† orthodox.do.am † ცნობარები, ლექსიკონები - ფსალმუნნის ძველ-ქართულ სიტყვათა, გეოგრაფიულ ადგილთა და ისტორიულ მოვლენათა განმარტებანი

ფსალმუნნის ძველ-ქართულ სიტყვათა, 
გეოგრაფიულ ადგილთა და ისტორიულ მოვლენათა განმარტებანი

წინათქმა გამომცემელთაგან

ავტორის წინასიტყვაობა

 

                                                           

 

.: ა :.

აბირონი (105, 17) [*] - და დათან, ელიაბის ძენი, რუბენის ტომის - ისრაელის (ებრაელი ერის) თორმეტი ტომიდან ერთ-ერთი ტომის უხუცესნი (თავკაცები).

ებრაელი ერის აღთქმულ ქვეყანაში მოგზაურობის დროს, აბირონი და დათანი, ებრაელთა ზოგიერთ სხვა თავკაცებთან ერთად, შეითქვნენ მოსესა და მისი ძმის აარონის წინააღმდეგ, რის გამოც უფლის განგებით ისინი შთანთქა მიწამ მათი სახლობითურთ. მათთან ერთად დაისაჯა ისარის ძე კორე, რომელმაც მოიწადინა აარონის თანასწორად ყოფა და იყო ერთ-ერთი მოთავე შფოთისა. მათი მომხრენიც, 250 კაცი, დაიწვნენ უფლის მიერ ზეციდან მოვლენილი ცეცხლით (რიცხვ: XVI თ.).

     
აგარიანნი (82, 6) - იგივე ისმაიტელნი, აბრაამის მოახლის - აგარის ძის ისმაილის შთამომავალნი (2024 წ. ქ.შ.-მდე). ისმაილმა იქორწინა ეგვიპტელ ქალზე და ითვლება ნათესავ-მთავრად (მამათ-მთავრად) არაბი ხალხისა, ანუ ისმაიტელთა, იგივე აგარიანთა (შესაქ: XVI თ.).
     
აენდორი (82, 10) - მაგდალოსის წყლის ახლოს მდებარე ადგილი, სადაც ცხოვრობდა მკითხავი (ნათელმხილველი), რომელმაც უწინასწარმეტყველა ებრაელთა მეფე საულს მასზე ღვთის განრისხება და დამარცხება სიკილიის მეფის ახუსისაგან.
     
ათძალი (143, 9) - ათ-ალყიანი, ანუ ათ-სიმიანი საგალობელი იარაღი (დასაკრავი ინსტრუმენტი), რომელსაც უკრავდა იუდეველთა ხორო (მგალობელთა გუნდი) საღმრთო გალობისას სადიდებლად ღმრთისა (იხ. „ფსალმუნი").
     
ალლილუია   - ებრაულად „ჰღალლელუ-ჰაიღ". შედგება ორი სიტყვისაგან: „ჰღალლელუ" ნიშნავს „აქებდით", ხოლო „ჰაიღ" შემოკლებით „ჰიეღოვა" („იაჰვე"). ორივე ერთად კი ამგვარად გამოითქმის „აქებდით უფალსა".
     
ამალეკ (82, 7) - ესავის შვილის ელიფაზის ძის ამალეკისაგან წარმომდგარი ხალხი. ელიფაზს ამალეკი ეყოლა თავისი ხარჭის თამნასაგან (შესაქ. 36, 12). ისინი წინ აღუდგნენ ისრაელის შესვლას აღთქმულ ქვეყანაში, მაგრამ დამარცხდნენ მათთან ბრძოლაში (გამოს. 17, 8).
     
ამაო (5, 10) - ცუდი, ფუჭი, გამოუსადეგარი.
     
ამბოხი (ამბოხება)   - არეულობა, ჩოჩქოლი. {ამბოხი სულხან-საბას განმარტებული აქვს აგრეთვე, როგორც „დაუმჟავებელი მაჭარი"}
     
ამო   - მოსაწონი, საამებელი, სასიამოვნო შესაქცევი.
     
