† orthodox.do.am † ცნობარები, ლექსიკონები - ფსალმუნნის ძველ-ქართულ სიტყვათა, გეოგრაფიულ ადგილთა და ისტორიულ მოვლენათა განმარტებანი

ფსალმუნნის ძველ-ქართულ სიტყვათა,
გეოგრაფიულ ადგილთა და ისტორიულ მოვლენათა განმარტებანი

წინათქმა გამომცემელთაგან

ავტორის წინასიტყვაობა

 

                                                           

.: ს :.

საბა (71, 10) - „მეფეთა არაბიაჲსთა და საბაჲსთა".

არაბია, ანუ არაბეთი განიყოფა სამ ნაწილად: 1. კლდოვანი არაბეთი. 2. მთიანი არაბეთი და 3. ბედნიერი არაბეთი. ბედნიერი არაბეთი მოიცავს სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ ნაწილს არაბეთისას. აქ მდებარეობდა ქალაქი საბა, სადაც ყვაოდა გუნდრუკითა და სურნელოვანი ფისით ვაჭრობა. ადამიანი რომ მიუახლოვდებოდა ამ ქალაქს, შორიდანვე შეიგრძნობდა ამ მშვენიერი ქალაქიდან გამომდინარე საამო სურნელებას, რადგან აქ შეშად ხმარობდნენ კეთილ-სურნელი კასიის ხეებს, რომლის ცეცხლიც მუდმივად გიზგიზებდა იქ მოსახლეთა სახლებში.

საბას დედოფალს, რომელსაც გაეგო სიბრძნე და სიმდიდრე სოლომონისა, მივიდა მასთან მოსანახულებლად და მიართვა ძღვნად ასოცი ლიტრა ოქრო, ძვირფასი ქვები და აურაცხელიკეთილ-სურნელი.

     
საგალობელნი (136, 2) - საკრავები, რომლებზედაც გალობდნენ ლევიტელნი საღმრთო ლოცვებს და ფსალმუნებს.

{ლევიტელნი - ლევის შთამომავალნი, ისრაელიანთა 12 ტომიდან ერთ-ერთი, რომელიც აღასრულებდა სამღვდელო დასის ფუნქციას. ამ ტომს ეკუთვნოდნენ თავად მოსე და აარონი}

     
სათნო (25, 3) - სულხან-საბას განმარტებით: ნებისყოფიანი, ზომიერი, ლმობიერი და კეთილი ერთად (თანამედროვე ენით თუ ვიტყვით „იდეალური"). სათნო ითქმის ასევე მოსაწონ, სასიამოვნო ადამიანზე.
     
სათხეველი (140, 10) - სასროლი ბადე (ალბათ თევზის საჭერი). ამ შემთხვევაში იგულისხმება ბოროტ ადამიანთა მიერ სხვათათვის „დაგებული მახე".
     
საკურთხეველი (25, 6) - სპეციალური ადგილი ღმერთისთვის მსხვერპლის შესაწირად. ქრისტიანულ ტაძრებში საკურთხეველი მდებარეობს ტაძრის აღმოსავლეთ ნაწილში (რაც სიმბოლურად განასახიერებს სამოთხეს, ცათა სასუფეველს) და გამოყოფილია აღსავლის კარით.
     
სალმანა (82, 11) - იხ. „ზებეე".
     
სალმობა (9, 34) - სატკივარი, წუხილი.
     
სამხარი   - შუადღის საჭმელი, სადილსა და ვახშამს შორის.
     
სასოება (117, 9) - იმედი, იმედიანობა.
     
სასტიკებითა (17, 15) - დიდი ძლიერებით.

{ძვ. ქართულში „სასტიკი" ნიშნავდა „დიდად ძლიერს", ამდენად გასაგებია, რომ ფსალმუნთა ავტორი უფლის „დიდად ძლიერებაზე", ანუ ყოვლისშემძლეობაზე საუბრობს და არა „შეუბრალებლობაზე", რა მნიშვნელობითაც იხმარება სიტყვა „სასტიკი" თანამედროვე ქართულში}

     
საცთური (139, 5) - საცდუნებელი, საცთომელი, რაც კაცს შეაცდენს, კეთილისაგან გადაცდენს და ცოდვაში ჩააგდებს.
     
