ფსალმუნნის ძველ-ქართულ სიტყვათა, 
გეოგრაფიულ ადგილთა და ისტორიულ მოვლენათა განმარტებანი

წინათქმა გამომცემელთაგან

ავტორის წინასიტყვაობა

 

                                                           

 

.: ზ :.

ზაბულონი (67, 27) - მამათ-მთავარ იაკობის შვილის ზაბულონის შთამომავლობა, რომელიც წარმოადგენდა ებრაელთა 12 ტომიდან ერთ-ერთ ტომს.
     
ზაკუა, ზაკვა (9, 27)
(14, 3)
- მზაკვრობა, ვერაგობა; ლიქვნა, პირფერობა. ზაკვაა, როდესაც კაცი პირით სიყვარულს იჩემებს, გულში კი ბოროტი უდევს.
     
ზებეე (82, 11) - იქვე ორებ (ყორებ), ზიბ და სალმანა. ესენი იყვნენ მადიამელთა მთავარნი, რომლებმაც ილაშქრეს ისრაელის წინააღმდეგ. მათ ჰყავდათ აურაცხელი ლაშქარი, მაგრამ გედეონმა უფლის ბრძანებით მხოლოდ 300 მეომარი გამოიყვანა მათ წინააღმდეგ საბრძოლველად და განსაკუთრებული სამხედრო მანევრით დაამარცხა მტერი, მათ მთავრებს კი თავები დასჭრეს ებრაელებმა (მსაჯ. VII თ.).
     
ზესკნელი (103, 13) - ზეცა, მიღმური სამყაროს სფერო, სადაც ანგელოსნი (კეთილი სულნი) ცხოვრობენ.
     
ზიბ   - იხ. „ზიბეე".
     
ზღუა დიდი და ვრცელი   - საშუალ ქვეყნის (ხმელთაშუა) ზღვა.
     
ზღუა მეწამული   - წითელი ზღვა. მდებარეობს აფრიკის კონტინენტსა და არაბეთის ნახევარკუნძულს შუა. ხმელთაშუა ზღვისგან იგი გამოყოფილი იყო აზიისა და აფრიკის შემაერთებელი სუეთის ხმელეთით, სადაც ამჟამად გაყვანილია სუეთის არხი, რომელიც უმოკლესი საზღვაო გზით აკავშირებს ინდოეთს და ევროპას. წითელი ზღვა ინდოეთის ოკეანის ნაწილია და უერთდება მას ბაბ-ელ-მანდევის სრუტით.

ზევით

 

.: თ :.

თაბორი (88, 12) - მთა პალესტინაში, რომელიც მდებარეობს ეზდრელონის ველის შუა. იგი შემკულია მშვენიერი ყვავილებით და ფუსტულის (ფსტის) თხილის ბუჩქებით.

თაბორის მთა იმით არის გამორჩეული, რომ სწორედ აქ იცვალა ფერი უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ (მათე 17, 1-13; მარკ. 9, 2-13; ლუკა 9, 28-36).

     
თავ კიდეთა (117, 22) - თავკიდური, ქვაკუთხედი - ორი კედლის შემაერთებელი საწყისი კუთხის ქვა - დოდი, გინა საძირკველი.

ამ ეპითეტს მეფე-წინაწარმეტყველი დავითი იყენებს იესო მაცხოვრის აღსანიშნავად, რომელიც იქცა „ქვაკუთხედად" ძველი და ახალი აღთქმებისა, ანუ შეაკავშირა ებრაელი და წარმართი ერები, რასაც ადასტურებენ თვით უფალი (მათე 22, 42) და მისი მოციქულები (I პეტ. 2, 7; ეფეს. 2, 20).

     
თანა-მჭუარი (68,20) - თანამგრძნობელი, გულშემატკივარი, თანამჭმუნვარი.
     
თარში (71, 10) - ესპანეთის უწინდელი სახელწოდება. მდებარეობს ევროპის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. უკავია პირინეეს ნახევარკუნძულის უდიდესი ნაწილი.
     
თხემი (7, 16) - 1. თავის ქალის ზედა ნაწილი
2. მთის წვერი.
     
