† orthodoxy.ge † ცნობარები, ლექსიკონები - ფსალმუნნის ძველ-ქართულ სიტყვათა, გეოგრაფიულ ადგილთა და ისტორიულ მოვლენათა განმარტებანი

ფსალმუნნის ძველ-ქართულ სიტყვათა, 
გეოგრაფიულ ადგილთა და ისტორიულ მოვლენათა განმარტებანი

წინათქმა გამომცემელთაგან

ავტორის წინასიტყვაობა

 

                                                           

.: შ :.

შევეყავ (118, 63) - შევუერთდი, თანაზიარ-ვექმენ.
     
შეიყო (118, 70) - შედედდა, გასქელდა; დამსუყდა.
     
შეუბრკუმენ სლვანი (36, 31) - „არა შეუბრკუმენ სლვანი მისნი", ანუ ფეხი არ წაბორძიკებიაო, არ შებრკოლებულაო ღვთისკენ მავალ გზაზე.
     
შტახსი (44, 8) - სურნელოვანი ნივთიერება.
     
შუანი (57, 6) - მხეცთა დიდი და მაგარი კბილები, ღოჯები.

ზევით

 

.: ჩ :.

ჩრდილოი და ბღუარი (88, 12) - ჩრდილოეთი და სამხრეთი.

ზევით

 

.: ც :.

ცვილი (21, 14) - თაფლის სანთელი.
     
ცმელი (16, 10) - სიმსუქნე, გადაუმდნარი ქონი.
     
ცუნდრუკება (40, 7) - ჩურჩლი ან თვალით მინიშნება ბოროტი განზრახვით.
     
ცხებული (27, 8) - ისრაელიანთა შორის „ცხებულად" ითვლებოდნენ და იწოდებოდნენ კეთილმორწმუნე მეფენი, წინასწარმეტყველნი და სასულიერო პირნი, რომელთა „ცხება" ნიშნავდა ღმრთისგან მათთვის სულიწმიდის მადლის და შესაბამისად მართლმსაჯულების უფლების მინიჭებას (გულისხმ. იხ. იოანე: 14, 26; 15, 16; 16, 8). ისინი იწოდებოდნენ „ქრისტედ" და მოასწავებდნენ საუკუნო მეუფეს, ყოვლის მეცნიერს, უმაღლეს მხედართ-მთავარს, ცხოველთა და მკვდართა უზენაეს მსაჯულს - იესო ქრისტეს.
     
ცხედარი (6, 6) - ძველ-ქართულად „დაუგებელი საწოლი".
     
ცხოვარი (43, 12) - ცხვარი. სულიერი მნიშვნელობით „ცხვრად" ქრისტიანული მრევლის (სამწყსოს) წარმომადგენელი იწოდება, ხოლო „მწყემსად" მოძღვარი მიწიერი, რაც მის ქრისტესთან - უზენაეს მწყემსთან მიმსგავსებას გამოხატავს.

ზევით

 

.: ძ :.

ძაღლის-მწერი (77, 45) - ბუზანკალი, ბუზი ძაღლისა და ცხენისა, რომელიც უფალმა სასჯელად მოუვლინა ეგვიპტელებს (გამოსლ. 8, 21).
     
ძაძა (34, 13) - ყისინა, მატყლის მსხვილი უხეში შალი, იცვამენ მგლოვიარობის და მარხვის ჟამს.
     
ძენი ედომისნი   - იხ. „ედომი".
     
ძეწნი (136, 2) - ტირიფის ხის სახეობა. სულხან-საბას განმარტებით „ძეწნი" არის - კაცის ხელით დანერგული წვრილფურცვლოვანი ტირიფი.
     
ძნობი (150, 4) - შეწყობილი ხმა.

ზევით

 

.: წ :.

წარეწირა (76, 2) - სასოებად (იმედად) ექმნა.
     
წარმართი (46, 3) - ძველი აღთქმის დროს „წარმართად" იწოდებოდა ყველა არაებრაელი ერი. ქრისტიანული მნიშვნელობით წარმართია ყველა ის ერი, ვინც არ აღიარებს ჭეშმარიტ სჯულს.
     
წინწილი
კეთილ-ხმოვანი
(150, 5) საგალობელი საკრავი, რომელსაც იუდეანები ხმარობდნენ საღმრთო გალობის დროს ტკბილხმოვანი ჟღერადობისათვის. იგი შედგებოდა ორი ლითონის მრგვალი ფირფიტისაგან, რომელნიც ერთმანეთზე დაკვრით მეტად საამო ჟღერადობას გამოსცემდნენ.
     
