† orthodox.do.am † ცნობარები, ლექსიკონები - ფსალმუნნის ძველ-ქართულ სიტყვათა, გეოგრაფიულ ადგილთა და ისტორიულ მოვლენათა განმარტებანი

ფსალმუნნის ძველ-ქართულ სიტყვათა,
გეოგრაფიულ ადგილთა და ისტორიულ მოვლენათა განმარტებანი

წინათქმა გამომცემელთაგან

ავტორის წინასიტყვაობა

 

                                                           

 

.: მ :.

მადიამი (82, 9) - აბრაამის ძის მადიამისაგან წარმომდგარი ხალხი, რომელიც შეეძინა მას უკანასკნელი ცოლის ქეტურასაგან (შესაქ. 25, 1-4).

„მადიამი" ერქვა მათ მეფესაც.

     
მანანა (77, 24) - ზეციური პური; თეთრი თაფლნარევი პურის ნამცეცები, რომელიც უფალმა გამოუგზავნა ეგვპტიდან გამოსულ ებრაელებს. ცვიოდა ციდან ყოველდღე, გარდა შაბათისა. ამით იკვებებოდნენ ისრაელიანები, ვიდრე აღთქმულ ქვეყანაში არ შევიდნენ (გამოს. 16, 14-36). როდესაც ისრაელიანებმა პირველად იხილეს ციდან პურის ცვენა, გაკვირვებულები კითხულობდნენ: „ეს რა არის?", რაც ებრაულად ამგვარად გამოითქმის: „მან-ღა?". აქედან „ზეციური პურის" წარმომდგარი სახელი - „მანანა".

ნარჩენი ამ მანანისა ინახებოდა სჯულის კიდობანში საწამებლად (დასამოწმებლად, დასამტკიცებლად) ჭეშმარიტი სჯულისა, სანამ იერუსალიმი დაიქცეოდა.

     
მანასე (59, 7) - ხალხი, რომელიც წარმოსდგა იოსების ძის მანასესგან. განსახლდნენ მკვდარი ზღვის ჩრდილოეთ ნაწილიდან იორდანემდე (იხ. „ეფრემ").
     
მართლ-უკუნ-იქცენ (69, 2) - უკუიქცნენ, უკან გაბრუნდნენ (მართლ-უკუნ - პირ-უკუღმა).
     
მართუე, მართვე (83, 3) - ყველა ფრინველთა შვილების ზოგადი სახელი (იხ. ს.ს. ორბელიანი).
     
მარჯულ ჩემსა არს (15, 8) - ჩემს მარჯვნივ არის, რაც ნიშნავს, რომ ჩემს მხარეს ანუ ჩემთან ახლოს არისო.

{აქ შეიძლება იგულისხმებოდეს აგრეთვე უფლის ანგელოზის თანადგომა, რადგან, როგორც ქრისტიანული სწავლებიდან არის ცნობილი, მფარველი ანგელოზი ადამიანს მხარმარჯვნივ უდგას. აქაც უცილოდ სიმბოლურ განმარტებასთან გვაქვს საქმე}

     
მაღნარი (28, 9) - მთაზე შეფენილი დიდი და ხშირი ტყე (ტევრი), მსხვილბალახოვანი, „მაღნარნი" - მრავლობითი ფორმაა.
     
მაჭირვებელი (26, 2) - ჭირის მომცემი, შემაწუხებელი, მჩაგვრელი.
     
მდინარე ბაბილოვნისა (136, 1) - ბაბილონის მდინარეთა შორის გამოირჩევა მდინარე ქოვარი, რომლის სანაპიროზეც დასახლდნენ დატყვევებულ ებრაელთა უმეტესი ნაწილი. აქვე, სამშობლოსადმი ნოსტალგიით შეპყრობილმა წინასწარმეტყველმა იერემიამ შეთხზა „გოდება" ებრაელთა მიერ წმიდა ქალაქ იერუსალიმის დაკარგვის გამო (იხ. „გოდება იერემიასი").
     
მეებნე (67, 25) - ებანის დამკვრელი, მედაირე. ზოგი მონაცემით ებანი იყო დაფის, დაირას მსგავსი დასარტყამი ტყავგადაკრული საკრავი; ამასთანავე, არის მოსაზრება, რომ ებანი იყო სიმებიანი საკრავი.
     
