წმ. თეოფანე დაყუდებული
ფსევდო მქადაგებელთა წინააღმდეგ
წერილებიდან: „სხვადასხვა პირებს"
VIII.
იმისათვის, რომ სარწმუნოება გვქონდეს ისეთი, როგორიც საჭიროა, და საქმეც სასიკეთოდ სრულდებოდეს, აუცილებელია ჩვენთვის სულიწმიდის მადლი. უიმისოდ რწმენა კი არა, სიკეთის ქმნაზეც ვერ ვიფიქრებთ (2 კორ. 3,5); რომც არ გვეფიქრა კიდეც, შესრულების ძალა მაინც არ გვექნებოდა. რადგან, როგორც წმ. მოციქული პავლე ამბობს, სიკეთის კეთებას ჩვენ კი ვცდილობთ, მაგრამ, როგორც კი საქმე მოახლოვდება, მაშინვე უკან ვიხევთ: „რამეთუ ნებაჲ იგი წინა მიც მე, ხოლო საქმედ კეთილისა მის არა ვჰპოვებ" (რომ. 7,18).
ამგვარად, უფალს რომ მხოლოდ ეჩვენებინა ჩვენთვის, რისი გვწამდეს და როგორ უნდა ვიცხოვროთ, და ასე მივეტოვებინეთ, ჩვენ მივემსგავსებოდით მათ; ვინც განათებულია მზის სინათლით, ხედავს გზას, რომლითაც უნდა იაროს და შეგნებულიც აქვს ამ გზით სიარულის საჭიროება; თუ არადა, დაიკარგება, მაგრამ სასიარულო ძალები არა აქვს იმიტომ, რომ ავადმყოფია და სუსტი. ამ შემთხვევაში, უმჯობესი იქნებოდა არაფერი გვცოდნოდა და არაფერს ვხედავდეთ, ვიდრე ვიცოდეთ, ვხედავდეთ და არ გამოვიყენოთ ნასწავლი და დანახული.
აკი მოწყალე უფალმა არ დაგვტოვა ჩვენ მარტო ამის ამარა, არამედ გარდამოავლინა სულიწმიდა, რომ მან, ჩვენში მოქმედმა, მოახდინოს ჩვენი სულების ხსნა.
სულიწმიდა გარდამოვიდა მოციქულებზე, შემდეგ კი მათი მეშვეობით გადაეცა ყველა მორწმუნეს. იგი მოციქულთა სიტყვით აღვიძებდა რწმენას მათში, ვისაც უნდოდა, რომ ერწმუნა, და იმათში, რომლებიც რწმენით იღებდნენ გადაწყვეტილებას წმინდად ეცხოვრათ, და აძლევდა ძალას ამ გადაწყვეტილებების სისრულეში მოსაყვანად. რასაც აკეთებდნენ მოციქულები, ის კეთდებოდა შემდეგშიც და გრძელდება დღემდე მათი მემკვიდრეების მიერ უფლის მიერ დადგენილი წესრიგით. სულიწმიდის მადლი იმყოფება რა მორწმუნეთა დასში, ანდა წმ. ეკლესიაში, ყველას ანათლებს, ამტკიცებს და აღავსებს მადლით.
და თუ ვინმე გადარჩა, ეს მხოლოდ ღვთის მადლის მეშვეობით. „მადლითა ხართ გამოხსნილ სარწმუნოებისა მიერ", ამბობს წმ. პავლე მოციქული (ეფ. 2,8). სულიწმიდის მორწმუნეებზე გადმოსვლასთან დაკავშირებით იგი ისეთი დარწმუნებით ამბობს, რომ მასში ეჭვის შეტანა შეუძლებელია: „არა უწყითა, რამეთუ ტაძარნი ღმრთისანი ხართ, და სული ღმრთისაჲ დამკჳდრებულ არს თქუენ შორის?" (1 კორ. 3,16) და მან თვით თავის თავზე აღიარა: „მადლითა ღმრთისაჲთა ვარ, რაჲ-იგი ვარ" (1 კორ. 15,10). ხოლო წმ. პეტრე თავისი თავისა და ყველას მაგივრად ადასტურებს: „რომელმან-იგი ყოველივე თვისისა ღმრთეებისა ძალი საცხორებელად მოგუანიჭა ჩუენ" (2 პეტრ. 1,3).
ამიტომ იყო, რომ ყველა მოციქული, როდესაც სწერდნენ მორწმუნეებს, წერილების დასაწყისშიც და დასასრულსაც, როგორც ერთადერთ კეთილდღეობას, ისე უსურვებდნენ მათ ღვთაებრივ მადლში ყოფნასა და მის გამრავლებას: „მადლი თქუენ თანა და მშვიდობაჲ განმრავლდინ; კურთხევა უფლისა თქუენ ზედა". სხვათაშორის, ვერავინ შეგვეკამათება იმაზე, რომ სულიწმიდის მადლი, როგორც გადამრჩენელი ძალა, აუცილებელია ჩვენთვის და, რომ მხოლოდ მას ძალუძს ჩვენი ხსნა.
