სქიმოსანი იღუმენი საბა (ოსტაპენკო)
ამპარტავნების შესახებ
ამპარტავნება საშინელი სულიერი დაავადებაა, რომელიც ძალზე ძნელად იკურნება. ღვთის წინაშე არ არსებობს მასზე უფრო საძაგელი ცოდვა. წმიდა მამები მას „სატანის თესლს" უწოდებენ.
ამპარტავნება უკიდურესი თავდაჯერებულობაა. უარყოფა ყოველივე იმისა, რაც მე არ მეკუთვნის, მრისხანების, სიმკაცრის, გაღიზიანებისა და ბოროტების წყარო, ღვთის შეწევნაზე უარის თქმა. მაგრამ სწორედ ამპარტავანს განსაკუთრებულად ესაჭიროება ღმერთი, რამეთუ ადამიანებს მისი ხსნა არ ძალუძთ, როდესაც დაავადება უკანასკნელ სტადიას აღწევს.
ცოდვის გამომგონებელმა, დაცემულმა ბოროტმა ანგელოზმა თვითონ შესცოდა ღვთისადმი წინააღმდეგობით, ანუ ამპარტავნებით და ამ დამღუპველ ცოდვაში ადამიანთა მთელი მოდგმა შეჰყავს.
ყოველი ცოდვილი, რომელიც თავის ვნებებს სიამეს ანიჭებს, ებრძვის ღმერთს, როგორც ოდესღაც სატანა ამბოხდა ზეცაში ღვთის წინააღმდეგ, რათა მისი დაქვემდებარებიდან გამოსულიყო და თავის ნებაზე ეცხოვრა.
როდესაც ამპარტავანი, პატივმოყვარე, საკუთარი თავის მოყვარული, დიდებისმოყვარე, ძალაუფლებისმოყვარე, სასტიკი, მრისხანე, შურიანი, ქედმაღალი, გულზვიადი, ურჩი და სხვა ამის მსგავსი ადამიანი ვერ იკმაყოფილებს თავის ვნებებს და საკუთარი „მეს" გამო სხვებს ანადგურებს, ამით, თითქოსდა, მახვილს იღებს ღვთის წინააღმდეგ და თითქოს ქრისტეს ეუბნება: „არ გვსურს, მივდიოთ შენს მაგალითს, არ გვსურს, ვიყოთ მოკრძალებულნი და კეთილნი! არ მოგვწონს შენი კანონი!.. დაე, ისინი გვემსახურებოდნენ ჩვენ და არა ჩვენ - მათ!"
გვიხსენი, ღმერთო გონების ასეთი დაბნელებისაგან! რა საშინელებაა! ნუ იფიქრებთ, რომ ამ სიტყვებში რაიმე გადაჭარბებულია. ამპარტავნებს, ჩვეულებისამებრ, ასე ემართებათ... და თუ ისინი დროულად არ შეჩერდებიან, არ შეინანებენ, ღვთის მოწინააღმდეგენი ხდებიან.
თითოეული თუნდაც მცირე ცოდვის გამო სულში ღვთის მადლი კლებულობს, მომაკვდინებელი ცოდვის გამო კი ადამიანები მას საერთოდ კარგავენ და მარადიული სასჯელის ღირსნი ხდებიან. ამპარტავანნი საღვთო სჯულის ხელისუფლებას შორდებიან, ამიტომ თვითონვე განარიდებენ თავს ღვთის მფარველობას. ისინი ყველაფერში მარცხდებიან. სხეულში მყოფნი, სულიერად უკვე მკვდრები არიან და სიცოცხლეშივე განიცდიან ჯოჯოხეთის ტანჯვას: მარტოობას, პირქუშ სევდას (გულგატეხილობას), დარდს, გაბოროტებას, სიძულვილს, უნაყოფობას, სიბნელესა და სასოწარკვეთილებას.
დაავადების სიმპტომები და განვითარება
ამპარტავნების ცოდვას განვითარების რამდენიმე სტადია აქვს. მაგრამ იგი პატივმოყვარეობიდან იწყება.
პატივმოყვარეობის სიმპტომებია: შექების სურვილი, მხილების, შეგონებისა და ყვედრების დაუთმენლობა, ეჭვიანობა, ბოროტის ხსომა, სხვების განკითხვა, გასაჭირი შენდობის თხოვნისა, იოლი გზების ძიება; სხვების თანდასწრებით გამუდმებული თამაში, როგორც სცენაზე, იმ მიზნით, რომ ადამიანებს კეთილშობილი მხრიდან მოაჩვენოს თავი და, ამასთან ერთად, გულმოდგინედ მალავდეს საკუთარ ვნებებსა და ნაკლოვანებებს.