თხზვა (49, 19) - გონების მოქმედების გამოხატულება, რაიმეს შედგენა გონების ძალით. „ენაჲ შენი თხზვიდა ზაკვასა", ე.ი. შენი ენა გამოთქვამდა შეთითხნილ, მოჩმახულ ამბავს.

{„თხზვა" აგრეთვე აღნიშნავს მწერლის შემოქმედებით პროცესს (თხზულება - ლიტერატურული, სამეცნიერო და მისთ. ნაწარმოებები).

„თხზვა" - ძველ-ქართულში იგივე „წვნას", ანუ რაიმეს დაწვნას ნიშნავს (თხზული - დაწნული)}

ზევით

 

.: ი :.

იაბი ანუ იაბინი   - მეფე ქანაანისა, რომლის მხედრობაც 20 წლის განმავლობაში თავს ესხმოდა ისრაელს მხედართმთავარ სისარას წინამძღოლობით. საბოლოოდ ისინი გაანადგურეს ებრაელებმა მსაჯულ ბარაკის წინამძღოლობით კიშონის ხევში მომხდარ ბრძოლაში (მსაჯ. IV თ.).
     
იგავი (77, 2) - ალეგორია, რაიმეს გამოთქმა ან დაწერა დაფარული სახით, სხვა სიტყვებით, სიმბოლოებით, რომლის აზრის ამოცნობაც საკმაოდ რთულია.

{წმიდა მამათა სწავლებით წმიდა წერილი (ბიბლია) უამრავ იგავურ სწავლებას თუ გადმოცემას შეიცავს, რასაც ადასტურებს არა მხოლოდ მეფე-წინასწარმეტყველი დავითი, არამედ მათე და მარკოზ მახარებელი მოციქულები (მათე 13, 34-35; მარკ. 4, 33-34)}

     
იდუმალ (100, 6) - ფარულად, მალვით.
     
იდუმიელნი (82, 6) - იხ. „ედომი".
     
იერუსალიმი   - წოდებულია წმიდა ქალაქად. გადმოცემის თანახმად, პირველად ეს ქალაქი დააარსა სალიმის მეფემ მელქისედეკმა, აბრაამის მაკურთხეველმა (შესაქ. 14, 19-20) (რომელსაც ქრისტიანი ღვთისმეტყველნი იესო ქრისტეს სახებად მიიჩნევენ), რის გამოც იწოდა „სალიმად". როდესაც იებოსელებმა დაიპყრეს და აღაშენეს სიონის მთაზე ციხე, უწოდეს მას „იერუს" და ამ ორი სახელის შერწყმით ეწოდა ამ ქალაქს - „იერუს-სალიმი", ანუ „იერუსალიმი". დავით მეფემ, აიღო რა იერუსალიმი, უწოდა მას „ქალაქი დავითისა".

პორფიროსანი დავით მეფის და მისი უფროსი ძის სოლომონის ზეობის ხანაში იერუსალიმმა მთელს ქვეყანაზე გაითქვა სახელი თავისი სიმდიდრით, განსაკუთრებით იმ დიდებული ტაძრით, რომელიც აღაშენა სოლომონმა, ბრძენად წოდებულმა. მაგრამ მას შემდეგ, რაც ისრაელს მოაკლდა კეთილმსახური მეფენი და შემცირდა ღვთის-მსახურება, მის მცხოვრებთა ცოდვების გამო იერუსალიმის დიდებაც დაკნინდა. სოლომონმა ეს ტაძარი აღაშენა იმ ადგილზე, რომელზეც აბრაამმა განამზადა ძე თვისი ისააკი შესაწირავად (შესაქმე). ტაძრის მშენებლობა სოლომონმა დაიწყო ქრ. შ-მდე 1008 წელს და აღასრულა და აკურთხა 999 წელს. დღეს მის ადგილას არის ომარის მეჩეთი.

