სადღესასწაულო განგება
წმიდისა დიდისა მოწამისა აბო ტფილელისა

თუესა იანვრის 8-სა

დიდ მწუხრსა ზედა

ვჰგალობთ ნეტარ-არს კაცსა, I აღსავალსა.

უფალო ღაღად-ვყავსა ზედა

დასდებელი დღესასწაულისა, მუხლი 3

თქმული იოანე ქონქოზისძისა, ჴმაჲ 4

დამბადებელი დაბადებულთაჲ ღმერთი, გარეშეუწერელი და მიუწვდომელი უხილავი გამოუთქმელი, რომელმან სიბრძნით დაჰბადა და შექმნა წყალთაგან ქუეყანაჲ ესე ძალითურთ და სამყაროჲ, და გამოაბრწყინვა მას შინა ნათელი ესე მცხინვარებისა მზისაჲ და კაცთა მიჰმადლა ცხორებაჲ ესე, ინება კუალად ცხორებაჲ ჩუენი წყალთაგან, და ქუხს ჴმითა ზეგარდამო განახლებად სულთა ჩუენთათჳს.

თქმული სტეფანე სანანოჲსძისა, ჴმაჲ 4

აღსრულებად მოხვედი ყოვლისა სიმართლისა, სიტყუაო მხოლოდ შობილო, შემმოსელი ცათა ღრუბლითა განშიშვლდი იორდანეს, ნათლისღებად სიმდაბლით მოხვედ, თჳთ მნათობი შეუქმნელი ნათელი, რომლისა მსგავსებითა განშიშვლდა მოწამე შენი აბო და სისხლისა დათხევითა შეიწირა მსხუერპლად შენდა.

თქმული გრიგოლ ხანძთელისა: ჴმაჲ 5

გიხაროდენ, წინამორბედო, და საღმრთოჲსა მოსლვისა მქადაგებელო. აჰა, დღეს მოვიდა გალილეაჲთ იორდანედ ქრისტე, კრავი ღმრთისაჲ, ტარიგი წმიდაჲ. ჩუენთჳს განმზადებული მოსიკუდიდ ნეფსით ჯუარითა, რომელმანცა აღიხუნა სოფლისა ცოდვანი; განემზადე აწ, იორდანეო. განბანად უბიწოთა სისხლთა მისთა, რომელსა არა უხმდა საბანელი განწმედად. არამედ ჰნებავს განწმედაჲ წყალთაჲ; ამას თაყუანისვსცეთ, რომლისაგან ჰპოვა სოფელმან დღეს დიდი წყალობაჲ.

დასდებელი წმიდისა, მუხლი 5

თქმული იოანე ქონქოზისძისა

განკაფე გუამი შენი, წმიდაო, მარხჳთა და განსწმიდე სული შენი, მაშინ მადლითა ღმრთისა მიერითა აღივსე და მიჰრბიოდე წამებად, ვითარცა ზუარაკი შესაწირავად ღმრთისა მრგულიად დასაწველად და აღიარე კადნიერად მძლავრთა წინაშე და სახელს იდევ ქრისტეანედ და სთქუ: არაჲ მეშინის ტანჯუათაგან თქუენთა უღმრთონო და თაყუანისვსცემ ღმერთსა ჩემსა სამებით ცნობილსა.

რაჟამს გეუწყა განსრულებაჲ ღუაწლთა მათ შენთაჲ, წმიდაო და განსლვაჲ საკრველთა მათგან ჴორცთაჲსა და მისლვაჲ ღმრთისა, მაშინ უფროჲს განსძლიერდი და იწყე გალობად, ვითარცა რაჲ იგი გალობნ მკუდარსა ზედა და ავაზაკისა თანა ჴმობდი: მომიჴსენე იესო მოსლვასა მეორედ დიდებით და შესწირევდი თავსა თჳსსა მსხუერპლად, ვითარცა მღდელი ჯერისაებრ და ღირს იქმენ სუფევასა დაუსრულებელსა.

დიდ არს მადლი ნიჭთა შენთაჲ, მეუფეო, რომელნი ჰყუენ წმიდათათჳს, რომელნი, ქრისტე, სათნო გეყვნეს შენ ღირსებითა, რომელმან გამოაცხადე დღეს მოწამე შენი აბო ზეცით ცეცხლისა მოვლინებითა და უჩუენე ყოველთა კაცთა დიდებაჲ, რომელთა შენთჳს იღუაწონ, აწ გევედრებით: მეოხებითა მათითა, მოგუმადლე მშჳდობაჲ და წყალობაჲ შენ მიერი, რაჲთა მარადის უგალობდეთ სახელსა შენსა.