ადამიანი ვეღარ ხედავს თავის ცოდვებს, ვერ ამჩნევს საკუთარ ნაკლოვანებებს, ამცირებს ანდა საერთოდ უარყოფს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს, ზოგჯერ მას სხვებსაც კი გადააბრალებს; აზვიადებს საკუთარ ცოდნას, გამოცდილებას, ნიჭსა და სათნოებებს. დაავადების განვითარებასთან ერთად, იზრდება და დიდებას აღწევს მისი წარმოდგენა საკუთარ თავზე. ამიტომ ამ დაავადებას ასეც ეწოდება - განდიდების მანია.
ასეთ მდგომარეობაში ადამიანი არა მხოლოდ განიკითხავს სხვებს, არამედ სძულს და უკადრისობს მათ, ბოროტებასაც კი ჩადის მათ მიმართ. გვიხსენი ამისაგან, ღმერთო!
ხოლო როდესაც ავადმყოფს ეჩვენება, რომ მისი არავის ესმის და არავის უყვარს, სდევნიან კიდეც და მისთვის ბოროტის ქმნას ცდილობენ, მაშინ ამ დაავადებას უკვე დევნის მანია ეწოდება.
განდიდებისა და დევნის მანია დაავადების ყველაზე გავრცელებული ფორმებია. ეს დაავადებები საკუთარი თავის გადამეტებულ შეფასებასთანაა დაკავშირებული, როდესაც საკუთარი ღირსების გადაჭარბებულად შეგრძნება ადამიანების მიმართ სიძულვილსა და მტრულ განწყობას ბადებს.
ამპარტავანი ყოველთვის უკმაყოფილოა გარშემომყოფი ადამიანებით და თავისი ცხოვრების პირობებით, ამიტომ ხშირად სასოწარკვეთილებამდე, ღვთის გმობამდე, ხიბლის მდგომარეობამდე და ზოგჯერ თვითმკვლელობამდეც კი მიდის.
ამპარტავნების ამოცნობა დასაწყის სტადიაში, ცოტა არ იყოს, ძნელია. მხოლოდ გამოცდილ სულიერ მოძღვარს, ანდა ფსიქოლოგს შეუძლია, უშეცდომოდ განსაზღვროს ეს ვნება.
ადამიანი თითქოსდა ნორმალურად იქცევა, მაგრამ გამოცდილი თვალი მასში დაავადების დასაწყისს ამჩნევს. ადამიანი კმაყოფილია საკუთარი თავით... მას კარგი განწყობილება აქვს, მღერის, იღიმება, ხშირად უმიზეზოდ ხმამაღლა იცინის და ხარხარებს; სურს, ორიგინალური იყოს, მახვილსიტყვაობს, სხვადასხვა სახის მიღებებსა და წვეულებებს აწყობს, რათა გარშემომყოფთა ყურადღება მიიქციოს; ბევრი ლაპარაკი უყვარს და მის საუბარში დაუსრულებლად გაისმის „მე", მაგრამ ერთი გამკიცხავი სიტყვის მოსმენისათანავე მისი განწყობილება სწრაფად იცვლება და იგი უსიცოცხლო და უხალისო ხდება, შექებისთანავე კი მეყსეულად გამოცოცხლდება. მაგრამ, ზოგადად, ამ სტადიაში განწყობილება ნათელია.
შემდგომში, თუკი ადამიანი საკუთარ ცოდვილობას ვერ შეიგრძნობს, არ შეინანებს და არ გამოსწორდება, მაშინ დაავადება იზრდება და მწვავდება.
ადამიანს უჩნდება სხვებზე აღმატებულობის გაულწრფელი რწმენა. ეს თავდაჯერება სწრაფად გადაიზრდება მბრძანებლობის ვნებაში, საკუთარი შეხედულებით განაგებს სხვების ყურადღებას, დროს, ძალებს; იგი თავხედი და კადნიერი ხდება: ყველაფერს საკუთარ თავზე იღებს მაშინაც კი, როდესაც საქმეს აფუჭებს. ყველას საქმეში ერევა, თვით სხვის ოჯახებშიც კი.