საცო პირისა (38, 1) - „დავსდევ საცოჲ პირსა ჩემსა" ნიშნავს „პირს დავიდუმებ".
     
საცხებელი (103, 15) - სურნელოვანი ზეთი, რომელსაც ხმარობდნენ სახის ლამაზად გამოსაჩინებლად. იდუმალი სულიერი მნიშვნელობით ნიშნავს სულიწმიდის მადლს (იხ. მათე 25, 4).

„განაპოხე ზეთითა თავი ჩემი" (ფსალ. 22, 5) ნიშნავს - სულიწმიდის მადლით გამსჭვალე ჩემი გონება.

„ზეთი ცოდვილისა ნუ განაპოხებნ თავსა ჩემსა" (ფს. 140, 5) ნიშნავს - ცრუ „მადლი" (რომელიც ეშმაკისგან არს) ნუ შეიპყრობს ჩემს გონებასო.

     
საცხოვარი (48, 14) - ცხვრის არვე, ანუ ფარა.
     
საწმისი   - მატყლიანი ტყავი ცხვრისა, დამუშავებული.
     
სახუმილავი (76, 4) - სადარაჯო, საყარაულო (იხ. „მხუმილი").
     
საჭურველი (45, 9) - ყოველგვარი სამხედრო დამცავი საშუალება.
     
საჯენ (34, 1) - განსაჯე, გაასამართლე; დასაჯე.
     
სელომი   - იხ. „კარავი სელომისი".
     
სეონ მეფე (135, 19) - იხ. „ამორეველნი", „ოგ".
     
სთნდა (24, 12) ინება, ისურვა; მოიწონა.
     
სიავი (59, 8) - სააბაზანე სპილენძის ქვაბი.
     
სიდონი   - ფინიკიელთა უძველესი ქალაქი. მდებარეობდა ლიბანის მთასა და ხმელთაშუა ზღვის შუაში. ეს ქალაქი აღაშენა ქანანის ძემ სიდონმა (შესა. 10, 15-19). ტვირეს მსგავსად სიდონიც უნაყოფო ტერიტორიაზე მდებარეობდა, მაგრამ ეს ორივე ქალაქი აღემატებოდა სხვა ქალაქებს წარმოებითი საქმიანობით. აქ იყო გემთსაშენები, შუშის მწარმოებელი სახელოსნოები და სხვა. მეფე დავითის, უფრო კი მისი ძის სოლომონის დროს ეს ქალაქები მეტად გაძლიერდნენ და ითვლებოდნენ უმდიდრეს ქალაქებად მაშინდელი ევროპის ქალაქებს შორის. თუმცა, მათი სიძლიერე და ბედნიერი ყოფა დაამხო ნაბუქოდონოსორმა (ქ.შ-მდე 600 წ.), რომელმაც ააოხრა სიდონი და დაიპყრა ტვირე.
     
სიკიმა (59, 6) - ამ ქვეყანას დაპირდა უფალი აბრაამს და მის შთამომავლობას (შესაქ. 12, 6-7). იაკობმა წაართვა ეს ქვეყანა ამორეველთ ეგვიპტეში პირველ-გადასახლების დროს და მიცვალების შემდეგ მისცა იოსებს.
     
სიკუდიდ (12, 3) - სიკვდილად, სასიკვდილოდ.
     
სინაი (67, 8) - ეს არის მთა, რომელიც მდებარეობს იმავე სახელწოდების უდაბნოში. აქ განუცხადა უფალმა მოსეს ათი მცნება და სხვა სამოქალაქო და საეკლესიო სჯულები (გამოსლვ. XIX-XXXIV თ.თ.). ეს მთა მდებარეობს სინას ნახევარკუნძულზე, რომელსაც სამი მხრიდან საზღვრავს მეწამული ზღვის ჩრდილო ნაწილი, ხოლო ჩრდილოეთ მხარეს გაჭრილია სუეცის არხი, შემაერთებელი აზიისა და აფრიკისა.