მელქისედეკი (109, 4) - მეფე შალომისა (სალომისა, სალიმისა, რაც ებრაულად ნიშნავს „მშვიდობას"), ანუ იერუსალიმისა, რომელსაც წმიდა ეკლესია მიიჩნევს იესო ქრისტეს სახედ. როდესაც აბრაამმა სძლია ელადის მეფეს და გაათავისუფლა მის ტყვეობაში მყოფი თავისი ძმისშვილი ლოთი, მეფე მშვიდობისა მელქისედეკი გახარებული შეეგება მას და აკურთხა იგი (შესაქ. 14, 18-20), რაც ითვლება მეფე-მღვდელმთავრად კურთხევის წესად, რასაც ადასტურებს პავლე მოციქული ებრაელთა მიმართ ეპისტოლეში, სადაც იგი მაცხოვარს ალეგორიული ფორმით თვითკურთხეულ მეფე-მღვდელმთავრად ასახელებს (განსჯ. იხ. ებრ. 5, 5-6, VII თ.).
     
მეფენი საბასნი   - იხ. „საბა".
     
მეძავი (49, 18) - უქმრო ბოზი დედაკაცი. მემრუშე - ქმრიანი ბოზი დედაკაცი. მრუში - ცოლიანი გარყვნილი მამაკაცი.
     
მთავარნი
ნეფთალემისანი
(67, 27) - მამათ-მთავარ მეფთალემის ტომის უფროსები.
     
მთა პოხილი და
შეყოფილი
(67, 15) - მთა ნოყიერი (ნაყოფიერი) და შეერთებული (გრეხილი), ანუ ნაყოფიერი მთაგრეხილი. ასეთია სიონის მთა, რომელიც შეერთებულია მორიას მთასთან. ეს მთაგრეხილი „სთნდა ღმერთსა დამკვიდრებად" (67, 16), ანუ ისურვა (ინება) ღმერთმა თავის სამოსახლოდ, ამიტომაც იწოდება „მთაჲ ღმრთისაჲ".

„რასამე ჰგონებთ თქუენ, მთანო შეყოფილნო?" (67, 16) - ამ სიტყვებით დავით მეფე-წინასწარმეტყველი თითქოს ნიშნს უგებს სხვა მთაგრეხილებს, კერძოდ ბაშანის მთას, რომ სიონზედ ინება ღმერთმა დამკვიდრება და არა თქვენზეო.

     
მთნავს (131, 14) - მსურს, მნებავს; მომწონს, მსიამოვნებს.
     
მთხრებლი (56, 6) - ნიშნავს ყოველნაირ თხრილს. ამ შემთხვევაში იგულისხმება კაცის ჩასავარდნად გამზადებული თხრილი, ორმო.
     
მიეწიფნეს   - სიტყვიდან „წიფება", რაც ნიშნავს „შეძლებას" (აქედან შედგენილი სიტყვები: ხელმწიფე, მოწიფული და ა.შ.). მიეწიფნეს, ანუ შეძლეს თავისი სურვილის ასრულება - მიუახლოვნდნე, მიხვდნენ და მისთ.
     
მივდრეკ ჭენებით
დაცემად
(117, 13) - დაძგერებით, დაჯახებით (ამ მნიშვნელობას ატარებს ამ შემთხვევაში სიტყვა „ჭენება") მივიდრიკე დასაცემად, ანუ კინაღამ დავეცი („მივდრეკ დაცემად"), მაგრამ უფალი შემეწია მე („უფალმან ხელი აღმიპყრა მე" - იქვე).

{აქ შეიძლება ვიგულისხმოთ აგრეთვე ადამიანის სულიერი მდგომარეობა, რომელიც ბოროტ ძალთა შემოტევის გამო მიიდრიკა დასაცემად, კინაღამ დაეცა სულიერად, მაგრამ უფალმა დაიფარა იგი}

     
მივრდომა (83, 10) - შეხიზვნა, თავის შეფარება.
     
მიმცხოვანებადმდე (70, 18) - მოხუცებულობამდე. მხცოვანი (მხცოიანი) - წვერთეთრი მოხუცებული. მხცოვანება - წვერთეთრობა.
     
