთის წინაშე; რომ გულმოდგინე იყოს მდუმარების ღვაწლში და თავის თავს არაფრად არა რაცხდეს; რომ არავის წინაშე არ ჯიუტობდეს თავისი სიტყვით და დაჟინებით არასდროს არ ამტკიცებდეს, მხოლოდ ჩემს მიერ ნათქვამიაო ჭეშმარიტი; რომ ყოველთვის უგულებელჰყოფდეს საკუთარ ნებას, მარად თავდახრილი ვიდოდეს, გონების თვალთა წინ დღემუდამ სიკვდილი ჰქონდეს. სიცრუეს გაურბოდეს, ცარიელი, ამაო სიტყვები არასდროს არ წარმოთქვას, მონასტრის წინამძღვარს თუ სულიერ მოძღვარს არაფრით არ შეეწინააღმდეგოს, მოთმინედ გადაიტანოს ყოველგვარი წყენა და აიძულოს ხოლმე თავი, მორჩილად შეხვდეს და დიდსულოვნად დაითმინოს ყოველგვარი სიძნელე და მწუხარება, რაც კი სათნოების გზაზე დამდგარს შეჰხვდება. მაშ, ეცადე, ძმაო, დაიმარხო ეს წესები და უფლის ყველა მცნება ზედმიწევნით აღასრულო, რათა შენი სულიერი ცხოვრება უნაყოფო არ გამოდგესდა სირცხვილეულ არ იქნე!

  23. განვიშოროთ ყველაფერი ის, რაც შვება-სიამეს გვრის ჩვენს სხეულს; ამქვეყნიური ცხოვრება ნაკლებ გვიყვაარდეს, რათა ღმერთისმიერი ცხოვრებით ვიცხოვროთ, რომელი გვკითხავს განკითხვის საშინელ დღეს - გვშიოდა თუ არა მისთვის, გვწყუროდა თუ არა, ვითმენდით თუ არა და სინანული თუ გვწვავდა ჩვენს ცოდვათა გამო, ვოხრადით და ვკვნესოდით თუ არა სხვათა თანალმობით, - და ყოველივე ამით განვუცხადებთ ღმერთს, ღირსნი ვართ თუ არა ჩვენ მასთან ადგილის დამკვიდრებისა. ამრიგად, გულმოდგინენი ვიყოთ მწუხარებასა და სინანულში ცოდვათა გამო, მარად საყვედურით ავავსოთ საკუთარი თავი, რათა ღმერთი შევიძინოთ; მოვიძაგოთ და უგულებელვჰყოთ ჩვენი სხეული, რათა ამით საკუთარი სული ვიხსნათ.

  24. ამოირჩიე შენთვის რაიმე საქმე, რომლითაც ყოველდღიურად დაითრგუნავ სხეულს, და იგი მარხვასთან, ლოცვასა და მღვიძარებასთან ერთად, განაგდებს შენგან ყოველგვარ არაწმიდებას, იმიტომ, რომ სხეულებრივ დაშვრომას გულის სიწმიდე მოაქვს კაცისთვის, გულის სიწმიდე კი საბოლოოდ იმას იქმს, რომ სული კეთილი ნაყოფების გამოღებას იწყებს.

  25. გიყვარდეს მოწყალება და უძლურთა შეწევნა; ნებას ნუ მისცემ შენს გულს რაიმე ბოროტი განიზრახოს, არამედ აიძულე იგი ყოველთვის სიკეთით უპასუხოს ბოროტებას; სიკეთე მოიძიე მხოლოდ და მშვიდობას ითხოვდე, ხოლო მოშურნე მხოლოდ კეთილ საქმეთათვის უნდა იყო, როგორც უფალი გიბრძანებს.

  26. სული შენი, დაე, ყოველთვის იყოს უფლისა თანა, ხოლო სხეული შენი, დაე, იმგვარად იყოს ამქვეყნად, ვითარცა უგრძნობელი რამ ქანდაკება, ანუ კერპი.

  27. იმგვარად იცხოვრე, რომ ყოველთვის სიმართლით იდგე წინაშე პირისა უფლისა.

  28. შიში ღმრთისა მარად თვალთა წინ უნდა გვქონდეს, და მასთან ერთად ხსოვნაც სიკვდილისა მარად ჩვენთან უნდა იყოს, ამასთან ყოველთვის უნდა გვძულდეს ყოველივე ამქვეყნიური და ამაო.