ამჟამად სინას მთაზე აშენებულია ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია. მათ შორის გამორჩეულია წმიდა მოწამე ეკატერინეს ტაძარი, სადაც ასვენია მისი წმიდა ნაწილები. ამ ნაწილების უკეთ დასაცავად იმპერატორმა პეტრემ წარგზავნა მოოქროვილი ვერცხლის კუბო.

     
სიონი   - ეს მთა შეადგენს უძველეს ნაწილს ქალაქ იერუსალიმისა, ვინაიდან პირველად სწორედ აქ გაშენდა ქალაქი. იობოსელთაგან ამ მთის მიღების შემდგომ, მეფე დავითმა მეტად განამტკიცა სიონი, აღაშენა მასზე სამეფო ციხე-დარბაზი და უწოდა „ქალაქი დავითისა" (II მეფ. V თ.).

მართლმადიდებელი მოძღვარნი სიონს „ეკლესიათა დედად" უხმობენ. „აღდგომის დასდებელში" ვკითხულობთ: „გიხაროდენ სიონ წმიდაო, დედაო ეკლესიათაო" (მუხლი 2, ხმა 8).

სიონის ჩათვლით იერუსალიმი გაშენებულია ოთხ მთაზე:

1. სიონი - სამხრეთ ნაწილი იერუსალიმისა;
2. აკრა - ჩრდილოეთი და დასავლეთი იერუსალიმისა, უმდაბლესია სიონზე. იწოდებოდა „ქვემო ქალაქად";
3. მორია - მდებარეობს სიონის სამხრეთით და აკრას აღმოსავლეთით. შემოსაზღვრულია სამი მთით. ამ მთაზე იყო აშენებული სოლომონის დიდმშვენიერი ტაძარი;
4. ბეზეთა - მდებარეობს მორიას მოშორებით. ეს მთა ძირითადად დასახლებული იყო ხელოსნებით, მუშებით და მისთანა ხალხით.

(იხ. „იერუსალიმი")

     
სიპოხე (35, 8) - სიმსუქნე. ამ ფსალმუნის შემთხვევაში იგულისხმება მატერიალური „ხვავრიელება", „ბარაქა".
     
სირი   - ძველ-ქართულად „ჩიტი".

„ანუ არა ორი სირი ასარის განისყიდებისა? და ერთიცა მათგანი არა დავარდების ქუეყანასა ზედა თვინიერ მამისა თქუენისა" (მათე 10, 29).

„ასარი" ძველ-ებრაული ყველაზე წვრილი ფულის ერთეულია. ამდენად, ეს სახარებისეული სიბრძნე გვასწავლის, რომ სულ მცირე არსებაზეც კი, რომელიც ნახევარი ასარის ტოლია, ერთობ ზრუნავს მამა-ზეციერი. აქედან გასაგები ხდება რაოდენი რუდუნებით იზრუნებს იგი ჩვენზე, მის სახედ და ხატად ქმნილ ადამის ნაშიერებზე, რომლებიც თავისი უსასყიდლო სისხლით გამოგვისყიდა უდიდესი სიყვარულის ნიშნად.

     
სისრა (63, 4) - გატყორცნა, „სისრა-უყონ" - სტყორცნონ, ესროლონ.
     
სიწრფოება (16, 2) - სიწრფელე, სისწორე, სამართლიანობა.
     
სრბა (18, 5) - სირბილი, რბენა.
     
სუეტი, სვეტი (74, 3) - ძვ. ქართ. ბოძი, ძელი. უფრო ზუსტად - შვეულად აღმართული ბოძი.
     
სული მთავრობისა (50, 12) - როგორც ვიცით ანგელოზნი განიყოფიან 12 დასად. ერთ-ერთი მათ შორის არის „მთავრობანი", ანუ სულნი განმამტკიცებელნი.
     
სძლო (50, 4) - სძლიო.

„სძლო შჯასა შენსა" ნიშნავს - აღასრულო სამართალი (მსჯავრი) შენი.

ზევით

 

.: ტ :.

