დედის ლოცვა

ადამიანურ გრძნობათა შორის დედობრივ სიყვარულზე ძლიერი არც ერთი არ არის. სხვა ყველა დანარჩენი გრძნობა წარმავალია. ყველაზე მძიმე განცდებსაც კი დრო ჰკურნავს, მხოლოდ დედის გული არასოდეს ივიწყებს შვილებს. დედის ცხოვრების ყველა წუთი შვილებზე ზრუნვით არის სავსე, მისი ცხოვრების უმთავრესი მიზანი შვილებია. ის თავის თავს მთალიანად მათ უძღვნის, მხოლოდ მათ ბედნიერებაზე ფიქრობს, საკუთარი თავისთვის სულ მცირედიც არ ემეტება.

დედის გული შვილის ცხოვრების ყველა მოვლენას ეხმიანება - იქნება ეს მწუხარება თუ სიხარული, ბედნიერი თუ უბედური ცვლილებები მის ცხოვრებაში. დედის ცრემლები წმიდა და სულისშემძვრელია, ისევე, როგორც სიხარული, ვინაიდან ერთიც და მეორეც სულის სიღრმიდან მოდის. დედის გული ურყევი სიყვარულის დაულევნელი წყაროა. ნამდვილად ურყევია ეს სიყვარული, იმიტომ, რომ შვილების ურჩობაც და ბიწიერებაც კი ვერაფერს აკლებს მას. სწორედ ამით არის ეს გრძნობა უპირატესი სხვა დანარჩენ მიწიერ გრძნობებზე, რომლებსაც მუდმივად საპასუხო გრძნობებით შენარჩუნება სჭირდება.

დედა წუხს შვილების ცუდ საქციელსა, ცრემლებს ღვრის, მაგრამ ზურგს არ აქცევს მათ. „უგუნური შვილი დედის სევდაა" - ამბობს სოლომონ ბრძენი. რა ბევრია ამით ნათქვამი! შვილის აკვანთან მჯდომი რომელი დედა არ ოცნებობს, რომ შვილი მისი სიხარული და ნუგეში იყოს, რომ იგი ჭკუითა და ზნეობრივი სისუფთავით გამორჩეული ადამიანი გაიზარდოს. ამის შემდეგ რა უნდა იყოს მისთვის უფრო მძიმე, ვიდრე იმის ყურება, თუ როგორ იღუპება სულიერად ცოდვებსა და მანკიერებებში მისი შვილი. დედა ტირის შვილის სულიერი სიკვდილის გამო და გულმდუღარედ შესთხოვს უფალს დააბრუნოს იგი ჭეშმარიტების გზაზე, შეუნდოს ცოდვები და სისუსტეები. და ჩვენ ვიცით, რომ ეს ცრემლენი და ლოცვა ამაოდ არ ჩაივლის.

ცნობილია ნეტარი ავგუსტინეს ისტორია. მან, უცხო მხარეში სასწავლებლად გაგზავნილმა, მეგობრების ცუდ მაგალითს მიბაძა და მანიქეველთა ცრუ სწავლება მიიღო. მას რომ უსმენდა, დედამისს - მონიკას თავზარი ეცემოდა. იგი დღე და ღამ ცხარე ცრემლებით ევედრებოდა უფალს, ჭკუაზე მოეყვანა მისი შვილი, გადაერჩინა დასაღუპად განწირული მისი სული. უფალმა შეისმინა გულმოკლული დედის ვედრება და სასწაულებრივად მიიყვანა თავისთან ადამიანი, ვინც შემდგომში ქრისტეს ეკლესიის უდიდესი მოღვაწე გახდა.

მონიკა სახეა ჭეშმარიტი ქრისტიანი დედისა, რომელმაც მთელი ცხოვრება შვილების ქრისტეს ნამდვილ მსახურებად აღზრდას მიუძღვნა.