ამონ, ამან (82, 7) - ლოთის ძის ამონისაგან (ამანისაგან) წარმომდგარი ხალხი (შესაქ. 19,38).
     
ამორეველნი (135, 19) - აღთქმულ ქვეყანაში შესვლის დროს ისრაელიანებმა (ებრაელებმა) დაიპყრეს ამორეველთა ქვეყანა და მოკლეს თვით მათი მეფე სეონ. მასთან ერთად ებრაელებმა ისუ ნავეს ძის წინამძღოლობით გაანადგურეს და მოსრეს ოცდათერთმეტივე მეფე ქანაანის ქვეყნისა, რომელნიც წინ აღუდგნენ მათ შესვლას აღთქმულ ქვეყანაში (ისუ ნავე XII თ.)
     
ანგარება   - სიხარბე, გამორჩენის მიზნით რაიმეს ქმნა.
     
ანგელოზი დამცველი (90, 11) - „ანგელოზი" ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს „მაუწყებელს", „ღვთის მაცნეს". წმიდა ეკლესიის მოძღვრების თანახმად, ყოველ ადამიანზე ღვთისგან არის დადგენილი ანგელოზი, დასაცველად და წარსამართებლად მისი ცხოვრებისა.
     
ანთრაკი (118, 127) - ძვირფასი ქვა (თვალი) ნაკვერცხლის ფერისა, ღამე ცეცხლისებრ ელავს.
     
აპაური, აპეური (2, 3) - მოკლე თოკი, რომლითაც უღელი დაემაგრება ხარის კისერზე.

„განვხეთქნეთ აპაურნი მათნი და განვაგდოთ ჩვენგან უღელი მათი" - ე.ი. გამოვიხსნათ თავი იმათი უფლობისაგან ანუ ბატონობისაგან და ყოველივე ვალდებულება, რაიც მათ დაგვაკისრეს, განვიშოროთო ჩვენგან {იმათში იგულისხმება ღვთის წინააღმდგომი მიწიერი ძალები - იხ. ფსალმ. 2, 1-3}

     
არა გიხმს (15, 2) - არ მოითხოვ, არ ჰსაჭიროებ.
     
არგანი   - დიდი ჯოხი, რომელსაც ხმარობენ სიარულის დროს დასაყრდნობლად, ყავარჯენი.
     
არე, ჰარე (73, 17) - გაზაფხული, ანუ რომელიმე დრო წელიწადისა.

{სულხან-საბას განმარტებით - „არე" („ჰარე") აღნიშნავს ატმოსფეროს ქვედა ნაწილს, რომელშიც უშუალოდ უწევთ ადამიანებს და უმრავლეს ცოცხალ არსებებს ცხოვრება}

     
არვე (49, 9) - თხათა და ცხვართა ჯოგი, ფარა.
     
ასპიტი (57, 4) - ბერძნული სიტყვაა, ჰქვია ფრიად შხამიან გველს, რომლის ნაკბენიც სასიკვდილოა ადამიანისათვის.
     
ასურ (82, 8) - ნოეს ერთ-ერთი შვილის სემის ძე, რომელმაც ბაბილონის გოდოლის შენების და ენათა განყოფის შემდგომ, მე-19 საუკუნეში დასაბამიდან ქვეყნიერებისა, მდინარე ტიგროსთან აღაშენა ქალაქი და იწოდა ნათესავთ-მთავრად (მამათ-მთავრად) ასურეველთა, ანუ ასირიისა.

ებრაელთა აღთქმულ ქვეყანაში შესვლისას ასირიის მეფემ შემოიკრიბა სხვა მრავალი მეფენი და თავს დაესხა ისრაელიანებს; მაგრამ ისუ ნავემ (ისუ ნავეს ძემ) დაამარცხა ისინი და მოკლა მათი მეფე აბინი. გაანადგურა ასევე მასთან მშველელად მისული მეფენი მადიამისა, სემერომისა და დიდი დალმათიისა და დაიპყრო მათი ქალაქები (ისე ნავე XI თ.).

