გამონათქვამები წმიდა მამის ანტონი დიდისა
და გადმოცემანი მასზე

  1. მეორეს მხრივ, იმითაც უნდა აღვიგზნოთ სულში მოშურნეობა ღმრთისათვის, რომ გონებით მოვიხილოთ ხოლმე ყოველივე ის, რაც სიკვდილის შემდეგ გველოდება. ამ მიზნით, რათა ღრმად აღებეჭდათავის მოწაფეთა სულებში ეს აზრი, წმიდა ანტონი თავის გამოცდილებას მოუთხრობდახოლმე მათ, იმას, რაც თვით უფალმა გამოუცხადა მას ერთხელ (ამის შესახებ წმიდა ათანასე მოგვითხრობს). ერთხელ დილით, საზრდოს მიღების წინ მამა ანტონი ლოცვად იდგა, ჩვეულებისამებრ. ანაზდად მან იგრძნო, რომ მაღლად არის აღტაცებული და თითქოსდა შორიდან ხედავსო საკუთარ თავს; რაღაც ძალა მას სასწაულებრივად მიაქანებს ზევით, ჰაეროვან სივრცეში კი რაღაც ბნელი და საშინელი სახეები არიან, რომელნიც ცდილობენ გზა გადაუღობონ და ხელი შეუშალონ ზეაღსვლაში. მაგრამ ანტონის წინამძღოლნი ჰყავს, რომელნიც იცავენ მას და იგერიებენ თავდამსხმელებს. ისინი კი კვლავ და კვლავ მოუხდებიან, ამასთან ისე დაჯერებით, თითქოსდა ამის სრული უფლება აქვთო, თან კი ანგარიშს მოითხოვენ მისი ცხოვრებისას, რათა გამოარკვიონ, ჩვენი მოვალე ხომ არა არის და ჩვენს ხელმწიფებას ხომ არ უნდა დაემორჩილოსო. მათი მოთხოვნისათვის ანტონის წინამძღვრებს უნდა დაეთმოთ და ანგარიში ჩაებარებინათ მოწინააღმდეგეთათვის. მაგრამ როცა მათ მოისურვეს ანტონის შობიდან დაეწყოთ მისი ცხოვრების განხილვა, წინამძღოლნი ეწინააღმდეგებოდნენ და ასე მიუგებდნენ: რაც შობიდან მოყოლებული შეუცოდია, ყოველივე წაუშლია და შეუნდვია მისთვის უფალს იმ წუთიდან, როცა ანტონიმ ღმერთს მიუძღვნა თავი და მონაზვნის აღთქმა დადოო; მხოლოდ ის აღრაცხეთ, რაც მას ამის შემდეგ მოუმოქმედიაო, უკვე ბერ-მონაზონს, სულიერ ღვაწლში შემდგარს. მაგრამ ამ დროიდან ბრალმდებლებს უკვე აღარაფრის მოძიება არ შეეძლოთ მის ცხოვრებაში ისეთისა, რაც საშუალებას მისცემდა მათ ემხილათ ანტონი და პასუხი მოეთხოვათ. ამრიგად, ისინი უღონონი აღმოჩნდნენ და გაწბილებულებმა დაიხიეს უკან, რის შემდეგაც გზა ზეაღსვლისათვის ხსნილი იყო, და აღარაფერს შეეძლო მისი დაბრკოლება... მაგრამ ამ წამიდან წმიდა ანტონიმ შეიგრძნო, რომ იგი კვლავ საკუთარ თავს (სხეულს) უბრუნდება, და მალე უწინდელ, ჩვეულ მდგომარეობას დაუბრუნდა. ყოველივე ეს იმდენად საშინელი და შთამბეჭდავი იყო, რომ ანტონის არც იმ დღეს და არც მომდევნო რამდენიმე დღეს არ გახსენებია საზრდოს მიღება, და საკანში განმარტოებული ოხვრა-კვნესასა და ლოცვა-ვედრებას იყო მიცემული. სული მისი შეძრწუნებული იყო იმით, რომ ადამიანის სულს, ამქვეყნიდან განსვლისა და ზეცად აღსვლის ჟამს რა მრავალრიცხოვანი და სასტიკი მოწინააღმდეგენი ჰყავს, რომელნიც სულ უმცირესსაც კი მისი ამქვეყნიური ცხოვრებიდან ხედავენ და იმახსოვრებენ, რათა ბოლოს პასუხი მოსთხოვონ და დაატყვევონ. ამ ფიქრებში მყოფ წმიდა მამას გაახსენდა სიტყვები პავლე მოციქულისა ჰაერთა მეუფის, ეშმაკის გამო: „მთავრისა მისებრ ხელმწიფებისა ჰაერისა, სულისა, რომელი-იგი აწ იქმს ნაშობთა მათ შორის ურჩებისათა"-ო (ეფეს. 2,2) და ამას იმისთვის ამბობს მოციქულთა თავი, რომ მტერს კაცთა მოდგმისა, ეშმაკს, ხელმწიფება აქვს ჰაეროვან სივრცეში მავალთა ზედა - მას შეუძლია წინ აღუდგეს ზეაღმავალს, შეებრძოლოს, პასუხი მოსთხოვოს შეცოდებათათვის და ამით გზა გადაუღობოს და ხელი შეუშალოს ადამიანის სულს ზეაღსვლაში. ამის გამოა, რომ იმავე ეპისტოლეში (6,13) წმიდა მოციქული ასე დაბეჯითებით გვირჩევს: "...არა არს ბრძოლაი ჩვენი სისხლთა მიმართ და ხორცთა, არამედ მთავრობათა მიმართ და ხელმწიფებათა, სოფლის მპყრობელთა მიმართ ბნელისა მის ამის საწუთროისათა, სულთა მიმართ უკეთურებისათა, რომელნი არიან ცასა ქვეშე. ამისთვის აღიღეთ ყოვლად-საჭურველი იგი ღმრთისაი, რაითა შეუძლოთ წინა-დადგომად დღესა მას ბოროტსა და ყოველსავე იქმოდეთ, რათა სდგეთ" (ეფესს. 6,12-13), და რათა მტერი კაცთა მოდგმისა სირცხვილეულ იქნეს; „ყოვლისათვისვე თავსა შენსა სახედ მისცემდი კეთილთა საქმეთა, მოძღურებასა მას შინა უხრწნელებაი, ღირსებაი, განურყვნელობაი, სიტყვაი ცოცხალი, უგმობელი შეიმოსე, რაითა წინააღმდგომსა მას ჰრცხვენოდის და რაითა არა აქუნდეს ჩვენდა მომართ სიტყვად ბოროტისა" (ტიტ.2,7-8).