ამ სტადიაში ამპარტავანს განწყობილება უფუჭდება, რადგან გარშემომყოფთაგან ხშირად წინააღმდეგობას ხვდება. დროთა განმავლობაში იგი სულ უფრო და უფრო გაღიზიანებული, ჯიუტი, ბუზღუნა და ყველასათვის აუტანელი ხდება. ბუნებრივია, მას გაურბიან, მაგრამ თვითონ დარწმუნებულია საკუთარ სიმართლეში და თვლის, რომ უბრალოდ, მისი გაგება არავის სურს, ამიტომ ყველასთან წყვეტს კავშირს. გაბოროტება და სიძულვილი ჩაიბუდებს და მტკიცდება მის გულში. სული ბნელი და ცივი ხდება, გონება იბინდება და ადამიანი სრულიად დაუმორჩილებელი ხდება. მისი მიზანია, საკუთარი აზრი გაიტანოს, სხვები დაამციროს და თავისი „სიმართლე" დაამტკიცოს. სწორედ ასეთი ამპარტავნები ქმნიან შემდგომში განხეთქილებებსა და ერესებს.
დაავადების განვითარების შემდგომ სტადიაში ადამიანი უკვე ღმერთთანაც წყვეტს კავშირს. ყოველივეს, რაც მას გააჩნია, მათ შორის, ნიჭსა და ზოგიერთ სათნოებასაც კი საკუთარ თავს მიაწერს. იგი დარწმუნებულია, რომ თვითონვე მოიწყობს ცხოვრებას სხვისი დახმარების გარეშე და დამოუკიდებლად მოიპოვებს ყოველივეს, რაც ესაჭიროება. თვით სუსტი ჯანმრთელობის დროსაც კი იგი თავს დევგმირად წარმოიდგენს. თვლის, რომ სხვებზე ბრძენი და მცოდნეა და ამაყობს ყოველივეთი, რაც გააჩნია. მისი ლოცვა არაგულწრფელი, ცივი, გულის შემუსვრილებისაგან დაცლილი ხდება, შემდგომში კი საერთოდ წყვეტს ლოცვას. მისი სულიერი მდგომარეობა წარმოუდგენილად შავბნელი და უსინათლო ხდება, მაგრამ, ამასთან ერთად, იგი დარწმუნებულია საკუთარი გზის სიმართლეში და სწრაფად აგრძელებს სვლას დაღუპვლისაკენ.
როგორ ამოვიცნოთ ამპარტავნება საკუთარ თავში
შეკითხვაზე: „როგორ ამოვიცნოთ ამპარტავნება საკუთარ თავში?" - ნიჟეგოროდის მთავარეპისკოპოსი იაკობი ასე წერს:
„ამის მისახვედრად დ როდესაც გარშემომყოფნი რაიმეს შენი სურვილის შესაბამისად არ აკეთებენ. თუკი არ გიჩნდება სურვილი, მოკრძალებით გამოასწორო შენს მიერ დაშვებული შეცდომა, არამედ უკმაყოფილო ხარ და მრისხანებ, მაშ, იცოდე, რომ ძალიან ამპარტავანი ხარ; თუკი შენი ცხოვრებისეული საქმეების მცირეოდენი წარუმატებლობებიც კი მწუხარებას, სიმძიმესა და სევდას იწვევს, ისე, რომ ღვთაებრივი ჩანაფიქრის შესახებ აზრიც კი (რომელიც შენს საქმეებს წარმართავს) არ გამხიარულებს, მაშ, იცოდე, რომ ძალიან ამპარტავანი ხარ; თუ სხვისი, თუნდაც შენი მტრების, წარუმატებლობა გამხიარულებს, ხოლო შენი ახლობლების უეცარი წარმატებები გამწუხრებს, იცოდე, რომ ძალიან ამპარტავანი ხარ; თუ შეურაცხგყოფს მოკრძალებული შენიშვნები შენს ნაკლოვანებათა შესახებ, ხოლო არარსებული ღირსებების ქება გახარებს და აღგაფრთოვანებს, იცოდე, რომ ძალიან ამპარტავანი ხარ".
რა შეიძლება დავამატოთ საკუთარ თავში ამპარტავნების ამოცნობის ამ ნიშნებს? მხოლოდ ის, რომ თუ ადამიანს შიშის გრძნობა უჩნდება, ესეც ამპარტავნების ნიშანია.