თქმული სტეფანე სანანოჲსძისა

განშიშვლდი იორდანეს, ნათლისღებად სიმდაბლით მოხვედ, თჳთ მნათობი შეუქმნელი ნათელი, რომლისა მსგავსებითა განშიშვლდა მოწამე შენი აბო და სისხლისა დათხევითა შეიწირა მსხუერპლად შენდა.

აგარის ნათესავთა, ძირთა მათ უნაყოფოთა, ნერგთა მათგან ეკლოვანთა, ვითარცა ვარდი შუენიერი ფერითა მეწამულითა, გამოჩნდა, ნეტარი აბო, და სულნელყო ეკლესიაჲ ქართველთაჲ ნელსაცხებელთა წილ, სხურებითა სისხლთაჲთა, ამას შინა მორწმუნენი ვაქებდეთ ღუაწლთა მათ მისთა.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

გიხაროდენ, ჭეშმარიტებისა მეძიებლობითა აღძრულო და უმჯობესისა უდარესისაგან განმრჩეველო; გიხაროდენ, ქუეყანისა შენისა დამტევებელო და ღმრთისმშობლის წილ-ხუედრისა აღმრჩეველო; გიხაროდენ, ჭეშმარიტითა სარწმუნოებითა გულისა შენისა კეთილად განმწმედელო და ჟამსა მას ისმაიტელთა დიდებასა ქრისტჱს ჯუარისა ბეჭთა თჳსთა ზედა ამღებელო; გიხაროდენ, მათ მიერ დევნილისა სარწმუნოებისა აღმსარებელო და ხარკსა ქუეშე მათსა გუემულისა ერისა შემყუარებელო; გიხაროდენ, თჳსტომთა შენთა შორის საღმრთოთა სწავლათა განმფენელო; მეოხ გვეყავ ჩუენ მადიდებელთა შენთა, ნეტარო აბო.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოუდრიკე დღეს თავი წინა-მორბედსა, და შემუსრენ თავნი ვეშაპთანი, მოხუედ მდინარედ და განანათლენ ყოველნი, რაჲთა გადიდებდეთ შენ მაცხოვარსა და განმანათლებელსა სულთა ჩუენთასა.

შესვლად. წარდგომა დღისა

საწინაწარმეტყველონი;

საკითხავი 3. წერილ-არს სექტემბრის 13-სა იძიე

1. წინაჲსწარმეტყუელება ისაიასი საკითხავი. თავი 43. (ამას იტყჳს უფალი: ყოველნი წარმართნი შეკრბეს ერთბამად...)

2. სიბრძნისაგან სოლომონისა საკითხავი. (მართალთა სულნი ხელთა შინა ღმრთისათა...)

3. სიბრძნისაგან სოლომონისა საკითხავი (მართალნი საუკუნოდ ცხოვნდეს. და უფლისა მიერ...)

ლიტსა ზედა: დასდებელი ტაძრისა, ესრეთ მოწამისა

თქმული გრიგოლ ხანძთელისა.

გამოსჩნდი ვარსკულავად მნათობად, განმანათლებელად ქართლისა, ნეტარო, და ღუაწლი შენი უფროჲს ნათელსა მას მზისასა ბრწყინვალედ გამოჩნდა სახედ ელვისა, ბრძენო, საცნაურად სამყაროთა ზესკნელისათა, სახილველად ყოველთა კიდეთა ცისათა, რაჟამს ხატ ექმენ უფლისა ნათლისღებასა, და განშიშვლებული შთახედ ემბაზსა ნათლისასა და ორგზის ნათელ იღე წყლითა და სისხლითა, მჴნეო აბო! ღმერთსა ევედრე აწ მონიჭებად სულთა ჩუენთათჳს დღეს დიდი წყლალობაჲ.

მკჳდრად აღთქმისა გამობრწყინდი და ძედ ზეცისა ჩინებისად იწოდე, ნაშობად აბრაჰამისა იქმენ, სანატრელო! ისააკ მეორე, ნებსით მოგურილი დაკლვად შესაწირავად უფლისა, სულად სულნელად გიცნა, ღირსო, ეკლესიამან. და ენითა შჳლთა თჳსთაჲთა ჴმობს ღუაწლთა შენთა სიმჴნესა, რომელიცა აწ შეიმკო სახედ ძოწეულისა და განშუენდა ბრწყინვალედ სისხლითა შენითა მოწამეო! ღმერთსა ევედრე აწ მონიჭებად სულთა ჩუენთათჳს დღეს დიდი წყლალობაჲ.

თქმული სტეფანე სანანოჲსძისა

შემდგომად ნათლითა განბრწყინვებულისა ამის დღისა, საუფლოჲსა კრებისა, ქრისტჱს უფლისა ნათლისღებისა მოიწია მოწამისა აბოჲს ბრწყინვალე საჴსენებელი. ამბორს უყოთ სურვილით ღუაწლთა მისთა სიმჴნესა და შევამკობდეთსაჴსენებელსა მისსა წმიდასა.