  2. აი, ამგვარია წმიდა ათანასე ალექსანდრიელის მიერ მოთხრობილი გადმოცემა, და თუმცა სხვა წყაროებიდან ცნობილი არ არის ეს ამბავი, რა თქმა უნდა, ჩვენ ეჭვი არ უნდა გვეპაარებოდეს მის ჭეშმარიტებაში, წმიდა ანტონის, შესაძლოა, სხვა არავისთვის არ მოუყოლია ამ ჩვენების შესახებ. აი, მეორე გადმოცემა კი, რომელიც მსგავს ჩვენებას შეეხება მამა ანტონის ცხოვრებიდან და მსგავსსავე საგანს განგვიცხადებს, წმიდანს სხვებისთვისაც მოუყოლია. იმავე წმიდა ათანასესთან შემდეგი ამბავია მოთხრობილი: ერთხელ მამა ანტონი მასთან მოსულ ბერებს ესაუბრებოდა სულის მდგომარეობისათვის სიკვდილის შემდგომ. იმავე ღამეს წმიდა ანტონის რაღაც ხმა შემოესმა მაღლიდან, რომელიც ეუბნებოდა: აღდექ, გამოდი და იხილე! ანტონი გამოდის თავისი საკნიდან, რადგანაც კარგად უწყის, თუ ვინ უხმობს, მაღლად აღაპყრობს თვალებს და ხედავს საოცარ გოლიათს, უსახურსა და საშინელს, თავით რომ ღრუბლებს ეხება, ფერხნი კი მიწაზე უდგია; მიწიდან ზემოთ, ცისკენ მიიწევენ რაღაც ფრთოსნები, რომელთაც ეს გოლიათი გზას უღობავდა და ცდილობდაკვლავ მიწაზე ჩამოეყაარა თავისი გაწვდილი ხელებით - ნაწილს ამ ფრთოსნებისა იგი მართლაც უკანვე ჰყრიდა, სხვანი კი, რაკი მას გასცდებოდნენ, უკვე დაუბრკოლებლად აგრძელებდნენ ზეაღსვლას. ამ უკანასკნელთა გამო გოლიათი რისხვისა და სიმწრისაგან კბილებს აღრჭენდა, პირველთა გამო კი, მიწაზე ჩამოყრილთათვის, დიდად განიხარებდა. ამ დროს მამა ანტონის კვლავ მოესმა ხმა, უხილავი არსების მიერ გამოცემული, რომელიც ეუბნებოდა: ანტონი! გულისხმაყავ ყოველი, რაც იხილე! მაშინ წმიდა მამას განეხვნა გონების თვალნი და მან გულისხმა-ჰყო, რომ ეს ფრთოსნები - ადამიანთა სულებია, რომლებიც ამაქვეყნისაგან განსვლის შემდგომ ზეცად მიისწრაფვიან, ღმერთისაკენ, ხოლო ეს საშინელი და უსახური გოლიათი კაცთა მოდგმის დაუძინებელი მტერია, ბოროტი სულია, რომელიც გზას უღობავს მცონართ, გულმოდგინებას მოკლებულთ, რომელნიც ამქვეყნიური ცხოვრების განმავლობაში მის მზაკვრულ შეგონებებს ემორჩილებოდნენ: ამგვართა ხვედრი ჯოჯოხეთის წყვდიადში შთავაარდნაა. მაგრამ გოლიათს არ ძალუძს იმ სულთა ზეაღსვლა დააბრკოლოს, რომელნიც მოშურნენი იყვნენ ღმრთისათვის, გულმოდგინედ იღვწოდნენ სათნოებათა მოსაპოვებლად და მის მზაკვრულ შეგონებებსაც ამქვეყნიური ცხოვრების განმავლობაში არ შეიწყნარებდნენ და სათანადოდაც ეწინააღმდეგებოდნენ. ასეთი სულებსათვის ხსნილი იყო ზეცად აღმავალი გზა, რადგან გოლიათი უძლური იყო მათს მიერ მოპოვებულ სათნოებათა წინაშე. აი, ასეთი ჩვენება იხილა მამა ანტონიმ, რითაც უფალმა დაანახა მას მომავალი ხვედრი ყოველი ადამიანისა, და ამის შემდეგ წმიდა მამამ კიდევ უფრო გაამძაფრა ძალისხმევა მისთვის, რომ წარმატებით ესაგრა სათნოებათათვის და წინააღმდეგობა გაეწია მტრის მზაკვარებისათვის. ამავე მიზნით, ანუ იმისთვის, რომ სხვა მამებშიც უფრო მეტი მოშურნეობა აღენთო ღმრთისათვის, იგი სხვებსაც მოუთხრობდა ხოლმე ამ ჩვენების შესახებ. მაგალითად, აბბა კრონიუსი გადმოგვცემს, რომ ერთხელ მამა ანტონიმ ამ ჩვენების შესახებ ბერმონაზონთა მრავალრიცხოვან საკრებულოს მოუთხრო, ამასთან კრონიუსი შეავსებს ზემომოთხრობილ გადმოცემას და აღნიშნავს, რომ მანამდე, სანამ ამ ჩვენების ხილვის ღირსი შეიქნებოდა, მოძღვარი მთელი წლის განმავლობაში ევედრებოდა უფალს განეცხადებინა მისთვის ის, რაც მართალ და ცოდვილ სულებს ადამიანთა მოელით სიკვდილის შემდგომ. გარდა ამისა, კრონიუსი უმატებს, რომ ამ გოლიათის ფერხთ ვეება, ზღვის მსგავსი ტბა იყო გადაშლილი, რომელშიც ჩაცვივდებოდნენ კიდეც მისი ხელით ჩამოყრილი ფრთოსნები - ცოდვილი სულები. და კიდევ: ლათინურ კრებულში მამათა ცხოვრებისა, სადაც აგრეთვე არის მოთხრობილი წმიდა ანტონის ამ ჩვენების შესახებ, ნათქვამია, რომ ფრთოსნებს მხოლოდ მაშინ მოხვდებოდათ ხოლმე გოლიათის ხელები და ისინიც ტბაში ცვივოდნენ, როცა თვითვე შეჩერდებოდნენ სივრცეში გილიათის ხელების ქვემოთ და რაღაც მიზეზით აღარ შეეძლოთ ზეაღსვლის გაგრძელება; ხოლო იმ ფრთოსანთა გამო,რომელნიც არ ჩერდებოდნენ სივრცეში და განაგრძობდნენ ზეაღსვლას, გოლიათი მხოლოდ კბილებს ღრჭენდა, რადგან ხედავდა როგორი სიხარულით ეგებებოდნენ მათ ღმრთის ანგელოზები.