{ერთ-ერთი წინასწარმეტყველების თანახმად, ანტიქრისტემ სწორედ ამ ადგილას უნდა აღაშენოს ახალი ტაძარი, დაიდგას მსოფლიო მპყრობელის ტახტი და მართოს ქვეყნიერება}

იუდეანთა მეფის სედეკიას მეფობის მეთერთმეტე წელს იერუსალიმი დამხობილ იქნა ბაბილონის ძლევამოსილი და ურჯულო მეფის ნაბუქოდონოსორის მიერ, რომელმაც მეფე სედეკიას თვალები დასთხარა, ხოლო დიდ-მშვენიერი ტაძარი სოლომონისა აღმოფხვრა და დასწვა საძირკვლამდე. მან ესეც არ იკმარა, აჰყარა ისრაელნი და ტყვედ წაასხა ბაბილონში. ებრაელებმა ბაბილონის ტყვეობაში დაჰყვეს 70 წელი. როცა ებრაელები განთავისუფლდნენ ბაბილონის ტყვეობიდან და დაბრუნდნენ იუდეაში, მათ კვლავ აღაშენეს იერუსალიმი და აღადგინეს სოლომონის ტაძარი.

ქრისტეს შემდეგ 70 წელს იერუსალიმი აიღეს რომაელებმა. 636 წ. იერუსალიმი დაიპყრეს სარაცინებმა. 1099 წელს ჯვაროსნებმა გოდფრიდ ბულონელის მეთაურობით, რომელიც იყო ბულონიის პროვინციის (საფრანგეთში) ჰერცოგი, გაათავისუფლეს იერუსალიმი სარაცინთაგან და დაამყარეს თავიანთი მმართველობა. გოდფრიდ ბულონელი შეიქმნა მმართებელი იეურუსალიმისა და უწოდა თავს „უფლის საფლავის მცველი". მის შემდეგ გამეფდა მისი ძმა ბალდუინ I, რომელიც უკვე იწოდებოდა იერუსალიმის მეფედ.

{გადმოცემის თანახმად, სწორედ ბალდუინმა ჩამოუტანა დიდ მეფეს ქართველთა დავით აღმაშენებელს ის წმიდა ბარძიმი („გრაალი"), რომლითაც იესო ქრისტემ აზიარა თავისი მოციქულები (მათე 26, 27-28) და რომელიც ქრისტეს მოწაფემ იოსებ არიმათიელმა (მარკ. 16, 42-46) აღავსო მაცხოვრის სისხლით}

ევროპელ ჯვაროსანთა ბატონობამ დიდხანს ვერ გასტანა იერუსალიმში, 1187 წელს იგი დაიპყრო ეგვიპტის სულთანმა სალ-ად-დინმა (სალადინმა). და ბოლოს, 1517 წ. იერუსალიმი აიღეს თურქებმა და დღემდე ფლობენ მას.

{ავტორს, ბუნებრივია, არ ექნებოდა ცნობა იმის შესახებ, რომ 1917 წ. იერუსალიმი დაიკავეს ინგლისელებმა და განაგებდნენ მას 1947 წ-მდე. გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით 1947 წ. 29 ნოემბრიდან იერუსალიმს უნდა მინიჭებოდა დამოუკიდებელი ადმინისტრაციული ერთეულის სტატუსი, რომელიც უნდა განეგო თავად გაეროს. არაბეთ-ისრაელის ომის შემდეგ (1947-1949 წ.წ.) იერუსალიმი გაყოფილ იქნა ორ ნაწილად. აღმოსავლეთი ნაწილი დარჩა იორდანიის მფლობელობაში, ხოლო დასავლეთი ნაწილი დაიკავეს ებრაელებმა. 1950 წელს, გაეროს გადაწყვეტილების მიუხედავად, რომ იერუსალიმს უნდა ჰქონოდა დამოუკიდებელი ადმინისტრაციული ერთეულის სტატუსი, ისრაელის მთავრობამ იერუსალიმის დასავლეთი ნაწილი გამოაცხადა დედაქალაქად, სადაც გადაყვანილ იქნა ისრაელის პარლამენტი და მთავრობა. 1967 წ. ივნისში ისრაელმა დაიპყრო იერუსალიმის აღმოსავლეთი ნაწილიც, ხოლო 1980 წლის ივლისში გამოაცხადა იერუსალიმი ისრაელის „მარადიულ და განუყოფელ" დედაქალაქად}

     
ითამი (73, 15) - ებრაულად ეფამთ, რაც ნიშნავს დიდსა და ძლიერს.
     