აი, როგორ იგონებს თავად ნეტარი ავგუსტინე დედას: „უფალო, შენ შენი ჭეშმარიტი მსახურის ცრემლებმა და მუდარამ შეგძრა. ის იმაზე უფრო ცხარედ დამტიროდა, ვიდრე დედა მკვდარ შვილს დასტირის ხოლმე, რადგან მე შენთვის მკვდარს მხედავდა. შენ შეისმინე, უფალო, მისი. შენ არ უგულებელჰყავ მისი ცრემლები, რომლენიც ღვარად ჩამოსდიოდა, როცა კი ლოცვას აღავლენდა ხოლმე შენდამი" (ნეტარი ავგუსტინე „აღსარება"). აი, როგორია რწმენით და სიყვარულით გაცოცხლებული დედის ლოცვისა და ცრემლის ძალა!

 მხოლოდ ერთადერთს, დედას შეუძლია იცხოვროს შვილების ცხოვრებით, პასუხობდეს მათი გულის ყოველ მოძრაობას, რადგან ქვეყნად არ არსებობს ჩვენთვის უფრო მეტად ახლობელი არსება, ვიდრე დედა.

ეს ბუნებრივიც არის. შვილი დედის გულის ქვეშ ჩაისახება და დიდხანს ცხოვრობს მასთან ერთად ორგანულად. არავის ეგონოს, რომ ეს ერთობლივი ცხოვრება წყდება შვილისაგან დედის გამოყოფის, ან თუნდაც შვილის ბავშვობის ასაკიდან გამოსვლის შემდეგ. განა შეიძლება ამის შემდეგ დედის გულმა ვერ იგრძნოს შვილის სულიერი თუ ფიზიკური გასაჭირი, ან არ გამოეხმაუროს მის სიხარულს?! მისი ბედნიერება ხომ შვილის ბედნიერებაზეა დამოკიდებული.

არავის რჩევა არ არის დედის რჩევაზე უფრო გულწრფელი, ლოცვა - უფრო კეთილისმოქმედი და ცრემლები - უფრო მისავალი შემოქმედთან, ვიდრე - დედისა.

 

ყველაზე საიმედო დაცვა

არქიმანდრიტ კრონდიდის (ლუბიმოვი) ქადაგებიდან

„შემიწყალე მე, უფალო, ძეო ღვთისაო! რამეთუ ასული ჩემი ბოროტად ეშმაკეულ არს" (მათ. 15, 22) - ასე ევედრებოდა ქანანელი დედაკაცი მაცხოვარს. ცუდ დღეში იყო ის. მის ქალიშვილს ეშმაკი მორეოდა. ასეთ დღეში მყოფი შვილის შემყურე დედა თვითონაც უაღრესად იტანჯებოდა. და მან გადაწყვიტა, ქრისტესთვის ეთხოვა შველა. დიდხანს ეძებდა ხელსაყრელ მომენტს, და აი, ასეთი დღეც დადგა. დედაკაცმა გაიგო, რომ იესო ქრისტე იმ ქალაქის საზღვართან იყო, რომლის მახლობლადაც ის ცხოვრობდა. დაუყოვნებლივ გაეშურა მასთან შესახვედრად. დაინახა თუ არა მაცხოვარი, მყის მისკენ გაეშურა. მირბოდა და გულიდან ამოსულ ლოცვას იმეორებდა: „შემიწყალე, უფალო, ძეო დავითისაო..." ქრისტემ თითქოს ყური არ ათხოვა მის თხოვნას - მის რწმენას და მოთმინებას სცდიდა. დედაკაცი კი არ იშლიდა და ღაღადებდა: „უფალო, შემეწიე მე".

„არ არის კარგი პურის აღება შვილებისაგან და ძაღლებისათვის დაგდება". - უპასუხა იესომ მას.

- ჰო, უფალო, მაგრამ ძაღლებიც ჭამენ ნამცეცებს, რომლებიც ცვივა მათი ბატონების ტაბლიდან. - კვლავ შეჰღაღადა ქანაანელმა დედაკაცმა.