  3. რა მძაფრი შიშით უნდა აღვსილიყვნენ ის ადამიანები, რომლებიც თვით ანტონისაგან ისმენდნენ ყოველივე ამას და. ალბათ, როგორ აღენთებოდნენ კვლავაც საღმრთო მოშურნეობით! მაგრამ აი, სიხარულით აღსავსე ჩვენებაც, რომელიც წმიდა ანტონის მოევლინა და რომელიც იმით განაცხოველებს მოსაგრეთა მოშურნეობას ღერთისათვის, რომ ნათლად დაანახვებსსულისლ ნეტარ მდგომარეობას სიკვდილილს შემდგომ ადამიანისა, დაამით ჭეშმარიტ სასოებას გაუნღვიძებს მათ. ეს ჩვენება წმიდა ამმონს შეეხება, რომელიც წმიდა ანტონის მოწაფეც იყო და მეგობარიც, წმიდა ათანასე ალექსანდრიელი შემდეგს გადმოგვცემს ამასთან დაკავშირებით: ერთხელ გორაკის თხემზე მყოფმა მამა ანტონიმ ცად აღიხილა თვალნი და დაინახა, რომ ვიღაც ცად ამაღლდება და ცეცხლოვან ზოლს სტოვებს ჰაეროვან სივრცეში, ხოლო ზეციდან მისკენ გახარებულ ანგელოზთა გუნდი მიშურება, რათა კეთილად შეიწყნააროს და მეგზურად გაუხდეს. ანტონიმ ლოცვა-ვედრებით მიმართა უფალს, რათა მას გაემხილა მისთვის ამ სახილველის მნიშვნელობა. და მაინ ხმა მოესმა ზეგარდმო: ეს არის სული ამმონისა, ნიტრიელი მონზვნისა! ამ მოსაგრემ, ღირსმა ამმონმა ღრმა მოხუცებულობამდე მკაცრი მოსაგრეობით დაჰყო ამქვეყნად, და ხშირად მოდიოდა ხოლმე მამა ანტონისთან, რომლის მეგობარი და თანამოსაუბრე უფრო იყო, ვიდრე მოწაფე; და თვით ანტონიც არაერთგზის სწვევია მას. ამასთან ცნობილია, რომ მანძილი ნიტრიის უდაბნოდან, სადაც ამმონი მოსაგრეობდა, ანტონის სამყოფელ მთამდე 13 დღის სავალია (ანუ დაახლოებით 650 ვერსი). იმ ჩვენების დროს, გორაკის თხემზე, წმიდა ანტონისთან ერთად სხვა ძმებიც იყვნენ, და როცა მოძღვრის განკვირვება იხილეს, ჰკითხეს ამის იზეზი. ანტონიმ უთხრა მათ - ვიხილე მამა ამმონი და მესმა კიდეც მის შესახებო. როცა 30 დღის შემდეგ ნიტრიის უდაბნოდან ძმები მოვიდნენ, ამათ ჰკითხეს მოსულებს ამმონისათვის და შეიტყვეს, რომ იგი მართლაც იმ დღეს და იმ ჟამს აღსრულებულა, რა დღესდა რა ღჟმსაც წმიდა ანტონიმ იხილა ჩვენებით მისი ცად აღმავალი სული, რომელსაც სიხარულით მიეგებებოდნენ უფლის ანგელოზები.