ტაბლა (22, 5) - დაბალი ხის მაგიდა. ასეთ მაგიდაზე გაშლილი სუფრა.
     
ტანეოს, ტანოს, ტანოა   - ველი ქვემო ეგვიპტეში, გესემის ახლოს. აქ აღასრულა მოციქულმა მოსემ ღვთის ხელდასხმით სასწაულნი - ისრაელიანთა ფარაონის ტყვეობისაგან გამოსახსნელად. „არა მოიხსენეს (ისრაელიანთა) ვითარ იგი დასხნა ეგვიპტეს შინა სასწაულნი და ნიშნი ველსა მას ტანეოსსა".
     
ტვიროსი ანუ ტვირე (82, 7) - ქამის შთამომავლობის მიერ აგებული ფინიკური ქალაქი. აღშენებული იყო კლდეზე ნახევარ-კუნძულად. ტვიროსი იყო განთქმული ქალაქი მთელს აზიასა და ევროპაში. აქ მზადდებოდა იერუსალიმის ტაძრის საშენებელი მასალა და იგზავნებოდა იერუსალიმში. აქვე, 1800 წ. ქრისტეს შობამდე შეიმუშავეს შუშის კეთების ტექნოლოგია, რომელიც იმ დროს ოქროზე მეტად ფასობდა. ტვიროსი განთქმული იყო აგრეთვე გემთმშენებლობით და ფაიფურის დამუშავებით.

ეს დიდებული ქალაქი დაიპყრო და დაარღვია დიდმა დამპყრობელმა ნაბუქოდონოსორმა. მას შემდეგ აღაშენეს ახალი ტვიროსი, რომელიც თავისი დიდებულებით პირველს სჯობდა. იგი მდებარეობდა ძველი ტვიროსის ახლოს კუნძულზე. იმ დროის მსოფლიოში იყო ყველაზე დიდი სავაჭრო და მდიდარი ქალაქი. მაგრამ იგიც დარღვეულ იქნა ალექსანდრე დიდი მაკედონელის მიერ, ქ.შ-მდე 332 წელს.

ზევით

 

.: უ :.

უბრალო (25, 6) - უდანაშაულო (ბრალობა უქონელი), უცოდველი, უბიწო.
     
უდაბნო კადისა (28, 8) - რიცხვთა წიგნში ეს ადგილი მოიხსენიება „ფარანის უდაბნოდ". ისრაელისანების მოგზაურობის დროს უფალმა მრავალი სასწაულით შეამკო კადის უდაბნო. აქ აღესრულა მოსეს დაჲ მარიამი და აქვე იქნა დასაფლავებული. აქვე მოსემ კლდეზე კვერთხის დაკვრით ისრაელიანებს წყალი გამოუდინა, რომელსაც უფალმა უწოდა „წყალი ცილობისა" (რიცხვ. 20, 18, 13) [იხ. „წყალი ცილობისა"].
     
უზორეს   - უკმიეს, შესწირეს; თაყვანი-სცეს.
     
უმზირინ (36, 12) - თვალი ბოროტად უჭირავს. სულხან-საბას განმარტებით - „მოსაკლავად ეძიებს".
     
უპოვარება (106, 41) სიღარიბე, სიღატაკე, უქონლობა.
     
ურვა (24, 17) - მძიმე მწუხარება.
     
ურჩი (67, 18) - არამორჩილი, გაუგონარი, წინააღმდგომი.

„რაჲთა ურჩნიცა სამკვიდრებელად იყვნენ". ამ კონტექსტში „ურჩებში" მეფე დავითი „წარმართებს", ანუ ძველი აღთქმის არამართლმორწმუნე ერებს გულისხმობს, რომლებიც მომავალში ქრისტიანებად მოინათლებიან, ანუ უფლის სამკვიდრებლად იქცევიან ქრისტიანობის მიღებით.

     
ურწყული (77, 17) - უწყლო ადგილი, უდაბნო.
     