მოუძლურდა ენაჲ მითხრობად ღუაწლთა შენთა, წმიდაო, რამეთუ უკაჲნასკნელ დაბეჭდვასა დევნულებისასა იპოვე სწორად პირველთა მოწამეთა სისხლთა დათხევითა, მჴნეო, და მათთანა იხარებ სასუფეველსა, ღირსო, აწ ჩუენცა წარგჳმართე გზასა მშჳდობისასა სავანეთა მათ მიმართ საწადელთა, ნეტარო აბო.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

თქმული იოანე ქონქოზისძისა,

მჴსნელო, ნათლისღებითა შენითა წმიდითა გუესწავა შეერთებაჲ წყალთაგან სულისაჲ, რომლითაცა აღვსებულმან დღეს ყოვლად ქებულმან აბო, სიკუდილისა სასუმელი შენთანა შესუა, და ვითარცა იორდანეს ნათლისღებითა განმანათლე, აწცა სული სიბრძნისაჲ განმიახლე ჯეროვნად შემამკობელად გამოჴსნისა კრებასა და მოწამისა ღირსებით პატივისცემასა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

გიხაროდენ, ქალწულო, ღრუბელო და ეტლო სიტყჳსაო, გიხაროდენ, უზესთაეს გონებისა და გარეგან საზღუარისა, წმიდაო ღმრთისა საყოფელო, გიხაროდენ, უქორწინებელო სულითა ზესთა ღმერთთასა მიდგომილო, გიხაროდენ, თჳნიერ თესლისა მშობელო, და თჳნიერ ხრწნილებისა მაწოვნებელო, გიხაროდენ, მარადის ქალწულო, კურთხეულო.

სტიქარონსა ზედა დასდებელი დღესასწაულისა.

თქმული იოანე ქონქოზისძისა

მუხლი. პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა.

შეუძლებელ იყო შეუხებელისა უნივთოჲსა მის შანთისა ღმრთეებისა შეხებაჲ, ამისთჳს განხორციელდა ძჱ და მხოლოდ შობილი განბანად უცოდველი, რომლისა შეიწირა დღეს აბო.

მუხლი. ნეტარ-არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა, მცნებათა შინა მისთა ინებოს ფრიად.

შეერთებულ იქმენ სულითა, ნეტარო, შჳლთა თანა აღთქუმისაჲთა გზასა მას ზეცისა ჩინებისასა, რომლისათჳსცა გჳრგჳნი ძლევისაჲ მოგანიჭა მაღლით მაცხოვარმან, მჴნეო აბო,

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

კეთილად განშუენდების დღეს ქუეყანაჲ ჩუენი და ტფილის-ქალაქი განსცხრების, ვითარცა გჳრგჳნითა შემკული შენ მიერ, ჵ, მრავალ-სახელოვანო მოწამეო აბო, ხოლო დღესასწაულიცა ჴსენების შენისაჲ ბრწყინვალედ განათლდების.

აწდა დღესასწაულისა

კურთხევასა ზედა პურისასა,

ტროპარი, ჴმაჲ 5

გიხაროდენ გამორჩეულო, მაღლისა მიერ ღმრთისა მამისა, და ძისა, მხოლოშობილისა მიერ წოდებულო; სულისა წმიდისა განბრწყინვებულო, ზეცას უჴორცოთა გუნდსა თანა შეერთებულო; მოწამეთა და მართალთა შორის ქებულო; ეკლესიათა შუენიერო სამკაულო, მარტვილთა სიქადულო, მეფეთა სიხარულო, მორწმუნეთა შემწეო, ახოვანო მოღუაწეო აბო, ღმერთსა ევედრე აწ მონიჭებად სულთა ჩუენთა დიდი წყალობაჲ.

დიდება და აწდა დღესასწაულისა

ცისკრად. ღმერთი უფალსა ზედა

ტროპარი დღესასწაულისა 2-გზის.

დიდება წმიდისა და აწდა დღესასწაულისა

შემდგომად I ფსალმუნებისა:

თქმული ბასილი ხანძთელისა:

აღმსარებელნი სამებისანი, მორწმუნენი ადამეანნი, აღმასრულებელნი უფლისა ამას დღესა ნათელითა შემოსილსა, საღმრთოჲთა მით შესხმითა უგალობდეთ ჴსენებასა აბო ახლისა მოწამისასა.

ბუნებითა უზეშთაესი შეიმოსე ბუნებაჲ ჩემი, ღმრთისა სიტყუაო მხოლოდ შობილო, და ნათელს იღე ჴორცითა, უცოდველო, რომლისა მსგავსებითა ნათელს იღო მჴნემან აბო წყლითა და სისხლთა დათხევითა.