მაცხოვარი გააოცა წარმართი ქალის ასეთმა რწმენამ და განკურნა მისი ასული. გულმოწყალე უფალმა წარმართი დედის ვედრება ისმინა და მით უფრო შეეწევა ქრისტიან დედას. აი, როგორი საჭიროა ლოცვა შვილისათვის.

დედის ლოცვა შვილებს დედის მუცლიდანვე სჭირდებათ. ჩასახულ ნაყოფს დედა ღვთის ლოცვა-კურთხევას ჰფენს და დაბადებამდე აყვარებს ღმერთს. ძალიან კარგად იქცევიან ფეხმძიმე ქალები, როდესაც ხშირად ეზიარებიან. ეს შესანიშნავი საქმეა! მაგრამ ეს საკუთარი ჯანმრთელობის, ანდა სიკვდილის შიშის დასათრგუნად კი არ უნდა ხდებოდეს, არამედ - უმთავრესად საკუთარი შვილისთვის, რომელსაც მუცლით ატარებენ. ამგვარად მათი შვილები სულიწმიდით იკურთხებიან ისევე, როგორც აღივსნენ სულიწმიდის მადლით დედის წიაღშივე იოანე წინასწარმეტყველი, სამუელი და უფლის სხვა რჩეულები.

დედებო, ყოველთვის ილოცეთ თქვენი შილვებისათვის და თქვენი ლოცვა თქვენი და თქვენი შვილების მხსნელი იქნება.

ილოცეთ, დედებო, თქვენი შვილებისათვის, როგორც კი ჩაისახებიან, როცა ამ ქვეყანას მოევლინებიან, როდესაც წმინდა ნათლობით განათლდებიან, როცა იწყებენ სიარულს, ლაპარაკს, ილოცეთ ყოველთვის! მათ ეს ძალიან სჭირდებათ.

- ვინ იქნება ეს ყმაწვილი? - ასე კითხულობდნენ იოანე წინასწარმეტყველზე, როცა ის დაიბადა. ასე არ კითხულობენ განა ყველა ბავშვის შობისას? როგორი იქნება? როგორი გაიზრდება? შეძლებს ყოველ ნაბიჯზე ჩასაფრებული საფრთხის მოგერიებას? გაუმკლავდება ცდუნებებს? შეასრულებს ნათლობისას დადებულ აღთქმებს? იქნება ნამდვილი ქრისტიანი ცხოვრებით თუ მარტო სახელით? ნუთუ დედამ ცხრა თვე გულის ქვეშ მარტო იმიტომ ატარა, რომ მერე მან თავისი ცხოვრებით ღმერთის სახელი შეურაცხყოს, ან იცხოვროს მხოლოდ იმიტომ, რომ სხვასაც ავნოს და თავის დაიღუპოს? თქვენ, დედებო, ხომ გეშინიათ ასეთი რამის წარმოდგენისაც კი! მაშ, ილოცეთ თქვენი შვილებისათვის; განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც ცხოვრების მორევში შესვლას დააპირებენ.

თქვებ ბევრი მიზეზი გაქვთ სალოცავად. აი, შვილი ხელში გიჭირავთ და მკერდზე მიგიხუტებიათ. აი, ის ძუძუს ეწაფება ხარბად, ხან მხიარულად გამოიყურება, ხან მოიღუშება, თითქოს კიდევ რაღაცას მოელის თქვენგან... აი, ამ დროს ღრმად ამოისუნთქავთ, მთელი ყურადღება ღვთისკენ მიმართეთ და გულით წარმოთქვით, თუნდაც ძალიან მოკლე, მაგრამ მხურვალე ლოცვა; და ეს იქნება თქვენგან ყველაზე ძვირფასი საჩუქარი შვილისათვის. აი, შვილის საწოლთან ზიხართ, „იავნანას" უმღერით. ირგვლივ სიჩუმეა. აზრები გეფანტებათ, მაგრამ უფრო მეტად იხრებით საყვარელი არსებისაკენ - თქვენი შვილისაკენ. ამ დროსაც შესთხოვეთ უდალს მისი ბედნიერება, მისი სულის გადარჩენა, რაც ყველაზე მეტად საჭიროა მისთვის. ცრემლით შესთხოვეთ ეს ზეციურ მამას და დაიჯერეთ, არცერთი ამოოხვრა, არცერთი ცრემლი შეუმჩნეველი არ დარჩება. თქვენს შვილს უფლის წყალობა მოეწევა.