     
ასულნი ბაბილოვნისანი   - ე.ი. მოქალაქენი ბაბილოვნისა.
     
აღვიკუართნე (107, 9) - გავიშვირე.

„იდუმიამდე აღვიკუართნე ხამლნი ჩემნი" ნიშნავს - „იდუმიაზე დავდგამ ჩემს ჩექმას", ანუ „იდუმიას დავიპყრობ".

     
აღვიმსთუე (118, 147) - ადრე ავდექი.

აღმსთობა - დილას ადრე ადგომა, ან სწრაფად წამოდგომა (ს.ს. ორბელიანი)

     
აღნადგინები (71, 14) - ვახში, ვალად გაცემული ფულის სარგებელი. სულხან-საბას განმარტებით - „უწესო ვალის სარგებელი".
     
აღძრვა (30, 20) - შეთქმულება, შფოთი, არეულობა.
     
ახს (84, 9) - ახლო არს.

ზევით

 

.: ბ :.

ბაბილო (79, 10) - მაღალ ხეზე ასული ვაზი. სხვანაირად ჰქვია - მაღლარი, დობილო. ბაბილოს უწოდებენ ასევე ველურ ვაზს. მისი სინონიმებია - კრიკინა, უსურვაზი, რძღვამლი.
     
ბაბილოვანი (86, 4) - ქალაქი ბაბილოვანი (ბაბილონი), წოდებული სერარად, დააარსა ნოეს ერთ-ერთი ძის ქამის შვილიშვილმა ნიმროდმა. სწორედ აქ შენდებოდა გოდოლი, რომელიც იქმნა მიზეზად ენათა განყოფისა (შესაქ. 11, 1-9).

ბაბილონის მეფემ ნაბუქოდონოსორმა (გამეფდა 605 წ. ქ.შ.-მდე) დაარღვია ტაძარი იერუსალიმისა და დაატყვევა ისრაელნი, რომელთაც ბაბილონის ტყვეობაში გაატარეს 70 წელი, ბაბილონში კიროსის გამეფებამდე, რომელმაც გაანთავისუფლა ისრაელნი ტყვეობისაგან (ქ.შ.-მდე 526 წ.).

     
ბანაკი (26, 3) - დროებით სადგომი ჯარისა, მოზაურთა და მისთ. ამ ფსალმუნში იგულისხმება მტრის ჯარის ბანაკი. შეიძლება ასევე ვიგულისხმოთ სულიერი მტრებიც, ანუ ეშმაკთა დასი.
     
ბასანი (67, 22) - ოგ მეფის სამეფო ქალაქი (იხ. „ოგ", „ამორეველნი").
     
ბაძი   - მიმსგავსებითი მოქმედი.
     
ბელფეგორი (105, 28) - იგივე ფოგორი, სახელი ერთ-ერთი წარმართული კერპისა, რომელიც ებრაულად განიმარტება, როგორც „უფალი გაშიშვლებული". მნიშვნელობა ამ სიტყვისა აღებულია მოაბელების (იხ. „მოაბ") ბილწი და ურიცხვილო კერპისაგან (ოსია 9,10). ებრაელი მოძღვარნი მოგვითხრობენ, რომ ამ კერპისადმი ლოცვის დროს მლოცველები სრულებით შიშვლდებოდნენ და გარყვნილებას ეცემოდნენ. გერმანე იერუსალიმელი ამბობს: „ვალაამ ურჩია ვალაკს ამ გზით გაერყვნა ებრაელები და შეეუღლებინა ისინი მოაბელების დედაკაცებთან". ფსალმუნში წერია: „შეიბილწეს იგინი ბელფეგორს" - ე.ი. ისიძვეს მოაბელ დედაკაცებთან - „და ჭამეს ნაგები მკუდართაჲ" - ანუ მიიღეს ნაზორევი (შესაწირი, წინა-დაგებული) უსულო კერპთა (რიცხვ. 25, 1-3).