წმიდა იოანე კიბისაღმწერელი ამის შესახებ წერს: „ამპარტავანი სული შიშის მონაა; იგი ეყრდნობა რა საკუთარ თავს და მცირეოდენი ხმაურისა და ჩრდილისაც კი ეშინია. მშიშრები ხშირად იშლებიან ჭკუიდან და სამართლიანადაც; რამეთუ ღმერთი ტოვებს ამპარტავნებს, რათა სხვებსაც ასწავლოს, რომ არ გაამაყდნენ".
იგი წერს იმასაც, რომ „უკიდურესი ამპარტავნების სახე ისაა, რომ ადამიანი დიდებისათვის ფარისევლურად წარმოაჩენს ისეთ სათნოებებს, რომლებიც მას არ გააჩნია".
ეშმაკის გამოცდა
ადამიანის ბუნება მიდრეკილია როგორც კარგის, ისე ცუდისაკენ. იგი მზადაა, მიიღოს სიკეთეცა და ბოროტებას, ღვთის მადლიცა და ბოროტი ძალაც.
ღმერთი ძალას არ ატანს ადამიანის თავისუფალ ნებას, არ აიძულებს მას სიკეთის ქმნას, არამედ მხოლოდ მოკრძალებით მიუთითებს საკუთარი არსებობის შესახებ და ცხოვნების გზისაკენ მოუწოდებს. სული კი საკუთარი ნებითა და მიდრეკილებით აკეთებს არჩევანს: ან იცხოვროს ღმერთთან მისი წმიდა ნების შესაბამისად, ანდა თავის ნებაზე, ისე, რომ შედეგებზე არ იფიქროს.
იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც მხოლოდ საკუთარი ნებით ცხოვრობენ და ვნებებს იკმაყოფილებენ, ბევრი საუბარი საჭირო არ არის, რამეთუ საკუთარი ნება ჯოჯოხეთური თესლია, რომელსაც სული სატანჯველში მიჰყავს. ხოლო იმ ადამიანებთან, რომლებიც ღვთის ნების შეცნობასა და მის მორჩილებას ცდილობენ, შესაძლოა და საჭიროცაა ბევრი საუბარი, რათა დავეხმაროთ მათ ამ სათნო საქმეში.
ნუ იფიქრებთ, რომ ამპარტავნება ისეთი ვნება და სულიერი ავდმყოფობაა, რომელიც ადამიანის ორგანიზმში ფიზიოლოგიურ და პათოლოგიურ ცვლილებებს იწვევს და ამიტომ მხოლოდ ზოგიერთისთვისაა დამახასიათებელი. შეიძლება ითქვას, რომ ამ ცოდვით დაავადებულია მთელი კაცობრიობა, გამონაკლისს წარმოადგენენ მხოლოდ მცირერიცხოვანი ჭეშმარიტად თავდაბალნი. მაგრამ ეს დაავადება სხვადასხვა სტადიაშია, ამასთან ერთად, მოჩვენებითი, ფარისევლური მორჩილებითაა დაფარული. ამიტომ იგი სრულად არ გამოვლინდება და ხშირად სრულყოფილად არცაა შეფასებული.
ადამიანთა მოდგმის მტერი სხვადსხვა ცოდვებსა და დანაშაულის სურვილს აღგვიძრავს. იგი ეშმაკი, მზაკვარი და სასტიკია. მან კარგად იცის თითოეული ჩვენთაგანის მიდრეკილებანი და მოხერხებულად ესხმის თავს განსაკუთრებით იმ ადამიანის სუსტ ადგილს, ვისაც ძლიერი ნებისყოფა არა აქვს.
არაფერია გასაკვირი იმაში, რომ ეშმაკი ადამიანს ადვილად აგდებს ამპარტავნებაში. ჩვენი სული ხომ ღვთის ხატად და მსგავსად სუფთა, ნათელი და სათნოებებით აღსავსეა. თავისი ბუნებითაც სული ყოველივე კარგის, კეთილშობილის, ამაღლებულისაკენ მიისწრაფვის. მას სურს, ყოველთვის პირველ რიგში იყოს, რაც შეიძლება, სწრაფად მიაღწიოს სრულყოფილებას, ნეტარებას.
მაშ, მითხარით საქებარი არაა სულის ეს მიდრეკილებანი? რასაკვირველია, საქებარია! მაგრამ საბრალო, გამოუცდელი სული ვერც კი მოასწრებს გამორკვევას, რომ პირველი ნაბიჯებისთანავე ეშმაკის მზაკვრულ ქსელში ხვდება. და რაც მეტად მიისწრაფვის იგი პირველობისაკენ, სრულყოფილებისაკენ (მისი საერო გაგებით), თავისი გამოუცდელობით სულიერი ხელმძღვანელის, სულიერი მოძღვრის გარეშე სულ მეტად და მეტად ებმება ბოროტის მახეში.