  29. ყოველდღე მოკვდი, რათა ჭეშმარიტი ცხოვრებით იცხოვრო, რადგანაც ვისაც ღმერთისა ეშინის, იგი საუკუნო ნეტარებით იცხოვრებს ცათა სასუფეველში.

  30. განუწყვეტლივ მღვიძაარე იყავ სულით, რათა მცონარება არ გეუფლოს და გულმოდგინებას არ მოაკლდე.

  31. მოიძულე ყოველივე ამაქვეყნიური და ამაო, თავი განიშორე მათგან, თუ არა და, თვით ის, ამაქვეყნიური და ამაო განგაშორებს შენ ღმერთისაგან.

  32. გძაგდეს ყოველივე, რასაც კი ზიანის მოტანა შეუძლია შენი სულისათვის.

  33. რასაც არ უნდა აკეთებდე, მოთმინედ გააკეთე, და ღმერთი იქნება შენი შემწე ყოველს საქმეში, და ყოველთვისაც გიშველის განსაცდელის ჟამს, რაც არ უნდა შეგემთხვეს.

  34. ერიდე, სულმოკლეობამ არ შეგიპყროს!

  35. ყოველთვის მხნედ იყავი, რასაც არ უნდა აკეთებდე ღმერთის ნებით.

  36. ნუ დაჰღონდები იმ ფიქრთა და გულისზრახვათა გამო, რომელნიც სენაკში მარტოდ ყოფნის ჟამს მოგაწყდებიან ხოლმე. უწყოდე, რომ ღმერთი არ დაგივიწყებს არც ერთ საქმეს მისთვის და მისი სახელით მოქმედებულს, და თუ ყოველთვის მხნედ იქნები, შენი ღვაწლიც წარმატებული იქნება, და ღვთაებრივი მადლიც შეგეწევა ყოველთვის და ყველა საქმეში.

  37. სულიერი მხნეობა სხვა არა არის რა, თუ არ სიმტკიცე ჭეშმარიტ რწმენაში, როცა მუდამ მზად იქნები გაუძალიანდე მტერს; მხნედ მყოფი არასდროს არ დაუთმობ მას, აიძულებ უკან დაიხიოს და მერმე სულაც მოგშორდეს მართლუკუნ.

  38. დღე და ღამე გტკიოდეს გული შენს ცოდვათა გამო.

  39. შენს ცრემლთა ზეთით აღანთე შენი სულის კანდელი.

  40. განუწყვეტლივ ღვარე ცრემლი შენს ცოდვათა გამო, იმგვარად, თითქოსდა მიცვალებული გესვენოს სენაკში (ანუ ისე იტირე ხოლმე შენი ცოდვების გამო, როგორც მიცვალებულს ჭირისუფალი ტირის).

  41. გამომეტყველება შენი პირისახისა ყოველთვის მწუხარე უნდა იყოს, რათა ღვთის შიში იყოს შენში.

  42. ნუ მიიჩნევ თავს რამედ და ნუ აღმაღლდები, არამედ ცრემლები ღვარე შენს ცოდვათა გამო.

  43. შეიყვარე დამდაბლება თავისა, და ეს დაჰფარავს შენს ყველა უწინდელ ცოდვას.

  44. მდაბალი იყავი მთელი შენი ცხოვრების მანძილზე, და ეცადე ყოველივე მშვენიერს მიემთხვიო.

  45. სათნოებებსა და კეთილ საქმეთა ქმნაში შენზე უღონო ადამიანი შენს თანასწორად მიიჩნიე, ხოლო შენი თანასწორი - შენზე გაცილებით აღმატებულად ჩათვალე სულიერ სრულყოფილებაში.

  46. ნუ შეგშურდება იმ ადამიანისა, ვინც შენზე მაღლად ვალს ამ ცხოვრებაში, არამედ ყოველი ადამიანი შენზე მაღლა მდგომად მიიჩნიე, რათა ღმერთი იყოს შენ თანა.

  47. ნუ ივლი ამპარტავან ადამიანებთან ერთად, არამედ მდაბალთა თანა ვიდოდე (ეს მიბაძვასა და მეგობრობას შეეხება).

  48. ყველაფერში მდაბალი იყავი: მიმოხვრაში, ჯდომაში, სამოსლით სიარულით, საწოლით, სენაკით, და ყოველივე იმით, რაც შენს განმარტოებულ ცხოვრებასთანაა დაკავშირებული.