  4. არანაკლები ძალით განდევნის მოსაგრისაგან და მოშურნეობას აღანთებს მასში შემდეგი ჩვენებაც, რომლის შესახებაც თვით წმიდა ანტონი მოგვითხრობს: ერთხელ იმას ვევედრებოდი უფალს, განეცხადებინა ჩემთვის, თუ რა საფარველით იცავს იგი მონაზონს და დაიფარავს მზაკვარი მტრებისაგან, და აი, ვიხილე ვინმე მონაზონი, გარემოცული ცეცხლოვანი ლამპრებით, და სიმრავლე ანგელოზებისა თვალისჩინივით უფრთხილდებოდა მას და დაიცავდა თავიანთ მახვილებით. მაშინ მე გაოცების ძახილი ამომხდა და ვითქვი: აი, რა ძალა მოემადლება და იფარავს მონაზონს! მაგრამ მიუხედავად ამისა იგი მაინც ძლეულ იქმნება ხოლმე ეშმაკისაგან და ეცემა! და ანაზდად მესმა ზეგარდმო ხმა ყოვლადმოწყალე ღმერთისა, რომელმაც მითხრა: არავის დამხობა აღარ ძალუძს ეშმაკს მას შემდეგ, რაც მე ადამიანური ბუნება მივიღე და ვძლიე მის ხელმწიფებას! იგი უძლურია ჭეშმარიტი მორწმუნის წინაშე! მაგრამ ადამიანი თავისით, საკუთარი ნებით ეცემა, როცა მცონარებას ეძლევა, გულმოდგინებას მოაკლდება და თავის სურვილებს აამებს... მაშინ მე ვკითხე უფალს : ყველა მონაზონს თუ მოემადლება-მეთქი იმგვარი საფარველი, რომლის ნახვის ღირსიც მე შევიქენი? და მიჩვენა მე უფალმა ურიცხვი სიმრავლე მონაზონებისა, გარემოცულნი ამგვარი ღვთაებრივი საფარველით. მაშინ მე ღაღადისი აღმომხდა: ნეტარ არს მოდგმა ადამის ძეთა! და უფრორე ნეტარ არს მხედრობა მონაზონებისა, რამეთუ უვით მათ უფალი, ეგზომ მოწყალე, სახიერი და კაცთმოყვაარე! ჰოდა, მაშ, მოშურნენი ვიყოთ ჩვენი ხსნისათვის და ღმრთის სათონ-ყოფისათვის! შორს განვაგდოთ ჩვენგან ყოველგვარი მცონარება და გულმოდგინედ ვატაროთ ჩვენი ტვირთი მონაზონებისა, რათა ღირსნი შევიქნეთ ცათა სასუფეველის დამკვიდრებისა მადლითა და წყალობითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი!