მოაბ (107, 9) - ლოთის ძის მოაბისაგან წარმომდგარი ხალხი (შესაქ. 19, 30-38). მკვიდრობდნენ იორდანეზე, იერიქოს მხარეში. მათი ქვეყანა დაიპყრეს ებრაელებმა, ხოლო მცხოვრებნი გაწყვიტეს (რიცხვ.).
     
მოახს (36, 13) - მოახლოვებულია, ახლო არის.
     
მომახსენე (118, 49) - გამახსენე, მომაგონე; შემატყობინე, გამაგებინე.
     
მომეწიფნეს (17, 5) - მომიახლოვდნენ, წინ გადამეღობნენ (იხ. „მიეწიფნეს").
     
მოსავ-ყოფაჲ (117, 8)
(118, 49)
- იმედიანად ყოფნა, იმედიანობა. მოსავ-მყავ - იმედიანად მამყოფე, დამაიმედე. 117,8 ფსალმუნი ერთგვარად განმარტავს „კაცთ-მოთნეთა" დასჯის მიზეზს (იხ. „კაცთ-მოთნე").
     
მოსპე (118, 22) - აღმოფხვერი, გაანადგურე.
     
მოქლონნი   - დასაკეტი მოწყობილობების ზოგადი სახელი (ურდული, კლიტე და მისთ.).
     
მოქცევი (68, 2) - (და არა მოქცევა). ბუნებაში არსებული ბრუნვადი პერიოდული (განმეორებადი) მოვლენების ზოგადი სახელი. მაგ. მზის მოქცევა, წელიწადის მოქცევა და სხვ. კერძოდ, ამ ფსალმუნში იგულისხმება კარგად ცნობილი ე.წ. „ზღვის მოქცევა", რაც ნიშნავს ზღვის დონის პერიოდულ აწევას (საპირისპირო - მიქცევა, უკუქცევა).
     
მსახრვალი   - სიზმრის ამხსნელი, ანუ ღაზარინელი (დან. 5,15). მსახრვალი ჰქვია აგრეთვე გრძნეულებით (ჯადოქრობით) გამძვინვარებულ მხეცთა დამამშვიდებელს.
     
მსხემი (38, 12)
(104, 12)
- მდგმურივით, ადრე წარმავალი; აგრეთვე უცხო, ეული.
     
მსხუერპლი, მსხვერპლი (26, 6) - შესაწირავი. „მსხვუერპლი ქებისა და ღაღადებისაჲ" - იგულისხმება დიდება ღვთისადმი, უსისხლო შესაწირავი.
     
მური (44, 8) - სურნელოვანი ფისი, რომელსაც ძველ დროში ხმარობდნენ მიცვალებულებისათვის წასასმელად, ანუ შესამურავად.
     
მღვიმე (27, 1)
(142, 7)
- მთაში ან კლდეში (მიწის ქვეშაც) არსებული სიცარიელე, რომელსაც გამოსასვლელი არ აქვს, იგივე გამოქვაბული. შეიძლება იყოს ხელოვნურიც. მღვიმეებს იყენებდნენ ადამიანთა პატიმრობისათვის. ასევე განდეგილები სოფლისაგან მოსაწყვეტად და ლოცვისა და სინანულისათვის.

{აღნიშნულ ფსალმუნებში შესაძლებელია დავით მეფე გულისხმობდეს „სულიერ მღვიმეს", რომელშიც ცოდვილი იგდებს თავს}

     
მყის სისრა-უყონ (63, 4) - უსწრაფესად ესროლონ.
     
მყარი   - მაგარი, მტკიცე, მკვიდრი.

{ამ სიტყვაში შეიძლება ვიგულისხმოთ მატერიალური ნივთი ან ფიზიკური სამყარო. თვით სიტყვა „სამყაროც" ხომ „მყარისგან" გამომდინარეობს}

     
მყუარი, მყვარი (77, 45) - ბაყაყის სახეობაა, რომელსაც აქვს ამაღლებული ზურგი. მეტად მყრალი და იმდენად ლორწოვანია, გახურებულ ცეცხლშიც რომ ვამყოფოთ, ორ საათს მაინც დაიფარავს თავისი სინოტივე დაწვისაგან.
     
მძორი (78, 2) - მკვდრის გვამი.
     