საქმე იმაშია, რომ ბოროტი ძალა ადამიანს ატყუებს, უნერგავს რა მას დამახინჯებულ სწავლებას ნეტარების შესახებ. სთავაზობს მას დროებით, მიწიერ „ნეტარებებს"; ეხმარება ასეთი ნეტარების მიღწევაში და მზაკვრულად უმალავს ადამიანს, რომ მისი ცხოვნება და ჭეშმარიტი მარადიული ნეტარება უკუპროპორციულია მიწიერი, სწრაფადწარმავალ „ნეტარებისა". ეს რომ ყველამ იცოდეს და მთელი სერიოზულობით, კარგად გაიაზროს იგი საკუთარ თავში, ბოროტი ძალა უძლური აღმოჩნდებოდა და ადამიანებს ვერ ჩაუნერგავდა ამპარტავნების განზრახვას თვით მათი აურაცხელი კეთილი საქმეების გამოც კი. ყველა გულწრფელად ეტყოდა საკუთარ თავს:
- რით შემიძლია თავის ქება? მხოლოდ უძლურებითა და ნაკლოვანებებით. თუ რაიმე კარგი გამაჩნია, ყველაფერი ღვთისგანაა! - და თავისი თავმდაბლობით განდევნიდა ბოროტ ძალას.
მაგრამ უბედურება იმაშია, რომ ადამიანი უფრო დიდი სურვილითა და ყურადღებით უსმენს თავისი მტრის ხმას, ვიდრე თავისი მაცხოვრისას. ვიწრო, ეკლიანი და მძიმეა მორჩილი და თავმდაბალი ქრისტიანის გზა, იგი მსხვერპლს მოითხოვს... მას ღვთისა და მოყვასისათვის საკუთარი თავის უარყოფა სჭირდება. ამ გზაზე კი ეშმაკი გამუდმებით გამოსცდის. საჭიროა დიდი ნებისყოფა, რათა ადამიანი საცდურს არ დანებდეს, არ შეუშინდეს გამოცდასა და ბრძოლას ბოროტ ძალასთან.
ფართო, სწორი და მსუბუქი გზა ადამიანისა (მე მას ქრისტიანს არ ვეძახი), რომელიც ეშმაკის ნებაზე ცხოვრობს, თავის ვნებებს მიჰყვება და მის მოთხოვნებს ასრულებს. გარეგნულად იგი ია-ვარდითაა მოფენილი... მაგრამ ხანგრძლივია იგი?
აი, ჩვენს წინაშეა დამახასიათებელი მაგალითი - ამპარტავნება. ბოროტი ძალა მისი უხილავი თანამგზავრი იყო და ეხმარებოდა ცხოვრებისაგან მიეღო ყოველივე, რისი მიღებაც მოკვდავ ადამიანს შეუძლია: ახალგაზრდობა, ჯანმრთელობა, სილამაზე, სიმდიდრე, პატივი და დიდება, თავბრუდამხვევი წარმატებები, ნიჭი, ტალანტი - ყოველივე წინ დაუფინა უხილავმა მზაკვარმა თანამგზავრმა, ოღონდაც გაეღვიძებინა მასში ყველაზე დამღუპველი ვნება - ამპარტავნება. უზრუნველი ადამიანი ადვილად აღმოჩნდა ფართო გზაზე, ტკბებოდა მოჩვენებითი ბედნიერებით და მისთვისვე შეუმჩნევლად აღმოჩნდა უფსკრულის პირას... გარშემომყოფთათვის აუტანელი გახდა და მას უკვე გაურბოდნენ. აღარ იჩენდნენ ინტერესს მისი პიროვნების მიმართ, აღარ გამოხატავდნენ აღფრთოვანებას მისი ნიჭიერებით, ტალანტით და მაშინ მან ყველა შეიძულა. მთელი მისი არსება სიბნელემ მოიცვა, გონება ებინდება და იგი შეშლილობამდე მიდის. ცხოვრების აზრი დაკარგულია, რჩება ერთადერთი ხსნა - ტანჯვის შეწყვეტა, ყოველივეს დავიწყება... ეშმაკს უხარია! კიდევ ერთი მსხვერპლი - საბრალო თვითმკვლელი, რომელიც მისი სამუდამო მონაპოვარი ხდება.