  5. სხვა დროს მამა ანტონი იმის შესახებაც ესაუბრა თავის მოწაფეებს, თუ როგორ სუსტდება სამონაზვნო ღვაწლი და როგორ დაბნელდება მისი დიდება საღმრთო მოშურნეობის განელებით. მაშინ მოწაფებმა უთხრეს მოძღვარს: მამაო, მრავალნი გვიხილავს ჩვენ უდაბნოში განმხოლოებული მონაზვნები, და უფრო მეტისთვის გვსმენია, რომ დიდ სათნოებათათვის მიუღწევით, მრავალი ღირსებით არიან შემკულნი და დიდი მგზნებარებით მოშურეობენ ღმრთისათვის თავიანთ წმიდა განდეგილ ცხოვრებაში. ჰოდა, მაშ, გვითხარი, მამაო, დიდხანს იქნება მათში ეს მგზნებარება მოშურნეობისა და ეს საღმრთო სიყვარული განმხოლოებული ცხოვრებისა, სიგლახაკისა, თავშეკავებისა და მრავალი სხვა სათნოებისა, რომელთაც ამჟამად ასეთის გულმოდგინებით შესდგომია ესოდენი სიმრავლე ბერ-მონაზონთა? ღვღღვთის კაცს, მამა ანტონის მაშინ ოხვრა-კვნესა აღმოხდა და ცრემლებით მიუგო თავის მოწფეებს: მოვა დრო, ჩემო შვილებო, როცა მონაზვნები ყველგან მიატოვებენ უდაბნოებს და განმარტოების ადგილებს, და მათს სანაცვლოდ მდიდარ ქალაქებს მიაშურებენ საცხოვრებლად; ამ უდაბურ მღვიმეთა და ვიწრო საკანთა ნაცვლად ისინი ზვიად შენობებს აღმართავენ, იმგვართ, რომელნიც სამეფო სრა-სასახლეებს არ დაუდებენ ტოლს დიდებულებითა და შემკულობით; სიგლახაკის ღვაწლის სანაცვლოდ იმ განსაცდელით აღსავსე დროში გაიზრდება სიყვარული სიმდიდრისა და ფუფუნებისა, ჭშეშმარიტ და ღვთისსათნომყოფელ სიმდაბლეს - ამპარტავნება სულისა შესცვლის, მრავალნი მონაზონთაგან ცუდად განიდიდებან თავს და თავს მოიწონებენ თავიანთი ცოდნით, მაგრამ ეს მათი ცოდნა შიშველი იქნება, განძარცვული ქველის საქმეთაგან, უამისოდ კი ყოველგვარი ცოდნა უხმაროა, ჭეშმარიტი სიყვარული განგრილდება მაშინ, თავშეკავებისა და კეთილკრძალულების ნაცვლად მუცელღმერთობა განმრავლდება, ნაყოოვანების ცოდვა შეიპყრობს მრავალ მონაზონს და მრავალნიც მათგან ფუფუნებაზე და გამორჩეულ საზრდოზე იზრუნებენ მხოლოდ, ისე, რომ სულაც არ ჩამოუვაარდებიან ჭამა-სმაში საერო ადამიანებს; ასე, რომ იმ საშინელ დროში მონაზონი საერო კაცისაგან მხოლოდ შესამოსელით იქნება განსხვავებული, რომლის დანიშნულებასაც ყველანი დაივიწყებენ და ვერ გაამართლებენ; და აი, ამგვაარი მონაზვნებიც კი, მიუხედავად იმისა, რომ საეროთა შორის იცხოვრებენ და მხოლოდ შესამოსელით იქნებიან მათგან განსხვავებულნი, და ცოდვით კი კიდევ უფრო აღმატებულნიც, აი, ასეთი ბერ-მონაზვნებიც მაშინ განმხოლოებულებად უწოდიან თავს (საკუთრივ სიტყვა მონაზონი განმარტოებულად მცხოვრებს ნიშნავს). ამასთან, ეს მონაზვნები მარად თავის განდიდებაში და ქადილში იქნებიან, და როგორც ეს პავლე მოციქულის დროშივე იყო, ასე იტყვიან: „...მე პავლესი ვარ, ხოლო მე - აპოლოისი, ხოლო მე - კეფაისი, ხოლო მე - ქრისტესი„-ო, თითქოსდა მთელი ძალა მათი მონაზონობისა მათს წინამორბედთა ღირსებაში ყოფილიყოს. და ამის მთქმელი მონაზვნები თავიანთი მამების სახელით იწოდებიან და განიდიდებენ თავს, ისევე, როგორც ქრისტეს ჯვარმცმელი იუდეველები განიდიდებდნენ თავს აბრაჰამით და მამად უწოდდნენ მას. მააგრამ ყოველივე ამასთან ერთად, ჩემო შვილნო, იმასაც გეტყვით, რომ იმ საშინელ დროში იმგვარი მონაზონებიც იქნებიან, რომლებიც წმიდად აღასრულებენ თავიანთ მოვალეობას და ყველა ღირსებით ჩვენზე უკეთესნი და სრულყოფილნი აღმოჩნდებიან. და ეს თქვენც უწყით, რომ უფრო ნეტარი ისაა, ვისაც შეეძლო შეეცოდა და არ შესცოდა, საშუალება ჰქონდა უფლის მცნებას გარდახდომოდა და არ გარდახდა, შეძლო ბოროტის ქმნა და არ ქმნა ბოროტი, როგორც ეს საღმრთო წერილშია ნათქვამი (ზირაქ. 31,11); უფრო ნეტარი ამგვარი მონაზონია, ვიდრე ის მონაზონი, ვინც მრავალ სრულყოფილ მონაზონთა შორის ცხოვრობდა, სურლყოფილ მოძღვართაგან იმწყსებოდა და მიიზიდებოდა სიკეთის ქმნისაკენ, რადგან მის მოშურნეობას ღმრთისაკენ მარად აღაგზნებდნენ სულიერ ღვაწლში გულმოდგინე და წარმატებული მამანი. და სწორედ ამიტომაც არის, რომ ნოე, აბრაჰამი თუ ლოტი, რომელნიც ბოროტ ადამიანთა შორის ცხოვრობდნენ და არ მოკლებიან საღმრთო მოშურნეობას, ეგზომ დიდად და სამართლიანად არიან განდიდებული საღმრთო წერილში და მარად ყველაზე დიდი მაგალითი იქნებიან ადამიანთათვის სათნო ცხოვრებისაჲ. - ამბობდა მამა ანტონი.