წინწილი ღაღადებისა (150, 5) - საგალობელი საკრავი, რომელსაც იუდეანები ხმარობდნენ ღვთის მსახურების დროს. ეს საკრავი კეთდებოდა რვალისაგან (სპილენძისაგან). მასზე რკინის დაკვრით გამოიცემოდა დიდი ხმა, ანუ „ხმა ღაღადებისა". იგი გამოყენებულ იქნა დავით მეფის მიერ სჯულის კიდობნის იერუსალიმში გადატანის დროს (II მეფ. 6, 12-17).
     
წრფელი (24, 8) - მართალი.
     
წურთა (118, 24) - წვრთნა, ანუ გაწაფვა.

„წამებანი შენნი წურთა არიან ჩემდა", ანუ მცნებანი (სწავლანი) შენნი საწვრთნელია ჩემი.

     
წყალი ცილობისა   - ანუ „შეცილების წყალი". ეს წყალი გამოადინა მოსემ ფარანის უდაბნოში კლდიდან კვერთხის დაკვრით. „წყალი ცილობისა" კი იმიტომ უწოდა უფალმა, ვინაიდან მოსემ არ განუცხადა ებრაელ ერს, რომ ეს სასწაული აღასრულა ღვთის ძალით; პირიქით, გამოხატა აზრი, ვითომც საკუთარი ძალით აღასრულებდეს სასწაულებს, რის გამოც ებრაელებს აღეძრათ ეჭვი (რიცხვნი 20, 9-13).

ამავე წყალს პასექის საგალობელი უწოდებს „ნიშოვან ქმნილს", ე.ი. „სასწაულით გამოყვანილს"; თანავე გვაუწყებს, რომ იგი არის ნიშანი მაცხოვრისაგან მონიჭებული უკვდავების წყაროსი, რომლითაც განცხოველდების დამაშვრალი სული კაცთა: „მოვედით და ვსვათ სასმელი ახალი; არა კლდით მყარით ნიშოვან ქმნილი, არამედ უხრწნელებისა წყარო ქმნილი ქრისტეს საფლავით, რომლითა განვძლიერდით" (მესამე გალობა პასექის კანონისა).

     
წყობა (77, 9) - ამ შემთხვევაში „საომრად განმზადება", „ლაშქრობა".

ზევით

 

.: ჭ :.

ჭური (34, 2) - აბჯარი, ჯავშანი, საჭურველი.
     
ჭური მეკეცისა (2, 9) - ჭურჭელი მეჭურჭლის, ანუ მეკეცის მიერ დამზადებული.
     
ჭურჭელი წყმედული (30, 12) - დამსხვრეული, გაფუჭებული, უვარგისი ჭურჭელი.

{„ჭურჭელი წყმედული" შეიძლება ნიშნავდეს ასევე ცოდვით შერყვნილ ადამიანს, ვინაიდან ქრისტიანული თვალსაზრისით ადამიანი „სულიწმიდის ჭურჭელია"}

ზევით

 

.: ხ :.

ხადილი (4, 1) - თხოვნით მოწოდება მოსასვლელად.
     
ხამლი (107, 9) - ჩექმის მსგავსი ფეხსაცმელი.
     
ხევი კიშონისა (82, 9) - მდებარეობს კარმელის მთის მარცხნივ, ერთვის იორდანეს.
     
ხბო ლიბანისა (28, 5-6) - „ხმამან უფლისამან შემუსრნეს ნაძუნი და შემუსრნეს უფალმან ნაძუნი იგი ლიბანისანი. და დააწულილნეს (განაცალკევოს, განაბნიოს, გაფანტოს) იგინი ვითარცა ხბოჲ იგი ლიბანისაჲ". - ამ სიტყვებით წმიდა დავითი გვამცნობს, რომ „ხმა უფლისა" ანუ „ნება ღვთისა" ისე გაჰფანტავს ლიბანის მთის დიდრონ ხეებს, როგორც მუნ (იქ) მცხოვრებ ნადირთ, რამეთუ ამ შემთხვევაში „ლიბანის ხბოებში" იქ მცხოვრები ნადირი იგულისხმება.
     
ხორხი (113, 15) - ნაწილი ყელისა, საიდანაც ამოდის ადამიანის ხმა.

ზევით

 

.: ჰ :.

ჰაეროვნება (49, 2) - ზეციური სილამაზე.
     
ჰგიეს (116, 2) - იმყოფება, არის; არსებობს.
     
ჰრული (75, 6) - თვლემა, ძილის მორევა. „ჰრულოოდა მათ", ანუ „ძილი მორეოდათ მათ".
     
ჰუნე (19, 7)
(75, 6)
- გვარიანი (ჯიშიანი) და კარგად გაწვრთნილი ცხენი.

ზევით

 

 


[*] პირველი რიცხვი აღნიშნავს ფსალმუნთა რიგს, ხოლო მეორე - მინიშნებული ფსალმუნის მუხლს.