იმსთოს (58, 10) - სიტყვა „აღმსთობის" ბრუნვა (იხ. „აღმსთობა"). „წყალობამან მისმან იმსთოს ჩემდამი", ამ შემთხვევაში ნიშნავს - „უფლის წყალობა ისწრაფვის ჩემდამი", ანუ „წინ მეძლევა წყალობა უფლისა".
     
იორდანე (113, 3, 5) - ფრიად შესანიშნავი მდინარე პალესტინაში, რომელიც გამომდინარეობს ანტილიბანის მთის ძირას მდებარე პატარა ტბიდან, სახელად „ფიალა" {ალბათ აქედანაა სასმისის ერთ-ერთი სახეობის ქართული სახელწოდება. საყურადღებოა, რომ საბანელი ტაშტის ერთ-ერთი სახელწოდებაა „ფიალი"} იორდანე ჩამოივლის სამოქონიტის (მერომის) და ტიბერიადის (გენესარეთის) ტბებს და ნელი დინებით ერთვის მკვდარ ზღვას.

აღნიშნულ ფსალმუნში გახსენებულია ისუ ნავეს ძის წიგნში აღწერილი უფლის სასწაული, რომლის მიხედვით იორდანემ შეწყვიტა დინება და გზა მისცა იერიქოს დასაპყრობად მიმავალ ებრაელებს ეგვიპტიდან მოგზაურობის დროს (ისუ ნავე 3, 13-17).

მდინარე იორდანე იმითაც არის მეტად ღირსშესანიშნავი, რომ სწორედ აქ ინება იესო მაცხოვარმა ნათლის-ღება ჩვენი განახლებისა და გადარჩენისათვის (მათე 3, 13-17).

     
ისმაიტელნი (82, 6) - აბრაამის და მისი ხარჭის აგარის ძის ისმაილისაგან წარმომდგარი ხალხი (2004 წ. ქრ. შ-მდე). ისმაილმა იქორწინა ეგვიპტელ დედაკაცზე და ითვლება მამათ-მთავრად ისმაიტელთა, ანუ არაბთა (შესაქ. 16, 9-16; 25, 12-18). ისმაიტელნი მეორენაირად იწოდებიან აგარიანებად (იხ. „აგარა").
     
ისრაელი (24, 22) - იუდეანთა მეორე სახელი, რომელიც ეწოდა მათ მათი მამამთავრის იაკობის, იგივე ისრაელის მიხედვით. ეს სახელი იაკობმა მიიღო უფლისაგან მასთან „შერკინების" შემდეგ (შესაქ. 32, 24-32). ებრაულ ენით „ისრაელი" ნიშნავს „ღმერთთან მებრძოლს". იმავე სახელით იწოდებოდნენ ებრაელთა ათნი ტომნი, რომელნიც განდგნენ სოლომონის მემკვიდრის რობოამისაგან და საკუთარი სამეფო ჩამოაყალიბეს ქვეყნიერების გაჩენიდან 3009 წ. (იხ. „იუდა").

{იაკობის „შერკინება ღმერთთან" არ უნდა გავიგოთ პირდაპირი მნიშვნელობით. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს დადებითი „ღვთისმბრძოლობის" მოვლენასთან, რაც გულისხმობს ადამიანის ძალისხმევას ღმერთთან მისაახლებლად, მის შესამეცნებლად. ეს რომ ასე არ იყოს, მაშინ ღმერთი არ აკურთხებდა იაკობს (შესაქ. 32, 28). ყურადღება უნდა მივაპყროთ იმასაც, რომ იაკობი „აიძულებს" ღმერთს აკურთხოს იგი (იქვე 32, 26), რაც დადასტურებაა სახარებისეული მცნებებისა „სასუფეველი ცათაჲ იიძულების" (მათე 11, 12) და „ითხოვდით და მოგეცეს თქუენ; ეძიებდით და ჰპოოთ; ირეკდით და განგეღოს თქუენ" (მათე 7, 7; იხ. I კორ. 4, 20). შეიძლება ითქვას, რომ „ისრაელი" სულიერი ცნებაა და არა ფიზიკური და აღნიშნავს ხალხს, ერს, პიროვნებას, რომელიც ეძიებს ღმერთს, იბრძვის ღმერთთან მისაახლებლად. ასე რომ, იაკობი წარმოადგენს ყოველი ღმერთის მაძიებელი ხალხის („ისრაელის") სულიერ წინაპარს, სულიერ მამათმთავარს. ასევე „ახალი ისრაელის", ანუ ყველა მართლმადიდებელი ხალხის მამათმთავრად შეგვიძლია მივიჩნიოთ იგი და ჩავთვალოთ, რომ მასზე მოწეული უფლის კურთხევა: „განძლიერდი ღმრთისა თანა და კაცთა თანაცა ძლიერ იყო" (შესაქ. 32, 28) - ყველა ჭეშმარიტ აღმსარებელ ერზე თუ პიროვნებაზე ვრცელდება}