  6. ყოველივე ზემოთქმულით, ანუ სიკვდილის ხსოვნითა და ყოველივე იმის წარმოდგენით, რაც სიკვდილის შემდგომ უნდა ეწიოს ყოველი ადამიანის სულს, აღენთება შიში ღმრთისა - ეს მესამე აღმგზნები და განმახურვებელი მონაზონისთვის საღმრთო მოშურნეობისა. სწორედ ღმრთის მოშიშებისაკენ მოუწოდებდა მამა ანტონი თავის მოწაფეებს ამ ღრმაშინაარსიანი სიტყვებით - ყოველთვის გქონდეთ ღმრთის შიში, გეშნოდეთ იმისა, ვინც მოაკვდინებს და აცხოვნებს. სხვა მოკლე გამონათქვამში წმიდა ანტონი აღნიშნავს, რომ ღვთის შიში ყველა ქველის საქმისათვის განამზადებს მონაზონს, ძალას შესძენს მძიმე ღვაწლთა ტვირთვისათვის. იგი გვასწავლის: ღმერთის მოშიშება - არის დასაბამი ყველა სათნოებისა და საფუძველი ჭეშმაარიტი სიბრძნისა. შიში ღვთისა, რომელიც ადამიანის სულს აღავსებს, იმის მსგავსია, როცა ბნელით მოცულ სახლში ლამპარს შეიტანენ და წყვდიადს გაჰფანტავენ. ღვთის მოშიშება მონაზვნისაგან განდევნის ყოველივე ბნელს - ანუ ბოროტ ვნებებსა თუ ამაო ზრახვებს, და სარმრთო მოშურნეობას აღანთებს მასში სათნოებისადმი.

  7. ამიტომაც წმიდა მამა ყოველნაირად გვაფრთხილებდა, ნუ მოაკლდებითო ღმერთის შიშს ნუ გამოხვალთო საკნისაგან, - შეაგონებდა იგი ყოველ მოსაგრეს. - რათა არ დაჰკარგო შიში ღმრთისა, რადგან როგორც ხმელზე ამოგდებული თევზი კვდება, ასევე ღვთის შიშიც მოკვდება მონაზვნის გულში, თუკი ის საკნიდან გამოვა დიდი ხნით იმისთვის, რომ უგზო-უკვლოდ იხეტიალოს.

  8. მაგრამ ყოველი ამგვარი შეწევნა საღმრთო მოშურნეობის განძლიერებისათვის გარედან მოქმედებს და ძალით გაიტაცებს სულს მონაზვნისა ღმრთის მოშიშებისაკენ. ამიტომ ჩვენ იმგვარად უნდა მოვიპოვოთ მოშურნეობის შინაგანი აღმძვრელნი, რომ იგი, მოშურნეობა ღმრთისათვის თავისით, წყაროსავით იღვრებოდეს ჩვენი გულებიდან. ამ მდგომარეობამდე კი გულისა მივყავაართ ღვთისმიერი ცხოვრების სიტკბოების შეგრძნებას. სანამ ჩვენში არ აღმოცენდება და არ ჩამოყალიბდება ეს შეგრძნება, მანამდე ჩვენი მოშურნეობა ღმრთსათვის საიმედო ვერ იქნება. ამ საგანს შეხება შემდეგი გადმოცემაც: ერთხელ მამა ანტონის ერთმა ძმამ ჰკითხა: განგვიცხადე, მამაო, თუ რატომ არის, რომ უფალი თავის წმიდა წერილში, მის თითქმის ყოველ ადგილასუზენაეს სიკეთეთ აღუთქვამს მართალ სულს ადამიანისას, ადამიანი კი, მიუხედავად ამისა, ყოველთვის მტკიცე ვერ არის ამ სიკეთეთა ძიებაში და ხშირად წარმავალს, ამაქვეყნიურს მიექცევა და დაემონება ხოლმე? წმიდა მამამ ასე მიუგო ამ შეკითხვაზე: ვისაც ჯერ არ უგემნია ზეციური სიკეთების სიტკბოება თავის სულში, იგი ვერ მიეკრობა მთელის არსებით უფალს, და ამ მიზეზით მიუბრუნდება ხოლმე ყოველივე ხრწნადსა და წარმავალს. მაგრამ იმისთვის, რომ მიაღწიოს ამგვარ სრულყოფილებას სულისა, როცა მას შეეძლება შეიგრძნოს ეს სიტკბოება ღმერთსმიერი ცხოვრებისაგან, მოსაგრე მთელის თავისი ძალისხმევით უნდა ემუშაკოს ღმერთს და მისი მორჩილი იყოს ყოველივეში, რათა წმიდა დავით წინასწარმეტყველთან ერთად, მასაც შეეძლოს ასე მიმართოს უფალს: „და მე მარადის შენ თანა ვარ, უფალო, მიპყარ ხელი მარჯვენე ჩემი"-ო (ფსალმუნი 72,23), და „ვითარცა პირუტყვი შევირაცხე შენ წინაშე"-ო (იქვე.22) ანუ ისე გემსახურეო, როგორც უღელში შებმული პირუტყვი.