აი, ასეთ სამწუხარო დასასრულამდე მივყავართ ამპარტავნებას. პასუხი თავისთავად ცხადია.
თავმდაბალი ადამიანი კი ნეტარ დასასრულამდე მიდის: მარადიულ სიხარულში, მარადიულ ნეტარებაში. დიახ, გულახდილად რომ ითქვას, მართლა ასე მძიმე და რთულია უბრალო მოკვდავი ქრისტიანის გზა, რომელიც ხალხის საზოგადოებრივი მსახურების აღთქმით არაა შებორკილი? თავმდაბალი ადამიანისთვის მხოლოდ გზის დასაწყისია მტკივნეული, შემდეგ კი სათნოებებში ვარჯიში ჩვევაში გადაიზრდება და იგი აღარ განიცდის ეშმაკის გამოცდას, პირიქით, გახარებულია საკუთარ თავზე მოპოვებული თითოეული გამარჯვების შემდეგ. ხოლო მაშინ, როდესაც იგი საბოლოოდ განმტკიცდება ამ სათნოებაში, ბოროტი ძალა ვეღარ ბედავს მასთან მიახლოებას, რადგან თავმდაბლობა ამარცხებს ეშმაკებს და განსდევნის მათ.
მაშინ ეშმაკი ცდილობს, ძილში აცდუნოს იგი, მაგრამ ასეთ შემთხვევაში იგი ნაკლებად წარმატებულია, რადგან ჭეშმარიტად თავმდაბალი ადამიანი ყველასათვის სასიამოვნო და საყვარელია.
რაოდენ არამიწიერი სიხარული აღავსებს თავმდაბალი ადამიანის სულს! რა სულიერი სიმშვიდე! როგორი რეალური სიახლოვე და ურთიერთობა ღმერთთან!
განსაცდელი სასარგებლოა ჩვენთვის. ის გამოსცდის, განწმედს და აცისკროვნებს სულს და გვიჩვენებს, რაოდენ ძლიერია ჩვენი რწმენა. ამიტომ განსაცდელის ჟამს სასოწარკვეთილებას ნუ მიეცემი, საჭიროა, მამაცურად ებრძოლო მას და, რაც მთავარია, არ დაუშვა აზრი: „მე სხვებზე უკეთესი ვარ". პირიქით, სისხლითა და ოფლით უნდა არწმუნებდეთ საკუთარ თავს: „მე ყველაზე უარესი ვარ". უნდა ეცადოთ, საკუთარ თავში იპოვნოთ ის, რაც ამ აზრს განამტკიცებს. ოღონდ, ნურასოდეს დაივიწყებ, რომ, რამდენი განსაცდელი და უსიამოვნებაც არ უნდა შეგხვდეს ცხოვრების გზაზე, ისინი ყოველთვის გამოცდად უნდა მიიღო და არა ღვთისაგან დავიწყებად. ეს ბევრ ქრისტიანს ემართება. სწორედ ამიტომ ვარდებიან სასოწარკვეთილებაში, რამეთუ თავს უარყოფილად თვლიან.
გამოცდა არის გზა, რომელსაც ღვთის შემეცნებამდე მივყავართ. ყოველგვარი უბედურება, გასაჭირი და განსაცდელი ანგრევს ჩვენს სულს. მაგრამ მწუხარეთა სანუგეშოდ ქრისტე ბრძანებს: „ხმა-ყოს ჩემდამო და მე ვისმინო მისი და მის თანა ვიყო ჭირსა შინა; ვიხსნა იგი და ვადიდო იგი. დღეგრძელებითა განვაძღო იგი და უჩუენო მას მაცხოვარებაჲ ჩემი" (ფს. 90, 15-16).
განსაცდელის ჟამს ჩვენ უკეთ და ნათლად შევიცნობთ, რომ არა ვინმე სხვა, არამედ სწორედ ღმერთი (და მისი ყოვლადწმიდა დედა) ანუგეშებს ჩვენს მწუხარებას, განკურნავს სნეულებს, შეგვეწევა სიღარიბის ჟამს, სიკვდილისაგან გვიხსნის; შევიმეცნებთ იმასაც, რომ იგი ჩვენი ცხოვრების, ცხოვნებისა და ბედნიერების ერთადერთი წყაროა. ამიტომ ყოველგვარი მწუხარება უნდა გვიხაროდეს, არ უნდა ვდრტვინავდეთ და სასოწარკვეთილებას არ უნდა ვეძლეოდეთ.