უვარისმყოფელთა ქრისტეანეთა, უშჯულოთა ისმაიტელთა, ნაშობთა შორის ბნელისაჲთა ვარსკულავად მნათობად გამოჰბრწყინდი, მჴნეო მოწამეო აბო, და საღმრთოჲთანათლითა განანათლენ ქართლისა მყოფნი.

შემდგომად II ფსალმუნებისა, წარდგომა დღესასწაულისა; შემდგომად სადიდებელისა წარდგომა წმიდისა (იხ. სადღესასწაულოში)

აღსავალი I, მეოთხეს ხმისა;

სიყრმით ჩემითგან ფრიად მბრძვანან მე არაწმიდანი ვნებანი, ამისთჳს გევედრები: შემწე-მეყავ და მიჴსენ სახიერ.

დიდებაჲ...

რომელთა გძულთ სიონი, სირცხჳლეულ-იქმნენით უფლისა მიერ, და ვითარცა განჴმული თივაჲ შეგჭამნესთ გეენიამან.

აწდა...

სულისა მიერ წმიდისა ყოველი სული ცჴოველ-იქმნების და სიწმიდით ამაღლდების და განჰბრწყინდების სამებისა მიერ ერთ-არსებისა, ღმრთივშუენიერად და საიდუმლოდ.

წარდგომა ხმა 7: პატიოსან-არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა.

მუხლი. რაჲ მივაგო უფალსა ყოვლისავეთჳს, რომელი ესე მომაგო მე.

ყოველი სული... სახარება მათესი, თავი 10. მუხლი 16. (რქუა უფალმან თჳსთა მოწაფეთა, აჰა მე მიგავლინებ თქუენ...) დასასრული, მუხლი 23-მდე. (იგი ცხოვნდეს..)

შემდგომად 50-ე ფსალმუნისა, დასდებელი წმიდისა (იხ. სადღესასწაულოში) .

კანონი ღმრთისმშობლისა. მუხლი 6

კანონი წმიდისა მოწამისა სამი:

1. გალობანი ნათელთანი და ღუაწლით შემოსილისა უძლეველისა მოწამისა აბო ისმაიტელ-ყოფილისა ქართველისაჲ, თქმული იოანე ქონქოსიძისანი

2. გალობანი ნათელთანი და აბო ისმაიტელ-ყოფილისა ქართველისანი, თქმული სტეფანე ჭყონდიდელისა, სანანოჲსძისა

3. გალობანი ნათლისღებისა და წმიდისა მოწამისა აბოჲსა, თქმული გრიგოლ ხანძთელისა.

გალობაჲ 1, უგალობდითსა,

იოანე ქონქოზისძისაჲ, ჴმაჲ 4

ძლისპირი: ზღუაჲ უვალი, რომელი მყარ ქუეყანა იქმნა პირველად ბრძანებითა შენითა გამოუთქმელო ღმერთო, შეიწყნარა მან ერი ისრაელისაჲ, რომელთა შეგიმზადეს ძლევისა გალობაჲ.

რომელმან იორდანეს ნათლისღებითა განმანათლე, აწცა სული სიბრძნისაჲ განმიახლე ჯეროვნად შემამკობელად გამოჴსნისა კრებასა და მოწამისა ღირსებით პატივცემასა.

მჴსნელო, ნათლისღებისა შენითა წმიდითა გუესწავა შეერთებაჲ წყალთაგან სულისაჲ, რომლითაცა აღვსებულმან დღეს ყოვლად ქებულმან აბო, სიკუდილისა სასუმელი შენთანა შესუა.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

შეგინებულისა მის სარწმუნოებისა მოძღუართა სამსჯავროდ მიგცეს, ღირსო, ვითარცა პავლე ჰრომედ ჰურიათა მათ და უშჯულომან მძლავრმან განაჩინა შენთჳს სიკუდილი საწადელი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ

სასაკუმევლჱ ოქროჲსაჲ, და ტაკუკი მანანაჲსჲ მის, და კუერთხი აჰრონისი მოასწავებდეს შენთჳს, და კიდობანი სიტყუათა საღმრთოთაჲ სახე გექმნებოდა შენ, დედაო ღმრთისაო.

გალობაჲ 1, უგალობდითსა

სტეფანე სანანოისძისაჲ, ჴმაჲ 4

ძლისპირი: ზღჳსა მის მეწამულისა ღელვათა ვიდოდა პირველად ოდესმე ერი ისრაელისაჲ, და ჴელთა განპყრობითა მოსე ჯუარის სახედ ძალი იგი ამალეკისაჲ უდაბნოს დასცა.

იესო ღმრთისა სიტყუაო, მასწავენ ჩუენ სიტყუაჲ სიბრძნისაჲ ქებად ნათლისღებასა წმიდასა შენსა და ღირსად გალობად უძლეველთა ღუაწლთა მოწამისა აბო, კეთილად მოღუაწისაჲთა.