მაგრამ იმის შესახებ, თუ როგორ მიიღება მადლი, ბევრი კამათობს. მე განგებ გესაუბრები ამ საგანზე, რადგან ვშიშობ, ხომ არ მიეკუთვნება თქვენი ახალი რჯულის მასწავლებელი იმ ადამიანთა რიცხვს, რომელთაც არასწორად ესმით ეს საკითხი; ვინაიდან არიან ისეთი „ბრძენნიც", რომელნიც ამტკიცებენ, რომ როგორც კი ღმერთს იწამებ, ღვთის მადლი მაშინვე გადმოვა და ჩასახლდება შენში. ასე რომ, იცოდე და მტკიცედ გჯეროდეს იმისა, რომ სულიწმიდის მადლი შედის ადამიანში მხოლოდ იმ საიდუმლოებების გზით, რომლებიც თვით უფალმა დაუდგინა ეკლესიას წმ. მოციქულების ხელით. ამაში რომ უფრო დარწმუნდე, მოგიყვან რამოდენიმე მაგალითს იმის შესახებ, თუ როგორ ხდება ღვთის ნებით მადლის მიღება.
ა) თავად უფალმა, ნიკოდიმოსთან საუბარში თქვა: „უკუეთუ ვინმე არა უშვეს მეორედ", გულისხმობდა რა ახალი ცხოვრებისათვის დაბადებას. რა გზა მიუთითა მან ამისათვის? განა თქვა, რომ გწამდეს, გააღე პირი, სულიწმიდის მადლი შემოვა შენში და ახლიდან გშობს? არა, არ უთქვამს. მაშ, რა თქვა? „უკუეთუ ვინმე არა იშვეს წყლისაგან და სულისა, ვერ ჴელ-ეწიფების შესლვად სასუფეველსა ღმრთისასა" (ინ. 3,3-5). დაბადება წყლითა და სულით არის წმ. ნათლობა - პირველი ქრისტიანული საიდუმლო.
მაგრამ ხელახლა დაბადება, მხოლოდ უნარს აძლევს ჩვენს ბუნებას, მიიღოს, დაიტიოს და შეინახოს სულიწმიდის მადლი. თვით ამ მადლის გადმოსვლა ხდებოდა განსაკუთრებული საიდუმლოთი, კერძოდ, მოციქულთა მიერ ხელდასხმით.
ბ) ეს აშკარად წარმოაჩინა ერთმა შემთხვევამ წმ. პავლეს ეფესოში სამოციქულო მოღვაწეობის დროს. როდესაც ეფესოში მივიდა, მოციქული შეხვდა თორმეტ მორწმუნე ადამიანს და ჰკითხრა მათ:
- მიიღეთ თქვენ სულიწმიდა, სარწმუნოებაზე მოქცევასთან ერთად?
მათ უპასუხეს: - ჩვენ არც კი გაგვიგია, რომ არსებობს სულიწმიდა.
- როგორ მოინათლეთ? - ჰკითხა წმ. პავლემ.
- იოანეს ნათლობით, - უპასუხებდნენ ისინი.
მაშინ წმ. პავლემ აუხსნა მათ, რომ იოანეს ნათლობა იყო მხოლოდ მოსამზადებელი საფეხური იესო ქრისტეს რწმენის მისაღებად. შემდეგ უფრო სრულად განუმარტა სახარებისეული სწავლებით, მონათლა ქრისტიანული ნათლობით, ნათლობის დროს დაასხა ხელი და მათ მიიღეს სულიწმიდა.
ხედავ, ნათლობა ცალკეა და ხელდასხმა ცალკე, და სულიწმიდის მადლიც მხოლოდ ხელდასხმის შემდეგ გადმოვიდა?! ხედლასხმა მოციქულებმა შემდეგში შეცვალეს მირონცხებით, რომელიც გადასცეს თავიანთ მემკვიდრეებს, როგორც საიდუმლო, როგორც სულიწმიდის ნიჭი მორწმუნეებზე გადმოსული. ახლაც მოქმედებს ეს საიდუმლო წმ. ეკლესიაში.
ეს ორი მაგალითი სავსებით საკმარისია შენთვის, დაინახო, რომ სულიწმიდის მადლი მიიღება არა აზრობრივად ერთი მარტო რწმენისათვის, არამედ ხილული გზით წმ. საიუდმლოებების მეშვეობით.
ასე თვით უფალმა დაგვიდგინა. ჩამოგითვლი მხოლოდ დანარჩეს საიდუმლოებებს: ნათლობის შემდეგ ჩადენილი ცოდვების მიტევება ხდება არა მხოლოდ წუხილისა და ღვთისადმი მათი აზრობრივი აღიარებისათვის, არამედ გულის შემუსვრიულებისა და გადაწყვეტილებისთვის აღარ სცოდო მეტად, სულიერ მოძღვართან აღსარებისა და მისგან ცოდვების განხსნის შემდეგ.
ცოცხალი ურთიერთობა ღმერთთან ხდება ევქარისტიის საიდუმლოში, უფლის სისხლთან და ხორცთან ზიარების დროს.
მადლიანი ძალების მინიჭეაბ, მოციქულთა საქმეების გასაგრძლებელად ეკლესიის შექმნაში ხდება ეპისკოპოსებისა და მღვდლების ხელდასხმის გზით.
ჯვრისწერი საიდუმლოში ხდება ორი ადამიანის - ქალისა და მამაკაცის შეუღლება.
ავადმყოფობები იკურნება ზეთისცხების საიდუმლოს მეშვეობით.
აი, ეს შვიდი ნაკადი ღვთიური მადლისა წმ. მართლმადიდებელ ეკლესიაში მოქმედი; და სხვა გზა მადლის მიღებისა არ არსებობს. ვინც დაგიწყებს ახალი გზის სწავლებას, ზურგი შეაქციე, როგორც ცრუ-მასწავლებელს.