მწამლველი (57, 5) - სულხან საბას განმარტებით „გრძნების მოქმედი", ანუ განსაკუთრებული სახეობა გრძნეულებისა, რომელიც წამლებით ზემოქმედებას ეფუძნება.

{აღნიშნული ფსალმუნის საწინააღმდეგოდ პავლე მოციქული ამგვარ ქმედებას უარყოფით ქმედებათა რიცხვში აქცევს (იხ. გალ. 5, 20)}

     
მწყერ-მარხილი (104, 40) - მწყერის სახეობა, რომელიც ზღვის მახლბლად ბინადრობს, კერძოდ არაბეთში.
     
მწყობრი (150, 4) - ამ შემთხვევაში შეიძლება იგულისხმებოდეს მწყობრში ცეკვა ან ხმაშეწყობილი სიმღერა. ზოგადად „მწყობრი" ნიშნავს გარკვეული წესრიგით განლაგებულ ადამიანთა ჯგუფს. მაგ. ჯარისკაცთა მწყობრი, მოასპარეზეთა მწყობრი და სხვ.
     
მჭელეული (125, 6) - ხელეული (ხელეური), ნამგლით მომკილი პური, რაც მომკელის ერთ მუჭში თავსდება.
     
მხუმილი ანუ მხმილავი (126, 1)
(ქება 5, 7)
- ღამის დარაჯი, ღამის გუშაგი. პატრონის კართან დარაჯი (იხ. „სახუმილავი").

ზევით

 

.: ნ :.

ნავნი თარშისანი (47, 7) - ნავები ანუ გემები (ხომალდები) ესპანეთისა, რომელნიც ცურავდნენ ხმელთაშუა ზღვაში (ეზეკ. 27, 25-36).
     
ნატამალი (108, 10) - ნაოხარი, ნანგრევები, ადრე ნასახლარი. ძველად „ნატამალს" ხმარობდნენ „შთამომავლის", „ნათესავის" მნიშვნელობითაც. ნატამალი არის აგრეთვე სულ მცირე ნაწილი რაისამე, ანუ „ნასახი".
     
ნაღუარევი (109, 7) - 1. ნაკადული. 2. მშრალი ხევი.
     
ნაძვი ლიბანისა (28, 5)
(91, 12)
- ნაძვის განსაკუთრებულად ლამაზი ჯიში, რომელიც იზრდება ლიბანის მთაზე.
     
ნესტვი ჭედილი (97, 6) - „ნესტვი" ჰქვია ყოველგვარ ჩასაბერ ნასვრეტებიან საკრავს. მაგ. სტვირი, სალამური და მისთ. იყო ორნაირი - შეჭედილი ვერცხლით („ნესტვი ჭედილი") და რქისგან დამზადებული („ნესტვი რქისაჲ").
     
ნეშტი (75, 10) - რაისამე ნარჩენი, ნაშთი.

{თანამედროვეობაში იხმარება „ცხედრის" მნიშვნელობითაც}

     
ნიში (45, 8) - სასწაული, ღვთიურობით აღბეჭდილი რისამე მანიშნებელი მოვლენა.

{„ნიში" ჰქვია აგრეთვე ტაძარში რომელიმე წმინდანისთვის გამოყოფილ მცირე სალოცავს. ასევე გამოღრმავებულ ადგილს კედელში რისამე შესადგმელად}

     
ნიჭი (67, 18) - უფლის საბოძვარი; სულიერი ძღვენი, რომელიც მადლის სახით ეძლევა ადამიანს და აღმოაცენებს მასში რაიმე დადებით უნარს.
     
ნუ დასდუმნები ჩემგან (27, 1) - ნუ დადუმდები ჩემს მიმართ, რაც ნიშნავს - ზურგს ნუ მაქცევ, შენს მფარველობას ნუ მომაკლებ უფალო.
     
ნუ ჰყოვნი (39, 17) - ნუ დააყოვნებ. იგულისხმება - წყალობას ნუ მომაკლებ უფალო.

ზევით

 

.: ო :.

ოგ მეფე ბასანისა (135, 20) - და სეონ მეფე ამორეველთა (იხ. „ამორეველნი").
     
ორბი (102, 5) - მაღალ მთებში მცხოვრები დიდი მტაცებელი ფრინველი, მეტად ძლიერი, ადვილად მაღლდება სივრცეში, გამოირჩევა მახვილი ყნოსვით და გამჭრიახი მხედველობით, ცოცხლობს ას წლამდე.