რომელიცა განშიშულდა დღეს იორდანესა შინა ჴორცითა, სანატრელმან მოწამემან აბო მისთჳს განიძარცუა ძუელი კაცი საქმითურთ, და შეიმოსა ძალი ქრისტჱსი.

ყოველნი თესლნი მოვედით მკჳდრთა თანა ქართლისათა დღეს, და იხილეთ ღუაწლისა მძლჱ აბოჲ, განშუენებული ბრწყინვალედ სისხლითა წამებისაჲთა, ღირსად გალობით მას უგალობდეთ.

სამ ნათელსა სამებასა თაყუანისეც ნათლისღებითა, სისხლითა, ცეცხლითა და სულითა, დიდებულო მოწამეო აბო, და ჰმეოხებ სულთა ჩუენთათჳს.

ღმრთისმშობლისა

დედასა ნათლისასა შეჰვედრე სული შენი, მოწამეო, სიყუარულისათჳს ძისა მისისა სისხლისა დამთხეველმან, აბო დიდებულო.

გალობაჲ 1, უგალობდითსა

გრიგოლ ხანძთელისაჲ, ჴმაჲ 5

ძლისპირი: ეტლთა სიმრავლჱ მჴედრებითურთ ზღუასა მეწამულსა სიღრმესა შთაითხინეს სიმტკიცითა მკლავისაჲთა ქრისტეს მიერ და იჴსნეს ისრაელნი, და ძლევისა გალობასა ახლად იტყოდეს.

ნათელთათჳს: დაღაცათუ დამბადებელმან სიტყუამან ღმრთისამან შეიმოსა კაცებაჲ და მით ნათელ იღო ჩუენთჳს, ხოლო არათუ ბუნებით შეირწყუნეს ღმრთეებაჲ და კაცებაჲ, არამედ შეიყვნეს.

დაღაცათუ ვითარცა ტრედი იხილვა გუამითა დღეს სული უხილავი ნათლისღებასა ქრისტჱსსა, არამედ არა ბუნებითა აქუნდა გუამოვნებისა ხატი, გარნა მსგავსებითა.

აბოჲსთჳს: შემდგომად დიდისა მის დღისა დღესასწაულისა განმანათლებელისა ნათლისღებისა უფლისა, შევამკოთ აწ ერნო, მოღუაწისაცა ახლისა მოწამისა ჴსენებაჲ აბოჲსი.

რაჟამს მოიწია ბაბილონდ მთავარი ქართლისაჲ, მაშინ ნეტარი აბოჲ, შჯულითა ისმაიტელი შეიწყნარა განგებითა ღმრთისაჲთა და მის მიერ გულისჴმა ყო ძალი ქრისტჱსი.

განიზრახა გულისჴმის-ყოფით მედგრობაჲ შჯულისა თჳსისა მამაულისაჲ ქრისტჱსმოყუარემან აბო და მყის დაუტევა სიცბილი იგი პირველი, და აღიარა ქრისტჱს ღმრთეებაჲ.

ღმრთისმშობლისა

გუნდმან წინაჲსწარმეტყუელთამან წინაჲთ მოგასწავა შენ მთად საღმრთოდ და კარად განუვლელად, ამისთჳსცა გევედრებით: კარნი სინანულისანი საღმრთონი განგჳხუენ ჩუენ, ქალწულო.

გალობაჲ 3, განძლიერდასა

იოანე ქონქოზისძისაჲ

ძლისპირი: ბუნებით ლმობიერ იქმენ, მჴსნელო, ბუნებასა ჩუენსა უძლურსა, რომელიცა შეიმოსე, ღმრთეებით განაძლიერე და ღაღადებს: არაჲ ვინ არს წმიდაჲ შენებრ, კაცთ-მოყუარე.

თავისუფალი იყვნეს ცოდვისაგან ჴორცნი შენნი შეერთებულნი ღმრთეებასა სიწმიდით, არამედ ნათლისღებითა განაგე კაცთა წყალთაგან განძარცუაჲ ცოდვისა, მჴსნელო.

მსახურნი იგი სამებისანი უხილავნი თანადგეს მაცხოვრისა ნათლისღებასა გარემოჲს საღმრთოსა საბანელსა, წმიდაარსობითა აქებდეს მხოლოდ-შობილსა ძესა ჴორცითა ჩუენთჳს ნათელღებულსა.

ჴმითა მამისაჲთა და სულისა მოსლვითა და იორდანისა კუალად ქცევითა გქადაგა წინამორბედმან ძედ ღმრთისა, რომლისა მოისწრაფა დღეს სიკუდილი ნეტარმან აბო.