უსუპი (50, 7) - კონად შეკრული სურნელოვანი ბალახი (ქონდარი?) აიაზმის ანუ ნაკურთხი წყლის სასხურებლად. უსუპს გამოიყენებდნენ ძველი აღთქმის დროსაც, კრავის (დაკლული სამსხვერპლო ბატკნის) სისხლს ასხურებდნენ განსაწმედელად (იხ. ლევიტ. VII თ. რიცხვ. 19, 18).
     
უტყუ (30, 18) - მუნჯი.

„უტყუ იქმნენ ბაგენი მზაკუვარნი", ანუ „დამუნჯდნენ ცრუ (მზაკვარი) ბაგენი".

     
უფსკრული (32, 7) - უძირო (მიუწვდომელი) სიღრმე.
     
უყე (39, 2) - ლაფი, საფლობი.

{„თიხის უყე" ამ შემთხვევაში გადატანითი მნიშვნელობით იხმარება და ნიშნავს განსაცდელს, გინა საცთურს, რომელიც მიწიერისაგან (თიხისგან) გამომდინარეობს. ანალოგიური მნიშვნლეობით „თიხა" გამოიყენება სხვა ფსალმუნებშიც: „მიხსენ მე თიხისაგან" (68, 14), ანუ „დამიფარე მიწიერი საცთურისაგან"}

     
უჩინო (50, 6) - გამოუჩინარი; საიდუმლო ღვთისა, რომელიც მხოლოდ ღვთის ცხებულთ განეცხადებათ, როგორიც დავითი იყო.
     
უცხოთესლნი (82, 7) - „უცხო თესლს" ებრაელები კერძოდ ფილისტიმელებს ეძახდნენ, ზოგადად კი ყველა სხვა ხალხს, რომელნიც არ ეკუთვნოდნენ აბრაამის ტომს.

ზევით

 

.: ფ :.

ფართოდ (17, 19) - ამ შემთხვევაში იგულისხმება „დაუბკოლებლად", „ხალვათად".
     
ფასუედი, ფესვედი (44, 13) - ჰურიების მწიგნობრებს სამოსლის ქვედა ნაწილი მოქარგული ჰქონდათ (უფრო ხშირად - ოქრონემსულით) უფლის მცნებათა მოსახსენებლად.
     
ფინეზ (105, 30) - აარონის ძის ელიფაზის ვაჟი, რომელმაც თავისი სიმხნით იხსნა ისრაელნი ბელფეგორის წარწყმედისაგან (რიცხვ. 25, 1-15) [იხ. „ბელფეგორი"].
     
ფინიკი (91, 12) ხე, რომელიც მეტად გემრიელ ნაყოფს ისხამს. იზრდება თვით ფინიკიაში, საიდანაც წარმოსდგება მისი სახელი; აგრეთვე აფრიკის ჩრდილოეთ ნაწილში, არაბეთის უდაბნოში და სხვა თბილ ქვეყნებში. ყვავის აპრილში, ნაყოფს კრეფენ შემოდგომის პირველ ნახევარში. თვით ხე ძლებს 100 წლამდე.

ფინიკის ხე მეტად შესანიშნავი და სასარგებლოა. იმის გარდა, რომ ნაყოფი ძალზედ ნოყიერი, გემრიელი და მარგებელი აქვს, გამოიყენება მისი ფოთლებიც და ხის ტანიც. უბრალო ხალხი ფინიკის ხის გრძელ და მტკიცე ფოთლებს სუფრის გასაშლელად, ხელსახოცებად და მისთ. იყენებს. ნედლი ხის ტანს საჭრეთელით უკეთებენ ანაკვეთს, რომლისგანაც გამონადენი წვეთებით ამზადებენ ალკოჰოლურ სასმელს. გამხმარი ხისგან კი გამოარჩევენ ფუტუროს „ფქვილს", რომლისგანაც მზადდება კეთილგემოიანი პური.

     
ფოგორი   - იხ. „ბელფეგორი".
     
ფხრივ (65, 6) - ფეხით, ქვეითად. „მდინარესა წიაღხდენ ფხრივ" - აქ დავით მეფე საუბრობს სასწაულებრივ ისტორიულ მოვლენაზე, როდესაც იერიქოს დასაპყრობად მიმავალმა ისრაელიანებმა წინ წაიმძღვარეს აღთქმის კიდობანი და ადიდებულ იორდანეზე ფეხით გავიდნენ (ისუ 3, 14-17).
     