აი, თქვენი შვილი სკოლაში წავიდა. არც იქ დატოვოთ ლოცვის გარეშე - ილოცეთ, რომ კარგად განვითარდეს გონებრივად, სწავლდა შეიყვაროს, პირველ რიგში კი ღმერთი შეიცნოს უკეთ. ილოცეთ, რომ მისი გული აივსოს ღვთის შიშით და სიყვარულით.

ილოცეთ, დედებო, შვილებისათვის, როდესაც ისინი მოწიფულ ასაკს მიაღწევენ, განათლებული, უზრუნველყოფილი ადამიანები გახდებიან, ილოცეთ, რომ საზოგადოებისათვის სასარგებლონი იყვნენ. აუცილებლად აღუვლინეთ ღმერთს მადლობის ლოცვა. აი, ლოცულობთ თქვენი შვილებისათვის პატარაობიდანვე და უფალმა ისმინა თქვენი ლოცვა... როგორ არ უნდა გადაუხადოთ მას მადლობა? არ შეწყვიტოთ არც თხოვნის ლოცვა, რომ დალხენილმა ცხოვრებამ მის სულს ზიანი არ მიაყენოს, რომ რწმენა და ღვთისმოსაობა შეინარჩუნონ ბოლომდე. ყველაზე წყნარ ზღვაზეც კი იცის ქარიშხალი. ყოველი ადამიანის ცხოვრებაში არის დაცემა, ცდუნება, უბედურება. აი, ამ დროს უზარმაზარი საშუალებაა დედის ლოცვა, ეს არაჩვეულებრივი საიმედო დაცვა.

 

ჩვენ ყველას ჩვენი ნაინის ჭიშკარი გვაქვს!

არქიმანდრიტ კრონდიდის (ლუბიმოვი) ქადაგებიდან

პალესტინის მშვენიერი ბუნების წიაღში განფენილია ქალაქი ნაინი. ირგვლივ თითქოს სიმშვიდეა, მაგრამ რა არის ეს? რა არღვევს ბუნების იდილიას? ვიღაც უნუგეშოდ მოთქვამს, გულამოსკვნილი ტირის.

ქალაქის კარიბჭესთან სამგლოვიარო პროცესია მოდის - გარდაცვლილ ჭაბუკს მოასვენებენ. საცოდავი დედა, ქვრივი ქალი, ერთადერთი ნუგეშის დაკარგვის გამო მწარედ ტირის.

ამ დროს ქალაქს ადამიანთა ჯგუფი მიუახლოვდა. ეს უფალი იესო ქრისტე მობრძანდება, ჩვეულებისამებრ ხალხით გარშემორტყმული.

რა იცოდა საცოდვმა დედამ, თუ ვინ უახლოვდებოდა!

„ნუ სტირი!" - მოესმა მშვიდი ხმა ცოტა მბრძანებლური ტონით.