მსგავსი მამათმთავრისაჲ ქალდეველთა ქუეყანისაგან გამოსლჳთა და მოწამჱ ქრისტჱს ვნებათაჲ ღირსებით იდიდები მორწმუნეთაგან შესხმითა, ყოვლად ქებულო,

ღმრთისმშობლისა

გამოშჩნდი ღელედ დაუთესველად, განმამრავლებელად იფქლისა, და შენ მიერ მოვიმკეთ ჩუენ თავწარსხმული ცხოვრებისაჲ, და რომელნი ვეზიარებით, მოვიღებთ მისგან უკუდავებასა.

სხუაჲ გალობაჲ

სტეფანე სანანოისძისაჲ

ძლისპირი: იხარებს ეკლესიაჲ შენდამი, ქრისტე, და ესრეთ ღაღადებს: სასოჲ ჩემი ხარი შენ, განმაძლიერე, დამბადებელო.

მაცხოვრისა თანა ნათელსიღე, შთახედ რაჲ ემბაზსა ღუაწლისასა, ვითარცა მჴსნელი ჩუენი იოარდანესა, და სისხლისა დათხევითა განჰბანე გუამი შენი, რაჟამს დაიკალ უწყალოდ მახჳლითა.

სისხლითა შენითა, ვითარცა ძოწეულითა, შეამკევ ეკლესიაჲ წარმართთაჲ, მჴედარო ქრისტჱსო, უძლეველო, და შეჰკრიბენ მას შინა ერთობით ყოველნი მგალობლად ღუაწლთა მათ შენთა.

არცხვინე, ნეტარო, ნაშობთა მათ მჴევლისაჲთა უღმრთოთა და დაუყუენ პირნი მათნი მგმობარნი საღმრთოჲთა მით სიბრძნითა ზეგარდამოჲთა, რაჟამს ჰქადაგე სამებაჲ ერთ-ღმრთეებაჲ.

ღმრთისმშობლისა

შენ გევედრებით, დედაო ღმრთისაო, მეოხებითა წმიდისა მოწამისაჲთა, საფარველსა შენდა მოლტოლჳლნი მარადის განგუარინე საცთურისაგან მტერისაჲთა.

სხუაჲ გალობაჲ

გრიგოლ ხანძთელისაჲ

ძლისპირი: რომელმან დააფუძნე ქუეყანაჲ წყალთა ზედა და მიეც ნაყოფიერებაჲ ყოლადვე, კლდესა ზედა, ქრისტე, მცნებათა შენთასა შეუძრავსა დაამტკიცე ეკლესიაჲ შენი, მხოლოო სახიერ და კაცთ-მოყუარე.

ნათელთათჳს: ღმრთად იცნა ქრისტე იორდანემან და შეძრწუნდა ძალისა მიგან ყოვლად შეუძრველისა, დასცხრა ოხრისაგან. დუმილით ისწავა კრძალულებით განბანად საუფლოთა ჴორცთა შემოქმედისა ყოველთა ღმრთისა.

მსახურნი იგი სამებისანი უხილავნი თანადგეს მაცხოვრისა ნათლისღებასა გარემოჲს საღმრთოსა საბანელსა, წმიდაარსობითა აქებდეს მხოლოდ-შობილსა ძესა ჴორცითა ჩუენთჳს ნათელღებულსა.

აბოჲსთჳს: ბნელთა მათ აერთა ღრუბელთა უნაყოფოთა, ვითარცა ვარსკულავი ცისაჲ გამობრწყინდა ქრისტჱსა მოწამჱ. და არეთა შინა ჩრდილოჲსათა მზეებრ გამობრწყინდა სანატრელი აბო და ჰნათობს ქართლისა მკჳდრთა.

ყუავილი სულნელი ძირთაგან უნაყოფოთა გამოჩნდა ფერითა მით მეწამულითა, და სულმან წმინდამან აღიტაცა ზეცად გონებითა, და მუნ უჩუენა შუებაჲ წმიდათაჲ ყუავილოვანსა სამოთხისასა.

მჴეცთა მათ მძჳნვარეთა და სისხლისა მჭამელთა, მარადის მტერთა სულისა წმიდისათა, რაჟამს გულისჴმა ყვეს სარწმუნოებაჲ მიუქცეველი, რომელი აქუნდა ნეტარსა აბოს, განიზრახეს მათ წარწყმედაჲ მისი.

ღმრთისმშობლისა

მარჯუენით ქრისტეს მდგომარემან, ვითარცა დედოფალმან შემოსილმან, ღმრთივსახარულევანო, სამოსლითა ოქროვანითა, სუფევაჲ ზეციერი გჳთხოვე ჩუენ, მეოხებითა შენითა, ქალწულო, ყოვლადწმიდაო.