ფსალმუნი (150, 3) - ათ-ალყიანი (ათსიმიანი) საგალობელი საკრავი, რომელზეც უკრავდა იუდეანების „ხორო" საღმრთო გალობას. ასევე იწოდება ათძალად, აგრეთვე საფსალმუნედ (ფსალ. 143, 9).

{ქნარის მსგავსი ათ ან თორმეტ-სიმიანი საკრავი, რომელიც დღემდე არ შემორჩენილა. მასზე სასულიერო-საეკლესიო საგალობლები იმღერებოდა. უბადლო ხელოვანი ფსალმუნზე დაკვრისა იყო თვით მეფე-წინასწარმეტყველი დავითი. აქედან მის მიერ შედგენილი საგალობლების სახელიც - „ფსალმუნნი", რომელსაც მეორენაირად მისი შემდგენელის სახელი „დავითნი" ეწოდება.

ფსალმუნი ეწოდება აგრეთვე „დავითნის" ცალკეულ საგალობელს. „დავითნი" შედგება 150 ფსალმუნისგან}

     
ფსალმუნნი
ანუ დავითნი
  - საღმრთო წიგნი შედგენილი ისრაელიანთა დიდი მეფის ღვთივცხებული დავით წინასწარმეტყველის მიერ, „ფსალმუნნი" ღვთის სადიდებელი საგალობლების კრებულია (მასში გადმოცემულია ასევე ისტორიული მოვლენები), რომელიც დავით მეფემ შექმნა სულიწმიდის შთაგონებით. იგი ამავე დროს ებრაული სასულიერო პოეზიის უბრადლო ნიმუშსაც წარმოადგენს.

„ფსალმუნნი" ძველი აღთქმის ბიბლიურ (საღმრთო) წიგნთა რიცხვს ეკუთვნის, რომელიც ავტორის სიცოცხლეშივე იყო აღიარებული სასულიერო პირთა მიერ და გამოყენებული ღვთისმსახურებაში. „ფსალმუნნი" განიყოფა ხუთ აღსავალად, ანუ საფეხურად, რომელიც ასახავს ადამიანის სულიერი განვითარების ხუთ საფეხურს:

I აღსავალი (1-40 ფსალ.) - არჩევანი სიკეთესა და ბოროტებას შორის, ანუ მოქცევა ბოროტისაგან და სიკეთის გზაზე დადგომა.

II აღსავალი (41-71 ფსალ.) - სურვილი ღმერთთან ყოფნისა, უზენაეს შემომქმედთან მიახლებისა.

III აღსავალი (72-88 ფსალ.) - ღვთაებრივი საიდუმლოებების წვდომისა (შემეცნებისა, განჭვრეტისა), ანუ შემომქმედ ღმერთთან უფრო მეტი მიახლოვებისა.

IV აღსავალი (89-105 ფსალ.) - ღმერთთან დაახლოვებული (ღვთივცხებული) კაცისა, რომელსაც ენიჭება ძალა (მადლი) ერისთვის ლოცვისა.

V აღსავალი (106-150 ფსალ.) - უმაღლესი მჭვრეტელობისა, რასაც შედეგად მოსდევს თავის უარყოფა და ყოვლიერების შემომქმედისადმი მადლიერება - გამოხატული მის ქებასა და დიდებაში.

[ყოველი აღსავალი თავდება სიტყვებით: „იყავნ, იყავნ".]

„ფსალმუნნი" სულ-ხორციელად შეითვისა ქრისტიანობამ, მისი საგალობლები შედის ქრისტიანული ღვთისმსახურების თითქმის ყველა სახეობაში. უმეტესად ფსალმუნები დილისა და საღამოს ლოცვების ერთ-ერთ მთავარ წყაროდ იქცნენ. „ფსალმუნნი" მთლიანად იკითხება ყოველი მსგეფსის (კვირის) განმავლობაში; დიდ-მარხვის ჟამს კი მსგეფსში (კვირაში) ორჯერ.