ბილწი ფეგორის სჯულის საწინააღმდეგოდ, ძველი აღთქმის მოძღვრებმა დაადგინეს წესი, რომლის თანახმად ღვთისმსახურება უნდა ჩატარებულიყო შესამოსლით (გამოსლ. 28, 42-43).

ბელფეგორის სახედ მიჩნეულია ბერძნული კერპი პრიაპოსი, რომაულად მუტტინა. ბერძნულ-რომაული მითოლოგიის მიხედვით, პრიაპოსი იყო ძე დიონისისა და აფროდიტისა, ბარაქისა და ტკბილ განცდათა ღვთაება, ითვლებოდა მევენახეობის, მებაღეობის, მეთევზეობის მფარველად, ბაღების, ვენახების, მინდვრების, თხებისა და ცხვრების ფარათა მცველად. გამოისახებოდა გრძელ ტანსაცმელში გამოწყობილ სანდომიან-სახიან და წვერებიან ხნოვან მამაკაცად, რომელსაც ერთ ხელში ეჭირა საბაღო დანა, ხოლო მეორეში - კალათა ხილით. მისი რკინის კერპი ედგად ტაძრებში, ხოლო ხის და ქვის კერპებს ჩვეულებრივ დგამდნენ ზვრებსა და ბაღებში, საფრთხობელის მაგივრად.

     
ბენიამენ (79, 2) - მამათ-მთავარ იაკობის უმცროსი ძე, რომელიც მას შეეძინა რახილისაგან. მისგან წარმოდგა იმავე სახელწოდების ერთ-ერთი ტომი ისრაელთა თორმეტი ტომიდან.
     
ბობღანი, ბობღნი (80, 2)
(150, 4)
- ხის რკალზე ცალ მხარეს ტყავგადაკრული დოლის მსგავსი საკრავი, იგივე დაფი, დაირა. დაფდაფი იგივე დოლია.
     
ბორცუნი (113, 4) - მრავლობითი ფორმაა. ბორცვი - მცირედ შემაღლებული ადგილი, გორაკი.
     
ბუი (101, 6) - ღამის მტაცებელი ფრინველი, რომელიც დღისით ვერ ხედავს და განმარტოებით ცხოვრებას ეწევა. დიდ ბუს - ბაიყუში ეწოდება თურქულ ენაზე.
     
ბრანგვი (79, 13) - ძუ დათვი.
     
ბრჭალი (55, 6) - 1. ნები - ხელის გული თითებიანად.
2. ციდა - მანძილი გაშლილი სალოკი თითის წვერიდან ცერის წვერამდე.
3. ფეხის გული ქუსლიდან თითის ფრჩხილამდე (იხ. შესაქ: 3,15; 25,25).
4. სულხან-საბას განმარტებით „ბრჭალი" საზომი ერთეულის მნიშვნელობითაც გამოიყენებოდა: „ხონოღროფსა შინა წერილ არს საზომად: ორმეოცი წყრთა (ხელის ნაწილი იდაყვიდან შუა თითის წვერამდე) და ათი ბრჭალი" (იც. აქვე „ციდა").
5. იგივე ბრჭყალი, კლანჭი.
     
ბღუარი (125, 4) - ქვეყნიერების ერთ-ერთი მხარე, კეძოდ სამხრეთი.
     
ბჭე (126, 5) - შესასვლელი. დიდი კარი ტაძრისა, სასახლისა და მისთ. (იხ. გამოსლვ. 12, 23).

ბჭე ეწოდება აგრეთვე ციხე-გალავანს, რომელშიც ასეთი შესასვლელია დატანებული, ციხის ბჭე.

ბჭე-ს ეძახდნენ ასევე სადავო საქმის გამრჩევს, მოსამართლეს, მედიატორს.

ზევით

 

.: გ :.

გაად   - 1. მამათ-მთავარ იაკობის ერთ-ერთი ვაჟი, რომელიც შეეძინა მას თავის ცოლის (რაქელის) დის ლიას მხევალ ზელფასგან (შესაქ. 30, 9-11).
2. წინასწარმეტყველი, რომელმაც უთხრა დავითს წასულიყო მოაბის (იხ. „მოაბ") იუდეაში, რაჟამს იგი ემალებოდა საულს (I მეფ. 22,1-5).
     