  9. ამგვარი მსახურებითა და დამორჩილებით ღმერთის ნებისა აღმოცენდება აგრეთვე ჭეშმარიტი სიყვარული უფლისა, - კიდევ უფრო ძლიერი აღმგზნები საღმრთო მოშურნეობისა. თავისი მოსაგრე ცხოვრების გამოცდილებით მამა ანტონიმ კარგად უწყოდა, რომ სიყვარული შიშზე უფრო ძლიერი განცდაა სულისა და ასე ამბობდა: მე უკვე აღარ მეშინის ღმერთისა, არამედ მთელის არსებით მიყვარს იგიო! (ანუ შიში კი არ განაპირობებს ჩემს საქციელს ღმერთის წინაშე, არამედ მის მიერ მომადლებული სიყვარულიო), რადგან როგორც წმიდა იოანე მახარებელი ამბობს „შიში არა არს სიყვარულსა თანა, არამედ სრულმან სიყვარულმან გარე განდევნის შიში, რამეთუ შიშსა ტანჯვაი აქვს, ხოლო მოშიში იგი არა სრულ არს სიყვარულსა ზედა. ჩვენ გვიყვარს იგი, რამეთუ მან პირველად შემიყვარნა ჩვენ"-ო. (1 იოანე, 4,18-19).

  10. სხვებსაც მრავალთ არწმუნებდა მამა ანტონი, ყველაზე მეტად ღმერთის სიყვარული გამოზარდეთო საკუთარ სულში, რომელიც უძლეველია და მარად ჰგიებსო ადამიანის სულში, როგორც ღვთაებრივი ძალა. ასე, მაგალითად, როცა ერთხელ წმიდა მამას ჰკითხეს - უმჯობესად ვით არის შესაძლებელი სათნო-ვეყოთო ღმერთს, მან ასე მიუგო: ყველაზე სათნო საქმე ღმერისთვის - სიყვარულია, ხოლო მას მხოლოდ ის მოსაგრე შეიძენს, ვინც განუწყვეტლივ განადიდებს შემოქმედს თავისი ზრახვებით, სიტყვებითა და საქმეებით, და ამას იმის ძლით იქმს, რომ მარად ეხსომება ღმერთი, მის მიერ ადამიანთათვის აღთქმული სიკეთენი და ყოველივე სხვაც, რისი აღსრულებაც მას მონებებია, სახიერსა და ყოვლისშემძლეს. ასეთი ხსოვნისაგან ღმერთისა და მისი ნებისა იშვება კიდეც სრულყოფილი სიყვარული, როგორადაც გვიბრძანებს საღმრთო წერილი: „და შეიყვარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა და ყოვლითა ძალითა შენითა" (მეორე სჯული.6,5), და კიდევ; „ვითარცა სახედ სურინ ირემსა წყაროთა მიმართ წყალთასა, ეგრეთ სურის სულსა ჩემსა შენდამი, ღმერთო! სწყურის სულსა ჩემსა ღმრთსა მიმართ ძლიერისა და ცხოველისა: ოდეს-მე მივიდე და ვეჩვენო პირსა ღმრთისასა" (ფს. 41,2-3). აი, ყველაზე დიდი საქმე, რომლითაც სათნო უნდა ვეყოთ ღმერთს, რათა ჩვენზეც აღსრულდეს სიტყვები მოციქულისა: „ვინ განმაშორნეს ჩვენ სიყვარულსა მას ქრისტესსა: ჭირმან ანუ იწროებამან, დევნამან ანუ სიყმილმან, შიშვლობამან ანუ ურვამან ანუ მახვილმან?... რამეთუ მრწამს მე, ვითარმედ არცა სიკვდილმან, არცა ცხოვრებამან, არცა ანგელოზთა, არცა მთავრობათა, არცა ძალთა, არცა ამან სოფელმან, არცა მან სოფელმან, არცა სიმაღლეთა, არცა სიღრმეთა, არცა სხვამან დაბადებულმან შემიძლოს ჩვენ განყენებად სიყვარულსა ღმრთისასა, რომელ არს ქრისტე იესოის მიერ უფლისა ჩვენისა" (რომ. 8,35, 38-39).

  11. ამ ღვთაებრივი სიყვარულიდან, ანდა მასთანვე ერთად აღმოცენდება მოსაგრის სულში სიხარულიც სათნო ცხოვრებისა და ღმერთის ნებით არსებობის გამო, რაც ასევე ქმედითი აღმგზნები შეიქნება ხოლმე მოშურნეობისა ღმრთისათვის. ამ საგანს შეეხება მამა ანტონის შემდეგი განონათქვამიც, როცა მას ჰკითხეს - რა არის სიხარული უფლისა გამოო, წმიდანმა უპასუხა: საქმით აღასრულებდე უფლის მცნენებს სიხარულით აღვსებული, და ყოველივეს ღმერთს სადიდებლად იქმოდე, - აი, რა არის სიხარული უფლის გამო. როცა უფლის მცნებებს დავიმარხავთ, ჩვენ მწუხარებით კი არ უნდა ვიყოთ აღვსებული, არამედ, მთელის არსებით უნდა გვიხაროდეს, რადგან იმას ვიქმთ, რაც ჩვენს შემოქმედს ნებავს; ხოლო მწუხარენი მაშინ უნდა ვიყოთ, როცა ვერ აღვასრულებთ უფლის მცნებებს. ამიტომაც ყოველთვის ვეცადოთ სიხარულით აღვასრულოთ ხოლმე უფლის მცნებები, რათა უფლისთანავე განვიხაროთ და ნუგეშინისცემულ ვიქმნათ მის მიერ. ამასთან ყველანაირად უნდა ვერიდოთ იმას, რომ ამგვარი სიხარულით აღვსილი ჩვნი სული ამპარტავნებითაც არ აღივსოს და ცუდად აარ განვიდიდოთ თავი, არამედ, მთელი ჩვენი სასოება უფალს უნდა დავამყააროთ. უნდა აღინოშნოს, რომ მსგავსი აზრი აქვს გამოთქმული ბასილი დიდსაც. ამ სახით წარმართებული და აღნთებული მოშურნეობა ღმრთისათვის აიძულებს მოსაგრეს ღვაწლნი იტვირთოს, სხეულებრივნიც და სულიერნიც, და საერთოდაც, ყოველგვარი ქველის საქმენი მოიმოქმედოს.