ქალის უკიდურესად დამწუხრებულ გულში გაუცნობიერებელმა ნუგეშმა გაიელვა. „შეეწყალა იგი" სამყაროს მპყრობელს. მაცხოვარმა პროცესია შეაჩერა. იგი კუბოს მიუახლოვდა და ბრძანა: „ჭაბუკო! შენ გეტყვი, აღსდეგ" (ლკ. 7, 14). ისევ ის საოცარი ხმა და ინტონაცა... და... სიკვდილი წინააღმდეგობას ვერ უწევს მაცხოვარს. გარდაცვლილი „ზე-წამოჯდა" და ლაპარაკი დაიწყო... გაცოცხლებულმა მკვდარმა სიხარულის სიტყვები თქვა თუ გაოცებისა არ ვიცით, მაგრამ მისმა მოძრაობამ, მეტყველებამ ყველა დაარწმუნა, რომ მიცვალებული ნაზარეველი მასწავლებლის ერთ სიტყვაზე გაცოცხლდა. იესომ „იგი მისცა დედასა თვისსა". უსაზღვრო იყო დედის სიხარული და მადლიერება.

ასე შეხვდა ადამიანის სულში ღმერთის გულმოწყალება მწუხარებას. ახლა ასე ვთქვათ: ქრისტიანთაგან ვის არა აქვს ნაინის ჭიშკარი, სადაც ასევე ვტირით, როგორც ის საცოდავი ქვრივი? ვის არა აქვს სატირალი და ვის არ სჭირდება ისეთივე ნუგეში, როგორც იმ საწყალ ქვრივს? დღეს ახლობლებს ვკარგავთ, ხვალ სხვა უბედურება დაგვატყდება და თავს ისევე მიუსაფრად და უნუგეშოდ ვგრძნობთ, როგორც ნაინელი ქვრივი.

იქ, იმ დროს ისე ბედნიერ პალესტინაში ქრისტე ხალხში დადიოდა, ავადმყოფებს კურნავდა, მკვდრებს აღადგენდა, დამწუხრებულთ ანუგეშებდა და ყოველივე ამას ადამიანი ხორციელი თვალით ხედავდა. აქ კი, ჩვენს შორის, იგი უხილავად დადის და ისევე არიგებს მადლს, როგორც მაშინ. ოღონდ ამის დანახვას სულიერი თვალი და ცოტა მეტი გულისხმისყოფა სჭირდება, ვიდრე ჩვენ გვაქვს. გავიხსენოთ, რას დაპირდა ამაღლების წინ მაცხოვარი თავის მოწაფეებს და მთელს კაცობრიობას მათთან ერთად: „მე თქვენთანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა" (მათ. 28, 20).

ის ახლაც ხედავს ყველა ჩვენს უბედურებას და სადარდელს, ესმის ჩვენი ყველა ამოსუნთქვა, თვლის ჩვენს ყველა ცრემლს; განსაკუთრებით ახლოა გაჭირვებულთან; ღრმა მწუხარებისას მხურვალე ლოცვის შედეგად ვის არ უგრძვნია შვება და სულიერი სიმშვიდე?

ვინც თავის ცხოვრებას ყურადღებით უკვირდება, ხშირად უგრძვნია იდუმალი ძალის უცილობელი არსებობა, რომელიც ხან ისე მოულოდნელად დაგეხმარება და გამოვყავართ მძიმე მდგომარეობიდან, რომ გაოცებული ვრჩებით. სახარებისეული ნაინის ეპიზოდი გვეუბნება, როგორ შეხვდა ღმერთის გულმოწყალება ადამიანის მწუხარებას. ეს შეხვედრები მეორდება ყველგან და ყოველთვის. მწუხარებები უცილობელია ჩვენს მიწიერ ცხოვრებაში, ღმერთის სიყვარული კი მარადიული მზესავით გვინათებს; და მომეტებულადაც კი ანათებს იქ, სადაც სიბნელე, მწუხარება და ნაღველია. ეს სინათლე ჩვენს გულებში შემოდის. სიყვარულით და რწმენით უნდა ვუყუროთ ამ სინათლის წყაროს - მეუფე იესო ქრისტეს და სულში მუდამ ვატაროთ მისი სიტყვები: „მოვედით ჩემდა ყოველნი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი, და მე განგისვენო თქვენ" (მათ. 11, 28).

„დედის ცრემლები", თბილისი, 2004 წ.