გალაად (59, 7) - სახელი ქვეყნის მხარისა, რომელიც იყო კუთვნილება მანასეს შთამომავლობისა (ისუ 17,6).
     
გამოახურვა (104, 19) - ამ შემთხვევაში იგულისხმება ადამიანის გამოცდა, გამოწრთობა განსაცდელის მოვლენის გზით. პირდაპირი მნიშვნელობით გამოხურვება ნიშნავს რკინის გამოწრთობას ცეცხლში.
     
გამოკულევა (138, 3) - რაიმეს გამოძიება, განრჩევა.
     
განგრძობა (119, 5) - გაგრძელება საქმისა, სიტყვისა, დროისა და სხვ. ამ შემთხვევაში: „განმიგრძდა მე მწირობა ჩემი", ნიშნავს - დიდხანს გასტანაო ჩემმა უცხოობაში ღარიბად ყოფნამ (იხ. „მწირი").
     
განგუმერვა, განგმირვა   - გახვრეტა შუბით, ხანჯლით და მისთ. (იხ. იოანე 19, 34).
     
განვრცობა (118, 32) - გაფართოება, გადიდება. ამ შემთხვევაში: „განავრცე გული ჩემი" ნიშნავს - ჩემი გული გახსენიო ღვთიური მცნებებისა და საქმეებისათვის (იხ. II კორინ. 6,11).
     
განვასპეტაკნე (50, 7) - პირდაპირი განმარტებით - გავთეთრდე (სპეტაკი - თეთრი). ამ შემთხვევაში - გავსუფთავდე ცოდვებისაგან, განვიწმიდო.
     
განზოგება (54, 23) განახევრება, შუაზე გაყოფა.
     
გან-თუ-ეწყოს (26, 3) - თუ გარს შემოერტყნენ, დამწკრივდნენ საომრად.
     
განთხევა   - 1. გადაღვრა.
2. გაფანტვა, გარეკვა.
     
განივლტიედ (30, 11) - გარბოდნენ, ანუ თავს მარიდებდნენ.
     
განკფდეს და კელობდეს (17, 45) - მოუძლურდნენ და კოჭლობდნენ (განკაფა - მოუძლურება, ძალის გამოლევა). ამ შემთხვევაში: „განკფდეს და კელობდეს ალაგთა მათთაგან" ნიშნავს - გაილევიან (ძალას დაკარგავენ) და ათრთოლდებიან თავიანთ სიმაგრეებში.
     
განმსჭუალვა,
განმსჭვალვა
(118, 120) - პირდაპირი განმარტებით - ლურსმნით (სამშჭუალით, სამსჭვალით) განგმირვა, დალურსმვა. ამ შემთხვევაში: „განმშჭუალენ შიშითა შენითა ხორცნი ჩემნი" გადატანით ნიშნავს - გამსჭვალულია, ანუ თრთის შენი შიშით ჩემი სხეული.
     
განრინება (30, 1)
(139, 1)
- გადარჩენა, გამოხსნა, განთავისუფლება.
     
განყენება (38, 10) - განდევნა, განშორება. „განმაყენენ ჩემგან ტანჯვანი შენნი" ნიშნავს - განარიდე ჩემგან სასჯელი შენი.
     
განწონვა, განწონება (37, 2) - რაიმე საბრძოლო იარაღის (ამ შემთხვევაში ისრის) ადამიანის სხეულში გასვლა (განწონილი - განგმირული).
     
განხრწნა (77, 45) - 1. ზნეობრივი გარყვნა.
2. ხორციელი ლპობა. ამ შემთხვევაში: „განხრწნა იგინი" ნიშნავს „დაღუპა ისინი".
     
გარდათხევა (103, 2) - განფენა, გადაფარება.
     