     
იუდა (107, 8) - იუდასგან წარმომდგარი ებრაელთა ერთ-ერთი ტომი (იხ. II სჯულ. 27, 12). იუდეანთა მეფობა წარმოდგებოდა მამათ-მთავრების იუდას, ბენიამენის და სიმეონის შთამომავალთაგან. მათ არ დაუტევეს სახლი დავითისი (II მეფ. 2, 10-11), ასევე მორჩილება გამოუცხადეს მის მემკვიდრე რობოამს; მაგრამ უარჰყვეს იერობოამი, რომელიც განუდგა იერუსალიმს, ტაძარს და ჭეშმარიტ ღვთისმსახურებას და აღმართა კერპები - ერთი დანში, ხოლო მეორე ბეთლემში, და ბრძანა მათი თაყვანისცემა ჭეშმარიტი ღმერთის მაგიერ.
     
იფქლი (147, 3) - ხორბალი. სულხან-საბას განმარტებით „შემოდგომაზე ნათესი ხვარბალი".

ზევით

 

.: კ :.

კადის   - იხ. „უდაბნო კადისა".
     
კანჯარი (103, 11) - ველური (გარეული) ვირი.
     
კარავი სელომისი (77, 60) - სელომი, ანუ სილომი - იყო ეფრემის ტომის კუთვნილი ქალაქი, სადაც იდგა სჯულის კიდობნის კარავი (აქედან „კარავი სელომისი"), სანამ მას დაატყვევებდნენ ფილისტიმელები. მაგრამ იგი სასწაულებრივ იქნა განთავისუფლებული, რის შემდეგაც კიდობანი დადგეს ამინადაბის სახლში კარიათ-იარამს (I მეფ. VI თ.).

მეფე დავითმა მოისურვა სჯულის კიდობნის იურუსალიმში გადატანა, მაგრამ გზაზე მოგზაურობისას შეფერხდა, რის გამოც იძულებული გახდა, კიდობანი სამ თვეს აბიდდარის სახლში დაეტოვებინა, რის შემდეგაც მაინც გადაიტანა იერუსალიმს (II მეფ. VI თ.).

     
კასია (44, 8) - ებრაულად ირეოსი, იეროსი, იეროჲნი (გამოსვლ. 30, 24), სპარსულად თუ ელინურად დარიჩინი (იხ.სულხან-საბა ორბელიანი - ირეოსი, კასია). ამავე სახელწოდების ხის ტოტების სურნელოვანი გამხმარი ქერქი, გამოიყენება სანელებლად.
     
კაცთ-მოთნე (52, 5) - კაცთათვის თამომწონებელი, ანუ პირი, რომელიც ცდილობს უპირველესად ადამიანებისგან იყოს მოწონებული და არა უფლისგან, ამიტომაც დაისჯებიან ისინი: „ღმერთმან განაბნინა ძუალნი კაცთ-მოთნეთანი".
     
კდემულება, კდემა (43, 15) - მოკრძალება, მორიდება ვინმესგან შენიშვნის მიღების, ძაგების მოლოდინში. სულხან-საბას განმარტებით: „კეთილ არს ვნებაჲ ესე", ე.ი. დადებითი გრძნობაა.