ქრისტიანობაში „ფსალმუნნი"განიყო 20 კანონად. იგი შეიძლება ვიკითხოთ როგორც ჯგუფურად, ასევე საოჯახო (საშინაო) ვითარებაში. ერთი დღე-ღამის განმავლობაში ფსალმუნის წიგნის მთლიანი წაკითხვისას მკითხველზე გადმოდის უდიდესი ღვთიური მადლი, მაგრამ ეს უნდა განხორციელდეს მხოლოდ და მხოლოდ მოძღვრის კურთხევით, თორემ შეიძლება უკუ-შედეგი გამოიღოს.

ფსალმუნებს უკითხავენ აგრეთვე ავადმყოფებს. განსაკუთრებით სასარგებლოა მათი წაკითხვა შეპყრობილთათვის, ანუ მათთვის, ვინც არაწმიდა სულების ზეგავლენის ქვეშ იმყოფება.

ფსალმუნებს უკითხავენ აგრეთვე მიცვალებულებს. ჭირისუფლებმა მიცვალებულს ფსალმუნები უნდა უკითხონ განუწყვეტლივ, ვიდრე იგი შინ ასვენია (ეს წესი ძველი აღთქმის ეკლესიიდან მომდინარეობს), დასაფლავების შემდეგ კი 40-მდე ყოველდღიურად მთელი „ფსალმუნნი" უნდა წაუკითხონ.

წმიდა მამათა სწავლების თანახმად, ყოველ ფსალმუნს თავისი სულიერი მნიშვნელობა გააჩნია. მაგ. მომავალ მაცხოვარზე წინასწარმეტყველების საგალობლებად ითვლება შემდეგი ფსალმუნები: 2, 15, 21, 39, 44, 88, 90, 96, 109, 117.

     
ფუფუნება (91, 14) - ნებიერად განსვენება, განცხრომა; დიდი სიხარული.

ზევით

 

.: ქ :.

ქარქუეტი (101, 3) - დიდი ხმელი ბალახი.
     
ქმნეს ხბო ქორებს   - ლაპარაკია „გამოსლვათა" წიგნში მოთხრობილ ისტორიულ მოვლენაზე, როდესაც მოსეს სინას მთაზე ყოფნის ჟამს ებრაელებმა ოქროსგან გამოადნეს ხბოს მსგავსი კერპი, მას სწირავდნენ და გარყვნილებაში შთაეფლნენ. სინას მთიდან დაბრუნებულმა მოსემ დაადნობინა ეს ოქროს კერპი და სამი ათასი ებრაელი გააწყვეტინა ლევის ტომს (გამოსლ. XXXII თ.).
     
ქუეყანა უფლისა (84, 1) - იგულისხმება პალესტინა, ანუ ქვეყანა, რომელიც ღმერთმა აღუთქვა ისრაელიანებს. იგივე „აღთქმული ქვეყანა".
     
ქუეყანა ცხოველთა
ანუ ცოცხალთა ქვეყანა
(26, 13) - იგულისხმება ზეციური სასუფეველი, სადაც მარადიული სიცოცხლეა.
     
ქუეყანა წრფელი   - კეთილის მოქმედთა გზა, რომელსაც ადამიანი ღმერთთან მიჰყავს. „ქუეყანა წრფელი" - ზეციური სასუფევლის სინონიმია.

ზევით

 

.: ღ :.

ღუარი (125, 4) - ნიაღვარი, წვიმის წყლის დიდი ნაკადი.

„ვითარცა ღუარი ბღუარითა", ანუ „ვითარცა ღვარი მოვარდნილი სამხრეთიდან".

     
ღუაწლი, ღვაწლი   - შრომა, ჯაფა, რუდუნება.

სულხან-საბას განმარტებით: „ღვაწლი არს დიდად გაჭირვებული საქმე ბრძოლისა, გინა სათნოებისა".

ზევით

 

.: ყ :.

ყარყატი (103, 17) - შავი ფრინველი, აქვს გრძელი კისერი და ნისკარგი, მაღალი ფეხები

ზევით