გებალ (82, 7) - სამარიაში არსებული მთის სახელწოდება. გებალ ეწოდება აგრეთვე იმ ხალხს, რომელიც მის მიდამოებში იყო განსახილველი. ამ მთაზე, ისრაელთა (ებრაელი ერის) უხუცესებმა - რუბენმა, გადიმმა, ასერმა, ზაბულონმა და ლეფთალიმმა (ნეფთალემმა), უფლის ბრძანებით შეაჩვენეს დამრღვეველნი საღმრთო სჯულისა (II სჯ. 27, 13-26).
     
გესლი (77, 46) - 1. ქვეწარმავალთა და მისთ. შხამი.
2. მომაკვდინებელი წამალი, საწამლავი.
3. იგივე ჟანგი.
4. ამ შემთხვევაში უნდა იგულისხმებოდეს ოდი - მარცვლის დასრულებამდე პურეულის ნათესის ნაადრევი დაჭკნობა. იწვევს მცხუნვარე მზე, ცხელი ქარი.
     
გთნდა, გთნდინ (39, 6) - სათნოდ, ანუ სასურველად მიიჩნიე, ისურვე, ინებე, მოიწონე (გთნავს - სასურველად მიგაჩნია).
     
გმირი (18, 5) - 1. მეტად დიდი და საზარელი ტანის, ერთობ ღონიერი და გამოჩენილი მეომარი.
2. სახელოვანი ფალავანი.
     
გოდოლ-ტაძრები (121, 7) - ციხე-სასახლეები ეკლესიებითურთ.
     
გოლეული (18, 10) - 1. ფიჭიანი (გადაუდნობელი) თაფლი.
2. თაფლის პური.
     
გულარძნილი,
გვლარძნილი
(77, 8) - პირდაპირი მნიშვნელობით ოღრო-ჩოღრო, მრუდე ადგილი. ამ შემთხვევაში ითქმება მრუდედ, უკუღმართად მავალ ადამიანებზე.

ზევით

 

.: დ :.

დათან (105, 17) - იხ. „აბირონი".
     
დაიყო პირი (62, 11) - მეტყველება წაერთვა, ვეღარ ილაპარაკა.
     
დამწყსენ (27, 9) - მწყემსე, ანუ მოუარე, უხელმძღვანელე, თვალი ადევნე.
     
დანთქმა (68, 2) - წყალში ჩაძირვა, დახრჩობა.
     
დაჭენებული (61, 3) - მორყეული, გვერდზე გადაქცეული.
     
დაჰრთნა (103, 3) - 1. დაურთო, მოუმატა;
2. დახურვა, დააფარა.
     
დრკუ (17, 26) - მრუდე, უკუღმართი; ამ შემთხვევაში ღვთის წინაშე მტყუანი, უკუღმართად მავალი ადამიანი (საწ. იხ. „რჩეული").

ზევით

 

.: ე :.

ეგვიპტე (77, 12) - უძველესი ქვეყანა აფრიკის ჩრდილოეთ სანაპიროზე. ებრაულად ეწოდება - მისრაიმ. დააარსა და მდინარე ნილოსის მიდამოებში გააშენა ნოეს ერთ-ერთი ძის ქამის ნათესავმა მენესმა. ეგვიპტე განიყოფა სამ ნაწილად: ზემო, შუა და ქვემო ეგვიპტედ. გარდა იმისა, რომ ფრიად შესანიშნავია ეს ქვეყანა, სწორედ იგი იქმნა ღვთის ყოვლისშემძლეობის, მისი ნების ჩვენზედ გამოცხადების და ძველ წიგნთა განმრავლების მიზეზად (იგულისხმება უძველესი საღმრთო წიგნნი - მოსეს მიერ შექმნილნი).