აღნიშნულ ფსალმუნში ეს სიტყვა შეიძლება იხმარებოდეს - აუგის, შერცხვენის მნიშვნელობითაც.

     
კედარი (119, 5) - მარადმწვანე წიწვოვანი ხე. თავისი სიმშვენიერით იგი გამოირჩევა უნაყოფო ხეთა შორის. მისი სიმაღლე და ფართოდ გაშლილი ტოტები თვალს სტაცებს ადამიანს. სიმაღლით 40-45 მ. იზრდება. ტოტების შემოწერილობითაც თითქმის იმავე ზომისაა. მისი მარადი სიმწვანე მის სიმტკიცესა და გამძლეობაზე მეტყველებს. ულპოლველობის გამო ამ ხეს ხმარობენ გემების ასაგებად. მისგანვე იხდება მოყვითალო და კეთილ-სურნელოვანი ზეთი, რომელიც გამოუყენება შინაური ცხოველების იარების და ჭრილობების საწამლებლად. კედარის ხისგან მზადდება აგრეთვე კეთილ-სურნელის საბოლებელი წამალი, რომელსაც ხმარობენ სახლებში საამო სურნელის დასაყენებლად და სხვ.

ეს კეთილ-სურნელოვანი ხე დღესაც ხარობს ლიბანის მთის აღმოსავლეთით, ტავრაზე (პატარა მთა მცირე აზიაში), ატლასის მთაზე (ჩრდ. დას. აფრიკა). ასევე მას საგანგებოდ აშენებენ სხვადასხვა ქვეყნების ბოტანიკურ ბაღებში.

{სულხან-საბას მიერ „კედარი" განიმარტება, როგორც „ბნელი საჭმუნავი", რაც სავსებით შეესიტყვება აღნიშნული ფსალმუნის პათოსს და გვაფიქრებინებს, რომ ამ შემთხვევაში ალეგორიულ, იგავურ გამოთქმასთან უნდა გვქონდეს საქმე: „დავემკვიდრე მე საყოფელთა თანა კედარისათა" - ე.ი. ბნელი საჭმუნავი შემეყარაო}

აგრეთვე კედარი ერქვა ისმაილის ერთ-ერთ ძეს (დაბ. 25, 13), რომლის სახელის მიხედვით არსებობს გეოგრაფიული ადგილი (იერ. 49, 28), რომელსაც ალბათ ახსენებს დავით მეფე.

{სულიერი გაგებით „კედარი" ცხოვრების ხის სიმბოლოა. ნიშანდობლივია, რომ სწორედ კედარი იზრდებოდა უფალ იესო ქრისტეს კვართის დაფლვის ადგილას მცხეთაში. წმინდა ნინოს დროს, ტაძრის მშენებლობისას, ეს კედარი მოჭრეს, სვეტად (ბოძად) გამოთალეს და მოინდომეს მისი აღმართვა იმავე ადგილას (უფლის კვართის საფლავთან) ქრისტიანული ტაძრის დედაბოძად, სიმბოლოდ ცხოვრებისა და ცნობადის ხისა. მაგრამ მშენებლებმა მას ძვრაც ვერ უყვეს. მხოლოდ წმიდა ნინოს ლოცვის შემდეგ, ეს სვეტი აღმართეს ანგელოზებმა და დააყენეს სასურველ ადგილას და სწორედ იქ აშენდა პირველი ტაძარი საქართველოში (სვეტიცხოვლის პირველი სახე), რომელსაც ზემოთ მოთხრობილი სასწაულის გამო „სვეტი-ცხოველი", ანუ თანამედროვე ენით თუ ვიტყვით - „ცოცხალი ბოძი" ეწოდა}

     
კიდე (64, 5) - კიდე ეწოდება რაიმე ბტყელი საგნის (მაგიდა, წიგნი და მისთ.) ნაპირხაზს, ან მდინარის, ზღვის და მისთ. ნაპირს. აგრეთვე ქალაქის, სოფლის, მინდვრის და მისთ. განაპირა მხარეს. ამ შემთხვევაში იგულისხმება ქვეყნიერების მხარე, კუთხე.
     