კონდაკი და იკოსი დღესასწაულისა

წარდგომაჲ წმიდისა, ჴმაჲ 8

შემდგომად ყოვლად დიდებულისა ქრისტჱს განცხადებისა, მოიწევა წმიდაჲ საჴსენებელი შენი, ვითარცა რაჲ საწუთოჲსა მის კრებისა შემდგომი კრებაჲ, წლითი წლად ბრწყინვალედ მოწევნული, მჴედარო ქრისტჱსო, უძლეველო აბო, ამისთჳს შემოკრებულნი ესე სულიერად მას შინა დიდებისვმეტყუელებთ ღმერთსა ყოვლად ძლიერსა, რომელმან გამოგირჩია შენ, ვითარცა ვარდი სულნელი, და მოწამედ თჳსად გამოგაჩინა, და გჳრგჳნითა ძლევისაჲთა შეგამკო, და ესრეთ გიღაღადებთ: ევედრე ქრისტესა ღმერთსა, ცოდვათა მოტევებისა მონიჭებად სურვილით მედღესასწაულეთა წმიდისა ჴსენებისა შენისაჲთა. 2-გზის

დიდებაჲ, აწდა დღესასწაულისა

გალობაჲ 4, უფალო მესმასა

იოანე ქონქოზისძისაჲ

ძლისპირი: განზრახვაჲ საიდუმლოჲ შობაჲ შენი ქალწულისაგან, დამბადებელო, რაჟამს იხილა, დაუკჳრდა ამბაკუმს და შიშით ღაღადებდა: დიდებაჲ ძალსა შენსა, უფალო.

რომელნი ქრისტჱს თანა დავეფლენით, ნათლისღებითა ვემსგავსებით მას განზრახვათაგან განხრწნადთა განვეშორნეთ და ესრეთ დავიცვეთ ბეჭედი ნათლისაჲ, დამჴსნელი სიკუდილისაჲ.

რომელმან შინაგანნი სახედველნი საღმრთოჲთა ხილვითა წმიდა ჰყუენი, წინამორბედო, შენგან ნათელსღებულსა, დღეს მოსწრაფედ შეუდგა აბო, და მისთჳს სიკუდილი დაითმინა.

ტრფიალ იქმენ სჯულსა მას სულიერსა, რომელმან განგათავისუფლა შენ საშჯელისა მისგან სიკუდილისა და ქრისტჱს ნათლისღებისა მსგავსებითა ჭეშმარიტად შჳლ ექმენ აბრაჰამს.

ღმრთისმშობლისა

შენ მარადის ქალწულსა, ჭეშმარიტად ღმრთისმშობელსა გიგალობთ, რომელსა იგი მაყუალი სახე გექმნა, რომელი იხილა მოსე ზედა მთასა სინასა მოტყინარჱ ცეცხლითა.

სხუაჲ გალობაჲ

სტეფანე სანანოისძისაჲ

ძლისპირი: იხილა რაჲ ეკლესიამან მზჱ სიმართლისაჲ ჯუარსა ზედა ამაღლებულად, დადგა იგიცა წესსა ზედა თჳსსა ღირსად და ესრეთ ღაღადებდა: დიდებაჲ ძალსა შენსა, უფალო.

სიყუარულისა საკრველმან შეკრა გონებაჲ მოწამისაჲ, მოთმინებად სატანჯუელთა ურიცხუთა, რომლითაცა დაამხუა, სიქადული უღმრთოთაჲ.

შფოთი დაუტევე მამულთა მათ მედგრობათაჲ და ქრისტესა შეუდეგი, წმიდაო, და ვნებათა თავსდებითა ემსგავსე მას, ნეტრეულო.

უცხო იყავ და სტუმარ, შჯულითა საღმრთოჲთა, მჴნეო მოწამეო, არამედ მოისწრაფე და სახლეულ იქმნენ მცნებათა მისთა, ღირსო.

შეუდეგ ჴმასა ღმრთეებისასა და მცნებაჲ მისი აღბეჭდე, გულსა შენსა, წმიდაო აბო, ევედრე მას მოტევებად ბრალთა ჩუენთა.

ღმრთისმშობლისა

მშობელო დაუვალისა მზისაო, ქალწულო მარიამ, მეოხებითა სანატრელისა მოწამისაჲთა დაგვიცვენ ხილულთა და უხილავთა მტერთაგან, შეიწრებასა მწარესა მიცემულნი.

სხუაჲ გალობაჲ

გრიგოლ ხანძთელისაჲ

ძლისპირი: ესმა მოსლვაჲ შენი დიდებული, დაუკჳრდა ამბაკუმს, ქრისტე, და შიშით ღაღადებდა: გამოხუედ მაცხოვრად ერისა შენისა და ჴსნად ცხებულთა შენთა.