სულხან-საბას განმარტებით „ორბი" ზოგადი სახელია ყოველი ხორცის მჭამელი ფრინველისა.

{ამ შემთხვევაში ფსალმუნში ნაგულისხმევია მითიური ფრინველი „ფენიქსი" (ქართულად „ორბი"), რომელიც ბერძნების წარმოდგენით ხუთას წელიწადში ერთხელ მოფრინდებოდა ხოლმე არაბეთიდან ეგვიპტეში. მითის თანახმად, როდესაც ფენიქსი 500, 1461 და 7006 წლის გახდა - თავი დაიწვა, შემდეგ ფერფლიდან განახლებულ-გაახალგაზრდავებული აღსდგა და კვლავ განაგრძო ცხოვრება. ამიტომ გალობს ფსალმუნი: „განახლდეს ვითარცა ორბისა, სიჭაბუკე შენი"}

     
ორნატი (64, 10) - გუთნის ან სხვა სახვნელის ნაკვალევი, ხნული. „ორნატნი მისნი დაათრვენ" ნიშნავს - „ხნულები მისი მორწყეო".
     
ორღანო (150,4) - ბევრნაირი ხმებისგან შედგენილი ჩასაბერი საკრავი. ქართულად „ნესტვმრავალი" ეწოდება.
     
ორებ   - იხ. „ზებეე".

ზევით

 

.: პ :.

პირად-პირადი (44, 13) - სხვადასხვანაირი (ნაირ-ნაირი), ფერად-ფერადი.
     
პირმშო (104, 36) - უფროსი, ანუ პირველად დაბადებული შვილი (იხ. გამოს. XI თ.).

ზევით

 

.: რ :.

რააბი (86, 4) - იერიქოში მცხოვრები მეძავი დედაკაცი, რომელმაც თავისთან დამალა ისუ ნავეს ძის მიერ იერიქოს დასაზვერად გაგზავნილი ორი მონა, რომელთა დახოცვაც სურდა იერიქოს მეფეს. გადაარჩინა რა რააბმა ეს მონები, ავიდა მათთან და აღიარა, რომ სცნობდა ისრაელიანთა ღმერთს, რომელმაც მრავალი სასწაული აღასრულა; თანავე სთხოვა დაცვა თავისი სახლისა და სახლეულისა, როდესაც ისრაელიანები იერიქოს დაიპყრობდნენ, რაზეც ისუ ნავეს ძის მონებმა თანხმობა განუცხადეს (ისუ II თ.). ამიტომ ამბობს მეფსალმუნე: „მოვიხსენო მე რააბისი და ბაბილოვნისაჲ, რომელთა მიციან მე" (86, 4). ბაბილოვანი კი იმით იცნობდა ღმერთს, რომ მის დასავლეთით მდებარეობდა სწორედ ის უდაბნო, რომელშიც 40 წელი იმოგზაურეს ებრაელებმა და ამ ხნის განმავლობაში იქ უამრავი ღვთის საკვირველება და სასწაული აღესრულა, ზოგჯერ ღვთის რისხვისა და ზოგჯერ წყალობისა.
     
რაბამად, რაბამ (118, 103) - რარიგ, როგორ.
     
რომელსა დღესა
მჭირდეს მე
(101, 2) - როდესაც მიჭირდეს მე, ჩემი გაჭირვების ჟამს.
     
რომელი ჰმწყსი (79, 1) - რომელიც უვლი, რომელიც ჰპატრონობ.
     
რული, ჰრული (131, 4) - მსუბუქი ძილი, თვლემა.
     
რქანი ცოდვილთანი (74, 10) - ამ შემთხვევაში „რქაში" იგულისხმება ამპარტავნობა, ქედმაღლობა, ღვთისმბრძოლი ძალა.

{„რქაჲ მართლისაჲ" (იქვე) - აქ კი „რქა" გამოიყენება, როგორც სარწმუნოებრივი ძალის სიმბოლო, ღვთისმოსაობის აღმნიშვნელი}

     
რჩეული (17, 26) - იგულისხმება ღვთის წინაშე მართალი ადამიანი (საწ. იხ. „დრკუ").

ზევით