კიცხევა (21, 7) - დაცინვა, სასაცილოდ აგდება, გაქირდვა. „მეკიცხვიდეს" ნიშნავს „დამცინის".

{თანამედროვე მნიშვნელობით კიცხევა ნიშნავს აგრეთვე - დაძრახვას, დაგმობას}

     
კნინღა (72, 2) - კინაღამ; თითქმის.
     
კრებული (25, 4,5) - ერთად თავმოყრილი ხალხი; ებრაულად „ხორა".
     
კრულნი (106, 10) - დატყვევებულნი. „კრული" ნიშნავს აგრეთვე დაწყევლილს, შეჩვენებულს (იხ. მათე 16, 19).
     
კუართი, კვართი (21, 18) - იგივეა, რაც პერანგი. ძველ დროში ეწოდებოდა მოგრძო ჩამოშლილ შესამოსელს.

{ღვთისმეტყველნი თვლიან, რომ მთლიანად 21-ე ფსალმუნი არის წინასწარმეტყველება მაცხოვრის შესახებ, რასაც ადასტურებს „ახალი აღთქმა": „და ვითარცა ჯუარს აცუეს იგი (იესო ქრისტე), განიყვეს სამოსელი მისი და განიგდეს წილი, რაჲთა აღესრულოს თქმული იგი წინასწარმეტყუელისა მიერ, რომელსა იტყვის: განიყვეს სამოსელი ჩემი მათ შორის და კუართსა ჩემსა ზედა განიგდეს წილი (მათე 27, 35; იოანე 19, 23-24)}

     
კუმოდიან (103, 32) - აბოლდებიან, აკვამლდებიან, კვამლი აუვათ.
     
კურო-პოხილი (21, 12) - „კურო" ნიშნავს გამოუყვერავ (დაუკოდავ) ხარს, ხოლო „პოხილი" მსუქანს, ჩაფსკვნილს. ე.ი. „კურო-პოხილი" ნიშნავს „გამოუყვერავ ნასუქალ ხარს". სიმბოლურად კი დავით მეფე ამ ტერმინში გულისხმობს იესო ქრისტეს და მისი მიმდევრების, ანუ წმიდა ეკლესიის მტრებს; ასევე თავად პირად მტრებსაც, ვინაიდან თავადაც ჭეშმარიტი ღმერთის მადიდებელი და ჭეშმარიტი სჯულის აღმსარებელია.

ზევით

 

.: ლ :.

ლეღუსულელი (77, 47) - ლეღვის ხე.

{ვფიქრობთ, ავტორისეული განმარტება არ უნდა იყოს ზუსტი, რადგან სულხან-საბას „სიტყვათა კონაში" ეს სიტყვა განიმარტება როგორც „თუთა": „ესე არს ჟოლა, რომელსა სომხურად თუთა ეწოდება, რამეთუ ლათინურად სიკომოროს ჟოლას ჰქვიან, ვითარმედ სიკო - ლეღვი, მოროს - სულელი (II ნეშტ. 9, 57)". თუმცა სხვაგან სულხან-საბა ამგვარად განმარტავს ამ სიტყვას: „ეგვიპტური ლეღვი - ლეღუსუარი (იერ. 29, 17)}

     
ლიბანი (28, 5-6) - მთა, რომელზედაც ხარობდა კედარის ტყე. აქ მოაჭრევინა სოლომონმა იერუსალიმის ტაძრის მშენებლობისთვის საჭირო მასალა. ლიბანის მთა მდებარეობს ფინიკიის აღმოსავლეთით.
     
ლმობიერება (59, 3) - შემწყნარებლობა, შემბრალებლობა; აგრეთვე გულჩვილება, სათნოება. სულხან-საბას განმარტებით „ლმობიერი" ითქმის წყნარ, გუნება-მშვიდ ადამიანზეც, იგივეა რაც „ლომბიერი" (იხ. ს.ს. ორბელიანის „სიტყვის კონა").
     
ლოშნა (71, 9) - ნადირული ლოკვა.

ზევით

 

 


[*] პირველი რიცხვი აღნიშნავს ფსალმუნთა რიგს, ხოლო მეორე - მინიშნებული ფსალმუნის მუხლს.