ნათელთათჳს: კბილთა მათ გუელისათა გესლოვან ყვეს პირველქმნული, ხატად ღმრთისა დაბადებული, ხოლო ქრისტჱმან იორდანესა განბანიტა კუალად განასპეტაკა ხატებაჲ

ვითარცა იხილა ნათლისმცემელმან დაუსაბამოჲ ნათელი ნათლისღებად მომავალი ქრისტე, ღმრთად იცნა და კრავად სახელდვა, რომელი დაკლვად იყო სოფლისთჳს.

აბოჲსთჳს: ეძიებდეს შეპყრობად მოწამესა ქრისტჱსასა უშჯულონი, ხოლო იგი ნეფსითა მიეცა ჴელთა მათთა, ვითარცა მჴსნელი, მოსიკუდიდ ჴელთა მტერთა მისთაჲთა.

რამეთუ ცხორებაჲ ჩემი ქრისტე არს - სიკუდილი შესაძინელ არს - ესრეთ ჴმობდი, ქრისტჱს მოწამეო, წინაშე უშჯულოთა მძლავრთა, და მისთჳს დასთხიენ სისხლნი შენნი.

ისწავებდა წიგნთაგან და მოძღუართა ღირსად სარწმუნოებასა და წესისა შჯულსა წმიდაჲ აბო, და სიხარულით ადიდებდა მამასა ძით და სული წმიდითურთ.

ღმრთისმშობლისა

შემეწიე მე, წმიდაო ღმრთისმშობელო, გემოვნებითა მიერ ჴორციელთა მარადის დანთქმულსა, რომელი ესე ვკუნესი მარადღე მდებარე ცხედარსა ზედა მოწყინებისასა.

გალობაჲ 5, ღამითგანსა

იოანე ქონქოზისძისაჲ

ძლისპირი: ნაწილ ჩემდა ხარ, ქრისტე, რამეთუ შენ მხოლომან მიჴსენ მე ბნელისაგან წყუდიადისა უგუნურებისა ნათლითა მით ღმრთეებისაჲთა, და შენდამი ვღაღადებ: მშჳდობაჲ შენი მომეც ჩუენ.

სრბაჲ ბუნებისა შჯულთაჲ დასცხრა, რაჟამს შეუწერელმან ღმერთმან ნათლისღებითა მიანიჭა დაფარულთა მწიკულევანებათა განბანაჲ კაცთაჲ და კუალად ნეტარებაჲ მოგვცა ემბაზისაგან წმიდისა.

ჴმაჲ სიტყჳსა საღმრთოჲსაჲ, სინანულისა მქადაგებელი იხარებს ღმერთსა განკაცებულსა აღსრულებად ჴსნისა ჩუენისა საიდუმლოსა, რომლისათჳს მოწამე აბო, მეორედ შობასა მოიგებს სისხლითა თჳსითა.

გონებაჲ შენი, ღირსო, ღმრთისა კეთილთა მცნობელ ჰყავ და სიტყუაჲ შენი ქრისტჱს ქადაგ ჰყავ და სულისა განწმედითა შეამკევ ხატებაჲ ღმრთისაჲ, რომლისათჳს იხარებს განშუენებული გჳრგჳნითა დაუჭნობელითა.

ღმრთისმშობლისა

აღესრულნეს შენ ზედა წინასწარმეტყუელთა თქუმულნი, რამეთუ შენ მუცლად-იღე, ღირსო, დამბადებელი და გჳშევ ჩუენ ჴორცითა ძჱ დაუსაბამოჲ, რომელ არს ევმანოელი წმიდაჲ, მომცემელი მშჳდობისაჲ.

სხუაჲ გალობაჲ

სტეფანე სანანოისძისაჲ

ძლისპირი: შენ, უფალო, ნათელი ხარ მომავალი სოფლად, განმანათლებელი გულთა მორწმუნეთა შენთასა, რომელნი თაყუანის-გცემენ.

შენ, უფალო, იორდანეს განაქიქე მაცთური, შენვე განამტკიცე გული მოწამისა აბოჲსი, რომლმანცა აღგიარა.

პყრობილ იქმნენ ძჳრის მოქმედებრ, აბო სანატრელო, არამედ გამოიჴსნიდი სულთა მიმძლავრებულთა მტერისაგან ბოროტისა.

ნათლისღებაჲ სამი მოიგე, მოწამეო, წყლითა, სულითა და სისხლითა, და შემდგომად ცეცხლითა გამობრწყინდა ღუაწლი შენი.

მარხვითა განიკაფე შენ დიდისა ანტონის მსგავსად, წმიდაო აბო, და მოაკუდინენ ჴორცნი და ღირს იქმენ წამებისა გჳრგჳნსა.

ღმრთისმშობლისა

წინა გიძღოდა ქალწული მარიამ გზასა ქართლად მყვანებელსა და გყო მოძღუარ ერისა მორწმუნისა, ნეტარო აბო, ამისთჳსცა ნუ დააცადებ ოხასა მაქებელთა შენთათჳს.

გაგრძელება...