  49. თუკი შექებას დაგიწყებენ შენს ქველ საქმეთა გამო, ნუ გაიხარებ ამისთვის და ნუ დასტკბები; დამალე ხოლმე შენი ქველის საქმენი, რამდენადაც შეგიძლია და ნებას ნუ მისცემ ვინმეს ილაპარაკოს მათს გამო; ყოველმხრივ ეცადე, რომ შენს მიერ ქმნილი კეთილი საქმეებისათვის ადამიანთაგან შექება არ მიიღო.

  50. გეშინოდეს იმისა, რომ შენი სახელი გიათქვას შენს მიერ მოქმედებელი რაიმე კეთილი საქმის მიზეზით.

  51. თუკი ვინმე უმართებულოდ გისაყვედურებს რაიმე ცოდვისათვის და გაგკიცხავს, მდაბლად შეხვდი ამას, ბედს შეურიგდი და ღვთაებრივ გვირგვინს მიიღებ.

  52. შენი ენა მარად ამის თქმით წურთნე - შემიწყალე და შემინდე თქო, და მაშინ ჭეშმარიტი სიმდაბლით აღივსები.

  53. მიაჩვიე შენი ბაგენი იმას, რომ ყველა შემთხვევისათვის, ყოველს ჟამს და ყველა ძმას ამას ეუბნებოდნენ - შემიდე და შემიწყალეო, რადგანაც თუკი ყველას პატიებას შესთხოვ და თავს მდაბლად დაუხრი, მაშინ უფრო მიაღწევ სრულყოფილ სიმდაბლეს, ჭეშმარიტსა და ღმრთის სათნო-მყოფელს.

  54. მარად მზად იყავი იმისთვის, რომ შენს წინააღმდეგ წარმოთქმული ყოველი მამხილებელი სიტყვის გამო, რასაც კი მოისმენ ეს თქვა ხოლმე - შემინდვეთ და მაპატიეთო, რადგან სწორედ ამგვარი დამდაბლება თავისა დაარღვევს და სძლევს მტრის ყველა მზაკვრობას.

  55. უწყოდე, რომ ჭეშმარიტი სიმდაბლე სხვა არა არის რა, თუ არ ის, რომ ყველა ადამიანს საკუთარ თავზე უკეთესად და მაღლა მდგომად მიიჩნევდე. მარად გახსოვდეს, რომ მრავალ ცოდვაში გიდევს წილი. თავი ყოველთვის დაბლა გქონდეს დახრილი, ენა კი შენდობა-პატიების სათხოვნად გქონდეს მომართული და შენს გამკიცხავსაც ამას ეუბნებოდე - შემინდე-თქო, ჩემო ბატონო! შენი განსჯისა და ფიქრის მუდმივი საგანი კი დაე, სიკვდილი იყოს, რომელიც ყოველი ადამიანის მსგავსად მოგელის.

  56. გიყვარდეს შრომა, თავი ყველას სიმდაბლით დაამორჩილე, ბაგენი შენნი მდუმრიად დაიმარხე, ვითაარცა შეიძლო, და ამით ჭეშმარიტ სიმდაბლეს მიემთხვევი; ჭეშმარიტი სიმდაბლე კი საწინდარია იმისა, რომ ყველა ცოდვა მოგეტევება ღმერთის მიერ.

  57. უპირველესად ყოვლისა თავს ნუ აღიმაღლებ და ნუ იტყვი, რაღაც სრულყოფილებას მივაღწიეო, თუკი ნამდვილად გინდა, რომ შენს სულში სიმდაბლე იშვას; ხოლო თუკი სიმდაბლით აღივსები, იგი შენში ღმერთისმიერ მეცნიერებას აღმოაცენებს (ანუ გამოცდილებასა და გონივრულობას); მეცნიერებაც, თავის მხრივ, რწმენას შობს, რწმენა - სასოებას, სასოება კი ჭეშმარიტ სიყვარულს აღმოაცენებს შენს სულში, რომელიც, თავის მხრივ, მორჩილებას შეგძენს, მორჩილება კი მარად და უცვალებლად სიკეთეში გამყოფებს.

  58. შორს განაგდე შენგან ბოროტი გულისზრახვანი და შენი ფიქრებით მხოლოდ ღმერთს მიუძღვენი თავი, და იგიც დაგიფარავს თავისი მარჯვენით.