  12. თუ რამდენად უნდა გათანგოს სხეული სულის ხსნისათვის მოსაგრემ, ამაზე წმიდა ანტონი მიუთითებჰს თავის ზოგად სწავლებაში ღვაწლთათვის, აგრეთვე თავის „სწავლებაში ქრისტესმიერი ცხოვრებისათვის" სადაც გულისთქმისა და ბოროტ ვნებათა აღვრის მიზეზებს ჩამოთვლის, რომელთა შორის ერთ-ერთია სხეულის ზედმეტი დანაყრებაც საზრდოთი. მამა ანტონი გვასწავლის, რომ გულისთქმათა და ბოროტ ვნებათა წინააღმდეგ ქმედითი საშუალებაა სხეულის გათანგვა და გამოფიტვა პირველ ყოვლისა მარხვის ღვაწლით. მამა ანტონიმ მცნებად დაგვიდო მეტად მკაცრად მოვეპყრათ ხოლმე საკუთარ სხეულს, და ჰგმობდა ყოველგვარ ხორციელ სიამეთ. ამიტომაც იყო, რომ იგი არ იწონებდა ყოველგვაარ ხორციელ სიამეთ. ამიტომაც იყო, რომ იგი არ იწონებდა იმ მონაზონთა საქციელს, რომლებიც აბანოში დაიარებიან. ჩვენი წმიდა მამებიო, - უთხრა მათ, - პირსაც კი იშვიათად იბანდნენ, ჩვენ კი საერთო აბანოებში დავიარებით და ამით სხეულს ვაამებთო.

  13. სხეულის დაურვების შემდგომ წმიდა ანტონი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა ენის აღვირახსმას. ამ ღვაწლს, ბაგეთა დაბეჭდვას, იგი ერთ რიგში აყენებდა მწირობასთან, რადგან ასე ამბობდა: ჩვენი მწირობა იმაში მდგომარეობს, რომ დახშული გვეპყრას ჩვენი ბაგენიო.

  14. ის ადამიანები კი, რომელნიც ყველაფერს ამბობენ, რაც კი აზრად მოუვათ, უჭიშკრო ეზოს ჰგვანან, სადაც ყველას შეუძლია შევიდეს, ბაგასთან თუ საქონლის სადგომთან მივიდეს, იქ დაბმული სახედარი ახსნას და წაიყვანოს. ეს გამონათქვამი თუმცა კი წმიდა ანტონის არ ეკუთვნის, მაგრამ მისი თანდასწრებით ითქვა, და, რა თქმა უნდა, მოწონებულ იქნა მის მიერ.

  15. ასევე დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა მამა ანტონი სენაკში განმარტოებით ყოფნასაც, როგორადაც თევზნი იხოცებიანო, თუკი მათ მდინარიდან თუ ზღვიდან ნაპირზე ამოვაგდებთ, ასევე მონაზონშიც კვდება სიყვარული მდუმარებისადმი, თუკი ის დიდხანს დარჩება თავის სენაკს გარეთ, ან საერო ადამიანთა შორის. ამიტომაც როგორც ხმელეთზე დაგდებული თევზი მიისწრაფის კვლავ ზღვისაკენ, ამგვარადვე ჩვენც უნდა ვიჩქაროთ ხოლმე სენაკში დაბურნება, თუკი რაიმე აუცილებელი საქმის გამო მისი დროებით დატოვება მოგვიხდება, რათა სენაკის გარეთ დარჩენილებმა არ დავივიწყოთ, რომ ჩვენი ღვაწლისათვის აუცილებელია მარად ფხიზლად ვიყოთ სულით.

  16. საერთოდ, კი წმიდა ანტონი გვირჩევს ისე მკაცრად გვეპყრას თავის საკუთარ სენაკში, რომ იგი ბაბილონის ღუმელს მიემსგავსოს, რომელშიც წმიდა ყრმანი - ანანია, აზარია, და მისაელი გამოიცადნენ ნაბუქოდონოსორ მეფის მიერ (დანიელი 3); და მაშინ თავისი სენაკის ცეცხლშიც მონაზონი დასწვავს ყოველივე არაწმიდას, რაც მის სულში მოგროვილა, და მარად ადიდებს ღმერთს.

გაგრძელება...