ქრისტეს შობამდე 1824 წელს, შიმშილით შეწუხებული ებრაელი ხალხი შეეხიზნა ამ მშვენიერ და ნაყოფიერ მხარეს მათი თანამემამულის იოსების (იაკობის და რახელის შვილი) იმედით, რომელიც ეგვიპტის მაშინდელი ფარაონის კარზე მის მიერ პირველ კაცად ითვლებოდა. ებრაელებმა ეგვიპტეში დაჰყვეს 215 წელიწადი, რის შემდეგაც უფალმა მრავალი სასწაულით და საკვირველმოქმედებით და მოსე მოციქულის წინამძღოლობით გამოიყვანა ისინი იქიდან, დაუმორჩილა მრავალი წარმართი (ურჯულო, და დაამკვიდრა სარწმუნოების მიმდევარი) ერი და დაამკვიდრა წინათვე აღთქმულ ქვეყანაში, ქანაანში, ანუ პალესტინაში.

     
ედომი   - ეს მეტსახელი ეწოდა იაკობის ძმას ესავს (ნიშნავს - წითურს), მას შემდეგ ესავმა თავისი პირმშოება მიჰყიდა იაკობს ოსპის შეჭამანდის სანაცვლოდ (შესაქ. 25, 29-34). იგივე სახელი ეწოდა ესავისაგან წარმომდგარ ხალხს, რომელიც მკვიდრობდა იუდეის სამხრეთით, კლდიანი არაბიის (არაბეთის) ნაწილზე. ებრაელთა აღთქმული ქვეყნისაკენ მოგზაურობის დროს, მოსემ სთხოვა ნება ედომელებს, რათა გაეტარებინათ ებრაელები მათ მამულზე, რაზეც ედომელებმა უარი განუცხადეს და ბრძოლა გაუმართეს (რიცხვ. 20, 14-18), რომელიც ღვთის შეწევნით ებრაელთა გამარჯვებით დასრულდა.
     
ენოვანი (139, 11) - მრავალმეტყველი (და არა - მრავლისმეტყველი), ყბედი; ავსიტყვა, ბოროტად მოლაპარაკე; ენატანია.
     
ერმონი   - მთა, რომლის ჩრდილოეთი ნაწილი ემიჯნება ლიბანის მთას. მისი მწვერვალის კალთებზე თოვლი არასოდეს არ დნება.
     
ეფრათა (131, 6) - ანუ ბეთლემი, ქვეყანა მდებარე იორდანიის დასავლეთით, სადაც არის ძველად სატახტო ქალაქად ყოფილი ებრაელების მეფეთა „სვიქემი" {ამ სიტყვის განმარტება სამწუხაროდ ვერ ვპოვეთ - რედ.} აქ ცხოვრობდა მამათ-მთავარი იაკობი და აქვე გარდაიცვალა რახილი, ვის საფლავზეც იაკობმა აღაშენა ძეგლი.

„ესერა გვესმა, ესე ეფრათას" - ე.ი. შევიტყვეთ, რომ დავითი ეფრემის ქვეყანაში იყოო.

     
ეფრემ (79, 2) - იოსების უმცროსი ძე, რომელიც მისი ძმის მანასეს მაგივრად აკურთხა მამათ-მთავარმა იაკობმა სიკვდილის წინ მარჯვენა ხელის თავზე დადებით (შესაქ. 48, 9-20).

ზოგჯერ საღმრთო წერილი „ეფრემად" მოიხსენიებს სრულიად ებრაელ ხალხს, უფრო ზუსტად, იმ ათ ტომს ისრაელიანთა, რომელნიც განუდგნენ სოლომონის შვილს რობოამს და საკუთარი სამეფო შექმნეს.

ზევით

 

.: ვ :.

ვარხუ, ვარხვი (101, 6) - წყლის ფრინველი, გრძელნისკარტიანი. ნისკარტქვეშ აქვს პარკუჭი. იერონიმეს, ავგუსტინეს და სხვა ღირს მამათა თქმით, ეს ფრინველები მდინარე ნილოსის სათავის მიდამოებში ცხოვრობენ. ითვლება, რომ ვარხვი გველისგან დაგესლილ მის ბარტყებს თავისი სხეულიდან გამოდენილი სისხლით არჩენს.
     
ვასილისკო, ბასილისკო (90, 13) - ფრიად შხა
ერი და ბერი 2008 - 2024
Free web hosting - uCoz