  59. ყოველს შენს ფიქრს და ზრახვას ნუ აჰყვები, და, მით უმეტეს, ნუ აღასრულებ.

  60. გულისზრახვანი შენნი და სურვილები, დაე, ნუ გმძლავრობენ შენ; ნუ დაუთმობ მათ!

  61. ერიდე წარსული ცოდვების გახსენებას დანუ მისცემ შენს გონებას მთლიანად მიეცეს მათზე ფიქრს, რათა კვლავ არ გაცოცხლდნენ შენი უწინდელი ცოდვები და არ გეუფლონ შენ.

  62. ნუ მიექცევი გონებით შენს მიერ ოდესღაც ჩადენილ ცოდვებს, რათა ისინი კვლავაც არ აღორძინდენ შენს სულში და არ გძლიონ. დარწმუნებული იყავი იმაში, რომ ყველა ადრე ჩადენილი ცოდვა მოგეტევა შენ ღმერთის მიერ იმ დროიდან, როცა შენ ღმერთს მიეცი აღთქმა, მას ერთს შეუდექი და სინანულის ღვაწლი იტვირთე. მტკიცედ გწამდეს ეს, და ერთი წამითაც არ დაეჭვდე.

  63. ნუ გაიხსენებ ხოლმე იმ სიამოვნებებსა და ხორციელ შვებას, რომელთაც შენი მცონარებისა და არაგულმოდგინების ჟამს ეძლეოდი, არამედ მხოლოდ ასე თქვი ხოლმე: ეს ცოდვა ჩავიდინე, ანუ ეს მცნება დამირღვევია-თქო, და მეტი არაფერი არც თქვა და არც იფიქრო უწინდელ ცოდვებზე, რადგან გამოწვლილვით გახსენება ადრინდელი შეცთომილებისა, შეიძლება, დაბრკოლებად გექცეს სათნოების გზაზე.

  64. საერთოდ, ნურასოდეს ნუ მოიხსენებ ხოლმე იმ ბოროტ ვნებებსა და ბილწ გულისწადილთ, რომელთაც ემონებოდი საერო ცხოვრების ჟამს; ნუ იფიქრებ მათს გამო, რათა კვლავ არ აღეგზნოს შენში ვნებათა და გულისწადილთა ცეცხლი და საცთური არ გეწიოს.

  65. წმიდა მოციქული იოანე ღვთისმეტყველი მთელს ვნებებსა და გულისწადილთ ადამიანის ბუნებისა სამს რაიმეში ჰგონებს. იგი ამბობს: „…ყოველივე სოფელსა შინა ესე არს გულისთქმაი ხორცთაი და გულისთქმაი თვალთაი და სილაღე ამის ცხოვრებისაი, და ესე არა არს მამისაგან, არამედ სოფლისაგანი არს"-ო (1 იოანე, 2,16). „გულისთქუმაი ხორცთაი" - ესაა ნაყროვანების ცოდვა, როცა ადამიანი გემოთმოყვარებას დამონებია და სტომაქს მრავალი სხვადასხვა სასუსნავით განიძღობს ხოლმე, რასაც შედეგად ბილწი გულისწადილნი და სიძვის არაწმიდება მოსდევს. „თვალთა გულისთქმას" თავის საგნად ასევე ამქვეყნიური, ნივთიერი სიკეთენი აქვს, რომელთა დაუფლებითაც ადამიანი ან აღიმაღლებს თავს, ანდა არაწმიდა სახეებს შთაუდებს საკუთაარ გულს, და ღმერთის სანაცვლოდ ეთაყვანება მათ. ხოლო „სილაღე ამის ცხოვრებისაი", ანუ ადამიანთა ამპარტავნება - არის საერო, ამაო სიყვარული ხმაურიანი დიდებისა (ზესთამჩნეობა, ცუდად განდიდება თავისა, ქება-დიდება საკუთარი თავისა და ხარბი წყურვილი იმისა, რომ სხვა ადამიანებიც გაქებ-გადიდებდნენ); ყოველივე ეს მტკიცედ იკიდებს ფეხს ადამიაის გონებაში იმის გამო, რომ ჩვენ ხშირად მეტად მაღლად ვაყენებთ ჩვენს რაიმე ღირსებას, რომელიც სინამდვილეში ამაო და წარმავალი აღმოჩნდება ხოლმე.

  66. ერიდე სხვათაგან სიყვარულისა და პატივის მოხვეჭას, განაგდე შენგან დაუმორჩილებლობის სული, განსაკუთრებით კი ნაყროვანებას უფრთხოდე, რათა შენს გულისთქმათა ბადეში არ გაეხვიო და ცოდვას არ ეწიო, რადგან ყოველივე ეს განდევნის შენი გულისაგან ნამდვილ შიშს ღმრთისა, პირისახიდან კი სიმდაბლესა და სირცხვილის უნარს მოგაშორებს; დიდებისმოყვარება, ნაყროვენება და ურჩება მდაბალ და სამარცხვინო საქმეებს სწევენ იმ ადამიანს, ვინც ამ ვნებებს დაემონება, და ამით განაშორებენ მას ღმერთისაგან.

  67. განიძარცვე მრისხანება და სიმშვიდითა და მორჩილებით შეიმოსე, განიგდე თავისაგან გარყვნილი, წახდენილი თვალი და ეცადე უბრალო თვალი შეიძინო (უმანკო და წმიდა, ვითარცა ბავშვისა).

  68. შორს იყავი მრისხანებისაგან და ბილწ გულისწადილთაგან შეიკრძალე თავი, რათა ცოდვას არ ეწიო.

  69. გემოთმოყვარებას დამონებული ადამიანი, ვინც მხოლოდ თავისი სხეულის შვება-სიამეს ეძიებს, არაფრისათვის არ არის გამოსადეგი, ყოველ საქმეში უხმარია.

  70. ნუ იქნები გემოთმოყვაარე, რადგან ღმერთი არაფერს არ შისმენს ესევითართაგან.

  71. სხეული შენი და მისი შვება-სიამენი მოიძულე, იმიტომ, რომ ხორციელი სიამენი ბოროტებით არიან სავსე.

  72. შენი სხეული იმზომამდე გათანგე შრომით, მარხვითა და მღვიძარებით, რომ იგი სნეულის სხეულის მსგავსი შეიქნას, უღონობას რომ შეუპყრია და ლოგინად ჩავარდნილა.

  73. თუკი მრისხანება შეგიპყრობს, ეცადე, რაც შეიძლება მალე განაგდო იგი შენი სულისაგან, და თუ ყოველთვის ასე იქმ, მარად სიმხნევით და სიხარულით ჰგიებ მთელი შენი ამქვეყნიური ცხოვრების მანძილზე, ყოველ დღესდა ყოველს ჟამს.

  74. საერთოდ არ განურისხდე არავის, და არც არვის გამო მრისხანებდე, არამედ ყველას შეუნდე ხოლმე შეცოდებანი.

  75. თუკი ვინმე უსამართლოდ გაგკიცხავს, ნუ განურისხდები.

  76. ბრძნულად მოიქეცი, როცა ვინმე ბოროტად ლაპარაკობს შენს შესახებ, ანდა დაუმსახურებლად გეუბნება საყვედურს, და დუმილით შეხვდი ამას, რითაც დაახშობ მათს ბაგეებს.

  77. ნუ გაიკვირვებ, თუკი ვინმე ცუდს ლაპარაკობს შენს შესახებ, რადგან ეს კაცთა მოდგმის უბოროტესი მტრის მანქანებით ხდება: ამ მზაკვრობით (უსამართლო კიცხვა-გმობით) იგი იმედოვნებს დაგაბრკოლოს ჭეშმარიტების შეცნობაში.

  78. ნუ აჩქარდები მრისხანებისათვის და ბოროტი არასდროს არ ჩაიდო გულში იმ ადამიანის მიმართ, ვინც უსამართლოდ მოგექცა და მრისხანებისაკენ გიბიძგა.

  79. თუკი შეურაცხგყოფს ვინმე, სიძულვილით კი ნუ აღივსები შეურაცხმყოფელისადმი, არამედ ასე თქვი ხოლმე შენს გულში: ჩემი დამსახურებაა, რომ ძმას ვძაგვარ-თქო, და იმგვარი ცოდვილი ვარ, რომ არამხოლოდ ერთს უნდა ვძაგდე, არამედ ყველას.

  80. ნუ დრტვინავ ძმის გამო, და შეურაცხყოფასაც ნურავის მიაყენებ, რაც არ უნდა დაგიშავონ.

გაგრძელება...